მთავარი,სიახლეები

მერაბ ღოღობერიძემ ფინანსურ პოლიციას ხრეში მიუტანა – ის უწყებას 500 ათას ლარს სთხოვს

21.07.2021 • 1713
მერაბ ღოღობერიძემ ფინანსურ პოლიციას ხრეში მიუტანა – ის უწყებას 500 ათას ლარს სთხოვს

„ხრეში მოვიტანე აქ იმიტომ, რომ ეს ორგანო არის დაკავებული რეკეტით. ვერ მინახეს ვერაფერი, ამიტომაც ფულის ნაცვლად დავუყარე ხრეში შესასვლელში. საგამოძიებო სამსახური რასაც ავრცელებს ჩემ შესახებ, არის ტყუილი და ვუჩივლე სასამართლოში,“ – ამბობს მერაბ ღოღობერიძე, რომელიც „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის“ ხელმძღვანელია და იმავდროულად ბიზნესიც აქვს. იგი ინერტული მასალის მოპოვებითაა დაკავებული.

მერაბ ღოღობერიძემ დღეს, 21 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ბათუმის ოფისის შესასვლელთან დატოვა ქვიშა. 18 მაისს ამავე ადგილას მერაბ ღოღობერიძემ ბენზინი გადაისხა. ამ დროისთვის მერაბ ღოღობერიძის მიერ დაქირავებული მძიმე ტექნიკა საგამოძიებო სამსახურს უკვე დაყადაღებული ჰქონდა და გამოძიება დაწყებული იყო, თუმცა მერაბ ღოღობერიძისთვის ბრალი წარდგენილი არ ჰქონდათ. მერაბ ღოღობერიძე აპროტესტებდა იმას, რომ რეალურად მის კომპანიას მუშაობის საშუალება არ ჰქონდა და გამოძიებისგან კონკრეტულ პასუხსაც ვერ იღებდა.

გამოძიება ქვიშა-ხრეშის უკანონოდ მოპოვების ფაქტზეა დაწყებული, თუმცა ბრალი მერაბ ღოღობერიძისთვის არც ამ დრომდე წარუდგენიათ.

იმავე დღეს, 18 მაისს, როცა მერაბ ღოღობერიძემ საგამოძიებო სამსახურის შესასვლელთან თავის დაწვა სცადა, საგამოძიებო სამსახურმა ინფორმაცია გაავრცელა:

„გამოძიება დაიწყო 2021 წლის 25 თებერვალს, შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის თანახმად, დანაშაულებრივ სქემაში ჩართულია რამდენიმე კომპანია, რომელთა შორის ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, განხორციელებულია უკანონოდ მოპოვებული, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქვიშა-ხრეშის რეალიზაცია,“ – აღნიშნავდა საგამოძიებო სამსახური, რომლის გავრცელებულ ინფორმაციაში ინიციალებით აღნიშნული მ.ღ. რომ მერაბ ღოღობერიძე იყო, ეს ყველასთვის ნათელი გახდა.

„ისე დამდეს ბრალი და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, რომ ჩემთვის ბრალი წარდგენილი არ ჰქონდათ, ბრალი არც ახლა მაქვს წარდგენილი… ეს იყო საზოგადოებრივი აზრის შექმნის მცდელობა, რომ თითქოს მე მილიონზე მეტი ვიშოვე. ბევრი მეკითხებოდა ამ ამბის შესახებ, სად წაიღე ამდენი ფულიო. ეს არის დისკრედიტაცია და საგამოძიებო სამსახურს სასამართლოში ზიანის ანაზღაურებას ვთხოვ, 500 ათასი ლარი იქნება ეს თანხა,“ – უთხრა მერაბ ღოღობერიძემ „ბათუმელებს“.

მერაბ ღოღობერიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მას აიძულებენ ბიზნესის დათმობას ზეწოლისა და მუქარის გზით. ის ასევე ირწმუნება, რომ ამაში მონაწილეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი თეიმურაზ გელდიაშვილი.

რა ეტაპზეა გამოძიება და რას ფიქრობენ ასევე უწყებაში იმის შესახებ, რომ პირის ბრალეულობის შესახებ ინფორმაცია ისე გაავრცელეს, რომ მას ბრალი ამ დრომდე წარდგენილი არ აქვს? – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პოზიციას მიღებისთანავე გაგაცნობთ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: