მთავარი,სიახლეები

ეროვნული ბანკი ერეკლე II-ის ოქროსა და ვერცხლის მონეტების გაყიდვას იწყებს

27.12.2020
ეროვნული ბანკი ერეკლე II-ის ოქროსა და ვერცხლის მონეტების გაყიდვას იწყებს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მეფე ერეკლე II-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტები გამოუშვა. ბანკის ინფორმაციით, მონეტები ნიდერლანდების სამეფო ზარაფხანაში მოიჭრა.

ვერცხლის მონეტა 17 გრამს იწონის და მისი ფასია 100 ლარი, ოქროს მონეტა კი – 8,6 გრამია და მისი ფასი 1 690 ლარია.

მონეტების გაყიდვა ეროვნული ბანკის ონლაინმაღაზიის საშუალებით 2020 წლის 28 დეკემბრიდან დაიწყება.

ვერცხლის მონეტა. ფოტო: სები

„2020 წელს მეფე ერეკლე II-ის დაბადებიდან 300 წელი შესრულდა. ამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მონეტების ახალი სერიის „საქართველოს მეფეების“ ფარგლებში, მეფე ერეკლე II-ის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტები გამოუშვა. მათი შეძენა 2020 წლის 28 დეკემბრის 10:00 საათიდან იქნება შესაძლებელი. მონეტების უფრო მეტი კოლექციონერის ხელმისაწვდომობისთვის, პროდუქცია 2020 წლის 28 დეკემბრიდან 5 დღის განმავლობაში ლიმიტირებულად გაიყიდება – ერთ მომხმარებელს არაუმეტეს ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მონეტის შეძენა შეეძლება“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

წყარო: სები

მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს მეფე ერეკლე II-ის პორტრეტის გამოსახულება (პორტრეტის ორიგინალი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში). მონეტაზე ასევე დატანილია ერეკლეს ხელრთვა “ერეკლე”, მისი ხმალი (ორიგინალი დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში) და მეფის დაბადებისა და გარდაცვალების წლები – “1720” და “1798”. მონეტის ქვედა, ცენტრალურ ნაწილში კი განთავსებულია ერეკლე II-ის სახელით თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი მონეტა, რომელზეც გამოსახულია ბაგრატიონთა საგვარეულო გერბი: გვირგვინი, სასწორი, სფერო, სკიპტრა და მახვილი. ვერცხლის მონეტის შემთხვევაში, აღნიშნული დეტალი მოოქროვილია.

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ივერიული (ქართული) გვირგვინი. მონეტაზე დატანილია წარწერები: “საქართველო”, “5 ლარი”, “GEORGIA” და “2020”.

ამ თემაზე:

ეროვნული ბანკი საქართველოს მეფეების საკოლექციო მონეტების სერიას ერეკლე II-ით იწყებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: