განათლება,მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ჩემი მეგობრები ჰეკლბერი ფინები არიან | თეკლა ერემეიშვილი

01.09.2021 • 2010
ჩემი მეგობრები ჰეკლბერი ფინები არიან | თეკლა ერემეიშვილი

ავტორი: თეკლა ერემეიშვილი, ახალგაზრდა მწერალი

___
მალე ცისკრის ვარსკვლავი დილის რინდებს გადაყვება და ჩვენ, აგვისტოს ბოლო დღეების მზესავით მოქანცული სხეულებით და სულებით მზერას შევატოვებთ ნავარსკვლავებ ცას. სურვილების ჩაფიქრობანას ვთამაშობთ. ვიფიქრებთ და ვიფიქრებთ, ვარსკვლავთცვენას დავამთხვიოთ იქნებ და ოცნებების ახდენის მაგიური ალგორითმი დავადგინოთ.

გამთენიისას ცის ხომალდების კვამლი წაიღებს ყოველ ჩანაფიქრს სხვა გალაქტიკებისკენ და ჩვენ ხვალ ისევ გავიმეორებთ მზერებს ცისკენ.

ახლა ერთად ყოფნა საშიშია, მაგრამ ერთმანეთის მარტოობის განცდას ერთად ყოფნები სჭირდება. ნეტავ, სერაფიმების ფრთების მტვერით აგვევსოს ყურები და თვალები და ვეღარ ვხედავდეთ და გვესმოდეს სამყაროს ისტერიკული ძახილი თვითგანადგურების.

ყოველ საღამოს, ერთი და იგივე დროს, მარტოობისგან გადასარჩენად ინერციით მივდივართ ერთი და იგივე ადგილას. სოფლის ცენტრში ჩამომსხდარები, გორაკზე ტყეში აქა-იქ ჩადგმული სახლების ნათებას ურჩხულებად ან უზარმაზარი მხეცის თვალებად წარმოვიდგენთ და მისტიკური ხდება მანძილი იმ სახლებიდან ჩვენამდე და პირიქით. აქვე სიძველისგან ნახევრად დანგრეული შენობები დგას და დესტრუქციული სილამაზე “გვაკიმარებს” ჩვენივე მოწყენილობით და ვიცით, რომ ასე არ შეიძლება და რომ შეიძლება, საკუთარმა მოწყენილობამ ჩაგვყლაპოს.

– რა ვქნათ? – კითხულობს ერთი.

– ჭვავის ყანაში ვითამაშოთ – ვპასუხობ.

– წამო იქ ავიდეთ! – ხელს იშვერს ძველი შენობისკენ.

– მანდ ხო ბიბლიოთეკა იყო. შევიხედოთ რა ხდება. ყველანი ვდგებით და გაუქმებული ბიბლიოთეკის შენობისკენ მივდივართ.

თაროებგამოცლილი წიგნების გროვა ყრია იატაკზე, ზოგი მწყობრად ერთმანეთზე, ზოგიც ქარისგან გადაშლილი, ფურცლებნაკლული. იატაკისკენ ვიხრები, ერთ-ერთ გადაშლილ წიგნთან ფანარი მიმაქვს და ხმამაღლა კითხვას ვიწყებ. მალევე ამოვიცანით: “ჰეკლბერი ფინის თავგადასავალი” აღმოჩნდა. აქვეა ტომ სოიერიც.

მოდიან წარმოსახვები, შეგრძნებები… ერთმანეთის თვალებში ვამჩნევთ ბავშვობის გამოღვიძებას. ვიბრუნებთ დაკარგულ ჩვენივე თავებს. აღდგა ვერბალური კომუნიკაცია; ვმსჯელობთ, ვის უფრო მოუხდებოდა ჰეკლბერი ფინობა. უკვე საკუთარ თავშიც და ერთმანეთშიც ვგრძნობთ ბავშვურ წამლეკავ ენერგიას, რომელსაც შეუძლია შუა ქუჩაში “კლასობანა” დაგახაზინოს და იმ სახლებამდეც სირბილით მიგიყვანოს, გორაკზე რომ ჩანს და ურჩხულის თვალებში ჩაგახედოს და იქიდან აქამდე მანძილი გამოგათვლევინოს; რამდენი სროლა ისარი იქნება, ან ირმის რამდენი ნახტომი ჩვენი შეკრების ადგილამდე.

ჩვენ ვართ ჰეკლბერი ფინი, ტომ სოიერი, პეპი და სხვა და ჩვენშია შეგრძნება ბავშვად ყოფნის. ყველა შიშს ამ შენობის მოჩვენებებს შევატოვებთ ხელებში, გავთავისუფლდებით და დაგვრჩება მხოლოდ დაუბანელი ხელების გამო დასჯის შიში, როგორც ბავშვებს. დაღლილი სხეულები და სულები გვევსება წიგნის ფურცლიდან დაბადებული ენერგიით. ჰეკი შთაგვაგონებს თავგადასავლის ძიებას, თუნდაც ამ ტექსტისხელა მანძილზე გასეირნებით. ოღონდ ეს განცდა შევინარჩუნოთ წიგნის რამდენიმე აბზაცმა რომ აახმაურა ჩვენში. დაგვიბრუნა სამყაროსთან ინტერაქცია.

აქ მოსვლით მშვიდად დავამთავრებ ზაფხულს, რადგან ვიცი, რომ სოფელში თავიანთ მარტოობასთან მარტო დარჩენილი ჩემი მეგობრები ისწავლიან მოწყენილობა როგორ გახადონ ასატანი, მარტოობა – მრავალფეროვანი. თავს გადაირჩენენ ამ წიგნებით და თვითონ ამ წიგნებსაც დაიხსნიან გადაურჩენლობისგან.

ჩემი მეგობრები ხომ ჰეკლბერი ფინები არიან.

დააკლიკე და შეავსე ცარიელი თაროები სოფლის ბიბლიოთეკებში

ან გადმორიცხეთ ჩვენს ანგარიშზე

სს “საქართველოს ბანკი”, ბანკის კოდი:BAGAGE22;
ანგარიშის ნომერი: 
GE88BG0000000103117598
ა(ა)იპ თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: