მთავარი,სიახლეები

კომპანიამ ბულვარში 3 სართული უკანონოდ ააშენა – სამივე დაუკანონეს

26.12.2020 • 2206
კომპანიამ ბულვარში 3 სართული უკანონოდ ააშენა – სამივე დაუკანონეს

შპს „რეკან გრუპ ჯორჯიამ“, რომელიც ბათუმის ახალ ბულვარში, ზღვის პირველ ზოლში მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს, სამშენებლო ობიექტს, A,B,C კორპუსებს თითო სართული უკანონოდ დააშენა. როგორც დოკუმენტებით ირკვევა, კომპანიისთვის უკანონობის უმტკივნეულოდ გამოსწორების პროცედურა ყოფილმა მერმა, ლაშა კომახიძემ დაიწყო და მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა დაასრულა. არჩილ ჩიქოვანის მიერ გამოცემული ბრძანებით ახლა სამივე სართული უკვე კანონიერია. კომპანიამ სამივე მოაპირკეთა და მეოთხე კორპუსის მშენებლობა დაიწყო.

ამ ობიექტზე სამშენებლო სამართალდარღვევის წარმოება ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ 2020 წლის 15 მაისს დაიწყო. ინსპექციის დადგენილების მიხედვით, კომპანია გააფრთხილეს, რომ დაუყონებლივ შეეჩერებინა უნებართვო სამუშაოები და დაეწყო უკანონოდ დამატებული სართულების დემონტაჟი, ასევე პროექტი სანებართვო პირობებთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანა. ამ ყველაფრისთვის კომპანიას „გონივრული ვადა“ 20 დღე მისცეს. კომპანიამ მითითება არ შეასრულა.

რეკან გრუპ ჯორჯიამ უკვე დაიწყო ახალ ბულვარში მეოთხე კორპუსის მშენებლობა. ვიდრე აქ მშენებლობას დაიწყებდნენ, ბათუმის საკრებულომ ტერიტორიას მწვანე ზონის სტატუსი საქმიანით შეუცვალა. ეს კომპანიის მოთხოვნა იყო.

2020 წლის 8 ივნისს ინსპექციის თანამშრომლებმა შემოწმების აქტი სამშენებლო მოედნის შესასვლელზე გააკრეს [ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს მაშინ, როცა სამართალდამრღვევი არ იმყოფება სამშენებლო ობიექტზე, ან უარს აცხადებს აქტის გაცნობაზე].

2020 წლის 18 ივნისს კომპანიის წარმომადგენელს აცნობეს, რომ კანონის შესაბამისად, საქმის განხილვის მიზნით, მუნიციპალურ ინსპექციაში იბარებდნენ.

ამ შეხვედრაზე შპს „რეკან გრუპ ჯორჯიას“ იურისტმა დათო ჯაიანმა განაცხადა:

„…აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით 2019 წლის დეკემბრის თვეში მოხდა პროექტში ცვლილებების შეტანა და დამტკიცება, თუმცა სანებართვო მოწმობის აღება ვერ მოხერხდა, რადგან  ბათუმის მერიის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა კონსულტაციები მერიის ტერიტორიაზე არსებულ პარკისა და სკვერის მოწყობის თაობაზე, რისი გათვალისწინებაც უნდა მომხდარიყო სანებართვო მოწმობაში.“

ამ დროისთვის არ ვიცით რა პარკისა და სკვერის მოწყობაზეა საუბარი და აიღო თუ არა კომპანიამ რაიმე მსგავსი ვალდებულება ან რამდენად ცნობს კანონი უკანონოდ აშენებული სართულის „გაცვლას“ თუნდაც პარკის მოწყობის პირობაში – ამ საკითხებზე „ბათუმელები“ მუშაობას გააგრძელებს.

მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, საქმის წარმოების პროცესში ინსპექციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ბათუმის მერის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, მან შეითანხმა ბათუმში, ლეხ და მარია კაჩინსკების N 8-ში მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობის მიზნით გაცემულ არქიტექტურულ პროექტებში ცვლილებები და 2020 წლის 20 ივლისს ბათუმის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერის, არჩილ ჩიქოვანის ბრძანებით გაიცა სანებართვო მოწმობა, რითაც აღმოიფხვრა სამართალდარღვევა, კერძოდ:

ობიექტი დღეისათვის შეესაბამება 2019 წლის 31 დეკემბრის No1865 ბრძანებით შეთანხმებულ სამშენებლო დოკუმენტს – ასე გამოსწორდა ეს საქმე. ინსპექციამ საქმის წარმოების შეწყვეტა, ოფიციალურად 2020 წლის 6 აგვისტოს გააფორმა.

შპს „რეკან გრუპ ჯორჯიას“ მშენებარე კორპუსები ახალი ბულვარის ტერიტორიაზეა შეჭრილი და  სივრცეს ჭრის, შენობები კი ზედ ველოსიპედების სავალ ბილიკზეა მიმდგარი.

ობიექტს კომპანია „ანაგი“ აშენებს

მშენებლობის ნებართვა 2016 წელს არის გაცემული. მას შემდეგ პროექტში ცვლილება რამდენჯერმე შეიტანეს, თუმცა ზუსტად არ ვიცით, რამდენი იყო აქედან უკანონობის გამოსწორების პროცედურა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: