განათლება,მთავარი,სიახლეები

ინდოელი სტუდენტები საქართველოში შემოსვლისას 14-დღიან კარანტინს გაივლიან

02.09.2021 • 1780
ინდოელი სტუდენტები საქართველოში შემოსვლისას 14-დღიან კარანტინს გაივლიან

საქართველოს განათლების სამინისტროს განცხადებით, ინდოეთის რესპუბლიკიდან მომავალი ნებისმიერი სტუდენტი, ასევე სტუდენტები, რომლებსაც უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთში მოგზაურობის ისტორია აქვთ, საზღვარზე წარადგენენ ნებისმიერი ტიპის კოვიდვაქცინის სრული კურსის (ორი დოზა, ხოლო johnson&Johnson ვაქცინაციის შემთხვევაში – ერთი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიურ პასუხს და ექვემდებარებიან 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

აუცილებელი მოთხოვნაა სავალდებულო კარანტინის გავლის შემდგომ PCR ტესტირების ჩატარებაც.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 15 აპრილის დადგენილებით, ინდოეთიდან მომავალი სტუდენტებისთვის განსხვავებული შეზღუდვები იყო დაწესებული, რის მიხედვითაც სტუდენტებს საქართველოში შემოსვლა მხოლოდ ჩარტერული რეისებით შეეძლოთ.

აღნიშნული გადაწყვეტილება დისკრიმინაციულად მიიჩნია TDI -მ, რადგან ეს არა მარტო უზღუდავდა ინდოელ სტუდენტებს მათთვის სასურველ დროს ჩამოსვლას საქართველოში, არამედ უქმნიდა დამატებით ფინანსურ პრობლემებსაც.

საქართველოში ინდოელი სტუდენტები ძირითადად სამედიცინო ფაკულტეტებზე სწავლობენ. მაგალითად, ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში 630-მდე ინდოელი სწავლობს, რომლებსაც გაზაფხულზე დაწესებული შეზღუდვების გამო შეექმნათ როგორც რეგისტრაციის, ასევე სხვა ადმინისტრაციული პრობლემები.

როგორც ბსუ-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, პანდემიის მიუხედავად, 2021 სასწავლო წელსაც ჩააბარეს ინდოელმა სტუდენტებმა ბათუმში, თუმცა სტუდენტთა რაოდენობა ბსუ-ში ჯერ ვერ დაგვიდასტურეს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, როგორც სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციურად განახლდება. თუმცა განათლების მინისტრის თქმით, სამედიცინო სასწავლებლებს უფლება აქვთ არადისტანციურ რეჟიმში ჩაატარონ პრაქტიკული, ლაბორატორიული და კლინიკური კომპონენტები მხოლოდ იმ სტუდენტებისათვის,  რომლებიც სასწავლო პროცესის დაწყებისას იქნებიან სრულად ვაქცინირებულნი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: