მთავარი,სიახლეები

პუტინის სახით გამოსახული ინაშვილი და თარხან-მოურავი პოსტერებზე ბათუმში

30.08.2020
პუტინის სახით გამოსახული ინაშვილი და თარხან-მოურავი პოსტერებზე ბათუმში

ბათუმში ანონიმი მულტიმედია არტისტის BIMO-ს მორიგი პოსტერი გამოჩნდა. პოსტერზე „პატრიოტთა ალიანსის“ ორი ლიდერი – ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავია გამოსახული, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სახით და წარწერით: „ქვეყნის მოღალატეების ნამდვილი სახე უნდა ჩანდეს”!

არტისტი ამ პოსტერით  პარტიის მიერ ქალაქში განთავსებული საარჩევნო ბილბორდის შინაარსს ეხმაურება. „პატრიოტთა ალიანსის“ ბილბორდზე ასახულ საქართველოს რუკაზე, აჭარა, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ოსეთის მსგავსად, წითლად არის მონიშნული. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, ამით მათ ხაზი გაუსვეს იმას, რომ „აჭარაც არის ანექსირებული“.

ბილბორდის შინაარსმა საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც ბათუმში განთავსებული ორი ბილბორდი „ლელოს“ აქტივისტებმა ჩამოხსნეს.

„ქუჩებში ვაკრავ და მომავალშიც გავაკრავ ამ პლაკატებს, რადგან მეტმა დაინახოს რაც ხართ! ირმა ინაშვილი – დავით თარხან-მოურავი, ნორმალურ ქვეყანაში სხვაგან იქნებოდა თქვენი ადგილი!

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის მმართველების რეაქციას: კარგად ჩანს როგორ გეშინიათ ან არ გინდათ მინიმუმ ნორმალური კრიტიკული აზრი გამოთქვათ,“- წერს BIMO.

პუტინის სახით გამოსახული ინაშვილისა და თარხან-მოურავის პოსტერები ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე, ორ ადგილასაა განთავსებული.

პოსტერი ბათუმის ქუჩებში, რომელზეც ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი პუტინის სახით არიან წარმოდგენილნი.

მულტიმედია არტისტი BIMO საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებს ხშირად ეხმაურება ვიზუალური ხელოვნებით. ინსტალაციების მიზანი, როგორც არტისტი აღნიშნავს, მოვლენების კრიტიკულად შეფასებით ადამიანების კომფორტის ზონიდან გამოყვანაა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: