მთავარი,სიახლეები

ვერ წარმომიდგენია ვინმეს ფული ვთხოვო – ატელიეს მეპატრონე პანკისიდან

01.09.2021 • 2751
ვერ წარმომიდგენია ვინმეს ფული ვთხოვო – ატელიეს მეპატრონე პანკისიდან

მარეტ გელაევა პანკისის ხეობაში ცხოვრობს და საკუთარი პატარა ატელიე აქვს. ატელიეში ძირითადად თავად კერავს. დედა და უმცროსი დები ეხმარებიან, როცა ბევრი შეკვეთა ერთად უგროვდება. ასე კი ხშირად ხდება, რადგან მარეტს დიდი ხანია ატელიე აქვს და ბავშვობიდან კერავს.

„პანკისში ქალებს ძირითადად გრძელი კაბები აცვიათ, ზედატანიც გრძელმკლავიანი უნდა იყოს, ბევრი ქალი შებურულია, სპეციალური სამოსია ამისთვის საჭირო. ასეთს ისინი ყველგან ვერ ყიდულობენ. მივხვდით, რომ აქ კარგად იმუშავებდა ატელიე, ჰოდა, გავხსენით კიდეც რამდენიმე წლის წინ. კლიენტიც ბევრი გვყავს. სკოლის მოსწავლეობიდანვე ვეხმარებოდი დედას კერვაში. ფარმაცევტის საქმე შევისწავლე სკოლის დამთავრების შემდეგ თელავის კოლეჯში, მაგრამ მაინც ატელიეში კერვა გადავწყვიტე ბოლოს. ბავშვობიდან შევეჩვიე ამ საქმის კეთებას“, – ამბობს მარეტი.

როგორც ის გვეუბნება, მის სოფელსა და მთლიანად პანკისში ქალები ძირითადად სკოლებსა და ბაღებში საქმდებიან მასწავლებლებად და აღმზრდელებად. მარეტი გვეუბნება, რომ ბევრ ქალს სურს იმუშაოს და საკუთარი შრომით გამოიმუშავოს ფული, თუმცა ამ სურვილის განსახორციელებლად შესაბამისი რაოდენობის სამუშაო ადგილები არ არის.

„ძალიან კომფორტულია, როცა საკუთარი შემოსავალი გაქვს, არავის სთხოვ არაფერს და როცა გინდა რამე გააკეთო, ეს შენივე სახსრებით შეგიძლია. მე უკვე ვერ წარმომიდგენია ვინმეს ფული ვთხოვო საკუთარი საჭიროებებისთვის.

ოჯახშიც ასე ვანაწილებთ ყველაფერს: მუშაობენ ჩემი ძმები და დებიც, საოჯახო, ყოველთვიური ბიუჯეტისთვის ერთად ვაგროვებთ ფულს. ჩემი საქმიანობა წარმატებული და გამართლებულია: კარანტინში ვიყავი რამდენიმე დღე და როცა დავბრუნდი, უამრავი ხალხი მოვიდა შეკვეთით, მელოდებოდნენ, მითხრეს ძალიან დაგვაკლდა შენი ხელიო. მახარებს, რომ ჩემს ხეობაში საჭირო ადამიანი ვარ, ქალებს ვუმსუბუქებ ცხოვრებას“, – ამბობს მარეტი.

შეკვეთების სიმრავლისა და ბევრი საქმის გამო მარეტს დრო აღარ რჩება სხვებსაც ასწავლოს პანკისში კერვა, თუმცა ამის დიდი სურვილი აქვს.

„ჯერ მთლიანად მუშაობაზე ვარ ორიენტირებული. თუმცა ალბათ დადგება დრო, როცა საქმეს სხვა გოგოებსაც ვასწავლი. დედა ასწავლიდა ყოველთვის პანკისელ გოგოებს კერვას, სანამ ავად გახდებოდა. ახლა აღარ შეუძლია. აუცილებლად ვასწავლი ამ საქმეს სხვებსაც. უბრალოდ, ცოტა დრო მჭირდება ჯერ ამისთვის“, – ამბობს მარეტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: