ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მოხელეები აჭარაში, დასვენების დღეებში, სახელმწიფო მანქანებსა და ბენზინს იყენებენ – აუდიტი

26.12.2020 • 2031
მოხელეები აჭარაში, დასვენების დღეებში, სახელმწიფო მანქანებსა და ბენზინს იყენებენ – აუდიტი

აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებმა, მათ შორის მთავრობის აპარატმა, უნდა „გაატარონ შესაბამისი ღონისძიებები დოკუმენტური დასაბუთების გარეშე გახარჯული 923 ლიტრი საწვავის ღირებულების [2 066 ლარი] ბიუჯეტში დაბრუნების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის მიხედვით, 11 ავტომანქანაზე გამოვლინდა 29 შემთხვევა, როდესაც უფლებამოსილი პირ(ებ)ი არ იმყოფებოდა მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ფარგლებს გარეთ.

აქედან, მთავრობის აპარატის შემთხვევაში დაფიქსირდა 11 ასეთი შემთხვევა; ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში – 15 შემთხვევა, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში – 3 შემთხვევა.

აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების ბალანსზე მყოფი 158 ავტომანქანიდან შერჩევის საფუძველზე მხოლოდ 47 ავტომანქანის მიერ გაწეული საწვავის დანახარჯები შეისწავლეს.

„აუდიტის შედეგად, 11 ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე გამოვლინდა 29 შემთხვევა, როდესაც უფლებამოსილი პირ(ებ)ი არ იმყოფებოდა მივლინებაში, თუმცა ავტომანქანა დაფიქსირებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. აღნიშნულ შემთხვევებზე შესაბამისი უწყებები ვერ განმარტავენ სამსახურებრივი ავტომობილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ ყოფნის მიზეზებს. ამ პირობებში გახარჯულია 2 066 ლარის ღირებულების 923 ლიტრი საწვავი, რაც არამიზნობრივი ხარჯია და ექვემდებარება ბიუჯეტში დაბრუნებას“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გარდა ამისა, აუდიტი ხაზს უსვამს, რომ აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში უქმე და დასვენების დღეებში, როდესაც ელექტრონული აღრიცხვის მონაცემებით, უფლებამოსილი თანამდებობის პირი არ იმყოფება ადმინისტრაციულ ოფისში, ფიქსირდება მასზე განპიროვნებული ავტომანქანის ექსპლუატაციისა და საწვავის ჩასხმის შემთხვევები.

აქედან გამომდინარე, აუდიტი აღნიშნავს, რომ შესაძლოა აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები სამსახურებრივ ავტომობილებს პირადი მიზნებისათვის იყენებდნენ: „უქმე და დასვენების დღეებში, ძირითადად არ ხორციელდება განპიროვნებული ავტომობილების შესაბამისი ორგანიზაციის კუთვნილ პარკინგზე გაჩერება. ზემოაღნიშნული იწვევს როგორც ავტომანქანის ამორტიზაციას, ასევე ზრდის საწვავის ხარჯებს გამომდინარე იქედან, რომ საწვავის ხარჯად აღიარება ხორციელდება არა ზოგადი წესით, არამედ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში. ზემოაღნიშნული შემთხვევები მიუთითებს, რომ შესაძლოა საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლები სამსახურებრივ ავტომობილებს პირადი (არასამსახურებრივი) მიზნებისათვის გამოიყენებდნენ“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი [კონსოლიდირებული] ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. ანგარიში დღეს, 25 დეკემბერს გამოქვეყნდა.

ამ ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების თანახმად, აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის საკასო (ფაქტობრივმა) ხარჯებმა შეადგინა 4 447 755 ლარი. გაწეული ხარჯების 99.8% მოდის ტრანსპორტის ხარჯებზე, მათ შორის, საწვავის ხარჯი შეადგენს 2 408 603 ლარს, ხოლო სათადარიგო ნაწილების, მათი შეკეთების და სხვა ხარჯები – 2 029 844 ლარს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: