აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამოსაღები აქვთ 75 136 588 ლარი. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ეს, ძირითადად, აჭარის საკუთრებაში არსებული ქონების მყიდველების და მოსარგებლეების მიერ ვალდებულებათა დროულად შეუსრულებლობის გამო დარიცხული ჯარიმები და პირგასამტეხლოებია.
სახელმწიფო აუდიტს მონაცემები აღებული აქვს 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აუდიტის მიერ „მოპოვებული მტკიცებულებებით, მოვალეების მიერ ვალდებულება აღიარებული არ არის, ხოლო აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დავალიანების ამოღებაზე რეაგირება არ განუხორციელებია.“
„ბათუმელები“ კომენტარისთვის სამინისტროს დაუკავშირდა.
„აქ არის ძირითადად ის პირგასამტეხლოები, რომლის გადახდისგანაც ესა თუ ის პირი გათავისუფლებულია ვალდებულებების შესრულების პირობით. ანუ, ჩვენთან მოქმედი წესის შესაბამისად, თუ კომპანია შეასრულებს ვალდებულებას, პირგასამტეხლოს აღარ იხდის. იმ შემთხვევებში კი, სადაც ხელშეკრულებები გაუქმებულია და პირგასამტეხლოებია დარჩენილი, ყველას მიმართ დაწყებულია სასამართლო საქმეები, ზოგის საქმე კი, სააღსრულებო ბიუროშია გადაგზავნილი“, – განუცხადეს „ბათუმელებს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთ [კონსოლიდირებულ] ფინანსურ ანგარიშგებაში ფინანსური აქტივების და მოთხოვნების ნაშთი, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 355 021 537 ლარია. აქედან 75 136 588 ლარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის შედეგად, მყიდველების/მოსარგებლეების მიერ ვალდებულებათა დროულად შეუსრულებლობის გამო დარიცხული ჯარიმები და პირგასამტეხლოებია. მოპოვებული მტკიცებულებებით, მოვალეების მიერ ვალდებულება აღიარებული არ არის, ხოლო სამინისტროს დავალიანების ამოღებაზე რეაგირება არ განუხორციელებია, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
აუდიტის რეკომენდაციით, „სამინისტროს ხელმძღვანელობამ უნდა შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა დაკისრებული ჯარიმების, პირგასამტეხლოების, სანქციების და სასამართლო გადაწყვეტილებების შედეგად დაკისრებული თანხების ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხვასთან დაკავშირებით“.
ამავე ანგარიშის მიხედვით:
[crosslist]
- „აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციებში, შიდა კონტროლის სისტემის სისუსტისა და პასუხისმგებელ პირთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულების გამო, დარღვეულია ინვენტარიზაციის ჩატარების ზოგადი წესებიც, კერძოდ: რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრულ არც ერთ საბიუჯეტო ორგანიზაციაში მოქმედი რეგულაციების დაცვით არ ტარდება მოთხოვნების და ვალდებულებების სავალდებულო ინვენტარიზაცია“.
- „ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, 2019 წლის ბალანსზე სასოფლო-სამეურნეო, ასევე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების და შენობა-ნაგებობების აღურიცხველობის გამო, აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების 2019 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდის ნაერთ (კონსოლიდირებულ) ფინანსურ ანგარიშგებაში არაფინანსური აქტივების ნაშთი არანაკლებ 449 046 309 ლარით უზუსტოდ, შემცირებულად არის წარმოდგენილი“.
[/crosslist]
აუდიტის დასკვნით: „კანონმდებლობის შესაბამისად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების მართვას და განკარგვას, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. აქედან გამომდინარე, სამინისტროს ბალანსზე უნდა
ირიცხებოდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ყველა ქონება, მათ შორის, არაფინანსური აქტივები, რომლის პირველადი გადაცემა არ განხორციელებულა.
სამინისტროს უფლებამოსილი პირის განმარტებით, დაწყებულია იმ არაფინანსური აქტივების ბალანსზე აღრიცხვის პროცედურები, რომელთა მართვა-განკარგვის უფლებამოსილება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აქვს, თუმცა 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სამინისტროს ბალანსზე არ იყო აღრიცხული, აჭარის საკუთრებაში არსებული 1 849 ერთეული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა“.
სახელმწიფო აუდიტმა აჭარის საბიუჯეტო ორგანიზაციების [2019 წლის] ნაერთი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში 25 დეკემბერს გამოაქვეყნა.
ამავე თემაზე: