მთავარი,სიახლეები

განაცხადების მიღება უკვე დაიწყო – ვის შეხვდება დაფინანსება სოფლის მეურნეობაში

25.02.2021 • 4909
განაცხადების მიღება უკვე დაიწყო – ვის შეხვდება დაფინანსება სოფლის მეურნეობაში

„ნებისმიერ ფერმერს აქვს თავისუფალი არჩევანი, რის შეძენა სურს. შესაძლოა, მომზადდეს ინოვაციური პროექტებიც… მთავარია, ეს იყოს საოჯახო მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებული და არსებობდეს დასაბუთება, რაში დაიხარჯება ფული,“ – ამბობს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, გიორგი სურმანიძე. ამ სამინისტრომ ფერმერებისგან და ფერმერული გაერთიანებებისგან განაცხადების მიღება დაფინანსების გასაცემად უკვე დაიწყო.

„საოჯახო მეურნეობის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში ფერმერს 500-დან 40 ათას ლარამდე დაფინანსების მიღება შეუძლია. პროექტის 20 პროცენტი თავად ფერმერმა უნდა დაფაროს. სავალდებულო მოთხოვნაა ის, რომ ფერმერს სოფლად მინიმუმ 1000 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი უნდა ჰქონდეს. ამ პროგრამისთვის წელს აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1 მილიონამდე ლარის დახარჯვას აპირებს. განაცხადების მიღება მარტის ბოლომდე გაგრძელდება.

წინა წლებისგან განსხვავებით სიახლე ისაა, რომ ამ შემთხვევაში ფერმერი თავად ირჩევს, რა კუთხით სურს დაფინანსების მიღება. როგორც მინისტრი გიორგი სურმანიძე „ბათუმელებთან“ განმარტავს, ფერმერების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ტენდერი აღარ გამოცხადდება.

„ფერმერმა თავად უნდა შეარჩიოს სასათბურე მეურნეობა იქნება ეს თუ სანერგე მეურნეობა, ან კომპანია, სადაც სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, ან ხელსაწყოს შეძენა სურს. ამ ინვოისის დართვა განაცხადზე სავალდებულოა… თითოეულ მუნიციპალიტეტში მუშაობს უკვე თითო წარმომადგენელი, რომელიც ფერმერებს განაცხადების შევსებაში დაეხმარება. იქვე ნახავენ ფერმერები ჩამონათვალს, მაგალითად, სასათბურე ან სანერგე მეურნეობების და შეუძლია იქედან შეარჩიოს რომელიმე ან თავად შეარჩიოს სხვა კომპანია, რომელიც მისთვის სასურველია,“ – აღნიშნა გიორგი სურმანიძემ.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი, მაგალითად, ფერმერის მიერ შერჩეული, სასურველი მოცვის ნერგი ძვირადღირებულია? – მინისტრმა განმარტა, რომ გარკვეულ შემთხვევებში და, მათ შორის, მოცვზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს განსაზღვრული აქვს ფასი, რაც ბაზრის მოკვლევის შედეგად დადგინდა.

„დადგენილია, რომ მოცვის ნერგი ღირს 7 ლარი. ფერმერს შეუძლია შეარჩიოს ისეთი სანერგე მეურნეობა, სადაც მოცვის ნერგი ძვირია, მაგრამ ჩვენ დავაფინანსებთ ამ 7 ლარის 80 პროცენტს. ასევე, მაგალითად, მოტობლოკის ფასად დადგენილია სრული აღჭურვილობა 1600 ლარი. ფერმერს შეუძლია შეიძინოს მოტობლოკი, რომელიც 2 ათასი ლარი ღირს, მაგრამ ჩვენ დავფარავთ 1600 ლარის 80 პროცენტს,“ – განმარტა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა გიორგი სურმანიძემ.

მიიღებს თუ ვერა ფერმერი დაფინანსებას, თუკი ის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას სხვა ქვეყანაში შეიძენს?

„ამ შემთხვევაში უნდა გამოიწეროს, ჩამოიტანოს და შემდეგ შესაძლოა მოხდეს თანადაფინანსება, ან აქ უნდა შეარჩიოს ტექნიკა რომელიმე მაღაზიაში,“ – დასძინა გიორგი სურმანიძემ.

რაც შეეხება პროცედურას – განაცხადების შევსების შემდეგ, სავარაუდოდ, აპრილში, კომისია განაცხადებს შეისწავლის და თუკი ფერმერი დადგენილ წესებს აკმაყოფილებს, მას კომისიის წევრები გაესაუბრებიან.

„განაცხადში უნდა იყოს მითითებული, სად ცხოვრობს ფერმერი, სად აქვს მიწის ნაკვეთი, რის შეძენა სურს და რატომ. ასევე საჭიროა რეესტრის ამონაწერი და ინვოისი იმ პროექტის, რის შეძენაც ფერმერს სურს… ამის შემდეგ შედგება გასაუბრება. ფერმერს მოუწევს იმის ახსნა, როგორ აპირებს რამდენად წაადგება, მაგალითად, მოტობლოკი მის საოჯახო მეურნეობას, ეს რას შეცვლის, როგორია იდეის სიცოცხლისუნარიანობა,“ – გვითხრა გიორგი სურმანიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს ისიც ვკითხეთ, თუ ვის მიანიჭებენ უპირატესობას, თუკი განაცხადი ბევრია, ხოლო ბიუჯეტში საკმარისი თანხა აღარ რჩება.

„უპირატესობა მიენიჭება ბიოპროდუქციის წარმოებას, ასევე, მაგალითად, რამდენად აქვს ნაფიქრი ფერმერს გასაღების ბაზარზე, ამაზე იმსჯელებს კომისია,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი სურმანიძემ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 900-ზე მეტმა ფერმერმა უკვე გამოხატა პროგრამის მიმართ ინტერესი.

გიორგი სურმანიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: