მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

„თუ კითხვა უნდა მაინც წაიკითხავს“ – მსგავსი შეძახილები რეალურ ცხოვრებაში დიდად არ მუშაობს

21.07.2021 • 2090
„თუ კითხვა უნდა მაინც წაიკითხავს“ – მსგავსი შეძახილები რეალურ ცხოვრებაში დიდად არ მუშაობს

ავტორი: არჩილ კახაძე, batumelebi.ge-ს მარკეტინგის მენეჯერი

საბავშვო ბაღში არ მივლია, 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებიდან რამდენიმე თვეში გავხდი პირველკლასელი. ამის შემდეგ როგორც განვითარდა ჩვენს ქვეყანაში მოვლენები ყველამ იცის. მე, ისევე როგორც უმრავლეს ბავშვს მაშინდელ საქართველოში, შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი კი არა, ბავშვობა საერთოდ არ მქონია.

როცა მეხსიერებას ვძაბავ და ვცდილობ ბავშვობიდან ისეთი მომენტი გავიხსენო, როცა რაღაც დროის შუალედში ბედნიერი ვიყავი, 3 სცენა ამომიტივტივდება ხოლმე გონებაში:

  1. ფეხშიშველი ან დიდი და უკვე გაფუჭებული ფეხსაცმლით უბნის ბავშვებთან ერთად შებინდებამდე ვთამაშობ ფეხბურთს.
  2. ზამთარია, ღამეა, შუქი არაა და ოთახს მხოლოდ აგიზგიზებული შეშის ღუმელიდან გამოჭრილი სინათლის სხივები ანათებს. მამაჩემი აკორდეონს უკრავს, ჩემი ძმა დოლს და ცეკვავს და ყველა ხმამაღლა ვიცინით.
  3.  მუშამბას [დამდნარ სანთელში ამოვლებულ მიტკლის ნაჭერი] ვიპარავ და ბალიშის ქვეშ ვმალავ. როცა ნავთის ლამფას ჩავაქრობთ [უნდა გამოვიზოგოთ შუქი ხვალისთვის] და ყველას ჩაეძინება, ვაძრობ ე.წ. განათებას და ვაგრძელებ დაწყებული წიგნის კითხვას, ვიდრე ეგრეთ წოდებული სანთელი ბოლომდე არ ჩაიწვება.

ბოლოს ნახსენები „ბედნიერება“ ყველაზე ხშირად მქონდა ცხოვრებაში. ვკითხულობდი ყველგან და ყოველთვის, როცა თავისუფალი დრო მქონდა. მეგობრებიც გამინაწყენებია სათამაშოდ გაყოლაზე უარის თქმით. მახსოვს, ყოველთვის მიჭირდა იმის ახსნა, სად „გაიქცეოდა ის წიგნი“ და რატომ არ შემეძლო მოგვიანებით, თამაშის  შემდეგ წამეკითხა.  როგორ უნდა ამეხსნა, რომ როცა წიგნს ვკითხულობდი გონებაში ფილმის კადრებად ვხედავდი ტექსტს, ბოლომდე ვიძირებოდი, მოქმედი პერსონაჟი ვხდებოდი და მიჭირდა ბოლოში გასვლამდე სიუჟეტის შეწყვეტა.

რამდენი გმირის სიხარული გამხარებია, რამდენის მწყენია, რამდენთან ერთად მიბრძოლია, გამიმარჯვია და დავმარცხებულვარ – არ შემიძლია დათვლა, არც იმის რამდენი „ნაგავი“ წავიკითხე, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია თქმა, რომ დაკარგული ბავშვობის ნაწილი ლიტერატურით ავინაზღაურე. მეტიც: გასული საუკუნის 90-იანებში ბავშვობა, მოსწავლეობა და შემდეგ თინეიჯერობა ქობულეთში მსუბუქად რომ ვთქვათ, ბევრისთვის ნამდვილად არ დასრულდა კარგად. მე წიგნებმა გადამარჩინეს.

ახლა რომ შევდივარ წიგნის მაღაზიებში და ვათვალიერებ, შურით ვსკდები რამდენი ფერადი და კარგი წიგნია წასაკითხი, ჩემი დროის რუხი, გაქუცული წიგნებისგან განსხვავებით. ძველ, კლასიკურ ლიტერატურასთან ერთად უამრავი ახალი წიგნია დაწერილი და თარგმნილი. საბავშვო წიგნები კი განსაკუთრებულად ლამაზებია. 

რაც თითქმის არ შეცვლილა ჩემი ბავშვობის შემდეგ, ისაა, რომ უამრავ ბავშვს, განსაკუთრებით სოფლებში ისევ არ მიუწვდება ხელი ახალ წიგნებზე. ის კი არადა, ნანახიც კი არ აქვს ბევრ მათგანს დიდი და სავსე წიგნის მაღაზია. მშობლებს ისევ უწევთ არჩევანის გაკეთება პროდუქტს, წამალს, ტანსაცმელსა და წიგნს შორის. არც გაემტყუნებათ ალბათ, პირველადი ამოცანა ფიზიკური გადარჩენაა. რომ შევხედოთ ჩვენს სამომხმარებლო კალათას, საშუალო სტატისტიკური ოჯახის შემოსავალსა და წიგნის ფასს, ზოგიერთი გამოცემა „ფუფუნების საგნადაც“ კი შეიძლება ჩაითვალოს.

„თუ კითხვა უნდა მაინც წაიკითხავს“, „თუ სწავლა უნდა მაინც ისწავლი“, „ვაჟა-ფშაველა სოფელში გაიზარდა, მაგრამ შეხედეთ“ და მსგავსი შეძახილები რეალურ ცხოვრებაში დიდად არ მუშაობს. გამონაკლისების არსებობას არ უარვყოფ, მაგრამ ბავშვები საქართველოს სოფლებიდან, დაბადებიდან არათანაბარ სასტარტო პირობებში არიან ქალაქელ ბავშვებთან შედარებით. განსაკუთრებით, ბავშვები მაღალმთიანი საქართველოდან. ისედაც რა პირობებია საქართველოში, ზოგადად, და კიდევ იმასთან შედარებით დაბალი ხარისხის საკვები რომ გექნება, ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურა, თითქმის წარმოუდგენელი ხდება ჩამორჩენის აღმოფხვრა დარჩენილ ცხოვრებაში.

არადა, მე მგონია, რომ წიგნის კითხვას უმეტესად თავისი ასაკი აქვს. აი, სადღაც მე-8 მე-12 კლასების შუალედი. ამ დროს თუ ძალიან ბევრი წიგნი არ წაიკითხე, შემდეგ, იშვიათად, რომ ასე ინტენსიურად მხატვრული ლიტერატურისთვის მოიცალოს ადამიანმა. ალბათ, ყველაზე მეტადაც ამ პერიოდში ყალიბდება ადამიანში ემპათიის განცდა, რომლის ნაკლებობასაც ყველაზე ხშირად ვხედავთ საჯარო აქციებზე, პოპშოუებში, გართობის თუ გაჭირვების დროს. 

სწორედ ამ პერიოდში, ყველა იმ ბავშვისთვის ვისაც კითხვა უყვარს, ახალი და სასურველი წიგნი ისევე აუცილებელია, როგორც მაგალითად, წამალი, ჯანსაღი საკვები და მზრუნველი ოჯახი და კარგი მასწავლებელი.

ბათუმელების „ბუქმობილი“ კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ მთიანი აჭარის ყველაზე მიუვალ სოფლებშიც კი ჰქონდეთ ბავშვებს ახალი წიგნები. თუმცა, „ბუქმობილმა“ რომ იმოძრაოს, ჩვენი, საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება. 

მოწოდებები არ მიყვარს, მაგრამ გულით მჯერა, რომ ეს იდეა იმსახურებს მინიმუმ წიგნის მოყვარულებისგან ფინანსურ მხარდაჭერას. თქვენი საყვარელი წიგნის საყიდლად რომ გეყოფოდათ დასაწყისისთვის იმდენის ჩარიცხვაც საკმარისი იქნებოდა.

სულ 2 წუთი დაგჭირდება, მიყევი ლინკს: https://bit.ly/3qNDAEa,

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

ბუქმობილი bookmobile

გადაბეჭდვის წესი


ასევე: