მთავარი,სიახლეები

ვინც იყო „დონაში“, მოვუწოდებთ, მიმართონ კარვებს ტესტირებისთვის – ჯანდაცვის ცენტრი

01.09.2020 • 4413
ვინც იყო „დონაში“, მოვუწოდებთ, მიმართონ კარვებს ტესტირებისთვის – ჯანდაცვის ცენტრი

„ვინც იმყოფებოდა საკონდიტრო მაღაზია „დონაში“, შეუძლიათ გადაამოწმონ თავი და მიმართონ კარვებს ტესტირებისთვის. ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში კი აუცილებლად მიმართონ ცხელების ცენტრებს“, – აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე ნონა ეფაძე.

ბათუმში „დონას“ თანამშრომლის ინფიცირების შესახებ, რომელიც საკონდიტროს წინა ხაზზე მუშაობდა, დღეს გახდა ცნობილი.

ნონა ეფაძის თქმით, კორონავირუსზე უფასო ტესტირებისთვის ბათუმში ორ ლოკაციაზეა კარვები განთავსებული, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ PCR ტესტის ჩატარება.

ერთი კარავი ბათუმის ცენტრალურ ბულვარში, კოლონადების გვერდითაა განთავსებული, მეორე კი ახალ ბულვარში – რესტორან „აჭარული სახლის“ მიმდებარედ. დღეს ტესტირება კარვებში 16:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.

ნონა ეფაძის თქმით, „დონას“ თანამშრომლის ინფიცირების წყარო უცნობია, ხოლო ამ დროისთვის  მასთან კონტაქტირებულ 50 პირს ჩაუტარდა ტესტირება. მიმდინარეობს სხვა კონტაქტების კვლევაც.

იქედან გამომდინარე, რომ საკონდიტროს ბევრი მომხმარებელი ჰყავს, ნინო ეფაძე მოუწოდებს ყველას, ვინც იმყოფებოდა „დონას“ ამ ფილიალში, „ჩაიტარონ ტესტირება, ხოლო სხვა დღეებში განახორციელონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი. რა თქმა უნდა, რეკომენდაცია არის თავის დაცვა სხვებისგან ანუ დისტანცირება. შემდეგ, მათ განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდებათ. ეს იქნება ინდივიდუალურად შესაფასებელი და კონტაქტის თარიღით განსაზღვრება“.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ტესტირების ჩატარებისკენ მოუწოდებს ყველა იმ პირს, ვინც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა „დონაში“, რომელიც ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარეობს.

როგორც ნონა ეფაძე აცხადებს, კორონავირუსის შემაკავებელი ძალიან დიდი სამუშაოები ტარდება, თუმცა იმისათვის, რომ სწორად შეფასდეს ეპიდსიტუაცია, დროულად უნდა დადგინდეს კონტაქტები და ჩატარდეს კვლევა.

დღეს, პირველ სექტემბერს, ბათუმში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კორონავირუსი დაუდასტურდა საკონდიტრო მაღაზია „დონას“ თანამშრომელსაც, რომელიც წინა ხაზზე მუშაობდა. საკონდიტრო ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ამ დროისთვის დახურულია.

„ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ყველამ დაიცვას უსაფრთხოების წესები, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში – მაღაზიებში, კაფეებში, დაწესებულებებში და ასე შემდეგ. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მიმართონ კარვებს და ჩაიტარონ ტესტირება“, – აცხადებს ნონა ეფაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: