მოსკოვის ქუჩას ქუთაისში შინდისის გმირების სახელი დაარქვეს

25 თებერვალს, ოკუპაციის 100 წლისთავზე, ქუთაისში შინდისის გმირების სახელი მიანიჭეს მოსკოვის ქუჩას.

ერთ-ერთ სახლზე ქუჩის ძველი აბრა შინდისის ბრძოლის გმირმა, ტრისტან ჩიტიძემ თავად მოხსნა და ახალი დაამაგრა.

მოსკოვის ქუჩას ქუთაისში შინდისის გმირების სახელი დაარქვეს/თეკო ჭეიშვილის ფოტო
შინდისის ბრძოლის დროს 2008 წლის 11 აგვისტოს რუსულ სამხედრო ნაწილთან შეტაკებისას დაიღუპა 17 ქართველი ჯარისკაცი: ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე, კახა კოშაძე, ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ლევან მელქაძე, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე,   მარლენ ბარამია, შმაგი კუპატაძე და მიხეილ დვალიშვილი.
მოსკოვის ქუჩას ქუთაისში შინდისის გმირების სახელი დაარქვეს/თეკო ჭეიშვილის ფოტო
2019 წელს ანტისაოკუპაციო აქციების ორგანიზატორები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი დიდი ხანი თბილისშიც ითხოვდნენ მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევას.

სამოქალაქო აქტივისტებმა გასულ წელს 12 000 ხელმოწერა წარუდგინეს თბილისის ხელისუფლებას. პეტიციაზე ხელმომწერები მოსკოვის ქუჩისთვის არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებას ითხოვდნენ.

ქუჩა თბილისში ისევ მოსკოვის სახელს ატარებს.

2019 წლის თებერვალში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასაც მიმართეს მოქალაქეებმა პეტიციით, რომლის ინიციატორიც მოქალაქე გურამ მიქელაძე იყო. ის ითხოვდა მოსკოვის ქუჩას ოზურგეთში „გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტის”, ბენიამინ ჩხიკვიშვილის სახელი დარქმეოდა. მოქალაქის მოთხოვნა მერიამ არ დააკმაყოფილა.

რიჟვაძე ქობულეთში სოცმუშაკების რაოდენობაზე: ადამიანების დეფიციტი უნდა აღმოიფხვრას

„ადამიანების დეფიციტი უნდა იქნას აღმოფხვრილი,“ – მიიჩნევს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე. მას მთავრობის სხდომის შემდეგ იმის შესახებ ვკითხეთ, ქობულეთის მუნიციპალიტეტს მხოლოდ ერთი სოცმუშაკი რომ ჰყავს. სოცმუშაკების დეფიციტი, როგორც პრობლემა, განსაკუთრებულად და მწვავედ ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის – 14 წლის ნინის სავარაუდო თვითმკვლელობის შემდეგ გამოჩნდა.

ქობულეთში მხოლოდ ერთი სოცმუშაკია, ფსიქოლოგი კი – არც ერთი.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, ამ საკითხზე იმსჯელეს როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ არის.

„ეს მართლაც ტრაგიკული და მძიმე შემთხვევაა. ყველაფერი, რაც რეგიონში ხდება, არ რჩება ყურადღების მიღმა. ამ მიმართულებით ვმუშაობთ, შედეგები ცოტა მოგვიანებით იქნება… როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე პოლიტსაბჭოს ნაწილში, რეგიონში არსებულ აქტუალურ საკითხებზე ვმსჯელობთ,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

14 წლის ნინის საქმეზე გამოძიება გრძელდება. სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენის მუხლით სამართალდამცველებმა კაცი მას შემდეგ დააკავეს, როცა ნინიმ სავარაუდოდ თავი მოიკლა. სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის და მუქარის მუხლით დააკავეს გარდაცვლილი გოგოს ბაბუაც.

ამ თემაზე:

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები

1-ლი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იკრძალება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 28 თებერვალს ნადირობის სეზონი სრულდება. შესაბამისად, 1-ლი მარტიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა აკრძალულია.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აცხადებს, რომ შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები კონტროლს მთელი საქართველოს მასშტაბით გაამკაცრებენ.

„აკრძალულ პერიოდში ნადირობის შემთხვევაში პირს შესაბამისი საჯარიმო სანქციის გადახდა მოუწევს. რიგ შემთხვევებში, მოხდება მოპოვებული ობიექტისა და სანადირო იარაღის კონფისკაცია; ასევე, შესაძლებელია, პირს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვას. ფრინველის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, საჯარიმო თანხას გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა ემატება. თუ მოპოვებული ნანადირევით გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილება,“ – აცხადებს დეპარტამენტი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით ნადირობის სეზონი 2021 წლის აგვისტოს თვეში გაიხსნება.

 

მთავარი ფოტო: BAZIERI.GE

საქართველოში კოვიდის პირველი შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა – 26 თებერვალი

ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 26 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის 270 137 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, თუმცა ეს მხოლოდ დადასტურებული სტატისტიკაა, კოვიდის შემთხვევების რაოდენობა ამაზე მეტია. 

ერთი წლის განმავლობაში კორონავირუსით საქართველოში 3 485 ადამიანი გარდაიცვალა. 

2020 წლის 26 თებერვალს, ღამით, კორონავირუსის პირველი შემთხვევის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კოვიდი პირველად დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. იმავე დღეს ირანთან საჰაერო, სახმელეთო და ტრანზიტული მიმოსვლა შეწყდა.

28 თებერვალს დადასტურდა კოვიდის მეორე შემთხვევა. ამჯერად ინფიცირებული იტალიიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე იყო.

უკვე 29 თებერვალს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, გამოცხადდა, რომ სკოლები 2 მარტიდან, ნაადრევად დაიწყებდნენ საგაზაფხულო არდადეგებს. გაზაფხულზე ძალაში შევიდა შეზღუდვები, რომლის ფარგლებშიც დაწესდა კომენდანტის საათი, აიკრძალა ავტომობილით გადაადგილება [სპეციალური საშვის გარეშე], სწავლება და მუშაობა თანდათან გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე.

კორონავირუსის აფეთქება კი საქართველოში დაიწყო შემოდგომაზე, აჭარაში, ბათუმში, ე.წ. „დონას კლასტერით“, რომელსაც მალევე მოჰყვა სხვა კლასტერები. ჯერ კიდევ 2 სექტემბერს საქართველოში კოვიდით ინფიცირებული იყო 1548 ადამიანი, კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა კი  – 19.

სამი თვის შემდეგ მონაცემები საქართველოში უკვე დრამატულად შეიცვალა. 2020 წლის დეკემბერში დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა 1000-დან 2000 ახალ შემთხვევას აღემატებოდა.

30 დეკემბერს საქართველოში კოვიდით უკვე გარდაცვლილი იყო 2 481 ადამიანი. ამ პერიოდში გადატვირთული იყო კოვიდკლინიკები, ადამიანები საათობით ელოდებოდნენ სასწრაფო სამედიცინო სამსახურს.

2021 წლის იანვარში კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა საქართველოში შეზღუდვების ფონზე იკლო. 2021 წლის თებერვლის შუა რიცხვებში დაიწყო შეზღუდვების ეტაპობრივად შემსუბუქება, თუმცა, ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში ჯერ ისევ არ დაწყებულა კორონავირუსზე ვაქცინაცია.

დღეის მდგომარეობით მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსის 113 025 730 შემთხვევა, მსოფლიოში კოვიდით გარდაიცვალა 2 508 796 ადამიანი.

ვახო სანაიას მხარდასაჭერად ჟურნალისტებმა ბათუმში სოლიდარობის აქცია გამართეს

დღეს, 26 თებერვალს, ბათუმში, ევროპის მოედანზე, ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

„არა ძალადობას,“ „ ჩვენ არ ვართ სუსტები, ჩვენ ვართ სოლიდარულები“, „ნუ ახალისებთ ძალადობას,“ „სოლიდარობა ვახო სანაიას“ – ეწერა საპროტესტო პლაკატებზე.

„ვახო სანაიაზე განხორციელებული თავდასხმა პირდაპირ კავშირშია იმ რიტორიკასთან, რომელიც ჩვენ გვესმის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. გუშინ დაესხნენ ვახო სანაიას თავს კრიტიკული კითხვების გამო და კრიტიკული აზროვნების გამო. ხვალ მომაკითხავენ მე, ზეგ თქვენ და ჩვენს სხვა კოლეგებს და ხმის ამომღები, კითხვის დამსმელი არ დარჩება ამ ქვეყანაში არავინ. ეს არის მიმართული იქითკენ, რომ დააშინონ ჟურნალისტები,“ – თქვა აქციაზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ირინა ყურუამ.

ჟურნალისტი ნათია შავაძე ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადებები და მოქმედებები ახალისებს ძალადობას.

„ადამიანებს, რომლებსაც აქვთ იმის პასუხისმგებლობა, რომ ადამიანებს ასე არ ექცეოდნენ ქუჩაში, მათ შორის, ჟურნალისტებს, ეს ადამიანები ეწევიან კრიტიკული მედიის დისკრედიტაციას. ძალადობის წახალისებას ყოველდღიურად ვხედავთ – მათ ბრიფინგებზე თუ ინტერვიუების ჩაწერის დროს,“ – ამბობს ნათია შავაძე.

ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია ევროპის მოედანზე. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს, ვახო სანაიას თავს 24-25 თებერვლის მიჯნაზე, გვიან ღამით დაესხნენ.

როგორც სანაია ამბობს, მას თავს დაესხა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამი ადამიანი.

ჟურნალისტის თქმით, დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

სანაიას მეუღლის, თამუნა ყურაშვილის ცნობით, ჟურნალისტ ვახო სანაიას ტვინის შერყევა დაუდასტურდა.

სანაია თავდასხმას თავის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირებს.

მისი თქმით, თავდამსხმელები მის მიმართ აგრესიას სწორედ ამ ნიშნით ავლენდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარის გამო სამი პირი დააკავა.

აჭარაში კოვიდის 17 ახალი შემთხვევაა | 26 თებერვალი

26 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 33 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კლინიკა დატოვა 6-მა პაციენტმა.

ბოლო მონაცემებით აჭარაში კოვიდკლინიკაში 112 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5 მართვით სუნთქვაზეა.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 26 თებერვლის 21 საათიდან 27 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 8-13 მეტრი წამში.

მთიან აჭარაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით:  3 – 8 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 გრადუსი სითბო – 2 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 28 თებერვალს ღამით და დღის პირველ ნახევარში  მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, დღის მეორე ნახევრიდან და მომდევნო 2 დღეს კი მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

 

საცურაო აუზები და ფიტნესკლუბები საუნის გარეშე იხსნება

სპორტული/სავარჯიშო დარბაზები, ასევე საცურაო აუზები 2021 წლის 15 მარტიდან გაიხსნება, თუმცა საუნებისა და სხვა სპაპროცედურების გარეშე.

მთავრობის 24 თებერვლის დადგენილებით, საუნებისა და სხვა სპაპროცედურების საქმიანობა კვლავ აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობათა ჩამონათვალში რჩება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ სპორტული დარბაზები ფუნქციონირებას 15 მარტიდან განსაზღვრული რეგულაციების დაცვით განაახლებენ, თუმცა  საცურაო აუზებზე, საუნასა და სპაცენტრებზე არაფერი უთქვამს.

პრემიერს არც კაზინოების გახსნაზე უსაუბრია. მთავრობის დადგენილებით კი, აჭარაში კაზინოების მუშაობა 2021 წლის 1-ლი მარტიდან აღარ შეიზღუდება, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ადგილებში – პირველი  აპრილიდან.

გამორიცხული არ არის, შეზღუდვების მოხსნის გრაფიკში, რაზეც მთავრობამ 24 თებერვალს განაცხადა, ცვლილებები ეტაპობრივად შევიდეს. ზოგადად ცვლილებებს კი, მთავრობა კონკრეტულ პერიოდში არსებული ეპიდსიტუაციით ხსნის.

ამ თემაზე:

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 25 თებერვლიდან – მოკლედ

 

 

 

 

„მთელ პენსიას ბანკის სესხში ვიხდი“ – პენსიონერი, რომელიც სამუშაოს ეძებს [ვიდეო]

67 წლის პენსიონერმა, მერი ჯიჯავაძემ, რომელიც წლებია თურქეთში, ჩაის მკრეფავად მუშაობდა, პანდემიის გამო შემოსავლის ეს წყარო დაკარგა და ახლა აქ ცდილობს სამუშაოს პოვნას და სესხის გადახდას, რომელიც უსახსრობის გამო გამოიტანა ბანკიდან.

მერი სოციალურად დაუცველია.

„17 წელი თურქეთში ვიმუშავე, ჩაის ვკრეფდი. 2020 წელს გამიჭირდა და ავიღე სესხი, თურქეთში სამუშაოდ კი ვერ წავედი პანდემიის გამო. ახლა ხან ერთ სახლს დავალაგებ, ხან ვინმეს ყანას დავუბარავ… რასაც გამოვკრავ ხელს… “ – ჰყვება ის.

მერი ჯიჯავაძემ 2020 წლის იანვარში 3000-მდე ლარი გამოიტანა სესხად ბანკიდან. ვალის დასაფარად მას ყოველთვიურად 188 ლარი შეაქვს. პენსიონერი სესხის გადახდას 2021 წლის 20 დეკემბერს მორჩება, როცა აღებულ სესხზე ათასი ლარით მეტი ექნება გადახდილი.

მერი ამბობს, რომ ყოველთვიურად ბანკში შესატან 188 ლარს ხან პენსიით და სოციალური დახმარებით იხდის, ხან დალაგებაში აღებულ თანხას აშველებს.

მერი ჯიჯავაძეს 2019 წლის თებერვალში საპენსიო სესხიც აუღია, რომლის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 39.20%-ია. მერის თქმით, იმის გამო, რომ ამ სესხის დაფარვა გაუჭირდა, იძულებული გახდა სესხი რამდენჯერმე გადაევადებინა.

„მაშინ 900 ლარამდე გამოვიტანე, ცოტა მქონდა დარჩენილი, მაგრამ უკვე ზამთარი იყო, თურქეთში ვერ წავედი… სამჯერ გადავადებინე და ამიტომ გაიზარდა სესხი,“ – ჰყვება მერი.

მერი ჯიჯავაძე

მერი ჯიჯავაძე 15 წელზე მეტია ყოფილი ფსიქიატრიული დაწესებულების შენობაში, პირველი სართულის სამ ოთახში ცხოვრობს.

შენობა, სადაც პენსიონერი ქალი ცხოვრობს, სიცოცხლისთვის საშიშია და ამას ბათუმის მერიის მიერ შეკვეთილი საინჟინრო ექსპერტიზის 2019 წლის დასკვნაც ადასტურებს.

საინჟინრო დასკვნაში აღნიშნულია, რომ  საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, ცალკეული ზონები საფრთხის შემცველია, სახლზე მიშენებების კონსტრუქციული სქემა და რკინა-ბეტონის ელემენტების ზომები ვერ აკმაყოფილებს სამშენებლო და სეისმური ნორმების მოთხოვნებს და შენობას სჭირდება სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შესაბამისი კონსტრუქციული პროექტის მიხედვით.

მერი ჯიჯავაძე ამბობს, რომ თავისი შემოსავლით არათუ რემონტს, არამედ იმ კარის გამოცვლასაც ვერ ახერხებს, რომელიც უკვე რამდენჯერმე ჩამოვარდა.

დაახლოებით 30 წლის წინ მერი ჯიჯავაძე მუშაობდა იმ შენობაში, სადაც ახლა ცხოვრობს. როცა ქმარი გარდაეცვალა, ჯერ დამლაგებლად დაიწყო მუშაობა, მერე დიასახლისად, ბუფეტში… ჰყვება, რომ დედამთილის ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა სამსახურისთვის თავი დაენებებინა, რადგან ოჯახის წევრს მოვლა სჭირდებოდა.

მერე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა, საიდანაც დაბალი ხელფასის გამო წამოვიდა. ბოლოს თურქეთში დადიოდა სეზონურ სამუშაოზე და ამით გაჰქონდა თავი.

შენობა, სადაც მერი ჯიჯავაძე ცხოვრობს

მერი ამბობს, რომ ის, რაც თურქეთში მუშაობის შედეგად დარჩა, გამათბობელია და, ასევე, შერყეული ჯანმრთელობა, თავის ძლიერი ტკივილი, რომელსაც უსახსრობის გამო ვერ მკურნალობს.

მერი ამბობს, რომ თავის ტკივილი თურქეთში, ჩაის კრეფის დროს მიღებულ ტრავმას უკავშირდება:

„იქ, თურქეთში დავგორდი და თავი დავარტყი. თავში სითხე მქონდა, აქ მივედი ექიმთან. ახლაც მინდა მისვლა, ისეთ დღეში ვარ ხანდახან, თვალებს ვერ ვახელ, ხმაურს ვერ ვიტან… თავში მაქვს პრობლემა. ექიმთან ვიყავი, რაღაც გამომიწერა, ვსვი, ვსვი, მაგრამ შედეგი არ მაქვს.

ექიმსაც ფული უნდა… ოჯახის ექიმი ხომ გადაგამისამართებს, სადაც გაგიშვებს, იქაც ფული გინდა… ფული უნდა ჩავიგდო ხელში, მაგრამ აბა როგორ?!“ – კითხულობს მერი.

ჰყვება, რომ სანდასუფთავების სამსახურში უნდოდა მუშაობის დაწყება, მაგრამ უარი უთხრეს. უკვე არც ჯანმრთელობა უწყობს ხელს.

მერი ამბობს, რომ ნათესავები ჰყავს, მაგრამ ახლა ყველას უჭირს და მასაც ერიდება დახმარების თხოვნა.

„სხვაგან ვერ წავალ და ვერ მოვითხოვ, რადგან დღეს ყველას უჭირს. აღარ ვთაკილობ არაფერ საქმეს. ძალიან თუ გამიჭირდა, კი შემიძლია ვთხოვო დახმარება ჩემს ბადიშს, მაგრამ მაქამდე არ მიმყავს საქმე… თუ ძალიან გამიჭირდა… მერე ვნახოთ,“ – ამბობს მერი.

___

ამავე თემაზე:

 

ბანკებს 38 მილიარდი ლარი სესხი აქვთ გაცემული – სებ

საქართველოს ეროვნული ბანკის [სებ] მონაცემებით, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა [ბანკთაშორისი სესხების გარდა], 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, 48.22 მილიონი ლარით [0.13%-ით] შემცირდა და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის ჯამში 38.17 მილიარდი ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 89.51 მილიონი ლარით [0.53%-ით] შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 41.28 მლნ ლარით [0.19%-ით] გაიზარდა.

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის იანვრის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.33 მილიარდი ლარის, ხოლო უცხოური ვალუტით 13.23 მილიარდი ლარის მოცულობის სესხი.

0.08%-ით ანუ 14.87 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა 2021 წლის იანვრის განმავლობაში და მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 18.77 მილიარდი ლარი შეადგინა.

ქვეყანაში დღეს 545 029 ფიზიკურ პირს ბანკის, მიკროსაფინანსო თუ სხვა ორგანიზაციის ვადაგადაცილებული სესხი აქვს. სესხის ჯამური მოცულობა 2,4 მილიარდს აჭარბებს [ექვივალენტი ლარში]. გარდა ამისა, 9 669 პირი არის თანამსესხებელი, ხოლო 90 487 პირი – გარანტორი.

2021 წლის იანვრის მდგომარეობით, 30 დღით და მეტით ვადაგადაცილებული სესხების სტატისტიკა საქართველოში ასე გამოიყურება:

  • 308 340 ფიზიკურ პირს აქვს კომერციული ბანკების სესხი. ვადაგადაცილებული სესხების ჯამური მოცულობა – 1 758 057 941 ლარი;
  • 222 673 ფიზიკურ პირს აქვს სხვა რეგულირებადი სუბიექტების [მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სხვ.] სესხი, სადაც ვადაგადაცილებული სესხების ჯამური მოცულობა  642 569 957 ლარია;
  • 14 016 ფიზიკურ პირს კი, სესხი აღებული აქვს არარეგულირებადი სუბიექტებისგან, სადაც ვადაგადაცილებული სესხების ჯამური მოცულობა 82 637 736 ლარია.

ამ თემაზე:

პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ბიუჯეტიდან წელს 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება

 

 

სასამართლომ დაადგინა, რომ 3 სოცმუშაკი სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გაფიცვების შემდეგ გათავისუფლებული სამი სოცმუშაკი სამსახურში დააბრუნა. ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის – EMC-ის ინფორმაციით, სასამართლომ განაცდურის სრულად ანაზღაურების მოთხოვნაც დააკმაყოფილა.

33 სოცმუშაკი გაფიცვების შემდეგ 2019 წლის 11 დეკემბერს გაათავისუფლეს რეორგანიზაციის შედეგად.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა სასამართლომ  მიიჩნია, რომ სოცმუშაკები სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს და მათ დაბრუნებაზე გადაწყვეტილება მიიღო. გასული წლის  ნოემბერში სოცმუშაკმა თბილისის საქალაქო სასამართლოშიც მოიგო დავა. სასამართლო დავას სოცმუშაკები ჯერ კიდევ აგრძელებენ.

სამსახურიდან გათავისუფლებულების ინტერესებს EMC იცავს.

თითქმის ერთი წლის წინ სოცმუშაკები გაიფიცნენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს. მათი მოთხოვნების სრული უმრავლესობა მთავრობამ არ გაითვალისწინა.

გაფიცვების პარალელურად ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალური მომსახურების სააგენტოდან სოცმუშაკები გადაიყვანა ახალშექმნილ „სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში“.

ვინ როგორ გამოეხმაურა ჟურნალისტ ვახო სანაიაზე ფიზიკურ თავდასხმას

ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე, ვახო სანაიაზე თავდასხმას დილიდან ეხმაურება არასამთავრობო სექტორი. ჟურნალისტის თქმით, მას თავს დაესხა სამი კაცი და დაზიანებები აქვს როგორც თავზე, ასევე სხეულის სხვდასხვა მიდამოში.

ჟურნალისტზე და მისი ოჯახის წევრზე ფიზიკური ძალადობა დაგმო საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახება ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე.

“ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა”, – წერია ქარტიის განცხადებაში.

განცხადებები გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტზე თავდასხმის ფაქტის შეფასებისას თქვა, რომ ჟურნალისტებისგან სიძულვილის ენა არ აკლიათ.

„ნუ დავინახავთ ამ რაღაც კონკრეტულ ფაქტებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ზოგადად, სიძულვილის ენა არ აკლია ამ ქვეყანას და ძალიან სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში, როდესაც ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა და, ზოგადად, ყველასთვის, ჩემთვის პირადად, სასურველია ვნახო, რომ ასეთ რეჟიმში არ მიმდინარეობდეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება არც ერთი მხრიდან. ვახო სანაიას ფაქტი არის ნამდვილად შემაშფოთებელი და შემაძრწუნებელი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

„ჩვენ კრიტიკაზე დიდი ბოდიში და უარს ვერ ვიტყვით, იმიტომ, რომ ისეთივე სრულუფლებიანი მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნის, როგორიც თქვენ ხართ. მაგრამ თქვენი კრიტიკა უმეტეს შემთხვევაში არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. დამოკიდებულება – ადამიანური დამოკიდებულებიდან დაწყებული დამთავრებული საქმიანი დამოკიდებულებით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ვინც თავს დაესხმება, აი, ამ კონტექსტში, თქვენ ან ჩვენ წარმომადგენელს, თქვენი პოლიტიკური მხარდამჭერების მხრიდან ვამბობ, არის სწორედაც ის, რაც დისკრედიტაციას უკეთებს პოლიტიკურ პარტიას. თავდამსხმელები, აგრესორები, დღესდღეობით ჩვენ ვიხილეთ კონკრეტულ პოლიტიკური პარტიის გარშემო,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ჟურნალისტზე თავდასხმას ფეისბუქზე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე.

„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას. ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს“, – დაწერა არჩილ თალაკვაძემ „ფეისბუქზე“.

განცხადებები გააკეთეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმაც. საერთო განცხადებაში პოლიტიკური პარტიები გმობენ ჟურნალისტზე თავდასხმას და ამბობენ, რომ „სანაიაზე თავდასხმა ხელისუფლების პროპაგანდის შედეგია“.

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ამბობს, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმეში უნდა გამოიკვეთოს სიძულვილის მოტივი.

„მნიშვნელოვანია, რომ პოლიციის მიერ დაწყებული გამოძიება გაჭიანურების გარეშე წარიმართოს და მიმდინარე საქმეს სათანადო კვალიფიკაცია მიეცეს. მათ შორის, გამოძიებამ სათანადოდ შეისწავლოს სისხლის სამართლის კოდექსის 53 პრიმა მუხლის საფუძველზე (სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები) სავარაუდო სიძულვილის მოტივი, რომელიც ვახო სანაიას ჟურნალისტურ საქმიანობასა და მის გამოხატვას, შეხედულებებს უკავშირდება.

თავდამსხმელების მიერ გაკეთებული განცხადებები და აგრესია ვახო სანაიას საქმიანობას და კრიტიკულ მედიაორგანიზაციებთან მიმართებით ამგვარი მოტივის არსებობაზე მიანიშნებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

___

ვახო სანაია თქმით, მას და მის ოჯახს თავს დაესხნენ წუხელ, 24 თებერვალს.

 

„ოცნების“ კოორდინატორისა და ხელვაჩაურის მერის მოადგილის მეგობრის ბიზნესი მაჭახელში

ხელვაჩაურში, მაჭახლის ხეობაში, თამარის ხიდთან მისვლამდე, მდინარის პირას საცხოვრებელი კოტეჯები შენდება. კოტეჯებს სახელმწიფო მიწაზე უკანონოდ აშენებენ. მეოთხე კოტეჯის მშენებლობა ისე სრულდება, რომ რეაგირება არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ ჰქონია. კოტეჯების მშენებლობასთან ადგილობრივებს ხელვაჩაურის მერის მოადგილე – არჩილ ბარამიძე ბევრჯერ უნახავთ. ამას ჩინოვნიკიც ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ კოტეჯები მისი არ არის. ამავდროულად, ჩინოვნიკი უკანონო მშენებლობას არ იმჩნევს.

კოტეჯების ოფიციალური მფლობელი „ოცნების“ კოორდინატორია: შუაში დასაჯდომსაც გავაკეთებ

სოფელ ცხემლარაში ადგილობრივები გაჩვენებენ ადგილს, სადაც ახალი ტურისტული სივრცე ეწყობა – კოტეჯები მდინარის პირას, თამარის ხიდთან ახლოს. ამ ხიდს მაჭახლის ხეობაში ამოსული ტურისტები თითქმის ყოველთვის ნახულობენ. ადგილობრივების ნაწილი თავს არიდებს კითხვას: ვისია ეს ბიზნესი? ნაწილი კი პირდაპირ გვპასუხობს: „ვისია და მთავრობის“.

საჯაროდ არ სურთ საუბარი, მაგრამ ამ სოფელში მცხოვრებლები გვიყვებიან, რომ კოტეჯებს ხელვაჩაურის მერის მოადგილე – არჩილ ბარამიძე და მისი მეგობარი როინ სალვარიძე აშენებენ. როინ სალვარიძე ამ სოფელში ცხოვრობს და 2012 წლიდან „ქართული ოცნების“ კოორდინატორია.

საავტომობილო გზიდან მდინარის პირას ჩავდივარ, სადაც ხელოსნები უკვე მეოთხე კოტეჯზე მუშაობენ. უკვე გადახურულ სამ კოტეჯში სველი წერტილებია მოსაწყობი. ხელოსნების თქმით, თითოეულ კოტეჯს სამზარეულო კუთხეც ექნება და სველი წერტილიც. ხელოსნებმა ჩვენთან საუბარი მას შემდეგ აღარ ისურვეს, როცა ვიკითხეთ, ვისგან მიიღეს შეკვეთა კოტეჯების მოწყობაზე. თუმცა მანამდე გვიყვებოდნენ, რომ მშენებლობის პროცესში როინ სალვარიძესა და არჩილ ბარამიძესთან აქვთ ურთიერთობა.

არჩილ ბარამიძე, ხელვაჩაურის მერის მოადგილე ამბობს, რომ ეს მისი მეგობრის ბიზნესია.

„როინ სალვარიძე ჩემი მეგობარია, იქ ყოფნის პერიოდში რამდენჯერმე მომიწია იქ შესვლა და დათვალიერება აღნიშნული პროექტის, თუ როგორ კეთდებოდა, ისეთი პროექტია, არაა გრანდიოზული პროექტი… მე არავითარი კავშირი ამ კოტეჯებთან არ მაქვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერის მოადგილემ.

ხელვაჩაურის მერის მოადგილის, არჩილ ბარამიძის განმარტებით, როინ სალვარიძე საკუთარი მიწის ნაკვეთში აშენებს კოტეჯებს და კოტეჯების პარამეტრებიდან გამომდინარე მას ნებართვა არ სჭირდება.

„კოტეჯები ჯდება სტანდარტებში ანუ 5 მეტრზე მეტი სიმაღლის არ არის და 60 კვადრატულ მეტრზე ნაკლებია თითოეული კოტეჯის ფართობი, შესაბამისად, სამშენებლო ნებართვა არ სჭირდება,“ – განმარტავს არჩილ ბარამიძე.

„მაგ მიწის იმედი მაქვს მთელი ცხოვრება, მამა-პაპის მიწაა, არ სჭირდებოდა ნებართვა, ამიტომ არ მაქვს, ვარღვევ რამეს?“ – გვკითხა „ოცნების“ კოორდინატორმა და კოტეჯების მფლობელმა, როინ სალვარიძემ. მისი აღწერით, ამ ადგილზე სულ ოთხი კოტეჯი იქნება, რომელთა ამუშავებასაც ზაფხულში აპირებს.

„შუაში დასაჯდომსაც მოვაწყობთ, სულ ესაა,“ – დასძინა როინ სალვარიძემ „ბათუმელებთან“.

რა ჩანს დოკუმენტებიდან? 

საჯარო რეესტრის მონაცემებით, როინ სალვარიძე მიწის ნაკვეთს ფლობს სოფელ ცხემლარაში, თუმცა არა მდინარის პირას, არამედ იმ მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ, სადაც კოტეჯები შენდება. სალვარიძეების ოჯახს 650 კვადრატული მეტრი მიწა, არქივის შესაბამისი დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს დაურეგისტრირებია, თუმცა საკადასტრო რუკას თუ დახედავთ, მარტივად შესამჩნევია ფაქტი – კოტეჯები სახელმწიფო მიწაზე შენდება.

საკადასტრო რუკის ხსენების შემდეგ როინ სალვარიძემ „ბათუმელებს“ დაუდასტურა, რომ „ცოტა შესულია“ სხვა მიწის ნაკვეთში.

„ახლა ცოტა შესული ვარ, მაგრამ პრობლემა რატომ უნდა იყოს?… მდინარის ნაპირიდან 10 თუ 17 მეტრი უნდა აშორებდეს, ვერ გეტყვით ახლა ზუსტ ზომებს, ეს ტურისტული ზონაა, მაჭახლის ხეობაა და ყველა ასე აკეთებს,“ – აღნიშნა როინ სალვარიძემ „ბათუმელებთან“.

სოფელი, სადაც კოტეჯები შენდება, დაცული ტერიტორია არ არის, თუმცა სახელმწიფო მიწის სარგებლობის უფლება როინ სალვარიძეს არ აქვს. შესაბამისად, მშენებლობა უკანონო გამოდის. მიწა, სადაც კოტეჯები შენდება, კერძო საკუთრებაც რომ იყოს, მშენებლობა მაინც უკანონოა, რადგან მშენებელს არ გაუვლია ხელვაჩაურის მერიისგან თანხმობის მისაღწევად პროცედურა.

საია: „ხელვაჩაურის მერია არ რეაგირებს უკანონო მშენებლობაზე“

ასეთია საია-ს იურისტის, მირზა მამულაძის შეფასება მაჭახლის ხეობაში კოტეჯების მშენებლობაზე. იურისტი განმარტავს, რომ სახელმწიფო მიწა, პირველ რიგში, ხელვაჩაურის მერიას უნდა დაეცვა და უკანონო მშენებლობის დემონტაჟი მოეთხოვა. სახელმწიფო მიწა უნდა დაეცვა ქონების მართვის სააგენტოსაც.

„ეს უნდა ყოფილიყო ადმინისტრაციული მოკვლევის საფუძველი, რომლის შემდეგაც უნდა გამოცემულიყო სამართლებრივი აქტი და მოითხოვდა მერია უკანონო მშენებლობის დემონტაჟს… რადგანაც ეს არის სახელმწიფო მიწა, ეს კიდევ უფრო მეტად ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომ სამართლებრივი რეაგირება მოეხდინა,“ – აღნიშნავს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე „ბათუმელებთან“.

იმ შემთხვევაში, თუკი ეს მიწა როინ სალვარიძის კერძო საკუთრება იქნებოდა, მშენებლობის ნებართვა არა, მაგრამ მშენებელს ხელვაჩაურის მერიის თანხმობა დასჭირდებოდა. თანხმობის მისაღწევად, კანონის მიხედვით, მერიაში კონკრეტული დოკუმენტების წარდგენაა საჭირო, მათ შორის, მაგალითად, არქიტექტურული ესკიზი, რეესტრის ამონაწერი და ასე შემდეგ.

„თუკი 5 დღეში მშენებელი ვერ მიიღებდა პასუხს, ეს ჩაითვლებოდა დადებით პასუხად,“ – დასძინა იურისტმა მირზა მამულაძემ.

როინ სალვარიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ხელვაჩაურის მერიაში არც ერთი სახის დოკუმენტი არ წარუდგენია, რადგან:

„მე მოვიკითხე ეს და მითხრეს, არ საჭიროებსო, თუ რამე გავაგრძელე, აუცილებლად გავაკეთებ მერე…“ – გვითხრა როინ სალვარიძემ.

რატომ არ რეაგირებს ხელვაჩაურის მერია უკანონო მშენებლობაზე – „ეჭვები კორუფციაზე“ 

„ის, რომ ამ დრომდე ხელვაჩაურის მერია არ რეაგირებს ამაზე, აჩენს მინიმუმ ეჭვებს, ხომ არ გვაქვს საქმე კორუფციულ გარიგებასთან. აუცილებელია მოკვლევა,“ – მიიჩნევს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე.

„მაგ მიწაზე მე რამდენი ხანია თანხას ვაგროვებდი… არჩილ ბარამიძეს ვიცნობ პარტიული კუთხიდან… მეგობარიცაა, მაგრამ არჩილს ნამდვილად ვერ მივცემ ვერაფერს, რომც მოინდომოს,“ – გვითხრა როინ სალვარიძემ. მან დაგვიდასტურა, რომ „ოცნების“ კოორდინატორია.

„მე ვარ „ოცნების“ კოორდინატორი, 2012 წლიდან მოვდივარ და ახლა ძირითადად ტრანსპორტით ვემსახურები ტურისტებს, ეს არის ჩემი შემოსავალი, შეთანხმებული ვარ სასტუმროებთან და ვემსახურები „მარშუტკით,“ – გვითხრა როინ სალვარიძემ.

 

 

რკინიგზა მატარებლების მოძრაობის ახალ განრიგს აქვეყნებს

საქართველოს რკინიგზა მატარებლების განახლებულ განრიგს აქვეყნებს.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, მათ შორის, მატარებლების მიმოსვლა საქართველოში სამი თვის წინ შეწყდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ. ბილეთების გაყიდვა ონლაინ დღეს, 25 თებერვლიდან დაიწყება, ხოლო რკინიგზის სალაროები 26 თებერვლიდან გაიხსნება.

მგზავრების გადაყვანა განახლდება შემდეგ რეისებზე:

  • თბილისი-ბათუმი-თბილისი
  • თბილისი-ზუგდიდი-თბილისი
  • თბილისი-ოზურგეთი-თბილისი
  • თბილისი-ფოთი-თბილისი
  • თბილისი-ქუთაისი-თბილისი

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით საგარეუბნო მატარებლების მიმოსვლა ჯერ ისევ არ აღდგება, რადგან ახალი სარკინიგზო რეგულაციების დაკმაყოფილება ასეთ მატარებლებზე შეუძლებელია და შესაბამისად საკმაოდ მაღალია კოვიდ 19-ის გავრცელების რისკი.

კოვიდ 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების მიხედვით:

  • გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს
  • მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით
  • ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული

საქართველოს რკინიგზის ცნობით, მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ უნდა გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.

პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

განაცხადების მიღება უკვე დაიწყო – ვის შეხვდება დაფინანსება სოფლის მეურნეობაში

„ნებისმიერ ფერმერს აქვს თავისუფალი არჩევანი, რის შეძენა სურს. შესაძლოა, მომზადდეს ინოვაციური პროექტებიც… მთავარია, ეს იყოს საოჯახო მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებული და არსებობდეს დასაბუთება, რაში დაიხარჯება ფული,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, გიორგი სურმანიძე. ამ სამინისტრომ ფერმერებისგან და ფერმერული გაერთიანებებისგან განაცხადების მიღება დაფინანსების გასაცემად უკვე დაიწყო.

„საოჯახო მეურნეობის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ფერმერს 500-დან 40 ათას ლარამდე დაფინანსების მიღება შეუძლია. პროექტის 20 პროცენტი თავად ფერმერმა უნდა დაფაროს. სავალდებულო მოთხოვნაა ის, რომ ფერმერს სოფლად მინიმუმ 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი უნდა ჰქონდეს. ამ პროგრამისთვის წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1 მილიონამდე ლარის დახარჯვას აპირებს. განაცხადების მიღება მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

წინა წლებისგან განსხვავებით სიახლე ისაა, რომ ამ შემთხვევაში ფერმერი თავად ირჩევს, რა კუთხით სურს დაფინანსების მიღება. როგორც მინისტრი გიორგი სურმანიძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, ფერმერების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ტენდერი აღარ გამოცხადდება.

„ფერმერმა თავად უნდა შეარჩიოს სასათბურე მეურნეობა იქნება ეს თუ სანერგე მეურნეობა, ან კომპანია, სადაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ან ხელსაწყოს შეძენა სურს. ამ ინვოისის დართვა განაცხადზე სავალდებულოა… თითოეულ მუნიციპალიტეტში მუშაობს უკვე თითო წარმომადგენელი, რომელიც ფერმერებს განაცხადების შევსებაში დაეხმარება. იქვე ნახავენ ფერმერები ჩამონათვალს, მაგალითად, სასათბურე ან სანერგე მეურნეობების და შეუძლია იქედან შეარჩიოს რომელიმე ან თავად შეარჩიოს სხვა კომპანია, რომელიც მისთვის სასურველია,“ – აღნიშნა გიორგი სურმანიძემ.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი, მაგალითად, ფერმერის მიერ შერჩეული, სასურველი მოცვის ნერგი ძვირადღირებულია? – მინისტრმა განმარტა, რომ გარკვეულ შემთხვევებში და, მათ შორის, მოცვზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განსაზღვრული აქვს ფასი, რაც ბაზრის მოკვლევის შედეგად დადგინდა.

„დადგენილია, რომ მოცვის ნერგი ღირს 7 ლარი. ფერმერს შეუძლია შეარჩიოს ისეთი სანერგე მეურნეობა, სადაც მოცვის ნერგი ძვირია, მაგრამ ჩვენ დავაფინანსებთ ამ 7 ლარის 80 პროცენტს. ასევე, მაგალითად, მოტობლოკის ფასად დადგენილია სრული აღჭურვილობა 1600 ლარი. ფერმერს შეუძლია შეიძინოს მოტობლოკი, რომელიც 2 ათასი ლარი ღირს, მაგრამ ჩვენ დავფარავთ 1600 ლარის 80 პროცენტს,“ – განმარტა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ.

მიიღებს თუ ვერა ფერმერი დაფინანსებას, თუკი ის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას სხვა ქვეყანაში შეიძენს?

„ამ შემთხვევაში უნდა გამოიწეროს, ჩამოიტანოს და შემდეგ შესაძლოა მოხდეს თანადაფინანსება, ან აქ უნდა შეარჩიოს ტექნიკა რომელიმე მაღაზიაში,“ – დასძინა გიორგი სურმანიძემ.

რაც შეეხება პროცედურას – განაცხადების შევსების შემდეგ, სავარაუდოდ, აპრილში, კომისია განაცხადებს შეისწავლის და თუკი ფერმერი დადგენილ წესებს აკმაყოფილებს, მას კომისიის წევრები გაესაუბრებიან.

„განაცხადში უნდა იყოს მითითებული, სად ცხოვრობს ფერმერი, სად აქვს მიწის ნაკვეთი, რის შეძენა სურს და რატომ. ასევე საჭიროა რეესტრის ამონაწერი და ინვოისი იმ პროექტის, რის შეძენაც ფერმერს სურს… ამის შემდეგ შედგება გასაუბრება. ფერმერს მოუწევს იმის ახსნა, როგორ აპირებს რამდენად წაადგება, მაგალითად, მოტობლოკი მის საოჯახო მეურნეობას, ეს რას შეცვლის, როგორია იდეის სიცოცხლისუნარიანობა,“ – გვითხრა გიორგი სურმანიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს ისიც ვკითხეთ, თუ ვის მიანიჭებენ უპირატესობას, თუკი განაცხადი ბევრია, ხოლო ბიუჯეტში საკმარისი თანხა აღარ რჩება.

„უპირატესობა მიენიჭება ბიოპროდუქციის წარმოებას, ასევე, მაგალითად, რამდენად აქვს ნაფიქრი ფერმერს გასაღების ბაზარზე, ამაზე იმსჯელებს კომისია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი სურმანიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 900-ზე მეტმა ფერმერმა უკვე გამოხატა პროგრამის მიმართ ინტერესი.

გიორგი სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი

ბათუმის მერიაში ამბობენ, რომ არ გვეტყვიან, რის სანაცვლოდ აწყობს DS Group-ი სკვერს

ბათუმის 2021 წლის ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, მერია აუქმებს კონკრეტულ დაფინანსებას, რაც ლორიასა და აბუსერიძის ქუჩების კვეთაში სკვერის აღდგენისთვის იყო გათვალისწინებული. პროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ სამუშაოს კერძო კომპანია ვალდებულებების ფარგლებში შეასრულებს, ეკონომია 100 000-მდე ლარია.

ვიცი, მაგრამ არ გეტყვი – დაახლოებით ასეთია ბათუმის მერიის პასუხი კითხვაზე, რა ვალდებულების ფარგლებში აპირებს კერძო კომპანია თავისი ხარჯით  ბათუმში სკვერის მოწყობას. საკითხი ეხება მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე განსახორციელებელ სამუშაოს რაღაცის სანაცვლოდ.

რის სანაცვლოდ? – ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა მერიაში არ სურთ. „კომპანიას ჰკითხეთ, ვალდებულების ნაწილში არ გვაქვს კომპეტენცია, რომ გიპასუხოთ“, – გვითხრეს მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს პრესსამსახურში.

ინფორმაციის დაზუსტება მერიის პრესსამსახურში ვცადეთ, რის შემდეგაც სამსახურის უფროსი, ალექსანდრე მჟავანაძე დაგვიკავშირდა, რომელმაც ფაქტობრივად იგივე გვითხრა:

„მე შეიძლება მქონდეს ინფორმაცია, მაგრამ ვერ გეტყვით, ეს ვალდებულება არ იყო ჩვენთან [ბათუმის მერიასთან], ჩვენ მოგვმართა კომპანიამ, რომ აქვს ვალდებულება და შემოგვთავაზა სკვერის მოწყობა. ჩვენ შესაბამისად გადავეცით პროექტი“.

ალექსანდრე მჟავანაძე ამბობს ასევე, რომ მას არ აინტერესებს ჩაუთვლის თუ არა ამ კომპანიას აჭარის მთავრობა [კონტრაქტორი] ბათუმში სკვერის მოწყობას ვალდებულების შესრულებად: „შენც რომ გვითხრა სკვერს გაგიკეთებთო, დიდი სიხარულით მოგცემთ, შენ მერე ჩაგეთვლება თუ არ ჩაგეთვლება ეს… მე მიხარია, რომ სკვერი გაკეთდება და იმ თანხით კიდევ სხვა რამეს გავაკეთებთ.“

„რატომ უნდა გიპასუხოთ?“ – ასეთი იყო შპს „DS Group“ – ის პასუხი. კომპანიის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გვითხრა, რომ ვალდებული არ არის გვიპასუხოს. ბათუმის მერიისგან განსხვავებით, კომპანიის წარმომადგენელს ნამდვილად არ აქვს ამის ვალდებულება… მან ასევე დაამატა, რომ „ამ ამბავს ბევრი პრობლემა უკავშირდებოდა“.

თვითმმართველობის კოდექსით, მერია საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულია როგორც ბიუჯეტის ფულის ხარჯვის, ასევე ქონების მართვის ნაწილში. თუმცა, როგორც ჩანს, ამას მერიის სტრუქტურები კარგად ვერ აცნობიერებენ, ან  რაიმე სხვა მიზეზი აქვთ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ის, რასაც ბათუმის მერია ასე ასაიდუმლოებს, ბათუმში, ზუბალაშვილის #37-ში პირობიანი აუქციონით გასხვისებულ ნაკვეთს და აჭარის მთავრობასთან დადებული ხელშეკრულებით აღებულ ვალებულებას უკავშირდება. ეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში დაგვიდასტურეს.

ზუბალაშვილის #37-ში 3392 კვ/მ მიწის ნაკვეთი საკუთრებაში შპს „კ.მ. გრუპმა“ მიიღო და შემდეგ ვალდებულებიანად [გარიგების საფუძველზე] „DS Group“-ს გადასცა.

ამავე ნაკვეთზე კომპანიას სკვერის მოწყობის ვალდებულება ჰქონდა, თუმცა აქვე, სარეკრეაციო ზონაში მდებარე სკვერი [ზუბალაშვილისა და ასათიანის ქუჩების კვეთაში] სამშენებლო სამუშაოების შედეგად განადგურდა და არც ახლის მოსაწყობად დარჩა ადგილი.

„არავითარ სარეკრეაციო ზონაზე ინფორმაცია არ გვაქვს. მანდ იყო პატარა ბუჩქნარი. ტერიტორიიდან გამწვანების სამსახურმა რვა მანქანა მცენარე გაიტანა და გადარგო. სკვერი იქ მოეწყობა, სადაც ამჟამად მრავალწლიანი მაგნოლიებია, ანუ ეს მაგნოლიები დარჩება. ეს პროექტი 2010 წლიდან არის მზად, უბრალოდ „კ.მ გრუპმა“ ვერ მოახერხა მშენებლობის დაწყება და გადავადდა… ამასთან, ყველა დოკუმენტაცია დევს სახელმწიფო უწყებებში. თუ სარეკრეაციო ზონა იყო, ამაზე საუბარი აქამდე უნდა დაწყებულიყო,“ – DS Group“-ის დირექტორის, დავით სალაძის ეს კომენტარი „ბათუმელებმა“ 2016 წელს გამოაქვეყნა.

პატარა ბუჩქნარი იყო თუ მოზრდილი სკვერი, ეს ფოტოზე ნახეთ:

ზუბალაშვილის #37 მშენებლობის დაწყებამდე და მისი დასრულების შემდეგ

 

რაც შეეხება ლორიასა და აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ პატარა სკვერს – გაუგებარია, ბათუმის მერიამ გადაწყვიტა თუ აჭარის მთავრობამ, რომ DS Group-მა აღადგინოს ის. ხელშეკრულების თანახმად, ამ კომპანიას ახალი სკვერის მოწყობა ევალება და არა უკვე არსებული სკვერის აღდგენა. შესაბამისად, არც იმაზე გვაქვს ჯერ პასუხი, რამდენად კანონიერია ერთი სკვერის ტერიტორიის ათვისების ხარჯზე უკვე არსებულის რეაბილიტაცია.

სკვერი ლორიას ქუჩაზე, რომლის რეაბილიტაციასაც კომპანია გეგმავს, 234 კვადრატული მეტრია.

კაზინოები აჭარაში პირველი მარტიდან გაიხსნება – მთავრობა

ბათუმში [აჭარაში] კაზინოები 2021 წლის 1-ლი მარტიდან გაიხსნება, ხოლო ქვეყნის დანარჩენ ადგილებში – პირველი  აპრილიდან. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 24 თებერვალს მიიღო.

გასული წლიდან საქართველოში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება წამახალისებელ გათამაშებას.

მთავრობის ახალი დადგენილებით, რომელიც პირველი მარტიდან ამოქმედდება, „დასაშვებია აჭარის რეგიონში 2021 წლის 1-ლი მარტიდან, ხოლო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის 1-ლი აპრილიდან აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება.“

კაზინოებში დასაქმებულმა ადამიანებმა ბათუმში არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, კაზინოებისა და საზღვრების გახსნის მოთხოვნით.

კაზინოებისა და სხვა სათამაშო ბიზნესის მუშაობის გაჩერების გამო ბათუმის ბიუჯეტმა 2020 წელს 30 მილიონზე მეტი ლარის შემოსავალი დაკარგა.

2021 წლის პირველი თებერვლიდან საქართველოში, საჰაერო გზით შემოსვლა შეუძლია „ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც წარადგენს ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს“.

საქართველოში საჰაერო გზით გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს შემოსვლა PCR ტესტის საფუძველზეც შეუძლიათ, რომლებსაც 2021 წლის პირველი მარტიდან 6 ქვეყანა დაემატება:  სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

საქართველოში მხოლოდ ნეგატიური PCR ტესტის საფუძველზე შემოდიან თურქეთის, ევროკავშირის, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის მოქალაქეები. ქვეყანაში შემოსვლის უფლება მათ აქვთ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საფუძველზე, ხოლო ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ მესამე დღეს უნდა ჩაიტარონ PCR ტესტი.

სხვა დანარჩენი ქვეყნების მოქალაქეები ქვეყანაში სავადლებულო თვითიზოლაციის პირობით დაიშვებიან.

2019 წლის ივნისის შემდეგ, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ავიარეისები გაუქმებულია.

საქართველოს მთავრობასთან არსებულმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილის ეტაპობრივ მოხსნაზე გადაწყვეტილება 24 თებერვალს მიიღო, თუმცა მთავრობას კაზინოების გახსნაზე არაფერი უთქვამს:

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 25 თებერვლიდან – მოკლედ

27 თებერვალს რკინიგზა მგზავრების გადაყვანას განაახლებს

სამთვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს.

მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ.

მგზავრების გადაყვანა განახლდება შემდეგ რეისებზე:

  • თბილისი-ბათუმი-თბილისი
  • თბილისი-ზუგდიდი-თბილისი
  • თბილისი-ოზურგეთი-თბილისი
  • თბილისი-ფოთი-თბილისი
  • თბილისი-ქუთაისი-თბილისი

საქართველოს რკინიგზის ცნობით, ბილეთების გაყიდვა ონლაინ დღეიდან დაიწყება, ხოლო რკინიგზის სალაროები 26 თებერვლიდან გაიხსნება.

მატარებლების განახლებულ განრიგს საქართველოს რკინიგზა უახლოეს საათებში საკუთარ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში განათავსებს. რაც შეეხება კოვიდ 19-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს:

  • გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს
  • მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით
  • ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული

საქართველოს რკინიგზის ცნობით, მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.

პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

უკრაინაში კოვიდზე ვაქცინაცია დაიწყო

უკრაინაში კორონავირუსზე მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.

ვაქცინაცია ინდოეთში წარმოებული პრეპარატით, Covishield-ით მიმდინარეობს, რომელიც შვედურ-ბრიტანულმა კომპანია „ასტრაზენეკამ“ შექმნა. პირველ ეტაპზე ქვეყანამ მიიღო 500 000 დოზა.

ვაქცინაცია უფასოა და ნებაყოფლობითი.

უკრაინის მთავრობის ცნობით, ამ პრეპარატის გარდა ქვეყანაში ელოდებიან „ფრაიზერის“ ვაქცინის 100 ათას დოზას, ჩინური Sinovac-ის ორ მილიონამდე და ამერიკული NovaVax-ის 15 მლნ დოზას.

რუსულ ვაქცინაზე უკრაინამ უარი თქვა.

ამავე თემაზე:

სად არის კოვიდის ვაქცინა? – მთავრობის განმარტება

 

 

რას ამბობს თორნიკე რიჟვაძე ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობაზე

დღეს, 25 თებერვალს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს „ბათუმელებმა“ კიდევ ერთხელ ჰკითხა, თუ რატომ შეიცვალა მან პოზიცია ბულვარში 16-სართულიანი სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით.

„დავიწყოთ იქედან, რომ დღეს ვიმყოფებოდით იუნკერების საფლავზე და შეგახსენებთ, რომ ეს ტერიტორიაც იყო გასხვისებული და 2010 წელს იყო ბალნეოლოგიური ობიექტიც გასხვისებული წინა ხელისუფლების დროს. რა თქმა უნდა, როცა ხდება გასხვისება, ყოველგვარი დაუსაბუთებელი და შეიძლება ითქვას, ყოველგვარი მიზანშეწონილობის სტანდარტის დაცვის გარეშე, იქ გაჩნდება გარკვეული ლეგიტიმური კითხვები, მათ შორის, სახელმწიფოს მხრიდან.

ერთი წლის წინ საუბარი ეხებოდა იმას, რომ აღნიშნული ობიექტი შენდებოდა ნებართვის მიღმა და ამ შემთხვევაში იყო სანქცია დაწესებული და დაჯარიმდა ეს ობიექტიც, ვინაიდან მე განვაცხადე, რომ ეს მშენებლობაც და სხვა მშენებლობის შემთხვევაშიც ნებართვის მიღმა არც ერთი სართული არ დაემატება.

რაც შეეხება კონკრეტულად ამ ობიექტს, აქ არის გაცემული პროექტი, რომელზეც იმსჯელა კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ. მე, ჩემი გადასახედიდან გამოვხატე ჩემი პოზიცია, საბჭომ რაზეც იმსჯელა, ეს მათი გადაწყვეტილებაა და რა თქმა უნდა, ის დროც წარსულს ჩაბარდა, როცა თუნდაც მთავრობის თავმჯდომარე ან რომელიმე ცალკე აღებული პიროვნება განსაზღვრავს კონკრეტული საინვესტიციო პროექტის ბედს,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კითხვაზე, რას ფიქრობს ის მოქალაქეების პროტესტზე, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ბულვარში 16-სართულიან მშენებლობას, რიჟვაძე ამბობს, რომ ამ ნაწილში მას არაერთხელ გამოუხატავს თავისი პოზიცია.

„ერთი ადამიანის, თითოეული ბათუმელის გულისტკივილი არის ჩემთვის გასათვალისწინებელი, მათ შორის ის პეტიციაც, რომელიც ჩვენთანაც არის შემოტანილი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დეტალებშიც ღრმად შევალთ, მაგრამ მე აგიხსენით ის პრეისტორიაც, რომელიც ამ გადაწყვეტილებებს და ამ პროექტის განხორციელებას წინ უძღოდა,“ – აღნიშნა მან.

„ამბასადორი“ ბულვარში 16-სართულიან სასტუმროს და ბალნეოლოგიურ ცენტრს აშენებს. ამ მასშტაბის მშენებლობაზე თანხმობა უკვე განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაურ ახვლედიანმა. აქამდე კომპანიას მხოლოდ 4-სართულიან მშენებლობაზე ჰქონდა ნებართვა.

ბათუმის ბულვარში 16-სართულიანი მშენებლობის წინააღმდეგ არაერთი აქცია გაიმართა, მშენებლობის წინააღმდეგ შეგროვდა 5000-ზე მეტი ხელმოწერა.

ბათუმის თავისუფლების კვარტალი თბილისში გადადის

ბათუმში თავისუფლების კვარტალი აღარ იქნება. საპროტესტო აქციის მონაწილეები თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.

„მეოთხე თვეა, რაც ბათუმში არსებობს ეს კვარტალი… შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ბათუმის თავისუფლების კვარტალი გადაინაცვლებს დედაქალაქში თავისი ინფრასტრუქტურით და ხალხით,“ – აღნიშნა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კირთაძემ.

„ეს ბრძოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს, ვინც ამ 120 დღის განმავლობაში აქ მოდიოდა, გულშემატკივრობდა შორიდან, იზიარებდა იმ პრინციპებს, რაც თავისუფლების კვარტალს გააჩნდა, ეს ბრძოლა გრძელდება,“ – აცხადებს მირდატ ქამადაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი.

ბათუმში ე.წ. თავისუფლების კვარტალი გასული წლის 3 ნოემბერს მოეწყო. საპროტესტო აქციის მონაწილეები მიიჩნევდნენ, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდნენ. ამ დრომდე აჭარის მთავრობის სახლის წინ მოწყობილი იყო კარვები, აქციის მონაწილეები კი  ცეცხლს კასრებში ანთებდნენ.

აქცია 24-საათიან რეჟიმში გრძელდებოდა.

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში | ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 25 თებერვლის 21 საათიდან 26 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების  ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
  • ღამით:  5 – 10 გრადუსი სითბო

მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 27-28 თებერვალს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

შსს: ჟურნალისტ ვახო სანაიას თავს დაესხნენ – დაკავებულია სამი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟურნალისტ ვახო სანაიას თავდასხმის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბრალდებულები, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად თავს დაესხნენ ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტს, ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული დააკავეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი – 1993 წელს დაბადებული ვ.გ. 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზედა სამების სკოლაში 6 მასწავლებელს კოვიდი დაუდასტურდა – 25 თებერვალი

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში, ზედა სამების საჯარო სკოლაში, 6 პედაგოგს კოვიდი დაუდასტურდა.

ცენტრის ინფორმაციით, ერთ-ერთ მასწავლებელს გუშინ, 24 თებერვალს, გეგმიური ტესტირება ჩაუტარდა და დაუდასტურდა კოვიდი. კონტაქტების გადამოწმების შემდეგ კი კოვიდი დღეს, 25 თებერვალს, ამავე სკოლაში კიდევ 5 პედაგოგს აღმოაჩნდა.

სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა. ხვალიდან სკოლა დისტანციური სწავლების ფორმატზე გადავა.

როგორც ქობულეთის რესურსცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, აღნიშნულ სკოლაში მოსწავლეების ინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა. ჯანდაცვის პროტოკოლის მიხედვით, იტესტებიან მხოლოდ მასწავლებლები და არა მოსწავლეები. „რადგან, მასწავლებლები კლასში იცავენ ორმეტრიან დისტანციას და უკეთიათ პირბადე,“ – გვითხრეს რესურსცენტრში.

მოსწავლეებს ტესტირება მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უტარდებათ.

_________________________________

ამავე თემაზე:

9 პედაგოგს და 5 მოსწავლეს ქობულეთის მესამე სკოლაში კოვიდი დაუდასტურდა

 

 

პირველ მაისამდე შემოტანილი ავტომობილების განბაჟება 2021 წლის ივნისამდე გადავადდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ავტოიმპორტიორებისთვის ავტომანქანების განბაჟება კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში არ იქნება სავალდებულო.

„მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საბაჟოს ტერიტორიაზე 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის პირველ მარტამდე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თარიღი გადავწიოთ პირველ ივნისამდე. ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 19 ათას მფლობელს შეეხება. მნიშვნელოვანია, რომ ამ მფლობელებს ასევე ჩამოეწერებათ საურავები. ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას“, – განაცხადა დღეს მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

____

პირველ მაისამდე შემოტანილი ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდა

 

აჭარაში კოვიდის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 25 თებერვალი

25 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 35 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კლინიკა დატოვა 15-მა პაციენტმა.

ბოლო მონაცემებით აჭარაში კოვიდკლინიკაში 115 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5 მართვით სუნთქვაზეა.

კონკურსი აჭარის სკოლებში დისკუსიის ჩატარებაზე

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ფონდ NED-ის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს აჭარის სკოლებისთვის დისკუსიების ჩატარების იდეების მიღებაზე.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის 5 მუნიციპალიტეტის: ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლებს – პედაგოგებსა და ადმინისტრაციას.

მსურველებმა კონკურსის მონაწილეებს უნდა მიაწოდონ ადამიანის უფლებების თემაზე საჯარო ლექციის, დისკუსიის, შეხვედრის იდეა. აგრეთვე, უნდა დაასახელონ შესაბამისი სფეროს სპეციალისტი ან ექსპერტი, ვისი მომხსენებლის სტატუსით მიწვევაც სურთ აღნიშნული შეხვედრის ჩასატარებლად.

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ დააფინანსებს შეხვედრის ონლაინ ან უშუალოდ სკოლებში ჩატარებისთვის საჭირო ხარჯებს.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა შეავსონ 20 მარტამდე. შედეგად, თითოეულ მუნიციპალიტეტში შეირჩევა 2 სკოლა.

ჯამში აჭარაში შეირჩევა 10 სკოლა. შერჩეული სკოლები გამოვლინდებიან განაცხადების მიღების დასრულებიდან ერთი კვირის განმავლობაში.

შეხვედრები უნდა გაიმართოს აპრილ- მაისში.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • შეხვედრების თემა უნდა ეხებოდეს რეალურ დროში, ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ პრობლემებს
  • უნდა ასახავდეს აქტუალურ პრობლემას და მიზნად ისახავდეს მისი გადაწყვეტის შესახებ დისკუსიის წამოჭრის შესაძლებლობას

კონკურსი ცხადდება პროექტის – „დემოკრატიული იდეებისა და ღირებულებების პოპულარიზაცია აჭარაში“ ფარგლებში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მარიკა ზაქარაძეს – მობ: 557 99 33 32.

მეამბოხე ბიზნესმენი, რომლის ოფისიც პოლიციამ ჯერ დალუქა, შემდეგ კი ყვავილებს ურწყავდა

„როდესაც შენობაში პოლიცია შემოვიდა, ფიტნესკლუბში ვიყავი. გამაფრთხილეს, მოდიან ქვემოდანო. ძალიან მოკლე დროში ფიტნესკლუბის შემოსასვლელში განლაგდა რამდენიმე ათეული პოლიციელი, ქუჩაც სულ პოლიციის მანქანებით იყო სავსე, სადღაც 30 მანქანა მოვიდა. უშუალოდ დარბაზში დაახლოებით 50 პოლიციელი ამოვიდა. ჩაატარეს სპეცოპერაცია, დალუქეს ტრენაჟორები. დაახლოებით 3-4 საათი გაგრძელდა ეს ამბავი.

როცა დასრულდა ეს ყველაფერი, ფიტნესკლუბის შესასვლელებთან [მეორე სართულზე] განათავსეს ორ-ორი პოლიციელი. დანარჩენი პირველ სართულზე მისაღებში ისხდნენ. 24 საათი ყარაულობდნენ კარებს, რომ ეკონტროლებინათ ვინ შემოდიოდა და ვინ გადიოდა. ეზოში იდგა ერთი ეკიპაჟი და ასევე გარეთ, ქუჩაში ერთი ეკიპაჟი. დაახლოებით 15 კაცი იყო გამოყოფილი ამ ობიექტის დასაცავად.

პირველ დღეებში, დაახლოებით 3-4 დღე იყვნენ ჩინოსანი პოლიციელები – კაპიტნები, უფროსი ლეიტენატები. ასეთი ჩინის ადამიანები ისხდნენ აქ სამი-ოთხი დღის განმავლობაში. მერე უკვე ჩაანაცვლეს დაცვის პოლიციით. დაახლოებით ორი თვე და 10 დღე იცავდა სახელმწიფო ცარიელ სპორტდარბაზს. ერთი კვირის წინ მოხსნეს დაცვა. ახლა აღარ ხედავენ, როგორც ჩანს, საფრთხეს, რომ მე ლუქს მოვხსნი და სისხლის სამართლის დანაშაულს ჩავიდენ,“ – ბიზნესმენი გიორგი ფუტკარაძე თავის ისტორიას „ბათუმელებს“ უყვება რუბრიკისთვის „ადამიანები პანდემიის დროს“.

გიორგი ფუტკარაძე, მისი თანამშრომლები და პოლიციელები დალუქული ფიტნესკლუბის წინ

ცხოვრება პანდემიამდე

დამწყები ბიზნესმენი ვარ. მაქვს სასტუმრო და ფიტნესკლუბი, რომლის გახსნაზეც ორი წელი ვმუშაობდი. პანდემიით გამოწვეული პრობლემებიდან გამომდინარე ახლა ორივე ბიზნესი გაჩერებულია.

პანდემიამდე ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი. ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას, ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ ჩემი საქმით დავკავებულიყავი და ჩემი ერთ-ერთი ჰობი, ვარჯიში, ბიზნესად მექცია.

მამაჩემს ჰქონდა საკუთრებაში ფართობი, სადაც შეიძლებოდა სპორტდარბაზის გაკეთება. დავიწყე ბიზნესგეგმაზე მუშაობა. მივედი ბანკში სტარტაპისთვის სესხის ასაღებად. ბანკში მითხრეს ფიტნესკლუბებისთვის არ გვაქვს დაფინანსება სტარტაპებზე, მაგრამ გვაქვს სასტუმროებზეო. წამოვედი, გადავაკეთე ეს ჩემი ბიზნესგეგმა სასტუმროზე და ისევ მივედი ბანკთან. ბანკმა დამიმტკიცა სესხი. მერიიდან მომთხოვეს ნებართვა, რადგან შენობის რეკონსტრუქცია მინდოდა. დავიწყე ნებართვაზე მუშაობა, არქიტექტურული პროექტი წარვადგინე, ამ ბიუროკრატიულ პროცესებში გაიწელა დრო.

მერიის ნებართვა რომ წარვადგინე ბანკში, მეორე დღეს სესხი უნდა ამეღო, ბანკიდან დამიკავშირდნენ ყადაღა ადევს თქვენს ქონებასო. აღმოჩნდა, რომ გვიჩივლა მეზობელმა – ეს ქონება ჩემიაო. მერე იყო სასამართლო, რომელიც მოვიგეთ. საბოლოოდ ავიღე სესხი, გადავაკეთე შენობა და 2019 წლის ნოემბერში გავხსენი სასტუმრო. ერთი-ორი თვე ვიმუშავე და იანვარში დაიწყო უკვე ეს მსოფლიო ისტერია – კორონავირუსის პანდემია.

დასაწყისში მთავრობა გვამშვიდებდა. ხალხი პირბადეებს და ხელის ხსნარებს იმარაგებდა, რიგები იდგა აფთიაქებთან. ადაპტაცია დავიწყეთ ბიზნესებმაც, მოვიმარაგეთ ყველაფერი, მაგრამ მარტის 15 რიცხვში მე თვითონ გავუშვი თანამშრომლები დროებით სახლში. მათაც ვატყობდი, რომ დაძაბულები იყვნენ.

ყველა ჯავშანი გავაუქმე, რაც იყო მარტში და თანამშრომლებს ვუთხარი – მოდი, შევხედოთ, როგორი სიტუაცია იქნება და მალევე აღვადგინოთ. მაგრამ მერე ყველაფერი ჩაიკეტა და სასტუმროს ფუნქციონირებაც დროებით შეჩერდა. იჯარით მქონდა ფართობი გაცემული, ამ ადამიანებსაც აეკრძალათ მუშაობა. იქიდანაც აღარ მქონდა შემოსავალი.

პარალელურად ფიტნესკლუბის სარემონტო სამუშაოები მქონდა დაწყებული. სესხი მქონდა აღებული და ამ სესხზე კიდევ დამატებით პირადი ვალი ავიღე, რომ როგორმე ფიტნესკლუბი დამესრულებინა. 2020 წლის 21 სექტემბერს გავხსენით ფიტნესკლუბი. ორი თვის დაწყებული მქონდა მუშაობა, როცა გვითხრეს, რომ 28 ნოემბრიდან უნდა შეგვეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა. გადავწყვიტე, რომ არ დავმორჩილებოდი და მუშაობა გამეგრძელებინა.

გიორგი ფუტკარაძე

ამბოხი

პრინციპში, ეს არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, თვითმკვლელობაზე გვიშვებდნენ და მე ამაზე დამორჩილებას არ ვაპირებდი.

პირადად ჩემი რწმენა და შეხედულება ასეთია – თავისუფალ ადამიანს უფრო მეტი კეთილდღეობის შექმნა შეუძლია, ვიდრე დამონებულს, ვიღაცის ბრძანებების შემსრულებელს. ჩვენ, ადამიანები, როდესაც ზრდასრულები ვხდებით, ჩვენს თავზე, ჩვენს ნაბიჯებზე, ჩვენს ცხოვრებაზე თავად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა.

პანდემიის დაწყებისთანავე, როგორც კი შეზღუდვები დაიწყო, მე თავიდანვე ვაპროტესტებდი ყველაფერს და მაშინ ძალიან ცოტა ადამიანი იყო ჩემს აზრზე. ძალიან რთული იყო ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ ნებისმიერი მოტივით ადამიანებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, თავისუფალი საქმიანობის შეზღუდვა და ა.შ. არის უსამართლობა, როგორი კეთილშობილური მიზანიც არ უნდა ჰქონდეს ამას. თუ ეს ადამიანი სხვას არაფერს უშავებს, არის აბსურდი. თუმცა ისინი, ვინც შეზღუდვებს ვაპროტესტებდით, ძალიან ცოტანი ვიყავით იმისათვის, რომ რაიმე გავლენა მოგვეხდინა.

როდესაც მივხვდი, რომ მარტო ლაპარაკი არაფერს შველოდა, გადავწყვიტე მეჩვენებინა საკუთარ მაგალითზე, თუ რა აბსურდთან გვიწევდა შეხება. საჯაროდ განვაცხადე ერთი კვირით ადრე, როცა ამაზე ლაპარაკი დაიწყეს, რომ არ ვაპირებდი გაჩერებას.

ყველანაირ წესს ვიცავდით, როდესაც ფიტნესკლუბი გავხსენით, მაშინ ვირუსი უკვე არსებობდა. ყველანაირი სადეზინფექციო საშუალება გვქონდა, რომ წესები დაგვეცვა. მუდმივად ხდებოდა იატაკის და ტრენაჟორების დეზინფექცია.

