მთავარი,სიახლეები

ვის შეხვდება მოტობლოკები, ნერგები, სკა – სამინისტრო პროგრამას თებერვლიდან იწყებს

11.01.2021 • 3697
ვის შეხვდება მოტობლოკები, ნერგები, სკა – სამინისტრო პროგრამას თებერვლიდან იწყებს

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ზუსტად 1 მილიონ ლარს დახარჯავს პროგრამაზე, რომელსაც საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა ჰქვია. ამ პროგრამის ფარგლებში, სოფლად მცხოვრებ ფერმერებს შეეძლებათ მოითხოვონ ნერგები, ტექნიკური აღჭურვილობა, სკა… მოკლედ, ის ყველაფერი, რაც საკუთარი მეურნეობის განვითარებისთვის სჭირდებათ. ფერმერმა ეს საჭიროება სამინისტროს უნდა დაუსაბუთოს. როგორ შეიძლება პროგრამაში ჩართვა? – „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი გიორგი სურმანიძე პასუხობს.

  • ბატონო გიორგი, რა შეიცვალა სამინისტროს ყველაზე ფართო პროგრამაში, რომელიც ითვალისწინებდა სათბურების, ნერგების, მოტობლოკების, თუ სხვა ტექნიკის გაცემას ფერმერებზე?

აქამდე ჩვენ გავცემდით ნერგებს, მოტობლოკებს, შესაწამლ აპარატებს, ფერმერული მეურნეობისა და ფერმერების მხარდასაჭერად. ახლა ჩვენ გავაერთიანეთ ეს პროგრამები ერთი ქოლგის ქვეშ და მას ჰქვია საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამა.

აქამდე მოდელი იყო ასეთი – ჩვენ ვყიდულობდით ნერგებს, სათბურებს… ტენდერებით და ვანაწილებდით ბენეფიციარებზე. ახლა თვითონ ფერმერი მოითხოვს რა უნდა – ჩვენ ვთვლით, რომ ფერმერისგან, ანუ ქვემოდან ზემოთ წამოსული საჭიროებები იქნება უფრო სწორი.

აქამდე, ვინმეს თუ უნდოდა მეფუტკრეობის ან სასათბურე მეურნეობის განვითარება, ჩვენ პროგრამაში თუ გვქონდა [ეს მიმართულება] მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ თუ არ გვქონდა, ვერ ღებულობდა. ახლა უკვე კონკრეტული დაინტერესებული ფერმერი თვითონ გადაწყვეტს, რა მოითხოვოს 40 ათასი ლარის ფარგლებში, ქვედა ზღვარი არის 500 ლარი. ამ თანხის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია დავაფინანსოთ საოჯახო მეურნეობა. ამ პროგრამაში შეიძლება ფერმერმა მოითხოვს ის, რაც მას სჭირდება, ტექნიკა, ნერგი თუ სხვა რამ.

აქვე შემოდის მეფუტკრეობაც. ეს პროგრამა იძლევა საშუალებას, რომ მეფუტკრემაც შემოიტანოს განაცხადი საჭიროების მიხედვით. მეფუტკრე იქნება, მეფრინველე თუ ხილის მწარმოებელი, იმაზე დაწერს განაცხადს.

ეს არის ახალი პროგრამა, რომელიც მოიცავს აქამდე არსებულ პროგრამების ერთი ქოლგის ქვეშ და ექნება პროექტის სახე.

ანუ ამ პროგრამის ფარგლებში ფერმერს შეუძლია ნებისმიერი ტექნიკის, ნერგის ან სხვა საშუალების მოთხოვნა, რაც საჭიროა საოჯახო მეურნეობის განვითარებისთვის.

  • რა არის საჭირო პროგრამაში ჩართვისთვის? 

პროგრამაში ჩართვის მიზნით ფერმერმა უნდა შემოიტანოს განაცხადი. პროგრამას ეყოლება თავისი ექსპერტები, რომლებიც დაეხმარებიან ფერმერებს განცხადებების სწორად შევსებაში. მერე კომისიური წესით შეფასდება [განცხადება] და მერე გამარჯვებული პროექტები დაფინანსდება. ჩვენ გავშალეთ პროგრამა,

პროგრამის მიხედვით, ფერმერს შეუძლია 40 ათასი ლარის ფარგლებში მოითხოვს დაფინანსება და თავისი დაფინანსების 20 %-ი უნდა გადაიხადოს თვითონ.

  • მოთხოვნები წესით იქნება მრავალფეროვანი. ეს ხომ არ გამოიწვევს ადმინისტრირების კუთხით ქაოსს, როგორ წარმოგიდგენიათ ამის ადმინისტრირება?

ჩვენ ახლა ვმუშაობთ განაცხადის მიღების, დამტკიცებ-განხორციელების წესზე. უკვე 18-დან, როცა გამოვალთ, ეს წესი ალბათ მზად გვექნება და გავაცნობთ მოსახლეობას.

ვფიქრობ, ქაოსს არ გამოიწვევს, რადგან კომისია იმუშავებს განაცხადების მიღებაზე. ადრე სამინისტრო წყვეტდა – მოცვის ნერგი თუ კაკლის ნერგი… მაგრამ შეიძლება ფერმერს სჭირდებოდა მარწყვის ნერგი. ახალი წესით შეუძლია მოითხოვოს, როგორც ვაშლის და მსხლის ნერგი, ისე მარწყვის ნერგი.

ჩვენ ამბიცია გვაქვს, რომ გავიზარდოთ და წინ წავიდეთ. თუ იმის შეგვეშინდება, რომ რაღაც პროგრამას ვერ განვახორციელებთ, მაშინ არც ერთი პროექტი არ უნდა განახორციელო. მე არ ვფიქრობ, რომ ადმინისტრირების პრობლემა იქნება. ეს ჩვენ მოგვცემს უფრო დაბალანსებულ და გათვლილ წარმოებას და სამომავლოდ ზუსტად გვეცოდინება, რომ ამ პროექტით დაფინანსებულ ფერმერს ექნება საოჯახო მეურნეობა, რომელიც მარტო ნერგებს კი არ წაიღებს, დამხმარე საშუალებასაც აიღებს. ფერმერმა თუ მოითხოვა მარტო ნერგი და ჩვენ პროექტში ვხედავდეთ, რომ მას არ აქვს დავუშვათ კაკლის წვეთოვანი სისტემა და ეს სჭირდება, რაც არ უნდა თავიდანვე რეკომენდებული პროექტი იყოს, შეიძლება ეს პროექტი არც დავაფინანსოთ. თუ კი ვხედავთ, რომ მოთხოვნილი დასაფინანსებელი პროექტი არ არის სწორად დათვლილი და თუ არ გაიზიარებს ჩვენს რეკომენდაციების, რომელიც მეცნიერულად იქნება დამტკიცებული, შესაბამისად, ასეთ პროექტი არ დაფინანსდება.

  • თუ იქნება მოთხოვნა, შეიძლება პროგრამის ბიუჯეტი გაიზარდოს?

ბიუჯეტი 10 მილიონიც რომ იყოს, შეიძლება პროგრამას არც ეს ეყოს. პროექტს ყოველთვის აქვს ზედა ზღვარი, რამდენიც არ უნდა იყოს ბიუჯეტი, ვიღაც ყოველთვის იქნება, ვინც ვერ მიიღებს. საუკეთესო პროექტები დაფინანსდება. რაც რეგიონისთვის პრიორიტეტულია და რაც უფრო წარმატებისკენ მიმართული პროექტი იქნება, იმას დავაფინანსებთ.

  • როდის გამოაცხადებთ კონკურსი?

ვფიქრობთ, სადღაც თებერვლის თვიდან დავიწყებთ პროექტების გაცნობას მუნიციპალიტეტებში… წინა წლებში განაცხადების ფანჯარა არ გვქონდა განსაზღვრული. ფერმერს მთელი წლის განმავლობაში შეეძლო განაცხადის წარდგენა. წელს მივდივართ სხვა გზით, როგორც საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს, ამ მოდელით წავალთ. წინასწარ დავაანონსებთ პროგრამას, სადაც ვიტყვით, რა რიცხვიდან რა რიცხვამდე იქნება ფანჯარა. დაახლოებით ერთთვიანი ფანჯარა იქნება განაცხადის მიღებისა და შემდეგ ეს ფანჯარა დაიხურება.

ამ განაცხადებს განიხილავს შესაბამისი კომისია. შემდეგ იქნება დაფინანსების ეტაპი. კომისიაში იქნება პროგრამის განმახორციელებელი, სამინისტროს წარმომადგენელი და არასამთავრობო სექტორიც.

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გიორგი სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: