ბათუმი,მთავარი,რეკლამა

შენი იდეა ბათუმს | იდეების მიღება დაიწყო

04.09.2021 • 2856
შენი იდეა ბათუმს | იდეების მიღება დაიწყო

პროექტის „შენი იდეა ბათუმს“ ახალი ციკლი დაიწყო, მოქალაქეებს იდეების რეგისტრაცია 1 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შეუძლიათ ვებ-გვერდზე www.idea.batumi.ge.

„შენი იდეა ბათუმს“ ეს არის მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტი,  რომლის საშუალებითაც ბათუმში რეგისტრირებულ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ჩაერთოს ქალაქის მერიის ბიუჯეტის მართვაში. მსურველებს შეუძლიათ დაარეგისტრირონ ქალაქისთვის მნიშვნელოვანი იდეები, რომელთა განსახორციელებლადაც სპეციალურადაა გამოყოფილი ბიუჯეტი.

გარდა იდეის დარეგისტრირებისა შესაძლებელია ასევე სასურველი იდეების მხარდაჭერა. ქალაქის ნებისმიერ მცხოვრებს შეუძლია ხმა მისცეს იმ 3 იდეას ან ინიციატივას, რომლის განხორციელებასაც ისურვებდა.

პროექტში „შენი იდეა ბათუმს“ წინა წლებისგან განსხვავებული სიახლეებია: მოქალაქეებისთვის გამარტივდა ონლაინრეგისტრაციის პროცედურა, ვებ-გვერდზე www.idea.batumi.ge მხოლოდ პირადობის მოწმობის მონაცემებისა და მოქმედი ტელეფონის ნომრის შეყვანაა საჭირო.

2022 წელს განსახორციელებელი იდეებისთვის გაიზარდა პროექტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი. „შენი იდეა ბათუმისთვის“ გამოყოფილი თანხა ახლა მილიონ ლარს შეადგენს.

აქამდე პროექტში იდეები 10 კატეგორიად ნაწილდებოდა: კეთილმოწყობა; სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა; ნარჩენების მართვა; გამწვანება; სკოლამდელი; არაფორმალური და პროფესიული განათლება; შშმ პირთა ინკლუზია და მათთვის გარემოს ადაპტაცია; კულტურული; სპორტული ან ახალგაზრდული საკითხები; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; ეკონომიკური განვითარება და მერიის კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა საკითხები.

კატეგორიები

იდეების მრავალფეროვან კატეგორიებს მსოფლიოში შექმნილი ვითარების გავლენით დაემატა კოვიდ-19-ის კატეგორია. ამ კატეგორიაში დარეგისტრირებული იდეების მიზანი და ამოცანა უნდა იყოს პანდემიის ნეგატიური შედეგების შემამსუბუქებელი ღონისძიენებების გატარება.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ წელს პროექტის მასპინძელი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა იქნება, რომელიც პროექტის პოპულარიზაციის მიზნით გამართულ ღონისძიებებში ჩაერთვება. საჯარო ბიბლიოთეკა ასევე უმასპინძლებს „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში შექმნილ მხარდამჭერთა კლუბს.

პროექტს „შენი იდეა ბათუმს“ ბათუმის მერია 2019 წლიდან ახორციელებს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა (GGI) მხარდაჭერით.

ამ დრომდე პროექტის სამი ციკლი განხორციელდა. ჯამში  მოქალაქეებმა 13 გამარჯვებული იდეა გამოავლინეს, რომელშიც 5 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

იდეების გასახორციელებლად საჭირო ფინანსური რესურსი გათვალისწინებულია ბათუმის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: