მთავარი,სიახლეები

„თინასთან ვწუხვარ“ – პაპუაშვილის პოსტის კომენტარებში ბოკუჩავაზე თავდასხმა გრძელდება 

20.07.2021 • 3060
„თინასთან ვწუხვარ“ – პაპუაშვილის პოსტის კომენტარებში ბოკუჩავაზე თავდასხმა გრძელდება 

„ოცნების“ დეპუტატი და პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი არათუ არ მიიჩნევს, რომ თავის ქალ კოლეგა თინა ბოკუჩავასთან ეთიკის ნორმა დაარღვია, როცა ის ტრიბუნიდან ძალის გამოყენებით და ფიზიკური შეხებით გაიყვანა, არამედ საკუთარ ფეისბუქგვერდზე შეურაცხმყოფელ და გენდერულ სტერეოტიპების გამომხატველ კომენტარებს არ იმჩნევს:

დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა? თინასთან ვწუხვარ “, – ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი პარლამენტში 18 ივლისს მომხდარ შემთხვევას. ტრიბუნას ასევე ძალის გამოყენებით მოაშორეს კიდევ ერთი დეპუტატი ენმ-დან ნონა მამულაშვილი.

შალვა პაპუაშვილის ამ პოსტის ქვემოთ აქტიური დისკუსიაა გაჩაღებული, სადაც ასევე ქალ დეპუტატებს დასცინიან და ზოგ შემთხვევაში ამართლებენ კიდეც ძალადობას: „ესენი ხომ სულ იწვევენ კაცებს“… „ამ ქალს ესიამოვნა და თქვენ ვინ გკითხავთ?“… „ისტერიკამდე აღგზნებული სხვანაირად ვერ დააზღნარეს და რა ექნაათ“ – ეს და სხვა მსგავსი შინაარსის არაერთი პოსტია შალვა პაპუაშვილის ფეისბუქის პირად გვერდზე.

უცნობია, როდის შეისწავლის პარლამენტის ეთიკის საბჭო „თინა ბოკუჩავას ტრიბუნიდან ძალით გაყვანის საქმეს“. საბჭოს ჯერ საქმის შესწავლა არ დაუწყია.

საბჭოში ჯერ არ შესულა თინა ბოკუჩავას და ნონა მამულაშვილის საჩივრები, თუმცა პარლამენტის ეთიკის კოდექსის მიხედვით, საბჭოს თავისი ინიციატივითაც შეუძლია საქმის შესწავლა დაიწყოს. ეთიკის საბჭოს ამ შემთხვევის შესწავლისკენ რამდენიმე დეპუტატმა მოუწოდა, მათ შორის, თამარ კორძაიამ.

„საბჭოს შესწავლა არ დაუწყია, თუმცა რა აზრი აქვს, ამ საბჭოს წევრმა უმრავლესობიდან ირაკლი ქადაგიშვილმა უკვე თქვა, რომ ეს ძალადობა არ იყო, უბრალოდ, გამოწიაო,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ თამარ კორძაია.

„საბჭოს აპარატს მიმართეთ, განცხადება თუ შეიტანეს, სპეციალური ფორმაა შესავსები,“ – მოგვწერა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ და პარლამენტის ეთიკის საბჭოს წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა. ვინაიდან მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა, სატელეფონო მიმოწერის დროს დაზუსტება ვთხოვეთ იმის, რაც „პალიტრის“ ეთერში თქვა:

„არავითარი ქალზე ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ არ მიუშვა, გამოსწია აქეთ. ჩვენ თუ ამას განვიხილავთ, როგორც კაცსა და ქალს შორის ურთიერთობის ეტალონს, მაშინ სულ სხვა ლოგიკაში შევდივართ. თუ ჩვენ ამას განვიხილავთ, რომ ერთმა დეპუტატმა მეორე დეპუტატი პარლამენტის თავმჯდომარესთან არ მიუშვა და მის სკამზე დასმის საშუალება არ მისცა, ეს კიდევ სულ სხვა საკითხი არის. ძალადობა არის სხვა რამე”, – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

როცა თინა ბოკუჩავა პარლამენტის ტრიბუნიდან ძალით გამოიყვანეს, იყო თუ არა ეს ეთიკის კოდექსის დარღვევა? – მივწერეთ ირაკლი ქადაგიშვილს, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ეთიკის საბჭოში ამ დროისთვის სულ 7 წევრია: ირაკლი ქადაგიშვილი, ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი, კახა კახიშვილი, მაია მენაღარიშვილი, დავით სერგეენკო, ავთანდილ ენუქიძე.

ეთიკის საბჭოს შემადგენლობა 14-მდე გაიზარდა, თუმცა ამ დროისთვის არაა შერჩეული საბჭოს სრული შემადგენლობა. პარლამენტის პრესცენტრის განმარტებით, ჯერ საბჭოს შემადგენლობა უნდა დაზუსტდეს, აირჩიონ თავმჯდომარე, თანათავმჯდომარე და საკითხს შემდეგ შეისწავლიან.

ეთიკის საბჭო პარლამენტის მოწვევის ვადით ყალიბდება. მე-10 მოწვევის პარლამენტის ეთიკის საბჭო მიმდინარე წლის თებერვალში შეიქმნა და 7 წევრი შეირჩა, თუმცა ის ჯერ არ შეკრებილა. საბჭომ მიმართვიდან ერთ თვეში უნდა შეისწავლოს საჩივარი და გადაწყვეტილება მიიღოს, რაც პარლამენტის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე გამოქვეყნდება. „საქართველოს პარლამენტის წევრის მიერ კოდექსით გათვალისწინებული ქცევის წესის დარღვევის შემთხვევაში ეთიკის საბჭო უფლებამოსილია მას სარეკომენდაციო ბარათით მიმართოს,“ – აღნიშნულია ეთიკის კოდექსში.

ეთიკის კოდექსის მიხედვით: „საქართველოს პარლამენტის წევრი პატივისცემით ექცევა სხვა პარლამენტის წევრებსა და მოქალაქეებს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: