დენის გაზრდილ ტარიფს 2021 წელს სახელმწიფო დაასუბსიდირებს – გახარია

ელექტროენერგიის და წყლის გადასახადი გაიზრდება, – განაცხადა დღეს, 29 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის შემდეგ. თუმცა, მისი განცხადებით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა ელექტროენერგიაზე „ტარიფის გაძვირებას არ იგრძნობენ“.

„ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობა სხვაობას დღევანდელ ტარიფსა და გაზრდილ ტარიფს შორის, რომელსაც დღეს დაადგენს კომისია, სრულად დაასუბსიდირებს 300 კილოვატამდე“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გახარიას თქმით, ტარიფების ზრდას ობიექტური დასაბუთება და ახსნა აქვს.

„2017 წელს მოხდა მეთოდოლოგიის ცვლილება, რის შედეგადაც 3 წლის განმავლობაში ტარიფი არ გადახედილა. რა თქმა უნდა,  მეთოდოლოგიის ეს ცვლილება შეიძლება სხვადასხვანაირად იყოს შეფასებული, თუმცა დღეის მდგომარეობით ეს არის ფაქტი.

პირველი სუბსიდირება შეეხო საქართველოს 1.2 მლნ აბონენტს, რაც ფაქტობრივად ნიშნავს 1.2 მლნ ოჯახს. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკური კრიზისის პირობებში ჩვენ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგრადობის შენარჩუნება უზრუნველვყოთ ისე, როგორც შეგვიძლია, იმ რესურსებით, რომელიც სახელმწიფოს გააჩნია“-ამბობს გახარია.

300-ლარიანი კომპენსაცია 110 000-მა ადამიანმა მიიღო – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ერთჯერადი 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად შემოსავლების სამსახურში 130 ათასზე მეტი განცხადება შევიდა.

„დღეის მდგომარეობით, 130 000-ზე მეტი განაცხადი არის სახელმწიფოში შემოსული ერთჯერად 300 ლარიან დახმარებაზე, რომლიდანაც დიდი ნაწილი, 110 000-ზე მეტი უკვე დაკმაყოფილებულია და წლის ბოლომდე ყველა დაკმაყოფილდება“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე თქმით, სოციალური დახმარება და სოციალური მდგრადობა 2021 წლის განმავლობაში იქნება „საქართველოს მთავრობის ძირითადი ამოცანა“. ამის შესახებ გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მარი ზანაქიძე დაინიშნა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ უწყებაში მინისტრის მოადგილე ჰყავს და ის მარი ზანაქიძე იქნება.

უწყების ინფორმაციით, მარი ზანაქიძე სამინისტროში ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებას უხელმძღვანელებს.

მარი ზანაქიძე აქამდე „საზღვაო ჰოსპიტალის“ ხელმძღვანელი იყო და კოვიდის მართვაში იღებდა მონაწილეობას. მას სამედიცინო განათლება აქვს მიღებული.

ფლობს სერტიფიკატებს თერაპიაში, გასტროენტეროლოგიასა და კლინიკურ მენეჯმენტში.

ახალი მოადგილე მინისტრმა ნინო ნიჟარძემ დღეს სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრს დღემდე სამი მოადგილე ჰყავდა.

აჭარაში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 29 დეკემბერი

29 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 125 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ქვეყანაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2012 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, აჭარაში კლინიკებში მკურნალობს 488 პაციენტი, მძიმეა 101 ადამიანის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 29, კოვიდსასტუმროებშია 569 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში – 2942 პირი.

კორონავირუსის ახალი 2012 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 25 პაციენტი

29 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 012 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა – 2 638 ადამიანი, გარდაიცვალა 25 პაციენტი.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 837 შემთხვევა, აჭარაში – 125, იმერეთში – 367, ქვემო ქართლში – 132, შიდა ქართლში – 144, გურიაში – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 155, კახეთში – 147, მცხეთა-მთიანეთში – 34, სამცხე-ჯავახეთში – 28, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 12.

ხანძარი ოცნების ქალაქში

ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქის დასახლებაში ხანძარია.

სახანძრო სამსახურის ინფორმაციით ცეცხლი გაუჩნდა კონტეინერს, რომელსაც მესაკუთრე საცხოვრებლად იყენებდა.

ხანძარი ამ წუთებში ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ხანძარი ოცნების ქალაქში / 29.12.2020

აჭარის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა თანამდებობა დატოვა

აჭარის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა, სულხან ოქროპირიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას სულხან ოქროპირიძე ადასტურებს და დეტალებზე საუბარი არ სურს.

ინფორმაციას ადასტურებენ აჭარის განათლების სამინისტროშიც, თუმცა უწყება ინფორმაციის გავრცელებას ხვალ, 29 დეკემბერს, აპირებს.

სულხან ოქროპირიძე აჭარის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორად 2019 წლის ივნისში დანიშნეს, მანამდე ის ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე იყო.

10 ახალი საინტერესო წიგნი, რომლებიც 2020 წელს გამოიცა

2020 წლის პანდემიამ გამომცემლობებსაც შეუქმნა პრობლემები და შეაფერხა საგამომცემლო საქმე, თუმცა მკითხველის ყურადღება 2020 წელს გამოცემულმა არაერთმა ტექსტმა მიიქცია.

გთავაზობთ წელს გამოცემული წიგნების ათეულს, რომლებიც უდავოდ იმსახურებენ ყურადღებას.

  • იუვალ ნოახ ჰარარი – „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია”

„საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია“ მსოფლიო ბესტსელერია, რომელიც 50-მდე ენაზე ითარგმნა. წიგნი ქართულ ენაზე ნიკა სამუშიამ თარგმნა.

წიგნის ანოტაციის თანახმად, იუვალ ნოახ ჰარარის ამ თამამ, ამბიციურ და პროვოკაციულ წიგნში დასმული კითხვები ეჭვქვეშ აყენებს ყველაფერს, რაც გვეგონა, რომ კაცობრიობის წარმოშობის, აზროვნების, ქცევის, შესაძლებლობებისა და მომავლის შესახებ ვიცოდით. ავტორი ბიოლოგიურ, ანთროპოლოგიურ, პალეონტოლოგიურ თუ ეკონომიკურ მონაცემებზე დაყრდნობით აღწერს, როგორ იცვლებოდა დროთა განმავლობაში ადამიანთა საზოგადოებები,  ფლორა და ფაუნა, ადამიანთა ქცევები და ხასიათის თავისებურებები.

100 000 წლის წინ დედამიწაზე ადამიანთა, სულ მცირე, ექვსი სახეობა ცხოვრობდა. მათგან მხოლოდ ჩვენი სახეობა – ჰომო საპიენსი – გადარჩა.

როგორ  მოვაღწიეთ დღემდე?  როგორ მოახერხეს  ჩვენმა მონადირე-შემგროვებელმა წინაპრებმა ქალაქებისა და სამეფოების  შექმნა? რატომ გვჯერა ღმერთების, ერების და ადამიანის  უფლებების?  როგორ აღმოვჩნდით ბიუროკრატიის, განრიგებისა და  კონსუმერიზმის ტყვეობაში? რა სახეს მიიღებს სამყარო ახალ ათასწლეულში?

წიგნის ავტორი ისრაელელი ისტორიკოსი, იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტისა და ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის საპატიო პროფესორია. ჰარარის სამეცნიერო კვლევების მთავარი საგანი ჰომო საპიენსი და მისი განვითარების საფეხურებია.

 

  • ტომას სტერნზ ელიოტი – „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ”

ტომას სტერნზ ელიოტს სწამდა, რომ პოეზია ყველასათვის არ იყო და არც უნდა ყოფილიყო მაღალი პოეზია პოპულარული. მაგრამ ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და მეგობრის შვილებისათვის თუ ნათლულებისათვის დაწერილი და მათთვის წაკითხული, „კატები“, ბესტსელერი გახდა.

კატების წიგნი 1939 წელს გამოიცა. თოთხმეტი სხვადასხვა სახელის და სხვადასხვა ხასიათის კატა – სულ ესაა მთელი წიგნი და კიდევ წინათქმა, კატის სახელის შერჩევის გამო. ამ სალაღობო წიგნშიც არ ღალატობს ელიოტი თავის პრინციპს, ცოცხალი ტრადიციისა. გაითვალისწინა ინგლისურ ლიტერატურაში დაგროვილი გამოცდილება, უძველესი დროის სალაღობო და საბავშვო სიმღერებიდან მოყოლებული რადიარდ კიპლინგამდე, ლუის კეროლამდე და ედვარდ ლირამდე. ინტონაციები, რიტმი და რითმები შეეძლო აქედან წამოეღო. „შერლოკ ჰოლმსი“ უყვარდა და მაკავიტისა თუ სხვა კატებისათვის დეტექტური განწყობები ისესხა.

წიგნი ანი კოპალიანმა თარგმნა და გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.

  • ნოამ ჩომსკი „თანხმობის წარმოება. მასმედიის პოლიტიკური ეკონომია“

ნოამ ჩომსკის მსოფლიოს საუკეთესო ინტელექტუალთა წრეში პოლიტიკური აზროვნების ერთგვარ კანონმდებლად და თანამედროვე ლინგვისტიკის მამადაც კი მიიჩნევენ. იგი ამჟამად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის საპატიო პროფესორი და არაერთი მნიშვნელოვანი შრომის ავტორია.

ჩომსკის ეს ნაშრომი მასობრივ საინფორმაციო საშუალებებზეა, რაც თანამედროვე კაცობრიობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და აზროვნებაზე გადამწყვეტ, ხშირად საბედისწერო ზეგავლენას ახდენს.

მედია, დიდი ხანია, გასცდა ინფორმაციის მიწოდების საზღვრებს და საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ცხოვრების ყველა სფეროში შეიჭრა. წიგნის ავტორებმა თავდაყირა დააყენეს წარმოდგენა დიდი მედიასაშუალებების მიუკერძოებლობის შესახებ, შექმნეს ნოვატორული ანალიტიკური სქემა და მკითხველს შესთავაზეს ფუნდამენტური ნაშრომი მასმედიაში დამკვიდრებული ტენდენციებისა და ე. წ. „პროპაგანდის მოდელის“ თაობაზე.

„თანხმობის წარმოება“ თინათინ ხომერიკმა და ელისო ფანცხავამ თარგმნეს, წიგნი „სულაკაურის გამომცემლობა“ გამოსცა.

  • სტეფან ბურნაშევი კავკასია XVIII საუკუნის II ნახევარში

 პოლკოვნიკი სტეფან ბურნაშევი ეკატერინე II-ის საგანგებო რწმუნებული იყო ერეკლე II-ისა და სოლომონ I-ის კარზე და ამავე დროს 1783-1787 წლებში გეორგიევსკის ტრაქტატის შესაბამისად საქართველოში მყოფი რუსული ჯარის მეთაური. საქართველოში მსახურობისას მან შექმნა სამი ანალიტიკურ-აღწერილობითი ნაშრომი, რომელთა ქართული თარგმანები რუსულ დედნებთან ერთად პირველად წარსდგა მკითხველის წინაშე.

„საქართველოს სურათი…“ მნიშვნელოვანი საისტორიო წყაროა XVIII ს-ის 80-იანი წლების საქართველოს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორიისა და რუსულ-ქართული პოლიტიკური ურთიერთობის ისტორიისათვის. ამ აღწერილობიდან თვალსაჩინოდ ვლინდება, როგორ დამძიმდა ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მდგომარეობა 1783 წლის შემდეგ.

„ადრებიჟანული ქვეყნების აღწერაში“ ეხება სამხრეთ კავკასიასა და უფრო სამხრეთით მდებარე ისლამურ სახანოებში არსებულ ვითარებას: სახანოების საზღვრები და პოლიტიკური სტატუსი, ხანების პოლიტიკური ორიენტაცია და კავშირები, ეკონომიკური და სამხედრო შესაძლებლობები, ქრისტიანთა კომლობრივი რაოდენობა და ა.შ.

„მთიელ ხალხთა აღწერა“ ეთნოგრაფიული ნაშრომია. აქ მრავალი საგულისხმო ცნობა მოიპოვება ყაბარდოელთა ყოფის, სოციალური მდგომარეობის, ადათ-წესების, ეროვნული ხასიათისა და სხვა თავისებურებათა შესახებ. ამიტომ ეს თხზულება კავკასიელ ხალხთა ეთნოლოგიის მკვლევართათვის საყურადღებო წყაროა.

წიგნი გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა.

 

  • ჯალალ ედ-დინ რუმი – „არსთა მესნევი”

მასნავიე მა’ნავი (როგორც ტრადიციულად ქართულ აღმოსავლეთმცოდნეობაში იყო მიღებული „ზნეობრივი მესნევი“, წინამდებარე თარგმანით კი – „არსთა მესნევი“) პირველად გამოიცა ლონდონში.

ეს არის მისტიკურ-დიდაქტიკური პოემა 6 დავთრად (რვეულად). რუმი პოემას კარნახობდა ჰოსამ ედ-დინ ჰასან ჩალაბის, რომელიც ტექსტს მრავალი წლის განმავლობაში იწერდა. ბოლო საავტორო რედაქცია კი შესრულდა 1272 წელს. მადლიერების ნიშნად, რუმიმ პოემა სწორედ ჰოსამ ედ-დინს მიუძღვნა.

„მასნავი“ – ლექსის ფორმით შექმნილი ნამდვილი ენციკლოპედიაა სუფიზმისა – სპარსული მისტიკური პოეზიის მწვერვალი. რუმის მიაჩნდა, რომ პოემის მეშვეობით ის ყურანის დაფარულ საზრისს გადმოსცემდა.

წიგნი გიორგი ლობჟანიძემ თარგმნა და „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა.

 

  • ელფრიდე იელინეკი – „ვნება”

„ვნებას“ ახასიათებენ, როგორც „შემაწუხებელ“ ნაწარმოებს და მართლაც, უხეში ენა, დაუნდობელი ფაბულა, ძალადობის სცენები და გაშიშვლებული ადამიანური მანკიერებები მკითხველს შფოთვას ჰგვრის. რომანის მიზანიც სწორედ ესაა – დაგვანახოს, რომ ზოგჯერ ადამიანები ცხოველები არიან, ძალადობის ჯაჭვის გაწყვეტა კი მხოლოდ რჩეულ ერთეულთა ხვედრია. „ვნება“ სწორედაც ძალადობის ამბავია.

ქარხანა ძალადობს მუშებზე, მუშები – ოჯახებზე, ძალაუფლების დაუოკებელი წყურვილით შეპყრობილი ქმარი – ცოლზე, ცოლი – შვილზე, შვილი – დედასა და თანატოლებზე, ადამიანების სიხარბით შეურაცხყოფილი ბუნება – მთელ სამყაროზე.

წიგნი ტატა კოტრიკაძემ თარგმნა და გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა.

 

  • ბესო სოლომონაშვილი – „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა”

ავტორი ამ რომანს „ალუზიურ მისტიფიკაციას“ უწოდებს და მოგვითხრობს 1921 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ, როდესაც ქვეყანამ 1918 წელს მოპოვებული დამოუკიდებლობის შენარჩუნება ვერ შეძლო და ბოლშევიკებმა აქ თავიანთი ძალაუფლება დაამყარეს.

რომანის პერსონაჟები ძალაუფლების მოპოვებისთვის მებრძოლი, დაუნდობელი ადამიანები არიან. რევოლუციისა და მისი თანმხლები ძალადობის ფონზე ვითარდება უცნაური გოგოსა და ჯალათად ქცეული ბიჭის სევდიანი სიყვარულის ამბავი.

როგორ იქცევა ადამიანი ჯალათად? ვინ არის ის, მსხვერპლი თუ მოძალადე?!

ეს წიგნი ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვისა და ადამიანის ბედის გაუკუღმართების ტრაგიკულ ისტორიას მოგვითხრობს. ბესო სოლომანაშვილი კინო და ტელერეჟისორია. სხვადასხვა დროს გამოცემული აქვს სამი პროზაული კრებული. „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ მისი პირველი რომანია.

წიგნი „სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა.

ბესო სოლომონაშვილის ამ რომანმა წელს პრემია „საბა“ მიიღო, როგორც საუკეთესო რომანმა.

  • ბესიკ ხარანაული – „ეჰ, ბესარიონ”

ბესიკ ხარანაულის ამ წიგნში შესული ტექსტების უმრავლესობა პანდემიის პერიოდში დაიწერა. ის სიმძიმე, რაც დედამიწამ ამ თვეების განმავლობაში გამოიარა, მკაფიოდ ატყვია მის პოეზიას, ასევე მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რასაც ავტორი იზოლაციის პირობებში აღმოჩენილ ადამიანს სთავაზობს. მით უფრო, თუ ამ იზოლაციას უფრო გლობალური ფილოსოფიური კუთხით გავიაზრებთ და მას არამხოლოდ პანდემიების, არამედ ზოგადად, ადამიანური ყოფის კრიზისადაც მივიჩნევთ.
კრებულში თავმოყრილი ლექსები და პოემები იმ ჟანრს განეკუთვნება, რომელსაც თავად ბესიკ ხარანაულმა „პროზისა და პოეზიის პირშესაყარი“ უწოდა და რაც მხოლოდ მისი შემოქმედებითი ხელწერა, მისი ავტონომიური მხატვრული სივრცე.
წიგნი გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.
  • ჯოან როულინგი – „ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი“

მკვლევარი და მაგიზ ოოლოგი ნიუტ სკამანდერი, რომელიც ყველაზე იშვიათი და უნიკალური ჯადოსნური ცხოველების აღმოჩენისა და დაცვის სურვილით მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს, ნიუ-იორკში ჩადის. ის აქ მხოლოდ მოკლეხნიან გაჩერებას გეგმავს, მაგრამ თავისი უჩვეულო, მრავალგვარი ჯადოსნური არსებით სავსე ჩემოდანი შემთხვევით მაგლის ჩემოდანში ერევა და ცხოველების ნაწილი ნიუ-იორკის ქუჩებში იფანტება…

ამავე დროს, ქალაქში აშშ-ის მაგიური კონგრესისა და აურორებისთვისაც გამოუცნობი, ბნელით მოცული ამბები ტრიალებს, რომელთაც მაგიური სამყარო ძლევამოსილ ჯადოქარს – გრინდელვალდს უკავშირებს.

ცნობილი ავტორის, ჯოან როულინგის ეს წიგნი ქეთი ყანჩაშვილმა თარგმნა და „სულაკაურის გამომცემლობა“ გამოსცა.

 

  • სერჰი ჟადანი – „ინტერნატი“

ჟადანი თანამედროვე უკრაინული ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ავტორად მიიჩნევა.

მის საკულტო რომანში „ინტერნატი“ვხვდებით უკრაინელ მასწავლებელს, რომელიც ერთი ჩვეულებრივი სოფლის მკვიდრია, ისეთი დასახლების, ღმერთსაც რომ დავიწყებია. მას მხოლოდ სამი დღე აქვს, სამი საკრალური, ფათერაკებით აღსავსე დღე და დიდი მისია – თავისი დისშვილი ომისა და სიკვდილის კლანჭებისგან იხსნას. გარშემო კი ბურუსი და კვამლი, სიკვდილი და მეტამორფოზებია – შეიცვალა ყველა და ყველაფერი, მშობლიური სახლის გარდა, რომლისკენაც ანტიკური დრამების პერსონაჟივით მიილტვის პაშა.
ის სვლას განაგრძობს, იმის მიუხედავად, რომ თან სდევს ძაღლის სველი ბეწვის სუნი, სიკვდილიც მუდამ მის ზურგს უკან დგას, აკვირდება და ელოდება. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე სამდღიანი მოგზაურობისას, პაშაც განიცდის ფერისცვალებას – და წიგნის ბოლოს მკითხველის წინაშე სულ სხვა ადამიანად იქცევა.

75 მილიონი ლარის ამოსაღებად აჭარის ფინანსთა სამინისტროს რეაგირება არ მოუხდენია – აუდიტი

აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამოსაღები აქვთ 75 136 588 ლარი. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ეს, ძირითადად, აჭარის საკუთრებაში არსებული ქონების მყიდველების და მოსარგებლეების მიერ ვალდებულებათა დროულად შეუსრულებლობის გამო დარიცხული ჯარიმები და პირგასამტეხლოებია.

სახელმწიფო აუდიტს მონაცემები აღებული აქვს 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუდიტის მიერ „მოპოვებული მტკიცებულებებით, მოვალეების მიერ ვალდებულება აღიარებული არ არის, ხოლო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავალიანების ამოღებაზე რეაგირება არ განუხორციელებია.“

„ბათუმელები“ კომენტარისთვის სამინისტროს დაუკავშირდა.

„აქ არის ძირითადად ის პირგასამტეხლოები, რომლის გადახდისგანაც ესა თუ ის პირი გათავისუფლებულია ვალდებულებების შესრულების პირობით. ანუ, ჩვენთან მოქმედი წესის შესაბამისად, თუ კომპანია შეასრულებს ვალდებულებას, პირგასამტეხლოს აღარ იხდის. იმ შემთხვევებში კი, სადაც ხელშეკრულებები გაუქმებულია და პირგასამტეხლოებია დარჩენილი, ყველას მიმართ დაწყებულია სასამართლო საქმეები, ზოგის საქმე კი, სააღსრულებო ბიუროშია გადაგზავნილი“, – განუცხადეს „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.

აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთ [კონსოლიდირებულ] ფინანსურ ანგარიშგებაში ფინანსური აქტივების და მოთხოვნების ნაშთი, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 355 021 537 ლარია. აქედან 75 136 588 ლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის შედეგად, მყიდველების/მოსარგებლეების მიერ ვალდებულებათა დროულად შეუსრულებლობის გამო დარიცხული ჯარიმები და პირგასამტეხლოებია. მოპოვებული მტკიცებულებებით, მოვალეების მიერ ვალდებულება აღიარებული არ არის, ხოლო სამინისტროს დავალიანების ამოღებაზე რეაგირება არ განუხორციელებია, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის რეკომენდაციით, „სამინისტროს ხელმძღვანელობამ უნდა შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა დაკისრებული ჯარიმების, პირგასამტეხლოების, სანქციების და სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად დაკისრებული თანხების ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხვასთან დაკავშირებით“.

ამავე ანგარიშის მიხედვით:

[crosslist]

  • „აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში, შიდა კონტროლის სისტემის სისუსტისა და პასუხისმგებელ პირთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო, დარღვეულია ინვენტარიზაციის ჩატარების ზოგადი წესებიც, კერძოდ: რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრულ არც ერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში მოქმედი რეგულაციების დაცვით არ ტარდება მოთხოვნების და ვალდებულებების სავალდებულო ინვენტარიზაცია“.
  • „ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, 2019 წლის ბალანსზე სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების აღურიცხველობის გამო, აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის ნაერთ (კონსოლიდირებულ) ფინანსურ ანგარიშგებაში არაფინანსური აქტივების ნაშთი არანაკლებ 449 046 309 ლარით უზუსტოდ, შემცირებულად არის წარმოდგენილი“.

[/crosslist]

აუდიტის დასკვნით: „კანონმდებლობის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვას და განკარგვას, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. აქედან გამომდინარე, სამინისტროს ბალანსზე უნდა
ირიცხებოდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, მათ შორის, არაფინანსური აქტივები, რომლის პირველადი გადაცემა არ განხორციელებულა.

სამინისტროს უფლებამოსილი პირის განმარტებით, დაწყებულია იმ არაფინანსური აქტივების ბალანსზე აღრიცხვის პროცედურები, რომელთა მართვა-განკარგვის უფლებამოსილება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს, თუმცა 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამინისტროს ბალანსზე არ იყო აღრიცხული, აჭარის საკუთრებაში არსებული 1 849 ერთეული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა“.

სახელმწიფო აუდიტმა აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების [2019 წლის] ნაერთი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში 25 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ამავე თემაზე:

საახალწლოდ მორთული ბათუმი კომენდანტის საათის დროს | ფოტოამბავი

ბათუმის ქუჩები საახალწლოდ მოირთო. თუმცა  კომენდანტის საათის გამო ღამით ქალაქი ცარიელია. გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ბათუმის ქუჩებიდან.

კომენდანტის საათი საახალწლოდ მორთულ ბათუმში
საახალწლოდ მორთული გოგებაშვილის ქუჩა კომენდანტის საათის დროს
ბათუმის პორტი
საახალწლოდ მორთული ბათუმის ბულვარი კომენდანტის საათის დროს
გამსახურდიას ქუჩა კომენდანტის საათის დროს

გმირთა ხეივანი
ბათუმის ახალი სტადიონი
საახალწლოდ მორთული რუსთაველის ქუჩა კომენდანტის საათის დროს
ე.წ. “თავისუფლების კვარტალი” აჭარის მთავრობის სახლის წინ
ბათუმის მთავარი ნაძვის ხე ბულვარში
ჭავჭავაძის ქუჩა კომენდანტის საათის დროს

ბსუ-მ ახალ სამაგისტრო პროგრამაზე აკრედიტაცია გერმანული GIZ-ის მხარდაჭერით მიიღო

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ახალი სამაგისტრო პროგრამის აკრედიტაცია მიიღო. სამაგისტრო პროგრამა – „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ 2021 წლიდან განხორციელდება.

„ეს არის პირველი ასეთი სახის სამაგისტრო პროგრამა სამხრეთ კავკასიაში. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარს უჭერს ასევე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აღნიშნული პროგრამის დანერგვის პროცესში“, – ეს არის ამონარიდი განცხადებიდან, რომელიც გერმანიის საელჩომ თბილისში დღეს გაავრცელა.

როგორც ბსუ-ში პროგრამის ხელმძღვანელი, მადონა მიქელაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, პროგრამა გერმანელ პარტნიორებთან ერთად შემუშავდა.

„პროგრამა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის პროფესიული განათლება. ჩვენ წლებია ვახორციელებთ პროფესიულ პროგრამებს, თუმცა ამ სფეროში თითზე ჩამოსათვლელი სპეციალისტები გვყავს. ყველა არის ან თვითდასაქმებული, თვითნასწავლი და სხვადასხვა სფეროდან მოსული, მაგრამ ვინც კონკრეტულად ეს სფერო იცის და როგორ უნდა წარმართოს პროფესიული პროგრამები ამ შემთხვევაში, ასეთი ძალიან ცოტაა.

პროფესიული პროგრამები კარგად არის აპრობირებული ევროპაში, ამიტომ გერმანიაში მაგდებურგის უნივერსიტეტთან გავაფორმეთ მემორანდუმი და მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ამ პროგრამებზე მუშაობა“, – ამბობს მადონა მიქელაძე.

სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მუშაობას შეძლებენ პროფესიულ კოლეჯებში ან იმ უმაღლეს სასწავლებლებში, რომლებიც პარალელურად პროფესიულ პროგრამებსაც ახორციელებენ.

„ესენი იქნებიან ადამიანები, რომლებიც სასწავლო პროცესის სპეციალისტები იქნებიან კოლეჯებში, ასევე პრაქტიკის კოორდინატორები და წარმოადგენენ შუა რგოლს, რომელიც სტუდენტსა და მასწავლებელს შორის არსებობს. ასევე, შეუძლიათ მუშაობა პროფესიული განათლების ექსპერტებად, არასამთავრობო სექტორში ტრენერებად და ასე შემდეგ.

პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ან პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს დაწესებულებებში საჭიროა პროფესიული განათლების სპეციალისტები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ პროგრამების განხორციელებას და დაეხმარებიან პროფესიული განათლების მასწავლებლებს ხარისხიანი განათლების მიღებაში. ანალოგიური პროგრამა აქვს მაგდებურგის, უნივერსიტეტს თუმცა ასლი არ არის, რადგან მორგებულია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეზე და ქართველი დამსაქმებლების ინტერესებზე“, – ამბობს მიქელაძე.

მისი თქმით, პროგრამის შემუშავებაში დიდი წვლილი აქვს „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას“ (GIZ), რომელიც ბსუ-ს თანამედროვე უცხოენოვანი ლიტერატურის შეძენასა და თარგმნაში დაეხმარა. პროგრამაზე 4 წლის განმავლობაში მუშაობდნენ.

როგორც მადონა მიქელაძე ამბობს, ბათუმის უნივერსიტეტში მხოლოდ ქართულ ენაზე იქნება შესაძლებელი სწავლა, თუმცა თბილისის ტექნიკური და ჯავახიშვილის უნივერსიტეტები ინგლისურენოვან პროგრამასაც ამზადებენ.

„რადგან პროგრამა პირველია სამხრეთ კავკასიაში, ალბათ მეზობელი ქვეყნებიდანაც შეეძლებათ ისწავლონ მსურველებმა“, – ამბობს მიქელაძე. მისი თქმით, პროფესიული განათლების სფეროში ცოტაა როგორც სპეციალისტი, ასევე მკვლევარი, ამიტომ აღნიშნული პროგრამა ამ მიმართულების განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

„ფაქტობრივად ,ყამირი გვაქვს ამ მიმართულებით, ამიტომ კარგი იქნება, თუ სტუდენტები დაინახავენ პრობლემას და იმუშავებენ“, – ამბობს მადონა მიქელაძე.

როგორც მადონა მიქელაძე ამბობს, 2021 წლის სექტემბრიდან პროგრამაზე 20-25 სტუდენტის მიღება იგეგმება. დაგეგმილია სტუდენტების გაცვლით პროგრამაში მონაწილეობაც უცხოეთში.

ბათუმში საცხოვრებელ ბინას ხანძარი გაუჩნდა

დღეს, 28 დეკემბერს, ბათუმში, ლუკა ასათიანისა და ბესიკის ქუჩების კვეთაში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა.  დაიწვა მე-6 სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის ერთი ოთახი.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები. ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

______________

მანანა ძიძიშვილის ფოტო

სემეკი ხვალ, 29 დეკემბერს, დენის ტარიფის გაზრდაზე იმსჯელებს

ელექტროენერგიის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებს, რომ „სამომხმარებლო ტარიფის ზრდა, სამწუხაროდ, აუცილებელია და ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა“. რამდენით ითხოვს გაზრდას, არც კომპანია აცხადებს და არც სემეკი.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია [სემეკი] „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენაზე ხვალ, 29 დეკემბერს ჩანიშნულ სხდომაზე იმსჯელებს.

იგეგმება თუ არა დენის ტარიფის გაზრდა? – სემეკის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკითხზე კომისიამ უნდა იმსჯელოს და გადაწყვეტილებაზე წინასწარ ვერ ისაუბრებენ.

ტარიფებთან დაკავშირებით სემეკმა უნდა გამოსცეს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი „ელექტროენერგიის ტარიფების შესახებ“ სემეკის 2008 წლის 4 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კომისიის მიერ 29 დეკემბერს დადგენილი დენის ტარიფი კი, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 2021-2023 წლებში, შენარჩუნდება.

სემეკის ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით: ელექტროენერგიის მიმწოდებელი საწარმო ვალდებულია სატარიფო განაცხადები კომისიაში წარადგინოს 3 წელიწადში ერთხელ; სატარიფო განაცხადის წარდგენის თარიღია – ტარიფის გაანგარიშების წლის 4 ივლისი; დადგენილი ტარიფები მოქმედებს 3 წელი.

დღეს მოქმედი ტარიფები კი დადგენილია 2018-2020 წლებისთვის.

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის დღეს, დღგ-ს ჩათვლით შემდეგი ტარიფი მოქმედებს:

220/380 ვოლტ ძაბვაზე, თუ 30 კალენდარულ დღეში მოხმარება არის:

  • 101 კვტსთ-ის ჩათვლით და საერთო მოხმარების მრიცხველის აბონენტებისთვის – 14.2367 თეთრი /ყოველ 1 კვტსთ-ზე
  • 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით – 18.2133 თეთრი / 1 კვტსთ-ზე
  • 301 კვტსთ-დან და მეტი –  22.7327 თეთრი / 1 კვტსთ-ზე

ამასთან,

  • 220/380 ვოლტის შემთხვევაში [არასაყოფაცხოვრებო, კომერციული მომხმარებლებისთვის] ტარიფი არის – 21.08306 თეთრი /1 კვტსთ-ზე
  • 6-10 კილოვოლტი – 16.25096 /1 კვტსთ-ზე
  • 35-110 კილოვოლტი – 14.85974 /1 კვტსთ-ზე

სემეკი 29 დეკემბერს დენის ტარიფებს სს „თელასისთვისაც“ დაადგენს.

დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ სემეკში განაცხადეს, რომ „როცა მოქმედი ტარიფი დამტკიცდა 2018-19-20 წლებისთვის, გათვალისწინებული იყო მიმწოდებელი ენერგოკომპანიების მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი ინვესტიციები. ამიტომ, სემეკი კომპანიების საქმიანობას, მათ მიერ განხორციელებულ თუ დაგეგმილ ინვესტიციებს, განიხილავს 2021-22-23 წლების ტარიფების დადგენისას და მხოლოდ მაშინ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“.

სემეკთან „ბოლო კვირეებია გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი. გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური. სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია!“ – აღნიშნულია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ დღეს, 28 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის განცხადება სრულად იხილეთ აქ:

დენის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია – „ენერგო-პრო ჯორჯია“

 

ბათუმში, თამარის დასახლებაში, წყალი საღამოს 8 საათამდე არ იქნება

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ავარიული დაზიანებაა, ბათუმში, თამარის დასახლებაში, რის გამოც დასახლების აბონენტებს 14-დან 20 საათამდე შეუწყდება წყალმომარაგება.

„წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

„ბათუმის წყალი“ მოუწოდებს აღნიშნულ დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღონ და რამდენიმე წუთის განმავლობაში ჰქონდეთ მოშვებულ მდგომარეობაში“ – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც „ბათუმის წყალი“ ავრცელებს.

დენის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა გარდაუვალია – „ენერგო-პრო ჯორჯია“

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორ, მიხეილ ბოცვაძეზე დაყრდნობით, კომპანია დენის ტარიფის მატების აუცილებლობის შესახებ განცხადებს ავრცელებს.

ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა სამწუხაროდ აუცილებელია. ხაზგასასმელია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი დადგინდა 2018 წლის 1 იანვრიდან 3 წლის ვადით. მოქმედი ტარიფი, ობიექტურ მიზეზთა გამო, უკვე დიდი ხანია ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს, ელექტროენერგიის შესყიდვის თუ სხვა მიმართულებებით. უკვე 10 თვეა მწვავე ფინანსურ კრიზისში ვიმყოფებით.

მოგვიწია განვითარების ყველა გეგმაზე უარის თქმა, საინვესტიციო პროექტების მნიშვნელოვნად შემცირება, გართულდა სახელფასო ფონდის დაფინანსებაც კი. მიუხედავად აღნიშნული სირთულეებისა, დამფუძნებელი ჯგუფის და საბანკო სექტორის დახმარებით, მაინც შევძელით ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე შევინარჩუნეთ ყველა თანამშრომელი. თუმცა, საინვესტიციო პროექტების ასეთი შემცირება, ბუნებრივია უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურეობის ხარისხზე და ელექტრომომარაგების უწყვეტობის მაჩვენებლებზე.

რაც შეეხება შემდგომ ტარიფს, პირველ რიგში ხაზგასასმელია, რომ ტარიფის ზრდა არ უნდა აღიქმებოდეს კომპანიის მოთხოვნად. ,ყველა ვაცნობიერებთ საკითხის სენსიტიურობას და სოციალურ ფაქტორს. უფრო მეტიც, მნიშვნელოვნად გაზრდილი ტარიფი, ჩვენთვის პრობლემატურ დავალიანებების თუ სხვადასხვა რისკების ზრდას გამოიწვევს. თუმცა, მეორეს მხრივ, თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალოდ ვერ განაგრძობს ოპერირებას, რისკის ქვეშ დადგება ელექტრომომარაგების საკითხი, ამით კი პირველ რიგში აბონენტის ინტერესები დაზიანდება.

რა თქმა უნდა, ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა, ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას მათ ვაკისრებთ, ბოლო კვირეებია გვაქვს მწვავე განხილვები თითოეულ პარამეტრზე, რაც იწვევს ტარიფის კორექტირებას, არსებობს არაერთი შეუთანხმებელი საკითხი. გვსურს გვჯეროდეს, რომ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება იქნება დაბალანსებული და შექმნილი მძიმე მდგომარეობის ადეკვატური. სხვა გზა უბრალოდ აღარ არსებობს, ყველა რესურსი ამოწურულია!“

ტარიფზე საბოლოო გადაწყვეტილებას სემეკი უახლოეს დღეებში მიიღებს.

ექიმებსა და ექთნებს კოვიდკლინიკებში ისევ არ მიუღიათ დანამატი – რას ამბობენ სამინისტროში

სამედიცინო პერსონალის ნაწილს, რომელიც კოვიდკლინიკებში მუშაობს, ამ დრომდე მთავრობისგან დაპირებული დანამატი არ მიუღია. საუბარია ნოემბრის დანამატებზე, რომელიც გაცემული არ არის. ბათუმში სამ დიდ კლინიკაში – BAU, BMC და „მედინა“ – „ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ შესაბამისი დაფინანსება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან არ მიუღიათ.

50-პროცენტიანი დანამატების შესახებ სამედიცინო პერსონალმა დაპირება ეკატერინე ტიკარაძისგან ოქტომბერში მიიღო. შესაბამისი განკარგულებაც გამოიცა, რომლის მიხედვითაც, ნოემბრიდან კოვიდკლინიკების პერსონალს დანამატები უნდა აეღო. 10 დეკემბერს რამდენიმე ექთანმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მთავრობის დაპირება არ სრულდება.

მაშინ ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ კლინიკებისგან დაზუსტებულ ანგარიშებს ელიან და დეკემბრის შუა რიცხვებში მიიღებს პერსონალი დანამატს.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში დღეს, 28 დეკემბერს გვიპასუხეს, რომ დანამატებისთვის საჭირო თანხა კლინიკებს უკვე ჩაერიცხათ. კლინიკებში დასაქმებულმა პირებმა და მენეჯმენტმა კი „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ „დანამატი არ გაცემულა“. თუმცა, არსებობს გამონაკლისიც, მაგალითად, ბათუმის „მედცენტრში“ გვითხრეს, რომ სამინისტროსგან დაფინანსება მიიღეს და დანამატები უკვე გასცეს.

„არ ჩარიცხულა, როცა ჩაირიცხება, გავცემთ… ჩვენ 5 დეკემბერს წარვადგინეთ ნოემბრის შესრულების ანგარიში, როდის ჩაირიცხება ეს ფული, არ ვიცით,“ – გვიპასუხა BAU-ს კლინიკურმა მენეჯერმა, მიხეილ მჟავანაძემ.

„შესრულების ანგარიში წარდგენილი გვაქვს, ველოდებით დაფინანსებას და როგორც კი მივიღებთ, გავცემთ ამ დანამატს,“ – ამბობს „მედინას“ გენერალური დირექტორი ნინო ქაჯაია.

„ეტაპობრივად ვიღებთ თანხებს…“ – გვიპასუხეს BMC-ის ადმინისტრაციაში. აქ არ დაგვიკონკრეტეს, სამედიცინო პერსონალიდან რამდენმა მიიღო დანამატი ან რატომ გაჭიანურდა თანხის ჩარიცხვა ბიუჯეტიდან ამ დრომდე, კოვიდპაციენტებთან მომუშავე ადამიანებს ნოემბრის შემდეგ გათვალისწინებული დანამატი სრულად რომ აეღოთ.

მას შემდეგ, რაც „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ ზოგიერთ კლინიკას დანამატების გასაცემად დაფინანსება მიღებული არ აქვს, ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრს განმეორებით დავუკავშირდით. უწყებაში ამჯერად გვითხრეს, რომ „შესრულების ანგარიშებს დამუშავება სჭირდება“ და „თანხა ეტაპობრივად ჩაირიცხება ყველასთან“.

ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრში ამ დროისთვის ვერ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რამდენ კლინიკას აქვს უკვე მიღებული დაფინანსება დანამატების გასაცემად და რამ შეუშალა ხელი მთავრობის დაპირების დროულად შესრულებას.

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს | შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ზუგდიდსა და ხობში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით, 2 პირი დააკავეს.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულ, 1959 წელს დაბადებულ რ.გ.-სა და 1964 წელს დაბადებულ კ.ქ.-ს ბრალად ედებათ „ქურდული სამყაროს“ წევრობა.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ – როლანდ გეგეჭკორის (მეტსახელად „შლაპა“) მითითებით, 2020 წლის დასაწყისიდან სამეგრელოში ბიზნესმენს – ბ.თ.-სა და მის ბიზნესპარტნიორს – ა.ც.-ს, პერიოდულად უკავშირდებოდნენ და „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ თანხის გადახდას სთხოვდნენ.

შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 18 ნოემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბრალდებულებმა გამართეს ქურდული გარჩევა, რომელზეც აღნიშნული ბიზნესმენები მათ საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ – როლანდ გეგეჭკორს ინტერნეტის საშუალებით გაასაუბრეს. ე.წ. „კანონიერმა ქურდმა“ ბიზნესმენებს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე 10 000 – 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. როლანდ გეგეჭკორმა, ასევე, კატეგორიულად მოითხოვა, რომ ბიზნესსაქმიანობიდან მიღებული მოგების თანხა მომავალში თანაბრად განაწილებულიყო ა.ც.-ს, ბ.თ.-სა და მას შორის.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ სახლებში მას შემდეგ დააკავეს, როცა ერთ-ერთმა დაზარალებულმა მათ მოთხოვნილი თანხა – 10 000 ლარი გადასცა.

შსს ასევე იუწყება, რომ პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, 9987 ლარი და „გეკოს“ ტიპის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ უკავშირდებოდნენ.

„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქართველი ლექტორი ქუვეითიდან: მთავარი გამოწვევა ემოციებსა და შიშთან გამკლავება იყო

ავტორი: მაგდა მარუაშვილი, ახლო აღმოსავლეთის ამერიკული უნივერსიტეტი, ინგლისური ენის ინსტრუქტორი

____________________________

ქუვეითში, ახლო აღმოსავლეთის ამერიკულ უნივერსიტეტში მეორე წელია ვასწავლი. სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, ამიტომ იმ სტუდენტებს, რომლებსაც ენის გაუმჯობესება სჭირდებათ, უნივერსიტეტი ერთწლიან მოსამზადებელ კურსს სთავაზობს. ერთი წლის განმავლობაში მათ სესიები მხოლოდ ინგლისურ ენაში უტარდებათ, ამის შემდეგ კი სწავლას თავიანთი ძირითადი მიმართულებით აგრძელებენ.

სწორედ ამ პროგრამის მონაწილე გავხდი 2019 წლის სექტემბერში. მხოლოდ ერთი სემესტრი გაგრძელდა ჩემი და სტუდენტების სააუდიტორიო თანამშრომლობა, 2020 წლის მარტიდან კი მთელ მსოფლიოსთან ერთად სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავედი და მეც სტუდენტებთან ერთად დავიწყე ახალ გამოწვევებთან გამკლავება.

პირველი და მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, ემოციებსა და შიშთან გამკლავება იყო როგორც ინსტრუქტორებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. ქალაქში ყოველდღიურად კორონავირუსის ათასობით შემთხვევა ფიქსირდებოდა, თვეების განმავლობაში ჩაკეტილი იყო აეროპორტი, გვქონდა კომენდანტის საათი და არ ვიცოდით რა გველოდა სამომავლოდ. ამ დროს ძალიან მინდოდა ჩემი განცდები დამემალა და მაქსიმალურად ვყოფილიყავი ჩართული საგანმანათლებლო პროცესში. თანდათანობით ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდა.

ამის შემდეგ ფიქრი უფრო ტექნიკურ საკითხებზე დავიწყეთ. ონლაინ სწავლებისთვის უნივერსიტეტი იყენებს პროგრამას, რომელსაც “BIG BLUE BUTTON” ქვია და რომელსაც უამრავი სასარგებლო ფუნქცია აქვს. BBB მაქსიმალურად გაძლევს შანსს გაკვეთილი საინტერესოდ და სახალისოდ დაგეგმო, თუმცა თავდაპირველად მისი გამოყენების შესახებ ინფორმაციას მეც ონლაინით ვიღებდი და სულ ვნერვიულობდი იმაზე, რომ რაიმე შეიძლებოდა შემშლოდა ან არასწორად გამეკეთებინა. სანამ მე თვითონ დავრწმუნდებოდი, რომ ყველაფერი ზუსტად გავიგე და შემეძლო მიღებული ცოდნა უკვე სტუდენტებისთვისაც გამეზიარებინა, ონლაინ გაკვეთილებს საკმაოდ დაძაბული ვატარებდი. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული დროის შემდეგ პროცესის მართვა და პროგრამის სრულფასოვნად გამოყენებაც ვისწავლე.

სწავლას დღემდე ონლაინ რეჟიმში ვაგრძელებთ, უკვე სხვა სტუდენტებთან. პირველკურსელებთან, რომელთა ბედზეც ძალიან მწყდება გული.

მწყდება გული იმიტომ, რომ მათ არ მიეცათ საშუალება უნივერსიტეტში ფიზიკურად ყოფნის უამრავი უპირატესობა გამოეცადათ. ისინი ვერ სარგებლობენ  თანამედროვე და მათ სურვილებზე მორგებული ბიბლიოთეკით, სპორტული ცენტრით, ვერ გახდნენ უნივერსიტეტში არსებული სხვადასხვა კლუბის წევრები, ვერ გაიცნეს თავიანთი კურსელები, ვერ შეიძინეს ახალი მეგობრები. უნივერსიტეტი არის სოციალური ურთიერთობების დაწყებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ადგილი, მათ კი ამ ყველაფერზე ჯერ ისევ ოცნება უწევთ.

მაგდა მარუაშვილის ფოტო

ახალ სემესტრს ლექტორები და ინსტრუქტორები უფრო მომზადებულები შევხვდით, თუმცა სირთულეები, რა თქმა უნდა, დღემდე არსებობს. გაკვეთილის პროცესში შეიძლება ტექნიკური პრობლემები შეგექმნას და ამისთვის მზად უნდა იყო.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ალბათ ის არის, რომ ყველა ტესტი, გამოცდა თუ დავალება სტუდენტებმა ონლაინ რეჟიმში უნდა გააკეთონ, შენ კი გიწევს დროის დიდი ნაწილი დახარჯო იმის ახსნაში, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი ტექნიკურად: სად უნდა აიტვირთოს მასალა, როგორ ფორმატში, როგორ უნდა შეამოწმონ, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეს.

ბიბლიოთეკა

ძალიან მენანება ამ დეტალების განმარტებაში დახარჯული დრო. ეს დრო ფიზიკურად ვეღარ ხმარდება, მაგალითად, კონკრეტული სტუდენტების სუსტი ან ძლიერი მხარეების გამოვლენას, მათ საჭიროებებზე აქცენტების გაკეთებას. რა თქმა უნდა, ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი პროცესის გარდაუვალი ნაწილია და ვცდილობთ ყველა სიახლე სტუდენტებს მარტივად და გასაგებად მივაწოდოთ.

ზოგადად, უნივერსიტეტი მაქსიმალურად არის მორგებული სტუდენტების ინტერესებს და ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, როგორი რთული შეიძლება იყოს მათთვის ონლაინ სწავლების გამოცდილება, რომელიც ქვეყანაში არსებულ არც თუ ისე სახარბიელო პანდემიური რეჟიმის პარალელურად მიმდინარეობს, ამიტომ ვართ მაქსიმალურად ლოიალურები, მეგობრულები, სრულ  მზადყოფნაში ვუპასუხოთ მათ კითხვებს და ეს პროცესი გავხადოთ ნაკლებად დამღლელი ან მომაბეზრებელი. იმედია, ღირსეულად ვპასუხობთ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენს წინაშეა.

„როცა პანდემიის სიჩუმე მაწუხებს“ – 90 წლის კაცი ხულოდან | ზეპირი ისტორია

ნუსრედინ შავაძე 90 წლისაა, მუხლი ახლაც ერჩის და თავის საყვარელ საქმიანობას – დურგლობას ჯერ კიდევ ვერ ანებებს თავს. წლების წინ სახლებს აშენებდა სოფლებში. ახლა ამბობს, რომ წლები მოერია, თუმცა თავს მაინც მხნედ გრძნობს. რა შეცვალა პანდემიამ კაცის ცხოვრებაში, რომელსაც დიდი ოჯახი აქვს.

გვაჯობა ვირუსმა

როცა პანდემიით გამოწვეული სიჩუმე შემაწუხებს, სახლის ახლოს, ხის ფარდულს მივაშურებ ხოლმე და ხეზე მუშაობას ვიწყებო – გვითხრა 90 წლის ნუსრედინ შავაძემ.

კორონავირუსმა სხვების მსგავსად მისი ცხოვრებაც შეცვალა, ადამიანები სახლებში გამოიკეტენ და სოფელშიც კი, სადაც ერთმანეთთან მისვლა-მოსვლის ტრადიცია ჯერ ისევ მყარადაა, მეზობლები უკვე ერთმანეთს ერიდებიან.

„გვაჯობა ვირუსმა, სიცოცხლე გვინდა და ყველა ვერიდებით, სახლიდან არ გავდივართ, ყველა თავისთვისაა“, – ამბობს ნუსრედინი. თუმცა გაზაფხულმა და ზაფხულმა თავისი  გაიტანა და 90 წლის მოხუცმა იალაღებს მაინც მიაშურა.

„ჩემ ახალგაზრდობაში აერწინაღები გვქონდა, ახლა პირბადეებია. კარგია, რომ გამოვიდა, ვიკეთებთ და ასე ვიცავთ თავს. ვცდილობთ წესები დავიცვათ. ერთმანეთს ხელს აღარ ვართმევთ, დისტანციასაც ვიცავთ“, – გვითხრა მან.

ამბობს, რომ ახარებს, როცა ადამიანებს მოხუცების ბედი აღელვებთ და მათ უსაფრთხოებაზე წუხან.

ნუსრედინ შავაძე, 90 წლის. სოფელი პაქსაძეები
ფოტო: თემურ შავაძე
როცა შვილიშვილები ბაბუასთან არ მიდიან – დიდი ოჯახი

ნუსრედინს 4 შვილი და 9 შვილიშვილი ჰყავს, ასეთ დროს რთულია დისტანციის შენარჩუნება და მარტოობა. შვილიშვილები მაინც ერიდებიან ბაბუას მონახულებას. „ერთი წელია ქალიშვილებთან სტუმრად არ წასულა. უჭირს, მაგრამ ითმენს. ერთი წელი არ უნახავს შვილები და შვილიშვილები“, – გვეუბნება ნუსრედინის ერთ-ერთი შვილიშვილი თემური, რომელიც ბაბუსთან ერთად ცხოვრობს სოფელში.

მალე ახალი წელი მოვა, ამ დღესაც რთულია სახლში მარტო ყოფნა. „ყველას თავისი სტუმარი ჰყავს“, – გვეუბნება ნუსრედინ შავაძე, თუმცა ვირუსმა ტრადიციასაც აჯობა და მეზობლები, ახლობენ-ნათესავები თითქოს უსიტყვოდ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთთან მისვლა სასურველი აღარ არის.

„ყველას ესმის, რომ არ შეიძლება მისვლა. ასე გვეუბნება მთავრობაც, რომ სახლში უნდა დავრჩეთ. ფულიც ნაკლებია და არც გადაადგილება შეიძლება, თუ მაინც წახვალ, დაგაჯარიმებენ. ასე, რომ ვზივართ სახლში, ჩავალთ ბოსელში, ამოვალთ. ახლა ისედაც ზამთარია და მაინც ვერ წავალთ შორს“.

ვაპირებ 100 წელი ვიცოცხლო

ნუსრედინი აქტიურ ცხოვრებას არის მიჩვეული. სოფელში უნდა იშრომო, შეშა მოიტანო ტყიდან და ზამთრისთვის საკვები მოიმარაგოო – გვეუბნება.

ახლახან ნუსრედინის სოფელში ნახევარი მეტრი თოვლი მოვიდა, მაგრამ ამბობს, რომ თოვლი არ აშინებს – „ვირუსი გვაწუხებს, თორემ თოვლი არა“.

თოვლი მისთვის ერთგვარი განტვირთვაცაა. დიდ ნიჩაბს იღებს და დათვლილ გზებსა და ეზოს წმენდს.

ნუსრედინ შავაძის სოფელში თოვლი მოვიდა

ნუსრედინი ამბობს, რომ ზარმაცი არ არის, ამიტომ ვირუსის შიშის მიუხედავად, არც თავის მოქალაქეობრივ ვალზე თქვა უარი და ჯოხით ხელში საარჩევნო უბანზე მივიდა. „არჩევნები უჩემოდ არ შეიძლება“, – გვეუბნება ის.

90 წლის ნუსრედინი ხეზე ისევ მუშაობს

კიდევ ერთი რამ, რაზეც პანდემიის მიუხედავად უარი ვერ თქვა, მეჩეთში სიარულია. „წესებს ვიცავთ, შორს ვდგებით და პირბადე გვიკეთია“, – ამბობს 90 წლის ნუსრედინი.

„წელს 91-ში შევაბიჯებ, ვაპირებ 100 წელი ვიცოცხლო… ისევ დამირეკეთ, როცა ასის გავხდები“, – გვითხრა მან სიცილით დამშვიდობებამდე.

41 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 538 ახალი შემთხვევა | 28 დეკემბერი

28 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა  4 769 ტესტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 41  პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 766 პირი. 

დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 13 386 ადამიანი.  5 624 პირი მკურნალობს საავადმყოფოში,  451 – საცხოვრებელ ბინაზე.

მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაშია 35 123 ადამიანი.

აჭარაში კოვიდის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რესპუბლიკურში 3 პირი გარდაიცვალა

ოფიციალური ინფორმაციით, აჭარაში 28 დეკემბერს აჭარაში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდით გარდაიცვალა 3 პაციენტი.

ამ დროისთვის კლინიკებში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 30 პაციენტი, მთლიანობაში კი აჭარის კოვიდკლინიკებში 479 პაციენტი მკურნალობს.

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 284 პირი.

დღემდე აჭარაში 30 691 ადამიანია განკურნებული ვირუსისგან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს დღევანდელი მონაცემებით, კოვიდკლინიკებში 1410 პაციენტი მკურნალობს, კოვიდსასტუმროში კი 497 პირი იმყოფება.

 

სილქფესტის საახალწლო კვირეული 5 საუკეთესო აქციით, გილოცავთ 2021 წელს!

27 დეკემბრიდან 3 იანვრის ჩათვლით სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ხუთ სააქციო პაკეტს შეთავაზებს.

 კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:

  • 3 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 4 ლარად
  • 400 ლოკალური წუთი – 6 ლარად
  • 15 GB უსწრაფეს ინტერნეტს  – 10 ლარად
  • ულიმიტო სასაუბრო (ლოკალური) – 10 ლარად


კომბინაციით *019# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს ყველაზე მოთხოვნად პირობას:

  • ულიმიტო ინტერნეტ პაკეტს – 19 ლარად

პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავადერთად და ცალცალკე. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის

აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადამეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.

*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

ქობულეთში 50 სათბურიდან 7 დაინგრა, დანარჩენს აჭარის მთავრობა ვერ ასხვისებს

აჭარის მთავრობა ქობულეთის სოფელ ალამბარში მდებარე სასათბურე მეურნეობის იჯარით გაცემას მესამედ, ნოემბერში გეგმავდა, თუმცა აუქციონი არ შედგა. საწყისი წლიური საიჯარო თანხა 235 300 ლარი იყო. არ შედგა ადრე გამოცხადებული აუქციონებიც, რის შემდეგაც, მთავრობამ წელს ბოსტნეულის მოყვანა გადაწყვიტა და 160 ათას ტონაზე მეტი მოსავალიც მიიღო.

„აგროსერვის ცენტრში“, რომლის ბალანსზეცაა აღნიშნული მეურნეობა, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აუქციონს უახლოეს დღეებში ხელახლა გამოაცხადებენ.

„იჯარის პირობებზე ვმუშაობთ, ალბათ საიჯარო თანხის ოდენობას შევამცირებთ. ამ მეურნეობას სჭირდება მცოდნე და გამოცდილი მეპატრონე. მსურველები არიან, მაგრამ უნდათ განსხვავებული პირობებით, ან გამოსყიდვის უფლებით. თუ ამჯერადაც ვერ გავეცით იჯარით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გადავწყვეტთ – გამოსყიდვის უფლებით გავცეთ, თუ ავიღოთ ჩვენ, აგროსერვის ცენტრმა, რეალურ მართვაში. ამჯერად გვაქვს, ასე ვთქვათ ფორსმაჟორულ მართვაში. წელს ბოსტნეულიც მოვიყვანეთ და ეს იყო ერთწლიანი მიდგომა, რომ დატვირთული ყოფილიყო სათბურები“ – გვითხრა გოჩა ბერიძემ, აგროსერვის ცენტრის დირექტორმა.

იჯარით 43 სათბური გაიცემა. თითოს ფართობი 500 კვ/მ-ია. „აგროსერვის ცენტრის“ ინფორმაციით სულ 50 სათბური იყო, თუმცა 7 სათბური 2020 წელს დიდთოვლობამ დააზიანა.

„2019 წელს აგროსერვის ცენტრის ბალანსზე ირიცხებოდა 3 096 757 ლარის საწყისი საბალანსო ღირებულების სასათბურე მეურნეობა. 2020 წლის 9 თებერვალს მოსული ნალექის შედეგად 312 013 ლარის ღირებულების 7 ერთეული სასათბურე კონსტრუქცია დაზიანდა [ჩამოინგრა]. აგროსერვის ცენტრის უფლებამოსილი პირების განმარტებით, იდენტური ექსპლუატაციისა და კლიმატის პირობებში, 50 ერთეული სათბურიდან ჩამოინგრა 7 ერთეული, რაც, მათი მოსაზრებით, გამოწვეულია სათბურების ტექნიკური ხარვეზებით.

რადგან სათბურების ლითონის კარკასზე ვრცელდებოდა 5-წლიანი, ხოლო გადასაფარებელ პოლიეთილენის ფირზე 3-წლიანი საგარანტიო ვადა, სათბურების აღდგენის ან ახლით ჩანაცვლების მოთხოვნით აგროსერვის ცენტრმა მიმართა სათბურების მიმწოდებელ კომპანიას, თუმცა მიმწოდებელმა უარი განაცხადა თავისი ხარჯით აღედგინა ან ახლით ჩაენაცვლებინა დაზიანებული სათბურები“ – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის ანგარიშში.

გოჩა ბერიძის თქმით, სათბურები „აგროპროექტების მართვის ცენტრის“ ლიკვიდაციის შემდეგ გადაეცა მათ: „სათბურების კონსტრუქციებს გარანტია 2023 წლამდე აქვს. ამიტომ, მომწოდებელ კომპანიასთან, დაზიანებული სათბურის კონსტრუქციების გამო, მიმდინარეობს სასამართლო დავა. კომპანია ზარალის ანაზღაურებას თავს არიდებს. იყო დიდი ნალექი, მაგრამ მაინც ვთვლით, რომ ახალ კონსტრუქციას ამ ნალექისთვის, რაც დამახასიათებელია აჭარისთვის, უნდა გაეძლო. ვნახოთ რას გადაწყვეტს სასამართლო“.

„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიყენებული ზიანი შესაძლოა მნიშვნელოვნად შემცირებულიყო, თუ განხორციელდებოდა სათბურების გადმოთოვლვა, ან უკიდურეს შემთხვევაში პოლიეთილენის ფირის დაჭრა,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

გოჩა ბერიძის თქმით, 40 კაცი მუშაობდა გადმოთოვლვაზე, მობილიზებული იყო ტექნიკაც და სხვადასხვა სამსახურებიც, რითაც 47 სათბური გადაარჩინეს: „4 საათში 50 სმ-მდე თოვლი მოვიდა, გადმოთოვლვისას, მოყინა კიდეც და პროცესი გართულდა…  ჩაჭრა კი, როცა თოვლი დევს სათბურზე, სარისკოა, შეიძლება კონსტრუქცია მთლიანად დააზიანოს და რაც მთავარია, ადამიანის სიცოცხლისთვის არის საფრთხის შემცველი, რომ არ მოიყოლოს ვინმე“.

სასათბურე მეურნეობა / 2020 წლის თებერვალი / ფოტო: „აგროსერვის ცენტრი“

დირექტორის თქმით, პოლიეთილენის ფირის ჩაჭრას თავისი სპეციფიკა აქვს: „ჩაჭრა უნდა თოვლის მოსვლამდე და არა თოვლი როცა ადევს. შეფასებაც ადეკვატური უნდა იყოს რაც მოხდა. წინასწარ, როცა არ ვიცი რა ზომის თოვლი მოვა, 50 სათბურს ვერ დავაზიანებდი. ეს ცალკე პასუხისმგებლობის საკითხია. მითუმეტეს, აუქციონი იყო გამოცხადებული და სახელმწიფოს 50-ივეს აღდგენისთვის დასჭირდებოდა სოლიდური ხარჯის გაღება“.

რაც შეეხება მიმდინარე ზამთარს, გოჩა ბერიძის თქმით, შესაძლო დიდთოვლობის შემთხვევაში სათბურების გადასარჩენად, „ყველაფერი, რაც შეიძლება გააკეთო წინასწარ“, გაკეთებულია:

„ერთი თვე ვემზადებოდით. მობილიზებული გვყავს ხალხი. შიგნიდანაც გავამაგრეთ კონსტრუქციები. ნახერხი და სხვა მასალებიც გვაქვს შეტანილი დასანთებად, საჭიროების შემთხვევაში, რომ თოვლი გაალღოს. იმ პერიოდში კი, ეს შეუძლებელი იყო – საჭირო ხარჯიც არ იყო გათვალისწინებული“.

ამავე თემაზე:

აჭარის მთავრობამ 160 ტონა ბოსტნეული მოიყვანა, სათბურებს კი 25 წლით ასხვისებს

 

საბა 2020-ის გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები უკვე ცნობილია. წელს კონკური მეთვრამეტედ გაიმართა. 26 დეკემბერს მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით დაჯილდოების ცერემონია ახალი ფორმატით წარდგა მაყურებლების წინაშე, სადაც როგორც ჟიურის, ასევე გამარჯვებულების ვინაობა გახდა ცნობილი.

როგორც ცნობილია, კონკურსში 300-მდე ავტორი მონაწილეობდა. შემოდგომაზე „საბას“ ჟიურიმ 46 ფინალისტი დაასახელა. ლაურეატები „საბას“ პრიზსა და სოლიდურ ფულად პრემიებს მიიღებენ. წელს საბას 10 ლაურეატი ყავს.

საბა 2020-ის ჟიურის წევრები იყვნენ:

[checklist]

  • ვახტანგ ჯავახაძე, პოეტი
  • მაია ბადრიძე, მთარგმნელი
  • ლევან ბერძენიშვილი, ლიტერატორი/მთარგმნელი
  • ნანა ტრაპაიძე, ლიტერატურის კრიტიკოსი
  • ოთარ ჯირკვალიშვილი, მწერალი.

[/checklist]

საბა 2020-ის ლაურეატები არიან:

[checklist]

  • საუკეთესო რომანი – „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, ბესო სოლომანაშვილი (სულაკაურის გამომცემლობა)
  • საუკეთესო პოეტური კრებული – „სიყვარულის შავი ყუთი 3“, ტარიელ ჭანტურია (კალმოსანი) და „დიდი სმა“, ბესიკ ხარანაული (ინტელექტი)
  • საუკეთესო პროზაული კრებული – „გასეირნება დროთა სივრცეში“, მამუკა დოლიძე (ინტელექტი)
  • საუკეთესო პიესა – „მარინა რევია“, ალექს ჩიღვინაძე (სამეფო უბნის თეატრი)
  • საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – „პოეტიკური ჩანაწერები“, რამაზ ჭილაია (პალიტრა L)
  • საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – „მშვიდობით, ძია გერშვინ“, მაია ცირამუა (წიგნები ბათუმში)
  • საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“, შორენა ლებანიძე (არტანუჯი)
  • უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – ემა ვიგოდსკაიას „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თვგადასავალი“, ელზა ახვლედიანი (არტანუჯი)
  • ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – ბათუ დანელია, პოეტი, მთარგნელი.

[/checklist]

წლის მთავარი ლიტერატურული მოვლენა – პრემია „საბა“ თიბისიმ და რატიმ ამაღლობელმა 2003 წელს დააფუძნეს. დაარსების დღიდან „საბამ“ ბიძგი მისცა ლიტერატურულ პროცესებს საქართველოში და არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა. 2018 წელს „საბა“ გასცდა საქართველოს ფარგლებს, ის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანიაში ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიის გამართვამ ფრანკფურტში კონკურსს საერთაშორისო მნიშვნელობა შესძინა.

„ბათუმი კინოში და კინო ბათუმში“ – გამოფენა ბათუმში, საჯარო ბიბლიოთეკის წინ | ანონსი

დღეს, 27 დეკემბერს, ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, საჯარო ბიბლიოთეკის წინ სკვერში გაიმართება საერთაშორისო პროექტ Connecting Georgia-ს ფარგლებში მომზადებული პროექტების გამოფენა.

  • 16.30 – 18.00 საათზე:  შოთა გუჯაბიძის ფოტოპროექტის გამოფენა – „ბათუმი კინოში და კინო ბათუმში“. ფოტოებზე ასახულია ბათუმში გადაღებული კინოფილმების კადრები და ამ კადრებში ნაჩვენები ადგილების/შენობების დღევანდელი მდგომარეობა.
  • 18.00 – 18.15 საათზე: ლევან წულუკიძის მუსიკალური ვიდეოარტის პრეზენტაცია „სუიტა კოორდინატი 41“.
  • 18.10-18.20 საათზე: ირაკლი ძნელაძის და ზაირა ნადირაშვილის არტინსტალაციის/პერფორმანსის ვიდეოპრეზენტაცია.
  • 18.15-19.00 საათზე: გიორგი გოგიბერიძის არტ/ვიდეო ინსტალაცია „დუპლიკატი“ – ვიდეოარტში ასახულია კინოკადრები ბათუმში გადაღებული ფილმებიდან და იმავე ადგილების დღევანდელი სიტუაციის ამსახველი ვიდეოპრეზენტაცია ერთიან კადრში.

ღონისძიების ტრანსლაცია მოხდება BIAFF -ის ფეისბუქგვერდზე.

Connecting Georgia-ს მიზანია შეისწავლოს ხელოვანების გავლენა პოსტინდუსტრიულ, ზღვისპირა ქალაქებში კულტურული მემკვიდრეობის დაგეგმვისა და განვითარების მიმართულებით. საქართველოდან პროექტის პარტნიორია ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი.

ეროვნული ბანკი ერეკლე II-ის ოქროსა და ვერცხლის მონეტების გაყიდვას იწყებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მეფე ერეკლე II-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტები გამოუშვა. ბანკის ინფორმაციით, მონეტები ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა.

ვერცხლის მონეტა 17 გრამს იწონის და მისი ფასია 100 ლარი, ოქროს მონეტა კი – 8,6 გრამია და მისი ფასი 1 690 ლარია.

მონეტების გაყიდვა ეროვნული ბანკის ონლაინმაღაზიის საშუალებით 2020 წლის 28 დეკემბრიდან დაიწყება.

ვერცხლის მონეტა. ფოტო: სები

„2020 წელს მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მონეტების ახალი სერიის „საქართველოს მეფეების“ ფარგლებში, მეფე ერეკლე II-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტები გამოუშვა. მათი შეძენა 2020 წლის 28 დეკემბრის 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. მონეტების უფრო მეტი კოლექციონერის ხელმისაწვდომობისთვის, პროდუქცია 2020 წლის 28 დეკემბრიდან 5 დღის განმავლობაში ლიმიტირებულად გაიყიდება – ერთ მომხმარებელს არაუმეტეს ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მონეტის შეძენა შეეძლება“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

წყარო: სები

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე ერეკლე II-ის პორტრეტის გამოსახულება (პორტრეტის ორიგინალი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში). მონეტაზე ასევე დატანილია ერეკლეს ხელრთვა “ერეკლე”, მისი ხმალი (ორიგინალი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში) და მეფის დაბადებისა და გარდაცვალების წლები – “1720” და “1798”. მონეტის ქვედა, ცენტრალურ ნაწილში კი განთავსებულია ერეკლე II-ის სახელით თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტა, რომელზეც გამოსახულია ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი: გვირგვინი, სასწორი, სფერო, სკიპტრა და მახვილი. ვერცხლის მონეტის შემთხვევაში, აღნიშნული დეტალი მოოქროვილია.

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ივერიული (ქართული) გვირგვინი. მონეტაზე დატანილია წარწერები: “საქართველო”, “5 ლარი”, “GEORGIA” და “2020”.

ამ თემაზე:

ეროვნული ბანკი საქართველოს მეფეების საკოლექციო მონეტების სერიას ერეკლე II-ით იწყებს

წლის ბოლომდე ბათუმში უნალექო, თბილი ამინდი იქნება

სინოპტიკოსების ცნობით, 2020 წლის ბოლომდე ბათუმში უნალექო ამინდი იქნება.

უფრო დეტალურად:

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 დეკემბრის 21 საათიდან  28 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3-8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 -8 გრადუსი სითბო
  • ღამით: 3 – 8 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო სამ დღეს, 29, 30 და 31 დეკემბერს აჭარაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი ამინდის პროგნოზის თანახმად უნალექო, თბილი ამინდი ბათუმში 4 იანვრამდე შენარჩუნდება.

__________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

კორონავირუსის 1097 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 27 დეკემბრის მონაცემები

27 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1097 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 8 394 ტესტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდით ქვეყანაში 25  პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 208 პირი. 

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • აჭარა – 81
  • იმერეთი – 185
  • ქვემო ქართლი – 84
  • შიდა ქართლი – 63
  • გურია – 26
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61
  • კახეთი – 61
  • მცხეთა-მთიანეთი – 30
  • სამცხე-ჯავახეთი – 17
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5

დღეისთვის ქვეყანაში დადასტურებულად ინფიცირებულია 15 655 ადამიანი.  5 677 პირი მკურნალობს საავადმყოფოში,  8 585 – საცხოვრებელ ბინაზე.

მთავრობის ცნობით, ამ ეტაპზე საქართველოში თვითიზოლაციაშია 35 896 ადამიანი.

კოვიდის 81 ახალი შემთხვევა აჭარაში, 2 პაციენტი გარდაიცვალა | 27 დეკემბერი

27 დეკემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 81 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდისგან განიკურნა 237 ადამიანი, კოვიდკლინიკა დატოვა 44 პაციენტმა.

27 დეკემბრის  მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 30 პაციენტი.

გასული 24 საათის განმავლობაში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

ამჟამად რეგიონის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 512 პაციენტი, კოვიდსასტუმროებში 527 ადამიანია.

კომპანიამ ბულვარში 3 სართული უკანონოდ ააშენა – სამივე დაუკანონეს

შპს „რეკან გრუპ ჯორჯიამ“, რომელიც ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვის პირველ ზოლში მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს, სამშენებლო ობიექტს, A,B,C კორპუსებს თითო სართული უკანონოდ დააშენა. როგორც დოკუმენტებით ირკვევა, კომპანიისთვის უკანონობის უმტკივნეულოდ გამოსწორების პროცედურა ყოფილმა მერმა, ლაშა კომახიძემ დაიწყო და მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა დაასრულა. არჩილ ჩიქოვანის მიერ გამოცემული ბრძანებით ახლა სამივე სართული უკვე კანონიერია. კომპანიამ სამივე მოაპირკეთა და მეოთხე კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

ამ ობიექტზე სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოება ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2020 წლის 15 მაისს დაიწყო. ინსპექციის დადგენილების მიხედვით, კომპანია გააფრთხილეს, რომ დაუყონებლივ შეეჩერებინა უნებართვო სამუშაოები და დაეწყო უკანონოდ დამატებული სართულების დემონტაჟი, ასევე პროექტი სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანა. ამ ყველაფრისთვის კომპანიას „გონივრული ვადა“ 20 დღე მისცეს. კომპანიამ მითითება არ შეასრულა.

რეკან გრუპ ჯორჯიამ უკვე დაიწყო ახალ ბულვარში მეოთხე კორპუსის მშენებლობა. ვიდრე აქ მშენებლობას დაიწყებდნენ, ბათუმის საკრებულომ ტერიტორიას მწვანე ზონის სტატუსი საქმიანით შეუცვალა. ეს კომპანიის მოთხოვნა იყო.

2020 წლის 8 ივნისს ინსპექციის თანამშრომლებმა შემოწმების აქტი სამშენებლო მოედნის შესასვლელზე გააკრეს [ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს მაშინ, როცა სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე, ან უარს აცხადებს აქტის გაცნობაზე].

2020 წლის 18 ივნისს კომპანიის წარმომადგენელს აცნობეს, რომ კანონის შესაბამისად, საქმის განხილვის მიზნით, მუნიციპალურ ინსპექციაში იბარებდნენ.

ამ შეხვედრაზე შპს „რეკან გრუპ ჯორჯიას“ იურისტმა დათო ჯაიანმა განაცხადა:

„…აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით 2019 წლის დეკემბრის თვეში მოხდა პროექტში ცვლილებების შეტანა და დამტკიცება, თუმცა სანებართვო მოწმობის აღება ვერ მოხერხდა, რადგან  ბათუმის მერიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა კონსულტაციები მერიის ტერიტორიაზე არსებულ პარკისა და სკვერის მოწყობის თაობაზე, რისი გათვალისწინებაც უნდა მომხდარიყო სანებართვო მოწმობაში.“

ამ დროისთვის არ ვიცით რა პარკისა და სკვერის მოწყობაზეა საუბარი და აიღო თუ არა კომპანიამ რაიმე მსგავსი ვალდებულება ან რამდენად ცნობს კანონი უკანონოდ აშენებული სართულის „გაცვლას“ თუნდაც პარკის მოწყობის პირობაში – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ მუშაობას გააგრძელებს.

მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, საქმის წარმოების პროცესში ინსპექციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ბათუმის მერის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, მან შეითანხმა ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების N 8-ში მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით გაცემულ არქიტექტურულ პროექტებში ცვლილებები და 2020 წლის 20 ივლისს ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის, არჩილ ჩიქოვანის ბრძანებით გაიცა სანებართვო მოწმობა, რითაც აღმოიფხვრა სამართალდარღვევა, კერძოდ:

ობიექტი დღეისათვის შეესაბამება 2019 წლის 31 დეკემბრის No1865 ბრძანებით შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტს – ასე გამოსწორდა ეს საქმე. ინსპექციამ საქმის წარმოების შეწყვეტა, ოფიციალურად 2020 წლის 6 აგვისტოს გააფორმა.

შპს „რეკან გრუპ ჯორჯიას“ მშენებარე კორპუსები ახალი ბულვარის ტერიტორიაზეა შეჭრილი და  სივრცეს ჭრის, შენობები კი ზედ ველოსიპედების სავალ ბილიკზეა მიმდგარი.

ობიექტს კომპანია „ანაგი“ აშენებს

მშენებლობის ნებართვა 2016 წელს არის გაცემული. მას შემდეგ პროექტში ცვლილება რამდენჯერმე შეიტანეს, თუმცა ზუსტად არ ვიცით, რამდენი იყო აქედან უკანონობის გამოსწორების პროცედურა.

მოხელეები აჭარაში, დასვენების დღეებში, სახელმწიფო მანქანებსა და ბენზინს იყენებენ – აუდიტი

აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, მათ შორის მთავრობის აპარატმა, უნდა „გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გახარჯული 923 ლიტრი საწვავის ღირებულების [2 066 ლარი] ბიუჯეტში დაბრუნების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის მიხედვით, 11 ავტომანქანაზე გამოვლინდა 29 შემთხვევა, როდესაც უფლებამოსილი პირ(ებ)ი არ იმყოფებოდა მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ფარგლებს გარეთ.

აქედან, მთავრობის აპარატის შემთხვევაში დაფიქსირდა 11 ასეთი შემთხვევა; ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში – 15 შემთხვევა, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში – 3 შემთხვევა.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების ბალანსზე მყოფი 158 ავტომანქანიდან შერჩევის საფუძველზე მხოლოდ 47 ავტომანქანის მიერ გაწეული საწვავის დანახარჯები შეისწავლეს.

„აუდიტის შედეგად, 11 ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოვლინდა 29 შემთხვევა, როდესაც უფლებამოსილი პირ(ებ)ი არ იმყოფებოდა მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. აღნიშნულ შემთხვევებზე შესაბამისი უწყებები ვერ განმარტავენ სამსახურებრივი ავტომობილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ყოფნის მიზეზებს. ამ პირობებში გახარჯულია 2 066 ლარის ღირებულების 923 ლიტრი საწვავი, რაც არამიზნობრივი ხარჯია და ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, აუდიტი ხაზს უსვამს, რომ აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში უქმე და დასვენების დღეებში, როდესაც ელექტრონული აღრიცხვის მონაცემებით, უფლებამოსილი თანამდებობის პირი არ იმყოფება ადმინისტრაციულ ოფისში, ფიქსირდება მასზე განპიროვნებული ავტომანქანის ექსპლუატაციისა და საწვავის ჩასხმის შემთხვევები.

აქედან გამომდინარე, აუდიტი აღნიშნავს, რომ შესაძლოა აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები სამსახურებრივ ავტომობილებს პირადი მიზნებისათვის იყენებდნენ: „უქმე და დასვენების დღეებში, ძირითადად არ ხორციელდება განპიროვნებული ავტომობილების შესაბამისი ორგანიზაციის კუთვნილ პარკინგზე გაჩერება. ზემოაღნიშნული იწვევს როგორც ავტომანქანის ამორტიზაციას, ასევე ზრდის საწვავის ხარჯებს გამომდინარე იქედან, რომ საწვავის ხარჯად აღიარება ხორციელდება არა ზოგადი წესით, არამედ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში. ზემოაღნიშნული შემთხვევები მიუთითებს, რომ შესაძლოა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები სამსახურებრივ ავტომობილებს პირადი (არასამსახურებრივი) მიზნებისათვის გამოიყენებდნენ“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი [კონსოლიდირებული] ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ანგარიში დღეს, 25 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ამ ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის საკასო (ფაქტობრივმა) ხარჯებმა შეადგინა 4 447 755 ლარი. გაწეული ხარჯების 99.8% მოდის ტრანსპორტის ხარჯებზე, მათ შორის, საწვავის ხარჯი შეადგენს 2 408 603 ლარს, ხოლო სათადარიგო ნაწილების, მათი შეკეთების და სხვა ხარჯები – 2 029 844 ლარს.

„ანრი“ გაწევრიანდა ორგანიზაციაში „ბალტიისპირეთის და საერთაშორისო საზღვაო საბჭო“

მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი გაწევრიანდა ორგანიზაციაში „ბალტიისპირეთის და საერთაშორისო საზღვაო საბჭო“. ორგანიზაციაში გაწევრიანებულია 120 ქვეყნის 1900 წევრი საზღვაო სფეროში მოღვაწე კომპანია და უმაღლესი სასწავლებელი.

BIMCO წარმოადგენს საზღვაო კომპანიებისა და ორგანიზაციების ფართო სპექტრს და საერთო ჯამში აწევრიანებს მსოფლიოს სავაჭრო ფლოტის დაახლოებით 60% -ს.

BIMCO– ს მიზანია უზრუნველყოს თანაბარი პირობები გლობალური გადაზიდვების ინდუსტრიისთვის და მუშაობს საზღვაო სექტორის გლობალური სტანდარტებისა და რეგულაციების ხელშესაწყობად.

BIMCO– ში გაწევრიანება ითვალისწინებს საზღვაო სფეროში არსებული ექსკლუზიური ახალი ამბების წევრებბისათვის ხელმისაწვდომობას, უახლესი სასწავლო-საწვრთნელი მეთოდების გაზიარებას, სამუშაო ადგილებისა და საკონტრაქტო ხელშეკრულებების შესახებ კონსლუტაციებს, საზღვაო უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას.

ბათუმში მაღაზიებთან მომხმარებელთა რიგებია

დღეს, 26 დეკემბერს, ბათუმში მოლებსა და მაღაზიების შესასვლელებთან რიგებია. მომხმარებლის ნაწილი ღია ცის ქვეშ ელოდება საკუთარ რიგს. ასე მოლებისა და მაღაზიის მეპატრონეები ცდილობენ იმ რეგულაციების დაცვას, რაც მთავრობამ  წინაასახალწლოდ რამდენმე   შეზღუდვის გაუმქმების პირობად დაასახელა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები სრულად არ მოიხსნა და მხოლოდ შემსუბუქდა. გახსნა მხოლოდ დიდი მოლები და მაღაზიები.

რიგი „მეტრო სითი“ მოლთან

დაწესებული რეგულაციით ყველა ამ სივრცეში, ასვე გარეთ შესასვლელებთან რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები. ამ რეგულაციების დაცვაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას:

„ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასეევე, საქმიანობის შეჩერება.“

რიგი მაღაზია „ვაიკიკთან“

მთავრობის გადაწყვეტილებით:

  • მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრა დილის 07:00დან 19:00 საათამდე.
  • მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2-ზე დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი.
  •  მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხერხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა.
  • ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში.
  • ტანსაცმლის მაღაზიებში არ უნდა მუშაობდეს გასახდელები.
  •  მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხერხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ.
  • სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით.

 

გაუმართავი ლიფტები, დაუსრულებელი ფასადი და ჩაუბარებელი კორპუსი ბათუმში 

მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე, განსაკუთრებით გაუმართავ ლიფტებზე, ახალაშენებულ მაღლივ კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა ხშირად ჩივის. „გთხოვთ ამ საკითხით დაინტერესდეთ“ – ამ შინაარსის შეტყობინება „ბათუმელებმა“ არაერთხელ მიიღო. ბოლოს ამ  თემაზე ბათუმში, ფიროსმანის #29- ში მდებარე 19-სართულიანი კორპუსიდან მოგვწერეს.

კორპუსში ორი ლიფტია, ერთი სამგზავრო და ერთი სატვირთო – აქ მაცხოვრებლების თქმით, ორივე გაუმართავი და სიცოცხლისთვის საშიშია

აქ მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ  ლიფტი ძირითადად არ მუშაობს, გარდა ამისა პრობლემურია ისიც, რომ მშენებელმა ნახევრად მოპირკეთებული ფასადი დატოვა: „წყალი შემოდის, წვიმაში კედლები სველდება.“

კორპუსში მცხოვრებლებს სახელების და გვარების დასახელება არ სურთ:  „ზოგიერთს კომპანიასთან ფინანსური ვალდებულებები აქვს დარჩენილი და დაპირისპირებას ვერიდებით“ – გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.

აქ მცხოვრებლების თქმით, კორპუსის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, მშენებელმა ბინების უმეტესობა ჯერ კიდევ მაშინ გაყიდა, როცა საძირკვლის ჩაყრის სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა მომავალ მესაკუთრეებად დარეგისტრირებული ბინის მყიდველები კი კვლავ მომავალ მესაკუთრეებად რჩებიან და ბინის საკუთრებაში დარეგისტრირება დღემდე ვერ შეძლეს.

თითოეულ ოჯახს აქ ერთ კვ.მ. ფართობში 415 – 450 აშშ დოლარამდე აქვთ გადახდილი.

სახლი დღემდე ჩაბარებული რომ არ არის, ამას რეესტრის მონაცემებიც ადასტურებს. რეესტრში ჩანს ისიც, რომ ბინას ყადაღა ადევს სასამართლოს განჩინების საფუძველზე, შესაბამისად მესაკუთრე ვერც მის გასხვისებას და ვერც იპოთეკით დატვირთვას ვერ შეძლებს: „ვიდრე შეჩერების საფუძველი არ აღმოიფხვრება“.

აქ მაცხოვრებლების თქმით, დაახლოებით ორი წელია  აქ მშენებლები აღარ გამოჩენილან, მათ კორპუსი დასრულებულად ჩათვალეს და ადგილი დატოვეს.

გარდა ამისა, აქ მაცხოვრებლები კომპანიას უხდიან როგორც ელექტროენერგიით სარგებლობის ხარჯს, ასევე დასუფთავების გადასახადსაც. მათივე თქმით, ბინები რეესტრით დაყოფილი არ არის, ამიტომ მთავარი მრიცხველი კომპანიაზეა დარეგისტრირებული, ბინების მეპატრონეებს კი ამონაწერს უგზავნიან, რომლის მიხედვითაც დანახარჯს ისინი კომპანიის ანგარიშზე იხდიან. ეს გახდა იმის მიზეზიც, რომ აქ მცხოვრებლებმა მთავრობის მიერ პანდემიის პირობებში დაწესებული ელექტროენერგიის შეღავათით ვერ ისარგებლეს.

დასუფთავების საფასური კი მაღალია და თვეში 20 ლარს შეადგენს.

ადგილობრივების ინფორმაციით, კომპანიას ერთი სიმძლავრის გამაძლიერებელი გენერატორი აქვს, რომელიც მშენებლობის პერიოდში, ენერგოკომპანიასთან შეთანხმებით, დროებითი ტექნიკური პირობებით აქვს ჩართული  და დღემდე ამ გენერატორს იყენებს. პერიოდულად ეს გენერატორი 190 ოჯახის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების დატვირთვას ვეღარ უძლებს და სავარაუდოდ ამას უკავშირდება ლიფტების მუშაობასთან დაკავშირებული ხარვეზებიც.

19-სართულიანი კორპუსი ფიროსმანის ქუჩაზე #23-ში შპს „ ახალ კერას“ აუშენებია. რეესტრის მონაცემებით კომპანიას მიწის ნაკვეთი ბათუმის მერიისგან აქვს შესყიდული და შესაბამისი ვალდებულებებიც აქვს აღებული.

კომპანიის ასი პროცენტის მფლობელი ემილიანე შარაშიძეა, მასთან დაკავშირება მიუხედავად ბევრი მცდელობისა ვერ მოვახერხეთ, ბათუმის მერიის პასუხს კი კომპანიის ვალდებულებებთან დაკავშირებით, მიღებისთანავე გამოვაქვეყნებთ.

ფიროსმანის #29-ში არსებული ვითარება ბათუმში გამონაკლისი ნამდვილად არ არის. მშენებელი კომპანიები დასრულებული კორპუსის მერიისთვის ჩაბარებას არ ჩქარობენ, ბინების გაყიდვის შემდეგ მათ აქ არც სამშენებლო ხარვეზებით გამოწვეული პრობლემები ადარდებთ და ისე იწყებენ ახალ მშენებლობას, რომ მანამდე აშენებული კორპუსის ჩასაბარებლად მერიაში განაცხადიც კი არ შეაქვთ.

უმეტესწილად ეს იმითაა გამოწვეული, რომ დაუსრულებელი, ჩაუბარებელი მშენებლობა ბიზნესმენებს ახალი პროექტების დაწყებასა და ფინანსურ მოგებაში ხელს არ უშლის, არც მათი პასუხისმგებლობის საკითხი დგება დღის წესრიგში, მაქსიმუმ მომხმარებლის ზარებით შეწუხდნენ, რასაც ხშირად ტელეფონის გამორთვით პასუხობენ, მსგავსი საქმეები კი სასამართლოში წლების განმავლობაში იწელება.

როგორ შეძლებენ მოქალაქეები აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის პეტიციით მიმართვას

აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგლამენტში შეიტანა ცვლილება, რომლითაც მოქალაქეებს შეეძლებათ საბჭოს პეტიციით მიმართონ. რეგლამენტით, „პეტიცია არის არანაკლებ 200 პირის მიმართვა, რომელიც შეეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს“.

ახალი ცვლილებით, „პეტიციის განაცხადი წერილობით ან/და ელექტრონულად წარედგინება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და აღირიცხება შესაბამის რეესტრში. პეტიციის ელექტრონულად წარსადგენად პირი ავსებს და კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ადასტურებს უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით განსაზღვრულ ელექტრონული პეტიციის ფორმას.“

რეგლამენტში აღნიშნულია, რომ ეს ცვლილება 2021 წლის 1-ლი მაისიდან ამოქმედდება, თუმცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელექტრონული პეტიციის ფორმა, 2022 წლის 1-ელ იანვრამდე პერიოდში უნდა განსაზღვროს.

პეტიციის განაცხადი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარისთვის წარდგენიდან 3 დღის ვადაში ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი:

[crosslist]

  • „შეიცავს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ ან ძალადობით შეცვლისკენ, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფისკენ, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ომისკენ, სიძულვილისკენ ან დისკრიმინაციისკენ, ან აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ან/და ქმნის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების აშკარა საფრთხეს;
  • არ ეხება სახელმწიფოებრივი ან/და საზოგადოებრივი პრობლემიდან გამომდინარე საკითხს;
  • შეურაცხმყოფელი ან უხამსი შინაარსისაა“.

[/crosslist]

[toggle title=”პეტიციის განაცხადის წარდგენისა და განხილვის შესახებ დეტალურად იხილეთ აქ:“]

რეგლამენტის მიხედვით:

„პეტიციის განაცხადის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უნდა შეგროვდეს არანაკლებ 200 მხარდამჭერი. პირის მხარდაჭერა ფიქსირდება მხოლოდ ერთხელ, პეტიციის განაცხადზე მისი სახელისა და გვარის მითითებით. თუ პეტიციის განაცხადი 1 თვის ვადაში ვერ მიიღებს პეტიციის წარდგენისათვის საჭირო, ამ პუნქტით დადგენილი რაოდენობის პირის მხარდაჭერას, იგი არ განიხილება, რის შესახებაც ეცნობება პეტიციის განაცხადის წარმდგენ პირს, ხოლო რამდენიმე პირის არსებობის შემთხვევაში − იმ პირს, რომელიც პეტიციის განაცხადის ავტორადაა მითითებული.

1 თვის ვადაში ან აღნიშნული ვადის გასვლამდე არანაკლებ 200 მხარდამჭერის შეგროვების შემთხვევაში, პეტიციის განაცხადის ავტორის მიმართვის საფუძველზე პეტიციას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას.

წერილობით წარდგენილი პეტიცია, რომელიც წარდგენისას მხარდაჭერილია არანაკლებ 200 პირის მიერ, მხარდამჭერთა შეგროვების მიზნით უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გარეშე აღირიცხება შესაბამის რეესტრში. აღნიშნულ პეტიციას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გადასცემს უმაღლესი საბჭოს ბიუროს უახლოეს სხდომას.

უმაღლესი საბჭოს ბიურო პეტიციას შესასწავლად და განსახილველად გადასცემს შესაბამის კომიტეტს. უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე შესაძლებელია მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება შესასწავლად და განსახილველად პეტიციის დროებითი კომისიისთვის გადაცემის შესახებ. აღნიშნული დროებითი კომისია იქმნება და საკითხს შეისწავლის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით.

შესაბამისი კომიტეტი  იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

  • მიზანშეწონილად მიიჩნევს პეტიციის უშუალოდ შესწავლასა და განხილვას;
  • პეტიციას შესაბამის სამინისტროს, სხვა უწყებას უგზავნის;
  • მიზანშეუწონლად მიიჩნევს პეტიციის შესწავლასა და განხილვას.

გადაწყვეტილება 2 კვირის ვადაში ეცნობება პეტიციის ავტორს და ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე.

პეტიციის შესწავლისა და განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შესაბამისი კომიტეტი განიხილავს პეტიციას მისთვის გადაცემიდან 1 თვის ვადაში და დასკვნას, რომელსაც თან ერთვის პეტიციის სრული ტექსტი, წარუდგენს უმაღლესი საბჭოს ბიუროს.

აღნიშნული ვადა კომიტეტის წერილობითი მიმართვის საფუძველზე შესაძლებელია გააგრძელოს უმაღლესი საბჭოს ბიურომ არაუმეტეს 2 თვით. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის დასკვნის საფუძველზე უმაღლესი საბჭოს ბიუროს შესაბამისი საკითხი განსახილველად შეაქვს უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში.

სამინისტრო, სხვა უწყება 1 თვის ვადაში აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს და შესაბამის კომიტეტს. შესაბამისი კომიტეტის  თანხმობით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 1 თვით. თუ სამინისტრო, სხვა უწყება დადგენილ ვადაში არ აცნობებს პასუხს პეტიციის ავტორს, უმაღლესი საბჭო იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე პეტიციის განხილვის შემდეგ უმაღლესი საბჭო იღებს დადგენილებას.

პეტიციის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნდება უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე და ეცნობება პეტიციის ავტორს.“.

[/toggle]

აღნიშნული ცვლილება აჭარის უმაღლესმა საბჭომ რეგლამენტში 2020 წლის 25 დეკემბერს შეიტანა.

ამავე დღეს უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთი წლის გაახანგრძლივა საბჭოს შენობის ადაპტირების საკითხი.

ამ დრომდე, რეგლამენტით, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული შენობის ხელმისაწვდომობის მიზნით, უმაღლეს საბჭოს, 2021 წლის პირველი იანვრიდან უნდა მოეცდინა ადმინისტრაციული შენობის შესაბამისი საჭიროებებით აღჭურვა“. უმაღლესმა საბჭომ ეს თარიღი ამჯერად 2022 წლის იანვრამდე გადაავადა.

უმაღლესი საბჭოს ორსართულიანი შენობის მხოლოდ პირველი სართულია ადაპტირებული. მეორე სართულზე კი, სადაც სამუშაო კაბინეტებთან ერთად სხდომათა დარბაზია განთავსებული, არ არის ადაპტირებული.

 

თელავის საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობის ფაქტზე პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს

პროკურატურამ კახეთში, სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავა.

შემთხვევა 26 დეკემბერს, საღამოს საათებში მოხდა. მოკლულია ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ ჩაიდინა მკვლელობა.  შემთხვევის ადგილზე, ასევე ურთიერთშელაპარაკებისას, ხელის არეში დაიჭრა კიდევ ერთი პირი.

განცხადების თანახმად, სამართალდამცავებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

______________

ფოტოზე: ზურაბ საჩიშვილი

Exit mobile version