მთავარი,სიახლეები

ლევან ვარშალომიძე წარსულში დაშვებულ შეცდომებსა და საარჩევნო გეგმებზე – ინტერვიუ

31.08.2020 • 2645
ლევან ვარშალომიძე წარსულში დაშვებულ შეცდომებსა და საარჩევნო გეგმებზე – ინტერვიუ

ინტერვიუს დროს ლევან ვარშალომიძემ რამდენჯერმე ახსენა ფრაზა „ბათუმის სასწაული“. მას წინასაარჩევნო კამპანია ჯერ არ დაუწყია, რადგან უცხო ქვეყნიდან ახლახან დაბრუნდა და ჯერ კიდევ კარანტინშია, თუმცა უკვე ჩანს, რომ არჩევნების მოგებას „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი და აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ამ გზავნილით აპირებს – ბათუმში განხორციელებული ინვესტიციები და მშენებლობები. ლევან ვარშალომიძეს ვკითხეთ მშენებლობების მიმართ დამოკიდებულებაზეც, რამაც წლების წინ ბათუმში ამომრჩეველი გააბრაზა. ლევან ვარშალომიძე დღეს შეცდომების დაშვებას აღიარებს, ეს ერთგვარი გაკვეთილი იყოო, ასე გვითხრა, თუმცა არ დაგვიკონკრეტა, რა გადაწყვეტილების მიღებას ნანობს პირადად.

„ბათუმელებმა“ ლევან ვარშალომიძესთან ინტერვიუ ტელეფონით ჩაწერა.

  • ბატონო ლევან, თქვენ იქნებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ბათუმში. როგორ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და რა იყო თქვენი მოტივაცია? როგორც ვიცი, თქვენ არ აპირებდით ბათუმში დაბრუნებას და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩაბმას. 

არ დაგეთანხმებით. სადაც არ უნდა ვიყო, მე ყოველთვის ვფიქრობდი ჩემს საქართველოზე, აჭარასა და ბათუმზე. ეს გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ ერთობლივად, გუნდთან ერთად, როცა ხდებოდა კანდიდატების შერჩევა. ამ გადამწყვეტ ეტაპზე მივიღე გადაწყვეტილება, ჩამოვსულიყავი და ვყოფილიყავი ჩემს გუნდთან ერთად.

  • გვსმენია, რომ ეს იყო მიხეილ სააკაშვილის დაჟინებული მოთხოვნა, სიმართლეა?

არა, ეს, რა თქმა უნდა, ჩემი გადაწყვეტილებაა, მასაც ვუთხარი და იყო მისი თანხმობა, მას ჰქონდა დადებითი პოზიცია. აჭარაშიც ჩემს გუნდს, ყველას ვესაუბრე. უკრაინა ჩემთვის მნიშვნელოვანია და ის თანამდებობა, რაც მე მივიღე იქ, მაგრამ დღეს საუბარია ქვეყნის გადარჩენაზე, ეს გადამწყვეტი ბრძოლაა, რომელიც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ეს დიდი პრობლემა, რომელიც აქვს ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის სახით, ქვეყანამ უნდა მოიშოროს თავიდან. ამისთვის მე მზად ვარ, ჩავერთო ამ ბრძოლაში.

  • თქვენ ერთხელ უკვე აგირჩიეს დეპუტატად 2016 წელს, როცა პროპორციული სიით მოხვდით აჭარის უმაღლეს საბჭოში. მაშინ დეპუტატობაზე უარი თქვით. ახლა რატომ უნდა გენდოთ ამომრჩეველი, რომ იმავეს არ გაიმეორებთ?

მაშინ, თუ გახსოვთ, 2016 წლის ბრძოლაში პირდაპირ, ჩვენი მთავარი ლოზუნგი იყო გავმხდარიყავი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ეს იყო მოტივი მთელი საარჩევნო კამპანიის. რადგანაც ვერ გავედით და ვერ მოვიპოვეთ ეს უმრავლესობა, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემს შემდგომ ვინც იყო სიაში, ის შესულიყო უმაღლეს საბჭოში. დღეს მე პირდაპირ  ვსაუბრობ, რომ არავითარი თანამდებობისთვის არ ვიბრძვი. ეს არის ბრძოლა ქვეყნის გადარჩენისთვის. თანამდებობა რომ მდომოდა, დავრჩებოდი უკრაინაში.

  • მიხეილ სააკაშვილის ფაქტორზე მინდა გკითხოთ ქართულ პოლიტიკაში. ყოველ არჩევნებზე სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ბრუნდება საქართველოში, მაგრამ უკვე 7 წელია ეს ვერ მოახერხა. სამაგიეროდ, მისი ამ განცხადებით სარგებლობს მმართველი პოლიტიკური გუნდი – წინა არჩევნებზე მათი ძირითადი გზავნილი ეს იყო: თუ არ მოგვცემთ ხმას, „მიშა მოვა“. სააკაშვილის ეს განცხადებები ხომ არ არის ბერკეტი ხელისუფლებისთვის, გარკვეული ამომრჩეველი ისევ მიიმხროს? 

თქვენი კითხვის მეორე ნაწილიდან დავიწყებ – მმართველი პარტია ბოლო 8 წლის განმავლობაში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ლანძღვით ცდილობს გაზარდოს საკუთარი ცნობადობა და ჰგონიათ, რომ ეს არის არჩევნებში გამარჯვების ფორმულა. თუმცა ამდენი ხნის განმავლობაში როცა არაფერი გაგიკეთებია და პირიქით, გააფუჭეს ყველაფერი… ისიც არ იციან, რას დაჰპირდნენ მოქალაქეებს, ირჩევენ ლანძღვას. ამიტომაც, ამ ხალხზე საუბარს მართლა არ ვაპირებ. ჩვენი ძირითადი კონკურენტი ამ შემთხვევაში არის ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ჩემი მოსაზრებაა, რომ ის მართლაც უნდა ჩამოვიდეს საქართველოში და უნდა იყოს აქტიური. აქტიური არამხოლოდ წინასაარჩევნო პროცესში, არამედ უნდა ჩაერთოს ქვეყნის მართვაში. ის არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც შექმნა ახალი საქართველო. ბათუმის სასწაულიც ერთ-ერთი მისი დამსახურებაა, რადგანაც თუ არა ის, ბათუმში ეს სასწაული არ შეიქმნებოდა.

  • თქვენ ახსენებთ სასწაულს, რომელმაც ბევრი გაანაწყენა ბათუმში იგივე უსისტემო არქიტექტურით, კულტურული მემკვიდრეობის ნგრევით… 

გეთანხმებით, წარსულში დაშვებული შეცდომები ერთგვარი გაკვეთილი იყო ჩვენი გუნდისთვის.

  • რას ნანობთ თქვენ პირადად?

არ დაგიკონკრეტებთ, რადგანაც ეს რეალობა კონკრეტული თემებიდან გამომდინარეა… უბრალოდ, მირჩევნია, რომ ამ ანალიზიდან გამომდინარე, ვიფიქრო ჩვენს გეგმებზე. წარსული ყოველთვის უნდა ჩავაბაროთ, გადავშალოთ ფურცელი და დავიწყოთ ახალი ცხოვრება.

  • მაგრამ წარსულში თქვენ უკვე გნახეს, როგორია თქვენი ღირებულებები. 

მე ვაპირებ, რომ შევხვდე თითოეულ ბათუმელს, როგორც კი გამოვალ კარანტინიდან, მიუხედავად იმისა, ვის რა პოლიტიკური გემოვნება აქვს. რადგანაც მათთან ერთად ვაპირებ ამ ქალაქის, რეგიონის და მთლიანად ქვეყნის მშენებლობას. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად აღარ უნდა იყოს სხვადასხვა პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაყოფა. ეს ქვეყანა ჩვენია და ნებისმიერი მოქალაქე უნდა იყოს ჩართული ამ აღმშენებლობაში.

  • თქვენი აზრით, რა არის დღეს მთავარი გამოწვევა ბათუმისთვის? 

ქალაქს, რა თქმა უნდა, ბევრი რამ  სჭირდება. 2004-2012 წლების შედარება ძალიან რთულია 2012 -2020 წლებს შორის და თან მარტივიც, რადგან ჩვენ ქალაქის მშენებლობა დავიწყეთ არა ნული ეტაპიდან, არამედ მინუსებიდან. 2004-2012 წლებში ვაჩვენეთ რის გაკეთება შეგვიძლია, რამდენად სწრაფად შეგვიძლია ჩვენს გუნდთან ერთად, ერთადერთი გვჭირდება ჩვენი მოქალაქეების ჩართულობა იმ კუთხით, რომ ბათუმის სასწაული გახდეს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მოდელი ქვეყნის და რეგიონის განვითარებისა.

დღევანდელ რეალობას თუ შევხედავთ, ყველაზე მეტად საქართველოს სჭირდება ახალი სამუშაო ადგილები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ვხედავთ, რამდენი მოქალაქე ტოვებს ქვეყანას და მიდის სხვადასხვა სამუშაოს საპოვნელად სხვა ქვეყნებში. ქვეყანას სჭირდება რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია და ბიზნესი.

  • დღეს თორნიკე რიჟვაძემ გაახსენა თქვენს პოლიტიკურ გუნდს, რომ 4 მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია გასხვისდა აჭარაში 1 ლარად. რას უპასუხებთ ამ ბრალდებას? ცნობილია, რომ 1 ლარად მიღებული ქონება შემდეგ მილიონებად გადაყიდეს. 

მე „ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან მარტივი კითხვა მაქვს: 8 წლის განმავლობაში დაასახელონ სამი პროექტი, რომელიც დაიწყეს, მუშაობდა და განახორციელეს.

  • ანუ თქვენ კმაყოფილი ხართ პირდაპირი გაყიდვებით, რაც თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ხდებოდა? 

როგორ იყო იცით? რიგ მომენტებში, როცა ქვეყანა დგებოდა ადგილზე, გვჭირდებოდა სწრაფი გადაწყვეტილება, შეიძლება გამოუვალი მდგომარეობა იყო. დღევანდელ დროს, როცა კანონი იძლევა ამის საშუალებას, რომ ყველაფერი გაყიდო ღია აუქციონზე და პირობიანი იყოს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შესაძლოა, ვიფიქროთ იმ კუთხით, რომ საზოგადოების ჩართულობა იყოს უფრო მეტი. თქვენ გახსოვთ, როგორი წინააღმდეგი იყო ხალხი იგივე „შერატონის“ მშენებლობის, მაგრამ აშენდა. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ 400-ზე მეტი ადამიანი მუშაობდა იქ 2009 წლის შემდეგ.

  • ასე დანგრეული ფოსტის ადგილზეც, რომელიც ისტორიული ძეგლი იყო, დასაქმდნენ ადამიანები… 

ფოსტის შენობა შენარჩუნდა. წინააღმდეგობა იყო, რომ შიგნით მაღლივი შენობა აშენდა. მართალი ხართ, ჩართულობა მეტი უნდა იყოს და უნდა გავითვალისწინოთ ადგილობრივი მოსახლეობის აზრი, მაგრამ ქვეყანას სჭირდება მძლავრი ბიძგი…

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემით, 10 თვე, მაქსიმუმ 20 თვეც გაგრძელდება პანდემია. პარალელურად ხდება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი. ეს კრიზისი კი გამოიხატება შემდეგ ფორმულაში, რომ თუ ადრე გლობალიზაციაზე იყო ყველა კორპორაცია დამოკიდებული, დღეს უკვე გლობალიზაციიდან გადადიან ლოკალიზაციაზე. ყველა ევროპული კორპორაცია უკვე ფიქრობს, რომ ჩინეთიდან ან აზიის სხვა ქვეყნებიდან გადმოვიდნენ სხვა ტერიტორიებზე. უფრო მეტიც, გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თავისი ხელმოწერით გაუგზავნა ათასზე მეტ ამერიკულ კომპანიას წერილი, რომ ჩამობრძანდნენ ინდოეთში და გახსნან საკუთარი კომპანიები.

ერთი სიტყვით, მთელ მსოფლიოში ახლა არის ინვესტორების დატაცება. საქართველოს აქვს საუკეთესო მდებარეობა, მაგრამ დღევანდელი მთავრობა ამაზე მუშაობდეს კი არა, ყველაფერი პირიქით – ჩაკეტილი აქვს.

  • თქვენს კონკურენტზე მინდა გკითხოთ – რესან კონცელიძე თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო. ჩვენ არ გვსმენია თქვენსა და მას შორის ცუდი ურთიერთობის შესახებ. როგორი იყო მასთან თანამშრომლობა და რას ფიქრობთ ახლა, როცა ის თქვენი კონკურენტია? 

მე სამსახურებრივად ნაკლებად მქონდა მასთან ურთიერთობა. როგორც კონკურენტი, ამ ბრძოლაში ჩვენი პირადი კონკურენტი არის ბიძინა ივანიშვილი. სიმართლე გითხრათ, არ ვაპირებ კონკურენტებზე საუბარს. როგორც ყველა პოლიციელი, ის ასრულებდა შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებას და ქვეყანაში იყო ერთიანი სისტემა.

  • თქვენ მეგობრები იყავით? 

არა, მე მქონდა მასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა.

  •  თქვენი დაკვირვებით ამომრჩევლის დამოკიდებულებაში თქვენი პოლიტიკური ძალის მიმართ რა შეიცვალა? ცნობილია, რომ თქვენ გყავთ ე.წ. მყარი ელექტორატი, ამავდროულად არჩევნები და კვლევები აჩვენებს, რომ „ოცნებას“ ამომრჩეველი აკლდება, მაგრამ ის თქვენი ამომრჩეველი არ ხდება. 

მე პატივს ვცემ ყველა კვლევას, მაგრამ სიმართლეს გეტყვით, რომ საქართველოში კვლევებს დავეთანხმოთ, არ დავეთანხმოთ… მე მჯერა იმის, რასაც მოსახლეობას ვესაუბრებით, ჩვენი გუნდი რასაც აკეთებს. ყველაზე დიდი სოციალური კვლევა არის 31 ოქტომბერი. გახსოვთ ალბათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ჩვენ ბათუმში  51 პროცენტამდე ავიღეთ, აჭარა ჩვენ მოვიგეთ.

  • მეორე ტურში რა მოხდა? 

„ოცნებამ“ გამოიყენა დაშინების ხერხი, ეს უკვე მათი პოლიტიკური ხელწერაა. ახლაც იმავეს გააკეთებენ, მაგრამ მე გპირდებით, რომ ჩვენ ძალიან მობილიზებული ვიქნებით, როგორც ამას იმსახურებს საქართველოს საზოგადოება, ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე.

  • არჩევნებს სჭირდება ფული. ვინ აფინანსებს თქვენს საარჩევნო კამპანიას და რამდენით?

არაფერს არ ვმალავთ. ხვალიდან ვიწყებთ ყველა თემის განხილვას და ეს საკითხიც იქნება ონლაინ გამოტანილი, შეგიძლიათ ნახოთ.

  • თუ არჩევნებს წააგებთ, ისევ დატოვებთ საქართველოს? 

არა. საქართველოში ჩვენ 31 ოქტომბერს დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ. მე წაგებას გამოვრიცხავ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში დავრჩები საქართველოში. ისედაც ყოველთვის აქ ვიყავი, თუ მივდიოდი, ძალიან ცოტა ხნით მივდიოდი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: