მთავარი,სიახლეები

12 ოჯახის პროტესტი ქობულეთში – რას ითხოვენ მოქალაქეები და რას პასუხობს მათ მერია 

01.09.2020 • 1333
12 ოჯახის პროტესტი ქობულეთში – რას ითხოვენ მოქალაქეები და რას პასუხობს მათ მერია 

დღეს, პირველ სექტემბერს, ხმაური იყო ქობულეთის მერიაში, სადაც 12 უსახლკარო ოჯახი ქობულეთის მერთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას ითხოვდა.  მოქალაქეები აცხადებენ, რომ შენობა, სადაც ახლა ცხოვრობენ, გაიყიდა და შესაძლოა ისინი ღია ცის ქვეშ დარჩნენ მცირეწლოვანი ბავშვებით.  მათ პროტესტის ნიშნად ცენტრალური გზის გადაკეტვაც სცადეს, თუმცა პოლიციამ აქციის მონაწილეებს ამის უფლება არ მისცა.

ამ ოჯახებმა პირველი აქცია მერიის წინ ჯერ კიდევ 16 ივლისს გამართეს, როცა ქობულეთში სტატისტიკის ყოფილი შენობა გაიყიდა. სწორედ ამ შენობაში არიან ისინი შესახლებული. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი ეკომიგრანტები არ არიან, მაგრამ უსახლკაროები არიან და წასასვლელი არსად აქვთ.

სტატისტიკის სამსახურის ყოფილი შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 615 ათას ლარად გაყიდა. ახალი მესაკუთრე ჯემალ რომანაძეა. აქციის მონაწილეების თქმით, ჯემალ რომანაძე ქობულეთის საკრებულოს წევრის, მალხაზ რომანაძის ბიძაა.

მაშინ ითქვა, რომ ინვესტორთან შეთანხმების შემდეგ თვითნებურად შესახლებულ ოჯახებს თავშესაფრის გარეშე არ დატოვებდნენ, თუმცა მოქალაქეები დღეს ამ დანაპირების წერილობით დადასტურებას მოითხოვდნენ ქობულეთის მერისგან.

ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე ირწმუნება, რომ მოქალაქეების მოთხოვნა საცხოვრებელთან დაკავშირებით, დაკმაყოფილდება.

„დაკმაყოფილებული ნიშნავს, რომ არათუ არ დაიწყება მათი გამოსახლების პროცედურა,  – პირიქით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან, ასევე, ქობულეთის მუნიციპალიტეტსა და ინვესტორს შორის მიმდინარეობს ძალიან აქტიური მოლაპარაკები, რომ ეს საკითხი, პირველ რიგში, სამართლებრივად გადაწყდეს.

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია ელოდა, რომ თითოეული ოჯახიდან  მიიღებდა ზუსტ მონაცემებს, თუ რამდენ კვადრატულ მეტრ ფართობს ფლობენ შესახლებული ოჯახები, რომ პროპორციულად დაკმაყოფილდეს მათი ინტერესი საცხოვრებელთან დაკავშირებით“, – ამბობს მირიან ქათამაძე.

ქობულეთის მერის თქმით, ინვესტორთან მოლაპარაკები მიმდინარეობს იმაზე, რომ გასხვისებულ ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის აშენების შემდეგ აღნიშნული ოჯახები შესაბამისი ფართობებით დაკმაყოფილდებიან.

____________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: