Batumelebi | ინტენსიურის ექიმი პანდემიის დროს: დაღუპულ კოლეგებზე, კოვიდზე და ჩახუტების დღეზე ინტენსიურის ექიმი პანდემიის დროს: დაღუპულ კოლეგებზე, კოვიდზე და ჩახუტების დღეზე – Batumelebi
RU | GE  

ინტენსიურის ექიმი პანდემიის დროს: დაღუპულ კოლეგებზე, კოვიდზე და ჩახუტების დღეზე

16 წელია ექიმია. სექტემბრის შემდეგ კი კოვიდრეანიმაციაში მუშაობს, თუმცა, თავისი კოლეგებისგან განსხვავებით, დღემდე არ დაინფიცირებულა. ექიმ-რეანიმატოლოგი ზეინაბ ფაღავა „ბათუმელებს“ უყვება თავის გამოცდილებას ზეპირი ისტორიების სერიისათვის – „ადამიანები პანდემიის დროს“:

კოვიდრეანიმაცია

კოვიდრეანიმაციაში ვმუშაობ 24 სექტემბრიდან დღემდე და ალბათ მანამდეც, სანამ აქტუალური იქნება პანდემია.

სექტემბრის დასაწყისში თითო-ოროლა პაციენტი იყო სარეანიმაციო. სექტემბრის ბოლოდან კი დაიწყო რეანიმაციის პაციენტების მატება. ყოველდღე ემატებოდა და ემატებოდა კრიტიკული პაციენტები ისე, რომ ერთ დღეს საჭირო გახდა ემერჯენსის ბაზაზე კიდევ მეორე, 21 საწოლზე რეანიმაციის გაშლა.

ეს ისე სწრაფად მოხდა… იმას, რასაც არაკოვიდსიტუაციაში რამდენიმე თვე შეიძლება დასჭირვებოდა, აქ საათების განმავლობაში აეწყო. მინიმალურ დროში გაიმართა რეანიმაცია. ამას ხელი იმან შეუწყო, რომ აპარატურა ყველა ის აღჭურვილობა გვქონდა, რაც რეანიმაციის გამართული ფუნქციონირებისათვის არის საჭირო.

მაგრამ ყველა სხვა რესურსის ნაკლებობა იყო. გამოცდილებით დაწყებული, ელემენტარული ადამიანური რესურსით დამთავრებული. აქ მარტო ექიმებს არ ვგულისხმობ, არამედ ექთნებს და სანიტრებსაც. მათ გარეშე შეუძლებელია კოვიდსიტუაციის მართვა.

ამ გადასახედიდან სასწაულის მსგავსად მეჩვენება ეს ყველაფერი.

პირველი სამუშაო დღე რომ გავიხსენო კოვიდრეანიმაციაში: მიუხედავად იმისა, რომ ახალბედა არ ვარ, რეანიმაციასა და ანესთეზიოლოგიაში მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება მაქვს, პირველ დღეს, გვიან საღამოს რომ გავედი რეანიმაციიდან, ამის მიუხედავად თითქოს არაფერი არ გამიკეთებია აბსოლუტურად.

ქაოსში და დაბნეულობაში ჩაიარა პირველმა სამუშაო დღემ. არეულობა, დაბნეულობა იყო ჩემს გონებაში. მერე ნელ-ნელა რაღაცნაირად დალაგდა ეს ყველაფერი. ოქტომბერში, როდესაც იმატა პაციენტთა რაოდენობამ, უფრო მობილიზებულები ვიყავით. დანაკარგი, რა თქმა უნდა გვქონდა, მაგრამ მაინც ეფექტურად გადავიტანეთ და გავუმკლავდით. არცერთი პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში მოხვდა, არ დარჩენილა სათანადო მკურნალობის გარეშე.

სამუშაო დრო

წესით ჩემი სამუშაო გრაფიკი უნდა იყოს დილის ცხრა საათიდან საღამოს 6 საათამდე. მაგრამ სამუშაო დღე იწყებოდა საშუალოდ 8 საათზე და მთავრდებოდა არ ვიცი როდის. საღამოს 10-ზე, 11-ზე, ღამის ორზეც დამთავრებულა. ისეთი დღეებიც იყო, როცა მხოლოდ თავის მოსაწესრიგებლად გვქონდა დრო. 24 საათის  განმავლობაში, მხოლოდ რამდენიმე საათი შეგვეძლო დასვენება.  ეს არ ხდებოდა ყოველდღე, მაგრამ ხდებოდა ხშირად.

განსაკუთრებულად მძიმე იყო, როდესაც ჩვენი კოლეგები გვყავდა პაციენტებად და მერე ისინი დავკარგეთ. იმ პერიოდში საერთოდ არ გავდიოდით სამსახურიდან, მაგრამ მაინც მოხდა ის, რაც მოხდა. ის ექიმები, რომლებიც ჩვენთან გარდაიცვალნენ, განსაკუთრებით ძვირფასები იყვნენ და არიან და ასე იქნებიან ყოველთვის.

ისლამ საფაროვი იყო პირველი  ჩემი კოლეგა, რომელიც დავკარგეთ. თან ისლამი  იყო პირველი, რომელიც  შემოვიდა სამუშაოდ კოვიდრეანიმაციაში. დაინფიცირებამდე მუშაობდა აქტიურად.  მორიგე იყო ტესტზე დადებითი პასუხი რომ  მოუვიდა. ყოველ მეორე ან მესამე დღეს იყო მორიგე  და მუშაობდა.

მას ინტენსიური თერაპია არც დასჭირვებია. თერაპიულად მკურნალობდა. უკვე სახლში  წასვლას აპირებდა, როცა მოხდა ის გართულება, რომელიც საკმაოდ  ხშირია კოვიდპაციენტებში. მიუხედავად  იმისა, რომ მას ადეკვატური მკურნალობა უტარდებოდა, კოვიდდადასტურების დღიდან, მაინც ემსხვერპლა ამ ვერაგი დაავადების ვერაგ (ბოლომდე რომ პრევენციას ვერ გააკეთებ) გართულებას. ეს იყო შოკი ჩვენთვის. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.

მაგრამ შოკიდან გამოსვლის დროც კი არ გვქონდა. კარგავ უძვირფასეს ადამიანს და ამ დროს ნორმალურად ვერც პატივს მიაგებ, ვერც იგლოვებ, იმიტომ, რომ არ გაქვს ამის დრო. არცერთი წუთი არ გაქვს გლოვისთვის. ამ დროს უცებ კიდევ ერთ კოლეგას კარგავ. რესპუბლიკური საავადმყოფო მე ბენო ჭელიძის გარეშე ვერ წამომიდგენია. ჩემი კარიერის ადრეული ეტაპიდან მქონდა მასთან შეხება. არ ვიცი, ძალიან მძიმე იყო ის პერიოდი. ყველაფერი გავაკეთეთ მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად, მაგრამ ვერ შევძელით. ძალიან სწრაფად დამთავრდა. მაშინ მქონდა განცდა, ჩემი სიცოცხლის განაწილება რომ შემძლებოდა, გავუნაწილებდი.

კიდევ ერთი მძიმე დანაკლისი იყო შოთა ბერიძე. ჩვენი ტრავმატოლოგი. ის ჩვენთან, რეანიმაციაში გარდაიცვალა.

ძნელად გადასახარშია. ემოციურად მძიმეა ეს ყველაფერი.

იცით როგორაა? ოქტომბერი და ნოემბერი მახსოვს ძალიან ბუნდოვნად. ბევრი რაღაც არ მახსოვს.

მაშინ ვფიქრობდი, რომ რამდენიმე წიგნი დაიწერებოდა იმ თავგადასავლებზე, რასაც ჩვენ ყოველდღე გავდიოდით, განვიცდიდით. მაგრამ ახლახანს აღმოვაჩინე, რომ ძალიან ბევრი რამ მეხსიერებიდან მაქვს ამოშლილი. ტვინს აქვს ის უნიკალური თვისება, რომ არასასურველ ინფორმაციას თავისით ფილტრავს. ბევრი ასეთი რამ თითქოს ამოიშალა. ხანდახან რაღაც მახსენდება და ვიწყებ ფიქრს, ნეტავ ეს მართლა მოხდა? მართლა იყო?

ზეინაბ ფაღავა

 

რეანიმაციაში მუშაობა ძალიან რთულია. ვერც ექიმი, ვერც ექთანი და ვერც სანიტარი ვერ იმუშავებს რეანიმაციაში, თუკი მას არ აქვს გაწონასწორებული ფსიქიკა. წარმოიდგინეთ პაციენტი, რომელიც  რაღაც ეტაპამდე სუნთქავდა ჩვეულებრივად,  კარგად იყო, მაგრამ უცებ, მოულოდნელად ხდება ცუდად და არ ყოფნის ჟანგბადი.

სამედიცინო პერსონალი რომ იყოს იმ პროპორციით გადანაწილებული, რაც მიღებულია, მაშინ აქ არაფერი განსაკუთრებული, „გმირული“ არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, შენი პროფესიაა და უნდა მართო  კრიტიკული პაციენტი. ჩვენს შემთხვევაში სხვანაირად იყო – პაციენტთა გაზრდილი ნაკადი უნდა გემართა საჭიროზე ნაკლები პერსონალით.

დასაწყისში იყო ექთნების დეფიციტი, ექიმების დეფიციტი. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ არ იყო გათვლილი ამხელა ნაკადზე და მეორე იმით, რომ თითქმის ყველა დაავადდა კოვიდით, იშვიათი გამონაკლისის გარდა. შესაბამისად, დაავადებული მედპერსონალი მინიმუმ 2 კვირით ეთიშებოდა სამუშაოს და ეს ქმნიდა კადრების გაუთვალისწინებელ დეფიციტს. ამის გამო ყოფილა შემთხვევები, 7 ექთნის ნაცვლად ცვლაში 3-4 ყოფილა.

ასეთი პერიოდიც გამოვიარეთ.

შიში

კოვიდრეანიმაციაში ვმუშაობ, თუმცა  კოვიდი ჯერ არ დამმართნია. რამე განსაკუთრებულს არ ვაკეთებ. სტანდარტულად ვასრულებ იმ რეკომენდაციებს, რაც არის.

დასაწყისში მქონდა გარკვეული შიში. ოღონდ იმის არ მეშინოდა, უიმე არ დამემართოს და ვერ გადავიტან. როცა შენს გვერდით ერთ კოლეგა ექიმს ემართება, შენ გიწევს მისი საქმის გადანაწილება და მერე შიშობ, შენც რომ დაგემართოს, სხვას უნდა დააწვეს უკვე ორი ექიმის გასაკეთებელი საქმე.

უფრო ფრთხილად ვიყავი ამის გამო. მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს ჩვენი პროფესია.

სანამ კოვიდრეანიმაციაში შემოვიდოდი სამუშაოდ, უფრო იმის მეშინოდა, დედა მყავს დიაბეტიანი და არ მივუტანო. აქეთ ჩემი მეუღლის მშობლები ასაკში არიან და მათ არ მივუტანო. ასევე ბავშვი სახლში, რომელსაც არ მინდა მივუტანო.

ყველაზე  მეტად იმის მეშინოდა, მე არ გავმხდარიყავი სხვისი დაავადების მიზეზი.

ჩემს ირგვლივ ვისაც საკუთარი დაავადების შიში ჰქონდათ, მათ დაემართათ. სხვათა შორის, რაც უფრო ეშინია ადამიანს, მით უფრო მეტ შეცდომას უშვებს და ინფიცირების რისკიც მაღალია.

პანდემიამდე

კოვიდმა შეცვალა ყველაფერი. არც ვიცი რა დამრჩა ძველი ცხოვრებიდან.

თავიდანვე სახლში დავდიოდი, მაგრამ აბსოლუტურად დისტანცირებული ვიყავი მეუღლისა და ქალიშვილისგან. 11 წლის შვილი მყავს, რომელსაც ბებია-ბაბუასთან იმიტომ არ ვუშვებდი, რომ ჩემგან ვირუსის გადამტანი არ ყოფილიყო. ამის ალბათობა არსებობდა, განსაკუთრებით დასაწყისში.

ჩემი მეუღლეც ექიმია. მე სრულიად  ჩართული ვარ კოვიდპაციენტებთან, ისიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობს, ოღონდ არა კოვიდპაციენტებთან.

არაკოვიდში მომუშავე ექიმებიც არ არიან დაცულები. უფრო მეტიც, უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან.  ჩვენ ვიცით, რომ კოვიდინფიცირებულებთან გვაქვს კონტაქტი. მათ არ იციან. ყველა პაციენტთან უნდა იმუშაონ ისე, თითქოს კოვიდი აქვს. ეს ამართლებს ყველაზე მეტად. ისიც იცავს თავს და ამ დრომდე მოვაღწიეთ ისე, რომ კოვიდპაციენტები არ გავმხდარვართ.

რა მენატრება

ბავშვთან ურთიერთობის დეფიციტი მაქვს.

გამგები შვილი მყავს. თავის თავს უვლის დამოუკიდებლად. ისედაც დამოუკიდებელი იყო, მაგრამ ახლა უფრო დამოუკიდებელი გახდა. ონლაინ მეცადინეობებშია ჩართული. ხატავს, რაღაცას კითხულობს, ანუ მოერგო რაღაცნაირად ამ რეჟიმს. რა თქმა უნდა სიხარულით არა, გარეთ გასვლა და სხვებთან კონტაქტი ყველა ბავშვს უნდა, მაგრამ რაღაცნაირად გვიგებს. მისი როლი ჩემს პროფესიულ საქმიანობაში არის უდიდესი. შვილზე წინ ვერავინ ვერავის ვერ დააყენებს, ამიტომ ის რომ მიქმნიდეს პრობლემებს, მეც ძალაუნებურად სხვანაირად უნდა მემუშავა მაშინ. მაგრამ მაქსიმალურად მიდგას მხარში და ჩემი უახლოესი მეგობარია.

მეგობრებზე საუბარს თუ დავიწყებთ არ ვიცი, შეიძლება ცრემლები მომერიოს, ძალიან განვიცდი მაგ ამბავს. პრაქტიკულად სამი თვის განმავლობაში მე მეგობრები არ მინახავს.

პაციენტის ახლობლებთან ინფორმაციულ ვაკუუმში რომ არ აღმოჩნდნენ, ტელეფონით ვურთიერთობთ. იმდენია ეს რაოდენობრივად, რომ სამუშაო დღის ბოლოს გვიან ღამემდე უკვე ამით ვართ ხოლმე ექიმები დაკავებული. ამიტომ პირადი ამბებისთვის, მეგობრებისთვის დრო აღარ გვრჩება. თანაც იმდენად ვართ პირადი ურთიერთობების დეფიციტში, პროტესტიც გვაქვს ტელეფონით ურთიერთობაზე.

ჩახუტების დღე

ყოველ პარასკევს ვიღებთ სტანდარტულად ნაცხს. ან პარასკევსვე გვიან ღამით ან შაბათ დილას მომდის პასუხი, რომ ვარ უარყოფითი. ეს შაბათი დღე ჩემს ოჯახში ჩახუტების დღეა.

ბავშვმა იცის უკვე. მთელი კვირის განმავლობაში თავშეკავებულად არის თვითონაც, რომ არ უნდა მომიახლოვდეს, დისტანცია უნდა დაიჭიროს. შაბათი დღის ხიბლით დავდივართ მთელი კვირა. შაბათ-კვირასაც მიწევს კლინიკაში შემოვლა, მაგრამ რაც დრო გადის, ისეთი იზოლირებული ოჯახის წევრებისგან აღარ ვარ, როგორც დასაწყისში ვიყავი.

ახლო კონტაქტისგან თავს ვიკავებთ.

ვიცი, რომ ძალიან თუ მოვდუნდები, არ გვეპატიება. ამიტომ ვცდილობ შევინარჩუნო დისტანცია.

იმედი მაქვს ბევრი არ დარჩა და მალე ყველა გათავისუფლდება ამ მარწუხებისგან, რასაც კოვიდპანდემია ჰქვია და უფრო  მეტად დავაფასებთ თავისუფალ ცხოვრებას.

რა მასწავლა პანდემიამ

პანდემიამ ძალიან ბევრი რამ გადააფასა. ძალიან ბევრ რაღაცას ფარდა ახადა. ბევრს ნიღაბი ჩამოხსნა. გადააფასა ურთიერთობები, ფასეულობები.

პირველად მახსოვს, მეც რომ მოვისმინე – პანდემიის შემდეგ სამყარო ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო, მაშინ ეს ფილოსოფიურად ჩამესმა ყურში. ახლა ვფიქრობ, რომ მართლა ასეა. ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც მანამდე იყო.

ბევრი რაღაც შეიცვლება. უარყოფითი ბევრად მეტი აქვს ამ ყველაფერს, მაგრამ აქვს დადებითიც. მეტად დავაფასებთ ადამიანები ერთმანეთს და ნაკლებად მოგვინდება ვაწყენინოთ. ბევრი ისეთი ნიუანსია, რომელსაც ადრე არ ვაქცევდით ყურადღებას და თურმე იმდენად პატარა რაღაცაზეა დამოკიდებული.

ყოფნა-არყოფნის საკითხი ისე უცებ შეიძლება დადგეს და იმსხვერპლოს ისეთი ძვირფასი, რასაც სიცოცხლე ჰქვია, წვრილმანებზე გამოკიდება არ ღირს.

ყველაზე მეტად გული მტკივა ჩემს დაკარგულ მეგობრებზე, ახლობლებზე.  ეს არის ალბათ გამოუსწორებელი. ამას არაფერი არ ეშველება. ეს არის ყველაზე დიდი ტრავმა.

პირველ იანვარს იყო ჩემი შვილის დაბადების დღე. პანდემიამდე ყოველთვის მეტ-ნაკლებად პომპეზურად აღვნიშნავდით. წელს მხოლოდ ჩვენ სამნი ვიყავით.  მე, ჩემი შვილი და ჩემი მეუღლე. სხვები მხოლოდ ტელეფონით მოლოცვებით შემოიფარგლნენ. ეს ძალიან უჩვეულო იყო.მადლობა ღმერთს, რომ ჩემი შვილი ამას აღიქვამს ისე, როგორც არის და არ ქმნის ამისგან ტრაგედიას.

პანდემია რომ დამთავრდება

ძალიან ბანალური სურვილი მაქვს. შეიძლება სხვას უინტერესოდ მოეჩვენოს, მაგრამ ჩემი ახლანდელი სურვილია დამთავრდეს სრულად ეს პანდემია და ამის შემდეგ ოჯახთან ერთად მინიმუმ ორი კვირა დავისვენო. ამ წუთას სხვა ოცნება არ მაქვს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი