განათლება,მთავარი,სიახლეები

აბიტურიენტები ქულების მომატებას ითხოვენ – აქცია ბათუმში

31.08.2020 •
აბიტურიენტები ქულების მომატებას ითხოვენ – აქცია ბათუმში

ბათუმში აბიტურიენტები ქულების მომატებას ითხოვენ. მათ აქციაც გამართეს ამ მოთხოვნით. ისინი აცხადებენ, რომ რადგან პანდემიის გამო სასწავლო პროცესი არასრულყოფილად წარიმართა, მათ ვერ შეძლეს შესაბამისი ცოდნის მიღება, რაც აისახა კიდეც ეროვნული გამოცდების შედეგებზე.

„მე, პირადად, ორი საგანი ჩავაბარე მაღალ ქულაზე და მათემატიკაში დამაკლდა 3 ქულა, რადგან ძალიან რთული ტესტები იყო. თუმცა ისეთებიც არიან, ვისაც 1  და უფრო ნაკლები ქულა დააკლდათ ბარიერის გადასალახად. ვფიქრობ, სამართლიანი იქნება, თუ  5 ქულამდე დაგვიმატებენ“, – ამბობს ერთ-ერთი აბიტურიენტი ელზა გორაძე.

„რადგან მთავრობა აცხადებდა, რომ პანდემიას ყველა ერთად გავუმკლავდებით, შეღავათი იქნებაო, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მოთხოვნებიც უნდა გაითვალისწინონ“, – ამბობენ აქციაში მონაწილე აბიტურიენტები.

აბიტურიენტებმა ქულების მომატების მოთხოვნით ბათუმში აქცია გამართეს.

მათი აზრით, დისტანციური სწავლების პერიოდში, ტექნიკური პრობლემების გამო, ბევრი მოსწავლე მოწყდა სასწავლო პროცესს. ისინი ვერც რეპეტიტორებთან ახერხებდნენ მომზადებას, რადგან გარკვეული პერიოდი კარანტინი იყო ქვეყანაში გამოცხადებული. „შემდეგ კი ზოგს ფინანსური პრობლემები გაუჩნდა ან დროს სიმცირის გამო მასალის სრულად ათვისება ვეღარ მოასწრეს“, – ამბობენ აქციაში მონაწილე აბიტურიენტები.

დღეს, 31 აგვისტოს, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების თაობაზე საბოლოო ინფორმაცია გამოაქვეყნა. „ბათუმელების“ კითხვაზე, განიხილავს თუ არა ცენტრი იმ აბიტურიენტების მოთხოვნას ქულების დამატებაზე, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ, ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე ამბობს, რომ მეორადი ჩარიცხვების სისტემა რამდენიმე წელია გაუქმებულია და არც წელს იგეგმება.

„რაც შეეხება იმას,რომ რთული პერიოდი იყო და აბიტურიენტებმა მომზადება ვერ შეძლეს, ამის საპირისპიროს გვიჩვენებს ის, რომ წელს უფრო მეტი აბიტურიენტი გახდა სტუდენტი, ვიდრე წინა წელს. შესაბამისად, ის, რომ წელს განსაკუთრებულად რთული პირობები იყო და ამის გამო უნდა მოვუმატოთ ქულები, რეალობას მოკლებულია,“-ამბობს გორგოძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: