განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ქართველი ლექტორი ქუვეითიდან: მთავარი გამოწვევა ემოციებსა და შიშთან გამკლავება იყო

28.12.2020 • 1860
ქართველი ლექტორი ქუვეითიდან: მთავარი გამოწვევა ემოციებსა და შიშთან გამკლავება იყო

ავტორი: მაგდა მარუაშვილი, ახლო აღმოსავლეთის ამერიკული უნივერსიტეტი, ინგლისური ენის ინსტრუქტორი

____________________________

ქუვეითში, ახლო აღმოსავლეთის ამერიკულ უნივერსიტეტში მეორე წელია ვასწავლი. სწავლება ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, ამიტომ იმ სტუდენტებს, რომლებსაც ენის გაუმჯობესება სჭირდებათ, უნივერსიტეტი ერთწლიან მოსამზადებელ კურსს სთავაზობს. ერთი წლის განმავლობაში მათ სესიები მხოლოდ ინგლისურ ენაში უტარდებათ, ამის შემდეგ კი სწავლას თავიანთი ძირითადი მიმართულებით აგრძელებენ.

სწორედ ამ პროგრამის მონაწილე გავხდი 2019 წლის სექტემბერში. მხოლოდ ერთი სემესტრი გაგრძელდა ჩემი და სტუდენტების სააუდიტორიო თანამშრომლობა, 2020 წლის მარტიდან კი მთელ მსოფლიოსთან ერთად სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავედი და მეც სტუდენტებთან ერთად დავიწყე ახალ გამოწვევებთან გამკლავება.

პირველი და მთავარი გამოწვევა, რა თქმა უნდა, ემოციებსა და შიშთან გამკლავება იყო როგორც ინსტრუქტორებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის. ქალაქში ყოველდღიურად კორონავირუსის ათასობით შემთხვევა ფიქსირდებოდა, თვეების განმავლობაში ჩაკეტილი იყო აეროპორტი, გვქონდა კომენდანტის საათი და არ ვიცოდით რა გველოდა სამომავლოდ. ამ დროს ძალიან მინდოდა ჩემი განცდები დამემალა და მაქსიმალურად ვყოფილიყავი ჩართული საგანმანათლებლო პროცესში. თანდათანობით ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი გახდა.

ამის შემდეგ ფიქრი უფრო ტექნიკურ საკითხებზე დავიწყეთ. ონლაინ სწავლებისთვის უნივერსიტეტი იყენებს პროგრამას, რომელსაც “BIG BLUE BUTTON” ქვია და რომელსაც უამრავი სასარგებლო ფუნქცია აქვს. BBB მაქსიმალურად გაძლევს შანსს გაკვეთილი საინტერესოდ და სახალისოდ დაგეგმო, თუმცა თავდაპირველად მისი გამოყენების შესახებ ინფორმაციას მეც ონლაინით ვიღებდი და სულ ვნერვიულობდი იმაზე, რომ რაიმე შეიძლებოდა შემშლოდა ან არასწორად გამეკეთებინა. სანამ მე თვითონ დავრწმუნდებოდი, რომ ყველაფერი ზუსტად გავიგე და შემეძლო მიღებული ცოდნა უკვე სტუდენტებისთვისაც გამეზიარებინა, ონლაინ გაკვეთილებს საკმაოდ დაძაბული ვატარებდი. თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული დროის შემდეგ პროცესის მართვა და პროგრამის სრულფასოვნად გამოყენებაც ვისწავლე.

სწავლას დღემდე ონლაინ რეჟიმში ვაგრძელებთ, უკვე სხვა სტუდენტებთან. პირველკურსელებთან, რომელთა ბედზეც ძალიან მწყდება გული.

მწყდება გული იმიტომ, რომ მათ არ მიეცათ საშუალება უნივერსიტეტში ფიზიკურად ყოფნის უამრავი უპირატესობა გამოეცადათ. ისინი ვერ სარგებლობენ  თანამედროვე და მათ სურვილებზე მორგებული ბიბლიოთეკით, სპორტული ცენტრით, ვერ გახდნენ უნივერსიტეტში არსებული სხვადასხვა კლუბის წევრები, ვერ გაიცნეს თავიანთი კურსელები, ვერ შეიძინეს ახალი მეგობრები. უნივერსიტეტი არის სოციალური ურთიერთობების დაწყებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ადგილი, მათ კი ამ ყველაფერზე ჯერ ისევ ოცნება უწევთ.

მაგდა მარუაშვილის ფოტო

ახალ სემესტრს ლექტორები და ინსტრუქტორები უფრო მომზადებულები შევხვდით, თუმცა სირთულეები, რა თქმა უნდა, დღემდე არსებობს. გაკვეთილის პროცესში შეიძლება ტექნიკური პრობლემები შეგექმნას და ამისთვის მზად უნდა იყო.

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ალბათ ის არის, რომ ყველა ტესტი, გამოცდა თუ დავალება სტუდენტებმა ონლაინ რეჟიმში უნდა გააკეთონ, შენ კი გიწევს დროის დიდი ნაწილი დახარჯო იმის ახსნაში, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს ყველაფერი ტექნიკურად: სად უნდა აიტვირთოს მასალა, როგორ ფორმატში, როგორ უნდა შეამოწმონ, რომ ყველაფერი სწორად გააკეთეს.

ბიბლიოთეკა

ძალიან მენანება ამ დეტალების განმარტებაში დახარჯული დრო. ეს დრო ფიზიკურად ვეღარ ხმარდება, მაგალითად, კონკრეტული სტუდენტების სუსტი ან ძლიერი მხარეების გამოვლენას, მათ საჭიროებებზე აქცენტების გაკეთებას. რა თქმა უნდა, ვხვდებით, რომ ეს ყველაფერი პროცესის გარდაუვალი ნაწილია და ვცდილობთ ყველა სიახლე სტუდენტებს მარტივად და გასაგებად მივაწოდოთ.

ზოგადად, უნივერსიტეტი მაქსიმალურად არის მორგებული სტუდენტების ინტერესებს და ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ვიცით, როგორი რთული შეიძლება იყოს მათთვის ონლაინ სწავლების გამოცდილება, რომელიც ქვეყანაში არსებულ არც თუ ისე სახარბიელო პანდემიური რეჟიმის პარალელურად მიმდინარეობს, ამიტომ ვართ მაქსიმალურად ლოიალურები, მეგობრულები, სრულ  მზადყოფნაში ვუპასუხოთ მათ კითხვებს და ეს პროცესი გავხადოთ ნაკლებად დამღლელი ან მომაბეზრებელი. იმედია, ღირსეულად ვპასუხობთ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენს წინაშეა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: