მთავარი,სიახლეები

ბუკნარში დაპირისპირებულ ორ რელიგიურ თემს შორის შეთანხმება შედგა – ჩოხატაურის მერი

13.01.2021 • 1725
ბუკნარში დაპირისპირებულ ორ რელიგიურ თემს შორის შეთანხმება შედგა – ჩოხატაურის მერი

ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში დაპირისპირებულ ორ რელიგიურ თემს შორის შეთანხმება შედგა. ქრისტიანი და მუსლიმი თემის წარმომადგენლები ჩოხატაურის მერიაში, მოლაპარაკების მაგიდასთან ჩოხატაურის მერთან და გურიის გუბერნატორთან ერთად დასხდნენ.

შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ კი მოლაპარაკებაში ჩართულმა ყველა მხარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„პირობითად ორივე მხარე – თანასოფლელები, შეთანხმდნენ, რომ ერთი თემიც და მეორე თემიც  ჩვეულებრივად გააგრძელებს ლოცვას. არც არავის ხელი არ შეეშლება. ეს არის სეკულარული სახელმწიფო, ეს არის ადამიანის უფლებების დაცვის მქონე სახელმწიფო. თანასოფლელები ყოველგვარი ზედმეტი ჩარევების გარეშე თანაცხოვრებას გააგრძელებენ,“ – თქვა ჟურნალისტებთან შეხვედრიდან გამოსულმა ჩოხატაურის მერმა ირაკლი კუჭავამ.

„ყოველ პარასკევს იქნება ლოცვა, რომელშიც არცერთი მეზობელი იქნება თუ ვინც იქნება, ხელს არ შეგვიშლის და იქნება სიმშვიდე ყოველნაირად,“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შეხვედრიდან გამოსულმა სოფელ ბუკნარის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.

სოფელ ბუკნარის დეპუტატმა დავით კვაჭანტირაძემ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ასევე დაადასტურა, რომ შეთანხმება შედგა.

„ჩვენ აჭარლები და გურულები ვართ ძმები. ერთად ვშრომობდით, ერთად ვაკეთებდით. სოფელში ეკლესია რომ არის აშენებული, აჭარელ მოსახლეობას დიდი წვლილი აქვს შეტანილი. მარხული იყო ხალხი, როცა ეკლესია შენდებოდა, მაგრამ არაჩვეულებრივი სადილები მოდიოდა ეკლესიაზე. თვითონ არ მიირთმევდნენ, მაგრამ ჩვენთან მაინც მოჰქონდათ. შეთანხმება შედგა არაჩვეულებრივი, ხელის ჩამორთმევით, ძმობით,“ –  თქვა მან.

მთავარი ფოტო: სქრინი ტელეკომპანია “მთავარი არხის” პირდაპირი ეთერიდან

ამავე თემაზე:

Batumelebi | რა ხდება ჩოხატაურში – დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე (netgazeti.ge)

გადაბეჭდვის წესი


ასევე: