მთავარი,სიახლეები

„როცა პანდემიის სიჩუმე მაწუხებს“ – 90 წლის კაცი ხულოდან | ზეპირი ისტორია

28.12.2020 • 1459
„როცა პანდემიის სიჩუმე მაწუხებს“ – 90 წლის კაცი ხულოდან | ზეპირი ისტორია

ნუსრედინ შავაძე 90 წლისაა, მუხლი ახლაც ერჩის და თავის საყვარელ საქმიანობას – დურგლობას ჯერ კიდევ ვერ ანებებს თავს. წლების წინ სახლებს აშენებდა სოფლებში. ახლა ამბობს, რომ წლები მოერია, თუმცა თავს მაინც მხნედ გრძნობს. რა შეცვალა პანდემიამ კაცის ცხოვრებაში, რომელსაც დიდი ოჯახი აქვს.

გვაჯობა ვირუსმა

როცა პანდემიით გამოწვეული სიჩუმე შემაწუხებს, სახლის ახლოს, ხის ფარდულს მივაშურებ ხოლმე და ხეზე მუშაობას ვიწყებო – გვითხრა 90 წლის ნუსრედინ შავაძემ.

კორონავირუსმა სხვების მსგავსად მისი ცხოვრებაც შეცვალა, ადამიანები სახლებში გამოიკეტენ და სოფელშიც კი, სადაც ერთმანეთთან მისვლა-მოსვლის ტრადიცია ჯერ ისევ მყარადაა, მეზობლები უკვე ერთმანეთს ერიდებიან.

„გვაჯობა ვირუსმა, სიცოცხლე გვინდა და ყველა ვერიდებით, სახლიდან არ გავდივართ, ყველა თავისთვისაა“, – ამბობს ნუსრედინი. თუმცა გაზაფხულმა და ზაფხულმა თავისი  გაიტანა და 90 წლის მოხუცმა იალაღებს მაინც მიაშურა.

„ჩემ ახალგაზრდობაში აერწინაღები გვქონდა, ახლა პირბადეებია. კარგია, რომ გამოვიდა, ვიკეთებთ და ასე ვიცავთ თავს. ვცდილობთ წესები დავიცვათ. ერთმანეთს ხელს აღარ ვართმევთ, დისტანციასაც ვიცავთ“, – გვითხრა მან.

ამბობს, რომ ახარებს, როცა ადამიანებს მოხუცების ბედი აღელვებთ და მათ უსაფრთხოებაზე წუხან.

ნუსრედინ შავაძე, 90 წლის. სოფელი პაქსაძეები
ფოტო: თემურ შავაძე

როცა შვილიშვილები ბაბუასთან არ მიდიან – დიდი ოჯახი

ნუსრედინს 4 შვილი და 9 შვილიშვილი ჰყავს, ასეთ დროს რთულია დისტანციის შენარჩუნება და მარტოობა. შვილიშვილები მაინც ერიდებიან ბაბუას მონახულებას. „ერთი წელია ქალიშვილებთან სტუმრად არ წასულა. უჭირს, მაგრამ ითმენს. ერთი წელი არ უნახავს შვილები და შვილიშვილები“, – გვეუბნება ნუსრედინის ერთ-ერთი შვილიშვილი თემური, რომელიც ბაბუსთან ერთად ცხოვრობს სოფელში.

მალე ახალი წელი მოვა, ამ დღესაც რთულია სახლში მარტო ყოფნა. „ყველას თავისი სტუმარი ჰყავს“, – გვეუბნება ნუსრედინ შავაძე, თუმცა ვირუსმა ტრადიციასაც აჯობა და მეზობლები, ახლობენ-ნათესავები თითქოს უსიტყვოდ შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთთან მისვლა სასურველი აღარ არის.

„ყველას ესმის, რომ არ შეიძლება მისვლა. ასე გვეუბნება მთავრობაც, რომ სახლში უნდა დავრჩეთ. ფულიც ნაკლებია და არც გადაადგილება შეიძლება, თუ მაინც წახვალ, დაგაჯარიმებენ. ასე, რომ ვზივართ სახლში, ჩავალთ ბოსელში, ამოვალთ. ახლა ისედაც ზამთარია და მაინც ვერ წავალთ შორს“.

ვაპირებ 100 წელი ვიცოცხლო

ნუსრედინი აქტიურ ცხოვრებას არის მიჩვეული. სოფელში უნდა იშრომო, შეშა მოიტანო ტყიდან და ზამთრისთვის საკვები მოიმარაგოო – გვეუბნება.

ახლახან ნუსრედინის სოფელში ნახევარი მეტრი თოვლი მოვიდა, მაგრამ ამბობს, რომ თოვლი არ აშინებს – „ვირუსი გვაწუხებს, თორემ თოვლი არა“.

თოვლი მისთვის ერთგვარი განტვირთვაცაა. დიდ ნიჩაბს იღებს და დათვლილ გზებსა და ეზოს წმენდს.

ნუსრედინ შავაძის სოფელში თოვლი მოვიდა

ნუსრედინი ამბობს, რომ ზარმაცი არ არის, ამიტომ ვირუსის შიშის მიუხედავად, არც თავის მოქალაქეობრივ ვალზე თქვა უარი და ჯოხით ხელში საარჩევნო უბანზე მივიდა. „არჩევნები უჩემოდ არ შეიძლება“, – გვეუბნება ის.

90 წლის ნუსრედინი ხეზე ისევ მუშაობს

კიდევ ერთი რამ, რაზეც პანდემიის მიუხედავად უარი ვერ თქვა, მეჩეთში სიარულია. „წესებს ვიცავთ, შორს ვდგებით და პირბადე გვიკეთია“, – ამბობს 90 წლის ნუსრედინი.

„წელს 91-ში შევაბიჯებ, ვაპირებ 100 წელი ვიცოცხლო… ისევ დამირეკეთ, როცა ასის გავხდები“, – გვითხრა მან სიცილით დამშვიდობებამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: