გუშინ, 12 იანვარს, სოფელ ბუკნარში ერთმანეთს მუსლიმი და ქრისტიანი მეზობლები დაუპირისპირდნენ რელიგიურ ნიადაგზე. დაძაბულობა სოფელში დღესაც გაგრძელდა. ქართველ მუსლიმთა კავშირის ყოფილი თავმჯდომარის, ევროპული საქართველოს წევრის, ტარიელ ნაკაიძის შეფასებით, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან მუსლიმი თემის მიმართ გატარებული მრავალწლიანი დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგი:
„სოფელ ბუკნარში (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი) ადგილობრივ მუსლიმ ახალგაზრდებს თავს დაესხნენ და მიაყენეს ფიზიკური დაზიანება, იმ მიზნით, რომ სახელდახელოდ მოწყობილ სამლოცველოში არ მისულიყვნენ ღვთისმსახურებისთვის. ადგილობრივმა მუსლიმებმა რამდენიმე თვის წინ სოფელში შეიძინეს საცხოვრებელი სახლი, რომელიც სამლოცველოდ მოაწყვეს. აღნიშნულ შენობაში აგრეთვე მიმდინარეობდა პარასკევის ლოცვებიც, სადაც ათეულობით ადგილობრივი მუსლიმი იკრიბებოდა.
სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება რელიგიური (და არა მხოლოდ რელიგიური) უმცირესობების, განსაკუთრებით კი მუსლიმი თემის მიმართ სახელმწიფოს მრავალწლიანი დისკრიმინაციული, გულგრილი და არასეკულარული პოლიტიკის შედეგია. ეს პოლიტიკა უმეტეს შემთხვევაში რელიგიური უმცირესობების გარიყულობაში, დისკრიმინაციასა და ზოგჯერ მიზანმიმართულ დევნაში ვლინდება.
შეგახსენებთ, რომ ბოლო წლებში ქართველი მუსლიმი თემის მიმართ გამოვლინდა არა ერთი რელიგიური კონფლიქტი. მათ შორის, ნიგვზიანში 2012 წელს, წინწყაროში 2013 წელს, სამთაწყაროში 2013 წელს, ჭელაში 2013 წელს, ქობულეთში 2014 წელს, მოხეში 2014 წელს, ადიგენში 2016 წელს. რელიგიური დევნისა და დისკრიმინაციის მსგავს შემთხვევებზე სახელმწიფოს არაქმედითი რეაგირება დაუსჯელობის განცდას ქმნის და რელიგიური უმცირესობების შევიწროებას და მიუღებლობას ერთგვარ ნორმად აქცევს.
სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ამ პროცესში სახელმწიფომ უზრუნველყოს კანონის უზენაესობისა და თანასწორობის პრინციპების განუხრელი დაცვა. კომპეტენტურად გამოიძიოს გამოვლენილი ძალადობის ფაქტი და მიიღოს ადეკვატური სამართლებრივი ზომები. ამასთანავე, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება და შეძლოს მიუმხრომლობის პრინციპით მოქალაქეების უფლებების დაცვა.
იმისთვის, რომ კონფლიქტის ესკალაცია არ მოხდეს, აუცილებელია შესაბამისმა უწყებებმა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პრევენციული ზომები მიიღონ. კონფლიქტის გადაჭრა კი ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის პრინციპებით დაცვით მოხდეს და არა სხვისი უფლებების უგულებელყოფის და მიჩქმალვის ხარჯზე, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა.
ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ დროულად უზრუნველყოს ადგილობრივი მუსლიმების მიერ გახსნილ სამლოცველოში ღვთისმსახურების თავისუფლად შესრულება და აღკვეთოს ამ კუთხით მოსალოდნელი საფრთხეები. აქვე საჭიროა, სახელმწიფომ შეიმუშავოს კონფლიქტის გამოცდილების მქონე თემებს შორის ნდობის აღდგენასა და მშვიდობიანობისა და სოლიდარობის პრინციპებით თანაცხოვრებაზე მიმართული პროგრამები“.
____
ამავე თემაზე: