ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდიატი, რომელიც პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობს

ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია ერთ-ერთი ყველაზე რთულად მოსაპოვებელი დაფინანსებაა სტუდენტებისთვის. ამ სასწავლო სტიპენდიას საფრანგეთის მთავრობა გასცემს უცხოელი სტუდენტებისთვის სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლის, კვლევების გასაგრძელებლად საფრანგეთში.

ეიფელის სტიპენდია მხოლოდ 4 მიმართულების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებზე გაიცემა, ესენია: სამართლის, ეკონომიკისა და მართვის, პოლიტიკისა და საინჟინრო მეცნიერებების მიმართულებები.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ყოველწლიურად ათიათასამდე სტუდენტი იღებს კონკურსში მონაწილეობას ეიფელის სტიპენდიის მოსაპოვებლად. ბოლო 5 წლის განმავლობაში ეს შესაძლებლობა 5 ქართველ სტუდენტს მიეცა.

ქეთევან თურმანიძე სანამ ეიფელის სტიპენდიას მიიღებდა, ლიონის Sciences Po-ს უნივერსიტეტში სწავლობდა მაგისტრატურის პირველ საფეხურზე. ბაკალავრიატი საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით მან საქართველოში დაამთავრა.

მაგისტრატურის პირველივე წელს მეორე სასწავლო წლის დაფინანსების ძიება დაიწყო. იცოდა, რომ ეიფელის სტიპენდია რთულად მოსაპოვებელი იყო, მაგრამ მისივე უნივერსიტეტის სამაგისტრო მიმართულების ხელმძღვანელმა უთხრა, რომ უნივერსიტეტს სურდა წარედგინა ქეთევანის კანდიდატურა ეიფელის სტიპენდიაზე.

გამარჯვებულების შერჩევის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა, რადგან შერჩევის კრიტერიუმები ბევრ რამეს მოიცავს. პრიორიტეტულ ქვეყნებს, საიდანაც უნდა იყვნენ კონკურსანტები, ლექტორების რეკომენდაციებს, მაღალ აკადემიურ მოსწრებას ბაკალავრიატის პირველივე წლიდან მაგისტრატურის საფეხურამდე და ა.შ.

„მაგისტრატურის პირველი წელი ძალიან რთული იყო, რადგან არამხოლოდ ახალ გარემოსთან და ადამიანებთან ადაპტაცია გიწევს, არამედ ეგუები სწავლის საკმაოდ რთულ გრაფიკსაც.

მიუხედავად იმის, რომ ბაკალავრიატში ძალიან კარგად ვსწავლობდი, ეს ტემპი ჩემთვის თავიდან იყო ძალიან რთული.

მაგისტრატურაში სწავლისას, მაგალითად, საფრანგეთში შეუძლებელია პარალელურად იმუშაო. სკოლის რეჟიმია: დღის პირველ ნახევარში სულ ლექციები გაქვს, ხანდახან გვიანამდეც, მეორე ნახევარში მეცადინეობ. ყველაფერი ისეა გაწერილი, რომ დრო მხოლოდ მეცადინეობისთვის გრჩება.

წელიწად-ნახევარში ოცდაათზე მეტი საგანი გავიარე“, – ამბობს ქეთევანი.

ქეთევან თურმანიძე

მაგისტრატურის პირველი წელი, როგორც თავად ამბობს, მთლიანად თეორიულ სწავლებას დაეთმო. მეორე წელს კი პრაქტიკულ სამუშაოებს შეუდგა. ქეთევანი პოლიტიკურ მეცნიერებებს სწავლობს, თუმცა პრაქტიკულ საქმიანობას საფრანგეთში სამართლისა და ეკონომიკის მიმართულებითაც ეწევა.

სტაჟირებას სტრასბურგში გადის – საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან ერთად ევროსაბჭოში, ეიფელის სტიპენდიამ მისცა შესაძლებლობა ბევრ სხვადასხვაგვარ შეთავაზებას შორის აერჩია მისთვის სასურველი სტაჟირება.

„საქართველოს მისიის წევრი დიპლომატები ესწრებიან ევროსაბჭოში გამართულ აბსოლუტურად ყველა შეხვედრას. წელს საქართველოს თემა ძალიან საინტერესო იყო ევროსაბჭოსთვის. ბევრი კარგი რამ მოხდა საქართველოსთვის წელს, ბოლოს მიღებული რეზოლუციების თვალსაზრისით.

ვესწრები ძალიან ბევრ შეხვედრას სტრასბურგში, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლები ჩამოდიან, ჩამოდიან ასევე საქართველოს წარმომადგენლები. 2020 წელს, როცა საქართველო ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა იყო, ჩვენ წარვადგინეთ პრიორიტეტებად გარემოს დაცვა და ადამიანის უფლებები, ეს თემები ევროსაბჭომ პრიორიტეტულ თემებად მონიშნა. საქართველოს წარმომადგენლობის დასახულ პრიორიტეტებს იზიარებენ ასევე შემდგომი წლების ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყნები: გერმანია, საბერძნეთი და უნგრეთი. მეც ადამიანის უფლებებსა და გარემოსდაცვით საკითხებზე ვმუშაობ“, – ამბობს ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდიატი.

უახლოეს მომავალში გარდა პრაქტიკული საქმიანობისა, ქეთევან თურმანიძე საქართველოში საგარეო პოლიტიკის საკითხებზე კვლევითი საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს.

ბათუმში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს რესტავრაცია ჩაუტარდება

ბათუმში, გამსახურდიას N37-ში მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, შესაბამისი სამუშაოს შესყიდვის მიზნით ბათუმის მერიმ 735 000 ლარი გაითვალისწინა.

რეაბილიტაციის პროექტი კი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უკვე შესყიდული აქვს.

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე XX საუკუნის დასაწყისით თარიღდება. სპეციალისტების დახასიათებით  შენობის მთავარი, ქუჩისკენ გამავალი ფასადი უხვადაა შემკული კლასიცისტურ-ბაროკული სტილის ნაძერწი ელემენტებით.

ნაგებობა კარგი სამშენებლო ოსტატობით ხასიათდება და ეკლექტური არქიტექტურის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. სახლი მნიშვნელოვანია ასევე ქუჩის საერთო განაშენიანებისთვის.

ბათუმის მერია 40 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს

ბათუმის მერია 40 ახალი ავტობუსის შეძენას გეგმავს, ეს ინფორმაცია მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტში ცვლილების წარდგენისას გაახმოვანა.

ბიუჯეტში ცვლილების დამტკიცების შემდეგ ახალი ავტობუსების შესაძენად 2 500 000 ლარი გაითვალისწინეს.

არჩილ ჩიქოვანის ინფორმაციით 2021 წლის ბოლოს ბათუმი უკვე მიიღებს 20 ახალ ავტობუსს, რომელთა შეძენაზეც შესყიდვების ეროვნულ სააგენტოს ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი და ამ დროისთვის უკვე ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურები მიმდინარეობს:

„ამისთვის 2 მილიონ 500 000 ლარი გამოყოფილია აჭარის ბიუჯეტიდან ტრანსფერის სახით. თუმცა ჩვენ ავტოტრანსპორტისთვის გათვალისწინებულ თანხებში გვაქვს ასევე დანაზოგი და ვგეგმავთ 40 ახალი ავტობუსით განვაახლოთ ჩვენი ავტოპარკი. “

ბიუჯეტში ცვლილება ითვალისწინებდა ასევე შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“  1 მილიონ 681 000 ლარის სუბსიდირებას, „ორგანიზაციის შეუფერხებელი მუშაობის დაფინანსების მიზნით,“  კერძოდ, საწვავის ხარჯის დაფინანსების და ასევე მისაღები საკუთარი შემოსულობების სიმცირის გამო დაფინანსების შევსებას.

40 ახალი [ლურჯი] ავტობუსი ბათუმის მერიამ ეტაპობრივად 2018 წელსაც შეიძინა. დიზელზე მომუშავე 40 ავტობუსში მერიამ, ჯამში, 3 მილიონ 137 ათასი ევრო ანუ ერთ ავტობუსში 78 ათას 425 ევრო გადაიხადა.

მწვანე უბნები ბათუმს – საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია დაარეგისტრირა

საინიციატივო ჯგუფმა ბათუმის  საკრებულოში ონლაინ პეტიცია  „მწვანე უბნები ბათუმს“ დაარეგისტრირა. მოქალაქეები ქალაქის რეკრეაციული სივრცეების სახელდებას, სტატუსის მინიჭებას და მათ დაცვას ითხოვენ.

პეტიციის ავტორების ინფორმაციით ამ დროისთვის ბათუმში სტატუსის მქონე მხოლოდ 18  სივრცეა და  ეს რაოდენობა არასაკმარისია ქალაქისთვის. გარდა ამისა,  რეალურად ბათუმს  სტატუსის მქონე მეტი სივრცის არსებობის შესაძლებლობა აქვს.

„ყველანი ვთანხმდებით, რომ დასახლების სიმჭიდროვის და მშენებლობის ბუმის პარალელურად მნიშვნელოვანია არსებობდეს რეკრეაციული სივრცეები, რომლებიც მოსახლეობას დაეხმარება სოციალიზაციაში და მისცემს შესაძლებლობას დამღლელი  სამუშაო დღის შემდეგ  დრო სასიამოვნოდ, მწვანე და სუფთა გარემოში გაატარონ.“- ნათქვამია პეტიციაში.

პეტიციის ავტორებმა ბათუმში მწვანე სივრცეების მოძიებისა და აღწერის მიზნით შექმნეს მონიტორინგის ჯგუფი. ამ ჯგუფის მიერ აღწერილი სივრცეების ჩამონათვალში შედის ისეთი სარეკრეაციო ადგილები, რომლებსაც სტატუსი დღემდე არ აქვს მინიჭებული.

ასეთებია მაგალითად: ხელოვნების მუზეუმთან, დრამატულ თეატრთან, ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებული გამწვანებული სივრცეები. ასევე, კუნძულებად შემორჩენილი რეკრეაციული ტერიტორიები, როგორიცაა:

ჭოროხის დელტა [გონიოს პოლიგონი], ფრიდონ ხალვაშის  გამზირის ნაძვნარი [სამრეწველო უბანი]) ან თუნდაც ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული ხეივანი.

პეტიციის ავტორების ინფორმაციით, ქალაქში სულ  აღრიცხულია 93 სივრცე, რომლებიც მზად არის სკვერის სტატუსის მისანიჭებლად, 7 სივრცე- პარკის სტატუსს იმსახურებს, ხოლო 6 სივრცე – ხეივნის სტატუსს.

პეტიციის მიზანია ბათუმის 14-ვე  უბანში არსებობდეს თანაბარი და ხელმისაწვდომი მწვანე გარემო.

პეტიციით წარდგენილი სივრცეები მოძიებულ იქნა 2020 წელს განხორციელებული სამოქალაქო მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, მონიტორინგის ფარგლებში ჯგუფის წევრებმა ქალაქ ბათუმის 14-ვე უბნიდან გამოავლინეს ის გამწვანებული ტერიტორიები, რომლებიც  შეესაბამებოდნენ სკვერის/პარკის/ხეივნის სტანდარტებს, თუმცა არ ჰქონდათ შესაბამისი სტატუსი და საჭიროებდა კეთილმოწყობას – ნათქვამია პეტიციაში.

მონიტორინგის ჯგუფში მუშაობდნენ: აზა გაბუნია, ქრისტინე გურგენიძე, დარიკო შაინიძე, გიორგი ბოლქვაძე, დავით ხილაძე, თათია ქათამაძე, ნინო ჩხაიძე და ექსპერტები: გიორგი რამიშვილი, დავით ოქრაძე, შიო დემეტრაშვილი, ნათია აფხაზავა.

პეტიციით ითხოვენ ისეთ სივრცეებზე სტატუსის მინიჭებას,  როგორებიცაა:  ხელოვნების მუზეუმთან, დრამატულ თეატრთან, ღვთისმშობლის ეკლესიასთან არსებული გამწვანებული სივრცეები.

ასევე კუნძულებად შემორჩენილ რეკრეაციულ ტერიტორიებზე, როგორიცაა: ჭოროხის დელტა [გონიოს პოლიგონი], ფრიდონ ხალვაშის  გამზირის ნაძვნარი [სამრეწველო უბანი], ასევე ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებული ხეივანი. სულ 93 სივრცე – რომელიც მზად არის მიენიჭოს სკვერის სტატუსი, 7 სივრცე- პარკის სტატუსი, ხოლო 6 სივრცე –  ხეივნის სტატუსი.

 

ბათუმის პორტში გაერთიანებული სამეფოს სამხედრო გემი შემოვიდა

ბათუმის პორტში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდი HMS DEFENDER-ი შემოვიდა.

საპორტო ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის არსებული მჭიდრო თანამშრომლობის დემონსტრირებას.

ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის საზღვაო დანაყოფების წარმომადგენლები, გამოცდილების გაზიარების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ.

შავ ზღვაში ბრიტანული ხომალდ HMS DEFENDER-ისა და საქართველოს სანაპირო დაცვის კატარღების მონაწილეობით ერთობლივი საზღვაო წვრთნები გაიმართება.

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელი HMS DEFENDER (D36) საქართველოს პირველად ესტუმრა. DARING კლასის გამანადგურებელი თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო სისტემებითაა აღჭურვილი.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/550057/

ბათუმში შორეული ნაოსნობის კაპიტნები დააჯილდოვეს

დღეს, 26 ივნისს, მეზღვაურთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბათუმის ნავსადგურთან გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაზე დააჯილდოვეს შორეული ნაოსნობის კაპიტნები და მეზღვაურები.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საზღვაო ტრანსპორტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა შორეული ნაოსნობის კაპიტნები: ოსმან ხინკილაძე, ამირან მგელაძე, კაკო კონცელიძე და ნოდარ გორგაძე.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის ჯილდო გადასცა შორეული ნაოსნობის კაპიტნებს: თეიმურაზ მერკვილაძეს, ამირან წერეთელსა და ბესიკ ბეჟანიძეს.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა საზღვაო სფეროში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა უფროსი მექანიკოსი ზურაბ გაბუნია.

დღესვე, საქართველოს პრეზიდენტის სახელით ღირსების მედლები გადაეცათ საზღვაო დარგის წარმომადგენლებს:

ზურაბ ლაბაძეს, რომელმაც ღია ზღვაში იცურა 50 წლის განმავლობაში და აქედან 43 წელი – კაპიტნის სტატუსით; ეკა სირაძეს – საზღვაო სამართლის სპეციალისტების აღზრდისთვის და თეიმურაზ ქავთარაძეს, რომელიც 30 წლის განმავლობაში უწევდა ტექნიკურ ზედამხედველობას საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებს.

2020 წლის 8 აპრილს ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში ცეცხლმოდებულ გემზე დაღუპვისაგან 12 ადამიანის სიცოცხლე იხსნეს.

ზღვაზე გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისათვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თამარ იოსელიანმა მადლობის სიგელი გადასცა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ARIFE-ს ეკიპაჟის ქართველ წევრებს, რომლებიც წარდგენილნი არიან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ჯილდოზე – BRAVERY AT SEA: გიორგი თუშმალიშვილს, მამუკა დოლიძეს, ზებურ დიასამიძეს, ელგუჯა ნიგალიძეს, არჩილ ცინცაძეს და აჩიკო ბოლქვაძეს.

მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კონტრაქტორს (DAI) შორის, საზღვაო ტრანსპორტისა და ლოგისტიკურ სფეროში მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე. მხარეები მიზნად ისახავენ თანამშრომლობას საქართველოს საზღვაო სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლების, მდგრადი და ინკლუზიური ზრდის მხარდასაჭერად.

ღონისძიების დასასრულს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ მეზღვაურებს და ტრადიციისამებრ შესრულდა გვირგვინის ზღვაში ჩაშვების ცერემონია.

ფოტოზე: კადრი პირდაპირი ჩართვიდან. 

ამავე თემაზე: 

ბათუმში მეზღვაურთა დღე მსვლელობით აღნიშნეს [ფოტო]

 

ბათუმში მეზღვაურთა დღე მსვლელობით აღნიშნეს [ფოტო]

დღეს, 26 ივნისს, ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ტრადიციული საზეიმო მსვლელობით აღნიშნეს.

საზღვაო სასწავლებლების სტუდენტებმა მსვლელობა ბათუმის ნავსადგურისკენ ცენტრალური პარკიდან დაიწყეს.

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
აკადემიის სტუდენტები სადღესასწაულო მსვლელობის დროს ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
აკადემიის სტუდენტები სადღესასწაულო მსვლელობის დროს ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
მეზღვაურთა დღე ბათუმში

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე ბათუმში 2011 წლიდან აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოა. დღესვე სააგენტო დააჯილდოებს საზღვაო სფეროს იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც  საზღვაო დარგის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს.

აჭარაში კოვიდის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 26 ივნისი

დღეს, 26 ივნისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მთავრობის ინფორმაციით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 145 პაციენტი მკურნალობს, მათგან 7 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარის კოვიდსასტუმროებში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 218 ინფიცირებული, რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 621 პირი.

18 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 754 ახალი შემთხვევა

26 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 35 928 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 18 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 255 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე საქართველოში 2562 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 159 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

5804 ადამიანი ვირუსს მკურნალობს საკუთარ სახლში.

25 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.10 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.47%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.33%.

 

გრიბოედოვის ქუჩა გაცალმხრივდა – 3, 7 და 9 ნომერი ავტობუსების მარშრუტი შეიცვალა

ბათუმში გრიბოედოვის ქუჩაზე მოძრაობა 25 ივნისიდან ცალმხრივი იქნება – ჭავჭავაძის ქუჩიდან რუსთაველის ქუჩამდე მონაკვეთში ავტოტრანსპორტი მხოლოდ ამ მიმართულებით იმოძრავებს. ანუ, პირიქით, რუსთაველის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა.

მოძრაობის წესის ცვლილება ბათუმში ახალ სქემას უკავშირდება.

გრიბოედოვის ქუჩის გაცალმხრივების შედეგად, 25 ივნისიდან, იცვლება №3, №7ა და №9 სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მიმართულებაც.

„ცვლილების შესაბამისად, ზემოთხსენებულ სამარშრუტო ხაზებზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსები გორგილაძის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩაზე გადასვლის ნაცვლად, მოძრაობას განაგრძობენ ჯავახიშვილისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების მიმართულებით“ – აცხადებს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“.

დეტალური ინფორმაცია სამარშრუტო ხაზების ცვლილებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ამავე თემაზე:

მოგვარდა საცობების პრობლემა ბათუმში ახალი სატრანსპორტო სქემის შემდეგ?

„რომ შემოვედი და ბატონი არჩილი დავინახე, გამიხარდა“ – მადლობები მერს საკრებულოსგან

„რომ შემოვედი და ბატონი არჩილი დავინახე, გამიხარდა“, „დღეს შესანიშნავი დღეა“, „პანდემიის შემდეგ რაც ჩვენ გადავიტანეთ, მართლა კარგი დღე გვაქვს“, „მივესალმები ქალაქ ბათუმის მერს, შესანიშნავი დღე გვაქვს“ – ასე აღფრთოვანებით შეხვდნენ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ ჩიქოვანს დღეს, 25 ივნისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე.

აღფრთოვანების მიზეზი გაზრდილი ბიუჯეტი იყო.

გაზრდილი ბიუჯეტისთვის, ქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესახებ დაწვრილებით მოხსენებისთვის, კარგი გუნდისთვის, კარგი მუშაობისთვის და ასე შემდეგ – „ოცნების“ უმრავლესობისგან არჩილ ჩიქოვანმა ბევრი მადლობა მიიღო, მას დღეს საკრებულოში ტაშიც დაუკრეს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკრებულოს წევრების ჩართულობა ბიუჯეტის განხილვისას ძირითადად მერისთვის გადახდილი მადლობებით შემოიფარგლა.

ოპოზიცია გაზრდილი ბიუჯეტით კმაყოფილია, მაგრამ მერიის მუშაობით უკმაყოფილო, არჩილ ჩიქოვანმა კი მათ ტრიბუნიდან „ხალხის ოპოზიცია“ უწოდა.

ბათუმის ბიუჯეტი ცვლილების დამტკიცების შემდეგ 48 მილიონით გაიზარდა, მათ შორის 28 მილიონ 766 800 აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერია, 11 მილიონ 807 800 ლარი კი სპეციალური ტრანსფერი. 1 მილიონ ლარზე მეტი ბათუმის ბიუჯეტში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაითვალისწინეს ტრანსფერის სახით, ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში შესყიდული საქონლისა და მომსახურების დღგ-ის 50% გადახდის მიზნით.

„დიდ მადლობას მოგახსენებთ ბატონო არჩილ ასეთი კარგი ბიუჯეტის, ასე დაწვრილებით მოხსენებისთვის… შენიშვნა არა მაქვს, მადლობა მინდა მოგახსენოთ იმ სიკეთისათვის, რაც თქვენამდე ვერავინ ვერ გააკეთა და თქვენ გაითვალისწინეთ, ეს არის ბონი-გარადოკის ტერიტორიაზე ე.წ. შანხაის დასახლებაში სოციალური სახლის მშენებლობის გადაწყვეტილების მიღება და ბიუჯეტში გათვალისწინება. ჩემი და მოსახლეობის სახელით მადლობას გიხდით“- ეს „განსაკუთრებული მადლობა“ მერიის მოვალეობის შემსრულებელმა საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარისგან, გოჩა მგელაძისგან მიიღო.

იმდენად პოზიტიური დღეა, რომ მადლობის თქმა მხატვრულად მინდოდა, გადავიფიქრე, მაგრამ მაინც ვიტყვიო – განაცხადა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნატალია ზოიძემ:

„იმდენად პოზიტიური თემაა, ყველას გვინდა რაღაცის თქმა, კარდიოგრამას რომ შევადარო ჩემი გულისცემა, მინდა ვთქვა, რომ 2016 წლიდან გვქონდა ბიუჯეტის ზრდა და ეს ყოველთვის იყო ჩემთვის სასიამოვნო. პანდემიამ ეს შეაჩერა, თუმცა დღეს არის ულამაზესი ტეხილი გაკეთებული, იმიტომ, რომ ძალიან მსხვილი დანამატია.“

ამ განცხადების შემდეგ ნატალია ზოიძემ არჩილ ჩიქოვანს გუნდი შეუქო – პირადი კომუნიკაციების დროს ძალიან მოკლე, ლაკონურ და შედეგზე ორიენტირებულ პასუხებს გვცემენო. მისი შექება მუნიციპალურმა ინსპექციამაც დაიმსახურა.

საკრებულოს სხდომა

ნატალია ზოიძემ გააჟღერა ასევე ინიციატივა საზოგადოებრივ სივრცეებში ვიდეოკამერების დამონტაჟების საჭიროებაზე ვანდალური ფაქტების აღსაკვეთად.

მადლობის სათქმელად ჩაეწერა მომხსენებელთა სიაში საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ ბესარიონ გოგოტიშვილიც. ბოლოს მრავალშვილიან ოჯახებს რომ ბინები გადაეცით, ძალიან გახარებულები არიან და დიდი მადლობაო – უთხრა მან მერის მოვალეობის შემსრულებელს.

არჩილ ჩიქოვანმა იურიდიული კომისიის თავმჯდომარის დავით მახარაძის პერსონალური მადლობაც დაიმსახურა, მან მერს ერთი ღარიბი ოჯახის დახმარებაც სთხოვა.

მადლობებს დაემატა საკრებულოს წევრის, ნერიმან ცინცაძის განსაკუთრებული მადლობაც:

„ძალიან კარგად მოგვაწოდეთ ბიუჯეტი, მადლობა. ადამიანები, რომლებსაც ეჭვი ეპარებოდათ, დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი ძალიან კარგად გაკეთდება , სოციალურ დაცვაში გადანაწილებულ თანხას აბსოლუტურად ვეთანხმები, ვისურვებდი, რომ ქრონიკული დაავადებულების მქონე პაციენტებს დავეხმაროთ მედიკამენტების შეძენაში“ – თქვა ნერიმან ცინცაძემ.

მერმა მიიღო ასევე საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური კომისიის თავმჯდომარის, ზურა ნაკაიძის განსაკუთრებული მადლობა „ინტენსიური შრომისათვის“ და „ხალხზე მორგებული ბიუჯეტისთვის.“

„პანდემიის შემდეგ რაც ჩვენ გადავიტანეთ, მართლა კარგი დღე გვაქვს, რამ გამოიწვია ეს? – იმან, რომ უკვე დაწყებულია ეკონომიკური ზრდა საქართველოში“ – განაცხადა ზურა ნაკაიძემ.

მერის მოვალეობის შემსრულებელმა მიიღო ასევე საკრებულოს წევრის, მიშა ართმელაძის მადლობა ბიუჯეტის გაზრდისა და „სხვა, კარგი გადაწყვეტილებების“ გამო. მიშა ართმელაძემ არჩილ ჩიქოვანის დანახვით გამოწვეული სიხარულის შესახებაც განაცხადა:

„რომ შემოვედი და ბატონი არჩილი, ასევე ბატონი ედნარი დავინახე, გამიხარდა“ – თქვა მან.

ედნარ ნატარიძე მერიის საფინანსო და ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის უფროსია. ჩიქოვანმა ასევე მიიღო განათლების კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი პატარაძის პერსონალური მადლობა: „მივესალმები ქალაქ ბათუმის მერს, შესანიშნავი დღე გვაქვს!“

საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნოდარ დუმბაძემ გაზრდილ ბიუჯეტს „არჩევნებზე მორგებული“ უწოდა.

„კარგი იქნებოდა ყველა წელს იმართებოდეს არჩევნები საქართველოში, იმიტომ, რომ მაშინ გახსენდებათ მოსახლეობის კეთილდღეობა, გზების დაგება, ინფრასტრუქტურის მოწყობა… ჩანს, რომ ეს არის საარჩევნო ბიუჯეტი, კარგია, რომ ამ ყველაფერს აკეთებთ, მოასწრებთ არჩევნებამდე, იმიტომ, რომ რომ გარდაუვალია თქვენი წასვლა“.

საკრებულოს სხდომა

საკრებულოს ახალი წევრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ნაზი ფუტკარაძე [მან ლევან ანთაძე ჩაანაცვლა] დაინტერესდა, რატომ დააბრუნა ბაღების გაერთიანებამ სამსახურში თანამშრომელი, რომელსაც ბაღიდან პროდუქტის მოპარვაში დასდეს ბრალი:

„ასევე მაინტერესებს, რატომ მიდიან პროფესიონალები სამსახურებიდან და მოდიან ოცნების მხარდამჭერები?“ – იკითხა მან.

მერმა მას უპასუხა, რომ ოპოზიციის რიტორიკას არ აჰყვება:

„ახლა რაც შეეხება ხალხის ოპოზიციას, რომლებიც ვერ მალავენ სიძულვილის ენას, პიროვნულ შეურაცხყოფებს. ეს ძალიან მიუღებელია ჩემთვის, ვერანაირად ვერ აგყვებით რიტორიკაში, პირიქით საქმიანად გაგცემთ პასუხს და გეტყვით, რომ დაწყებული ბაღების გაერთიანებით, დამთავრებული ყველა საკადრო გადაწყვეტილებით ჩვენი მუნიციპალური პოლიტიკა არის გამჭვირვალე.

ყველასთან დაკავშირებით შესაძლებელია კონკრეტული დოკუმენტაციის მოძიება და თუ თქვენს წარმოსახვაში რაიმე ტიპის დარღვევები არის, შესაძლებელია, რომ მიმართოთ შესაბამის უწყებებს. შეურაცხმყოფელ რიტორიკას მე არ ავყვები, გაქვთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ დამნაშავეა ის ქალბატონი? – თქვენ არ ხართ მსაჯული და ვერ იქნებით, ამიტომაც გეძახით  ხალხი ხალხის ოპოზიციას და ძალიან ცუდია, რომ ბათუმის ოპოზიციაც ვიხილეთ დღეს ამ დარბაზში“ – მიმართა მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა ნაზი ფუტკარაძეს.

ბათუმის ბიუჯეტში ცვლილება საკრებულოს უმრავლესობამ ერთხმად დაამტკიცა. წინააღმდეგი მხოლოდ ორი წევრი იყო ოპოზიციიდან.

28 ჰექტარი ბობოყვათში არ გაიყიდა – აუქციონი არ შედგა

ბობოყვათის სანაპიროს გასწვრივ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სარეკრეაციო ზოლში აჭარის მთავრობა 28,5 ჰექტარს ელექტრონული აუქციონით ყიდდა. ქონების საწყისი ფასი 48 მილიონი ლარი იყო ხოლო ბიჯი – 450 000 ანუ თითქმის ნახევარი მილიონი. ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით არცერთი ბიჯი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად აუქციონი არ შედგა.

ამ ნაკვეთების გაყიდვას ბობოყვათში მცხოვრები მოსახლეობა ეწინააღმდეგებოდა. ისინი აცხადებენ, რომ გასაყიდად გატანილი მიწები მათი „მამაპაპისეული საკუთრებაა“. მათ აუქციონის შეწყვეტის მოთხოვნით რამდენიმე აქცია გამართეს.

ეს ტერიტორია განსაკუთრებული რეგულირების ზონას მიეკუთვნება და მისი განვითარებაც წინასწარ განსაზღვრული დეტალური განაშენიანების გეგმით უნდა განხორციელდეს, ეს აუქციონის ერთ-ერთი პირობა იყო.

ნაკვეთი მნიშვნელოვანია ასევე კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით, აქ აღმოჩენილია ანტიკური ხანის დიუნური ნამოსახლარები, თუმცა ტერიტორია სრულად შესწავლილი არ არის.

გასაყიდ ტერიტორიას რამდენიმე კერძო ნაკვეთიც ესაზღვრება, რომლებზეც ორსართულიანი საცხოვრებელი სახლები და მათი დამხმარე ნაგებობებია განთავსებული. თუმცა აუქციონის პირობებში მხოლოდ ერთი სახლის შესახებ იყო მითითებული და იქვე აღნიშნული იყო, რომ ამ ქონების ნაწილი დაკავებულია [შემოღობილია] ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე.

საკადასტრო კოდს, რომელიც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ჰქონდა მითითებული, ორი კერძო საკუთრება ესაზღვრება. მათ შორის ერთი გასაყიდად აუქციონზე გატანილი ქონებით მთლიანადაა შემოსაზღვრული და ამ ქონების გაყიდვის შემთხვევაში, მეპატრონეს, ფაქტობრივად, სხვის ტერიტორიაზე მოუწევდა გავლა სახლში შესასვლელად, ხოლო მეორე სახლი მხოლოდ ნაწილობრივ ესაზღვრება გასაყიდ ნაკვეთს.

გამოაცხადებს თუ არა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ამ ნაკვეთების გასაყიდად განმეორებით აუქციონს, ეს ჯერ არ ვიცით.

ნაკვეთების გაყიდვის პირობებზე დეტალურად წაიკითხეთ აქ:

 

მთავრობა ბობოყვათის სანაპიროზე 28 ჰექტარს ყიდის – საწყისი ფასი 48 მილიონია

„6 665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო თქვენ მაჯაზე გკიდიათ“ – პარლამენტარი პრემიერ-მინიტრს

„6 665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე ბატონო ირაკლი” – ამ სიტყვებით მიმართა დღეს, 25 ივნისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას

„და აგერ არის ის საათი, რომელშიც თქვენ 300 000 ლარი გაქვთ გადახდილი” – დასძინა ხაბეიშვილმა, რომელსაც საათის ფოტოს ქსეროასლი ეჭირა ხელში.

„აი, მაგალითად, 1 ლარი და 50 თეთრი იცით რას აღნიშნავს ბატონო ირაკლი? ან 73 თეთრი? თქვენ თუ არ იცით, მე გეტყვით, რომ 100 000-ობით ჩვენს მოქალაქეს თქვენ ეუბნებით, რომ ყოველდღიურად 1.50 ლარად გამოიკვებონ, სოციალურად დაუცველებს ვგულისხმობ.

73 თეთრად ეუბნებით ომის ვეტერანებს, რომ იკვებონ…  ბატონო ირაკლი, აქ არის 30 000 ლარი, დამრგვალებულია თქვენი ერთი თვის ხელფასი, ყოველდღიურად 1003 ლარს იღებდით თქვენ, თქვენსავე დეკლარაციაში გაქვთ მითითებული, იმ ფონზე როცა 73 თეთრად გინდათ გამოიკვებონ ომის ვეტერანები.

ასევე, 2.5 დოლარი  და 1.9 დოლარი – ეს პენსია და საარსებო მინიმუმია, ამასობაში 425 670 ლარი, აბა, რას გეუბნებათ ბატონო ირაკლი ეს ციფრი? აი, ეს თანხა თქვენ და თქვენმა მეუღლემ გადაიხადეთ ორ ავტომობილში და 71 აღნიშნავს რიცხვს – პოლიციელმა და ჯარისკაცმა ზუსტად ამდენი წელი უნდა ემსახუროს სახელმწიფოს ყოველდღიურად, რომ თქვენნაირი ავტომობილი იყიდოს.

300 000 ლარი და 6665 ადამიანი – ალბათ ამასაც ვერ მიხვდებით რას ნიშნავს. ამდენი, ანუ 6665 ადამიანის ყოველთვიური საარსებო, თქვენ პირდაპირ მაჯაზე გკიდიათ ხოლმე ბატონო ირაკლი და აგერ არის ის საათი, რომელშიც თქვენ 300 000 ლარი გაქვთ გადახდილი. ამაზე ძვირადღირებულიც თუ გაქვთ, არ ვიცი” – განაცხადა ხაბეიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მაჯის საათებზე გასულ წელს რადიო „თავისუფლებამ“ მოამზადა ჟურნალისტური გამოძიება. გამოცემის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილის მაჯის საათების ჯამური ფასი, სავარაუდოდ, ნახევარ მილიონ ლარს აჭარბებს.

როდემდე უნდა ელაპარაკოთ რელიგიურ უმცირესობებს სუს-ის ენით – დეპუტატი პრემიერს

დღეს, 25 ივნისს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საპარლამენტო მოსმენისას დეპუტატებმა კითხვები დაუსვეს. რელიგიურ უმცირესობებთან და ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ.

„როდემდე უნდა ესაუბროთ სუს-ის ენით, საქართველოს მოქალაქე უმცირესობებს და როდის შეძლებთ გასცეთ პოლიტიკური ნება, რომ ბათუმში აშენდეს ახალი მეჩეთი?

ხომ არ ფიქრობთ, რომ რელიგიის სახელმწიფო სააგენტო, რომელსაც 5 მილიონ ლარს ვუხდით წელიწადში, უნდა გაუქმდეს, რადგან არაეფექტურია მისი მუშაობა.

საერთოდ, როდის უნდა დასრულდეს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების გამოძიება, რადგან გახსოვთ ბუკნარის, მარნეულის, დმანისის მოვლენები, ყველგან იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაული“-განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხზე და თქვა, რომ სახელმწიფო ვერ დგამს ქმედით და ეფექტურ ნაბიჯებს ამ მიმართულებით.

„პანდემიის პერიოდში ისიც კი ვერ უზრუნველჰყავით, რომ ინფორმაცია მიგეწოდებინათ ეთნიკური უმცირესობებისთვის, რომ გაეგოთ რა ხდებოდა ქვეყანაში. 1+4 პროგრამის გარდა, თუ გაქვთ რაიმე ახალი მიდგომები ინტეგრაციის პოლიტიკაში დაგეგმილი?“- იკითხა ტარიელ ნაკაიძემ.

დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ქვეყნის განვითარების ათწლიანი  გეგმა წარადგინა.

2-2 ათასი ლარით დააჯარიმა მოსამართლე ტოგონიძემ საპროტესტო აქციაზე დაკავებულები 

„ვერ ვიქნები აქციების წინააღმდეგი, მაგრამ შესაძლებელია აქცია გაიმართოს ისე, რომ არ გადაიკეტოს გზა. პროტესტის გამოხატვა შესაძლებელია ტროტუარზეც,“ – აღნიშნა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ, რომელმაც დღეს, 25 ივნისს, „კარვების გაშლის საქმეზე“ სამი პირი 2-2 ათასი ლარით დააჯარიმა.

მოსამართლემ ადმინისტრაციული საქმისწარმოება შეწყვიტა წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში.

ბათუმში 20 ივნისს საპროტესტო აქციაზე დაკავებული 7 პირის საქმე მოსამართლე ირმა ტოგონიძემ განიხილა, თუმცა დღეს მხოლოდ სამი მათგანის: ბონდო თედორაძის, ასლან ჩოგაძისა და ბადრი ქათამაძის სასამართლო პროცესი დასრულდა. ისინი პოლიციელებმა მაშინ დააკავეს, როცა მათ პროტესტის ნიშნად აჭარის მთავრობის სახლთან კარვების გაშლა გადაწყვიტეს.

სასამართლო სხდომაზე გამოიკვეთა ორი მოწმე პოლიციელის ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა: მაგალითად, ბონდო თედორაძის შემთხვევაში ერთ-ერთი პოლიციელის თქმით, თედორაძე დედის მისამართით იგინებოდა, მეორე მოწმემ კი აღნიშნა, რომ თედორაძე „ჩმორებს“ და „მონებს“ უწოდებდა პოლიციელებს. ბონდო თედორაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია აჭარაში.

პოლიციის მტკიცებულება მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენება იყო. პოლიციას ამ საქმეში ვიდეომასალა, მათ შორის, სამხრე კამერებით გადაღებული ინფორმაცია ან სხვა სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ეს შემთხვევა აჭარის მთავრობის სახლის წინ მოხდა, სადაც არაერთი სათვალთვალო ვიდეოკამერაა დამონტაჟებული.

მოსამართლე ირმა ტოგონიძე კანონის იმ ჩანაწერს დაეყრდნო, რომლის მიხედვითაც, როცა კარავი გზის სავალ ნაწილს კეტავს, საჭიროა მუნიციპალური ორგანოს წინასწარ გაფრთხილება.

მოსამართლეს არ უმსჯელია, იყო თუ არა ვალდებული პოლიცია განემარტა მოქალაქეებისთვის, სად შეეძლოთ კარვების გაშლა. სინამდვილეში აქციის მონაწილეები პოლიციელებს ეუბნებოდნენ, რომ კარავს ტროტუარზე გაშლიდნენ, მაგრამ პოლიციელებმა ამის უფლებაც არ მისცეს.

დამოუკიდებელი იურისტების აზრით, ამ საქმეში მოსამართლეს უნდა შეეფასებინა, რამდენად კანონიერი იყო თავად პოლიციის გადაწყვეტილება, თუმცა ამ ნაწილში მოსამართლე ირმა ტოგონიძემ ეს თქვა: “ვერ შევალ ამ კვლევაში”.

მოსამართლის განმარტებით, პოლიციელების მოქმედების კანონიერება სამართალდამცველების ზემდგომმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ და დაადგინონ: არსებობს თუ არა რომელიმე სამართალდამცველის პასუხისმგებლობის საფუძველი.

„რაც შეეხება წვრილმან ხულიგნობას, ეს არის ცალკე შემადგენლობა,“ – მიმართა პოლიციელებს მოსამართლემ და ნათქვამის საილუსტრაციოდ პოლიციელების ჩვენებები გაიხსენა. მოწმე პოლიციელებმა სასამართლოში თქვეს, რომ დაკავებულებმა მას შემდეგ დაიწყეს შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენება, როცა მათ პოლიციელებმა მოუწოდეს კარვები არ გაეშალათ.

“რომ იგინება უმისამართოდ?” – სიტყვა შეაწყვეტინა მოსამართლეს უკმაყოფილო პოლიციელმა.

“ეს უნდა დგინდებოდეს,” – მოკლედ თქვა მოსამართლემ და სხდომა დახურულად გამოაცხადა.

პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით ურეკში 13 ადამიანი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ურეკში 13 ადამიანი დააკავა, რომლებსაც ბრალად პოლიციაზე თავდასხმა ედებათ. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შს სამინისტროს ინფორმაციით, ერთ-ერთი პირი პოლიცამ ადმინისტარციული წესით მაშინ დააკავა, როდესაც მოქალაქეები ხანძარს აქრობდნენ, ერთ-ერთი იქ მყოფი კი ხანძრის ჩაქრობას ხელს უშლიდან.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 ივნისს, ოზურგეთის რაიონული სამმართველოს ურეკის პოლიციის განყოფილების თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის, დაბა ურეკში 1988 წელს დაბადებული შ.ლ. დააკავეს და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით, პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ დაკავებულის ნაცნობები, პოლიციის თანამშრომლებს თავს დაესხნენ და სიტყვიერი, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირები ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აცხადებს შსს.

პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ბათუმის მერიამ კაზინოებიდან შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი გაზარდა

ბათუმის მერიამ 2021 წლის ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლებში ცვლილებები ასახა. ცვლილების მიხედვით სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 5 მილიონ 410 000 ლარით გაიზარდა. მერის განმარტებით, ცვლილება საანგარიშო პერიოდში შესრულების  მაჩვენებლებმა განაპირობა.

„პანდემიის პირობების გათვალისწინებით იყო დაგეგმილი ბიუჯეტი, თუმცა შემოსულობების მიხედვით პროგნოზი გავზარდეთ“, – განმარტა არჩილ ჩიქოვანმა.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელის, ედნარ ნატარიძის ინფორმაციით, შემოსულობები სათამაშო ბიზნესიდან ამ დროისთვის 5 მილიონზე მეტია.

პანდემიით გამოწვეული შეზღუდვის შემდეგ აჭარაში კაზინოები პირველი მარტიდან გაიხსნა, შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 24 თებერვალს მიიღო. გასული წლიდან საქართველოში აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება დასაშვები იყო მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

კაზინოებისა და სხვა სათამაშო ბიზნესის მუშაობის გაჩერების გამო ბათუმის ბიუჯეტმა 2020 წელს 30 მილიონზე მეტი ლარის შემოსავალი დაკარგა.

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 25 თებერვლიდან – მოკლედ

ბსუ-ს კანცლერის არჩევნები 1 კანდიდატით

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერობა მხოლოდ ერთ კანდიდატს სურს. განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა. კანცლერს 4 წლის ვადით ირჩევენ და მისი ჯამაგირი თვეში დარიცხვით 3120 ლარია.

იაკინთე ჩხარტიშვილი ამჟამად აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილეა და თითქმის იმდენივე ხელფასი აქვს, რაც ბსუ-ს კანცლერს.

კანცლერობის ერთადერთ მსურველს, იაკინთე ჩხარტიშვილს 2018 წელს აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრობა სურდა და აღმოჩნდა, რომ მას მაგისტრთან გათანაბრებული დიპლომი არ ჰქონდა. აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობისთვის მაგისტრის ხარისხია საჭირო.

მაგისტრის ხარისხი არაა საჭირო უნივერსიტეტის კანცლერის პოზიციაზე. ამ პოზიციაზე მხოლოდ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ითხოვენ, რაც საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, იაკინთე ჩხარტიშვილმა უკვე წარადგინა.

ბსუ-ს კანცლერს უნივერსიტეტის 11-წევრიანი აკადემიური საბჭო ირჩევს და წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს.

ერთკანდიდატიანი არჩევნებ ბსუ-ში 28 ივნისს გაიმართება.

იაკინთე ჩხარტიშვილი, კადრი აჭარის ტელევიზიის ვიდეომასალიდან

ბსუ-ში კანცლერის პოზიცია 7 ივნისიდან არის ვაკანტური, როცა წინა კანცლერს, ალექსანდრე მითაიშვილს იმპიჩმენტი მოუწყვეს. ალექსანდრე მითაიშვილიც ერთადერთი კანდიდატი იყო, როცა ის 2019 წელს უნივერსიტეტის კანცლერი გახდა.

მცირედმხედველი ბიჭი, რომელიც ფსიქოლოგობაზე ოცნებობს

ავტორი: მარიამ ლომაძე

გასაოცარი იყო, როცა დავინახეთ, რომ ლიოვა შეხვედრაზე მარტო, დამოუკიდებლად მოვიდა. ვკითხეთ რაიმე პრობლემა ხომ არ შეჰქმნია გზაში.

ადამიანებს ხშირად უკვირთ, როცა მარტო მოსიარულეს მხედავენო – მითხრა.

„პირველად 2018 წ-ში დავიწყე ნელ-ნელა, უბნის გარეთ გასვლა. რა თქმა უნდა, თავიდან ჩემი მეგობარი მეხმარებოდა, რადგან მეშინოდა, მაგრამ დროდადრო ეს შიშის გრძნობაც დავძლიე. დღისით რამოდენიმეჯერ გავდივარ ერთსა და იმავე ადგილას და შემდგომ ინსტიქტურად, ასე რომ ვთქვათ ზეპირად ვმოძრაობ“.

  • ლე ისტორია რომ მოგვიყვეთ თქვენს შესახებ?

პირველი ოთხი წელი მე ვსწავლობდი ბათუმის მე-10-ე სკოლაში, შემდეგ უკვე დედაჩემმა გაიგო 202-ე უსინათლოთა სკოლის შესახებ რომელიც თბილისში მდებარეობს და მე-5-ე კლასიდან 12 კლასის ჩათვლით იქ ვსწავლობდი. იქ ცხოვრებამ ძალიან განმავითარა შინაგანად და გონებრივად, ბევრი რამ დამანახა, მომცა სხვადასხვა შესაძლებლობა სწავლის მხრივ. აქ ბათუმში კი ნაკლებად. უსინათლოთა სკოლაში შეიძლება ითქვას, თავი უფრო მიღებულად ვიგრძენი.

  • ოჯახისგან მოშრებით ყოფნამ რამდენად იმოქმედა თქვვენზე?

თავიდან ძალიან მიჭირდა, ვტიროდი კიდეც, როცა მე5 კლასში ვიყავი. რთული იყო უცხო გარემოში საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, მიუხედავად იმისა, რომ იქ სხვა ბევრი ჩემნაირი ბავშვი იყო.

  • სკოლის დამთავრების შემდეგ, რა იყო თქვენი მიზანი?

მინდა გავხდე ძლიერი ფსიქოლოგი. წელს უკვე მესამედ ვაბარებ, მაგრამ არ ვნებდები. სანამ ადამიანი არ ნებდება, ის თავის ბედზე ძლიერია. ასე რომ დრო არ დამიკარგავს დარდში. ვფიქრობ რაც უკვე მოხდა ამის გამო ნერვიულობა არ ღირს. ვთვლი რომ ადამიანებს უჭირთ ერთმანეთის გაგება და არც საკუთარ თავს იცნობენ კარგად, ამიტომაც გაფავწყვიტე ამ პროფესიის არჩევა, რათა დავეხმარო მათ.

  • როგორ ემზადებოდი, ხელმისაწვდომი იყო თუ არა თქვენვის საჭირო წიგნები ?

მასწავლებელი კითხულობდა მასალას, მე კი ტელეფონით ვიწერდი და შემდეგ ვსწავლობდი. წიგნებს რაც შეეხება პდფ ფორმატით ვიწერ და ხმონავი პროგრამით ვკითხულობ, მაგრამ მოუხერხებელია ჩემთვის, მითუმეტეს მობილურით. ძალიან ბევრი წიგნი კი საერთოდ ვერ გადმომიწერია რადგან არ არის ხელმისაწვდომი პდფ ფორმატში, თან გააჩნია ენას, ზოგჯერ პროგრამა ვერ კითხულობს. ამიტომაც ჩემთვის რაც საჭირო და შემდგომში უნივერსიტეტშიც მოსახერხებელი იქნება, ესაა პორტატული სისიტივი. ეს არის ტექნიკა, სადაც შეგიძლია მოათავსო ნებისმიერი წიგნი, დაასკანერო და ეკრანზე გამოსახო, შემდეგ კი ხმოვანი პროგრამით გაეცნო მასალას. საქართველოში როგორც ვიცი არ იყიდება, უცხოეთიდან უნდა გამოიწერო, რაც ძალიან ძვირია. მე პირადად ვერ შევიძენ, მაგრამ ვფიქრობ სახ.ფო ვალდებულია ეს ტქენიკა გადმომცეს, რათა შევძლო ხარისხიანი განათლების მიღება.

  • როგორ ფიქრობ საზოგადოებისთვის ცნობილია თუ არა უსინათლო ადამიანების პრობლემების სახებ ?

ვფიქრობ საზოგადოებამ ჩვენს შესახებ ნაკლებად იცის, რადგან ცოტა ადამიანი აჩენს თავს, ესეც ნაწილობრივ მშობლებზეა დამოკიდებული. ბევრს ურჩევნია თავისი შვილი სახლში დატოვოს, თვითონ მოუაროს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ადამიანები გარემოსგან მოწყვეტილები რჩებიან და შესაბამისად ვერ ავლენენ და არც იციან თავიანთი შესაძლებლობები.

  • რას შეცვლიდი საზოგადოების ცნობიერებაში ?

შიშს. მქონია შემთხვევა როცა ადამიანნთან ურთიერთობას ვიწყებ, ჰგონია რომ რაღაც მხრივ მე მასზე დამოკიდებული ვიქნები. რა თქმა უნდა ვუხსნი რომ გარემოს ნელ-ნელა ვეჩვევი და ვსწავლობ დამოუკიდებლად გადაადგილებას, მაგრამ ეს ბარიერი მაინც ჩნდება, რის გამოც გაუწყვიტავთ ჩემთან ურთიერთობა. არ მომწონს დამოკიდებულება როცა ვიღაცას ვეცოდები, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა რეალურად რაც არის ესაა როცა ფიქრობენ რომ, თუ მხედველობა გაქვს შეზღუდული ესეიგი გონებრივი შეზღუდვებიც გაქვს. ამიტომ მინდა დავანახო ხალხს – მხედველობის პრობლემა არ რეაგირებს გონებაზე და შეიძლება იმაზე მეტი შემიძლია, ვიდრე მათ წარმოუდგეიათ. არასდროს განსაზღვრონ პიროვნულობა მხედველით ან არამხედველით. ვფიქრობ საზოგადოება ამ პრობლემებს დიდად ვერ იგებს, თუ უშუალოდ ნათესავი ან ახლო ადამიანი არ ყავს უსინათლო.

არ მსურს ამ ქალაქში ცხოვრება და ამის მიზეზი ზუსტად ეს სტერეოტიპული მიდგომებია, თუნდაც ელემენტარული საკითხისადმი. ბევრი რამ არ ესმით და რაღაცნაირად ჩაკეტილები არიან. კარგად რომ გაიგოთ გეტყვით რომ აქ მხოლოდ ერთი მეგობარი მყავს და ერთიც კიდევ კახეთში.  როცა ეზოში ჩავდივარ და უბნელებთან ჩემი აზრი გამომიხატავს ან რაღაც თემაზე შევწინააღმდეგებივარ აზრების მხრივ, უთქვამთ რომ “აუ რა კაცია”   “რა ტიპია” ან კიდევ “რა მაგრად თქვი, ტაში” თითქოს მე მათზე პატარა ვიყო.

  • ყველაზე მეტად საზოგადოების მხრიდან, როგორი დამოკიდებულება გაბრაზებთ?

უიმედობა. ვერ შეძლებ, არ გინდა… ეს დამოკიდებულება ხალხის. ენერგეტიკულად ვგრძნობ დამოკიდებულებას ადამიანების მხიდან, არც მოტივაციას რო არ გაძლევენ და არც კარგ რამეს გეუბნებიან, ეგ უკვე ნეგატივია და იმის მიმანიშნებელია, რომ იმედი არ აქვთ. მე უნდა დავანახო რომ შემიძლია მეტი ვიდრე წარმოუდგენიათ. ყველა უფროსზე შეიძლება არც იმოქმედოს მაგრამ მომავალი თაობა აუცილებლად დაინახავს რომ შემიძლია.

  • როგორ ფიქრობთ სახელმწიფო ასრულებს თავის ვალდებულებას თქვენთან მიმართებაში ?

რაღაც მხრივ კი ასრულებენ, ყოველ შემთხვევაში თბილისში არის ხელმისაწვდომი ტექნიკა, წიგნები ბრაილის შრიფტით, მაგრამ ძალიან ცოტა. სკოლა სადაც მე ვსწავლობდი მესამე სართული თითქმის გაურემონტებელი იყო. რაც შეეხება ბათუმს აქ საერთოდ არაფერს აკეთებენ. ბავშვები რომლებიც მცირედ მხედველები არიან, სწავლობენ ჩვეულებრივ საჯარო სკოლებში და არ აქვთ მათთვის შესაბამისი პირობები. კი სახელმწიფო ზრუნავს იმისთვის, რომ შშმ პირებმა უფასოდ ჩააბარონ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ მეტი არ უნდა მოვითხოვოთ.

  • დასაქმების პრობლემა თუ გქონიათ?

როდესაც ვფიქრობდი რესტორანში მიმტანად მუშაობას ან თუნდაც მაკდონალდსში.მივხდი რომ ვერ შევძლებდი სწრაფად რეაგირებას დ დანახვას რაც შემდეგ პრობლემას შექმნიდა. ჩემმა მეგობარმა თბილისში მითხრა რომ არის ონლაინ სამსახური შშმ პირებისთვის, ორგანიზაციაა სადაც რეგისტრირდები და შემდეგ გვერდებს იწონებ, აზიარებ, და ანზღაურება 350 ლარს შეადგენს. ეს სამსახური უნივერსიტეტშიც გამომადგება რადგან დღეში 3 საათის დათმობა მომიწევს.

  • და ბოლოს რომ გვითხრათ, ლიოვა,  რა არის თქვენი მამოძრავებელი ძალა?

იმედი, რომელსაც ვცდილობ არასდროს არ დავკარგო. იმედი მაქვს რომ ყველა სტერეოტიპი ნელ-ნელა აღმოიფხვრება და ადამიანები უკეთ შევძლებთ ერთმანეთის გაგებას.

_____________________

82,5 ტონა ქათმის ხორცსა და 2 ტონამდე პომიდორში საბაჟოზე მავნე ორგანიზმი გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე – „სარფსა“ და „ფოთის პორტში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა სასაზღვრო კონტროლის პროცედურების ჩატარებისას იმპორტის მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტები გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოტანილი იქნა სხვადასხვა სახის ხილ-ბოსტნეული. ფიტოსანიტარის მიერ, ტვირთის იდენტურობისა და მცენარეთა სიჯანსაღის კონტროლის განხორციელებისას, 1952 კილოგრამ პომიდორს აღმოაჩნდა საკარანტინე მავნე ორგანიზმი. საქართველოს მთავრობის N463-ე დადგენილების თანახმად, აღნიშნული საქონელი განადგურებას დაექვემდებარა.

იმპორტის პირობებთან შეუსაბამობის მეორე ფაქტი, რომელიც საბაჟო გამშვებ პუნქტში – „ფოთის და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, გამოვლინდა, შეეხება 82 500 კილოგრამ ქათმის გაყინულ ხორცს.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ტვირთის ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის ჩატარებისას, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დადასტურდა ჯანმრთელობისთვის საშიში მავნე ორგანიზმი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ბრძანებით, პროდუქტის მწარმოებელ კომპანიას შეუჩერდა საქართველოში იმპორტის უფლება ერთი წლის ვადით, ხოლო ტვირთი, საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად, დაექვემდებარა გადამუშავებას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით.

კოვიდვაქცინების 3%-იანი დანაკარგი გვაქვს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის ვაქცინების 3% დანაკარგი გვაქვს.

„ყველაზე მეტი დანაკარგი გვაქვს „ასტრაზენეკასი“, „ფაიზერის“ ნული მთელი რაღაც ნაწილია დაკარგული, სადღაც 95 დოზაზეა საუბარი და ყველაზე ნაკლები დანაკარგი გვაქვს „სინოფარმის“ და „სინოვაკის“.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რესპუბლიკურში 2%-მდეა ვაქცინების დანაკარგი.

ეს დანაკარგი იმას კი არ ნიშნავს, რომ სადღაც დაიკარგა, არამედ როცა გაიხსნა და იმაზე ნაკლები ადამიანი მოვიდა, ვიდრე უნდა აცრილიყო, გახსნილი დოზა გამოუსადეგარი გახდა,“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ დააზუსტა მასობრივ იმუნიზაციასთან დაკავშირებული დეტალები და განაცხადა, რომ მასობრივი იმუნიზაცია, რომელიც ივლისიდანაა დაგეგმილი, „ფაიზერით“, „სინოვაკითა“ და „სინოფარმით“ დაიწყება.

„რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, მათ შორის „ჯონსონი და ჯონსონი“, მისი შემოტანა ძირითადად შემოდგომაზეა გათვალისწინებული“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ დაასწრებს მასობრივი იმუნიზაციის პროცესს სხვადასხვა შტამის გავრცელება, გამყრელიძე იმედოვნებს, რომ არა.

სად აშენდება ბათუმში 3 ახალი საბავშვო ბაღი

ბათუმის ბიუჯეტში 25 ივნისს, დამტკიცებული ცვლილება სამი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობას ითვალისწინებს. ამ დრომდე 2021 წლის ბიუჯეტში არც ერთი ბაღის მშენებლობა გათვალისწინებული არ იყო, მიუხედავად იმისა, რომ წელს ბათუმში ბაღის გარეშე 1 659  ბავშვი დარჩა.

მშობლების უმეტესობამ ადგილების არარსებობის გამო არამხოლოდ თავის საცხოვრებელ უბანში, ქალაქის სხვა ბაღებშიც ვერ მიიყვანა ბავშვი.

დედა, როდის წამიყვან ბაღში? – 4 წლის ენრიკე რიგში 58-ეა, რატომ არ შენდება ახალი ბაღები

დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მერმა ხაზი გაუსვა ინფორმაციას, რომ შეცვლილი ბიუჯეტი სამი ახალი ბაღის მშენებლობის დაწყებას ითვალისწინებს. თუმცა მოგვიანებით ჟურნალისტებთან საუბარში მან დაადასტურა, რომ სამი ბაღი პრობლემის მოგვარებისთვის საკმარისი არ იქნება.

იმის გათვალისწინებით, რომ ახალი ბაღის მშენებლობას, მოწყობასა და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვას მინიმუმ 2 წელი სჭირდება, ბაღების დეფიციტის პრობლემა დღის წესრიგში მწვავე პრობლემად დარჩება მომავალ სასწავლო წელსაც.

შეცვლილი ბიუჯეტის მიხედვით, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაიწყება:

  • ქათამაძის ქუჩაზე N32-ის მიმდებარედ – დაფინანსება 500 000 ლარი. საერთო ჯამში კი ბაღის მშენებლობისთვის გათვალისწინებული იქნება 2 მილიონ 626 000 ლარი. მერის განმარტებით, ამ ქუჩაზე ახალ ბაღს არსებულის დემონტაჟის ხარჯზე ააშენებენ.
  • ბაგრატიონის ქუჩაზე, #127-ში – ბაღის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. დაფინანსება მიმდინარე ბიუჯეტში 500 00 ლარია. საერთო ჯამში ბაღის მშენებლობისთვის 2 მილიონ  626 000 ლარი დაიხარჯება.
  • მეზღვაურის ქუჩაზე – დაფინანსება მიმდინარე წლის ბიუჯეტში 500 000 ლარი. საერთო ჯამში ამ პროექტს 4 მილიონი ლარი დასჭირდება.

მერია საბავშვო ბაღების შენობების მშენებლობისა და კაპიტალური რეაბილიტაციის სამუშოების ტექნიკური ზედამხედველობის სამუშაოებსაც შეისყიდის.

როგორი სათამაშოების გაყიდვა იკრძალება პირველი ივლისიდან – ახალი წესი

პირველი ივლისიდან საქართველოში მხოლოდ უსაფრთხო სათამაშოები უნდა გაიყიდოს. შესაბამისად, იკრძალება ისეთი სათამაშოების გაყიდვა, რომლებიც არ აკმაყოფილებს სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს.

ტექნიკური რეგლამენტი 2021 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მთავრობამ ეს დრო 2021 წლის პირველ ივლისამდე გადაავადა.

ამ რეგლამენტით, რომელიც მთავრობამ 2020 წლის 20 იანვარს დაამტკიცა, სათამაშოების მიმართ დადგენილია სპეციალური უსაფრთხოების მოთხოვნები; ასევე ვალდებულებები – სათამაშოების მწარმოებლების, იმპორტიორებისა და რეალიზატორების მიმართ.

2021 წლის 23 ივნისს მთავრობამ ამ რეგლამენტში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, თუ რა არის მეორეული სათამაშო. ამასთან, მეორეული სათამაშოს იმპორტიორებს გარკვეული ვალდებულებებიც დააკისრეს.

მაგალითად, „მეორეული სათამაშოს იმპორტიორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის მეორეული სათამაშო, რომელიც შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებს. იმპორტიორი ვალდებულია მეორეული სათამაშოს იმპორტის შემდეგ, ბაზარზე განთავსებამდე მოახდინოს იმ ქიმიური, ფიზიკური, მექანიკური, ელექტრული, აალებადობის, ჰიგიენური და რადიოაქტიური საფრთხეების ანალიზი, რომლებსაც შესაძლოა იწვევდეს სათამაშო და შეაფასოს ასეთი საფრთხეების პოტენციური ზემოქმედება“.

ვალდებულებები დაეკისრათ დისტრიბუტორებსაც. მაგალითად, „მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორი ვალდებულია – თუ მიაჩნია ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მეორეული სათამაშო არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს – არ განათავსოს მეორეული სათამაშო ბაზარზე, სანამ შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. მეორეული სათამაშოს დისტრიბუტორი, რომელსაც მიაჩნია ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ მის მიერ ბაზარზე განთავსებული მეორეული სათამაშო არ აკმაყოფილებს შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიიღოს საჭირო მაკორექტირებელი ზომები აღნიშნული მეორეული სათამაშოს შესაბამისობაში მოსაყვანად, საჭიროების შემთხვევაში განახორციელოს მისი ამოღება ან გამოთხოვა“.

რეგლამენტში შეტანილი ცვლილებით, რეგლამენტის მოთხოვნები სათამაშო წიგნებზე გავრცელდება 2022 წლის 1-ლი იანვრიდან.

რეგლამენტის მიხედვით კი, „სათამაშო წიგნია“ პროდუქტი, რომელსაც აქვს წიგნის მახასიათებლები, ასევე განიხილება სათამაშოდ (სათამაშო წიგნი), მათ შორის: ა) ნაჭრის ხმოვანი წიგნი, მარტივი სურათებით/ნახატებით; ბ) პლასტიკური მასალის წიგნი, მარტივი სურათებით; გ) ტრანსფორმირებადი წიგნი დასაკეცი და გასაშლელი ელემენტებით; დ) გასაფერადებელი წიგნი; ე) წიგნი ხელშესახები (სენსორული) ელემენტებით; ვ) ხმოვანი წიგნი, მარტივი სურათებით/ნახატებით, რომელიც შეხების შედეგად რეაგირებს (შეხება და მოსმენა); ზ) სტიკერებიანი წიგნი, მარტივი სურათებითა და ტექსტით; თ) წიგნი, რომელსაც თან ახლავს სათამაშო“.

სათამაშოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტით:

მწარმოებელი 2021 წლის პირველი ივლისიდან ვალდებული იქნება, უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ ისეთი სათამაშოს განთავსება, რომელიც დაპროექტებული და დამზადებულია დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და თან ერთვის შესაბამისობის დეკლარაცია.

სათამაშოების იმპორტიორი კი, 2021 წლის პირველი ივლისიდან ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურს და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „სათამაშოს იმპორტის წინასწარი შეტყობინება“.

ტექნიკური რეგლამენტით სათამაშოების მიმართ დადგენილია სპეციალური უსაფრთხოების მოთხოვნები; სათამაშოების ფიზიკური და მექანიკური მახასიათებლები, მოთხოვნები სათამაშოს აალებადობის, ქიმიური, ელექტრული თვისებების მიმართ; ჩამოთვლილია ის ალერგიულ-არომატული ნივთიერებები, რომლებსაც არ უნდა შეიცავდეს სათამაშო.

რეგლამენტით განსაზღვრულია სათამაშოების ჰიგიენასთან დაკავშირებული და რადიოაქტიურობის მიმართ მოთხოვნები, ასევე კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური ნივთიერებებისა და მათი დაშვებული გამოყენების სია.

უფრო დეტალურად ნახეთ ბმულზე:

ევროსტანდარტების მიხედვით საბავშვო სათამაშოებმა ექვსი ტიპის შემოწმება უნდა გაიაროს

 

როლანდ ნოღაიდელის გულის გადანერგვის ოპერაციისთვის თანხა სრულად შეგროვდა

განახლებული ინფორმაცია: ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში მცხოვრები 45 წლის როლანდ ნოღაიდელის გულის გადანერგვის ოპერაციისთვის საჭირო თანხა – 100 000 დოლარი სრულად შეგროვდა.

დღეს, 25 ივნისს,  „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ როლანდ ნოღაიდელის ოპერაციის სრული თანხის შესაგროვებლად საჭირო იყო კიდევ 8 ათასი დოლარი. მასალის გამოქვეყნებიდან მალევე „ბათუმელებს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, რომ თორნიკე რიჟვაძის გადაწყვეტილებით, როლანდ ნოღაიდელის ოპერაცია აღნიშნული თანხით დაფინანსდება  აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო როლანდ ნოღაიდელის გულის გადანერგვის ოპერაციას 200 ათასი ლარით დააფინანსებს.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, როლანდ ნოღაიდელი გარკვეულ დაფინანსებას ჯანდაცვის რეფერალური პროგრამითაც მიიღებს.

„ახლახან აჭარის ბიუჯეტში შევიდა ცვლილება და ამ ცვლილების საფუძველზე, საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების პროგრამას დაემატა ახალი კომპონენტი, გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება საზღვარგარეთ. ერთ პაციენტზე გათვალისწინებულია 200 ათასი ლარი. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში დაუფინანსდება როლანდ ნოღაიდელს გულის ტრანსპლანტაცია. გარდა ამისა, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო, რეფერალური პროგრამის ფარგლებში, დაახლოებით 32 ათასი ლარით დააფინანსებს ნოღაიდელს. რაღაც ნაწილის შევსება მას შესაძლოა დასჭირდეს თვითმმართველობის ბიუჯეტიდანაც. თუმცა, როგორც ვიცით, თანხის გარკვეული ნაწილის შეგროვებას რონალდ ნოღაიდელი საზოგადოებისგანაც ელოდება“, – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

როლანდ ნოღაიდელს გარკვეული თანხით მოქალაქეებიც დაეხმარნენ.

რონალდ ნოღაიდელს დილატაციური კარდიომიოპათია აქვს და მას გულის გადანერგვის ოპერაცია ბელორუსში უნდა  ჩაუტარდეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ნოღაიდელის გარდა გულის ტრანსპლანტაცია კიდევ ორი ადამიანს სჭირდება.

_______________

გაზზე მომუშავე მოწყობილობების გაძვირება სექტემბრამდე გადაიდო

საქართველოს მთავრობამ აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების ვადა კიდევ ერთხელ გადაწია. რეგლამენტი, რომელიც ასეთი მოწყობილობების უსაფრთხოების მიზნით იქნა შემუშავებული, 2021 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება.

ბიზნესი, რომელიც ასეთი მოწყობილობებით ვაჭრობს, აცხადებდა, რომ რეგლამენტის ამოქმედება სამმაგად და მეტად გააძვირებდა ბაზარზე პროდუქციის [უკვე შემოტანილი თუ ქსელში გატანილი შესაბამისი მოწყობილობების] ფასს. რეგლამენტი 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო.

მთავრობის ახალი დადგენილებით კი, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები აღარ გავრცელდება იმ მოწყობილობებსა და საამწყობრო ნაწილებზე, რომელთა საქართველოში შემოტანა განხორციელდა 2021 წლის 1-ელ სექტემბრამდე.

ანუ, საქართველოში დღეს არსებული და სექტემბრამდე შემოტანილი პროდუქციის ფასი, იმის გამო, რომ ისინი შესაბამისობაში მოვიდეს რეგლამენტის მოთხოვნებთან, წესით, არ უნდა გაძვირდეს. ვინაიდან მათზე რეგლამენტის მოთხოვნები უბრალოდ არ გავრცელდება.

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით:

აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობებია: მოწყობილობა, რომელიც წვავს აირს და გამოიყენება საკვების მომზადების, გაციების, ჰაერის კონდიცირების, სივრცის გათბობის, ცხელი წყლის გენერირების, განათების ან რეცხვისთვის, ასევე ფორსირებული წვის ღუმელები და ის გამათბობლები, რომლებიც აღჭურვილია ამგვარი ღუმელებით;

საამწყობრო ნაწილებია: უსაფრთხოების მოწყობილობები, მართვის მოწყობილობები ან მარეგულირებელი მოწყობილობები და კვანძები, რომლებიც დამზადებულია მოწყობილობაში ინტეგრირებისთვის ან დამოუკიდებლად ასაწყობად მოწყობილობის ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით.

ტექნიკური რეგლამენტი ჯერ 2021 წლის 1-ლი იანვრიდან, შემდეგ კი 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო.

ოპოზიციონერი პოლიციელებს: “ჩვენ გავიკეთებთ აწი სამხრე კამერებს” – კარვების გაშლის საქმე

„არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკების კანონიერ მოთხოვნას,“ – ასე დაიწყო „კარვების გამო მოქალაქეების დაკავების საქმის“ გახსენება პოლიციელმა სასამართლო სხდომაზე, რომელიც დღეს, 25 ივნისს, შედგა. პოლიციელების თქმით, აქციის მონაწილეები 20 ივნისს გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას და შენობის პიკეტირებას აპირებდნენ კარვების გაშლით.

თუმცა აქციის მონაწილეებს და არც ჟურნალისტებს 20 ივნისს აქციაზე არ გაუგიათ ამ მიზეზის შესახებ. იმ დღეს პოლიციელებს „ბათუმელებმა“ არაერთხელ ჰკითხა, რატომ არ მისცეს მოქალაქეებს კარვების გაშლის უფლება, მაგრამ განმარტება ვერც ერთხელ ვერ მივიღეთ.

დღეს, 25 ივნისს, მოსამართლე ირმა ტოგონიძე აჭარის მთავრობის სახლის წინ აქციაზე დაკავებულების საქმეს განიხილავს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები 20 ივნისს აჭარის მთავრობის სახლთან მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ ისინი კარვების გაშლას აპირებდნენ. პოლიციას აქციის მონაწილეებისთვის არ განუმარტავს, რატომ შეუზღუდეს მათ კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება. პოლიციელებმა აქციის მონაწილეებს კარვები ჩამოართვეს და 7 პირი დააკავეს წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ერთი დაშავებული კი, კლინიკაში გადაიყვანეს.

20 ივნისს საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებული ძმების: წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები. აქციის მონაწილეები ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით იდევნებიან – ბრალდებულები ენმ-ს აქციებში მონაწილეობდნენ. საუბარია ასევე ე.წ. ზონდერჯგუფის შექმნაზეც, რასაც ერთ-ერთი ბრალდებულის, ფირუზ წულუკიძის თქმით, თორნიკე რიჟვაძის მამა  სთავაზობდა მათ.

პირველად ირმა ტოგონიძემ ბონდო თედორაძის საქმე განიხილა. ის დაკავებიდან მეორე დღეს გაათავისუფლეს, რადგან იმ დროისთვის ადვოკატმა საქმის გაცნობა ვერ მოასწრო.

„ვითხოვთ საქმისწარმოების შეწყვეტას, რადგან ოქმი შედგენილია დაკავებიდან მეორე დღეს – 21 ივნისს და იგი არ არის შედგენილი დამკავებელი პირის მიერ,“ – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ.

„მუხლი მიმითითეთ, რის საფუძველზე მიგაჩნიათ, რომ ეს კანონდარღვევაა?“ – ადვოკატს მიუბრუნდა მოსამართლე და მას შემდეგ, რაც ადვოკატმა კანონის კონკრეტული ნორმა ვერ დაასახელა, დასძინა:

„არ არსებობს ასეთი მუხლი და იმიტომ გეუბნებით, 2 თვის განმავლობაში შეიძლება,“ – თქვა მოსამართლე ირმა ტოგონიძემ.

„ჩემი პოლიტიკური აქტივობის გამო დამაკავეს,“ – უთხრა მოსამართლეს ბონდო თედორაძემ, ვისაც სამართალდარღვევის ჩადენას ედავება პოლიცია. ის „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია აჭარაში.

„ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაივლოს ზღვარი, სად ირღვევა კანონი და სად არის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება… ასე ყოველთვის იტყვის პოლიცია, როცა მას რომელიმე პოლიტიკოსი არ მოსწონს, რომ იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ და გაკავებენ,“- თქვა ბონდო თედორაძემ.

ბონდო თედორაძემ პოლიციელებს სასამართლო პროცესზე უთხრა, რომ მათგან არ მოუსმენია განმარტება, რის უფლება ჰქონდათ ან არ ჰქონდათ აქციის მონაწილეებს კარვების გაშლის დროს.

კანონით კარვის გაშლა ნებისმიერ საჯარო სივრცეში შეიძლება, თუმცა საჭიროა 5 დღით ადრე მუნიციპალიტეტის გაფრთხილება. თუ ეს გაფრთხილება არ არსებობს, მაშინ კარავი უნდა გაიშალოს ისე, რომ მან ადმინისტრაციული ორგანოს ბლოკირება არ გამოიწვიოს და სავალი ნაწილის ჩაკეტვა.

“ბათუმელების” ლაივშიც ვიყავი, როცა მანქანისკენ მივყავდი, ვეკითხებოდი პოლიციელებს, რატომ მაკავებთ-მეთქი და პასუხი არ გამცენ. ეს ჩანს ლაივში. მე ხომ მაქვს უფლება, განმიმარტონ მინიმუმ რის გამო მაკავებენ?” – მიმართა მოსამართლეს ბონდო თედორაძემ და ვიდეოჩანაწერის დისკი მიაწოდა მოსამართლეს.

ენმ-ს წევრი ბონდო თედორაძე სასამართლოში

“კანონი ითვალისწინებს სასამართლო კონტროლს, ამისთვის ვართ აქ,” – უთხრა პოლიტიკოსს მოსამართლემ.

“აქ არ ჩანს დაკავებამდე რა ხდებოდა,” – უხერხულობა დაეტყო შსს-ს ოფიციალურ წარმომადგენელსაც.

“სამწუხაროდ, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სამხრე კამერებით აღჭურვილი არ ვართ,” – დასძინა მან.

“ჩვენ აღვიჭურვებით მაშინ აწი სამხრე კამერებით,” – გაღიმება სცადა ბონდო თედორაძემ.

“პიკეტირებას აპირებდნენ. მოვუწოდეთ, რომ ამის უფლება არ ჰქონდათ და სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ,” – აღნიშნა პოლიციელმა ირაკლი სურმანიძემ. მან აქციის დროს ბონდო თედორაძე დააკავა და მოწმის სახით მისცა ჩვენება სასამართლოს.

“ოქმში გიწერიათ სხვანაირად, განმარტავთ სხვანაირად,” – შენიშნა მოსამართლემ.

პოლიციელმა უხერხული დუმილი აირჩია.

სასამართლოს ჩვენება მისცა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ამირან ვარშანიძემაც. მისი თქმით, ბონდო თედორაძე კარვის გაშლაში ეხმარებოდა აქციის მონაწილეებს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს.

“გვეძახდა მონებს, ჩმორებს…” – თქვა მოწმე პოლიციელმა.

“წინა პოლიციელმა თქვა, რომ დედის მისამართით ვიგინებოდი, რომელია სწორი?” – ჩვენებებში წინააღმდეგობაზე გააკეთა აქცენტი ბონდი თედორაძემ.

“რასაც ამბობდით, არანაკლები იყო, ვიდრე დედის გინება,” – გამოსავალი იპოვა პოლიციელმა.

“როდის გადაიკეტა გზის სავალი ნაწილი: როცა აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, თუ როცა კარვების გაშლა დაიწყეს?” – დაინტერესდა მოსამართლე.

პოლიციელის თქმით, გზა აქციის მონაწილეების შეკრების დროს ჩაიკეტა.

მოსამართლე ირმა ტოგონიძე ამ საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს, დღის ბოლოს გამოაცხადებს. მანამდე ის აქციაზე დაკავებული კიდევ ორი პირის საქმეს განიხილავს.

„სულ 20 პროცესი მაქვს დღეს,“ – თქვა მოსამართლემ პროცესის დასრულებამდე და ფურცლებს ჩახედა.

ამ თემაზე:

„უძლიერესი კაცების“ ჩვენებები დაკავებული ძმების – წულუკიძეებისა და ჭელიძეების წინააღმდეგ

 

თიბისიმ დიზაინ ტრანსფორმაცია დაიწყო

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად და საუკეთესო გამოცდილების შესაქმნელად, თიბისიმ დიზაინის პრაქტიკა ბიზნესსა და პროდუქტების შექმნის პროცესში შემოიტანა.

დიზაინის ცოდნა თანამედროვე კომპანიებისთვის ახალი ეტაპია და ის პირველ რიგში, მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტაციას გულისხმობს. დიზაინ ტრანსფორმაციის მიზანია სხვადასხვა ხელსაწყოთი დიზაინი, როგორც კომპანიის მოწყობის, ისე პროდუქტების და იდეების შექმნის განუყოფელი ნაწილი გახადოს, გუნდმა მომხმარებლის თვალით შეხედოს პროცესებს, მეტი დრო დაუთმოს საჭიროებების კვლევას და ფაქტობრივად, მთელი პროცესი მომხმარებელთან ერთად გაიაროს. საბოლოოდ, ციფრულ თუ ფიზიკურ სივრცეებში მომხმარებელი თანმიმდევრულ, თიბისის ერთიან გამოცდილებას მიიღებს.

თიბისის გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე: „ციფრულ და ტექნოლოგიურ ეპოქაში, იყო ლიდერი ნიშნავს, მუდმივად იცვლებოდე, ვითარდებოდე მომხმარებლისთვის და მასთან ერთად. თიბისის მთავარი საზრუნავი – ადამიანია. ჩვენ ვიცვლებით იმისთვის, რომ ადამიანებს და ბიზნესებს ცხოვრება გავუმარტივოთ და თიბისისთან ურთერთობით მათ საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ. ზუსტად ეს იყო მიზეზი ჩვენი ეჯაილ ტრანსფრომაციის, რომელმაც მოქნილობა და მაქსიმალური თავისუფლება მისცა ჩვენს გუნდებს, მოშალა იერარქია და თითეულ ადამიანს ზრდის საშუალება მისცა გუნდში. დიზაინის პრაქტიკის შემოტანით, ჩვენ კიდევ უფრო მეტად მივუახლოვდებით დასახულ მიზანს და კიდევ უფრო კარგ გამოცდილებას შევუქმნით ჩვენს მომხმარებელს ციფრულ და ფიზიკურ შეხების წერტილებში. ჩვენ, როგორც კომპანია, სულ ვეძებთ საუკეთესო მაგალითებს მსოფლიოში და ვცდილობთ პირველებმა დავნერგოთ მსგავსი ინოვაციები რეგიონში, შემდგომ კი ეს გამოცდილება გავაზიაროთ. დიზაინ ტრანსფორმაციის პროექტს თიბისიში ამ საქმეში საერთაშორისო პრაქტიკის მქონე ქართველი სპეციალისტი გაუძღვება რომელიც ამ პროექტისთვის საქართველოში დაბრუნდა და ჩვენს გუნდს შემოუერთდა“.

დიზაინის ტრანსფორმაცია თიბისიში 2021 წელს დაიწყო და პირველ რიგში, გუნდის მომზადებას და პრაქტიკის ყოველდღიურობაში შემოტანას გულისხმობს.

პროექტი ეტაპობრივად მთელს კომპანიაში განხორციელდება და თიბისი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება თავის მიზანს – გაუმარტივოს ცხოვრება 10 მილიონ ადამიანს მთელს რეგიონში

რა შენიშვნა მისცეს აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ოცნების ქალაქის კონკურსზე

შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭომ სრულად დააკმაყოფილა ამხანაგობა „მეგაპოლისის“ საჩივარი და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკონკურსო კომისიას დაავალა გააუქმოს მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება და კონკურსში მონაწილე პრეტენდენტების დოკუმენტების შერჩევა-შეფასება განახორციელოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.

საჩივარი „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიის დეტალური გეგმის შემუშავებაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსს ეხებოდა.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობდნენ:

  • ამხანაგობა „მეგაპოლისი“
  • ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა – შპს „თბილქალაქპროექტი“,შპს „ჯდ სტუდიო“, შპს „არქ ქრიატიონი“ და ააიპ „სითი ინსტიტუტი საქართველო“
  • ამხანაგობა „ინჟარქიტექტი“
  • შპს „ნიუ სითი დეველოფმენთი“

საკონკურსო კომისიამ ამხანაგობა „მეგაპოლისს“ ამ კონკურსში დისკვალიფიკაცია მისცა.

„ჩვენს შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ გადაწყვეტილება დააფუძნა ისეთ გარემოებებზე, რომლებიც არ ყოფილა დეტალური შესწავლის საგანი, საკითხს ნაჩქარევად მისცა მცდარი და მიკერძოებული სამართლებრივი შეფასება და მიიღო არსებითად უკანონო გადაწყვეტილება ამხანაგობა „მეგაპოლისის“ დისკვალიფიკაციაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სატენდერო კომისიას, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, არ განუხორციელებია საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, რითაც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი“, – აღნიშნული იყო „მეგაპოლისის“ საჩივარში.

საჩივარში ასევე აღნიშნული იყო, რომ საკონკურსო კომისიამ კონკურსში მონაწილე სხვა პრეტენდენტთან მიმართებაშიც დაარღვია კანონმდებლობა, მოთხოვა რა მათ გარკვეული დოკუმენტაციის დაზუსტება.

დავების საბჭო „მეგაპოლისს“ ამ ნაწილშიც დაეთანხმა: „საბჭო მიიჩნევს, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკონკურსო კომისიის 2021 წლის 07 ივნისის სხდომის №2 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც საკონკურსო კომისიამ ამხანაგობა შპს „ქალაქპროექტი“, შპს „ჯდ სტუდიო“, შპს „არქ ქრიატიონ“ და ააიპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ მოსთხოვა გარკვეული ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტება, წინააღმდეგობაში მოდის სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობასთან“.

„აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი ინფორმაციის საპირისპიროდ შემსყიდველ ორგანიზაციას – აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს არანაირი სახის მტკიცებულება [დოკუმენტი, მონაცემი და სხვ.] არ წარმოუდგენია, მაშინ, როდესაც საწინააღმდეგო პოზიცია დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით“, – აღნიშნულია დავების საბჭოს 2021 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებაში. აქვე მითითებულია, რომ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი დავის განხილვის დროს სხდომაზე არ გამოცხადდა.

დავების საბჭომ გადაწყვიტა:

„ამხანაგობა „მეგაპოლისის“ საჩივარი სრულად დაკმაყოფილდეს.
დაევალოს აჭარის არ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკონკურსო კომისიას 2021 წლის 07 ივნისის სხდომის №2 ოქმით მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და ამხანაგობა „მეგაპოლისის“ და ამხანაგობა შპს „ქალაქპროექტი“, შპს „ჯდ სტუდიო“, შპს „არქ ქრიატიონ“ და ააიპ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა-შეფასება განახორციელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, გადაწყვეტილების ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში“.

„ოცნების ქალაქი“ / ფოტომონტაჟი ამხანაგობა „მეგაპოლისის“ საკონკურსო დოკუმენტიდან
„ოცნების ქალაქი“ / არსებული სიტუაცია / ფოტო ამხანაგობა „მეგაპოლისის“ საკონკურსო დოკუმენტიდან

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი 2021 წლის 29 აპრილს გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით – 844 ათასი ლარი.

კონკურსის პირობის მიხედვით, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე უნდა დაგეგმარდეს საცხოვრებელი კორპუსები; ასევე საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი, სარეკრეაციო ზონა და სხვა.

ამავე თემაზე ვრცლად:

როგორი იქნება „ოცნების ქალაქი“ – საჩივარი სამინისტროს წინააღმდეგ დავების საბჭოში

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში 25 ივნისის 21 საათიდან 26 ივნისის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25-30 გრადუსი
  • ღამით: 15-20 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20-25 გრადუსი სითბო
  • ღამით: 10-15 გრადუსი სითბო

ზღვის წყლის ტემპერატურა +22 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 27-28 ივნისს, აჭარაში საღამოს და ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

______________

ფოტო: „ბათუმელები“

აჭარაში კოვიდის 36 ახალი შემთხვევაა, 1 პაციენტი გარდაიცვალა | 25 ივნისი

დღეს, 25 ივნისის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 36 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

1 პაციენტი გარდაიცვალა გასულ დღე-ღამეში ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღეისათვის აჭარის კოვიდკლინიკებში 122 პაციენტი მკურნალობს, მათგან 8 მართვით სუნთქვაზეა.

აჭარის კოვიდსასტუმროებში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 194 ინფიცირებული, რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 697 პირი.

დადასტურდა კოვიდის 699 შემთხვევა, 9 პაციენტი გარდაიცვალა

25 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 699 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 104 კვლევა ტესტით.

გასულ დღე-ღამეში საქართველოში 9 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით.

ამ ეტაპზე საქართველოში2 592 ადამიანი მკურნალობს კოვიდკლინიკებში, მათგან 657 მძიმე პაციენტია.

5 476 ადამიანი ვირუსს მკურნალობს საკუთარ სახლში.

24 ივნისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.05 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.45%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.40%.

ბათუმის ჯანდაცვის ბიუჯეტი 628 200 ლარით გაიზარდა – რა პროგრამებში გადანაწილდა თანხა

ბათუმის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება 628 200 ლარით გაიზრდება, ცვლილების დამტკიცების შემდეგ ამ სფეროს დაფინანსება 2021 წელს 16 მილიონ 791 100 ლარი იქნება. კონკრეტული მიმართულებით არის კლებაც.

ნამატი თანხიდან ყველაზე  მეტი 376 400 ლარი  ახალშობილთა და ბავშვთა განვითარების შეფერხების პრევენციისა და რეაბილიტაციის პროგრამას დაემატემა,   ცვლილების შემდეგ ამ  პროგრამის დაფინანსება 2 მილიონ 132 000  ლარს მიაღწევს.

254 00 ლარით გაიზრდება მუნიციპალური უფასო სასადილოს დაფინანსება, ჯამში კი, წელს უფასო სასადილოს დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან 5 მილიონ 273 200 ლარი დაიხარჯება.

59 500 ლარი დაემატება მოწყვლადი სოციალური ჯგუფების მქონე პირთა მედიკამენტებითა და საკვები დანამატების კომპენსაციით უზრუნველყოფის პროგრამას, ჯამში ამ პროგრამის დაფინანსება ცვლილების შემდეგ 1 მილიონ 116 700 ლარი იქნება.

მოქალაქეთა ინდივიდუალური სამედიცინო დახმარებას პროგრამას კი  70 000 ლარი დაემატება, ცვლილების შემდეგ ამ პროგრამის დაფინანსება 2021  წელს 540 000 ლარი იქნება.

162 000 ლარით იზრდება ასევე მოწყვლადი სოციალური კატეგორიების მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფის პროგრამა; 5600 ლარით იზრდება ჰემოდიალიზის ცენტრის პაციენტთა და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მატერიალური დახმარების პროგრამა.

300  000 ლარის კლება დაფიქსირდება მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირების პროგრამაში.

ცვლილებას ბიუჯეტში ხვალ, 25 ივნისს, ბათუმის საკრებულო დაამტკიცებს.

ახალგაზრდა ქვეითს ხელვაჩაურის გზაზე ავტომანქანა დაეჯახა

თვითმხილველის თქმით, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, მეჯინისწყლის დასახლებაში, ახალგაზრდა კაცს, რომელიც გზატკეცილზე ფეხით მოძრაობდა, ავტომანქანა დაეჯახა. იმავე წყაროს ინფორმაციით, დაზარალებული პირი იქვე ცხოვრობს.

თვითმხილველის მონათხრობის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლმა შემთხვევის ადგილი დატოვა.

თვითმხილველის თქმით, დაზარალებული კონტაქტური იყო და ის სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორ ამოვიცნოთ ეგზემის ხშირი ფორმა, კონტაქტური დერმატიტი – ექიმის რჩევები

ტერმინი ეგზემა იმ დაავადებებს აერთიანებს, რომლებიც კანის სხვადასხვაგვარ გაღიზიანებას იწვევენ. როგორც დერმატოლოგი მანანა ამაღლობელი ამბობს, ეგზემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა, კონტაქტური დერმატიტია, რომელიც განსაკუთრებით გახშირდა პანდემიის პირობებში, დეზინფექციური ხსნარების მოხმარების შედეგად. ამ ფონზე მწვავდება ქრონიკული ეგზემაც.

  • ქალბატონო მანანა, რა არის კონტაქტური დერმატიტი?

კონტაქტური დერმატიტი ანუ კონტაქტური ეგზემა, ალერგიული დაავადებაა, რომელიც ვითარდება გამაღიზიანებელი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად, იქნება ეს სარეცხი საშუალებები, ანტისეპტიკური ხსნარები თუ არასწორად შერჩეული ხელის და ტანის მოვლის კოსმეტიკური საშუალებები. ამ გამაღიზიანებლების ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება მწვავე ანთება და თუ პაციენტი დროულად არ მიმართავს სპეციალისტს, იგი გადადის ქრონიკულ ეგზემაში, რომელიც გაცილებით უფრო რთული ფორმაა.

ახლა განსაკუთრებით ხშირია, პანდემიიდან გამომდინარე, ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენების შედეგად განვითარებული ეგზემა ანუ კონტაქტური დერმატიტი. გართულების შემთხვევაში იგი ქრონიკულ ეგზემაში გადაიზრდება.

კონტაქტური დერმატიტი ძალიან ხშირად პირდაპირ კავშირშია სტრესთან. ეგზემა დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან. შესაძლოა  სულ არ ჰქონდეს პაციენტს კონტაქტი გამაღიზიანებელთან, ქიმიურ ხსნარებთან, მაგრამ სტრესის ფონზე  წამოვიდეს, განსაკუთრებით დიჰიდროზული ეგზემა.

ქრონიკული ეგზემისთვის დამახასიათებელი მიდამოა იდაყვი, სახსრები, მუხლქვეშა არეები, განსაკუთრებით ზიანდება ხელის მაჯები და კისრის მიდამოები. სახეზე უფრო იშვიათად გვხვდება. როცა ატოპიური დერმატიტია, ამ შემთხვევაში თვალბუდის  მიდამოც ზიანდება, ტუჩის წითელი ქობა შეიძლება დაზიანდეს, გამოშრეს, გვერდით ნახეთქები გაჩნდეს.

  • როგორია მისი კლინიკური გამოვლინება?

ძირითადად ვლინდება ერითემით, იმავე სიწითლით, შეიძლება სხეულზე გაჩნდეს პატარა ბუშტუკები, შესაძლოა გაჩნდეს დიდი ბუშტებიც, ბუშტი რომ სკდება და კანზე რჩება სისველე, ამას ეროზიული ელემენტები ეწოდება და ამ დროს იზრდება მათი წარმოქმნის რისკიც. შეიძლება ეგზემა გამწვავდეს ტანსაცმლის ხახუნის შედეგადაც.

  • რა ასაკშია ყველაზე ხშირი კონტაქტური ეგზემა?

გააჩნია ეგზემის ფორმას.  ბავშვებში ძირითადად გავრცელებულია ატოპიური ეგზემა და ზრდასრულებში – უკვე ქრონიკული ეგზემა. ატოპიური დერმატიტი უფროსებშიც გვხვდება, მაგრამ ის უკვე სხვაგან არის ლოკალიზებული, უფრო სხეულზეა გავრცელებული და არა სახეზე, როგორც ბავშვების შემთხვევაში.

ალერგიულ კონტაქტურ დერმატიტს ასაკი არ აქვს, ნებისმიერი ასაკის პაციენტს შეიძლება დაემართოს, ანუ უცებ გამოვლინდება გამაღიზიანებელთან კონტაქტის შედეგად საპასუხო რეაქციად.

რაც შეეხება ეგზემას ხელისა და ფეხის გულებზე – ეს არის დეჰიდროზული ეგზემა. იგი არის კონტაქტური დერმატიტის უფრო გართულებული ფორმა, ვითარდება იმუნოდეფიციტის ფონზე. ძირითადად ემართებათ მწვავე დაავადებების, სტრესის გადატანის შემდეგ, როდესაც პაციენტს იმუნიტეტის დაქვეითების ფონზე შეიძლება გამოუვლინდეს კანის ასეთი მკვეთრი რეაქცია.

პაციენტები ამ დროს აღწერენ, რომ კანზე შეხებისას თითქოს კანქვეშ პატარა წყლიან ბუშტებს გრძნობენ და ახასიათებს ისეთი ძლიერი ქავილი, რომ შეიძლება პაციენტმა მთელი ღამე ვერ დაიძინოს.

კონტაქტური დერმატიტი განსაკუთრებით ხშირია ქალებში. მოგვმართავენ ხელის თითების დაზიანებებით, რადგან უფრო ხშირად აქვთ კონტაქტი ჭურჭლის და სხვა სარეცხ საშუალებებთან. სტრესიც უფრო მეტი აქვთ, შესაბამისად…

  • ეგზემა თავისით გაივლის?

თუ ხელს არ შეუწყობთ, თავისით არ გადავა, პირიქით, სადაც არის ეს ეგზემა გაჩენილი, შეიძლება იყოს მკვეთრი ჰიპერემია ანუ სიწითლე, ალერგენთან განმეორებით კონტაქტის შედეგად შეიძლება წამოვიდეს შეშუპება. ქავილის შედეგად შესაძლოა კანზე გაჩნდეს ნახეთქები, ინფექცია შეიჭრას, ანუ  მიკრობულ ეგზემაში გადავიდეს.

  • როგორია მკურნალობის მეთოდი?

დერმატოლოგთან პაციენტი მოდის კანის დაზიანების შემთხვევაში, როცა უკვე ვიზუალურად ჩანს კანის დაზიანება და პაციენტისთვის არის შემაწუხებელი ქავილი.

ასევე, პერორალურად მიღებული ანტიჰისტამინური (ალერგიის საწინააღმდეგო) საშუალებების ფონზე, როცა არ გადადის ქავილი და პროცესი არ მიდის გამოჯანმრთელებისკენ, აუცილებელი ხდება სპეციალისტის ჩარევა.

უნდა მოხდეს ქავილის და ასევე ანთებითი პროცესის კუპირება, კანის მკვეთრი დატენიანება. თუ რთული ფორმაა, შესაძლოა კოტიკოსტეროიდული მალამოებიც დაგვჭირდეს. თუ ბუშტულოვანი ფორმაა – შესაძლოა გამშრობი საფენები, მალამოები… როდესაც უკვე რემისიულ ფაზას მივაღწევთ, გამოჯანმრთელების პერიოდს, ანუ ფანჯარას, ამ შემთხვევაში  პაციენტმა მუდმივად უნდა იხმაროს ძლიერ დამატენიანებელი კრემები, ემოლენტები, ასე ჰქვია, და მაქსიმალურად  უნდა მოერიდოს გამღიზიანებლებს და სტრესს.

  • ეგზემა გადამდებია?

ეგზემა არ არის გადამდები დაავადება, ეს არის ჩვეულებრივი კონტაქტური დერმატიტის შემდგომ გართულებული კანის საპასუხო რეაქცია ალერგენზე და ვერანაირად ვერ იქნება გადამდები. ეს არ არის არც სოკოვანი და არც ჩირქოვანი ინფექცია, რომ უშუალოდ კანის კონტაქტით გადავიდეს სხვა პაციენტებში.

________________________

პრევენციისთვის Mayoclinic-ი გირჩევთ:

  • მოერიდეთ ალერგენებს – შეეცადეთ დაადგინოთ და თავიდან აიცილოთ იმ ნივთიერებებთან კონტაქტი, რომლებიც აღიზიანებს თქვენს კანს ან იწვევს ალერგიულ რეაქციას.
  • დაიბანეთ კანი. შესაძლოა გამონაყარის გამომწვევი ნივთიერების უმეტესი ნაწილის მოშორება შეძლოთ, თუ მასთან კონტაქტის შემდეგ დაუყოვნებლივ დაიბანეთ კანს. გამოიყენეთ რბილი, არომატული საპონი და თბილი წყალი. მთლიანად ჩამოიბანეთ.
  • ჯინსებსა თუ სხვა ტანსაცმელზე არსებულ მეტალის ღილებსა და ჩამკეტებს, რომლებიც კანზე გედებათ, შიდა მხარეს მიამაგრეთ ქსოვილი.
  • წაისვით ბარიერული კრემი ან გელი. ასეთ პროდუქტებს შეუძლია თქვენი კანის დამცავი ფენა უზრუნველყოს.
  • გამოიყენეთ დამატენიანებელი კრემი. დამატენიანებელი ლოსიონების რეგულარული გამოყენებით შესაძლებელია კანის ზედა ფენის აღდგენა და მისი ელასტიურობის შენარჩუნება.

საერთო ალერგენებს მიეკუთვნება:

  • ნიკელი, რომელსაც იყენებენ სამკაულებში, ქამრის ბალთებსა და ბევრ სხვა ნივთში;
  • ზოგიერთი მედიკამენტი, მათ შორის ანტიბაქტერიული კრემები და ანტიჰისტამინები;
  • ე.წ. პერუს ბალზამი, რომელიც გამოიყენება სუნამოებში, კოსმეტიკური საშუალებებში, პირის ღრუს სავლებსა და არომატიზატორებში;
  • პირადი ჰიგიენის საშუალებები, როგორიცაა დეოდორანტი, ტანის დაბანის საშუალებები, თმის საღებავები, კოსმეტიკა და ფრჩხილის ლაქი;
  • მცენარეები, როგორიცაა შხამიანი სურო და მანგო, რომლებიც შეიცავენ ალერგენულ ნივთიერებას.

ქორწინების გამო სკოლის მიტოვების 20 შემთხვევა გამოვლინდა – ომბუდსმენი

გასულ წელს სკოლის მიტოვების 20 შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო ბავშვთან ქორწინების მოტივით, გამოძიება დაწყებულია 132 ფაქტზეა.

ამის შესახებ ისაუბრა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში, ანგარიშის წარდგენის დროს.

„ადრეული ქორწინება და ნიშნობის პრაქტიკა ისევ რჩება მთავარ პრობლემად გენდერული თანასწორობის მიმართულებით. 2020 წელს შსს-ს მხრიდან სავარაუდო დანაშაულის 132 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, რომლის მოტივიც იყო ბავშვთან ქორწინება. ხოლო განათლების სამინისტროში ქორწინების გამო სკოლის მიტოვების 20 შემთხვევაზე მიუთითებენ“, – ამბობს სახალხო დამცველი.

მისი თქმით, პანდემიამ და დისტანციურმა სწავლებავ კიდევ უფრო გაართულა მსგავსი შემთხვევების საგანმანათლებლო სისტემაში გამოვლენის მაჩვენებელი და ასევე სოციალური მუშაკების მხრიდან ჩართულობა.

ქობულეთში პლაჟი უსასყიდლოდ ამ სეზონზე

ქობულეთის მერია პლაჟის სეზონურად საიჯარო წესით გასხვისების მიზნით ელექტრონულ აუქციონებს არ გამოაცხადებს. პანდემიის პირობების გათვალისწინებით მერიაში გადაწყვიტეს, რომ ხელშეკრულებები მოქმედ მოიჯარეებს გაუგრძელონ. ისინი მუშაობას ამ სეზონზე იმ იდენტური პირობებით გააგრძელებენ, რაც გასულ წელს ხელშეკრულებებით ჰქონდათ გათვალისწინებული.

მთავარი ცვლილება იქნება ის, რომ სეზონზე მოიჯარეები პლაჟის გამოყენებას უსასყიდლოდ შეძლებენ და მათ ხელშეკრულებით ნაკისრი ღირებულების გადახდა ბიუჯეტში წელს არ მოუწევთ. ამ იდეის განსახორციელებლად ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე თანხმობას საკრებულოსგან ითხოვს.

შეღავათი არ შეეხება იმ მოიჯარეებს, რომელთაც პლაჟის ათვისებაზე მერიასთან მრავალწლიანი ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული.

საკრებულოს ბიურომ ეს საკითხი უკვე განიხილა და  სხდომის დღის წესრიგში შეიტანა დასამტკიცებლად. სხდომა ხვალ, 25 ივნისაა ჩანიშნული.

პლაჟის ათვისებაზე ხელშეკრულებები მოქმედ მოიჯარეებს გაუგრძელა ბათუმის მერიამაც. თუმცა ბათუმში მოიჯარეები პლაჟს უსასყიდლოდ ვერ აითვისებენ. მერიის ინფორმაციით, „ფასი შეღავათიანი იქნება“. კონკრეტულად რამდენით შემცირდება ფასი, ეს ინფორმაცია ბათუმის მერიიდან ჯერ ვერ მოგვაწოდეს და თუ მოგვაწვდიან, აქვე დავწერთ.

Exit mobile version