Batumelebi | ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა – Batumelebi
RU | GE  

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

სისასტიკით ცნობილი ლავრენტი ბერია შფოთავს. პატარა სერგო ავადაა. ექიმები ვერაფერს შველიან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება.

კონსილიუმი დახურულ კარს მიღმა ბჭობს, რით უშველონ ბერიას შვილს.

  • ვერ დაგვიჭერენ. ჩვენ მათ ვჭირდებით

კარი უცერემონიოდ იღება. მრგვალსათვალიანი კაცი შემოდის და ადგილს პროფესორების გვერდით იკავებს. დუმს ყველა. სიჩუმეს კონსილიუმის წევრი ერთადერთი ქალი არღვევს.

,,ექიმებს გვაქვს უფლება შემოვიდეთ და დავსხდეთ, როცა თქვენ აწყობთ შეხვედრებს დახურულ კარს მიღმა?“

ბერია დგება, კარს იჯახუნებს და უხმოდ ტოვებს ოთახს.

„ეს რა ქენით, მარიამ ქრისტეფორევნა?! ყველას დაგვაპატიმრებს…“ –  შფოთავენ პროფესორები.

„ვერ დაგვიჭერენ. ჩვენ მათ ვჭირდებით“ – მშვიდად პასუხობს მათ მანიკო. ოფიციალურ წრეებში მარიამ უგრელიძის სახელით ცნობილი პირველი ქართველი პროფესორი ქალი – მეცნიერული და კლინიკური პედიატრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

ეს ამბავი შვილიშვილს, მაია ჩაჩავას, ბებიამ, მარიამ უგრელიძემ უამბო – ჩუმად და ღამით. ხმამაღლა ასეთი ამბების მოყოლა მაშინ ძალიან სახიფათო იყო. ბებია-შვილიშვილს დიდხანს ერთ ოთახში ეძინა. მაია ჩაჩავა იხსენებს, რომ ბებია – მანიკო უამრავ რამეს უყვებოდა ძილის წინ.

მარიამ უგრელიძე/ფოტო: nplg.gov.ge

  • მატარებლის ბავშვები

სერგოს სიცოცხლე იმ ჯერზე პროფესორთა კონსილიუმის მიერ შემუშავებულმა მკურნალობის გეგმამ იხსნა. პატარა სერგოსგან განსხვავებით ვერაფერმა იხსნა უგზო-უკვლო გადასახლებებისგან სხვა პატარები, რომლებსაც ,,ხალხის მტრების შვილების“ სახელით უშვებდნენ საქართველოდან რუსეთის მიკარგულ ადგილებში – საერთო ვაგონით.

ერთ-ერთი ასეთი ვაგონი მანიკო უგრელიძემ თბილისიდან რუსეთში გამგზავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაახსნევინა. საბჭოთა რეჟიმი მოატყუა და მერე ამაზე მთელი ცხოვრება დუმდა. სხვანაირად არ შეიძლებოდა. დახვრეტდნენ.

მარიამ უგრელიძე პაციენტ ბავშვებთან ერთად, თბილისის მესამე საავადმყოფოს ფტიზიატრიულ განყოფილებაში/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ციფრული ფონდი ,,ივერიელი”

,,მატარებლის ბავშვები“ – დაახლოებით 6 წლის იყო მარიამ უგრელიძის შვილიშვილი, მაია ჩაჩავა, როცა ამ სიტყვებს მოჰკრა ყური: მას და დედამისს, ნუცა უგრელიძეს, ერთხელ ქუჩაში ქალი შეხვდათ, ქალი მაიას დედას გადაეხვია, ემოციურად საუბრობდა, მერე დაუჩოქა. ნუცამ ქალი წამოაყენა და ერთმანეთს გამოემშვიდობნენ.

იმ დღეს სახლში მისულმა ნუცა უგრელიძემ თქვა, რომ ქუჩაში ,,მატარებლის ბავშვი“ შეხვდა. მაიამ ეს სიტყვები დაიმახსოვრა და 17, 18 წლისამ სთხოვა დედას, აეხსნა მისთვის, რას ნიშნავდა ,,მატარებლის ბავშვი“. ახლა უკვე 70 წელს გადაცილებული მაია ჩაჩავა დედის მონათხრობს იხსენებს ბებიაზე:

37 ან 38 წელი იდგა. ტელეფონი მაშინ ძალიან ცოტას თუ ჰქონდა თბილისში, მანიკოს ჰქონდა – გადაუდებელი დახმარებისთვის ურეკავდნენ ხშირად.

ერთ დღეს ტელეფონის ზარი გაისმა. თბილისის რკინიგზის სადგურიდან ვინმე ვანიჩკა ჩოხელი რეკავდა. მარიამს უთხრეს, რომ ბავშვებით დატვირთულ ვაგონს უშვებდნენ ღამით რუსეთში, რომ ეს ბავშვები ,,უპატრონოთა სახლის ბავშვები იყვნენ“. ვაგონის დაძვრამდე პედიატრს უნდა აღეწერა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

იქ მისულს 36, 37 წლებში დაპატიმრებული და დახვრეტილი მშობლების შვილები დახვდნენ. „ერის მოღალატეების“ შთამომავლები საბჭოთა სისტემას სამუდამოდ უნდა მოეშორებინა. მარიამ უგრელიძემ ოფიციალურ დოკუმენტში ჩაწერა, რომ ბავშვები დიზინტერიით იყვნენ ავად. დაარწმუნა ყველა, რომ ბავშვები ეპიდემიის გავრცელების საშიშროებას შექმნიდნენ ყველგან, სადაც ჩაიყვანდნენ.

„ვაგონი უნდა ჩაიხსნას“ – ეს იყო პედიატრის საბოლოო სიტყვა. ასეთი ვაგონის ასე ჩახსნა იმ დროს თითქმის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მარიამის სიტყვამ გაჭრა. იმ ღამით თბილისის რკინიგზის სადგური მატარებელმა ბავშვებით სავსე ვაგონის გარეშე დატოვა. ნათესავებს აცნობეს, რომ შეეძლოთ სადგურში მოსულიყვნენ და შინ წაეყვანათ ,,მოღალატეების შვილები“.

  • კოშკებიანი სახლი ვერის ბაღთან

პაციენტებთან ურთიერთობა ბებიასთვის ნიშნავდა მუდმივ სატელეფონო საუბრებს, ბავშვების მდგომარეობის მოკითხვას მკურნალობის დასრულების შემდეგაც. მაშინ თბილისი პატარა ქალაქი იყო და ლოგიკურია, რომ სწორედ ეს ხალხი იყო ძირითადად ჩვენთან მიმსვლელ-მომსვლელი.

ბებია მართავდა საახალწლო წვეულებებს და ყოფილ პაციენტებს მასპინძლობდა ახლანდელი კოსტავას, მაშინდელი ლენინის ქუჩის №33-ში, სადაც მაშინ ვცხოვრობდით. ასე მეგობრობდნენ ოჯახებით.

მარჯვნიდან მეორე, ორსართულიან, კოშკებიან სახლში მარიამ უგრელიძე ცხოვრობდა/ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

ჩვენი სახლი ფილარმონიის პირდაპირ – ვერის ბაღის მხარეს იდგა. ორსართულიანი, ულამაზესი კოშკებიანი სახლი იყო. ორმოცი წლის წინ დაანგრიეს. ამ სახლის დანგრევით დაიწყო თბილისის რეკონსტრუქცია. მიწისქვეშა გადასასვლელის ნაწილად სწორედ ჩვენი სახლის სარდაფი გამოიყენეს.

ბავშვები რომ იზრდებოდნენ და სტუდენტები ხდებოდნენ, მერეც კი მოდიოდნენ მათი მშობლები შვილების ანალიზებით მანიკოსთან. შინ გვაქვს შენახული უამრავი მადლობის წერილი ბებიას ნამკურნალევი ბავშვების მშობლებისგან გამოგზავნილი“, – გვიყვება მარიამ უგრელიძის შვილიშვილი.

  • პეტერბურგი, მონპელიე, ლოზანა და თბილისი

1905 წლის იანვრის რევოლუციის დროს მარიამ უგრელიძე პეტერბურგის ქუჩებში დაჭრილ მუშებს უწევდა დახმარებას. ამ დროს ის პეტერბურგის ქალთა უმაღლეს სამედიცინო კურსებზე სწავლობდა.  1906 წელს დააპატიმრეს, რევოლუციურ მოძრაობაში ჩაბმა და სამხედრო ნაწილებში პროკლამაციების გავრცელება ედებოდა ბრალად. 2 წელი გაატარა ციხეში, შემდეგ ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთსა და შვეიცარიაში. სწავლობდა მონპელიეს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შვეიცარიაში დაამთავრა ლოზანას უნივერსიტეტი და 1918 წელს 33 წლის მარიამ უგრელიძე სამშობლოში დაბრუნდა.

ჯერ სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობს, მერე – ქალაქის პირველი საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში. 1921 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედიატრიის კათედრას აარსებს პროფესორი სიმონ გოგიტიძე, ძირითად საქმიანობას კათედრაზე მარიამ უგრელიძე ასრულებს.

1930 წელს მარიამს მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიანიჭეს და სამკურნალო ფაკულტეტის ბავშვთა სნეულებათა კათედრის გამგე გახდა.

მარიამ უგრელიძე პაციენტის შემოწმებისას/ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ეწევა ინტენსიურ საექიმო, პედაგოგიურ, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას ბავშვთა ჯანდაცვის მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს სამოცდაათზე მეტი მეცნიერული ნაშრომი, რომელთა უმრავლესობაც თარგმნილია სხვადასხვა ენაზე და გამოყენებულია საერთაშორისო კონსილიუმებსა და კონფერენციებზე.

მარიამ უგრელიძის სამეცნიერო შრომები ეხება ბავშვთა ფიზიოლოგიის, პათოლოგიის, თერაპიისა და ჰიგიენის მნიშვნელოვან პრობლემებს. ბევრს მუშაობდა მედიცინის ისტორიის საკითხებზეც საქართველოში.

უნიკალურია მისი შრომები ბავშვის ფიზიკური განვითარების, კვების, რაქიტის, დისტროფიის, რევმატიზმის, ტუბერკულოზისა და აეროთერაპიის შესახებ.

სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა საქართველოს პედიატრთა სამეცნიერო საზოგადოებას, რომელიც 1929 წელს თავად ჩამოაყალიბა.

მარიამ უგრელიძე არასდროს დაქორწინებულა და ბიოლოგიური შვილი ჰყოლია. მარიამმა და მისმა დამ, მელანიამ  ძმისშვილი, ნუცა უგრელიძე გაზარდეს შვილივით. ხელოვნებათმცოდნე მაია ჩაჩავა, რომელიც ბებიის მიმოწერებს, ფოტოებს და არქივს ინახავს, სწორედ ნუცას შვილია.

მარიამ უგრელიძე 75 წლისა გარდაიცვალა 1960 წლის გაზაფხულზე. დაკრძალეს მშობლიურ სოფელ დიღომში, მოგვიანებით კი მისი ნეშტი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადასვენეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com