სიახლეები

რამდენი ოჯახი გაიყვანეს სტიქიის გამო – ქობულეთში ზარალს ითვლიან

04.09.2021
რამდენი ოჯახი გაიყვანეს სტიქიის გამო – ქობულეთში ზარალს ითვლიან

„ამ ეტაპზე 2 ოჯახი გავიყვანეთ ქირით, თუმცა მონაცემები ზუსტდება, ეს დამოკიდებულია გეოლოგების შეფასებაზე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე. გუშინ, 3 სექტემბერს ძლიერი სტიქიის შედეგად, ქობულეთში ათობით ოჯახი დაზარალდა, დაიტბორა სახლები, დაიმეწყრა რამდენიმე სოფელი, ჩაიკეტა გზები.

ამ დრომდე ქობულეთში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.

ქობულეთის მერის ინფორმაციით, სულ 56 ლოკაციაზე ჩამოწვა მეწყერი და 23 მიმართულებით ჩაიკეტა გზა, თუმცა ამ დროისთვის 10 სოფელში გზა უკვე გახსნილია. გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები კონკრეტულ სოფლებში მუშაობას განაგრძობენ.

მეწყერი ძირითადად ხალაში, კვირიკეში, ბობოყვათში, ქაქუთსა და ლეღვაში ჩამოწვა.

„გეოლოგები თუკი დაინახავენ რომელიმე სახლში ცხოვრების საფრთხეს, ჩვენ ამ ოჯახებსაც გავიყვანთ. ამ ეტაპზე სხვა ოჯახების გაყვანის საჭიროება არ იყო,“ – ამბობს მირიან ქათამაძე.

რაც შეეხება ქალაქს – აქ ხუთ შენობას და, მათ შორის, ერთ საცხოვრებელ კორპუსს ახადა სახურავი ქარბორბალამ. ქობულეთის მერი ამბობს, რომ დროებითი გადახურვა გუშინვე მოხერხდა და რომელიმე ოჯახის გაყვანა საჭირო არ გამხდარა.

წყალდიდობის შედეგად გუშინ ქალაქ ქობულეთში 25 ოჯახი დაიტბორა.

„ძირითადად დაიტბორა სარდაფები და რამდენიმე შემთხვევაში სახლების პირველი სართულები… ისევ და ისევ ადიდდა მდინარე აჭყვა, თუმცა წელს მნიშვნელოვანი ხასიათის ზიანი არ არის, სამუშაოები ჩატარდა სამელიორაციო სამსახურთან ერთად და მთელი ღამითაც მდინარის შესართვათან სპეცტექნიკა მუშაობდა,“ – გვითხრა მირიან ქათამაძემ.

სტიქიის პარალელურად ქობულეთის მოსახლეობა შუქის გარეშეც დარჩა. მირიან ქათამაძის ინფორმაციით, გუშინ საღამოსვე მოსახლეობას სრულად აღუდგა ელექტროენერგიის  მიწოდება.

სტიქია ქობულეთში, ქობულეთის მერიის ფოტოები

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.