მთავარი,სიახლეები

ეთნიკური უმცირესობებისთვის ბათუმის საარჩევნო სიებში ადგილი ისევ არ არის

03.09.2021 • 1671
ეთნიკური უმცირესობებისთვის ბათუმის საარჩევნო სიებში ადგილი ისევ არ არის

„თვითონ არ აქტიურობენ“ – ძირითადად ასე ამართლებენ პოლიტიკოსები მათ მიერ შედგენილ საარჩევნო სიებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ადგილი გამსვლელ სიებში არც ამ არჩევნებში არ მოიძებნა. მოსახლეობის ბოლო საყოველთაო აღწერის მიხედვით, ბათუმში მოსახლეობის [სულ 152 839] 3 პროცენტი სომეხი ეროვნებისაა, ანუ 4585 ადამიანი. რუსი ეროვნებისაა მოსახლეობის 1.9 პროცენტი, ხოლო 1.7 – სხვა ეროვნების.

რატომ აუარეს გვერდი პოლიტიკოსებმა ისევ ეთნიკურ ჯგუფებს? – ვკითხეთ რამდენიმე ბათუმელ პოლიტიკოსს, რადგან ბათუმში ხშირად გვესმის: „ეს მულტიკულტურული, მულტინაციონალური ქალაქი“.

„ეთნიკური უმცირესობებისთვის კვოტა არ გაგვისაზღვრავს, ეს არის დამოკიდებული მათ აქტივობაზე, გადაწყვეტილება მივიღეთ ამ შემთხვევაში ახალ სახეებზე,“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ, გაერთიანებული ოპოზიციის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა.

გიორგი კირთაძის განმარტებით, პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აქცენტი იმ ახალგაზრდებზე გააკეთა, რომლებიც ბათუმში „თავისუფლების კვარტალს“ წარმოადგენდნენ.

„ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებიც აქტიურად შეუერთდნენ „თავისუფლების კვარტალს“ და პარტიაში არიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიმღები. აქცენტი გავაკეთეთ ახალგაზრდებზე,“ – აღნიშნა გიორგი კირთაძემ.

„იმდენი ხნის თანაარსებობაა უკვე ბათუმში, რომ მათ განსხვავებული საჭიროებები არ აქვთ. ბათუმში უფრო საერთო მოქალაქეობრივი საჭიროებებია,“ – მიიჩნევს ირაკლი კუპრაძე, „ლელოს“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერი. ირაკლი კუპრაძეც ხაზს უსვამს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები პოლიტიკურად აქტიურები არ არიან.

„ამ ეტაპზე ეთნიკური მრავალფეროვნებით „ლელოს“ პარტიული სია არ გამოირჩევა, ამის მიზეზი არის ის, რომ თავად უმცირესობები არ არიან აქტიურები პოლიტიკურ ნაწილში… მინიმალური აქტივობის შემთხვევაში, ეს იქნებოდა დამატებითი მოტივაცია, რომ აგვესახა მაქსიმალური მრავალფეროვნება. მოხარული ვიქნებოდით, ასე ყოფილიყო,“ – გვითხრა ირაკლი კუპრაძემ.

„შევთავაზეთ სიაში ჩასმა, მაგრამ უარი გვითხრეს,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ ვახტანგ კალოიანმა, გაერთიანებული ოპოზიციის და „ევროპული საქართველოს“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატმა. მას ვთხოვეთ დაესახელებია: ეროვნული და ეთნიკური უმცირესობებიდან კონკრეტულად ვის შესთავაზეს ამ პარტიიდან კანდიდატობა, ვინ თქვა საკრებულოს წევრობაზე უარი და რატომ?

„ევროპული საქართველოს“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დაგვპირდა, რომ კონსულტაციას გაივლიდა და შემდეგ მოგვაწვდიდა ინფორმაციას. საბოლოოდ, ვახტანგ კალოიანმა გვითხრა, რომ ის პარტიის აქტივისტებს ესაუბრა, რომლებიც ეროვნულ უმცირესობებს წარმოადგენენ და ამ თემაზე საუბარი არ სურთ.

„არ სურთ გაჟღერდეს მათი სახელი და გვარები, უბრალოდ არ უნდათ იყვნენ საკრებულოში… ჩვენ რამდენიმე აქტივისტი გვყავს პარტიაში, ვინც ჩართულია პოლიტიკურ აქტივობებში, თუმცა მათ სამწუხაროდ არ გვითხრეს, რატომ არ სურთ საკრებულოში შესვლა და უფრო მეტი აქტიურობა… უბრალოდ თქვეს, რომ ჯერ ამისთვის მზად არ არიან,“ – აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.

უმცირესობის წარმომადგენლები არიან „ქართული ოცნების“ სიაში, ერთი მე-17 ადგილზეა, მეორე მე-19 ადგილზე.

„დიახ, ეს გამსვლელი სიაა და მოწინავე პოზიციაა მე-17 და მე-19 ადგილებიც,“ – ამბობს ტიტე აროშიძე, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ბათუმში.

რატომ არ მიიჩნია პარტიამ საჭიროდ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები საარჩევნო სიის ათეულში მაინც ყოფილიყვნენ?

„სრულიად ლოგიკურია, რომ ეს ადამიანები საკრებულოში მოხვდნენ…. მე-17 ნომერია ალექსანდრე პეტროსიანი, მე-19 ნომერია – კამურ კამაევი, რომელიც არის აზერბაიჯანელი და საქართველოს მოქალაქეა. ორივე გამორჩეული ბათუმელია,“ – დასძინა ტიტე აროშიძემ.

ეთნიკური უმცირესობებისთვის ადგილი ვერც გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ გამონახა. პარტიის პრესცენტრში კომენტარს დაგვპირდნენ, თუმცა ორი დღის განმავლობაში პასუხი ვერ მივიღეთ.

ეთნიკური ჯგუფებისთვის ადგილი არც გასულ წელს აღმოჩნდა საპარლამენტო არჩევნებში. რა თქვეს პარტიებმა გასულ წელს, ნახეთ აქ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: