მთავარი,სიახლეები

მეამბოხე ბიზნესმენი, რომლის ოფისიც პოლიციამ ჯერ დალუქა, შემდეგ კი ყვავილებს ურწყავდა

25.02.2021 • 3068
მეამბოხე ბიზნესმენი, რომლის ოფისიც პოლიციამ ჯერ დალუქა, შემდეგ კი ყვავილებს ურწყავდა

„როდესაც შენობაში პოლიცია შემოვიდა, ფიტნესკლუბში ვიყავი. გამაფრთხილეს, მოდიან ქვემოდანო. ძალიან მოკლე დროში ფიტნესკლუბის შემოსასვლელში განლაგდა რამდენიმე ათეული პოლიციელი, ქუჩაც სულ პოლიციის მანქანებით იყო სავსე, სადღაც 30 მანქანა მოვიდა. უშუალოდ დარბაზში დაახლოებით 50 პოლიციელი ამოვიდა. ჩაატარეს სპეცოპერაცია, დალუქეს ტრენაჟორები. დაახლოებით 3-4 საათი გაგრძელდა ეს ამბავი.

როცა დასრულდა ეს ყველაფერი, ფიტნესკლუბის შესასვლელებთან [მეორე სართულზე] განათავსეს ორ-ორი პოლიციელი. დანარჩენი პირველ სართულზე მისაღებში ისხდნენ. 24 საათი ყარაულობდნენ კარებს, რომ ეკონტროლებინათ ვინ შემოდიოდა და ვინ გადიოდა. ეზოში იდგა ერთი ეკიპაჟი და ასევე გარეთ, ქუჩაში ერთი ეკიპაჟი. დაახლოებით 15 კაცი იყო გამოყოფილი ამ ობიექტის დასაცავად.

პირველ დღეებში, დაახლოებით 3-4 დღე იყვნენ ჩინოსანი პოლიციელები – კაპიტნები, უფროსი ლეიტენატები. ასეთი ჩინის ადამიანები ისხდნენ აქ სამი-ოთხი დღის განმავლობაში. მერე უკვე ჩაანაცვლეს დაცვის პოლიციით. დაახლოებით ორი თვე და 10 დღე იცავდა სახელმწიფო ცარიელ სპორტდარბაზს. ერთი კვირის წინ მოხსნეს დაცვა. ახლა აღარ ხედავენ, როგორც ჩანს, საფრთხეს, რომ მე ლუქს მოვხსნი და სისხლის სამართლის დანაშაულს ჩავიდენ,“ – ბიზნესმენი გიორგი ფუტკარაძე თავის ისტორიას „ბათუმელებს“ უყვება რუბრიკისთვის „ადამიანები პანდემიის დროს“.

გიორგი ფუტკარაძე, მისი თანამშრომლები და პოლიციელები დალუქული ფიტნესკლუბის წინ

ცხოვრება პანდემიამდე

დამწყები ბიზნესმენი ვარ. მაქვს სასტუმრო და ფიტნესკლუბი, რომლის გახსნაზეც ორი წელი ვმუშაობდი. პანდემიით გამოწვეული პრობლემებიდან გამომდინარე ახლა ორივე ბიზნესი გაჩერებულია.

პანდემიამდე ჩვეულებრივი ცხოვრებით ვცხოვრობდი. ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილას, ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ ჩემი საქმით დავკავებულიყავი და ჩემი ერთ-ერთი ჰობი, ვარჯიში, ბიზნესად მექცია.

მამაჩემს ჰქონდა საკუთრებაში ფართობი, სადაც შეიძლებოდა სპორტდარბაზის გაკეთება. დავიწყე ბიზნესგეგმაზე მუშაობა. მივედი ბანკში სტარტაპისთვის სესხის ასაღებად. ბანკში მითხრეს ფიტნესკლუბებისთვის არ გვაქვს დაფინანსება სტარტაპებზე, მაგრამ გვაქვს სასტუმროებზეო. წამოვედი, გადავაკეთე ეს ჩემი ბიზნესგეგმა სასტუმროზე და ისევ მივედი ბანკთან. ბანკმა დამიმტკიცა სესხი. მერიიდან მომთხოვეს ნებართვა, რადგან შენობის რეკონსტრუქცია მინდოდა. დავიწყე ნებართვაზე მუშაობა, არქიტექტურული პროექტი წარვადგინე, ამ ბიუროკრატიულ პროცესებში გაიწელა დრო.

მერიის ნებართვა რომ წარვადგინე ბანკში, მეორე დღეს სესხი უნდა ამეღო, ბანკიდან დამიკავშირდნენ ყადაღა ადევს თქვენს ქონებასო. აღმოჩნდა, რომ გვიჩივლა მეზობელმა – ეს ქონება ჩემიაო. მერე იყო სასამართლო, რომელიც მოვიგეთ. საბოლოოდ ავიღე სესხი, გადავაკეთე შენობა და 2019 წლის ნოემბერში გავხსენი სასტუმრო. ერთი-ორი თვე ვიმუშავე და იანვარში დაიწყო უკვე ეს მსოფლიო ისტერია – კორონავირუსის პანდემია.

დასაწყისში მთავრობა გვამშვიდებდა. ხალხი პირბადეებს და ხელის ხსნარებს იმარაგებდა, რიგები იდგა აფთიაქებთან. ადაპტაცია დავიწყეთ ბიზნესებმაც, მოვიმარაგეთ ყველაფერი, მაგრამ მარტის 15 რიცხვში მე თვითონ გავუშვი თანამშრომლები დროებით სახლში. მათაც ვატყობდი, რომ დაძაბულები იყვნენ.

ყველა ჯავშანი გავაუქმე, რაც იყო მარტში და თანამშრომლებს ვუთხარი – მოდი, შევხედოთ, როგორი სიტუაცია იქნება და მალევე აღვადგინოთ. მაგრამ მერე ყველაფერი ჩაიკეტა და სასტუმროს ფუნქციონირებაც დროებით შეჩერდა. იჯარით მქონდა ფართობი გაცემული, ამ ადამიანებსაც აეკრძალათ მუშაობა. იქიდანაც აღარ მქონდა შემოსავალი.

პარალელურად ფიტნესკლუბის სარემონტო სამუშაოები მქონდა დაწყებული. სესხი მქონდა აღებული და ამ სესხზე კიდევ დამატებით პირადი ვალი ავიღე, რომ როგორმე ფიტნესკლუბი დამესრულებინა. 2020 წლის 21 სექტემბერს გავხსენით ფიტნესკლუბი. ორი თვის დაწყებული მქონდა მუშაობა, როცა გვითხრეს, რომ 28 ნოემბრიდან უნდა შეგვეწყვიტა ეკონომიკური საქმიანობა. გადავწყვიტე, რომ არ დავმორჩილებოდი და მუშაობა გამეგრძელებინა.

გიორგი ფუტკარაძე

ამბოხი

პრინციპში, ეს არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება. ფაქტობრივად, თვითმკვლელობაზე გვიშვებდნენ და მე ამაზე დამორჩილებას არ ვაპირებდი.

პირადად ჩემი რწმენა და შეხედულება ასეთია – თავისუფალ ადამიანს უფრო მეტი კეთილდღეობის შექმნა შეუძლია, ვიდრე დამონებულს, ვიღაცის ბრძანებების შემსრულებელს. ჩვენ, ადამიანები, როდესაც ზრდასრულები ვხდებით, ჩვენს თავზე, ჩვენს ნაბიჯებზე, ჩვენს ცხოვრებაზე თავად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა.

პანდემიის დაწყებისთანავე, როგორც კი შეზღუდვები დაიწყო, მე თავიდანვე ვაპროტესტებდი ყველაფერს და მაშინ ძალიან ცოტა ადამიანი იყო ჩემს აზრზე. ძალიან რთული იყო ადამიანების დარწმუნება იმაში, რომ ნებისმიერი მოტივით ადამიანებისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, თავისუფალი საქმიანობის შეზღუდვა და ა.შ. არის უსამართლობა, როგორი კეთილშობილური მიზანიც არ უნდა ჰქონდეს ამას. თუ ეს ადამიანი სხვას არაფერს უშავებს, არის აბსურდი. თუმცა ისინი, ვინც შეზღუდვებს ვაპროტესტებდით, ძალიან ცოტანი ვიყავით იმისათვის, რომ რაიმე გავლენა მოგვეხდინა.

როდესაც მივხვდი, რომ მარტო ლაპარაკი არაფერს შველოდა, გადავწყვიტე მეჩვენებინა საკუთარ მაგალითზე, თუ რა აბსურდთან გვიწევდა შეხება. საჯაროდ განვაცხადე ერთი კვირით ადრე, როცა ამაზე ლაპარაკი დაიწყეს, რომ არ ვაპირებდი გაჩერებას.

ყველანაირ წესს ვიცავდით, როდესაც ფიტნესკლუბი გავხსენით, მაშინ ვირუსი უკვე არსებობდა. ყველანაირი სადეზინფექციო საშუალება გვქონდა, რომ წესები დაგვეცვა. მუდმივად ხდებოდა იატაკის და ტრენაჟორების დეზინფექცია.

ვარჯიშის დროს თავად დისტანცირდებიან ადამიანები. გაოფლილ ადამიანს ნამდვილად არ სიამოვნებს ვინმესთან ჩახუტება, პირიქით, დისტანცირდება. 28 ნოემბერს უნდა შეგვეწყვიტა საქმიანობა. არ  გავჩერდით, მოვიდნენ და დაგვაჯარიმეს. 29 ნოემბერს ისევ გავაგრძელეთ მუშაობა და საღამოს უკვე სპეცოპერაცია მოგვიწყვეს. მთელი აჭარის პოლიციის დეპარტამენტი ჩვენთან იყო  მობილიზებული. მერე დალუქეს ტრენაჟორები, დაფები, ყველაფერი. სრული ცირკი და მასკარადი იყო.

ჯარიმა არ გადაგვიხდია და რომ გავასაჩივრეთ, პასუხიც არ მიგვიღია. სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, ორი თვეა მიმდინარეობს და რამდენჯერაც მივწერეთ, გვიპასუხეს, რომ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება. სინამდვილეში ამ დალუქულ ფიტნესდარბაზში ყვავილების მორწყვის მეტი არაფერი არ გაუკეთებიათ.

ოფიციალურად მივწერე წერილი, ცოცხალი ყვავილები მაქვს დარბაზში, ამ ყვავილებს მორწყვა სჭირდება-მეთქი. ამისთვის მოდიოდნენ ექსპერტები, გააღებდნენ კარს, შევდიოდით, მოვრწყავდით ყვავილებს… ამის იქით მათი საგამოძიებო მოქმედებები არ ვრცელდებოდა. გაუგონარი სიგიჟეა რისთვის არის დაპატიმრებული ტრენაჟორები.

 

მერე დაცვა დამიყენეს ორი თვის განმავლობაში კარებთან. ეტყობა ჩემი თავისგან მიცავდნენ, რომ მე არ გამეხსნა ლუქი და „დანაშაული“ არ ჩამედინა. მე რომ მდომოდა ეგ, როგორ უნდა გავეჩერებინე იმ დაცვას? უბრალოდ აზრს ვერ ვხედავ, თორემ ახლაც შემიძლია გავხსნა ლუქი და შევიდე.

მართლა მარტო ჩემი ბიზნესით ხომ არ წყდება ყველაფერი? ხალხი არის კატასტროფის ზღვარზე.

ჩემი ერთი დაუმორჩილებლობით ვცადე მეჩვენებინა საზოგადოებისთვის, რომ სიგიჟეში ვიმყოფებით. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინაა მთავრობაში. მთავარია ჩვენ ადამიანებს მოგვეცეს თავისუფალი შრომის საშუალება, რომ ჩვენ თვითონ შევქმნათ ეკონომიკური შემოსავალი და არ ვიყოთ ჩამოკიდებული ბიუჯეტზე.

დღემდე გიორგის  და მის  თანამშრომლებს ფიტნესკლუბში მხოლოდ ყვავილების მოსარწყავად უშვებენ

პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი

მე რაც სრულწლოვანი ვარ, ჩვენს ქვეყანაში რატომღაც ბიზნესმენები ნებისმიერ მთავრობასთან იზიარებენ სარეცელს. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება – როგორც კი მთავრობა იცვლება, თუ ვინმე ძალაუფლებას ჩაიგდებს ხელში, ყველა ბიზნესი ცდილობს მაქსიმალურად ახლოს დადგეს მთავრობასთან.

სინამდვილეში პირიქით – მთავრობები იმიტომ უნდა ეფერებოდნენ ბიზნესმენებს, რომ ამ ხალხზე დგას ეკონომიკა. ხალხი ქმნის სამუშაო ადგილებს და ხალხი ქმნის ზოგადად განვითარებას – არ არსებობს მთავრობა, რომელიც შექმნის სამუშაო ადგილს.

ფიტნესკლუბების ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებულია. პირველ ლოქდაუნზე, მართალია, ჩვენ არ გვქონდა დასრულებული, მაგრამ სხვები მაშინაც ჩაკეტეს. ყველაზე პირველები ესენი ჩაკეტეს და ყველაზე ბოლოს გახსნეს. ახლაც ასეთი ტენდენციაა, ალბათ ყველაზე გვიან გაგვხსნიან.

არადა, პირიქით უნდა იყოს – იმუნიტეტი ის ბუნებრივი იარაღია, რომელიც ებრძვის ნებისმიერ ვირუსს და  დაავადებას. ადამიანებს თითქოს ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, ისევ ჯანმრთელობის გაკაჟებაში გვიშლიან ხელს და ფინანსურად გვანადგურებენ.

კრედიტი

საკრედიტო ვალდებულება ჯამურად მაქვს ნახევარი მილიონი ევრო. ეს ბიზნესსესხი. ამას გარდა მაქვს პირადი სესხი, დაახლოებით 150 ათასამდე ლარი, ისიც ძირითადად ამ საქმეს მოვახმარე. ამის გარდა კონტრაქტორებთანაც გვაქვს დარჩენილი ფინანსური ვალდებულებები. ფიტნესკლუბი როგორც კი გავხსენი, გრაფიკით ამ სასესხო ვალდებულებებს ვისტუმრებდი. ახლა ვეღარ ვიხდი, რადგან გაგვაჩერეს. მუდმივად სესხის გადავადების რეჟიმში ვარ – ამოიწურება ერთი გადავადების ვადა, აღმოჩნდება, რომ ისევ არ გახსნილა ბიზნესი და თავიდან გვიწევს ამ პროცესის გავლა.

ეს არ არის მარტო ჩემი ისტორია. ჩემსავით კატასტროფულ დღეშია ალბათ ასიათასობით ადამიანი.

სასტუმროშიც და ფიტნესკლუბშიც სულ 18 ადამიანი მყავდა დასაქმებული. სასტუმრო რომ გაჩერდა, ადმინისტრატორები და დამლაგებლები გადმოვიყვანე ფიტნესკლუბში და ასევე დავამატე მწვრთნელები. ფიტნესკლუბის დახურვით 18 ადამიანი დამრჩა უმუშევარი. მათ უკან 18 ოჯახია. მათი უმრავლესობისთვის ეს იყო შემოსავლის ერთადერთი წყარო.

როგორ შეცვალა პანდემიამ ჩემი ცხოვრება

ბევრი რამე შეცვალა, იქედან გამომდინარე, რომ თავისუფლად ვერ ვარ, შებოჭილი ვარ. ჩემი მეგობრების, ნაცნობების ცხოვრებაც შეიცვალა. თავისუფლად ვერ ვსაქმიანობთ. ვეღარ ვნახულობთ ერთმანეთს. რადიკალურად შეიცვალა სამყარო. ალბათ ამისგანაც რაღაც უნდა ვისწავლოთ.

ყველაფერი ცუდისგან  კარგი რაცაა, მაქსიმალურად უნდა გამოვწოვოთ, ისევ ჩვენთვის რომ იყოს მერე სასარგებლო. ეს არის გაკვეთილი, თუ რას ნიშნავს თავისუფლების დათმობა. ნებისმიერი მოტივით, როდესაც  ადამიანები, საკუთარი ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მოტივით, საკუთარ თავისუფლებას შევაზღუდინებთ და ჩვენი ნებით გადავცემთ ნებისმიერ სისტემას, მთავრობა იქნება თუ არ აქვს მნიშვნელობა რა სახელს  დავარქმევთ, ადრე თუ გვიან მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ეს სისულელე იყო, მაგრამ ძალიან დიდ ფასად.

სამწუხაროდ, ეს ახლა უკვე მთელი ეკონომიკის დანგრევის ფასია. ალბათ  დროა ვისწავლოთ ადამიანებმა, რომ თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერი არაა.

რა მასწავლა პანდემიამ

პანდემიამ მასწავლა ის, რომ თვითგადარჩენისთვის… თუ ადამიანს შეაშინებ, შეიძლება ძალიან დიდი სისულელე ჩაადენინო. ჩემი აზრით, შეშინებული ადამიანი ყველაზე საშიშია საზოგადოებისთვის. თუ გახსოვთ, პანდემიის დასაწყისში როგორ მოიხსენიებდნენ ერთმანეთს თანამოქალაქეები. როდესაც ერთი ჯგუფი მეორეს ამუნათებდა, როგორი უპასუხისმგებლოები იყვნენ იმის გამო, რომ სახლიდან გადიოდნენ ლუკმაპურის საშოვნელად – „რა დროს მუშაობაა, გარეთ პანდემია მძვინვარებსო“.

მე ეს მასწავლა  პანდემიამ, რომ ადამიანი არის ძალიან საშიში, როდესაც შეაშინებ და მზად არის გაწიროს სხვა ადამიანი იმისთვის, რომ თვითონ გადარჩეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: