ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე სოფელში შიდა სასოფლო გზებზე გადაადგილება შეიზღუდა. აჭარის გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მძიმე ტექნიკა ამ დროისთვის მუშაობს ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ქობულეთში.
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მახო-სიმონეთის საავტომობილო გზაზე ორ ლოკაციაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, პროცესი გრძელდება მახო-გენჯაძეების მიმართულებით. სამუშაოები მიმდინარეობს მახო-დავითაძეების, კიბეს და ზედა თხილნარის მიმართულებითაც. ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთი-ზუნდაგას საავტომობილო გზაზე კლდოვანი ჩამონაშალისგან გაწმენდითი სამუშაოები დარჩენილ მონაკვეთზე გრძელდება.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ბობოყვათი-კვირიკაული-კონცელიძეების მიმართულებით დაიმეწყრა საავტომობილო გზა, სადაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ასევე შუახევის მუნიციპალიტეტში რიკიხიდი-ცინარეთის საავტომობილო გზაზე მიმდინარეობს კლდოვანი ჩამონაშალის გაწმენდითი სამუშაოები,“ – აღნიშნულია აჭარის გზების დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.