ვარჯიშის დროს თავად დისტანცირდებიან ადამიანები. გაოფლილ ადამიანს ნამდვილად არ სიამოვნებს ვინმესთან ჩახუტება, პირიქით, დისტანცირდება. 28 ნოემბერს უნდა შეგვეწყვიტა საქმიანობა. არ  გავჩერდით, მოვიდნენ და დაგვაჯარიმეს. 29 ნოემბერს ისევ გავაგრძელეთ მუშაობა და საღამოს უკვე სპეცოპერაცია მოგვიწყვეს. მთელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტი ჩვენთან იყო  მობილიზებული. მერე დალუქეს ტრენაჟორები, დაფები, ყველაფერი. სრული ცირკი და მასკარადი იყო.

ჯარიმა არ გადაგვიხდია და რომ გავასაჩივრეთ, პასუხიც არ მიგვიღია. სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ორი თვეა მიმდინარეობს და რამდენჯერაც მივწერეთ, გვიპასუხეს, რომ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება. სინამდვილეში ამ დალუქულ ფიტნესდარბაზში ყვავილების მორწყვის მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ.

ოფიციალურად მივწერე წერილი, ცოცხალი ყვავილები მაქვს დარბაზში, ამ ყვავილებს მორწყვა სჭირდება-მეთქი. ამისთვის მოდიოდნენ ექსპერტები, გააღებდნენ კარს, შევდიოდით, მოვრწყავდით ყვავილებს… ამის იქით მათი საგამოძიებო მოქმედებები არ ვრცელდებოდა. გაუგონარი სიგიჟეა რისთვის არის დაპატიმრებული ტრენაჟორები.

 

მერე დაცვა დამიყენეს ორი თვის განმავლობაში კარებთან. ეტყობა ჩემი თავისგან მიცავდნენ, რომ მე არ გამეხსნა ლუქი და „დანაშაული“ არ ჩამედინა. მე რომ მდომოდა ეგ, როგორ უნდა გავეჩერებინე იმ დაცვას? უბრალოდ აზრს ვერ ვხედავ, თორემ ახლაც შემიძლია გავხსნა ლუქი და შევიდე.

მართლა მარტო ჩემი ბიზნესით ხომ არ წყდება ყველაფერი? ხალხი არის კატასტროფის ზღვარზე.

ჩემი ერთი დაუმორჩილებლობით ვცადე მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ სიგიჟეში ვიმყოფებით. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინაა მთავრობაში. მთავარია ჩვენ ადამიანებს მოგვეცეს თავისუფალი შრომის საშუალება, რომ ჩვენ თვითონ შევქმნათ ეკონომიკური შემოსავალი და არ ვიყოთ ჩამოკიდებული ბიუჯეტზე.

დღემდე გიორგის  და მის  თანამშრომლებს ფიტნესკლუბში მხოლოდ ყვავილების მოსარწყავად უშვებენ

პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი

მე რაც სრულწლოვანი ვარ, ჩვენს ქვეყანაში რატომღაც ბიზნესმენები ნებისმიერ მთავრობასთან იზიარებენ სარეცელს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება – როგორც კი მთავრობა იცვლება, თუ ვინმე ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში, ყველა ბიზნესი ცდილობს მაქსიმალურად ახლოს დადგეს მთავრობასთან.

სინამდვილეში პირიქით – მთავრობები იმიტომ უნდა ეფერებოდნენ ბიზნესმენებს, რომ ამ ხალხზე დგას ეკონომიკა. ხალხი ქმნის სამუშაო ადგილებს და ხალხი ქმნის ზოგადად განვითარებას – არ არსებობს მთავრობა, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილს.

ფიტნესკლუბების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებულია. პირველ ლოქდაუნზე, მართალია, ჩვენ არ გვქონდა დასრულებული, მაგრამ სხვები მაშინაც ჩაკეტეს. ყველაზე პირველები ესენი ჩაკეტეს და ყველაზე ბოლოს გახსნეს. ახლაც ასეთი ტენდენციაა, ალბათ ყველაზე გვიან გაგვხსნიან.

არადა, პირიქით უნდა იყოს – იმუნიტეტი ის ბუნებრივი იარაღია, რომელიც ებრძვის ნებისმიერ ვირუსს და  დაავადებას. ადამიანებს თითქოს ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, ისევ ჯანმრთელობის გაკაჟებაში გვიშლიან ხელს და ფინანსურად გვანადგურებენ.

კრედიტი

საკრედიტო ვალდებულება ჯამურად მაქვს ნახევარი მილიონი ევრო. ეს ბიზნესსესხი. ამას გარდა მაქვს პირადი სესხი, დაახლოებით 150 ათასამდე ლარი, ისიც ძირითადად ამ საქმეს მოვახმარე. ამის გარდა კონტრაქტორებთანაც გვაქვს დარჩენილი ფინანსური ვალდებულებები. ფიტნესკლუბი როგორც კი გავხსენი, გრაფიკით ამ სასესხო ვალდებულებებს ვისტუმრებდი. ახლა ვეღარ ვიხდი, რადგან გაგვაჩერეს. მუდმივად სესხის გადავადების რეჟიმში ვარ – ამოიწურება ერთი გადავადების ვადა, აღმოჩნდება, რომ ისევ არ გახსნილა ბიზნესი და თავიდან გვიწევს ამ პროცესის გავლა.

ეს არ არის მარტო ჩემი ისტორია. ჩემსავით კატასტროფულ დღეშია ალბათ ასიათასობით ადამიანი.

სასტუმროშიც და ფიტნესკლუბშიც სულ 18 ადამიანი მყავდა დასაქმებული. სასტუმრო რომ გაჩერდა, ადმინისტრატორები და დამლაგებლები გადმოვიყვანე ფიტნესკლუბში და ასევე დავამატე მწვრთნელები. ფიტნესკლუბის დახურვით 18 ადამიანი დამრჩა უმუშევარი. მათ უკან 18 ოჯახია. მათი უმრავლესობისთვის ეს იყო შემოსავლის ერთადერთი წყარო.

როგორ შეცვალა პანდემიამ ჩემი ცხოვრება

ბევრი რამე შეცვალა, იქედან გამომდინარე, რომ თავისუფლად ვერ ვარ, შებოჭილი ვარ. ჩემი მეგობრების, ნაცნობების ცხოვრებაც შეიცვალა. თავისუფლად ვერ ვსაქმიანობთ. ვეღარ ვნახულობთ ერთმანეთს. რადიკალურად შეიცვალა სამყარო. ალბათ ამისგანაც რაღაც უნდა ვისწავლოთ.

ყველაფერი ცუდისგან  კარგი რაცაა, მაქსიმალურად უნდა გამოვწოვოთ, ისევ ჩვენთვის რომ იყოს მერე სასარგებლო. ეს არის გაკვეთილი, თუ რას ნიშნავს თავისუფლების დათმობა. ნებისმიერი მოტივით, როდესაც  ადამიანები, საკუთარი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მოტივით, საკუთარ თავისუფლებას შევაზღუდინებთ და ჩვენი ნებით გადავცემთ ნებისმიერ სისტემას, მთავრობა იქნება თუ არ აქვს მნიშვნელობა რა სახელს  დავარქმევთ, ადრე თუ გვიან მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ეს სისულელე იყო, მაგრამ ძალიან დიდ ფასად.

სამწუხაროდ, ეს ახლა უკვე მთელი ეკონომიკის დანგრევის ფასია. ალბათ  დროა ვისწავლოთ ადამიანებმა, რომ თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერი არაა.

რა მასწავლა პანდემიამ

პანდემიამ მასწავლა ის, რომ თვითგადარჩენისთვის… თუ ადამიანს შეაშინებ, შეიძლება ძალიან დიდი სისულელე ჩაადენინო. ჩემი აზრით, შეშინებული ადამიანი ყველაზე საშიშია საზოგადოებისთვის. თუ გახსოვთ, პანდემიის დასაწყისში როგორ მოიხსენიებდნენ ერთმანეთს თანამოქალაქეები. როდესაც ერთი ჯგუფი მეორეს ამუნათებდა, როგორი უპასუხისმგებლოები იყვნენ იმის გამო, რომ სახლიდან გადიოდნენ ლუკმაპურის საშოვნელად – „რა დროს მუშაობაა, გარეთ პანდემია მძვინვარებსო“.

მე ეს მასწავლა  პანდემიამ, რომ ადამიანი არის ძალიან საშიში, როდესაც შეაშინებ და მზად არის გაწიროს სხვა ადამიანი იმისთვის, რომ თვითონ გადარჩეს.

„ჩვენ შეიძლება დავემსგავსოთ კადიროვის ჩეჩნეთს, თუ არ ვიაქტიურეთ“ – ინტერვიუ

„ხელისუფლების დაუჯერებლად ბრიყვული ნაბიჯი“ – ეს ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა თქვა, თუმცა ეს არაა ერთადერთი კრიტიკული შეფასება პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც საქართველოში შეიქმნა. კრიზისი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ აღიარებს, კიდევ უფრო ღრმავდება. კრიტიკა ისმის დასავლეთის სხვა პარტნიორებისგანაც. პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ თუკი ხელისუფლების რიტორიკა არ შეიცვალა, იზოლაციაში აღმოვჩნდეთ.

რა შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ და თითოეულმა მოქალაქემ, თუკი ღარიბაშვილის მთავრობა დასავლეთს არ მოუსმენს? – „ბათუმელებმა“ ვანო ჩხიკვაძეს რამდენიმე კითხვა დაუსვა, ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს.

  • ბატონო ვანო, რა შთაბეჭდილება გექმნებათ, როცა უსმენთ ხელისუფლების წარმომადგენლებს, აწუხებთ დასავლეთის მწვავე კრიტიკა? 

პირველ რიგში, ცალსახად მინდა აღვნიშნო ის, რომ თუკი სიტუაცია არ შეიცვალა და კრიზისი არ განიმუხტა, პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას. ამის გათვალისწინებით ალბათ ყველაზე რეალისტური, რაც მოჩანს, იმ შემთხვევაში, თუ ეს კრიზისი არ განიმუხტა და ხელისუფლებამ ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგა, ყველაზე მოსალოდნელი იქნება სანქციების დაწესება. სავარაუდოდ ეს სანქციები იქნება უფრო მიზანმიმართული.

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი ორიენტირებული იქნებიან იმაზე, რომ ის იყოს უფრო მიმართული გადაწყვეტილების მიმღები პირებისკენ, რომლებიც რეალურად ჩართულნი არიან ამ პროცესში და რის გამოც არის კრიზისი ქვეყანაში. ალბათ მაქსიმალურად იქნება თავის შეკავება იმაზე, რომ სანქციებმა არ დააზარალოს ქვეყანა.

  • რა სახის სანქციები შეიძლება დაუწესონ საქართველოს, თუკი კრიზისი გაღრმავდება და დასავლეთის კრიტიკას ხელისუფლება არ გაითვალისწინებს? 

ჩვენ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ეს სანქციები უცებ ამოქმედდება. სანქციების ამოქმედებას სჭირდება ბევრი ეტაპის გადალახვა. სხვა რომ არაფერი, ამას სჭირდება ევროკავშირის წევრებს შორის კონსენსუსი. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, სანქციებს აწესებს ამერიკის შეერთებული შტატები, ხოლო ამის შემდეგ გაკვალულ გზას მიჰყვება ხოლმე ევროკავშირი.

შესაძლოა, ამას მოჰყვეს იმ დახმარებების შეწყვეტა, რასაც ჩვენ ევროკავშირისგან ვიღებთ… ეს ეხება ძირითადად საბიუჯეტო დახმარებას, ასევე რეფორმების განხორციელებას სხვადასხვა მიმართულებით. მხოლოდ ევროკავშირისგან საქართველოსთვის იხარჯება ყოველწლიურად დაახლებით 100 მილიონი ევრო. გამიჭირდება გითხრათ, რამდენით შესაძლოა ეს შემცირდეს. იმ შემთხვევაში, თუკი გარკვეული რეფორმები გაიყინება და გაჩერდება, შესაძლოა 50 პროცენტითაც შემცირდეს, თუმცა იმედი მაქვს მაინც, რომ აქეთკენ არ წავა ეს პროცესი და ხელისუფლება რაღაცნაირად მიხვდება, რომ ეს არ არის ის, საიდანაც შესაძლოა მოგებული გამოვიდეს. ამ შემთხვევაში ხელისუფლებაც წააგებს და ქვეყანაც.

  • რა შეიძლება დაკარგოს მოქალაქემ, მაგალითად, მართლმსაჯულების რეფორმის დაფინანსების შეწყვეტით? 

ის, რომ მართლმსაჯულების სისტემა ვერ გახდა დამოუკიდებელი და ეფექტური, ამაზე აქამდეც იყო საუბარი, მაგალითად, გასულ წელს, ბრიუსელში ვიზიტის დროს ღიად იყო საუბარი ამაზე, ევროპელი პარტნიორები ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ ამ შედეგებით. მაშინაც იყო საუბარი იმაზე, რომ დახმარება, რომელიც არის გამოყოფილი ამ მიმართულებაზე და ეს რამდენიმე მილიონია, საერთოდ შეჩერებულიყო, რადგან ცვლილებების ნაცვლად მივიღეთ რეგრესი და მათ არანაირი სურვილი არ აქვთ დააფინანსონ კლანი.

რეალურად ძალიან დიდი რესურსი აქვთ ჩადებული ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს, საუბარია რამდენიმე მილიარდ დოლარსა და ევროზე. შესაბამისად, მარტივად არავინ იტყვის, რომ ახლა ყველაფერი დასრულდა. მათთვის საქართველო ძალიან მნიშვნელოვანია და არ არის სულერთი, რა ხდება ამ ქვეყანაში. ვფიქრობ, რაც გუშინწინ მოხდა, ამით წითელი ხაზი გადაკვეთილია და ამას მოწმობს ყველა ის განცხადება, რომელიც მოდის მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. არავინ ამ ფაქტით გახარებული არ არის, გარდა რუსეთისა. აქ შექმნილი პოლიტიკური პროცესი მოსკოვში უხარიათ მხოლოდ.

  • ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს შესაძლოა აწყობდეს საქართველოს ხელისუფლებასაც, თუკი პოლიტიკურ კრიზისში არსებობს კრემლის ინტერესი?

მე ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება გაყიდვადი, თუ გავითვალისწინებთ, რამხელა მხარდაჭერა აქვს ევროინტეგრაციას საქართველოში. ღიად რუსული ინტერესების გატარებას მე გამოვრიცხავ. ვერ შებრუნდება ხელისუფლება მარტივად და ვერ იტყვის, რომ რუსეთისკენ მიდის. ეს გამორიცხულია, თუმცა მალულად ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ ყველაზე მთავარი, რაც ჩვენ შესაძლოა ახლა დავკარგოთ, არის ფუნქციის დაკარგვა, დავკარგოთ სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, რაზეც ოცნებობდნენ და რა იდეასაც ეწირებოდნენ თაობები.

  • კიდევ რა შეიძლება დავკარგოთ, თუ ეს კრიზისი კიდევ უფრო გაღრმავდება? 

ჩვენ შესაძლოა დავკარგოთ, მაგალითად, შესაძლებლობა იმისა, რომ საქართველოდან სტუდენტებმა, რომლებიც რამდენიმე ათასი არიან, განათლება ვერ მიიღონ ევროკავშირის წამყვან უნივერსიტეტებში. არა მგონია, რომ საქართველოში ვინმეს ეს სურდეს. ყველას უნდა, რომ პარიზის, ლონდონის ან ბერლინის წამყვან უნივერსიტეტებში წავიდეს. მეორე რიგში, შესაძლებელია, რომ ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილებებს იღებდნენ მოსკოვში და დავემსგავსოთ კადიროვის ჩეჩნეთს, ესაა რეალობა, რომლის წინაშეც ჩვენ შესაძლოა აღმოვჩნდეთ, თუ ასე გაგრძელდა ეს პროცესი, თუ არ ვიაქტიურეთ, როგორც საზოგადოებამ და თუ არ გვექნა მხარდაჭერა გარედან, რომელიც როგორც ვხედავთ, ნელ-ნელა იზრდება.

  • შესაძლოა, თუ არა სანქციები შეეხოს უვიზო მიმოსვლას, ასევე ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს? 

არა მგონია, რომ აქამდე მივიდეს საქმე. ყველა ხვდება, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებით არ დაზარალდება ის ხალხი, ვინც ამ კრიზისს იწვევს. ამით დაზარალდებიან ჩვეულებრივი მოქალაქეები. ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ დიპლომატიური პასპორტები და მათ არც სჭირდებათ უვიზო მიმოსვლა. ეს კარგად ესმით ბრიუსელსა თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში. ვფიქრობ, ეს კრიზისი ასევე არ შეეხება ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს.

შესაძლოა შეჩერდეს და აღარ გაიმართოს მაღალი დონის სამიტები, მაგალითად, აღარ გაიმართოს ასოცირების სამიტი და ეს იყოს გარკვეული პოლიტიკური დემარში ევროკავშირის მხრიდან, აღარ ჩატარდეს ასოცირების საბჭო ან ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი. ესეც უკიდურესი ფორმაა, რადგან ევროკავშირი ცდილობს მაქსიმალურად შეინარჩუნოს კომუნიკაციის ის არხები, რომლებიც არსებობს. ასეთ ნაბიჯს ისინი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გადადგამენ. რუსეთთანაც კი ცდილობენ, რომ არ ჩაკეტონ კომუნიკაციის არხები და მაქსიმალურად შეინარჩუნონ.

ფეხბურთელ გოგოებზე სექსუალური ძალადობის საქმე – PHR-ის განცხადება

პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო 9 ქალი  (მათ შორის, ერთი ბავშვი) ფეხბურთელი, რომელთა მიმართაც მწვრთნელის მხრიდან სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, გარყვნილ ქმედებასა და თაღლითობას. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის” (PHR), რომელიც 9 ქალი ფეხბურთელის (მათ შორის, ერთი ბავშვის) ინტერესებს იცავს.

„ქალი ფეხბურთელები წლების განმავლობაში სავარაუდოდ განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებას და  სექსუალურ ძალადობას მწვრთნელის მხრიდან. სექსუალური შევიწროება და დანაშაული გამოიხატებოდა არასასურველ ფიზიკურ შეხებაში, სექსუალური შინაარსის კომენტარებსა და პორნოგრაფიული მასალის იძულებით ყურებაში“ – წერს ორგანიზაცია.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, მწვრთნელის მხრიდან ასევე ადგილი ჰქონდა სავარაუდო თაღლითობას, ვინაიდან იგი ფეხბურთელებს აბრუნებინებდა ხელფასის ნაწილს. კერძოდ, მათ ეუბნებოდა, რომ ხელფასიდან დაბრუნებული თანხა კლუბის შემდგომი ფუნქციონირებისთვის იყო საჭირო.

ასევე, მწვრთნელის მხრიდან სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი ზოგიერთი არასრულწლოვანი ქალი ფეხბურთელის მიმართაც. ორგანიზაციის ცნობით, მწვრთნელმა მათ იძულებით აჩვენა პორნოგრაფიული ვიდეო, რაც წარმოადგენს გარყვნილ ქმედებას.

ქალი/ბავშვი ფეხბურთელების მიმართ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებზე PHR-მა გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა პოლიციას. თუმცა, ორგანიზაციის ინფორმაციით, საქმეში არსებული საკმარისი მტკიცებულებების მიუხედავად, პროკურატურამ არ დააკმაყოფილა ორგანიზაციის მოთხოვნა და უარი თქვა ქალი/ბავშვი ფეხბურთელების დაზარალებულად ცნობაზე.

PHR-მა პროკურატურის უარი სასამართლოში გაასაჩივრა.

ორგანიზაციისვე ცნობით, გამოძიების პარალელურად, სექსუალური შევიწროების საქმეს საქალაქო სასამართლო უკვე განიხილავს და საქმეში მოპასუხეები არიან უშუალოდ მწვრთნელი მამაკაცი, ასევე საფეხბურთო კლუბი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციარადგან მათთვის ცნობილი იყო დისკრიმინაციის შესახებ და არაფერი იმოქმედეს გოგოებისა და ბავშვების დასაცავად. მოთხოვნებს შორის არის დისკრიმინაციის ფაქტების დადგენა,  სექსუალური შევიწროებისგან ფეხბურთელების დაცვის მექანიზმის შექმნის დავალდებულება და მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეებისთვის.

აღნიშნული საქმის წარმატებით აღსრულების მიზნით, PHR-მა იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილდა სასამართლოს მიერ და აიკრძალა მწვრთნელის უძრავი ქონებისა და საფეხბურთო კლუბის წილების გასხვისება.

PHR-ი წერს, რომ ეს არის ქალი ფეხბურთელების მიმართ სექსუალური შევიწროების რიგით მეორე საქმე, რომ პრობლემა სისტემურია და სჭირდება დაუყოვნებელი ცვლილება.

______________

ფოტო: პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის

რა წესები უნდა დაიცვან საბავშვო ბაღებმა – რეკომენდაციები სრულად

2021 წლის პირველი მარტიდან მუშაობას განაახლებენ როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო საბავშვო ბაღები. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საბავშვო ბაღები მუშაობის განახლება/გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ დაიცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს.

ახალი კორონავირუსით  გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების მიხედვით, პანდემიის პირობებში საბავშვო ბაღებმა უნდა შეიმუშაონ საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა.

ამასთან, დაუშვებელია საბავშვო ბაღის შენობაში გარეშე პირების (მათ შორის, მშობელთა/მეურვეთა) შესვლა. ბავშვების მიღება უნდა უზრუნველყოს ბაღის თანამშრომელმა;

თერმოსკრინინგისას, ცხელების 370С  ან 370С-ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება მოსაცდელ სივრცეში ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით, 15-წუთიან შუალედში. სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის უნდა გამოიყოს დროებითი საიზოლაციო ოთახი.

რესპირატორული სიმპტომების/ცხელების მქონე ბავშვი, სიმპტომების გამოვლენისთანავე, დროებით გადაყვანილ უნდა იქნეს  საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება  ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად  ბავშვის გადამისამართების მიზნით.

ბაღის ადმინისტრაცია ვალდებულია:

  • გამოიყენოს ე.წ. „ჩეკლისტები“ იმისთვის, რომ დაეხმარონ ოჯახებს სწორად იქნეს დადგეგმილი მათ მიერ ბავშვის ბაღში მიყვანის და გაყვანის დროები, რათა თავიდან იყოს აცილებული მშობლებისა და ბავშვების ერთდროული თავშეყრა დაწესებულების შესასვლელში;
  • შეიმუშაონ საერთო სივრცეში (ეზო, დარბაზი და ა.შ.) ბავშვების გაყვანის გრაფიკი იმგვარად, რომ კონკრეტულ დროის მონაკვეთში სათამაშო მოედანზე ან სხვა საერთო სივრცეში ბავშვების მცირე ჯგუფმა ითამაშოს/დაისვენოს;
  • უზრუნველყოს ბავშვებისთვის ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებებისთვის ინდივიდუალური ყუთების შექმნა ისე, რომ სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს თითოეულმა გამოიყენოს მისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ყუთი;
  • აკრძალულია სახლიდან სათამაშოების მიტანა;
  • ხმარებიდან უნდა ამოიღონ ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება;
  • საძინებლებში ბავშვების საწოლები ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით უნდა განალაგონ იმგვარად, რომ ბავშვები წოლის დროს სახით ერთმანეთის პირისპირ არ აღმოჩნდნენ;
  • ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება-ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის უნდა დაინერგოს იმგვარი თამაშები, როგორიცაა, მაგალითად: შეჯიბრი ხელების დაბანაში; მეგობრებთან შეხვედრის, მისალმების და ურთიერთობის ახალი უნარების სწავლა; სახალისო თამაშები სახეზე ხელის შეხებისგან თავშეკავებაზე; როგორ უნდა დავაცემინოთ და დავახველოთ ისე, რომ სხვა არ დავაზიანოთ; უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის, მაგალითად, მისალმება ჟესტებით, მშვიდობის ნიშნის ჩვენება, ხელის დაქნევა, თვალის ჩაკვრა და ა.შ.;
  • ასაკისთვის შესაფერისი აქტივობები/თამაშები ჯგუფებში უნდა დაიგეგმოს იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად მოხერხდეს ფიზიკური დისტანცირების დაცვა;
  • ბავშვებისთვის სასწავლო გარემო იმგვარად უნდა შედგეს, რომ მიეცეთ ყოველდღიური შესაძლებლობა, იყვნენ გარეთ (ღია სივრცეში), ითამაშონ ბუნებაში/ეზოში და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში;
  • აკრძალულია ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას;
  • უნდა შეიზღუდოს აღმზრდელის/მასწავლებლის/ძიძის გარდა სხვა პირების შესვლა ისეთ სივრცეებში, სადაც იმყოფებიან ბავშვები;
  • დაწესებულება უზრუნვეყოფილი უნდა იყოს ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები) სარგებლობა.

ზოგადი რეკომენდაციები მოიცავს მოთხოვნებს ბაღის სამზარეულოსთვის, დასუფთავება-დეზინფექციას, დამატებით ინსტრუქციას სანიტარიული კვანძის დასუფთავებისთვის, თეთრეულის ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესს. ასევე დასაქმებულთა/მესამე პირთა ვალდებულებებს.

[toggle title=”რეკომენდაციები სრულად იხილეთ აქ:“]

ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19)  დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის

 ზოგადი რეკომენდაციები:

შეიმუშავეთ პანდემიის პირობებში საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;

  • არ დაუშვათ საბავშვო ბაღის შენობაში გარეშე პირების (მათ შორის, მშობელთა/მეურვეთა) შესვლა. ბავშვების მიღება განხორციელდეს ბაღის თანამშრომლის მიერ;
  • დაწესებულების შესასვლელთან განახორციელეთ თერმოსკრინინგი, რათა გააკონტროლოთ როგორც პერსონალის, ასევე ბავშვებისა და მათი მშობლების/მეურვეების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ტემპერატურის გაზომვით;
  • პირი, რომელიც ატარებს თერმოსკრინინგს, ვალდებულია ეკეთოს პირბადე და იცავდეს არანაკლებ 1 მეტრიან დისტანციას;
  • თერმოსკრინინგის დროს დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის ხელმეორედ გადამოწმების მიზნით, შენობის შესასვლელში უზრუნველყავით შესაბამისი მოსაცდელი სივრცის მოწყობა;
  • თერმოსკრინინგისას, ცხელების 370С  ან 370С-ზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, პირი ექვემდებარება მოსაცდელ სივრცეში ტემპერატურის გადამოწმებას ვერცხლისწყლის თერმომეტრით, 15-წუთიან შუალედში. ყოველი გამოყენების შემდეგ სავალდებულოა ვერცხლისწყლის თერმომეტრი  დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით;
  • უზრუნველყავით სიცხიანი და რესპირატორული სიმპტომების მქონე ბავშვებისთვის დროებითი საიზოლაციო ოთახის გამოყოფა;
  • რესპირატორული სიმპტომების/ცხელების მქონე ბავშვი, სიმპტომების გამოვლენისთანავე, დროებით გადაყვანილ უნდა იქნეს  საიზოლაციო ოთახში კანონიერი წარმომადგენლის მოკითხვამდე; მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დაწესებულება  ვალდებულია დაუკავშირდეს 112-ს შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად  ბავშვის გადამისამართების მიზნით;
  • საიზოლაციო მიზნებისთვის გამოყენებული ოთახი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
  • შესაძლებელია ოპტიმალური ბუნებრივი ვენტილაცია;
  • აღჭურვილია დასაჯდომი/მოსასვენებელი საშუალებებით (სკამი/სავარძელი/ტახტი);
  • ხელმისაწვდომია ხელის ჰიგიენის საშუალებები: ხელსაბანი ნიჟარა და თხევადი საპონი ან ხელის სანიტაიზერი;
  • ყოველი გამოყენების შემთხვევაში უნდა დამუშავდეს სველი წესით;
  • სიცხის გადამოწმების შემდეგ 370С ან 370С -ზე მეტი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში:
  • მასწავლებელი/აღმზრდელი/ძიძა/ადმინისტრაციის წარმომადგენელი არ დაიშვება დაწესებულებაში და ვალდებულია მიმართოს ოჯახის ექიმს;
  • აღსაზრდელი განათავსეთ წინასწარ მომზადებულ საიზოლაციო ოთახში. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, რომელიც ვალდებულია ბავშვის დაწესებულებიდან დროულად გაყვანაზე;
  • მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის გონივრულ ვადაში გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაწესებულება ვალდებულია  დაუკავშიდეს 112-ს,  შესაბამისი სამედიცინო სერვისის მისაღებად ბავშვის გადამისამართების მიზნით;
  • საიზოლაციო ოთახში მყოფ ყველა 6 წელზე მეტი ასაკის პირს უნდა ეკეთოს პირბადე, დაცული უნდა იყოს 1-მეტრიანი დისტანცია და ბავშვები არ უნდა რჩებოდნენ მეთვალყურეობის გარეშე;
  • დაფიქსირებული ცხელების შემთხვევები აღრიცხეთ შესაბამის ფორმაში;
  • დღის განმავლობაში დაწესებულების თანამშრომლის ან ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში გადაამოწმეთ ტემპერატურა და იმოქმედეთ შესაბამისად;
  • დაუშვებელია რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე (ხველა, ცემინება, სურდო, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა. შ.)  პირების (მასწავლებლების, აღმზრდელების, თანამშრომლების და აღსაზრდელების) დაშვება დაწესებულების შენობაში;
  • თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ;
  • ობიექტის შესასვლელში განათავსეთ ხელის ანტისეპტიკური საშუალებები;
  • დაწესებულების შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი გამოყენების სავალდებულო ნიშნის მითითებით;
  • აღმზრდელები, აღმზრდელთა თანაშემწეები, ძიძები, დამლაგებლები და სხვა პერსონალი, რომლებიც სკოლამდელ დაწესებულებაში მუშაობენ, გადაამზადეთ (მათ შორის, ახალი კორონავირუსის COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ) დაწესებულების გახსნამდე და გარდამავალ პერიოდში, რათა  შეძლონ  უსაფრთხო   მუშაობის   პროცედურებისა   და   ვირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ რეკომენდაციების დაცვა თავიანთ სამუშაო ადგილზე;
  • შეადგინეთ გეგმა ჯგუფების ოთახებისა და ოთახებში ბავშვების რაოდენობის შესახებ;
  • უზრუნველყავით ბავშვების ხელების დაბანა სათანადო წესით ჯგუფურ ოთახში შესვლის წინ;
  • უზრუნველყავით პერსონალისა და სხვა პირების (გარდა ბავშვებისა) შესვლა დაწესებულებაში მხოლოდ ნიღბით;
  • კომუნიკაციის გაძლიერების სტრატეგიისა და ბავშვების ოჯახთან დიალოგის წახალისების მიზნით, გამოიყენეთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებები (მაგ., მოკლე ტექსტური შეტყობინება ან ვიდეო ზარი, პოსტერები);
  • დაწესებულებაში უზრუნველყავით ბავშვის მიღებისა და გაშვების დროში გაწერილი გრაფიკის დაცვა, ამასთან, რაიმე მიზეზით გრაფიკის დარღვევის აუცილებლობის შემთხვევაში, მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა ბაღში მისვლამდე არანაკლებ 10 წუთით ადრე უნდა აცნობოს ტელეფონით ჯგუფის ხელმძღვანელს, რათა საკმარისი დრო იყოს იმისთვის, რომ ბავშვი მოამზადონ სახლში წასასვლელად;
  • გამოიყენეთ ე.წ. „ჩეკლისტები“ იმისთვის, რომ დაეხმაროთ ოჯახებს სწორად იქნეს დადგეგმილი მათ მიერ ბავშვის ბაღში მიყვანის და გაყვანის დროები, რათა თავიდან იყოს აცილებული მშობლებისა და ბავშვების ერთდოული თავშეყრა დაწესებულების შესასვლელში;
  • შეიმუშავეთ საერთო სივრცეში (ეზო, დარბაზი და ა.შ.) ბავშვების გაყვანის გრაფიკი იმგვარად, რომ კონკრეტულ დროის მონაკვეთში სათამაშო მოედანზე ან სხვა საერთო სივრცეში ბავშვების მცირე ჯგუფმა ითამაშოს/დაისვენოს;
  • უზრუნველყავით ბავშვებისთვის ფანქრების, მაკრატლებისა და სხვა საშუალებებისთვის ინდივიდუალური ყუთების შექმნა ისე, რომ სახელოვნებო/გასართობი საქმიანობის დროს თითოეულმა გამოიყენოს მისთვის ინდივიდუალურად განკუთვნილი ყუთი;
  • აკრძალეთ სახლიდან სათამაშოების მოტანა;
  • ხმარებიდან ამოიღეთ ისეთი სათამაშოები, რომელთა რეცხვა და დეზინფიცირება ვერ ხერხდება;
  • უზრუნველყავით საძინებლებში ბავშვების საწოლების ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით განლაგება იმგვარად, რომ ბავშვები წოლის დროს სახით ერთმანეთის პირისპირ არ აღმოჩნდნენ;
  • ბავშვებში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარება-ჩამოყალიბების ხელშეწყობისთვის დანერგეთ იმგვარი თამაშები, როგორიცაა, მაგალითად:
  • შეჯიბრი ხელების დაბანაში;
  • მეგობრებთან შეხვედრის, მისალმების და ურთიერთობის ახალი უნარების სწავლა;
  • სახალისო თამაშები სახეზე ხელის შეხებისგან თავშეკავებაზე;
  • როგორ უნდა დავაცემინოთ და დავახველოთ ისე, რომ სხვა არ დავაზიანოთ;
  • უკონტაქტო მისალმების ხერხები, როგორიც არის, მაგალითად, მისალმება ჟესტებით, მშვიდობის ნიშნის ჩვენება, ხელის დაქნევა, თვალის ჩაკვრა და ა.შ.;
  • ასაკისთვის შესაფერისი აქტივობები/თამაშები ჯგუფებში დაგეგმეთ იმგვარად, რომ შეძლებისდაგვარად მოახერხოთ ფიზიკური დისტანცირების დაცვა;
  • უზრუნველყავით ბავშვებისთვის სასწავლო გარემოს იმგვარად შედგენა, რომ მიეცეთ ყოველდღიური შესაძლებლობა, იყვნენ გარეთ (ღია სივრცეში), ითამაშონ ბუნებაში/ეზოში და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში;
  • აკრძალეთ ისეთი გასართობი ღონისძიებები, რომელიც ითვალისწინებს ბავშვთა დიდი ოდენობით თავშეყრას;
  • უზრუნველყავით გარე სივრცეში ხანგრძლივად თამაშის ხელშეწყობა (თამაშებისთვის გამოიყენეთ ბავშვების დაყოფა მცირე ჯგუფებად;
  • შეზღუდეთ აღმზრდელის/მასწავლებლის/ძიძის გარდა სხვა პირების შესვლა ისეთ სივრცეებში, სადაც იმყოფებიან ბავშვები;
  • უზრუნველყავით დაწესებულებაში ხელის დაბანის გამართული საშუალებებით (ხელსაბანი ნიჟარა, თხევადი საპონი და ხელის გასამშრალებელი ერთჯერადი ხელსახოცები) სარგებლობა;
  • ბავშვებისთვის ხელების დაბანის დროს გამოიყენეთ გართობის სხვადასხვა საშუალება იმგვარად, რომ ხელების დაბანის პროცესი არანაკლებ 20 წამს შეადგენდეს;
  • ხელების გამშრალება მოხდეს ერთჯერადი ხელსახოცით ან ინდივიდუალური პირსახოცით,  (პირსახოცის გამოყენების  შემთხვევაში მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს თითოეული ბავშვის მიერ მხოლოდ საკუთარი პირსახოცის გამოყენების პრაქტიკა და დაცული იყოს თეთრეულის რეცხვის ჰიგიენური რეჟიმი);
  • იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება ხელების დაბანა და გაშრობა, ხელების დასამუშავებლად გამოიყენეთ არაუმცირეს 70%-იანი სპირტის შემცველობის სადეზინფექციო საშუალებები;
  • სათანადო ადგილებში (საპირფარეშო, ონკანის სიახლოვეს) განათავსეთ ხელის ჰიგიენის წესები, მათ შორის, ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე, სათანადო ილუსტრაციებით;
  • გამოყავით ჰიგიენის კუთხეები, ხელის ჰიგიენის საშუალებების განთავსებისთვის და მიაწოდეთ პერსონალს/აღსაზრდელებს ინფორმაცია ჰიგიენის საშუალებების სწორად გამოყენების შესახებ;
  • პერსონალისა და სხვა პირებისთვის ხელმისაწვდომ, სათანადოდ დაცულ ადგილას განათავსეთ ხელის სადეზინფექციო ხსნარები;
  • პერსონალი უზრუნველყავით სათანადო სწავლებით, რათა მათ ხელი შეუწყონ ბავშვების მიერ ჰიგიენური ნორმების დაცვას;
  • გაითვალისწინეთ, რომ:
  • წინასწარ უნდა გქონდეთ თითოეულ ბავშვზე ინფორმაცია იმის შესახებ, აქვს თუ არა ალერგია ალკოჰოლზე ან რომელიმე ისეთ ნივთიერებაზე, რომელიც შედის სადეზინფექციო სითხის შემადგენლობაში;
  • ბავშვებისთვის უფროსების მეთვალყურეობის გარეშე არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი სადეზინფექციო ხსნარები;
  • ბავშვებისთვის ამა თუ იმ ნივთიერების მოხმარების წესები ახსნილი უნდა იყოს მათთვის გასაგებ ენაზე და ამ ტიპის ნივთიერებების (მათ შორის ხელის სადეზინფექციო სითხე) გამოყენება უნდა ხდებოდეს სათანადო ზედამხედველობის ქვეშ.
  • პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე (არანაკლებ 2-საათიანი ინტერვალებით), უზრუნველყავით სათამაშო და საძინებელი სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია;
  • სათამაშო სივრცეებში და ბავშვთა განთავსების ადგილებში უზრუნველყავით მაგიდების და დასაჯდომი ადგილების განლაგება იმგვარად, რომ მაგიდებს შორის, ასევე მაგიდასთან განთავსებულ პირთა შორის, ისევე როგორც დასაჯდომ ადგილებს შორის დაიცვათ უსაფრთხო მანძილი;
  • უზრუნველყავით გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება (ფეხის პედლის შესაძლებლობით), რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინეთ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. უზრუნველყავით ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მეშვეობით;
  • სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, პერსონალი აღჭურვეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით:
  • ნიღაბი;
  • სახის დამცავი ფარი;
  • ხელთათმანი;
  • ერთჯერადი ხალათი [დამლაგებლისთვის];
  • განახორციელეთ მონიტორინგი ამ წესით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაზე.

განსაკუთრებულად მიადევნეთ თვალყური:

  • ბავშვებმა საკვების მიღებამდე და მიღების შემდეგ, საპირფარეშოში შესვლისა და გამოსვლის შემდეგ საფუძვლიანად დაიბანონ ხელები წყლითა და საპნით და კარგად გაიმშრალონ ერთჯერადი ხელის გასამშრალებელი საშუალებებით;
    • ბავშვებს დაეხმარეთ/ასწავლეთ/გამოუმუშავეთ ჩვევა, რომ დახველებისა და დაცემინების დროს მიიფარონ სახეზე სუფთა ხელსახოცი ან მოხრილი იდაყვი. ქცევების დემონსტრირებისთვის გამოიყენეთ სათამაშოები/თოჯინები;
    • თუ რომელიმე ბავშვი თავს შეუძლოდ იგრძნობს (მაგ., ექნება მუცლის ტკივილი, დაუფიქსირდება ტემპერატურის მატება), დაუყოვნებლივ უზრუნველყავით მისი გადაყვანა საიზოლაციო ოთახში.

მოთხოვნები სამზარეულოსთვის:

  • ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზება უნდა განხორციელდეს „ტექნიკური რეგლამენტის − „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 30 ოქტომბრის №487 დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;
  • ბავშვებისთვის განკუთვნილი სურსათის მომზადებისას დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი პირობების დაცვა:
  • სისუფთავის დაცვა;
  • მზა და ნედლი პროდუქტების განცალკევება;
  • სურსათის სათანადო თერმული დამუშავება;
  • სურსათის შენახვა სათანადო ტემპერატურის პირობებში;
  • უვნებელი წყლისა და ნედლეულის გამოყენება.
  • პერსონალის მიერ სამზარეულოში მუშაობის დროს გამოყენებული იქნეს ერთჯერადი ნიღაბი, თავსაბურავი და ხელთათმანი;
  • ხელების დაბანა მოხდეს ხშირად, თხევადი საპნით და წყლით;
  • სურსათთან შეხებაში მყოფი ყველა ზედაპირის/ინვენტარის რეცხვა-დეზინფექცია მოხდეს გაზრდილი სიხშირით და სადეზინფექციო და სარეცხი საშუალებებისათვის დაშვებული მაქსიმალური კონცენტრაციით;
  • გაატარეთ სპეციალური ზომები იმისათვის, რომ კვების ბლოკის თანამშრომლებმა არ განახორციელონ სამუშაო აქტივობა ინფექციურ დაავადებაზე ეჭვის (მაღალი ტემპერატურა, სურდო, დიარეა) არსებობის ან ისეთი დაავადებით ინფიცირების შემთხვევაში, რომლის გავრცელება სურსათის მეშვეობით შესაძლებელია მოხდეს (მაგალითად, ინფიცირებული ჭრილობა, კანის ინფექცია, წყლული და სხვ.).

ჭურჭლის ხელით რეცხვისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პროცედურები

  • სამზარეულოს ჭურჭლის რეცხვა და შრობა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალურად გამოყოფილ ზონაში, შემდეგნაირად:
  • ჭურჭელი მექანიკურად უნდა გათავისუფლდეს საჭმლის ნარჩენებისგან;
  • გაირეცხოს არანაკლებ 400C ტემპერატურის წყლითა და სარეცხი საშუალებების გამოყენებით პირველ სამზარეულოს ნიჟარაში;
  • გაირეცხოს ხელმეორედ არანაკლებ 400C ტემპერატურის წყლითა და უფრო ნაკლები რაოდენობის სარეცხი საშუალების გამოყენებით მეორე სამზარეულოს ნიჟარაში;
  • გაივლოს არანაკლებ 650C ტემპერატურის ცხელი გამდინარე წყლით;
  • დაიწრიტოს და გაშრეს საწრეტზე;
  • წვრილმანი ინვენტარი – დაფები, ნიჩბები, სათქვეფები და სხვა, ცხელი წყლით გარეცხვის შემდეგ უნდა გაშრეს;
  • სამზარეულოს ჭურჭელი ირეცხება ცხელ წყალში სარეცხი საშუალებებით.
  • ხელით რეცხვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სამგანყოფილებიანი ნიჟარები სასადილო ჭურჭლისათვის და ორგანყოფილებიანი შუშის ჭურჭლისა და სასადილო მოწყობილობებისათვის (დასაშვებია, შეზღუდული ასორტიმენტის ორგანიზაციებში სასადილო ჭურჭლისა და მოწყობილობების რეცხვა ორგანყოფილებიან სამზარეულოს ნიჟარებში);
  • სარეცხ განყოფილებებში კედელზე უნდა გაიკრას ინსტრუქცია ჭურჭლისა და ინვენტარის რეცხვის წესების შესახებ, გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებების კონცენტრაციების მითითებით.

დასუფთავება და დეზინფექცია:   

  • გაამკაცრეთ დასუფთავების და დეზინფექციის ზომები საერთო სივრცეებში (საპირფარეშოები, დერეფნები, დარბაზები, ლიფტები და ა. შ.);
  • დასუფთავებისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ  იმ საგნებს, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით, როგორიცაა: სახელურები, ლიფტის ღილაკები, ჩამრთველები, კარის ღილაკები და ა.შ.;
  • დღის განმავლობაში, როდესაც ბავშვები არ იმყოფებიან ოთახებში (მაგ., არიან ეზოში) უზრუნველყავით სათამაშო და საძინებელი ოთახების დასუფთავება/დეზინფექცია და განიავება;
  • ბავშვების გაყვანის შემდგომ კარადები დატოვეთ ღია და ცარიელი, რათა მოხდეს მათი განიავება/დეზინფექცია;
  • იმ ზედაპირებისთვის, რომლებიც შეიძლება დაზიანდეს ნატრიუმის ჰიპოქლორიდის გამოყენების შედეგად, გამოიყენეთ არანაკლებ 70% კონცენტრაციის სპირტის ხსნარები;
  • დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს დამატებით ჩაუტარეთ შესაბამისი ინსტრუქტაჟი;
  • უზრუნველყავით სანიტარიული წერტილების დასუფთავება/დეზინფექცია დაბიძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ;
  • უზრუნველყავით სათამაშოების რეცხვა/დამუშავება შემდეგი წესით:
  • ახლად შეძენილი სათამაშოები (რბილის გარდა), სანამ სათამაშოდ გადაეცემათ ბავშვებს, უნდა გაირეცხოს 15 წუთის განმავლობაში, 37​0C-ის ტემპერატურის წყლითა და საპნით, შემდეგ კი უნდა გაშრეს ჰაერზე;
  • სათამაშოები უნდა გაირეცხოს ყოველდღიურად წყლით, ჯაგრისით, საპნით ან საკვები სოდის 2%-იანი ხსნარით;
  • დაწესებულების ყველა სივრცეში უზრუნველყავით სველი წესით დალაგება/დეზინფექცია და სანიტარიულ-ჰიგიენური რეჟიმი „ტექნიკური რეგლამენტის − ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 27 ოქტომბრის №485 დადგენილებით, „წყალი, სანიტარია და ჰიგიენა საბავშო ბაღში“ − საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2016 წლის 28 ივლისის №01-172/ო ბრძანებით დამტკიცებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაიდლაინითა და ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის  2020 წლის 25 მარტის №01-123/ო ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი დანართით გათვალისწინებული წესით.

დამატებითი ინსტრუქცია სანიტარიული კვანძის დასუფთავებისთვის:

  • სანიტარიულ კვანძში დაცული უნდა იყოს სისუფთავე, რისთვისაც წინასწარ უნდა განისაზღროს საპირფარეშოების დასუფთავების წესი, პერიოდულობა, დასუფთავებისთვის განკუთვნილი ინვენტარისა და გამოყენებული ჰიგიენური საშუალებების ნუსხა;
  • სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება მხოლოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები;
  • კერამიკული ფილებით მოპირკეთებული კედლების, უნიტაზების, ხელსაბანი ნიჟარების წმენდა და დეზინფიცირება ხორციელდება დაბიძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ;
  • საწმენდი და  სადეზინფექციო  ინვენტარი  გამოყენების  შემდეგ  უნდა  გაირეცხოს  და  გაშრეს;
  • დალაგების დროს გამოყენებული  უნდა  იქნეს  ინდივიდუალური  დამცავი  საშუალებები:   ხელთათმანები,  სახის ფარი,  წყალგაუმტარი  წინსაფარი (რომელიც ყოველი გამოყენების შემდეგ ექვემდებარება რეცხვასა და დეზინფიცირებას), ან ერთჯერადი წყალგაუმტარი ხალათი;
  • დასუფთავების დროს  თავიდან  უნდა  იქნეს  აცილებული  შხეფებისა  და  აეროზოლების  წარმოქმნა;
  • დასუფთავების პროცედურების  ჩატარების  დასრულებისთანავე,  ხელთათმანების  გახდის  შემდეგ,  აუცილებელია  ხელების  დაბანა;
  • სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი დაწესებულების ბენეფიციარებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას.

თეთრეულის ჰიგიენური რეჟიმის დაცვის წესი:

  • თეთრეული გამოიცვალოს საჭიროების  მიხედვით;
  • ნახმარი თეთრეულის  შეგროვება   მოხდეს  სპეციალურად  ამ  მიზნისთვის  განკუთვნილ  ტომარაში  ან  სხვა  თავდახურულ  მოცულობაში;
  • კატეგორიულად იკრძალება  გამონაცვალი  თეთრეულის  იატაკზე  მოგროვება,  დაბერტყვა,  შეფუთვის  გარეშე  ტრანსპორტირება;
  • თეთრეულის (ასევე, პირსახოცების) რეცხვა განხორციელდეს  დაწესებულების  სამრეცხაოში  ან სპეციალურ  სამრეცხაოებში  ხელშეკრულების  საფუძველზე (ამ  უკანასკნელის  შემთხვევაში,  აუცილებელია  თეთრეულის  რეცხვის  მთელი  ციკლისათვის  (მიღება,  დახარისხება,  რეცხვა,  გაშრობა,  გაუთოვება,  დასაწყობება,  შენახვა  და  გაცემა)  დამოუკიდებელი  ტექნოლოგიური  ხაზის  არსებობა);
  • უკიდურეს შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება თეთრეულის რეცხვა დაწესებულების ან სპეციალურ სამრეცხაოში (ხელშეკრულების საფუძველზე), შესაძლებელია თეთრეულის რეცხვა ინდივიდუალურად, სახლში, მშობლის მიერ;
  • თუ თეთრეულის მართვისთვის გამოიყენება მშობლის მიერ სახლში თეთრეულის რეცხვა, დაცული უნდა იქნეს რეცხვა/დეზინფექციის შემდეგი ეტაპები მოცემული თანმიმდევრობით:
  • თეთრეულის შეკრება ინდივიდუალურად, კონკრეტული ბავშვის თეთრეულის მოთავსება ერთ პოლიეთილენის პარკში, რომლის დალუქვაც შესაძლებელია;
  • დალუქული პარკის მშობლისთვის გადაცემა დაწესებულების შესასვლელთან სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლის მიერ (მშობელს თეთრეულის გადაცემისას უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ თეთრეულის რეცხვა-დეზინფექცია მოახდინოს სხვა სარეცხისგან დამოუკიდებლად რეცხვის  შესაბამისი  პროგრამის გამოყენებით, არანაკლებ 600C ტემპერატურისა და სათანადო სარეცხი ფხვნილის კომბინაციით. აღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, რეცხვა უნდა განხორციელდეს შესაბამისი  სადეზინფექციო  საშუალებებით  (მაგ., 0,5 %-იანი ქლორშემცველი ხსნარი));
  • თეთრეულის რეცხვა/დეზინფექცია და დაუთოვება მშობლის მიერ;
  • გარეცხილი და დაუთოებული თეთრეულის შეფუთვა პოლიეთილენის ერთჯერად პარკში და დალუქვა;
  • სუფთა თეთრეულის გადაცემა დაწესებულების შესასვლელთან მშობლის მიერ სათანადოდ აღჭურვილი თანამშრომლისთვის.
  • თუ თეთრეულის მართვისთვის გამოიყენება გარე მომსახურება, რეცხვა/დეზინფექციისთვის დაცული უნდა იქნეს შემდეგი ეტაპები მოცემული თანმიმდევრობით:
  • თეთრეულის შეკრება;
  • ტრანსპორტირება;
  • რეცხვა და  დეზინფექცია;
  • დაუთოება;
  • შეფუთვა;
  • სუფთა თეთრეულის შენახვა;
  • სამრეცხაოში თეთრეულის  დასამუშავებლად  უზრუნველყავით  ტექნოლოგიური  პროცესების  ნაკადურობა,  რათა  გამოირიცხოს  ჭუჭყიანი  და  სუფთა  თეთრეულის  ნაკადების  გადაკვეთა (თუ  დაწესებულებაში  ვერ  ხერხდება  ჭუჭყიანი  და  სუფთა  თეთრეულის  მოძრაობის  ნაკადების  სრული  გამიჯვნა,  მაშინ  შესაძლებელია   მისი შეფუთვა გასაცემად);
  • დაბინძურების ხარისხისა  და  თეთრეულის  ტიპის  მიხედვით  შეირჩეს  რეცხვის  შესაბამისი  პროგრამა.  COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია, გამოყენებულ იქნეს რეცხვის არანაკლებ 600C ტემპერატურა და სათანადო სარეცხი ფხვნილის კომბინაცია. აღნიშნული ტემპერატურული რეჟიმის უზრუნველყოფის შეუძლებლობის შემთხვევაში, რეცხვა წარმოებს  შესაბამისი  სადეზინფექციო  საშუალებებით  (მაგ., 0,5 %-იანი ქლორშემცველი ხსნარი) დეკონტამინაციის შემდეგ.

დასაქმებულთა/მესამე პირთა ვალდებულებები:

ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას.

შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები:

  • დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე;
  • სამუშაო პროცესი განახორციელეთ დამსაქმებლის/შრომის უსაფრთხოების მენეჯერის მიერ განსაზღვრული  საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად;
  • მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა);
  • მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით შესაბამისი რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვის (არანაკლებ 2 მ) შესახებ;
  • სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი;
  • სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას;
  • გამოიყენეთ არანაკლებ 70%-იანი ალკოჰოლის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი;
  • დახველების და  დაცემინების  დროს  მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში;
  • მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას;
  • მუშაობის პერიოდში უზრუნველყავით თმის შეკვრა/მჭიდროდ დამაგრება, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმების სახის ზედაპირთან შეხება.

[/toggle]

სად არის კოვიდის ვაქცინა? – მთავრობის განმარტება

დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში მარტში შემოვა.

გამყრელიძის თქმით, იმის გამო, რომ  ვაქცინის გარკვეული დოზა ზოგიერთ ქვეყანას შენახვის პირობების არასათანადოდ დაცვის გამო გაუფუჭდა, რამდენიმე დღის წინ „ფაიზერმა“ ახალი პირობები წაუყენა საქართველოსა და იმ ქვეყნებს, სადაც ვაქცინა „კოვაქს პლატფორმის“ საშუალებით უნდა შესულიყო.

„ჯერ იყო იანვარში წამოყენებული სამი მთავარი პირობა, რომელიც დააკმაყოფილა საქართველომ. 4-5 დღის წინ მოვიდა კიდევ ახალი პირობები, რომლებზეც ახლა მიმდინარეობს მუშაობა,” – განაცხადა გამყრელიძემ.

იმავე ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ თქვა, რომ სავარაუდოდ, კვირის ბოლოს იქნება ცნობილი ზუსტი თარიღი, თუ როდის მიიღებს საქართველო ვაქცინის დაპირებულ ოდენობას.

„ამ კვირაში ჩვენ მივიღეთ დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის მიღებასთან დაკავშირებით. კვირის ბოლომდე შედგება კიდევ ერთი კონსულტაცია „კოვაქსის“, „ფაიზერის“ და საქართველოს მხარეებს შორის, სადაც ყველა ეს დეტალი დაზუსტდება და ზუსტად გვეცოდინება, როდის მივიღებთ დაპირებულ 29 250 დოზას, რაც „კოვაქსის“ პლატფორმის მეშვეობით უნდა მიიღოს საქართველომ 2021 წლის პირველ კვარტალში,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამირან გამყრელიძემ საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ „ფაიზერსა“ და „მოდერნას“ უჭირთ ევროკავშირის დაკვეთის შესრულება და დეფიციტი ამითაც არის გამოწვეული. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინის მიღებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს „ასტრაზენეკასთანაც“:

„ჩვენ გაცხადებული გვქონდა და იყო დასტური ისეთი ძლიერი ორგანიზაციების მხრიდან, როგორიცაა ჯანმო და „კოვაქს პლატფორმა“, რომ საქართველოს თებერვლის მეორე ნახევარში და შემდეგ გადაიტანეს ბოლო კვირაში, უნდა მიეღო ფაიზერის პირველი დოზები.

სამწუხაროდ, დიდი დეფიციტია ევროკავშირში. ევროკავშირის დაკვეთები ვერ შეასრულეს „ფაიზერმა“ და „მოდერნამ“, როცა ევროკავშირს საკმაოდ დიდი თანხა აქვს წინასწარ ჩადებული ამ ვაქცინების შეძენაში. დღეს ევროკავშირი აცრის მაჩვენებლით ბევრად ჩამორჩება შეერთებულ შტატებს და ბრიტანეთს. სულ 17 მილიონამდე ადამიანი ჰყავს აცრილი ევროკავშირს, ორი დოზით აცრის მაჩვენებელი კი 2.1% – ია.

„ფაიზერი“ არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი დღეს და მას უნდა, რომ ევროკავშირთან შეასრულოს თავისი ვალდებულებები, ამიტომაც პრობლემა შეიქმნა იმ 18 ქვეყნის მომარაგებაში, რომლებიც „კოვაქსის“ პროგრამიდან უნდა მომარაგებულიყვნენ. ჩვენ შევდიოდით იმ 18 ქვეყანაში,  მათ შორის 4 იყო ევროპული ქვეყანა და გადაიწია ამ პროცესმა მარტის ბოლოსკენ.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ მეორე არხებით, რაზეც ვმუშაობთ „ასტრაზენეკას“ მიღებაზე ორ მწარმოებელთან, რომლებიც გახლავთ ინდოეთის სერუმ ინსტიტუტი და კორეის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელი, რამდენიმე ასეული ათასი დოზა წესით და რიგით, თუ არ დაგვაღალატეს, უნდა მივიღოთ მარტში, იმიტომ, რომ კონტრაქტები უკვე გაფორმებულია,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/521986/?fbclid=IwAR3klM4Z69lFmkQf1iobks8QeF2PqvtEl1cARZv2LHyUGFz13pZwjuF58ZQ

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები შაბათ-კვირასაც იმოძრავებენ. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განახლებაზე გადაწყვეტილება დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე მოძრაობენ, მიკროავტობუსები კი – საღამოს 8 საათამდე, ვინაიდან ძალაში რჩება კომენდანტის საათი [გადაადგილების აკრძალვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე].

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან განახლდება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც [მთავრობის ინფორმაციით შაბათ-კვირისჩათვლითაც], მათ შორის სარკინიგზო მიმოსვლაც.

ამავე თემაზე:

1-ლი თებერვლიდან აღდგება ტრანსპორტისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

სისასტიკით ცნობილი ლავრენტი ბერია შფოთავს. პატარა სერგო ავადაა. ექიმები ვერაფერს შველიან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება.

კონსილიუმი დახურულ კარს მიღმა ბჭობს, რით უშველონ ბერიას შვილს.

  • ვერ დაგვიჭერენ. ჩვენ მათ ვჭირდებით

კარი უცერემონიოდ იღება. მრგვალსათვალიანი კაცი შემოდის და ადგილს პროფესორების გვერდით იკავებს. დუმს ყველა. სიჩუმეს კონსილიუმის წევრი ერთადერთი ქალი არღვევს.

,,ექიმებს გვაქვს უფლება შემოვიდეთ და დავსხდეთ, როცა თქვენ აწყობთ შეხვედრებს დახურულ კარს მიღმა?“

ბერია დგება, კარს იჯახუნებს და უხმოდ ტოვებს ოთახს.

„ეს რა ქენით, მარიამ ქრისტეფორევნა?! ყველას დაგვაპატიმრებს…“ –  შფოთავენ პროფესორები.

„ვერ დაგვიჭერენ. ჩვენ მათ ვჭირდებით“ – მშვიდად პასუხობს მათ მანიკო. ოფიციალურ წრეებში მარიამ უგრელიძის სახელით ცნობილი პირველი ქართველი პროფესორი ქალი – მეცნიერული და კლინიკური პედიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

ეს ამბავი შვილიშვილს, მაია ჩაჩავას, ბებიამ, მარიამ უგრელიძემ უამბო – ჩუმად და ღამით. ხმამაღლა ასეთი ამბების მოყოლა მაშინ ძალიან სახიფათო იყო. ბებია-შვილიშვილს დიდხანს ერთ ოთახში ეძინა. მაია ჩაჩავა იხსენებს, რომ ბებია – მანიკო უამრავ რამეს უყვებოდა ძილის წინ.

მარიამ უგრელიძე/ფოტო: nplg.gov.ge
  • მატარებლის ბავშვები

სერგოს სიცოცხლე იმ ჯერზე პროფესორთა კონსილიუმის მიერ შემუშავებულმა მკურნალობის გეგმამ იხსნა. პატარა სერგოსგან განსხვავებით ვერაფერმა იხსნა უგზო-უკვლო გადასახლებებისგან სხვა პატარები, რომლებსაც ,,ხალხის მტრების შვილების“ სახელით უშვებდნენ საქართველოდან რუსეთის მიკარგულ ადგილებში – საერთო ვაგონით.

ერთ-ერთი ასეთი ვაგონი მანიკო უგრელიძემ თბილისიდან რუსეთში გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაახსნევინა. საბჭოთა რეჟიმი მოატყუა და მერე ამაზე მთელი ცხოვრება დუმდა. სხვანაირად არ შეიძლებოდა. დახვრეტდნენ.

მარიამ უგრელიძე პაციენტ ბავშვებთან ერთად, თბილისის მესამე საავადმყოფოს ფტიზიატრიულ განყოფილებაში/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფონდი ,,ივერიელი”

,,მატარებლის ბავშვები“ – დაახლოებით 6 წლის იყო მარიამ უგრელიძის შვილიშვილი, მაია ჩაჩავა, როცა ამ სიტყვებს მოჰკრა ყური: მას და დედამისს, ნუცა უგრელიძეს, ერთხელ ქუჩაში ქალი შეხვდათ, ქალი მაიას დედას გადაეხვია, ემოციურად საუბრობდა, მერე დაუჩოქა. ნუცამ ქალი წამოაყენა და ერთმანეთს გამოემშვიდობნენ.

იმ დღეს სახლში მისულმა ნუცა უგრელიძემ თქვა, რომ ქუჩაში ,,მატარებლის ბავშვი“ შეხვდა. მაიამ ეს სიტყვები დაიმახსოვრა და 17, 18 წლისამ სთხოვა დედას, აეხსნა მისთვის, რას ნიშნავდა ,,მატარებლის ბავშვი“. ახლა უკვე 70 წელს გადაცილებული მაია ჩაჩავა დედის მონათხრობს იხსენებს ბებიაზე:

37 ან 38 წელი იდგა. ტელეფონი მაშინ ძალიან ცოტას თუ ჰქონდა თბილისში, მანიკოს ჰქონდა – გადაუდებელი დახმარებისთვის ურეკავდნენ ხშირად.

ერთ დღეს ტელეფონის ზარი გაისმა. თბილისის რკინიგზის სადგურიდან ვინმე ვანიჩკა ჩოხელი რეკავდა. მარიამს უთხრეს, რომ ბავშვებით დატვირთულ ვაგონს უშვებდნენ ღამით რუსეთში, რომ ეს ბავშვები ,,უპატრონოთა სახლის ბავშვები იყვნენ“. ვაგონის დაძვრამდე პედიატრს უნდა აღეწერა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

იქ მისულს 36, 37 წლებში დაპატიმრებული და დახვრეტილი მშობლების შვილები დახვდნენ. „ერის მოღალატეების“ შთამომავლები საბჭოთა სისტემას სამუდამოდ უნდა მოეშორებინა. მარიამ უგრელიძემ ოფიციალურ დოკუმენტში ჩაწერა, რომ ბავშვები დიზინტერიით იყვნენ ავად. დაარწმუნა ყველა, რომ ბავშვები ეპიდემიის გავრცელების საშიშროებას შექმნიდნენ ყველგან, სადაც ჩაიყვანდნენ.

„ვაგონი უნდა ჩაიხსნას“ – ეს იყო პედიატრის საბოლოო სიტყვა. ასეთი ვაგონის ასე ჩახსნა იმ დროს თითქმის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მარიამის სიტყვამ გაჭრა. იმ ღამით თბილისის რკინიგზის სადგური მატარებელმა ბავშვებით სავსე ვაგონის გარეშე დატოვა. ნათესავებს აცნობეს, რომ შეეძლოთ სადგურში მოსულიყვნენ და შინ წაეყვანათ ,,მოღალატეების შვილები“.

  • კოშკებიანი სახლი ვერის ბაღთან

პაციენტებთან ურთიერთობა ბებიასთვის ნიშნავდა მუდმივ სატელეფონო საუბრებს, ბავშვების მდგომარეობის მოკითხვას მკურნალობის დასრულების შემდეგაც. მაშინ თბილისი პატარა ქალაქი იყო და ლოგიკურია, რომ სწორედ ეს ხალხი იყო ძირითადად ჩვენთან მიმსვლელ-მომსვლელი.

ბებია მართავდა საახალწლო წვეულებებს და ყოფილ პაციენტებს მასპინძლობდა ახლანდელი კოსტავას, მაშინდელი ლენინის ქუჩის №33-ში, სადაც მაშინ ვცხოვრობდით. ასე მეგობრობდნენ ოჯახებით.

მარჯვნიდან მეორე, ორსართულიან, კოშკებიან სახლში მარიამ უგრელიძე ცხოვრობდა/ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

ჩვენი სახლი ფილარმონიის პირდაპირ – ვერის ბაღის მხარეს იდგა. ორსართულიანი, ულამაზესი კოშკებიანი სახლი იყო. ორმოცი წლის წინ დაანგრიეს. ამ სახლის დანგრევით დაიწყო თბილისის რეკონსტრუქცია. მიწისქვეშა გადასასვლელის ნაწილად სწორედ ჩვენი სახლის სარდაფი გამოიყენეს.

ბავშვები რომ იზრდებოდნენ და სტუდენტები ხდებოდნენ, მერეც კი მოდიოდნენ მათი მშობლები შვილების ანალიზებით მანიკოსთან. შინ გვაქვს შენახული უამრავი მადლობის წერილი ბებიას ნამკურნალევი ბავშვების მშობლებისგან გამოგზავნილი“, – გვიყვება მარიამ უგრელიძის შვილიშვილი.

  • პეტერბურგი, მონპელიე, ლოზანა და თბილისი

1905 წლის იანვრის რევოლუციის დროს მარიამ უგრელიძე პეტერბურგის ქუჩებში დაჭრილ მუშებს უწევდა დახმარებას. ამ დროს ის პეტერბურგის ქალთა უმაღლეს სამედიცინო კურსებზე სწავლობდა.  1906 წელს დააპატიმრეს, რევოლუციურ მოძრაობაში ჩაბმა და სამხედრო ნაწილებში პროკლამაციების გავრცელება ედებოდა ბრალად. 2 წელი გაატარა ციხეში, შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. სწავლობდა მონპელიეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შვეიცარიაში დაამთავრა ლოზანას უნივერსიტეტი და 1918 წელს 33 წლის მარიამ უგრელიძე სამშობლოში დაბრუნდა.

ჯერ სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობს, მერე – ქალაქის პირველი საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში. 1921 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედიატრიის კათედრას აარსებს პროფესორი სიმონ გოგიტიძე, ძირითად საქმიანობას კათედრაზე მარიამ უგრელიძე ასრულებს.

1930 წელს მარიამს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიანიჭეს და სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის გამგე გახდა.

მარიამ უგრელიძე პაციენტის შემოწმებისას/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ეწევა ინტენსიურ საექიმო, პედაგოგიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ბავშვთა ჯანდაცვის მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს სამოცდაათზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, რომელთა უმრავლესობაც თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და გამოყენებულია საერთაშორისო კონსილიუმებსა და კონფერენციებზე.

მარიამ უგრელიძის სამეცნიერო შრომები ეხება ბავშვთა ფიზიოლოგიის, პათოლოგიის, თერაპიისა და ჰიგიენის მნიშვნელოვან პრობლემებს. ბევრს მუშაობდა მედიცინის ისტორიის საკითხებზეც საქართველოში.

უნიკალურია მისი შრომები ბავშვის ფიზიკური განვითარების, კვების, რაქიტის, დისტროფიის, რევმატიზმის, ტუბერკულოზისა და აეროთერაპიის შესახებ.

სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოებას, რომელიც 1929 წელს თავად ჩამოაყალიბა.

მარიამ უგრელიძე არასდროს დაქორწინებულა და ბიოლოგიური შვილი ჰყოლია. მარიამმა და მისმა დამ, მელანიამ  ძმისშვილი, ნუცა უგრელიძე გაზარდეს შვილივით. ხელოვნებათმცოდნე მაია ჩაჩავა, რომელიც ბებიის მიმოწერებს, ფოტოებს და არქივს ინახავს, სწორედ ნუცას შვილია.

მარიამ უგრელიძე 75 წლისა გარდაიცვალა 1960 წლის გაზაფხულზე. დაკრძალეს მშობლიურ სოფელ დიღომში, მოგვიანებით კი მისი ნეშტი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადასვენეს.

ხვალიდან სარკინიგზო მიმოსვლაც განახლდება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარმოადგინა. გეგმის მიხედვით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან ამოქმედდება.

საქართველოს მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე ,,ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ 25 თებერვლიდან განახლდება სარკინიგზო მიმოსვლაც საქართველოს ქალაქებს შორის.

რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი ჯერ ვერ გვითხრეს, ზუსტად როდის შეძლებენ მგზავრები მატარებლით გადაადგილებას.


შეზღუდვების მოხსნის გრაფიკი [სრულად]

გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებელი შემცირებულია, უნდა ავწიოთ 95%-მდე

დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს.

„ჩვენ ვთანამშრომლობთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტთან, რომელიც ითვლის ჩვენთან პირბადის ტარების მაჩვენებელს. ეს მაჩვენებელი გაზრდილი იყო 72%-მდე, ბოლო მონაცემებით, ბოლო კვირაში გვაქვს კლება – 62%.

ეს ნიშანია იმისა, რომ რადგანაც მიდის სტაბილიზირება ეპიდსიტუაციის, ჩვენ კვლავ ვქმნით ილუზიას ქვეყანაში, რომ ჩვენ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა და, 300-400 შემთხვევა ყოველდღიურად არ არის ცოტა საქართველოსთვის.

ამიტომ კიდევ ერთი თხოვნა მაქვს მოსახლეობასთან, რომ მთავარი პრევენციული ღონისძიება – პირბადის ტარება კი არ შევამციროთ, არამედ პირიქით, ავწიოთ 95%-მდე. ეს უფრო ადვილად გადაგვატანინებს მომავალ ორ თვეში ყველა იმ შემსუბუქებას, რაც დღეს გამოცხადდა.

ჩვენი მთავარი მიზანია მარტსა და აპრილში პულსზე კარგად გვეჭიროს ხელი და  ეპიდსიტუაცია ქვეყანაში შევინარჩუნოთ დაახლოებით იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც დღეს მივდივართ.

სითბოსთან, ზაფხულის დადგომასთან და რა თქმა უნდა, ვაქცინაციასთან ერთად, უფრო ადვილად გავუმკლავდებით ეპიდსიტუაციის შემდგომ გაუარესებას,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Exit mobile version