მთავარი,სიახლეები

ტილოს ვერ ვყიდულობ, ამიტომ ყველაფერზე ვხატავ – თვითნასწავლი მხატვრის პორტრეტი

21.07.2021 • 1846
ტილოს ვერ ვყიდულობ, ამიტომ ყველაფერზე ვხატავ – თვითნასწავლი მხატვრის პორტრეტი

ავტორი: ანა მალაყმაძე

„ლედიკ, მოდი აქ“ – ეძახის მხატვარი ირმა ტრაპაიძე თავის ერთ-ერთ ძაღლს, იმის შიშით, რომ ადგილის უქონლობის გამო ერთმანეთზე მიწყობილ, კარადებზე შემოდებულ თუ თაროებზე ჩამომწკრივებულ ნახატებს ძაღლი უნებურად დააზიანებს.

ირმა ადრე ძველ ბათუმში ცხოვრობდა, გარკვეული დრო ნაქირავებ ბინაშიც გაატარა, თუმცა თანხის გადახდა ვეღარ მოახერხა და ქუჩაში დარჩა. ბოლოს, სახელმწიფოს დახმარებით აღმოჩნდა პატარა ოთახში 2 ძაღლთან და თავის ნამუშევრებთან ერთად. სივიწროვის გამო ირმას ბევრი ნამუშევარი ოთახში უბრალოდ არ ჩანს.

ირმა ამბობს, რომ ხატვა მისთვის ძვირფასი ადამიანის დაკარგვის შემდეგ დაიწყო.

ირმა ტრაპაიძე

„არასოდეს ვხატავდი. ახლობელი ადამიანი გარდამეცვალა, დავდიოდი ზღვაზე, სტრესი მქონდა და ქვებს ვეძებდი, მათზე გამოსახვით თითქოს მინდოდა, რაღაც ნაწილი მაინც გამეცოცხლებინა“- გვიყვება ირმა.

ირმამ 6 წელია რაც ხატვას მიჰყო ხელი. მანამდე ლაბორანტად მუშაობდა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ამჟამად ირმა უმუშევარია, გულის მანკი და დიაბეტი აქვს და სოციალურ დახმარებას იღებს სახელმწიფოსგან.

2016 წელს ირმას ბათუმის საზაფხულო თეატრში გამოფენა ჰქონდა, ნახატებიც გაყიდა.

ირმა ამბობს, რომ კვლავ სურს გამოფენის მოწყობა და შიშობს, რომ უსახსრობის გამო ხატვა შესაძლოა ვეღარ გააგრძელოს.

„ამ პატარა სივრცეში ბევრი რაღაცის აღმოჩენა შეიძლება, მაგრამ ყველაფრის დამალვა მიწევს. ერთი სახელოსნო მჭირდება, რომ დავხატო და შეიძლება გამოფენაც მოვაწყო“ – ამბობს ირმა და თავის ერთ-ერთ ნახატს უცქერს, რომელსაც, როგორც თვითონ გვეუბნება, მისი გამოხედვა აქვს.

„შემიძლია კვირები ვიფიქრო იმაზე, თუ რის დახატვას ვაპირებ. მნახველი თუ დააკვირდება, აუცილებლად დაინახავს ჩემს დარდს, ცხოვრების მძიმე წუთებს, რადგან ყველა ნახატში არის რაღაც ჩემი. ხატვის პროცესი მავიწყებს დარდს, შედეგი კი მაჩვენებს, რომ ძლიერი ვარ“ – გვიამბობს ირმა.

ირმა ტრაპაიძის ნამუშევრები. ანა მალაყმაძის ფოტო

ირმა ტრაპაიძის ნამუშევრები. ანა მალაყმაძის ფოტო

ირმა ხატავს ყველგან, ყველაფერზე და ყველაფერს.

„ყველაფრის ხატვა მიყვარს, თუმცა გასაქანი არ მაქვს. ფოთლების და თეფშების გამოყენებაც დავიწყე, ხეზეც ვხატავ, სხვა გზა არ მაქვს, ტილოს ვერ ვყიდულობ.

შემიძლია კვირები ვიფიქრო იმაზე, თუ რის დახატვას ვაპირებ. მნახველი თუ დააკვირდება, აუცილებლად დაინახავს ჩემს დარდს, ცხოვრების მძიმე წუთებს, რადგან ყველა ნახატში არის რაღაც ჩემი. ხატვის პროცესი მავიწყებს დარდს,შედეგი კი მაჩვენებს,რომ ძლიერი ვარ.ყველაფრის ხატვა მიყვარს,თუმცა გასაქანი არ მაქვს.ფოთლების და თეფშების გამოყენებაც დავიწყე,ხეზეც ვხატავ,სხვა გზა აქ მაქვს, ტილოს ვერ ვყიდულობ..“ – გვიყვება ირმა.

ბათუმელ მხატვარს ქალიშვილიც ჰყავს. ის ამჟამად ფარმაცევტია და სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას ცდილობს, რათა სტომატოლოგია შეისწავლოს.

ირმას იმედი აქვს, რომ ახლო მომავალში ექნება საშუალება ვიწრო ოთახის კუთხეებში დამალული ნახატები გამოფინოს და დამთვალიერებლები მისი ნამუშევრების ხილვას შეძლებენ.

ირმა ტრაპაიძის ნამუშევრები. ანა მალაყმაძის ფოტო

 

_______________________

მასალა მომზადებულია „მედიაწიგნიერების საკვირაო სკოლის“ ფარგლებში, რომელსაც „ბათუმელები“ ახორციელებს „ამერიკულ კუთხესთან“ ერთად. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: