მთავარი,სიახლეები

დაკეტილი კაბინეტები ხელვაჩაურის მერიაში „ოცნების“ კანდიდატების წარდგენისას

31.08.2020 • 1560
დაკეტილი კაბინეტები ხელვაჩაურის მერიაში „ოცნების“ კანდიდატების წარდგენისას

„მთლიანად მუნიციპალიტეტი იყო პარალიზებული მაშინ, როდესაც „ოცნება“ ვითომ მოსახლეობას ხვდებოდა, მე ყველა კაბინეტი დავიარე, მხოლოდ საკრებულოს აპარატში დამხვდა მთავარი სპეციალისტი ია დუმბაძე“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის მაღალმთიანეთიდან საქართველოს პარლამენტში. მიშა ბოლქვაძემ დღეს, 31 აგვისტოს, ფეისბუქზე, პირდაპირი ვიდეოჩართვით აჩვენა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაცარიელებული შენობა და გამოკეტილი კაბინეტები.

საუბარია „ქართული ოცნების“ მოსახლეობასთან შეხვედრაზე, რომელიც დღეს ხელვაჩაურის მერიის შენობის წინ ჩატარდა და სადაც მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერებმა აჭარის მაღალმთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს.

მიშა ბოლქვაძეს ფეისბუქზე ვიდეოჩართვის დროს სპეცსამსახურის თანამშრომლები შეხვდნენ. ერთ-ერთი მათგანი ხელვაჩაურის საკრებულოს წევრს ეუბნება, რომ „ზემოდან გადაღება არ შეიძლება“.

დაკეტილი კაბინეტების პარალელურად მერიის წინ რომ პარტიული შეხვედრა იმართება, ესეც ვიდეოჩართვაში ჩანს.

რატომ არ იყვნენ საჯარო მოხელეები სამსახურში სამუშაო დღეს და სამუშაო საათებში? – კითხვის დასმა ხელვაჩაურის მერისთვის გვინდოდა, თუმცა მისი მობილური ტელეფონი გამორთულია.

„თუ დადასტურდება, საყვედურს ვეტყვი თავისთავად, ჩვენ ხომ მაკონტროლებლები ვართ. გაფრთხილებას მივცემ, რომ მეორედ აღარ ჩაიდინონ მსგავსი საქციელი,“ – გვითხრა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნადიმ ვარშანიძემ. ის პარტიულ შეკრებას ესწრებოდა, თუმცა ამბობს, რომ მერიის სამსახურის უფროსები და საჯარო მოხელეები, რომლებიც ამ დროს სამსახურში უნდა ყოფილიყვნენ, არ დაუნახავს.

„მე იქ საკრებულოს წევრებთან ერთად ვიყავი… რა გამეკონტროლებინა, ესწრებიან თუ არ ესწრებიან? მე არ მინახავს ეს ვიდეო, ვნახავ და გავაკონტროლებ,“ – აღნიშნა ნადიმ ვარშანიძემ. მან „ბათუმელებთან“ არც ის გამორიცხა, რომ მიშა ბოლქვაძემ შესაძლოა „ლაივი“ შესვენების დროს ჩართო, რომ დაკეტილი კაბინეტები ეჩვენებინა.

„შეიძლება პერერივის დროს ავიდა, ჩვეულებრივი ხრიკებია,“ – დასძინა ნადიმ ვარშანიძემ.

„მიუხედავად იმისა, რომ არ არის ოფიციალურად დაწყებული წინასაარჩევნო პერიოდი, ეს ფაქტი ყურადღებას იქცევს და ერთგვარი მაგალითი უნდა გახდეს იმისა, თუ როგორ არ უნდა იქცეოდნენ საჯარო მოხელეები“, – მიიჩნევს მალხაზ ჭკადუა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თარიღი უკვე ცნობილია – ის 31 ოქტომბერს ჩატარდება და ამის შესახებ დღეს, 31 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა. უკვე გამოცემულია აქტიც არჩევნების თარიღის შესახებ, თუმცა წინასაარჩევნო პერიოდის რეგულაციები კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე აქტიურდება ანუ ამ შემთხვევაში პირველი სექტემბრიდან.

„კანონის ზოგადი სულისკვეთებიდან უნდა ამოვიდეთ და მანამდე პერიოდში უნდა შეიზღუდოს საჯარო მოხელეების მხრიდან მსგავს პარტიულ შეკრებებზე დასწრება. თუკი ეს დასტურდება, იგი უნდა შეფასდეს, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება,“ – ასეთია მადონა ბერიძის შეფასება, ის „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორია.

მადონა ბერიძე განმარტავს, რომ ეს შემთხვევა ხვალ რომ დაფიქსირებულიყო, ფაქტი შესაბამის საოლქო კომისიას უნდა შეესწავლა და თუკი არაუფლებამოსილი საჯარო მოხელეების მხრიდან პარტიულ შეკრებაზე დასწრების ფაქტი დადგინდებოდა, თითოეულ მათგანს 2 ათასი ლარით დააჯარიმებდნენ.

მალხაზ ჭკადუა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“ ყურადღებას ამახვილებს კიდევ რამდენიმე ფაქტორზე: საჯარო მოხელეებიდან, ვინც ამ შეხვედრას ესწრებოდა, რამდენი იყო შვებულებაში ან რამდენს ჰქონდა დათხოვნაზე დაწერილი განცხადება.

„მეორე მხრივ, არ ვიცით, ამ ადამიანებიდან რა ნაწილი მივიდა ამ ღონისძიებაზე საკუთარი ნებით და რა ნაწილს მოსთხოვეს იქ ყოფნა. ჩვენ ვიცით წინა წლების პრაქტიკიდან, როცა ხანდახან ასეთ ღონისძიებებში ჩართულობა დამსწრეების მხრიდან არ არის ნებაყოფლობითი და მას აქვს დავალების ხასიათი. ყურადღება მინდა გავამახვილო იმაზეც, რომ ასეთ სააგიტაციო შეხვედრებში მონაწილეობა არ უნდა იწვევდეს მუნიციპალიტეტის მუშაობის პარალიზებას. ასეთ დროს რომ მოქალაქე მივიდეს მერიაში, ის ვერ მიიღებს სერვისს, რადგან ყველა ოთახი გამოკეტილია, საჯარო მოხელეები და თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ  პარტიულ შეხვედრაზე,“ – აღნიშნა მალხაზ ჭკადუამ „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: