მთავარი,სიახლეები

კოვიდი და ფესტივალები ბათუმში, რომლებზეც 210 000 ლარია გამოყოფილი

21.07.2021 • 1532
კოვიდი და ფესტივალები ბათუმში, რომლებზეც 210 000 ლარია გამოყოფილი

დაახლოებით ერთი თვის წინ ბათუმის მერიამ „საერთაშორისო ფესტივალების მხარდაჭერისთვის გათვალისწინებულ თანხას ბიუჯეტში 55 000 ლარი დაამატა. ჯამში პროგრამის ბიუჯეტი 210 000 ლარია. წინასწარი ინფორმაციით, წელს ბათუმში მინიმუმ რვა საერთაშორისო ფესტივალი უნდა გაიმართოს, 5 ფესტივალი აგვისტო-სექტემბერში ჩატარდეს.

მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ საერთაშორისო ფესტივალების დაგეგმვა-ჩატარებასთან დაკავშირებული მთავარი სამუშაო უკვე დაასრულა. წარდგენილი განაცხადებიდან შეარჩიეს რვა პროექტი, რომელთა დამტკიცებაზეც მერს რეკომენდაცია მისცეს.

ეს ფესტივალებია:

  • გია ყანჩელის იუბილესადმი მიძღვნილი ფესტივალი
  •  „ღამის სერენადები“
  • ბათუმის მონოდრამის საერთაშორისო ფესტივალი
  • ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა საერთაშორისო ფესტივალი ,,ნანი’’
  •  საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი – BIAFF
  • ბათუმის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „თოფუზი“
  • გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი.
  • ბათუმის მოკლემეტრაჟიანი ფილმების სტუდენტური ფესტივალი lemON 23- 27 ნოემბერი.

პარალელურად მთავრობა სულ უფრო და უფრო ხშირად იმეორებს, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში მძიმდება.

დღევანდელი, 21 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 415 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასულ დღე-ღამეში საქართველოში 26 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. 20 ივლისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 6.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.03% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.53%-ია.

ამის გათვალისწინებით საინტერესოა, როგორ აპირებს ბათუმის მერია დაგეგმილი საერთაშორისო და სხვა კულტურული ღონისძიებების ჩატარებას, დისტანციის უზრუნველყოფასა და ყველა იმ რეკომენდაციის დაცვას, რაზეც სპეციალისტები ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღე მოგვიწოდებენ.

კითხვები ვირუსის გავრცელების პრევენციაზე აქტუალურია მით უმეტეს მაშინ, როცა ფესტივალები, რომლებზეც ბიუჯეტიდან ფული იხარჯება, რაც შეიძლება მეტი დაინტერესებული პირისთვის უნდა იყოს მისაწვდომი.

ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის, მერაბ ქიძინიძის ინფორმაციით, შერჩეული ფესტივალების ჩამონათვალი მერის მოვალეობის შემსრულებელს ჯერ არ დაუმტკიცებია.

ის არ გამორიცხავს, რომ თუ ეპიდვითარების გამწვავების ფონზე რეგულაციები გამკაცრდება, მერის მოვალეობის შემსრულებელმა საერთოდ არ დაამტკიცოს დაგეგმილი ფესტივალები. დოკუმენტის დამტკიცების თარიღიდან კი, მერია იტოვებს გარკვეულ ვადას ხელშეკრულებების გაფორმებამდე. ასევე მექანიზმს, რომ ვითარების დამძიმების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს შეაჩეროს ღონისძიება.

როგორც მერაბ ქიძინიძემ განგვიმარტა, შესაბამისი ღონიძიებების გატარება მერიამ ისევ ფესტივალის ორგანიზატორებს დააკისრა. „მათ წარმოგვიდგინეს ასევე პრევენციის ღონისძიებების გეგმა“, – აღნიშნა მერაბ ქიძინიძემ.

ამ გეგმებში ძირითადად სანიტაიზერის, პირბადის გამოყენების, დისტანციის დაცვის და სხვა მსგავსი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფაზეა საუბარი.

მერაბ ქიძინიძის თქმით, PCR ტესტზე მოთხოვნა გათვალისწინებული არ ყოფილა, თუმცა შესაძლოა დაემატოს.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ გააკონტროლებს თავად ფესტივალის ორგანიზატორებს, რამდენად შეასრულებენ ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებულ ნაკისრ ვალდებულებებს, მერიაში გვითხრეს, რომ ამას მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლები უზრუნველყოფენ: „ფესტივალების  მიმდინარეობისას, სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა თანამშრომელი იქნება მიმაგრებული“. საჭიროების შემთხვევაში მერია უფრო მეტ თანამშრომელსაც ჩართავს ამ პროცესში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: