მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

თვალის პრობლემები ზაფხულში – ექიმის რჩევები

21.07.2021 • 1925
თვალის პრობლემები ზაფხულში – ექიმის რჩევები

ზაფხულის მზესა და მაღალ ტემპერატურას, განსაკუთებით ისეთ ცხელ ზაფხულში, როგორიც წელსაა, შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდინოს არა მარტო ჩვენს კანზე, არამედ თვალებზეც – ისინი სიცხის მიმართ საკმაოდ მგრძნობიარენი არიან. თვალებთან დაკავშირებული პრობლემები წელიწადის ამ დროს რამდენიმე ყოველდღიურმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს.

მათ შესახებ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ასისტენტ პროფესორი ანა დვალიშვილი საუბრობს:

თვალის ალერგიები – ერთ-ერთ ყველაზე ხშირ პრობლემას მიეკუთვნება ალერგიები. მომატებული ტემპერატურა, მტვერი, ტენიანობა წარმოადგენს თვალის ალერგიების განვითარების ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს. თვალისმიერი ალერგიის სიმპტომებს მიეკუთვნება: თვალის ქავილი, სიწითლე, გაღიზიანება, უცხო სხეულის შეგრძნება თვალში, ცრემლდენა და მზის სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

თვალის ალერგიების პრევენციის მიზნით რეკომენდებულია მზის სათვალეების გამოყენება. საცურაო აუზში აუცილებელია წყლის სათვალის გამოყენება, არ უნდა მოისრისოთ თვალები. თვალთან შეხებამდე აუცილებლად უნდა დაიმუშავოთ ხელები.

რქოვანას დამწვრობა – ჭარბი რაოდენობით მზის სხივების მავნე ზეგავლენის კიდევ ერთ გამოვლინებაა. როდესაც ხდება მზით კანის დამწვრობა, ასევე თვალის წინა, გამჭირვალე ზედაპირის რქოვანას დაზიანებაც მზის სათვალეების გამოუყენებლობის შემთხვევაში. ამ დროს აღინიშნება თვალების წვა, გამოშრობა და სიწითლე, ასევე მხედველობის დაქვეითება.

კონიუქტივიტი – ზაფხულის კიდევ ერთ აქტუალურ პრობლემას  წარმოადგენს. კონიუქტივიტებიდან განსაკუთრებით ხშირია ვირუსული და ბაქტერიული ფორმები. მიზეზებს მიეკუთვნება ჰიგიენური ნორმების დაუცველობა, სხვა ადამიანის კოსმეტიკის გამოყენება, კონტაქტური ლინზის გამოყენების ნორმების არასწორი შესრულება. აუცილებელია კონტაქტურ ლინზას ყოველდღიურად შევუცვალოთ ხსნარი, ლინზის გამოყენებამდე კარგად დავიმუშავოთ ხელები. ყოვლად დაუშვებელია ლინზით ზღვაზე ან საცურაო აუზში შესვლა. არ უნდა მოხდეს ლინზის კონტაქტი წყალთან.

კონიუქტივიტები უმეტესად ვლინდება თვალის სიწითლით, ქავილით და თეთრი ფერის გამონადენით თვალიდან. პაციენტს დილით გაღვიძებისას აღენიშნება ქუთუთოების შეწეპება, შეშუპება და სიწითლე.

მშრალი თვალის სინდრომი – საკმაოდ ხშირი პრობლემაა, რომელიც ადამიანებს აწუხებთ წლის ნებისმიერ დროს, თუმცა დაავადებას გამწვავება ახასიათებს ზაფხულის პერიოდში. ამ დროს თვალის წინა ზედაპირის გამოშრობას იწვევს, პირველ რიგში, ჰაერის მაღალი ტემპერატურა გარეთ, ხოლო ავტომანქანაში, სახლსა და ოფისებში – ჰაერის გამაგრილებელი სისტემები (კონდიციონერი).

მშრალი თვალის სინდრომის დამახასიათებელ სიმპტომებს მიეკუთვნება თვალების წვა, ქავილი, ცრემლდენა, უცხო სხეულის შეგრძნება, მხედველობის გარდამავალი დაბინდვა.

მშრალი თვალის სინდრომის დროს აუცილებელია თვალის დამატენიანებელი წვეთების გამოყენება, რათა მოხდეს სიმპტომების შემსუბუქება.
მშრალი თვალის სინდრომის გამომწვევი ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა სისტემური დაავადება, როგორიცაა: აუტოიმუნური დაავადებები, ფარისებრი ჯირკვლის სხვადასხვა დაავადება, A ვიტამინის დეფიციტი.

რეკომენდაციები ზაფხულში:

  • აუცილებელია მზის სათვალეების გამოყენება განსაკუთრებით ზაფხულში, სანაპიროზე ყოფნის დროს.
  • იმ ადამიანებმა, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, აუცილებელია ყოველდღიურად შეუცვალონ ლინზას ხსნარი, ასევე კონტაქტური ლინზის წყალთან კონტაქტი ყოვლად დაუშვებელია.
  • რუჯის მიღების დროს აუცილებელია ქუთუთოებზე მზის სხივებისაგან დამცავი საშუალებების გამოყენება.
  • არასოდეს უყუროთ სათვალეების გარეშე მზეს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ბადურა გარსის დაზიანება, რომელიც სრულდება მხედველობის დაქვეითებით.
  • თუკი გამოხატულია თვალების სიწითლე, გამონადენი თვალებიდან და თვალების ტკივილი, არ უნდა გამოვიყენოთ კოსმეტიკური საშუალებები, ხელები უნდა დავიბანოთ ხშირად, რათა კონიუქტივიტი არ გავრცელდეს სხვა ადამიანებზე. კონტაქტური ლინზის გამოყენება უნდა შეწყდეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: