სრულიად საქართველოს მუფტი ჩოხატაურში მუსლიმებთან შესახვედრად ჩავიდა

სრულიად საქართველოს მუფტი ადამ შანთაძე ბათუმიდან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩავიდა, სადაც სოფელ ბუკნარის მუსლიმი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ამ სოფელში მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის ღია დაპირისპირება 12 იანვარს დაიწყო, რის შედეგადაც ორი მუსლიმი პირი საავადმყოფოში მოხვდა.

ადამ შანთაძე აცხადებს, რომ ის ესაუბრა ხელისუფლების წარმომადგენლებს და დარწმუნებულია, რომ მუსლიმი მოსახლეობა ამ სოფელში ლოცვას შეძლებენ:

„ფაქტობრივად პრობლემა აღარ არსებობს – ლოცვები გაგრძელდება. მუსლიმთა სამმართველო ჩართული ვართ პროცესში, რომ ყველაფერი დაბრუნდეს სიმშვიდეს. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი მდგომარეობის დასტაბილურებას.

მე მინდა მოუწოდო ორივე მხარეს, არ აყვენ პროვოკაციას, შევინარჩუნოთ მშვიდობა, ლოცვები გაგრძელდება, ეს ადგილობრივმა ხელისუფლებამაც თქვა და ჩვენი მხრიდანაც ამისკენ იყო მოწოდება. მოლაპარაკებას, დიალოგს და მშვიდობიან თანაცხოვრებას, არაფერი არ ჯობია“.


ამავე თემაზე

რა ხდება ჩოხატაურში – დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე

 

როგორ იცავს აშშ-ის ეროვნული გვარდია კაპიტოლიუმს – ფოტო

აშშ-ის კონგრესში ტრამპის მხარდამჭერების შეჭრიდან ერთი კვირა გავიდა. ერთი  კვირაა კაპიტოლიუმის შენობას ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური გვარდია იცავს.

ჯარისკაცები კონგრესის შენობას წუთითაც არ ტოვებენ, ამიტომ მათ იქვე უწევთ ძილი.

ბიბისის თანახმად, ეროვნული გვარდიის 10 ათასი წევრი იქნება მობილიზებული ვაშინგტონში შაბათამდე. არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციისას კი შესაძლოა მათი რიცხვი გაორმაგდეს.

ეროვნული გვარდია კაპიტოლიუმში ფოტო: EPA-EFE/MICHAEL REYNOLDS
აშშ-ის ეროვნული გვარდია კაპიტოლიუმში ფოტო: EPA-EFE/MICHAEL REYNOLDS
აშშ-ის ეროვნული გვარდია კაპიტოლიუმში ფოტო: EPA-EFE/MICHAEL REYNOLDS
აშშ-ის ეროვნული გვარდია კაპიტოლიუმში ფოტო: EPA-EFE/CARLOS VILAS
აშშ-ის ეროვნული გვარდია კაპიტოლიუმში ფოტო: EPA-EFE/MICHAEL REYNOLDS
ეროვნული გვარდიის წევრები კაპიტოლიუმში ფოტო: EPA-EFE/MICHAEL REYNOLDS

ბათუმის შემოსასვლელში ხიდის რემონტის გამო ტრანსპორტი დროებით ნაგებობაზე იმოძრავებს

ბათუმში, თამარის დასახლებაში, მდინარე ყოროლისწყალზე არსებული ხიდის რეაბილიტაციის გამო, მდინარეზე დროებითი გადასასვლელი მოეწყობა. აღნიშნული მონაკვეთი [თამარ მეფის გამზირი] ფაქტობრივად ბათუმში შემოსასვლელი ერთადერთი გზაა და აქ ინტენსიური მოძრაობაა, მათ შორის სატრანზიტო.

პროექტის მიხედვით, დაგეგმილია არსებული ხიდის დემონტაჟი [ბურჯების გარდა] და ახლი ხიდის აშენება. სამუშაოების მიმდინარეობისას კი, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით ნაგებობაზე გადაერთვება.

სამუშაოები ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაწყებულია.

მშენებელმა კომპანიამ უნდა მოაწყოს დროებითი ასაქცევი გზა და დროებითი ხიდი. ასევე, პირობის მიხედვით, კომპანიამ „ავტოტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის პირობებში უნდა შეასრულოს სამუშაოები – პერსონალისთვის უსაფრთხო და ეკოლოგიურად მისაღები გზით“.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2 357 195 ლარით ჰქონდა გამოცხადებული. გამარჯვებულად კი, შპს „სინათლე-2006“ გამოავლინეს, რომელთანაც დეპარტამენტმა ხელშეკრულება 1 885 757 ლარზე, 2020 წლის 20 აგვისტოს გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია, ხიდის რეაბილიტაცია დაასრულოს – გზების დეპარტამენტის მიერ სამუშაოების დაწყების შესახებ წერილობითი დავალების გაცემიდან – 13 თვეში. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ასეთი დავალება დეპარტამენტმა მოგვიანებით გასცა და მოსამზადებელი სამუშაოები 2020 წლის დეკემბერში დაიწყო.

კომპანიაში, „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დროებითი გზისა და ხიდის მოწყობა დაახლოებით 2 თვეში უნდა დასრულდეს, „თუმცა ეს ამინდზეცაა დამოკიდებული“. დროებით ნაგებობაზე ტრანსპორტი დაახლოებით ერთი წელი იმოძრავებს. სწორედ ამ პერიოდში უნდა დასრულდეს მთავარი ხიდის მშენებლობა.

კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა, 21 გარდაცვლილი – 14 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 357 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 21 ადამიანი, ხოლო ვირუსისგან მოჯანმრთელდა 748 პირი.

1 357 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 561 შემთხვევა,

  • აჭარა – 112
  • იმერეთი – 196
  • ქვემო ქართლი – 69
  • შიდა ქართლი – 111
  • გურია – 18
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 131
  • კახეთი – 84
  • მცხეთა-მთიანეთი – 41
  • სამცხე-ჯავახეთი – 26
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  244 612-ს. დღემდე ვირუსს ჯამში 2 867 პირი ემსხვერპლა. ხოლო გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  228 359-მდეა.

ინტენსიურის ექიმი პანდემიის დროს: დაღუპულ კოლეგებზე, კოვიდზე და ჩახუტების დღეზე

16 წელია ექიმია. სექტემბრის შემდეგ კი კოვიდრეანიმაციაში მუშაობს, თუმცა, თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, დღემდე არ დაინფიცირებულა. ექიმ-რეანიმატოლოგი ზეინაბ ფაღავა „ბათუმელებს“ უყვება თავის გამოცდილებას ზეპირი ისტორიების სერიისათვის – „ადამიანები პანდემიის დროს“:

კოვიდრეანიმაცია

კოვიდრეანიმაციაში ვმუშაობ 24 სექტემბრიდან დღემდე და ალბათ მანამდეც, სანამ აქტუალური იქნება პანდემია.

სექტემბრის დასაწყისში თითო-ოროლა პაციენტი იყო სარეანიმაციო. სექტემბრის ბოლოდან კი დაიწყო რეანიმაციის პაციენტების მატება. ყოველდღე ემატებოდა და ემატებოდა კრიტიკული პაციენტები ისე, რომ ერთ დღეს საჭირო გახდა ემერჯენსის ბაზაზე კიდევ მეორე, 21 საწოლზე რეანიმაციის გაშლა.

ეს ისე სწრაფად მოხდა… იმას, რასაც არაკოვიდსიტუაციაში რამდენიმე თვე შეიძლება დასჭირვებოდა, აქ საათების განმავლობაში აეწყო. მინიმალურ დროში გაიმართა რეანიმაცია. ამას ხელი იმან შეუწყო, რომ აპარატურა ყველა ის აღჭურვილობა გვქონდა, რაც რეანიმაციის გამართული ფუნქციონირებისათვის არის საჭირო.

მაგრამ ყველა სხვა რესურსის ნაკლებობა იყო. გამოცდილებით დაწყებული, ელემენტარული ადამიანური რესურსით დამთავრებული. აქ მარტო ექიმებს არ ვგულისხმობ, არამედ ექთნებს და სანიტრებსაც. მათ გარეშე შეუძლებელია კოვიდსიტუაციის მართვა.

ამ გადასახედიდან სასწაულის მსგავსად მეჩვენება ეს ყველაფერი.

პირველი სამუშაო დღე რომ გავიხსენო კოვიდრეანიმაციაში: მიუხედავად იმისა, რომ ახალბედა არ ვარ, რეანიმაციასა და ანესთეზიოლოგიაში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება მაქვს, პირველ დღეს, გვიან საღამოს რომ გავედი რეანიმაციიდან, ამის მიუხედავად თითქოს არაფერი არ გამიკეთებია აბსოლუტურად.

ქაოსში და დაბნეულობაში ჩაიარა პირველმა სამუშაო დღემ. არეულობა, დაბნეულობა იყო ჩემს გონებაში. მერე ნელ-ნელა რაღაცნაირად დალაგდა ეს ყველაფერი. ოქტომბერში, როდესაც იმატა პაციენტთა რაოდენობამ, უფრო მობილიზებულები ვიყავით. დანაკარგი, რა თქმა უნდა გვქონდა, მაგრამ მაინც ეფექტურად გადავიტანეთ და გავუმკლავდით. არცერთი პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში მოხვდა, არ დარჩენილა სათანადო მკურნალობის გარეშე.

სამუშაო დრო

წესით ჩემი სამუშაო გრაფიკი უნდა იყოს დილის ცხრა საათიდან საღამოს 6 საათამდე. მაგრამ სამუშაო დღე იწყებოდა საშუალოდ 8 საათზე და მთავრდებოდა არ ვიცი როდის. საღამოს 10-ზე, 11-ზე, ღამის ორზეც დამთავრებულა. ისეთი დღეებიც იყო, როცა მხოლოდ თავის მოსაწესრიგებლად გვქონდა დრო. 24 საათის  განმავლობაში, მხოლოდ რამდენიმე საათი შეგვეძლო დასვენება.  ეს არ ხდებოდა ყოველდღე, მაგრამ ხდებოდა ხშირად.

განსაკუთრებულად მძიმე იყო, როდესაც ჩვენი კოლეგები გვყავდა პაციენტებად და მერე ისინი დავკარგეთ. იმ პერიოდში საერთოდ არ გავდიოდით სამსახურიდან, მაგრამ მაინც მოხდა ის, რაც მოხდა. ის ექიმები, რომლებიც ჩვენთან გარდაიცვალნენ, განსაკუთრებით ძვირფასები იყვნენ და არიან და ასე იქნებიან ყოველთვის.

ისლამ საფაროვი იყო პირველი  ჩემი კოლეგა, რომელიც დავკარგეთ. თან ისლამი  იყო პირველი, რომელიც  შემოვიდა სამუშაოდ კოვიდრეანიმაციაში. დაინფიცირებამდე მუშაობდა აქტიურად.  მორიგე იყო ტესტზე დადებითი პასუხი რომ  მოუვიდა. ყოველ მეორე ან მესამე დღეს იყო მორიგე  და მუშაობდა.

მას ინტენსიური თერაპია არც დასჭირვებია. თერაპიულად მკურნალობდა. უკვე სახლში  წასვლას აპირებდა, როცა მოხდა ის გართულება, რომელიც საკმაოდ  ხშირია კოვიდპაციენტებში. მიუხედავად  იმისა, რომ მას ადეკვატური მკურნალობა უტარდებოდა, კოვიდდადასტურების დღიდან, მაინც ემსხვერპლა ამ ვერაგი დაავადების ვერაგ (ბოლომდე რომ პრევენციას ვერ გააკეთებ) გართულებას. ეს იყო შოკი ჩვენთვის. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

მაგრამ შოკიდან გამოსვლის დროც კი არ გვქონდა. კარგავ უძვირფასეს ადამიანს და ამ დროს ნორმალურად ვერც პატივს მიაგებ, ვერც იგლოვებ, იმიტომ, რომ არ გაქვს ამის დრო. არცერთი წუთი არ გაქვს გლოვისთვის. ამ დროს უცებ კიდევ ერთ კოლეგას კარგავ. რესპუბლიკური საავადმყოფო მე ბენო ჭელიძის გარეშე ვერ წამომიდგენია. ჩემი კარიერის ადრეული ეტაპიდან მქონდა მასთან შეხება. არ ვიცი, ძალიან მძიმე იყო ის პერიოდი. ყველაფერი გავაკეთეთ მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მაგრამ ვერ შევძელით. ძალიან სწრაფად დამთავრდა. მაშინ მქონდა განცდა, ჩემი სიცოცხლის განაწილება რომ შემძლებოდა, გავუნაწილებდი.

კიდევ ერთი მძიმე დანაკლისი იყო შოთა ბერიძე. ჩვენი ტრავმატოლოგი. ის ჩვენთან, რეანიმაციაში გარდაიცვალა.

ძნელად გადასახარშია. ემოციურად მძიმეა ეს ყველაფერი.

იცით როგორაა? ოქტომბერი და ნოემბერი მახსოვს ძალიან ბუნდოვნად. ბევრი რაღაც არ მახსოვს.

მაშინ ვფიქრობდი, რომ რამდენიმე წიგნი დაიწერებოდა იმ თავგადასავლებზე, რასაც ჩვენ ყოველდღე გავდიოდით, განვიცდიდით. მაგრამ ახლახანს აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამ მეხსიერებიდან მაქვს ამოშლილი. ტვინს აქვს ის უნიკალური თვისება, რომ არასასურველ ინფორმაციას თავისით ფილტრავს. ბევრი ასეთი რამ თითქოს ამოიშალა. ხანდახან რაღაც მახსენდება და ვიწყებ ფიქრს, ნეტავ ეს მართლა მოხდა? მართლა იყო?

ზეინაბ ფაღავა

 

რეანიმაციაში მუშაობა ძალიან რთულია. ვერც ექიმი, ვერც ექთანი და ვერც სანიტარი ვერ იმუშავებს რეანიმაციაში, თუკი მას არ აქვს გაწონასწორებული ფსიქიკა. წარმოიდგინეთ პაციენტი, რომელიც  რაღაც ეტაპამდე სუნთქავდა ჩვეულებრივად,  კარგად იყო, მაგრამ უცებ, მოულოდნელად ხდება ცუდად და არ ყოფნის ჟანგბადი.

სამედიცინო პერსონალი რომ იყოს იმ პროპორციით გადანაწილებული, რაც მიღებულია, მაშინ აქ არაფერი განსაკუთრებული, „გმირული“ არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, შენი პროფესიაა და უნდა მართო  კრიტიკული პაციენტი. ჩვენს შემთხვევაში სხვანაირად იყო – პაციენტთა გაზრდილი ნაკადი უნდა გემართა საჭიროზე ნაკლები პერსონალით.

დასაწყისში იყო ექთნების დეფიციტი, ექიმების დეფიციტი. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ არ იყო გათვლილი ამხელა ნაკადზე და მეორე იმით, რომ თითქმის ყველა დაავადდა კოვიდით, იშვიათი გამონაკლისის გარდა. შესაბამისად, დაავადებული მედპერსონალი მინიმუმ 2 კვირით ეთიშებოდა სამუშაოს და ეს ქმნიდა კადრების გაუთვალისწინებელ დეფიციტს. ამის გამო ყოფილა შემთხვევები, 7 ექთნის ნაცვლად ცვლაში 3-4 ყოფილა.

ასეთი პერიოდიც გამოვიარეთ.

შიში

კოვიდრეანიმაციაში ვმუშაობ, თუმცა  კოვიდი ჯერ არ დამმართნია. რამე განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. სტანდარტულად ვასრულებ იმ რეკომენდაციებს, რაც არის.

დასაწყისში მქონდა გარკვეული შიში. ოღონდ იმის არ მეშინოდა, უიმე არ დამემართოს და ვერ გადავიტან. როცა შენს გვერდით ერთ კოლეგა ექიმს ემართება, შენ გიწევს მისი საქმის გადანაწილება და მერე შიშობ, შენც რომ დაგემართოს, სხვას უნდა დააწვეს უკვე ორი ექიმის გასაკეთებელი საქმე.

უფრო ფრთხილად ვიყავი ამის გამო. მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს ჩვენი პროფესია.

სანამ კოვიდრეანიმაციაში შემოვიდოდი სამუშაოდ, უფრო იმის მეშინოდა, დედა მყავს დიაბეტიანი და არ მივუტანო. აქეთ ჩემი მეუღლის მშობლები ასაკში არიან და მათ არ მივუტანო. ასევე ბავშვი სახლში, რომელსაც არ მინდა მივუტანო.

ყველაზე  მეტად იმის მეშინოდა, მე არ გავმხდარიყავი სხვისი დაავადების მიზეზი.

ჩემს ირგვლივ ვისაც საკუთარი დაავადების შიში ჰქონდათ, მათ დაემართათ. სხვათა შორის, რაც უფრო ეშინია ადამიანს, მით უფრო მეტ შეცდომას უშვებს და ინფიცირების რისკიც მაღალია.

პანდემიამდე

კოვიდმა შეცვალა ყველაფერი. არც ვიცი რა დამრჩა ძველი ცხოვრებიდან.

თავიდანვე სახლში დავდიოდი, მაგრამ აბსოლუტურად დისტანცირებული ვიყავი მეუღლისა და ქალიშვილისგან. 11 წლის შვილი მყავს, რომელსაც ბებია-ბაბუასთან იმიტომ არ ვუშვებდი, რომ ჩემგან ვირუსის გადამტანი არ ყოფილიყო. ამის ალბათობა არსებობდა, განსაკუთრებით დასაწყისში.

ჩემი მეუღლეც ექიმია. მე სრულიად  ჩართული ვარ კოვიდპაციენტებთან, ისიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს, ოღონდ არა კოვიდპაციენტებთან.

არაკოვიდში მომუშავე ექიმებიც არ არიან დაცულები. უფრო მეტიც, უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან.  ჩვენ ვიცით, რომ კოვიდინფიცირებულებთან გვაქვს კონტაქტი. მათ არ იციან. ყველა პაციენტთან უნდა იმუშაონ ისე, თითქოს კოვიდი აქვს. ეს ამართლებს ყველაზე მეტად. ისიც იცავს თავს და ამ დრომდე მოვაღწიეთ ისე, რომ კოვიდპაციენტები არ გავმხდარვართ.

რა მენატრება

ბავშვთან ურთიერთობის დეფიციტი მაქვს.

გამგები შვილი მყავს. თავის თავს უვლის დამოუკიდებლად. ისედაც დამოუკიდებელი იყო, მაგრამ ახლა უფრო დამოუკიდებელი გახდა. ონლაინ მეცადინეობებშია ჩართული. ხატავს, რაღაცას კითხულობს, ანუ მოერგო რაღაცნაირად ამ რეჟიმს. რა თქმა უნდა სიხარულით არა, გარეთ გასვლა და სხვებთან კონტაქტი ყველა ბავშვს უნდა, მაგრამ რაღაცნაირად გვიგებს. მისი როლი ჩემს პროფესიულ საქმიანობაში არის უდიდესი. შვილზე წინ ვერავინ ვერავის ვერ დააყენებს, ამიტომ ის რომ მიქმნიდეს პრობლემებს, მეც ძალაუნებურად სხვანაირად უნდა მემუშავა მაშინ. მაგრამ მაქსიმალურად მიდგას მხარში და ჩემი უახლოესი მეგობარია.

მეგობრებზე საუბარს თუ დავიწყებთ არ ვიცი, შეიძლება ცრემლები მომერიოს, ძალიან განვიცდი მაგ ამბავს. პრაქტიკულად სამი თვის განმავლობაში მე მეგობრები არ მინახავს.

პაციენტის ახლობლებთან ინფორმაციულ ვაკუუმში რომ არ აღმოჩნდნენ, ტელეფონით ვურთიერთობთ. იმდენია ეს რაოდენობრივად, რომ სამუშაო დღის ბოლოს გვიან ღამემდე უკვე ამით ვართ ხოლმე ექიმები დაკავებული. ამიტომ პირადი ამბებისთვის, მეგობრებისთვის დრო აღარ გვრჩება. თანაც იმდენად ვართ პირადი ურთიერთობების დეფიციტში, პროტესტიც გვაქვს ტელეფონით ურთიერთობაზე.

ჩახუტების დღე

ყოველ პარასკევს ვიღებთ სტანდარტულად ნაცხს. ან პარასკევსვე გვიან ღამით ან შაბათ დილას მომდის პასუხი, რომ ვარ უარყოფითი. ეს შაბათი დღე ჩემს ოჯახში ჩახუტების დღეა.

ბავშვმა იცის უკვე. მთელი კვირის განმავლობაში თავშეკავებულად არის თვითონაც, რომ არ უნდა მომიახლოვდეს, დისტანცია უნდა დაიჭიროს. შაბათი დღის ხიბლით დავდივართ მთელი კვირა. შაბათ-კვირასაც მიწევს კლინიკაში შემოვლა, მაგრამ რაც დრო გადის, ისეთი იზოლირებული ოჯახის წევრებისგან აღარ ვარ, როგორც დასაწყისში ვიყავი.

ახლო კონტაქტისგან თავს ვიკავებთ.

ვიცი, რომ ძალიან თუ მოვდუნდები, არ გვეპატიება. ამიტომ ვცდილობ შევინარჩუნო დისტანცია.

იმედი მაქვს ბევრი არ დარჩა და მალე ყველა გათავისუფლდება ამ მარწუხებისგან, რასაც კოვიდპანდემია ჰქვია და უფრო  მეტად დავაფასებთ თავისუფალ ცხოვრებას.

რა მასწავლა პანდემიამ

პანდემიამ ძალიან ბევრი რამ გადააფასა. ძალიან ბევრ რაღაცას ფარდა ახადა. ბევრს ნიღაბი ჩამოხსნა. გადააფასა ურთიერთობები, ფასეულობები.

პირველად მახსოვს, მეც რომ მოვისმინე – პანდემიის შემდეგ სამყარო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო, მაშინ ეს ფილოსოფიურად ჩამესმა ყურში. ახლა ვფიქრობ, რომ მართლა ასეა. ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც მანამდე იყო.

ბევრი რაღაც შეიცვლება. უარყოფითი ბევრად მეტი აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ აქვს დადებითიც. მეტად დავაფასებთ ადამიანები ერთმანეთს და ნაკლებად მოგვინდება ვაწყენინოთ. ბევრი ისეთი ნიუანსია, რომელსაც ადრე არ ვაქცევდით ყურადღებას და თურმე იმდენად პატარა რაღაცაზეა დამოკიდებული.

ყოფნა-არყოფნის საკითხი ისე უცებ შეიძლება დადგეს და იმსხვერპლოს ისეთი ძვირფასი, რასაც სიცოცხლე ჰქვია, წვრილმანებზე გამოკიდება არ ღირს.

ყველაზე მეტად გული მტკივა ჩემს დაკარგულ მეგობრებზე, ახლობლებზე.  ეს არის ალბათ გამოუსწორებელი. ამას არაფერი არ ეშველება. ეს არის ყველაზე დიდი ტრავმა.

პირველ იანვარს იყო ჩემი შვილის დაბადების დღე. პანდემიამდე ყოველთვის მეტ-ნაკლებად პომპეზურად აღვნიშნავდით. წელს მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით.  მე, ჩემი შვილი და ჩემი მეუღლე. სხვები მხოლოდ ტელეფონით მოლოცვებით შემოიფარგლნენ. ეს ძალიან უჩვეულო იყო.მადლობა ღმერთს, რომ ჩემი შვილი ამას აღიქვამს ისე, როგორც არის და არ ქმნის ამისგან ტრაგედიას.

პანდემია რომ დამთავრდება

ძალიან ბანალური სურვილი მაქვს. შეიძლება სხვას უინტერესოდ მოეჩვენოს, მაგრამ ჩემი ახლანდელი სურვილია დამთავრდეს სრულად ეს პანდემია და ამის შემდეგ ოჯახთან ერთად მინიმუმ ორი კვირა დავისვენო. ამ წუთას სხვა ოცნება არ მაქვს.

კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა აჭარაში – 14 იანვარი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 112 ახალი შემთხვევა დადასტურდა.  გამოჯანმრთელდა  137 პაციენტი.

კორონავირუსზე მკურნალობას კლინიკებში გადის 339 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 319, ხოლო ბინაზე 615.

რაც შეეხება მთლიანად ქვეყნის მონაცემს, ბოლო 24 საათში გამოვლენილია კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა.

 

ბუკნარში დაპირისპირებულ ორ რელიგიურ თემს შორის შეთანხმება შედგა – ჩოხატაურის მერი

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში დაპირისპირებულ ორ რელიგიურ თემს შორის შეთანხმება შედგა. ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები ჩოხატაურის მერიაში, მოლაპარაკების მაგიდასთან ჩოხატაურის მერთან და გურიის გუბერნატორთან ერთად დასხდნენ.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ კი მოლაპარაკებაში ჩართულმა ყველა მხარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„პირობითად ორივე მხარე – თანასოფლელები, შეთანხმდნენ, რომ ერთი თემიც და მეორე თემიც  ჩვეულებრივად გააგრძელებს ლოცვას. არც არავის ხელი არ შეეშლება. ეს არის სეკულარული სახელმწიფო, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის მქონე სახელმწიფო. თანასოფლელები ყოველგვარი ზედმეტი ჩარევების გარეშე თანაცხოვრებას გააგრძელებენ,“ – თქვა ჟურნალისტებთან შეხვედრიდან გამოსულმა ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ.

„ყოველ პარასკევს იქნება ლოცვა, რომელშიც არცერთი მეზობელი იქნება თუ ვინც იქნება, ხელს არ შეგვიშლის და იქნება სიმშვიდე ყოველნაირად,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრიდან გამოსულმა სოფელ ბუკნარის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

სოფელ ბუკნარის დეპუტატმა დავით კვაჭანტირაძემ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ასევე დაადასტურა, რომ შეთანხმება შედგა.

„ჩვენ აჭარლები და გურულები ვართ ძმები. ერთად ვშრომობდით, ერთად ვაკეთებდით. სოფელში ეკლესია რომ არის აშენებული, აჭარელ მოსახლეობას დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მარხული იყო ხალხი, როცა ეკლესია შენდებოდა, მაგრამ არაჩვეულებრივი სადილები მოდიოდა ეკლესიაზე. თვითონ არ მიირთმევდნენ, მაგრამ ჩვენთან მაინც მოჰქონდათ. შეთანხმება შედგა არაჩვეულებრივი, ხელის ჩამორთმევით, ძმობით,“ –  თქვა მან.

მთავარი ფოტო: სქრინი ტელეკომპანია “მთავარი არხის” პირდაპირი ეთერიდან

ამავე თემაზე:

Batumelebi | რა ხდება ჩოხატაურში – დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე (netgazeti.ge)

ნაკაიძე რელიგიური ნიშნით დაპირისპირებაზე – ეს სახელმწიფოს დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგი

გუშინ, 12 იანვარს, სოფელ ბუკნარში ერთმანეთს მუსლიმი და ქრისტიანი მეზობლები დაუპირისპირდნენ რელიგიურ ნიადაგზე. დაძაბულობა სოფელში დღესაც გაგრძელდა. ქართველ მუსლიმთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის, ევროპული საქართველოს წევრის, ტარიელ ნაკაიძის შეფასებით, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემის მიმართ გატარებული მრავალწლიანი დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგი:

„სოფელ ბუკნარში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) ადგილობრივ მუსლიმ ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება, იმ მიზნით, რომ სახელდახელოდ მოწყობილ სამლოცველოში არ მისულიყვნენ ღვთისმსახურებისთვის. ადგილობრივმა მუსლიმებმა რამდენიმე თვის წინ სოფელში შეიძინეს საცხოვრებელი სახლი, რომელიც ​სამლოცველოდ მოაწყვეს. აღნიშნულ შენობაში აგრეთვე მიმდინარეობდა პარასკევის ლოცვებიც, სადაც ათეულობით ადგილობრივი მუსლიმი იკრიბებოდა.

სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება რელიგიური (და არა მხოლოდ რელიგიური) უმცირესობების, განსაკუთრებით კი მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფოს მრავალწლიანი დისკრიმინაციული, გულგრილი და არასეკულარული პოლიტიკის შედეგია. ეს პოლიტიკა უმეტეს შემთხვევაში რელიგიური უმცირესობების გარიყულობაში, დისკრიმინაციასა და ზოგჯერ მიზანმიმართულ დევნაში ვლინდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ გამოვლინდა არა ერთი რელიგიური კონფლიქტი. მათ შორის, ნიგვზიანში 2012 წელს, წინწყაროში 2013 წელს, სამთაწყაროში 2013 წელს, ჭელაში 2013 წელს, ქობულეთში 2014 წელს, მოხეში 2014 წელს, ადიგენში 2016 წელს. რელიგიური დევნისა და დისკრიმინაციის მსგავს შემთხვევებზე სახელმწიფოს არაქმედითი რეაგირება დაუსჯელობის განცდას ქმნის და რელიგიური უმცირესობების შევიწროებას და მიუღებლობას ერთგვარ ნორმად აქცევს.

სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ამ პროცესში სახელმწიფომ უზრუნველყოს კანონის უზენაესობისა და თანასწორობის პრინციპების განუხრელი დაცვა. კომპეტენტურად გამოიძიოს გამოვლენილი ძალადობის ფაქტი და მიიღოს ადეკვატური სამართლებრივი ზომები. ამასთანავე, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება და შეძლოს მიუმხრომლობის პრინციპით მოქალაქეების უფლებების დაცვა.

იმისთვის, რომ კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს, აუცილებელია შესაბამისმა უწყებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პრევენციული ზომები მიიღონ. კონფლიქტის გადაჭრა კი ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის პრინციპებით დაცვით მოხდეს და არა სხვისი უფლებების უგულებელყოფის და მიჩქმალვის ხარჯზე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა.

ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ დროულად უზრუნველყოს ადგილობრივი მუსლიმების მიერ გახსნილ სამლოცველოში ღვთისმსახურების თავისუფლად შესრულება და აღკვეთოს ამ კუთხით მოსალოდნელი საფრთხეები. აქვე საჭიროა, სახელმწიფომ შეიმუშავოს კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებს შორის ნდობის აღდგენასა და მშვიდობიანობისა და სოლიდარობის პრინციპებით თანაცხოვრებაზე მიმართული პროგრამები“.

____

ამავე თემაზე:

რა ხდება ჩოხატაურში – დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე

რა ხდება ჩოხატაურში – დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე

გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ბუკნარი რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ადგილად იქცა. სოფელში დღეს,  13 იანვარს, დილიდანვე პოლიცია და სპეცრაზმიცაა მობილიზებული. დილიდან ბუკნარის ქრისტიანი მოსახლეობა სოფლის ცენტრში იყო შეკრებილი, მუსლიმი მოსახლეობა კი იმ სალოცავის ეზოში, რომლის გამოც დაპირისპირება დაიწყო.

ბუკნარში მცხოვრებ ადგილობრივ მუსლიმებს დღეს აჭარაში მცხოვრები მუსლიმი ახალგაზრდების ერთი ჯგუფიც შეუერთდა.

სოფელში დილიდან ელოდნენ როგორც გურიის გუბერნატორს, ისე ჩოხატაურის მერს.

დღის, 4 საათისათვის, ბუკნარში გურიის გუბერნატორი ზურა ნასარაია და ჩოხატაურის  მერი ირაკლი კუჭავა მივიდნენ.

თუმცა მათი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

ბუკნარში სიტუაცია ამ დრომდე ვერ განიმუხტა.

რატომ დაიწყო კონფლიქტი

ბუკნარში კონფლიქტი რელიგიურ ნიადაგზე დაიწყო. სოფლის მოსახლეობის ნაწილი ქრისტიანია, ნაწილი მუსლიმი. მუსლიმებმა სოფელში სალოცავი გახსნეს. დაპირისპირება დეკემბრის ბოლოს სწორედ სალოცავის  გახსნას მოჰყვა. ქრისტიანები ხაზგასმით და კატეგორიულად ამბობენ, რომ არ დაუშვებენ სოფელში მუსლიმური სალოცავის გახსნას.

პოლიცია ბუკნარში ქრისტიან და მუსლიმ მოქალაქეებს შორის დგას

რელიგიურ ნიადაგზე 12 იანვარს სოფლის ცენტრში დაპირისპირება მოხდა მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის. დაპირისპირების დროს ორი მუსლიმი არასრულწლოვანი დაზიანდა ისე, რომ მათ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ.  შსს-ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მომხდარ ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

რას ჰყვებიან სოფელში მცხოვრები ქრისტიანები

დარეჯან თოდრაძე სოფელ ბუკნარის მცხოვრებია. ის ამბობს, რომ წინააღმდეგია სოფელში მეჩეთის მშენებლობის.

„ჩვენ არ გვინდა, რომ მეჩეთი აშენდეს. თუ უნდათ ლოცვა – ბასილეთში, ქვაბღაში, ზოტში, ნასაკირალში მეჩეთები აქვთ და ილოცონ იქ,“ – ამბობს ის.

დარეჯან თოდრაძის მიერ ჟურნალისტებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, თავდაპირველად კონფლიქტი ორ ადგილობრივს შორის დაიწყო. მუსლიმმა ქრისტიანს სცემა. გუშინ, 12 იანვარს კი ქრისტიანებმა სცემეს მუსლიმებს.

„მეზობლები ერთმანეთს შეხვდნენ გზაში. აჭარელი და გურული. გურულმა უთხრა ესო მემდურისო. იმ აჭარელმა არ მოითმინა და დაარტყა გურულს. ეს იყო მარტო. ჩვენ წავედით იმ ღამეს. მილიციამ წაიყვანა ის გურულიც და ის აჭარელიც. ეს ყველაფერი ჩაიფარცხა. არც ჟურნალისტები გამოგვიძახებია და არც არავინ. გუშინდელ ჩხუბზე ჩემმა შვილმა მომიყვა. გუშინ (12  იანვარს) 7 ბიჭი ვიდექით სოფლის ცენტრშიო. მოცვივდნენო. მოიყოლეს ის მცირეწლოვანი ბავშვებიცო. მერე ამ ჩვენმა გაღიზიანებულმა ბიჭებმა დაარტყესო. მერე ესენი (მუსლიმები) წავიდნენ და ყველაფერი აჩვენეს [ჟურნალისტებს]. ჩვენ მანამდე არაფერი არ გვიჩვენებია. გამოიწვიეს ომი სოფელში,“ –  ჰყვება ის.

რას ჰყვებიან ბუკნარში მცხოვრები მუსლიმები

„ვცხოვრობთ სოფელ ბუკნარში. ვართ მუსლიმი ქართველები და ვითხოვთ სამლოცველოს შენობას.  იყო დაპირებები. მოვიდა მთავრობიდან ხალხი, გვერდში დაგიდგებითო. იყვნენ რაიონიდანაც ხალხი, სოფლის თავკაცებიც. ეს თემა მოდის 2014 წლიდან. ახლა  რომ ვეკითხებით, რატომ არ გვპატრონობთ და რატომ მიიყვანეთ სისხლის ღვრამდე საქმე-თქო, ჩვენ არაფერი არ ვიცოდითო. თქვენო ჩუმად აკეთებთ ამას ყველაფერსო. ჩუმად არაფერი არ გაკეთებულა და არაფერი არ იმალება. ფეხი რომ გადაგიტრიალდეს და ჩუმად დაიძახო, ერთი თავიდან მეორე თავში ესმით სოფელში ხალხს. აქ ვიღაცას უნდა ქულების დაწერა და შუღლის ჩამოგდება. ნახევარი საუკუნეა აქ ვცხოვრობ, ძმაკაცი გურულიც მყავს, აჭარელიც მყავს, ებრაელიც, სომეხიც და სვანიც,“ – აცხადებს სოფელ ბუკნარის მცხოვრები ნუგზარ ჭაღალიძე „გურია ნიუსთან“ ლაივ ჩართვაში.

ბუკნარი – რელიგიური ნიშნით დაპირისპირება

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ გამწვავდა კონფლიქტი, ნუგზარ ჭაღალიძე ამბობს, რომ „შევიწროება წამოვიდა პატარა ბავშვიდან დაწყებული მასწავლებლებამდე  მისვლამდე. მასწავლებლებიც უკვე გამოდიან და თათრებს, თქვენ ჩამოთრეულები, თქვენ ასე, თქვენ ისე იძახიან. ამოგვივიდა ჩვენც ყელში. რატომ უნდა დამიძახოს ჩემმა მეზობელმა, ჩემმა ძმაკაცმა ან მასწავლებელმა მე თათარი. მასწავლებელი რომ ამას დაიძახებს, იმან ვის ბაღანას უნდა ასწავლოს ან რა უნდა ისწავლოს მისგან ბაღანამ? თუ ასე გაგრძელდა, მოვილაპარაკებთ,  დავჯდებით აჭარელი თემი, არც ბაღში გავაგზავნით ბავშვებს და არც სკოლაში. საქართველოში ნუთუ არ მოინახება ისეთი ადგილი, რომ წავიყვანოთ ჩვენი ბავშვები? თუ ასე გარჩევა წავიდა, მე ასე სისხლის ფასად,  არც ეკლესია მიღირს და არ მეჩეთი. იმად, რომ ჩემი და ჩემი გურული ძმაკაცის  ბავშვი შეხვდნენ ერთმანეთს და ცხვირ-პირი დაახიონ ქვებით. ჩემი მთავარი მოთხოვნა ისაა, რომ სამლოცველოს გახსნით არაფერი არ შავდება. მყუდრო ადგილია. კაი ადგილია. არც მინარეთი გვაქვს, არც მიკროფონი გვაქვს. ჩვენ არ გვაღიზიანებს ზარის რეკვა. ჩვენი ლოცვა იმგენს რატომ აღიზიანებს?“

რას ამბობს სკოლის დირექტორი

ბუკნარის საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მასწავლებლების მიერ მოსწავლეების რელიგიური ნიშნით დისკრიმინაცია, გამორიცხულია.

„გამორიცხულია. სინამდვილეს არ შეესაბამება. ვერც ერთი ბავშვი ვერ იტყვის, რომ მასწავლებლებმა შეურაცხყვეს“, – ამბობს ის.

მისი თქმის, სკოლაში ტოლერანტული გარემოა. მარინა გოგიშვილი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტი მშვიდობიანად გადაიჭრას და ორმა რელიგიურმა თემმა სოფელში ცხოვრება მშვიდად გააგრძელოს.

„წლების განმავლობაში არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა. 32 წელია ამ სოფელში ვცხოვრობ, ძალიან კარგი დამოკიდებულება გვქონდა. ამდენი წელია მასწავლებელი ვარ და არასდროს ყოფილა, რომ რამე გართულება ყოფილიყო. ახლა წარმოიქმნა გაუგებრობა, უთანხმოება და ვერ შეთანხმდა ვერცერთი მხარე. უნდა მივიდეთ რამე კონსენსუსამდე. არავის არ სჭირდება დაპირისპირება. ჩემი ხედვა, როგორც დედის, როგორც მასწავლებლის, როგორც სკოლის დირექტორის, არის კონფლიქტის შერიგებით დასრულება. სხვანაირად არ გამოვა. ვერ ვიცხოვრებთ. ჩვენი ეზოები და სახლები ერთმანეთისგან მოშორებით კი არაა. გვერდიგვერდ ვცხოვრობთ. ერთად ვშრომობთ,  ერთად ვსწავლობთ,“ – ამბობს მარინა გოგიშვილი.

13 იანვარს სოფელ ბუკნარში ჩავიდა გურიის მუფთი ასლან ბერიძე.

„ჩვენთან არის ლოცვა, ჯუმა [პარასკევის ლოცვა] ჰქვია, რომელიც აუცილებელი შესასრულებელია ჯგუფურად. ჯგუფური ლოცვისათვის აუცილებელია ერთი კონკრეტული ადგილი.

აქ ლოცვა არ გაჩერდება. იყოს. ვინმეს რამეს არ უშლის. აქ ატრიბუტი არ აქვს. მინარეთი არ აქვს. მოწოდება არ არის ისეთი, რომ ვინმეს ხელი შეეშალოს. მოდის კაცი, რომ 10-15 წუთით ილოცოს,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან გურიის მუფთმა ასლან ბერიძემ. ის ბუკნარში 13 იანვარს ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

ფირუზ წულუკიძის თქმით, ჩოხატაურში ათობით ადამიანი მუსლიმების სოლიდარობისთვის ჩავიდა 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში ქრისტიანი და მუსლიმი თემი ერთმანეთს დაუპირისპირდა. ეს ამბავი გუშინ, 12 იანვარს მოხდა – ქვების სროლის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათგან ორი საავადმყოფოში მოხვდა – ორივე მუსლიმი. კონფლიქტის მონაწილე ერთი პირი შს სამინისტრომ წუხელ დააკავა.

დღეს სოფელ ბუკნარში მუსლიმი თემის „სოლიდარობის მიზნით“ აჭარიდან რამდენიმე ათეული ადამიანი ჩავიდა. ერთ-ერთი მათგანი, ფირუზ წულუკიძე აცხადებს, რომ სოფელ ბუკნარში მცხოვრები მუსლიმების სოლიდარობის მიზნით ჩავიდნენ.

„რამდენი ვართ, ახლა ციფრებს რა მნიშვნელობა აქვს, საკმაოდ ბევრი. რისთვის ვართ ჩასულები და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მუსლიმან დებსა და ძმებს.

ჩვენ აქციისთვის არ ჩამოვსულვართ. ჩვენ ჩამოვედით იმისთვის, რომ მოვიკითხოთ აქ რა ხდება და აქაური საზოგადოება გადაწყვეტს აქცია უნდა იყოს, პროტესტი, მშვიდობიანი საუბარი თუ ასე შემდეგ. ჩვენ ვართ, ჩამოსულები მხარში დასადგომად ამ ხალხისთვის“, – უთხრა „ბათუმელებს“ ფირუზ წულკიძემ.

დღეს სოფელის მოსახლეობასთან შესახვედრად ჩადის ჩოხატაურის მერი ირაკლი კუჭავაც.

სილქფესტის სადღესასწაულო შეთავაზებები გრძელდება!

სილქფესტის აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით.

მხოლოდ 14 იანვარს, კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს:

[checklist]

  • 5 GB + 100 ლოკალური წუთი – 7 ლარად;
  • 8 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 8 ლარად;
  • 700 ლოკალურ წუთს – 9 ლარად;
  • 15 GB უსწრაფეს ინტერნეტს – 10 ლარად;

[/checklist]

პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად და ცალ-ცალკე.

აქცია ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.

ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.

*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან – ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადება, კორონავირუსისი მესამე ტალღა შესაძლოა თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყოს საქართველოში. ეკატერნიე ტიკარაძის თქმით, მსოფლიოში უკვე დაიწყო მესამე ტალღა და საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება.

„ეს ყველაფერი არის ვარაუდები. ვინაიდან ევროპაში მესამე ფაზა უკვე დაწყებულია, ჩვენ მეორე ფაზა გვქონდა შედარებით მოგვიანებით, ვიდრე ევროპას. აქედან გამომდინარე სავარაუდო მესამე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის მეორე ნახევრიდან, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტის კითხვას კორონავირუსის მოსალოდნელ მესამე ტალღაზე.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ისევე მნიშვნელოვანია ინფექციის შეკავება: „მნიშვნელოვანია, ჩვენ გამოვიყენოთ და გავითვალისწინოთ ყველა ის გამოცდილება, რაც არის მსოფლიოში და რაც ჩვენ დავაგროვეთ და მესამე ტალღისთვის არამხოლოდ მზადყოფნის კომპონენტში, არამედ მართვის კომპონენტში, რათა ინფექციის გავრცელება მოხდეს მინიმალურად. აქცენტი ავიღოთ ამაზე და ვიყოთ მეტად უფრო ეფექტურები ინფექციის შეკავების ეპიზოდში“.

თებერვლის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელ მესამე ტალღაზე ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ. პაატა იმნაძის თქმით, ისინი ცდილობენ ქვეყანამ ისევე აიცილოს კორონავირუსის მესამე ტალღა, როგორც პირველი ტალღის დროს მოახერხეს. „იმედია გამოგვივა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

გასულ კვირას საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებას პირევლი თებერვლისთვის განიხილავდნენ.

რომელ ბიზნესს გადაუხდის დენის ფასს სახელმწიფო ნაწილობრივ – რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 12 იანვრის დადგენილებით, „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესი და პირობები“ დაამტკიცა.

ახალი წესის მიხედვით, სახელმწიფო, 2021 წლის განმავლობაში, თითოეულ თვეში [ლიცენზიატის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში] მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის სუბსიდირებას მოახდენს იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ ქვემოთ მოყვანილი ცხრილით განსაზღვრულ საქმიანობებს:

ამ წესით განსაზღვრული ნაწილობრივი სუბსიდირების მიღების მიზნით, მეწარმე სუბიექტი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში ავსებს განაცხადს.

განაცხადის შესავსებად გადადით ამ ბმულზე

მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, სრულყოფილად შეავსოს ელექტრონული პლატფორმა.

მეწარმე ასევე უფლებამოსილია უარი განაცხადოს  ნაწილობრივ სუბსიდირებაზე.

[toggle title=”მეწარმეებისთვის დენის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესი ნახეთ აქ:“]

მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესი და პირობები

მუხლი 1
1. ამ წესის მიზანია, მეწარმე სუბიექტების დახმარების მიზნით, ამ წესის დანართით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის სახეებში (საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი – სეკ 006-2016 (NAჩE-ღევ-2)) მოქმედი მეწარმე სუბიექტებისათვის 2021 წლის განმავლობაში საანგარიშო თვეში (თითოეული თვისათვის) (ლიცენზიატის მიერ გაცემულ შესაბამისი თვის ქვითარში მითითებული აღრიცხვის პერიოდში) მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფსა და 2020 წელს მოქმედ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფს შორის წარმოქმნილი სხვაობის 50 პროცენტის (ორმოცდაათი პროცენტის) ოდენობით სუბსიდირება.

2. ამ წესის მოქმედება ვრცელდება იმ მეწარმე სუბიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ ამ წესის დანართის შესაბამისად განსაზღვრულ საქმიანობებს.

მუხლი 2

1. ამ წესით განსაზღვრული ნაწილობრივი სუბსიდირების მიღების მიზნით, მეწარმე სუბიექტი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით (ჰტტპს//წწწ.რეგისტრატიონ.გოვ.გე) 2021 წლის 13 იანვრიდან 27 იანვრის ჩათვლით პერიოდში ავსებს განაცხადს.

2. მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, სრულყოფილად შეავსოს ელექტრონული პლატფორმა.

3. ამ წესის დანართით განსაზღვრული ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მეწარმე სუბიექტების მიერ ელექტრონულ პლატფორმაზე განაცხადების მიღების პერიოდის დასრულებიდან 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში განაცხადებს პირველადად ამოწმებს სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და შემოწმების შედეგად უთითებს შემდეგი სახის ინფორმაციათაგან ერთ-ერთს:

ა) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;

ბ) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა არ შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;

გ) ვერ დადგინდა მეწარმე სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის სახე.

4. სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იდენტიფიცირებული მეწარმე სუბიექტები, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარედგინება უწყებათაშორის კომისიას.

5. სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების განსაზღვრიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში მეწარმე სუბიექტების მეორად შემოწმებას ახორციელებს სსიპ –შემოსავლების სამსახური და უთითებს შემდეგი სახის ინფორმაციათაგან ერთ-ერთს:

ა) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;

ბ) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა არ შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;

გ) ვერ დადგინდა მეწარმე სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის სახე.

6. სსიპ – შემოსავლების სამსახური, სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, წარმოდგენის დღისთვის მის ხელთ არსებულ მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, ამოწმებს, ახორციელებენ თუ არა მეწარმე სუბიექტები ამ წესის დანართით განსაზღვრულ ეკონომიკურ საქმიანობას.

7. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იდენტიფიცირებული მეწარმე სუბიექტები, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, წარედგინება უწყებათაშორის კომისიას.

8. სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ ამ მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად იდენტიფიცირებული მეწარმე სუბიექტების ეკონომიკური საქმიანობის სახის დამატებით შემოწმებას 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და უთითებს შემდეგი სახის ინფორმაციათაგან ერთ-ერთს:

ა) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;

ბ) მეწარმე სუბიექტის საქმიანობა არ შეესაბამება ამ წესის დანართში მოცემული ეკონომიკური საქმიანობის სახეებს;

გ) ვერ დადგინდა მეწარმე სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობის სახე.

9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად იდენტიფიცირებული მეწარმე სუბიექტები, მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარედგინება უწყებათაშორის კომისიას.

10. უწყებათაშორისი კომისია არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 თებერვლისა იხილავს სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სსიპ – შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარდგენილ მეწარმე სუბიექტთა შესახებ ინფორმაციას და ნაწილობრივი სუბსიდირების განხორციელების თაობაზე ადგენს მეწარმე სუბიექტთა სიას, რომლებიც მიიღებენ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივ სუბსიდირებას ამავე დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრულ სიას უწყებათაშორისი კომისია წარუდგენს სამინისტროს.

12. მეწარმე სუბიექტი მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების თაობაზე დადებით/უარყოფით პასუხს იღებს მის მიერ წარდგენილ მიმართვაში დაფიქსირებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე.

მუხლი 3

1. სამინისტრო, ამ დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს მიაწვდის ამ წესის შესაბამისად განსაზღვრული მეწარმე სუბიექტების სიას, რომლებიც მიიღებენ მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივ სუბსიდირებას.

2. დასაფინანსებელი თანხის ოდენობის გაანგარიშებასა და სამინისტროსათვის მიწოდებას, საკუთარი პასუხისმგებლობით, კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები. სამინისტრო არ არის უფლებამოსილი, მოახდინოს ამ მუხლის თანახმად მიწოდებული მონაცემების (ასანაზღაურებელი თანხის) სისწორის შემოწმება. წარდგენილი ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები, კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა შესაბამისად, ვალდებულნი არიან, 2021 წლის იანვრის თვეში მრიცხველის წაკითხვის შედეგად უზრუნველყონ 2020 წლის დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გამიჯვნა იმგვარად, რომ 2020 წლის დეკემბრის თვეში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური გაანგარიშებულ იქნეს 2020 წელს მოქმედი ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის შესაბამისად.

4. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატები საანგარიშგებო თვის მომდევნო თვის 19 რიცხვამდე უზრუნველყოფენ სამინისტროსთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენას შემდომი ანგარიშსწორებისათვის, მხარეთა შორის ამ დადგენილების მე-3 მუხლის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

მუხლი 4

1. მეწარმე სუბიექტებს, რომლებიც ექვემდებარებიან ნაწილობრივ სუბსიდირებას და გადახდილი აქვთ/ექნებათ 2021 წლის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური, გადახდილი თანხა აესახებათ პირად სააბონენტო ბარათზე, გარდა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. ამ დადგენილების პირველი მუხლის შესაბამისად მიღებული ნაწილობრივი სუბსიდირება არ უნდა იქნეს მიმართული მეწარმე სუბიექტის მიერ 2021 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი დავალიანებების დასაფარად.

მუხლი 5

1. მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, უარი განაცხადოს ნაწილობრივ სუბსიდირებაზე.

2. მეწარმე სუბიექტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ნაწილობრივ სუბსიდირებაზე უარის თქმის გამარტივებული პროცედურის უზრუნველყოფის მიზნით, გამოყენებული იქნება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ შემუშავებული სათანადო ელექტრონული პლატფორმა.

[/toggle]

 

[toggle title=”ამ წესის აღსრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები კი, ნახეთ აქ:“]

მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილებიდან:

მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესი და პირობები“.

მუხლი 2
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურსა (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს დაევალოთ, ხოლო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ეთხოვოს, უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
2. დადგენილებით დამტკიცებული „მეწარმე სუბიექტებისათვის ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების წესისა და პირობების“ (შემდგომში – წესი) მე-2 მუხლის აღსრულების მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე – უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე, ამავე სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილი პირები.

3. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობასა და საქმიანობის წესს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

მუხლი 3
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 3​​​​1 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდირების მიზნით, თანხის გადარიცხვა ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებისთვის არ წარმოადგენს ამ კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვას და, შესაბამისად, საანგარიშგებო თვის ელექტროენერგიის საფასურის ნაწილობრივი ანაზღაურება (სუბსიდირება) განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და შესაბამის იურიდიულ პირებს (ლიცენზიატებს) შორის წინამდებარე დადგენილების აღსრულების მიზნით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

მუხლი 4
ამ დადგენილებით განსაზღვრული 2021 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის გადასახადის ნაწილობრივი სუბსიდიის დაფინანსება განხორციელდეს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „24 07 03 − ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე ეკონომიკის ხელშეწყობის ღონისძიებების“ პროგრამული კოდით გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.

მუხლი 5
1. სამინისტროს დაევალოს ელექტრონული პლატფორმის შექმნა, მართვა და ადმინისტრირება.
2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო მომსახურების/საქონლის შესყიდვები განხორციელდეს გადაუდებელი აუცილებლობით ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​​​1 მუ­­ხ­­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ეს პუნქტი ძალაში შევიდეს სამინისტროსთვის, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვის გადაუდებელი ან/და გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შე­სა­ხებ სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენ­ტოს თანხმობით.

[/toggle]

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „თელასის“ აბონენტებს [როგორც მოსახლეობას, ასევე მეწარმე სუბიექტებს] ელექტროენერგიის გადასახადი 2021 წლის 1-ლი იანვრიდან გაუძვიდათ.

დეტალურად:

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტებს დენის გადასახადი 3,4 თეთრით გაუძვირდათ

წვიმა და თოვა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 იანვრის 21 საათიდან 14 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

სანაპირო რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 8-13 გრადუსი სითბო;

მთაში ღამით 0-3 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო;

ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით ზოგან, დღისით უმეტეს რაიონში დროგამოშვებით წვიმა, ხილვადობა 4-10 კმ, ტალღის სიმაღლე 7-12დმ(2-3ბალი),ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი.

14 და 15 იანვარს აჭარის სანაპირო/სუბტროპიკულ რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვა; 15 იანვარს დღისით, დროგამოშვებით ძლიერი.

 

აჭარაში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 13 იანვარი

13 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს 352 პაციენტი, მათ შორის მძიმე პაციენტია – 68;  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 8 პირი.

კოვიდ სასტუმროშია 314 პაციენტი, ონლაინ კლინიკაში – 636.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 132 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი არის 33 053.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 26 პაციენტი გარდაიცვალა:

1 618 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 პირი – კორონავირუსი საქართველოში

 

 

1 618 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 26 პირი – კორონავირუსი საქართველოში

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 618 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 13 იანვრის მდგომარეობით, ანალოგიურ პერიოდში გარდაიცვალა 26 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელდა 403 პირი.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  19 438 კვლევა ტესტით, მათ შორის 10 774 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 664 PCR ტესტით.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  243 255-ს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  227 611-მდე.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსს ჯამში 2 846 პირი ემსხვერპლა.

მთავრობის ინფორმაციით:

„13 იანვარს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა, აჭარა – 94, იმერეთი – 234, ქვემო ქართლი – 94, შიდა ქართლი – 103, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 126, კახეთი – 102, მცხეთა-მთიანეთი – 44, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 772, საიდანაც: 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 816 პირი, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი,

579 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 8 320 პირი კი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 496 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 243, აჭარაში – 55, ხოლო იმერეთში – 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 797 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12 989 პირი, აჭარაში – 2 166, იმერეთში – 2 349“.

მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდები 1-ელი თებერვლიდან განახლდება – მომსახურების სააგენტო

შსს-ს მომსახურების სააგენტო ყველა სერვისი, რომელიც შეზღუდული იყო, 1-ელი თებერვლიდან განაგრძობს ფუნქციონირებას.

შესაბამისად მოქალაქეები 1-ლი თებერვლიდან შეძლებენ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებზე გასვლას.

ასევე აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება.

1-ელ თებერვლამდე დროებით შეჩერებული იქნება სერვისების მიწოდება ახალქალაქისა და ამბროლაურის სერვისცენტრებში.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო,  ​მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოსთვის მიმართვა მხოლოდ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად შეუძლიათ.  ამ პროცედურების განხორციელება კი მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს არის შესაძლებელი.​

მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებთან დაკავშირებით განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით, მონაცემთა სუბიექტის მიერ, მომსახურების სააგენტოს ვებგვერდის საშუალებით (sa.gov.ge). მომსახურების ცენტრებში მზა დოკუმენტი გაიცემა განაცხადის შევსებისას მითითებულ სტრუქტურულ ერთეულში, კვირის შემდეგ დღეებში: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

 

ავარია მეჯინისწყალზე, დაშავდა 2 პირი

მეჯინისწყლის დასახლებაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, მსუბუქი ავტომანქანა მაღაზიაში შევარდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თვითმხილველმა მოაწოდა.

სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით კი, დაშავებული ორი პირი კლინიკა BMC-ში გადაიყვანეს.

ადგილზე იმყოფება პოლიციაც.

რა ხდება შარაბიძეებში, სადაც პოლიციაა მობილიზებული

შარაბიძეების დასახლებაში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, დიდი ოდენობით პოლიციაა მობილიზებული. „ბათუმელებს“ ადგილზე მოსახლეობა ეუბნება, რომ ეს გუშინ მომხდარი ინციდენტის გაგრძელებაა – გუშინ კი პოლიციას აქ მცხოვრები რევაზ შარაბიძე დაუკავებია. „მოვიდა პოლიცია, გაჩხრიკეს სახლი და სახლის უკანა მხრიდან ერთი პარკით იარაღი ამოიღეს. ოჯახი – ცოლი და შვილები გარეთ გამოყარეს, ჩხრეკას არ დაასწრეს“, – ეს არის აქ მცხოვრებთა ვერსია.

შეკრებილი ადამიანები აცხადებენ, რომ დღეს ამ ფაქტის გაპროტესტებას აპირებდა შარაბიძეების ოჯახი და მათი მეზობლები. „ალბათ ეს გაიგეს და მოვიდა პოლიცია. ქუჩის შემოსასვლელი გადაკეტეს. უნდათ, რომ აქცია არ გავმართოთ. დღეს ოთხი ბიჭი კიდევ დააკავეს“.

დაკავებულებს შორის არის რევაზ შარაბიძის შვილიც.

აქციის მონაწილეები

შს სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. შესაბამისად, რევაზ შარაბიძეს ეს ბრალდება აქვს წარდგენილი.

უწყების ინფორმაციით, დღეს გამართულ საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით სამი პირი დააკავეს.

ადიდებულმა მდინარემ წონიარისის ხიდი წაიღო – ფოტო

ქედაში, სოფელ წონიარისში, მდინარე აჭარისწყალზე გადებული ხიდი წყალმა  წაიღო. ხიდის ერთი ნაწილი ჩაინგრა და მასზე გავლა  შეუძლებელია.

“აჭარისწყალი ადიდდა და წაიღო ერთი ბოძი. ადგილზე მისულია აჭარის გზების დეპარტამენტის თანამშრომლებიც. სოფლები გარესამყაროს  არაა მოწყვეტილი, შემოვლითი გზით შეუძლია მოსახლეობას სარგებლობა,” – უთხრა “ბათუმელებს” ქედის მერმა,  ლევან გორგილაძემ.

მერის ინფორმაციით, ადიდებულმა მდინარემ,  კიდევ ერთ ადგილას შექმნა პრობლემები. ე.წ. ჭადრებთან ელექტრო ბოძი წაიღო და ამჟამად მისი აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

წონიარისის ხიდი ადიდებულმა აჭარისწყალმა დააზიანა

კორონავირუსის 1 857 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი – 12 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 857 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი.  ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 993 პირი და ჩატარდა 17 795 კვლევა – მათ შორის 11 934 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 861 PCR ტესტით.

1 857 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა

  • აჭარა – 97
  • იმერეთი – 334
  • ქვემო ქართლი – 143
  • შიდა ქართლი – 113
  • გურია – 30
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 158
  • კახეთი – 147
  • მცხეთა-მთიანეთი – 41
  • სამცხე-ჯავახეთი – 29
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11

საქართველოში 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის 241 637 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 227 208 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 820 გარდაიცვალა.

კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა აჭარაში, 2 გარდაცვლილი – 12 იანვარი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 2 პაციენტი. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 95 პაციენტი და დღემდე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 32 921-ია.

რეგიონში მდებარე კლინიკებში კრიტიკულად (მართვით სუნთქვიაზე) იმყოფება 10 პაციენტი. კლინიკებში მკურნალობს 358 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 295 და სახლში მკურნალობს 643 ადამიანი.

ბათუმში პოლიციამ დააჯარიმა კოვიდინფიცირებული პირი, რომელიც ქუჩაში გადაადგილდებოდა

ბათუმში 2000 ლარით დააჯარიმეს კოვიდინფიცირებული, რომელიც ქუჩაში საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა.

შსს-ს პრესცენტრის ცნობით, კოვიდინფიცირებული მოქალაქე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

„ტ.ტ.-ს, 2021 წლის 4 იანვარს ჩატარებული ტესტირების შედეგად, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების ფაქტი დაუდგინდა, რის გამოც სპეციალისტების მიერ მის მიმართ თვითიზოლაციის რეკომენდაცია გაიცა. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქემ თვითნებურად დატოვა იზოლაციის ადგილი,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

პოლიციამ კოვიდინფიცირებული მოქალაქე დაჯარიმების შემდეგ ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში გადაიყვანა.

ხმა ბათუმის მესამე დაწესებულებიდან – „4 კაცი ვშიმშილობთ“ [ვიდეო]

„ოთხი კაცი ვშიმშილობთ“, – ისმის ვიდეო ჩანაწერში, რომელიც დღეს უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ გაავრცელა. ის და პატიმრების ოჯახის წევრები დღეს ბათუმის მესამე დაწესებულებასთან საპროტესტო აქციას მართავდნენ, ამნისტიის კანონის დამტკიცებამდე.

„მე შევთავაზე ოჯახის წევრებს, რომ სხვა კუთხიდან მივსულიყავით შენობასთან. სწორედ მაშინ დაგვიძახეს, რომ ცუდად არიან, შიმშილობენ და არავინ ყურადღებას არ აქცევთ“, – აცხადებს თამაზ ბაკურიძე.

იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სამსახურში „ბათუმელებს“ დაუდასტურეს ინფორმაცია პატიმრების შიმშილობის შესახებ. უწყების თქმით, ბათუმის მესამე დაწესებულებაში 7 იანვრის შემდეგ შიმშილობს არა ოთხი, არამედ ხუთი პატიმარი. ქუთაისის დაწესებულებაში 6 პირი შიმშილობდა და დღეს ოთხმა შეწყვიტა შიმშილობა. ასევ 4 ქალი პატიმარი შიმშილობს რუსთავის ქალთა დაწესებულებაში.

საქმე იმაშია, რომ დღეს, 11 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ.

პატიმრები სხვადასხვა დაწესებულებაში ამნისტიის მოთხოვნით შიმშილობენ. დღეს დილიდან კი, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში პატიმართა ახლობლები მართავდნენ აქციებს პატიმართა ამნისტიის უფრო გაფართოების შესახებ და მოითხოვდნენ ყველა მსჯავრდებულისთვის სასჯელის ერთი მეოთხედის შემცირებას.

სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა 18 იანვარიდან განახლდება

საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 18 იანვარს განახლდება. ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის არდადეგები სკოლებში 15 იანვრამდე გრძელდება. თუმცა სკოლები არც მომდევნო 16, 17 იანვარს იმუშავებს [შაბათ-კვირას]. შესაბამისად, სწავლის დაწყების თარიღი გადაიწევს 18 იანვრამდე.

ჯერ უცნობია, სად, როგორ და რა ფორმით განახლდება სწავლა.

ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ აჭარის რეგიონში მთლიანად და საქართველოს დიდ ქალაქებში – თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში სწავლა ისევ ონლაინ იქნება.

მეტი დეტალი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განათლების მინისტრს მოუსმენს.

რიგები მანდარინის მიმღებ ქარხანასთან ქობულეთში – ფოტო

ქობულეთში, მანდარინის მიმღებ ქარხანასთან მანდარინით დატვირთული ავტომანქანების რიგები დგას. ფერმერებს არასტანდარტული მანდარინის ჩასაბარებლად რამდენიმე დღის განმავლობაში უწევთ რიგში დგომა. წელს ქობულეთში მანდარინს მხოლოდ ერთი ქარხანა Georgian Industrial Asset Management Group იღებს. ერთი კილოგრამი არასტანდარტული მანდარინი 20 თეთრი ღირს. აქედან 10 თეთრს ქარხანა იხდის, 10 თეთრი კი სახელმწიფოს სუბსიდიაა.

მანდარინით დატვირთული მანქანები ქარხნის წინ.

ერთ-ერთი მოქალაქის თქმით, მანდარინით დატვირთული მისი მანქანა საწარმოსთან 5 იანვრის შემდეგ დგას და მხოლოდ დღეს შეიყვანა ქარხნის ტერიტორიაზე. ის ამბობს, რომ ამდენი ხნით დაყოვნება აფუჭებს მანდარინს. გარდა ამისა, კომენდანტის საათის გამო, სოფლიდან ქარხანაში ყოველ დღეს მისვლა ჭირს.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სულხან მოწყობილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მანქანების რიგი ქარხნის წინ ჩვეულებრივი მოვლენაა და ამაში საგანგაშო არაფერია. თუმცა, ის ირწმუნება, რომ მანქანებს 5-6 დღით დაყოვნება ქარხანასთან არ უწევთ. 

„რიგი უწყვეტ მდგომარეობაშია ქარხანასთან და ეს არის სამუშაო რეჟიმი. რიგი უნდა იყოს ჩვეულებრივად, რომ ქარხანამ იმუშაოს. ქარხანას ხომ თავისი წარმადობა აქვს. ამ წარმადობის მიხედვით, ქარხანა ამუშავებს 300 ტონა მანდარინს დღე-ღამის განმავლობაში. თუ ეს მანდარინი ადგილზე არ მივიდა და რაღაც კონკრეტული, პატარა რიგი მაინც არ გაკეთდა, ქარხანა არ იმუშავებს. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა,“ – ამბობს ის.

მანქანების რიგი ქარხნის წინ

ვის შეხვდება მოტობლოკები, ნერგები, სკა – სამინისტრო პროგრამას თებერვლიდან იწყებს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზუსტად 1 მილიონ ლარს დახარჯავს პროგრამაზე, რომელსაც საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა ჰქვია. ამ პროგრამის ფარგლებში, სოფლად მცხოვრებ ფერმერებს შეეძლებათ მოითხოვონ ნერგები, ტექნიკური აღჭურვილობა, სკა… მოკლედ, ის ყველაფერი, რაც საკუთარი მეურნეობის განვითარებისთვის სჭირდებათ. ფერმერმა ეს საჭიროება სამინისტროს უნდა დაუსაბუთოს. როგორ შეიძლება პროგრამაში ჩართვა? – „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე პასუხობს.

  • ბატონო გიორგი, რა შეიცვალა სამინისტროს ყველაზე ფართო პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებდა სათბურების, ნერგების, მოტობლოკების, თუ სხვა ტექნიკის გაცემას ფერმერებზე?

აქამდე ჩვენ გავცემდით ნერგებს, მოტობლოკებს, შესაწამლ აპარატებს, ფერმერული მეურნეობისა და ფერმერების მხარდასაჭერად. ახლა ჩვენ გავაერთიანეთ ეს პროგრამები ერთი ქოლგის ქვეშ და მას ჰქვია საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამა.

აქამდე მოდელი იყო ასეთი – ჩვენ ვყიდულობდით ნერგებს, სათბურებს… ტენდერებით და ვანაწილებდით ბენეფიციარებზე. ახლა თვითონ ფერმერი მოითხოვს რა უნდა – ჩვენ ვთვლით, რომ ფერმერისგან, ანუ ქვემოდან ზემოთ წამოსული საჭიროებები იქნება უფრო სწორი.

აქამდე, ვინმეს თუ უნდოდა მეფუტკრეობის ან სასათბურე მეურნეობის განვითარება, ჩვენ პროგრამაში თუ გვქონდა [ეს მიმართულება] მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ თუ არ გვქონდა, ვერ ღებულობდა. ახლა უკვე კონკრეტული დაინტერესებული ფერმერი თვითონ გადაწყვეტს, რა მოითხოვოს 40 ათასი ლარის ფარგლებში, ქვედა ზღვარი არის 500 ლარი. ამ თანხის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია დავაფინანსოთ საოჯახო მეურნეობა. ამ პროგრამაში შეიძლება ფერმერმა მოითხოვს ის, რაც მას სჭირდება, ტექნიკა, ნერგი თუ სხვა რამ.

აქვე შემოდის მეფუტკრეობაც. ეს პროგრამა იძლევა საშუალებას, რომ მეფუტკრემაც შემოიტანოს განაცხადი საჭიროების მიხედვით. მეფუტკრე იქნება, მეფრინველე თუ ხილის მწარმოებელი, იმაზე დაწერს განაცხადს.

ეს არის ახალი პროგრამა, რომელიც მოიცავს აქამდე არსებულ პროგრამების ერთი ქოლგის ქვეშ და ექნება პროექტის სახე.

ანუ ამ პროგრამის ფარგლებში ფერმერს შეუძლია ნებისმიერი ტექნიკის, ნერგის ან სხვა საშუალების მოთხოვნა, რაც საჭიროა საოჯახო მეურნეობის განვითარებისთვის.

  • რა არის საჭირო პროგრამაში ჩართვისთვის? 

პროგრამაში ჩართვის მიზნით ფერმერმა უნდა შემოიტანოს განაცხადი. პროგრამას ეყოლება თავისი ექსპერტები, რომლებიც დაეხმარებიან ფერმერებს განცხადებების სწორად შევსებაში. მერე კომისიური წესით შეფასდება [განცხადება] და მერე გამარჯვებული პროექტები დაფინანსდება. ჩვენ გავშალეთ პროგრამა,

პროგრამის მიხედვით, ფერმერს შეუძლია 40 ათასი ლარის ფარგლებში მოითხოვს დაფინანსება და თავისი დაფინანსების 20 %-ი უნდა გადაიხადოს თვითონ.

  • მოთხოვნები წესით იქნება მრავალფეროვანი. ეს ხომ არ გამოიწვევს ადმინისტრირების კუთხით ქაოსს, როგორ წარმოგიდგენიათ ამის ადმინისტრირება?

ჩვენ ახლა ვმუშაობთ განაცხადის მიღების, დამტკიცებ-განხორციელების წესზე. უკვე 18-დან, როცა გამოვალთ, ეს წესი ალბათ მზად გვექნება და გავაცნობთ მოსახლეობას.

ვფიქრობ, ქაოსს არ გამოიწვევს, რადგან კომისია იმუშავებს განაცხადების მიღებაზე. ადრე სამინისტრო წყვეტდა – მოცვის ნერგი თუ კაკლის ნერგი… მაგრამ შეიძლება ფერმერს სჭირდებოდა მარწყვის ნერგი. ახალი წესით შეუძლია მოითხოვოს, როგორც ვაშლის და მსხლის ნერგი, ისე მარწყვის ნერგი.

ჩვენ ამბიცია გვაქვს, რომ გავიზარდოთ და წინ წავიდეთ. თუ იმის შეგვეშინდება, რომ რაღაც პროგრამას ვერ განვახორციელებთ, მაშინ არც ერთი პროექტი არ უნდა განახორციელო. მე არ ვფიქრობ, რომ ადმინისტრირების პრობლემა იქნება. ეს ჩვენ მოგვცემს უფრო დაბალანსებულ და გათვლილ წარმოებას და სამომავლოდ ზუსტად გვეცოდინება, რომ ამ პროექტით დაფინანსებულ ფერმერს ექნება საოჯახო მეურნეობა, რომელიც მარტო ნერგებს კი არ წაიღებს, დამხმარე საშუალებასაც აიღებს. ფერმერმა თუ მოითხოვა მარტო ნერგი და ჩვენ პროექტში ვხედავდეთ, რომ მას არ აქვს დავუშვათ კაკლის წვეთოვანი სისტემა და ეს სჭირდება, რაც არ უნდა თავიდანვე რეკომენდებული პროექტი იყოს, შეიძლება ეს პროექტი არც დავაფინანსოთ. თუ კი ვხედავთ, რომ მოთხოვნილი დასაფინანსებელი პროექტი არ არის სწორად დათვლილი და თუ არ გაიზიარებს ჩვენს რეკომენდაციების, რომელიც მეცნიერულად იქნება დამტკიცებული, შესაბამისად, ასეთ პროექტი არ დაფინანსდება.

  • თუ იქნება მოთხოვნა, შეიძლება პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდოს?

ბიუჯეტი 10 მილიონიც რომ იყოს, შეიძლება პროგრამას არც ეს ეყოს. პროექტს ყოველთვის აქვს ზედა ზღვარი, რამდენიც არ უნდა იყოს ბიუჯეტი, ვიღაც ყოველთვის იქნება, ვინც ვერ მიიღებს. საუკეთესო პროექტები დაფინანსდება. რაც რეგიონისთვის პრიორიტეტულია და რაც უფრო წარმატებისკენ მიმართული პროექტი იქნება, იმას დავაფინანსებთ.

  • როდის გამოაცხადებთ კონკურსი?

ვფიქრობთ, სადღაც თებერვლის თვიდან დავიწყებთ პროექტების გაცნობას მუნიციპალიტეტებში… წინა წლებში განაცხადების ფანჯარა არ გვქონდა განსაზღვრული. ფერმერს მთელი წლის განმავლობაში შეეძლო განაცხადის წარდგენა. წელს მივდივართ სხვა გზით, როგორც საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს, ამ მოდელით წავალთ. წინასწარ დავაანონსებთ პროგრამას, სადაც ვიტყვით, რა რიცხვიდან რა რიცხვამდე იქნება ფანჯარა. დაახლოებით ერთთვიანი ფანჯარა იქნება განაცხადის მიღებისა და შემდეგ ეს ფანჯარა დაიხურება.

ამ განაცხადებს განიხილავს შესაბამისი კომისია. შემდეგ იქნება დაფინანსების ეტაპი. კომისიაში იქნება პროგრამის განმახორციელებელი, სამინისტროს წარმომადგენელი და არასამთავრობო სექტორიც.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გიორგი სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი

კორონავირუსის ვაქცინის შესანახი მაცივარი 3 ქალაქში გვაქვს – ჯანდაცვის სამინისტრო

„ჩინური ვაქცინის შემოტანა არ განიხილება,“ – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დამთავრების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის  სამინისტრო ამ ეტაპზე განიხილავს მხოლო პფაიზერის ვაქცინას, მოდერნას და ასტრაზენეკას.

„რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ მზაობას, დღესაც რომ გვქონდეს პფაიზერის ვაქცინა, სამ ქალაქში – თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არის ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები, – 80 გრადუსზე ტემპერატურის მქონე მაცივრები, სადაც შესაძლებელია ამ ვაქცინების შენახვა.

მაცივარი, რომელიც კულტურების შესანახად გამოიყენებოდა არის ლუგარის ლაბორატორიის ცენტრალურ ოფისში და მის ფილიალებში, ასევე არის ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, რადგან ეს ლაბორატორიები არის მაღალტექნოლოგიური. პრობლემა ეს არ არის და არც ძვირი არ ღირს ეს მაცივრები იმდენად, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ შესყიდვა მოკლე ვადაში და ამ მიმართულებითაც მოკვლევა დაწყებულია. წინასწარი მონაცემებით დაახლოებით 23 ათასი დოლარი ღირს ერთი მაცივარი. დამატება თუ დაგვჭირდა ამასაც შევიძენთ,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თებერვლამდე ისევ შეზღუდული იქნება ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები პირველ თებერვლამდე შენარჩუნდება. აქამდე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, 16 იანვრიდან შეზღუდვების გაუქმებას აპირებდნენ და ეს ასევე შეეხებოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც.

მინისტრ ნათია თურნავას თქმით, შეზღუდვები ძალაში დარჩება, მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის.

„მივიღეთ დღეს გადაწყვეტილება, რომ პირველ თებერვლამდე შევინარჩუნოთ ის რეჟიმი, რაც დღეს არსებობს წერტილოვანი შეზღუდვების. ჩვენი ამონაცანაა, რომ დარჩენილი 2-3 კვირა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს ბიზნესთან და მოვემზადოთ უფრო უსაფრთხო გახსნითვის, თუნდაც, იგივე ვაჭრობის სექტორს რაც შეეხება, ან საზოგადოებრივ ტრანსპორტს,“ – ამბპობს თურნავა.

მინისტრი განმარტავს, რომ ბაზრობები და მუნიციპალური ტრანსპორტი – „ორი საკმაოდ სენსიტიური თემაა და ეს არის ჩვენი პრიორიტეტი“.

„ამ მიმართულებით ვმართავთ გადაუდებელ შეხვედრებს, რომ ახალი სტანდარტი შემოვიღოთ და თებერვლიდან შევძლოთ, რომ შემსუბუქება რეალისტური იყოს და არ დააზიანოს ეპივითარება,“ – ამბობს თურნავა.

შეზღუდვების შესახებ დეტალურად წაიკითხეთ:

მთავრობამ ახალი შეზღუდვების ჩამონათვალი გამოაქვეყნა

ვის მიწას დახნავენ და დაფარცხავენ აჭარაში

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის, გიორგი სურმანიძის ინფორმაციით, 2021 წლის გაზაფხულიდან აჭარაში ისევ ამოქმედდება მიწის დახვნის სახელმწიფო პროგრამა. პროგრამის ბიუჯეტი, გასულ წელთან შედარებით, თითქმის 150 ათასი ლარით არის გაზრდილი.

გიორგი სურმანიძე: ჩვენ ამ ნაწილში ბიუჯეტი გავზარდეთ. წინა წელს განხორციელებული პროგრამა თავიდან არ იყო დაგეგმილი და პანდემიის პიროებებში იქნა გადაწყვეტილება მიღებული.

ახლა, როდესაც ვუყურებ ციფრებს, საკმაოდ კარგი პროგრამა იყო და ამიტომაც გადაწყდა ამ პროგრამის დატოვება და ბიუჯეტის გაზრდაც – შარშან იყო 360 ათასი ლარი და წელს 500 ათასზე ცოტა მეტია.

ხვნა იქნება მთელი აჭარის მასშტაბით და დაბლობებში იქნება ფარცხვაც – ქობულეთში და ხელვაჩაურში. პროექტს აგროწესების დაცვით დავიწყებთ, თებერვალში ტენდერი გამოცხადდება [შარშან პირდაპირი იყო, რადგან დრო იყო ცოტა].

შარშან დაიხნა 1 500 ჰექტარი, წელს მობილიზებული გვაქვს თანხა 2 000 ჰექტარისთვის. თუ მეტი იქნება მოთხოვნა და აგროვადებში განხორციელდება პროგრამა, დავხნავთ მეტსაც. არის შემთხვევები, როცა აგროვადები გასულია და მერე ითხოვს ფერმერი დახვნა-დაფარცხვას. ჩვენ ვერ განვახორციელებთ ისეთ ქმედებას, რაც აგროვადებთან არ არის შესაბამისობაში. ეს საკითხი იქნება დარეგულირებული.

კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა აჭარაში – 11 იანვარი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება მთლიანად ქვეყანას 11 იანვარს ვირუსის ახლადდადასტურებული შემთხვევა 551-ია.

აჭარის რეგიონში გასულ 24 საათში გამოჯანმრთელდა  100 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულთა ოდენობა კი 32 826-ია. კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა,

  • აჭარა – 62
  • იმერეთი – 84
  • ქვემო ქართლი – 24
  • შიდა ქართლი – 14
  • გურია – 13
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48
  • კახეთი – 41
  • მცხეთა-მთიანეთი – 41
  • სამცხე-ჯავახეთი – 23
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5

11 იანვრის მონაცემებით აჭარაში მდებარე კლინიკებში მკურნალობს 363 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში – 278 ხოლო ბინაზე 670.

კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი – 11 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი. ასევე ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 880  პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა  226 215-მდე.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 7 898 კვლევა ტესტით, მათ შორის, 4 371 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 527 PCR ტესტით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს  239 780-ს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 2 796 პირი ემსხვერპლა.

კორონავირუსის 551 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება: თბილისში გამოვლენილია 196 შემთხვევა, აჭარა – 62, იმერეთი – 84, ქვემო ქართლი – 24, შიდა ქართლი – 14, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 48, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 743, საიდანაც 3 929 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 506 ადამიანი.

ივანიშვილის თქმით, ის პოლიტიკიდან მიდის

პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის.

„მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები,“ – წერს ივანიშვილი ვრცელ წერილში, რომელსაც პარტია ავრცელებს.

———————————————————————————————————

ივანიშვილის წერილს “ბათუმელები” სრულად გთავაზობთ:

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წელი გავიდა. ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა – სამართლიანი და თანასწორი არჩევნების პირობებში მმართველმა პარტიამ ხალხისგან მესამე ვადით მართვის მანდატის მიღება შეძლო.

ეს გამარჯვება ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ყველაზე ნათელი, მკაფიო და უდავო აღიარებაა და სწორედ ეს გამარჯვება ჩაუყრის საფუძველს ახალ ეტაპს საქართველოს ისტორიაში.
ჩემი შეფასებით, უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნები ისტორიული მნიშვნელობისაა. ამ არჩევნებმა ყველაზე ნათლად აჩვენა, რომ დასრულდა ადამიანების გრძნობებით მანიპულირებისა და ხალხის ნების სხვადასხვა გზით შეცვლის მრავალწლიანი პრაქტიკა. ამ დამანგრეველმა პრაქტიკამ, რომელიც, გულწრფელად მწამს, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა, ჩვენი სამშობლო ლამის უფსკრულში გადაჩეხა. ამ არჩევნებმა ნათლად გამოაჩინა დემოკრატიის მიმართ ქართული საზოგადოების სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, კონსოლიდაციის, რაციონალური და კრიტიკული აზროვნების უნარი. ჩვენმა საზოგადოებამ გაუძლო უპრეცედენტო საინფორმაციო სიყალბესა და ქაოსს და არჩევანი გააკეთა პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომელიც არასოდეს უღალატებს იმ ღირებულებებს, რომლებმაც 2012 წელს გააერთიანა და შეაკავშირა ჩვენი ერის უდიდესი ნაწილი. ხალხმა საბოლოოდ ირწმუნა, რომ თავად არის საკუთარი მომავლის შემქმნელი, რომ ხელისუფლება მის ხელშია და მან უნდა მიიღოს ქვეყნის განვითარებასა და წინსვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებაც. ამიტომაც, განვლილი წლების ურთულესი პოლიტიკური პროცესების მთავარი გამარჯვებული არა რომელიმე პოლიტიკური პარტია, არამედ საზოგადოებაა, რომლის სიმწიფე და მდგრადობა ქვეყნის მომავლის ყველაზე მყარი საფუძველია.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო იმჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან ორგანიზებული ერთ-ერთი ყველაზე უხეში ფალსიფიკაციის, ადამიანების დაშინების, მოსყიდვისა და პოლიტიკური ოპონენტების შევიწროების კლასიკური ნიმუში. დღეს, ზოგიერთები ურცხვად თავს იწონებენ, რომ თურმე მაშინ ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება მოხდა, რაც, როგორც ყოველთვის, სიცრუე და ცინიზმია. სინამდვილეში, 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ომში გაიმარჯვა და იძულებით, საკუთარი მომხრეების სიმრავლით და დემოკრატიული გზით დაათმობინა მოძალადე მმართველ გუნდს წლების განმავლობაში მიტაცებული ხელისუფლება. ახლა მდგომარეობა არსებითად შეიცვალა – „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ ორჯერ მოიპოვა დამაჯერებელი უპირატესობა დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევნებში, რაც მკაფიოდ და უდავოდ ადასტურებს ჩვენს ხელწერას. დღევანდელი მმართველი გუნდისთვის უცხოა ხელისუფლების შენარჩუნების ცდუნების გამო, ხალხის ღირსებისა და მათი არჩევანის შებღალვა. ჩვენ არასდროს გადავუხვევთ დემოკრატიისა და თავისუფლების გზას, რაც ბრძენმა ქართულმა საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა და კიდევ ერთხელ დაგვდო ხელისუფლებაში ყოფნის პატივი.
ამრიგად, თუ ობიექტურად გავაანალიზებთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო წარმატებას, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ის მოსალოდნელი და ლოგიკურია. მმართველი გუნდი დღეს არსებულ პოლიტიკურ აქტორებს შორის ყველა ნიშნით მართლაც საუკეთესო და უალტერნატივოა.

დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებით დაკომპლექტებულ გუნდს შეუძლია ჩემი შრომის, ავტორიტეტისა და უნარების ღირსეულად ჩანაცვლება.
ამიტომაც, ვთვლი, რომ ჩემი მისია შესრულებულია. მივიღე გადაწყვეტილება, საბოლოოდ დავტოვო პოლიტიკა და სრულად ჩამოვცილდე მართვის სადავეებს. მე ვტოვებ როგორც პარტიის თავმჯდომარის პოსტს, ისე საკუთრივ პარტიასაც და ჩემს 2011 წლამდელ, კერძო ცხოვრების წესს ვუბრუნდები.

სულ რამდენიმე კვირაში სამოცდახუთი წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას. ახალგაზრდების წინ წამოწევით ნაკარნახევი ჩემი ეს ნაბიჯი არა მარტო არ შეასუსტებს, არამედ, მჯერა, კიდევ უფრო გააძლიერებს, სიცოცხლისუნარიანსა და მოტივირებულს გახდის მმართველ პარტიას, გაამხნევებს ჩვენს მომხრეებს და უფრო ენერგიულს გახდის ხელისუფლებას.

პოლიტიკიდან მივდივარ ამაყი, გამარჯვებული და ხალხის მადლიერი. ხალხმა შეძლო იმ ძალისხმევის დანახვა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე გავწიე. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ასევე შეაფასებს ჩემს დღევანდელ ნაბიჯსაც, რომელიც იმავე ინტერესებითაა ნაკარნახევი, რისთვისაც მე პოლიტიკაში მოვედი.
როდესაც ჩნდება კითხვა, თუ რატომ აირჩია ხალხმა „ქართული ოცნება“ 2020 წელსაც, პასუხი მარტივია. შევხედოთ, რა იყო ქვეყნისთვის წინამორბედი ხელისუფლების ცხრაწლიანი მმართველობის შედეგი და რას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში ყოფნის რვა წლის განმავლობაში. სწორედ ახლა გვაქვს საშუალება ამოვიდეთ ყოველდღიური, ფრაგმენტირებული საინფორმაციო ამბებიდან და განვლილი ხანგრძლივი პერიოდის მთლიან სურათს დავაკვირდეთ.
არ დავმალავ და გულახდილად გეტყვით – ნამდვილად არ მინდოდა, ეს წერილი მძიმე შეფასებებით დამეტვირთა, რადგან ქართული წესით, წამსვლელი კაცი მხოლოდ მადლობას იხდის და დამრჩენს სიკეთეს უსურვებს. ეს წესი, ღვინის სამშობლოში, ქართული სუფრის განუმეორებელმა ტრადიციამ დაამკვიდრა, რომელიც, როგორც არაერთხელ ვთქვი, ყველაზე ნათლად გადმოსცემს ქართველი კაცის ყოფითი ცხოვრების არსს და ფილოსოფიას. არც მე მინდოდა ამ ეტიკეტის დარღვევა, მაგრამ ქართული სუფრისგან განსხვავებით, ქართულ პოლიტიკაში თითოეული ჩვენი მოქალაქის აწმყო და მისი მომავალი წყდება. ამიტომაც მიმაჩნია, რომ არ მაქვს უფლება, თვალი დავხუჭო და გვერდი ავუარო ჩვენი საერთო წარსულის ობიექტურ შეფასებას.

შესაძლოა, ზოგიერთმა ჩათვალოს, რომ დღევანდელი ჩემი წერილი მეტისმეტად კრიტიკულია, მაგრამ ჩემი მხრიდან უადგილო და ყალბი იქნებოდა ჩვენი უახლოესი წარსულის შეფასებისთვის თავის არიდება.

დიახ, ჩვენ მოგვიწია ბოროტებასთან შეჯახება, რომელსაც რამდენიმე ადამიანი ცხრა წლის განმავლობაში მეთოდურად აშენებდა და ამყარებდა. დღეს ეს ბოროტება მნიშვნელოვნად შესუსტებულია, თუმცა მისი მავნე ზემოქმედება, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ იგრძნობა და მის მთავარ შემაკავებელ ძალად კვლავ „ქართული ოცნება“ რჩება. ეს ის რეალობაა, რომლის გაუთვალისწინებლად შეუძლებელია სრულფასოვანი პოლიტიკური შეფასება.

რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ცხრაწლიანი „მოღვაწეობის“ შედეგი, – ეს იყო ავტორიტარიზმი, საკუთარი თავის გაფეტიშება, შიშსა და წამებაზე დაფუძნებული დიქტატურა, მიტაცებული საჯარო სივრცე და ცრუ პროპაგანდა, პირადი ძალაუფლების გამყარების და უვადოდ გახანგრძლივების მცდელობა. მხოლოდ ეს იყო მიზანი, რის გამოც შეიცვალა კონსტიტუცია და ქვეყანა ფსევდოსაპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა. აღარაფერს ვამბობ ომის ტრაგედიასა და დევნილებზე, დაკარგულ ტერიტორიებსა და რუსულ ოკუპაციაზე, რაც კიდევ უფრო დამძიმებულ მემკვიდრეობად დაგვრჩა.

რა არის „ქართული ოცნების“ მმართველობის რვა წლის შედეგი, – ეს გახლავთ მშვიდობა, ღია და პლურალისტული დემოკრატია გახსნილი საჯარო და საინფორმაციო სივრცით, საკონსტიტუციო რეფორმით განმტკიცებული საპარლამენტო მმართველობა, ხელისუფალის გაფეტიშების მიუღებლობა, ინსტიტუციურად დაბალანსებული ხელისუფლება, პოლიტიკისაგან გამიჯნული მართლმსაჯულება და საჯარო ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა და მის წინაშე თანასწორობა, სამართლიანი არჩევნების პრაქტიკის დამყარება, დაბოლოს, პოლიტიკიდან დროული წასვლა იმ მიზეზთა გამო, რასაც ეს წერილი ეძღვნება. კარგად ვიცი, რა კუდებს გამოაბამს ოპოზიცია ჩემს ყოველ სიტყვას და, ამის მიუხედავად, მაინც ვიტყვი სათქმელს ყველა ნორმალური და მოაზროვნე მკითხველისთვის. დანარჩენებისთვის, – ცხოვრება გამოაჩენს…

  • პოლიტიკაში შემოსვლის მიზანი და ამოცანები

2011 წელს პოლიტიკაში ჩემი მოსვლის მიზანი იყო ორი ამოცანის შესრულება:
1) მიხეილ სააკაშვილის ძალადობრივი, არაჰუმანური და არადემოკრატიული რეჟიმის არჩევნების გზით დასრულება, რადგან ჩემი უშუალო მონაწილეობის გარეშე იმდროინდელ ოპოზიციას არ ჰქონდა ხელისუფლების შეცვლის არანაირი რესურსი;
2) ქართველი ხალხის მიერ არჩეული ევრო-ატლანტიკური კურსით ქვეყნის შეუფერხებელი სვლა, რადგან სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნას და, მით უმეტეს, ხელისუფლების შენარჩუნებას, საზოგადოება აღიქვამდა მისდამი დასავლეთის მხარდაჭერად. ეს ავტომატურად განაპირობებდა მკვეთრ აგრესიას ქვეყნის დასავლური ორიენტაციისადმი. სწორედ ამან შექმნა საქართველოს საპირისპირო ორბიტაზე გადანაცვლების საშიშროება. ამავე დროს, დასავლეთისთვის სულ უფრო ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელიც კი ხდებოდა დემოკრატიის ფასადს ამოფარებული დიქტატურის მხარდაჭერა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტვირთი ჩვენს დასავლელ პარტნიორებს „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური სუბიექტის, დაბადებამ და გამარჯვებამ ჩამოხსნა.

შედეგად, ორივე ამოცანა წარმატებით დაგვირგვინდა – მოძალადე რეჟიმი უსისხლოდ, არჩევნების გზით ჩამოვაშორეთ ხელისუფლებას და საფუძველი ჩავუყარეთ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების რვაწლიან პერიოდს.

  •  რეტროსპექტივა

რაკი რვაწლიანი პერიოდის შეფასება განვიზრახე, ამ კონტექსტში მინდა შემოგთავაზოთ ამონარიდები ჩემი პირველი წერილიდან, რომელიც 2011 წლის 7 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ამ ნაბიჯით მოვედი პოლიტიკაში და უაღრესად რთულ და საშიშ გარემოში თითქმის ნულიდან დავიწყე ყველაფრის შენება. წერილში შემონახულია იმ კატასტროფული ვითარების შეფასებაც, რაშიც საქართველო იმ დროს ცხოვრობდა. თუმცა, ვნახოთ, რას ვწერდი მაშინ, 9 წლის წინ, მიზნებთან დაკავშირებით:
„გადავწყვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წელი, პირადად გავუწიო კოორდინაცია შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს:
• ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით მოვახდინოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგება.
• გავარკვიოთ და ხალხთან ერთად შევიმუშაოთ ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელი, მოვახდინოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ მომავალში არათუ საშუალება, სურვილიც კი არ გაუჩნდეს ვინმეს, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავს მოარგოს.
• პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მივიღო ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და პასუხისმგებლობა ვიკისრო მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას ისეთი მასშტაბის ელიტარული კორუფცია, რომელშიც სააკაშვილის ახლანდელი მთავრობის მაღალი ეშელონებია ჩაფლული.
• დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და იგი შეუქცევად პროცესამდე მივიყვანოთ.
• პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა.
• შევქმნათ რეალურად საინტერესო საინვესტიციო გარემო და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად, საფუძველი ჩავუყაროთ ქვეყანაში ბიზნესის აღორძინებას.
• ბოლომდე მივიყვანო დაწყებული პირველი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის აღორძინებას ეხება და რეალობას დავუახლოო მეორე პროექტი – ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისა და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ.
• დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.
• გავაღრმაოთ აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობა და ინტეგრაცია…”
„…პრობლემა პრეზიდენტებში კი არა, საზოგადოებაშია. უნდა ვაღიაროთ, რომ უძველესი კულტურის საზოგადოება დღეს პოლიტიკური კულტურის ნაკლებობას განიცდის.”
„ჩვენ, საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა ავირჩიოთ და უფრო მნიშვნელოვანი – როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფოს მეთაური და მისი მთავრობა”.
„უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოების ის კრიტიკული მასა, …რომელსაც ნებისმიერმა მთავრობამ ანგარიში უნდა გაუწიოს”.
ჩემ მიერ დეკლარირებული თითქმის ყველა მიზანი, სტრატეგიულ დონეზე, მიღწეულია. ცხადია, განვლილ პერიოდში ცხოვრებამ კორექტივები შეიტანა, ყველაფერს არ ეყო ორი-სამი წელი, ზოგი რამ ვერ დაიძრა მკვდარი წერტილიდან. ასეთია, მაგალითად, ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა – ყველაზე მძიმე მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებისგან გვერგო. სტრატეგიული მიზნების მისაღწევად იცვლებოდა ტაქტიკური ამოცანებიც. თუმცა ახლა, როცა მმართველობის ორი ვადაა გასული, შედეგის შეჯამების დროს ხალხისთვის თვალის გასწორების უფლება ჩვენს ხელისუფლებას ნამდვილად აქვს.

  • საიდან დავიწყეთ 

2011 წლის შემოდგომისთვის ქვეყანაში იყო უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება. ოპოზიცია ძალაგამოცლილი და თითქმის განადგურებული იყო – ბოლო პოლიტიკური ერთობა ოპოზიციური „რვიანის“, შემდეგ კი, „ექვსიანის“ სახით, საბოლოოდ იყო დაშლილი.
ყველას გახსოვთ, რა მდგომარეობაში იყო მედია, – სახელისუფლებო პარტიას მიტაცებული ჰქონდა და სრულად აკონტროლებდა სამივე ეროვნულ მაუწყებელს (იმედს, რუსთავი 2-ს და საზოგადოებრივ მაუწყებელს). პარტიის ლიდერები საკუთარი დღის წესრიგით მართავდნენ საინფორმაციო ველს, ისინი ადგენდნენ ახალი ამბების თანმიმდევრობას და ხშირად პირადად წერდნენ ახალი ამბების ტექსტებსაც კი! ჩართული იყო ერთიანი პროპაგანდის მანქანა, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა ადამიანთა შეხედულებებზე გავლენის მოხდენას. წლები დასჭირდა მიტაცებულ არხებზე სამართლიანობის აღდგენას, თუმცა, სამწუხაროდ, სიცრუის მანქანა დღესაც მუშაობს, რადგან არსად გამქრალან არც პოლიტიკური შემკვეთი, სააკაშვილის სახით, და არც ამ შეკვეთის შემსრულებლები, მედიამენეჯერებად გადაკვალიფიცირებული პარტიული ფუნქციონერებისა და ჟურნალისტების სახით. ჩვენ ბევრი რამ შევცვალეთ ამ ქვეყანაში, ბევრ გამოწვევას გავუძელით, ბევრი პრობლემა გადავლახეთ, მაგრამ სიცრუის დამარცხება და გაქრობა საინფორმაციო ველიდან ვერ შევძელით – შესაძლოა, ეს ამოცანა თანამედროვე სამყაროში შეუსრულებელიც კია. სამაგიეროდ, სახელმწიფოს სწორი მართვითა და პროპაგანდაზე უარის თქმით, ჩვენ შევძელით ადამიანებისთვის თავისუფალი და პლურალისტური გარემოს შექმნა. ამიტომაც არის, საბოლოოდ მოქალაქეთა უმრავლესობა სწორად რომ არჩევს ავსა და კარგს.
2020 წლის არჩევნები ამის ყველაზე კარგი მაგალითია.

გავიხსენოთ ეკონომიკური ვითარებაც, როგორ იყო გაკონტროლებული ქვეყანაში ყველა ბიზნესაქტივობა, როგორ იყვნენ ბიზნესზე მომსხდარი პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, რამხელა იყო შიში, როგორი იყო რეალური საინვესტიციო გარემო. ხელისუფლებას მთლიანად მძევლად ჰყავდა აყვანილი მსხვილი ბიზნესი და მის მხარდასაჭერად უწევდა გარჯა. ბიზნესმა დაკარგა თავისი უმთავრესი მახასიათებელი, – გადაწყვეტილების თავისუფლად მიღების შესაძლებლობა. არათუ რამე გარიგება, ოდნავ დიდი ფინანსური ტრანზაქციაც კი, გენერალური პროკურორის ყოველდღიურ, პირად კონტროლს ექვემდებარებოდა. ასეთივე ხელოვნური იყო ეკონომიკაც, როდესაც ლარის კურსის დაჭერა ხდებოდა 2008 წლის წაგებული ომის სანაცვლოდ მიღებული დასავლეთის ფინანსური ინექციით. ეს იყო რამდენიმემილიარდიანი სესხი, რომელიც დღემდე ვალად აწევს ქვეყანას და ხალხს. დღეს ბიზნესი არათუ თავისუფალია, არამედ მისი იგივე წარმომადგენლები უკვე აღარც პოლიტიკურ განცხადებებს ერიდებიან და არც პოლიტიკაში მოსვლას. სწორედ საჯარო სივრცისა და მედიის გახსნამ, ინსტიტუტებისა და პოლიტიკის არსებითმა გამიჯვნამ მოიტანა ეს უდიდესი დემოკრატიული შედეგი.

  •  ხალხი გაიზარდა, ის არ შეეგუება დიქტატურას

ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისათვის, სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენმა ხალხმა, ისტორიულად ძალზე ხანმოკლე პერიოდში, უნიკალური გამოცდილება და უნარები შეიძინა. მართლაც უცნაური და უჩვეულოა, რომ თავისდა უნებურად და, ცხადია, აბსოლუტურად გაუაზრებლად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეასრულა მთავარი როლი საზოგადოების საბოლოოდ გამოღვიძების საქმეში. სწორედ მისი ბარბაროსული მმართველობის დროს ადამიანებმა მკაფიოდ და ნათლად დაინახეს, რომ თუ ოდნავ მოადუნებ ყურადღებას, უკრიტიკოდ დაუჯერებ ლამაზად შეფუთულ და პოპულისტურ დაპირებებს, ვინმეს ჯინაზე მიიღებ ემოციურ და სულსწრაფ გადაწყვეტილებას, შესაძლებელია საკუთარი ხელით აირჩიო ისეთი ხელისუფლება, რომელიც მტერზე გაცილებით უარესად, სასტიკად და დამამცირებლად მოგექცევა, დაჟინებით შეეცდება გადაწეროს შენი ისტორია, შეარყიოს ეროვნული ღირებულებები. ჩემი ღრმა რწმენით, ესაა ჩვენ მიერ ბრძოლით მოპოვებული სიმდიდრე, რასაც, იმედი მაქვს, რაც არ უნდა ეცადონ, ვერავინ წაშლის და გააქრობს. არასდროს დამავიწყდება, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, რამდენიმე ჩემმა ახლობელმა და მეგობარმა მითხრა, ჩვენ გენდეთ და მხარდაჭერა გამოგიცხადეთ, ახლა შენ უნდა მიხედო ქვეყანასო. არ დავმალავ და, ამ სიტყვებმა მაშინ ჩემზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარება საბჭოთა აზროვნების ტიპური ნიმუშია. ხელისუფლების მიმართ სიფხიზლე და კონტროლი ხალხმა არასდროს არ უნდა შეასუსტოს. ახლა ჩვენი საზოგადოება არსებითად შეცვლილია. დღეს ის თავისი პოლიტიკური სიმწიფითა და თვითშეგნებით დემოკრატიის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ევროპული ქვეყნების საზოგადოებათა მსგავსია. ავტოკრატიის მიმართ ხალხმა გამოიმუშავა იმუნიტეტი, ის გახდა უფრო მამაცი, დინამიკური, აქტიური და შეუპოვარი, ამიტომ, არა მხოლოდ ცხრა წელი, ცხრა კვირაც კი აღარ შეეგუება ხელისუფლების მხრიდან ჩაგვრას, დაშინებას, შევიწროებას, მის თავაშვებულობასა და თვითნებობას. ამიერიდან, ვერც ერთი ხელისუფლება ვეღარ იხილავს დანებებულ და ხელებაწეულ საზოგადოებას.

მჯერა, რომ პოლიტიკური ლიდერების მიმართ მიამიტურად და ბრმად ნდობის პრაქტიკაც საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. ამიერიდან, ნებისმიერი ხელისუფლება მუდმივად იქნება საზოგადოების დემოკრატიული ზედამხედველობისა და კონტროლის ალყაში. „ქართული ოცნება“ უკანასკნელი წლების განმავლობაში, ორგანიზაციული და სტრუქტურული თვალსაზრისით, ჩამოყალიბდა ჭეშმარიტად დასავლურ იდეოლოგიაზე დაფუძნებულ, კლასიკურ ევროპულ პარტიად, რაც იყო ჩემი ოცნება, ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი და ამოცანა. ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ყოველთვის ვერ იქნება ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მოსაწონი. განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლისათვის, ხელისუფლების პერიოდული ცვლილება გარდაუვალი და აუცილებელია. როდესაც ხალხის გადაწყვეტილებით, დემოკრატიული არჩევნების გზით ,,ქართული ოცნება“ დათმობს ხელისუფლებას, სწორედ ეს პარტია, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, იქნება დიქტატურის გამეორების ძირითადი შემაკავებელი და ჩამკეტი. „ქართული ოცნების“ გუნდი არავის მისცემს გასაქანს, უფლებასა და საშუალებას, დემოკრატიული გარდაქმნის ამ ურთულესი წლების მონაპოვარი ფეხქვეშ გათელოს და დაანგრიოს. ახლა, მთელი ხელისუფლება საზოგადოების ხელშია თავმოყრილი. თითოეული ადამიანის ხმას აქვს სათანადო ფასი და მნიშვნელობა. საქართველოში აღდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული, რეალური სახალხო სუვერენიტეტი. იმედი მაქვს, მომავალში ადამიანები აღარასდროს აირჩევენ ხელისუფლებას, რომელიც მათზე იბატონებს, ჩვენი სამშობლოს მწარე წარსულის გამოცდილებას კი, გამოიყენებენ ბედნიერი და ღირსეული მომავლის ასაშენებლად. უკანასკნელი 17 წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა საკუთარი გამოცდილებით დაინახა ფუნდამენტური სხვაობა მმართველობის რადიკალურად განსხვავებულ ფორმებს შორის, – როდესაც ხელისუფალი ბატონია და ხალხი მსახური, და დღევანდელი – როცა ხელისუფლებაა ხალხის მსახური. მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება აღარასდროს გააკეთებს მცდარ არჩევანს და არ დათმობს თავისუფლებას. დემოკრატია და ადამიანების უფლებები უნდა გახდეს ჩვენი ერის მტკიცე კონსოლიდაციის საფუძველი, რაც საბოლოოდ თავიდან აგვაცილებს ბნელ წარსულში დაბრუნების საფრთხეს.

  •  დღევანდელი გუნდი საიმედოდ გააგრძელებს დაწყებულ საქმეს

„ქართული ოცნების“ ახლანდელი გუნდი, უწინდელთან შედარებით, ძირეულად განსხვავებული და განახლებულია. პირადად ჩემთვის საამაყოა, რომ დღეს „ქართული ოცნება“ არა ახალბედა და მერყევი, არამედ პირიქით, პოლიტიკურ ბრძოლებში გამობრძმედილი და გამოცდილი, ევრო-ატლანტიკური ღირებულებებისა და მსოფლმხედველობის მტკიცედ გამზიარებელი, გამორჩეული სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, ხალხის სამსახურში მყოფი, ერთგული, ნიჭიერი და პატიოსანი ადამიანების მყარი ერთობაა, რომელიც სამშობლოს სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით, ინტელექტით, საკუთარი მოქალაქეებისადმი თანაგრძნობითა და პროფესიონალიზმით, არც ერთი შეფასების ნიშნითა თუ კრიტერიუმით არ ჩამოუვარდება ევროპული ქვეყნების მთავრობებს. მინდა შეგახსენოთ, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ გუნდის ფორმირება მიმდინარეობდა გაწბილებული და ყავლგასული პარტიისა და მისი განშტოებების მხრიდან გამუდმებული უსამართლო თავდასხმებისა და იერიშების თანხლებით. ჩვენ გავუძელით პოლიტიკურ ბრძოლას ყოველგვარი ეთიკური ნორმებისა და წესების გარეშე. პარადოქსული და უპრეცედენტოა, რომ რაც მეტ წარმატებას აღწევდა ხელისუფლება და ქვეყანა, კიდევ უფრო განრისხებულად, არაკონსტრუქციულად და მტრულად მოქმედებდა ოპოზიცია. მთელმა საზოგადოებამ ნათლად იხილა, როგორ ჯიუტად ცდილობდა ოპოზიცია, შეესუსტებინა მსოფლიოში საქართველოს ავტორიტეტი და სანდოობა, ყალბი და გამოგონილი ინფორმაციებით აეზვირთებინა ხალხი, დაეთესა საზოგადოებაში განხეთქილება, შუღლი და დაპირისპირება. თუმცა, ყველა მათი სახელმწიფოსათვის საზიანო მოქმედება საბოლოოდ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის შემდგომი გაძლიერებისა და გაორმაგებული მუშაობისათვის ერთგვარი ბიძგი და სტიმული აღმოჩნდა. ოპოზიციის მიზანდასახული მონდომების საპირისპიროდ, ჩვენ კვლავაც გვაქვს მთავარი სტრატეგიული მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპელი პარტნიორების უცვლელი, მზარდი და მძლავრი მხარდაჭერა. საქართველო პატარა, მაგრამ გავლენიანი, წარმატებული და მისაბაძი დემოკრატიაა, და არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. მრავალი ობიექტური თუ ხელოვნურად შექმნილი წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველომ დინჯი და უშეცდომო ნაბიჯებით, იმ პირობებში, როცა მსოფლიო და, მათ შორის, ჩვენი რეგიონი ბევრად საშიში, არაგანჭვრეტადი და ნაკლებად კონსოლიდირებული გახდა, შეინარჩუნა მშვიდობა და სტაბილურობა.

ჩვენმა ქვეყანამ გეოპოლიტიკური რყევებისა და მოკავშირეებისათვის დამატებითი პრობლემების შექმნის გარეშე, უზრუნველყო საკუთარი ევრო-ატლანტიკური ინტერესებისა და ამოცანების ხელშესახებად წინ წაწევა. მრავალწლიანი დაუღალავი შრომის შედეგად, შევქმენით სიღარიბის დამარცხებისა და სწრაფი ეკონომიკური წინსვლის აუცილებელი საფუძვლები, თავს უფლება მივეცით და დავიწყეთ განათლების უდიდესი მასშტაბის რეფორმა, რადგან მტკიცედ გვჯერა, რომ განათლება უმოკლესი გზაა თავისუფლებისკენ, რომელიც კეთილდღეობაზე გადის. ქართული ეკონომიკა დღეს სწორი და ოპტიმისტური მიმართულებით მოძრაობს, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა მკვეთრად შეკვეცა შიდა და გარე ინვესტორების აქტივობა. სამეწარმეო საქმიანობისა და კონკურენციისთვის ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად თავისუფალი და ტოლერანტული გარემო. ჩვენ საბოლოოდ დავუსვით წერტილი ბიზნესში მთავრობის ფავორიტიზმს და ხელისუფლების გამდიდრებისათვის შექმნილ მონოპოლიებს. „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ხალხის ტირანიისგან დაცვის, ხელისუფლების დემოკრატიული კონტროლისა და გარანტირებული შეკავების საიმედო კონსტიტუციურ-სამართლებრივი სისტემა. სამუდამოდ დავასრულეთ პოლიტიკის ფორმირებაში სამართალდამცავი ორგანოებისა და უსაფრთხოების სამსახურების არაპროპორციული მონაწილეობის პრაქტიკა, რომელზეც ძირითადად დაფუძნებული იყო წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი საქმიანობა. დღეს საქართველოს ხელისუფლება გაწონასწორებული და დაბალანსებულია, არავის აქვს ზომაზე მეტი, ჭარბი და გადამეტებული ძალაუფლება. თითოეულ სახელისუფლებო შტოს აქვს მკაცრად განსაზღვრული და შემოფარგლული უფლებამოსილებები.

დღეს ჩვენ გვყავს მოამაგე, მეგობრული და ხალხზე მზრუნველი ხელისუფლება.
ქვეყნის ფუნდამენტურმა დემოკრატიულმა ტრანსფორმაციამ და კარგად გააზრებულმა რეფორმებმა, რომლებსაც საფუძველი ჩაუყარა 2012 წლის 1 ოქტომბრის ისტორიულმა გამარჯვებამ, მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საქართველოს საზოგადოებრივი, პოლიტიკური და ეკონომიკური პროგრესის შეუქცევად პროცესს. ამ წერილის დანართში მოტანილია მაგალითები და კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები, რომელთა უტყუარობაც დადასტურებული და აღიარებულია არაერთი ავტორიტეტული საერთაშორისო-სარეიტინგო ორგანიზაციისა და ინსტიტუტის დასკვნებითა და ყოველწლიური ანგარიშებით. სწორედ აქ ჩანს თვალსაჩინოდ, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად მიღწეულია თვისებრივი გაუმჯობესება და წარმატებები სოციალური და ეკონომიკური განვითარების უკლებლივ ყველა სფეროში. ეს ეხება როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ადამიანის უფლებების დაცვას, დამნაშავეობასა და კორუფციასთან ბრძოლას, ისე დამოუკიდებელი მართლმასჯულების განმტკიცებას. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს იქნება სამომავალოდ საქართველოს წინსვლის საიმედო საყრდენი (დანართი იხილეთ საიტზე).
კარგად მესმის, რომ წარმატებების მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის მთავარ გამოწვევად და პრობლემად ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე რჩება. ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი, რომელთა ყოფა გლობალურმა პანდემიამ კიდევ უფრო დაამძიმა. უამრავ ჩვენს თანამოქალაქეს უდიდესი გარჯა უწევს იმისთვის, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები.

დიახ, სიღარიბე ობიექტური რეალობაა, რომელსაც მე გულისტკივილით ვუსწორებ თვალს. მაგრამ ვერ მივიღებ იმ ბრალდებას, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია.

არაერთხელ მითქვამს და დღესაც გავიმეორებ – დღევანდელი სიღარიბე ათწლეულობით დაგროვებული პრობლემაა და სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც ჩვენი ხელით დავანგრიეთ ახლად ფეხადგმული სახელმწიფო. დღევანდელი სიღარიბე იმ უწყვეტი დაღმასვლისა და კატაკლიზმების შედეგია, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოცი წლის განმავლობაში გამოიარა.

ჩვენ მოვახერხეთ და შევაჩერეთ ვარდნა, დასაბამი მივეცით პროგრესს და შევამცირეთ სიღარიბე, რომლის საბოლოო დაძლევას ხელისუფლების თავდაუზოგავი შრომა, მშვიდობა, სტაბილურობა, დემოკრატია და გარკვეული დრო კიდევ დასჭირდება.

რასაკვირველია, ყველაფერი ისე ან იმ ხარისხით არ გამოგვივიდა, როგორც ჩავიფიქრეთ და ყველა ერთად რომ ველოდით. სამწუხაროდ, ობიექტურ მიზეზებთან ერთად, იყო ხარვეზები და გადაცდომებიც. ქართველები, ძირითადად, ემოციური, მეოცნებე ხალხი ვართ და მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შესაძლებლობების თითქმის მაქსიმუმი გააკეთა, გულწრფელი ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვინც მეტს ელოდა ჩვენგან, ეკონომიკური მდგომარეობის უფრო სწრაფ გაუმჯობესებას ელოდა და იმედი გაუცრუვდა.

გული მწყდება, რომ ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია,
არ დავმალავ და გულწრფელად ვიტყვი, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობის დასასრულს, ერთ-ერთი, რაც საფიქრებლად და დარდად მიმყვება, არის ის, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მინიმალურად მაინც დააკმაყოფილებდა ევროპული საპარლამენტო დემოკრატიისთვის დამახასიათებელ სტანდარტებს. მე არასდროს დამიშვია, რომ ხელისუფლებისთვის სასურველი იქნებოდა გარინდებული და უსიცოცხლო ოპოზიციის არსებობა. ჩემთვის მიუღებელია არა ის, რომ ოპოზიცია ხელისუფლების საქმიანობას უარყოფითად წარმოაჩენს, რაც დემოკრატიისათვის აუცილებელი და სასარგებლოც კია, არამედ გასაოცარია მათი კრიტიკის შინაარსი და დაუსრულებელი არაკონსტრუქციულობა. კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი, რა იყო განვლილი წლების განმავლობაში მთავარი ოპოზიციური პარტიების, მათი პოლიტიკური დღის წესრიგის უსიტყვო შემსრულებელი ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და სრულ მორჩილებაში მყოფი, ფსევდოთავისუფალი მედიის პოლიტიკური ბრძოლის ძირითადი ტაქტიკა. თუ ობიექტურად გავაანალიზებთ, დავასკვნით, რომ მათი სტრატეგიული მიზანი ყოველთვის იყო ხალხის ხელოვნურად აფორიაქება, ემოციებით მანიპულირება, ყალბი ახალი ამბების მეშვეობით საინფორმაციო ქაოსის, შიშის, უნდობლობისა და გაურკვევლობის შექმნა. შეგახსენებთ, რომ მე და ჩემი ოჯახი ამ რვა წლის განმავლობაში მუდმივად ვიყავით მათი შეურაცხმყოფელი პროპაგანდისა და სიცრუის ძირითადი ადრესატი და სამიზნე. ბუნებრივია, ამის მოსმენა ჩემთვის საწყენი და არასასიამოვნო იყო, მაგრამ პირადი ემოციები და, მით უფრო, ბრაზი არასდროს გამხდარა ჩემი მხრიდან რაიმე გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ზოგადად, ძალიან გულდასაწყვეტია პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიის სამსახურში ჩამდგარი ზოგიერთი მედიასაშუალების ხილვა, რომელთაც სრულიად დაკარგეს მედიის შინაარსი, ფუნქცია და ელემენტარული სტანდარტის შეგრძნება. „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს კვლავ პრობლემად დარჩა სიცრუე და ტყუილზე დაფუძნებული პროპაგანდა, რომელიც ოპოზიციაში გადასული ყოფილი სახელისუფლებო გუნდის მთავარ პოლიტიკურ ინსტრუმენტად დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ ფეიკნიუსის პრობლემა მთელ ცივილიზებულ სამყაროს აწუხებს, საქართველოს შემთხვევაში მისმა მასშტაბმა წარმოუდგენელ უფსკრულს მიაღწია. აღვირახსნილმა პროპაგანდამ რიგითი მაყურებელი მთლიანად გააუცხოვა სატელევიზიო სივრცეს. ფაქტებით მანიპულაცია, ტყუილი და ცილისწამება ზოგიერთი მედიასაშუალების სარედაქციო პოლიტიკის ამოსავალ წერტილად გადაიქცა, რასაც არაფერი აქვს საერთო საზოგადოების ინფორმირების ფუნქციასთან. სამწუხაროა, რომ ამ ფერხულში, პარტიულ ჟურნალისტებთან ერთად, ექსპერტებად წოდებული პერსონებიც განსაკუთრებული ენთუზიაზმით არიან ჩაბმული, რომლებიც სათანადო პროფესიული ცოდნის არქონის ფონზე და ანგარების მოტივით, პოლიტიკური ოპოზიციის მხარდამჭერ სპიკერებად ჩამოყალიბდნენ.

შემაშფოთებელია ის, რომ ამ მანკიერი პროპაგანდის ორგანიზატორი და წარმმართველი ოპოზიციის ამოცანა იყო და არის არა ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში თანამონაწილეობა, არამედ ხელისუფლებისათვის შეძლებისდაგვარად გზის გადაღობვა, ხალხის კეთილდღეობის მისაღწევად მიმართული ძალისხმევის მაქსიმალურად დამუხრუჭება და შეფერხება. დიდი ილია ამბობდა, ,,შენ რომ ცუდკაცობდე, კაიკაცობაზედ სხვას მაინც ნუ გალანძღავ…“
ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში, ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც დარწმუნებული ვიყავი ქართველი ხალხის განწყობასა და გამარჯვებაში, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მოიქცეოდა დამარცხებული ძალა, ნიჭიერებაზე ზოგადი საუბრისას, გამოვთქვი მოსაზრება, რომ არანაირი ცალკე აღებული უნარი, აზროვნების სისხარტე, განათლება, პროფესიის უბადლო ფლობა და მიზანდასახულობა არ შეიძლება ჩაითვალოს ნიჭიერებად. როდესაც ადამიანის მოქმედებას თან არ ახლავს მორალური თვითშეზღუდვის ინსტინქტი და ამოსავალ წერტილად არა საზოგადოებრივი სიკეთე, ხალხისა და ქვეყნის მსახურება, არამედ ყველაფრის ფასად საკუთარი სურვილებისა და ვნებების დაკმაყოფილება დაუსახავს, ვერ უწოდებ ნიჭიერს.

მაშინ ამის ახსნას მცირემიწიანი გლეხის მაგალითზე შევეცადე, რომელიც ისე ირჯება საკუთარ ეზოში, რომ მეზობელი არ შეაწუხოს. ის თანდაყოლილი ტაქტით, შინაგანად გრძნობს უხილავ საზღვარს კერძო და საზოგადო ინტერესს შორის. ეს არის მისი ღირსებით აღსავსე დამოკიდებულება სამყაროს მიმართ. ეს არის მისი ნიჭი. სწორედ ამიტომ არ მჯერა „ბოროტი გენიის“. მე მწამს, რომ ნიჭი მხოლოდ სიკეთის თესვით, ოჯახთან, სამშობლოსთან, სამყაროსთან ჰარმონიაში ვლინდება. მას კი, ვინც დაცლილია ამ უნარისგან, ვინც არა თუ მეზობელს, ქვეყანასაც არაფრად აგდებს და მზად არის ქვა-ქვაზე არ დატოვოს, ოღონდ საკუთარი, კერძო ინტერესი დაიკმაყოფილოს, მხოლოდ უნიჭო შეიძლება ეწოდოს.

დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო ვრწმუნდები ამ შეფასების სისწორეში. სამწუხაროდ, განვლილმა წლებმა დამარწმუნა, რომ უნიჭობა პირდაპირ კავშირშია უტიფრობასა და ღირსების არქონასთან – უღირსებობასთან. ნიჭის დეფიციტს მავანი ისეთი უტიფარი ქცევით ავსებს, რომ ბოლოს ღირსებას კარგავს, რაც ადამიანური სახის დაკარგვის ტოლფასია. თუმცა, ეს ყველაფერი ეთიკის საკითხია და მისი გადმოტანა ქართულ პოლიტიკაზე, რომელშიც ზნეობა ანაქრონიზმად და დასაცინ გულუბრყვილობადაა შერაცხული, ზოგჯერ უმადურ საქმედაც მეჩვენება.

არადა, სწორედ უნიჭობის, უტიფრობის და ღირსებაზე უარის თქმის ნათელი გამოვლინებაა ყველა ის „საქმენი“, რასაც ოპოზიციისგან ვხედავდით მთელი ეს წლები და რაც, სრული სიცხადით, 31 ოქტომბრის შემდეგ დავინახეთ:
„მერე რა, რომ დავმარცხდით?!
მერე რა, რომ არ გაყალბებულა?!
მერე რა, რომ არცერთი საპირისპირო მტკიცებულება არ გაგვაჩნია?!
მერე რა, რომ ჯიუტად არ გვსურს უბნების გადათვლა, არც კენჭისყრის ამსახველი ვიდეომასალის შემოწმება და თან ურცხვად გავურბივართ დებატებს „ქართულ ოცნებასთან“, რომელმაც ეს ყველაფერი არაერთგზის შემოგვთავაზა?!
მერე რა, რომ მთელმა მსოფლიომ აღიარა ხალხის სამართლიანი არჩევანი?!
მერე რა, რომ უკლებლივ ყველა მეგობარი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ვაღიაროთ იგი?!
არა!
ჩვენ მძევლად ავიყვანთ სახელმწიფოს და ხალხს, მის მშვიდობას და სტაბილურობას და იქამდე ვარყევთ ქვეყანას, ვიდრე ჩვენსას არ გავიტანთ და დამარცხებულებს გამარჯვებულად არ გამოგვაცხადებთ!
ანდა, ისეთ კრიზისში შევიყვანთ პანდემიის ფონზე დასუსტებულ ეკონომიკას, ისე დავამშევთ და გავაბოროტებთ ხალხს, რომ მხარი დაგვიჭიროს ამბოხებაში!
ჩვენ გვინდა ძალაუფლება, ეს ძალაუფლება გვინდა დღეს და ეს ძალაუფლება უნდა მივიღოთ ყველაფრის ფასად, თუნდაც ქვა ქვაზე არ დარჩენილა!“ .
(დააკვირდით, როგორ ზუსტად ჯდება ეს ყველაფერი ოპოზიციის ხელწერაში, – ყოველგვარი არგუმენტისა და მტკიცებულების გარეშე, ურცხვად მოუყვნენ ხალხს ზღაპრები „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგად ვითომდა განცდილ რვაწლიან რეგრესზე, ქვეყნის დანგრევასა და განადგურებაზე. და ამას ამტკიცებენ იმ ფონზე, როდესაც შიდა ეროვნული სტატისტიკა (ცესკოს შედეგების მსგავსად) და საერთაშორისო რეიტინგები (ეუთო/ოდირის და მოკავშირეთა დასკვნების მსგავსად) დიამეტრულად საპირისპიროს ამტკიცებს და ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური ცხოვრების უკლებლივ ყველა სფეროში თვისებრივ გაუმჯობესებასა და პროგრესს ცხადყოფს).

ისეთი ინტენსივობით გვესმის საბოლოოდ ნიღაბჩამოხსნილი ადამიანებისგან ეს უტიფრობა, რომ მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების სურვილთან ერთად, მათ უტიფრობის და უღირსებობის ნორმად და სიქველედ გამოცხადება დაუსახავთ მიზნად.
უტიფრობის, როგორც პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტის, გამოყენება საზოგადოებრივ აზრზე ფსიქოლოგიური შტურმის კარგად გააზრებული ხერხია. ბოლშევიკურ რევოლუციამდე ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე, როცა სოციალისტური მოძრაობა გაჩნდა რუსეთში, დოსტოევსკი ზუსტად აღწერდა ამგვარ უტიფარ პერსონაჟებს: “მიეცით ხალხს უფლება უღირსებობაზე და ყველას დაეუფლებით, არცერთი იქ არ დარჩება. ჩვენი სწავლება – ესაა ღირსების უარყოფა და ღიად გამოხატული უფლება უღირსებობაზე”. ამ სახელმძღვანელოთი მოქმედებენ ისინი დღემდე, რადგან სიყვარულით შენება მათ არ შეუძლიათ, ამის ნიჭი, უბრალოდ, არა აქვთ, არც ჰქონიათ და არც იციან, რა არის ეს. არადა, ამ უნიჭობამ დაამარცხა ისინი და ამ უნიჭობამ შვა უტიფრობა, უტიფრობამ კი – უღირსებობა. თავსლაფდასხმული, შერცხვენილი ხალხი დღესაც უტიფრად დგას, ძალადობს და ტყუილს სიმართლედ გვასაღებს.

ორმაგად სამწუხაროა, რომ სწორედ უტიფრობა და ღირსებაზე უარის თქმა მათ ძლიერების ნიშანი ჰგონიათ. არადა, ძალმომრეობის ყველაზე ეფექტიან საშუალებად შერაცხვა, უნიჭობასთან ერთად, მათი სისუსტის ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა.

ძალადობდნენ ხელისუფლებაში და ძალადობენ დღესაც, – სუსტები არიან და იმიტომ. დიქტატურის დამყარებას ნიჭი არ სჭირდება. დიქტატურა სუსტის და უნიჭოს არჩევანია. ნიჭისა და ძლიერების გამოვლინება დემოკრატიულად მართვის უნარსა და სურვილშია.

ამიტომ დამარცხდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს და მარცხდებიან დღესაც.
მარცხდებიან, რადგან ხალხი, რომლის სიბრძნეშიც ვერა და ვერ დარწმუნდა საკუთარ შეცდომაში გაჯიუტებული ოპოზიცია, ზუსტად ხედავს და აფასებს განსხვავებას – „ქართული ოცნების“ სახით დღეს ქვეყანას ჰყავს საზოგადოებრივ სიკეთეზე, ადამიანსა და მის მსახურებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, ანუ ნიჭიერი და დემოკრატიული იდეალებისა და მართვის ფორმის ერთგული, ჭეშმარიტად ძლიერი გუნდი.

ხალხი ხედავს და, ობიექტურად არსებული პრობლემების მიუხედავად, კრიტიკულ მომენტში ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას იღებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა საზოგადოებამ საბოლოოდ გამოიმუშავა ეს იმუნიტეტი და აღარასოდეს გააკეთებს საპირისპირო არჩევანს.
სწორედ ჩვენი ხალხის სიბრძნე და „ქართული ოცნების“ ძლიერ გუნდად ჩამოყალიბება მაძლევს იმის რწმენას, რომ საფრთხე საბოლოოდ განეიტრალებულია და შემიძლია მშვიდად გავეცალო პოლიტიკას.
ვტოვებ პოლიტიკას იმ იმედით, რომ პოლიტიკური ეგოიზმის და ერთი კაცის მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მოუთოკავი სურვილის გამო, დღევანდელი ოპოზიციის ის ნაწილიც დარწმუნდება, ვინც პოლიტიკური ნების უქონლობით, გამოუცდელობით თუ უხერხემლობით, ბოროტებისა და მისი მთავარი შემოქმედების გავლენის ქვეშ მოექცა. დარწმუნებული ვარ, ეს პარტიები აცნობიერებენ მათი ახლანდელი პოზიციის უპერსპექტივობას და თავს დააღწევენ ამ გავლენას, ანუ იბრძოლებენ საკუთარი მომავლისთვის, რაც ქართული დემოკრატიისთვისაც იქნება პერსპექტივა.

ამ ფონზე, მახსენდება 2011-2012 წლები, როდესაც ჩვენი ხალხი ითხოვდა დანაშაულებრივი რეჟიმის სამსახურში მდგომი საპოლიციო და უსაფრთხოების სამსახურების სრული შემადგენლობის დასჯას, რადგან ვერ წარმოედგინა, რომ ხალხზე ძალადობაში თანამონაწილე ოდესმე მის უსაფრთხოებას დაიცავდა.
მოვლენები კი, სრულიად საპირისპიროდ განვითარდა. განვითარდა ისე, როგორც მაშინვე ვაცხადებდი, პრინციპულად და საჯაროდ – თუ სისტემას ჩამოშორებოდა და მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებოდა ძალადობრივი პოლიტიკისა და იდეოლოგიის სულ რამდენიმე მოთავე და სულისჩამდგმელი, სისტემა, ყოველგვარი მასობრივი წმენდისა და რეპრესიის გარეშე, ხალხის სამსახურში ჩადგებოდა.

რადგან მაშინაც მჯეროდა და ახლაც მტკიცედ მჯერა, რომ რაც გვაერთიანებს, გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც გვყოფს და გვაპირისპირებს.
მჯერა, რომ იგივე ვრცელდება პოლიტიკაზეც – თუ პარტიები საკუთარ თავში იპოვიან ძალას, გაარღვიონ მათსა და ხალხს შორის ხელოვნურად შექმნილი ჯებირები და გათავისუფლდნენ რამდენიმე დესტრუქციული პოლიტიკოსის მავნე გავლენისგან, ასევე არ დააყოვნებს მათ მიმართ ხალხის ნდობაც.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულებში ჩვენ არ მოგვიწია ცხოვრება დიდი პოლიტიკოსებით მდიდარ ეპოქაში. საქართველო დღეს ღარიბია როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. თუმცა, ჩვენ თვალწინ იზრდებიან ახალგაზრდა, თამამი, კვალიფიციური და ენერგიით აღსავსე პოლიტიკოსები, რომელთა უანგარო და ნაყოფიერი საქმიანობა მომავლის დიდ იმედს მისახავს. დემოკრატიის კანონზომიერება ისეთია, რომ აუცილებლად გამოჩნდება კეთილსინდისიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც განათლებით, ქვეყნის გაძღოლის უკეთესი უნარითა და ინტელექტუალური პოტენციალით აჯობებს „ქართულ ოცნებას“ და ამ უკანასკნელს მოუწევს ოპოზიციაში გადანაცვლება. გაგიკვირდებათ და, ესაა ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ოცნება. მჯერა, რომ „ქართული ოცნება“ დაიკავებს ღირსეულ ადგილს პოლიტიკური ოპოზიციის ავანგარდში და ეს პერიოდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით.

დღეს, როდესაც მე საბოლოოდ მივდივარ პოლიტიკიდან და ვტოვებ საჯარო სივრცეს, მინდა ქედი მოვიხარო ქართველი ხალხის წინაშე. მე ისინი არასოდეს დამიყვია ჩემს მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, რადგან მჯერა, რომ ჩვენი სამშობლო გაცილებით დიდი ღირებულებაა, ვიდრე თუნდაც დიამეტრალურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები.
მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებულ როლს ასრულებდა საქართველოს ისტორიაში.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, ყველა ჩემს თანამოაზრესა და თანამებრძოლს, ვინც მენდო, ბრძოლაში გამომყვა და დღემდე ერთგულად ემსახურება საქართველოს. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირეს ამერიკის შეერთებულ შტატებს, ევროკავშირის ქვეყნებს, უკლებლივ ყველა ჩვენს მეგობარსა და პარტნიორს, ვინც ურყევად მხარში უდგას ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს.
დაბოლოს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საჯაროდ მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, რომელმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში გაუგონარი შეურაცხყოფა და ცილისწამება აიტანა, სალი კლდესავით მედგა გვერდში და ერთი წუთითაც არ დაუყენებია ეჭვქვეშ ჩემი არჩევანის სისწორე.
კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველას.

ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი სამშობლო – საქართველო!,“ – ნათქვამია წერილში.

 

როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 იანვრის 21 საათიდან 11 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ.

ჰაერის ტემპერატურა აჭარის სანაპირო რაიონებში იქნება:

  •  ღამით 3-8 გრადუსი, დღისით 9-14 გრადუსი
  •   მთაში ღამით 0-3 გრადუსი ყინვა,  დღისით 2-7 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ, დროგამოშვებით წვიმა, ხილვადობა 4-10კმ, ტალღის სიმაღლე ღამით 7-12დმ (2-3ბალი), დღისით 13-15დმ (4ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა 9.0 გრადუსი.

12 იანვარს ღამით და დილით დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში თოვა, შესაძლებელია ელჭექი. მომდევნო 2 დღეს უმეტესად უნალექო ამინდი.

კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი – 10 იანვარი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 143 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი.

ასევე ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 617 ადამიანი და ჩატარდა 11 155 ტესტი, მათ შორის 6 758 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 397 PCR ტესტით.

ახალი 1 143 შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე განაწილდა:

  • თბილისი – 488 შემთხვევა,
  • აჭარა – 88,
  • იმერეთი – 143,
  • ქვემო ქართლი – 73,
  • შიდა ქართლი – 64,
  • გურია – 23,
  •  სამეგრელო – ზემო სვანეთი – 138,
  • კახეთი – 58,
  • მცხეთა-მთიანეთი – 51,
  • სამცხე-ჯავახეთი – 16,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

10 იანვრის მონაცემებით ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 095, საიდანაც: 3 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში –   1 864, აჭარაში – 371, იმერეთში – 730. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში – 376, აჭარაში – 72, იმერეთში – 198.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 261 პირი, მათგან თბილისში – 167, აჭარაში – 10, იმერეთში – 34. 746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 220 – თბილისში, 459 – აჭარაში, 24 – იმერეთში.

6 455 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 452 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 197, აჭარაში – 44, ხოლო იმერეთში – 8.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 239 229-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 225 335-ს.  პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 773 პირი ემსხვერპლა.

კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა აჭარაში – 10 იანვარი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 126 პაციენტი. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 32 726 პაციენტია.

რეგიონში მდებარე კლინიკებში კრიტიკულად იმყოფება (მართვით სუნთქვიაზე)  8 პაციენტი.

დადასტურებული აქტიური შემთხვევებიდან კლინიკაში მკურნალობს 3 60 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 266, ხოლო ბინაზე 689.

კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა, 23 გარდაცვლილი – 10 იანვარი

Exit mobile version