თბილისის შემდეგ აჭარა სამიზნე აცრებით მეორე ადგილზეა საქართველოში

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ოქტომბრის შუა რიცხვებში ე.წ. იმუნიზაციის კვირეული, მარათონი დაიწყება.

„ჩვენ შევარჩიეთ 68 დიდი დასახლებული პუნქტი საქართველოში, სადაც 3 ათასზე მეტი მოსახლეობაა, ესაა ძირითადად სოფლები, ისე, რომ ყველა რეგიონი იყოს მოცული. ყალიბდება ჯგუფები, რომლებიც ამ სოფლებში იმუშავებენ და თბილისიდან იქნება მობილიზებული მობილური ჯგუფები.

ვფიქრობთ, 15 ოქტომბერს დაიწყოს ერთკვირიანი მარათონი. იქნება რამდენიმე ასეთი კვირეული. თუ ამან გაამართლა, შემდეგ ავიღებთ 2000-ზე ზემოთ სოფლებს. ამას ვფიქრობთ მომავალი 3 თვის განმავლობაში,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან აღნიშნა, რომ შედარებით კარგია აცრის მაჩვენებლები თბილისსა და აჭარაში:

„79 პროცენტი სამიზნე მაჩვენებლისა გასული ვართ თბილისში. მეორე ადგილზე მოდის აჭარა, 58 პროცენტით. სამიზნე მაჩვენებელია 60 პროცენტი. მესამეზე მოდის რაჭა-ლეჩხუმი 51 პროცენტით. სამწუხაროდ, ყველაზე დაბალი გვაქვს მაჩვენებლები ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში“.

ხულოში ხანძრით დაზარალებული ოჯახი 15 000 ლარს მიიღებს

ხულოში, სოფელ დანისპარაულში, საცხოვრებელი სახლი დაიწვა, რომელშიც ოთხი ადამიანი ცხოვრობდა. როგორც ხულოს მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ ოჯახს მერია სახლს უქირავებს.

„მოგვიანებით კი აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დაზარალებული ოჯახი 15 000 ლარს მიიღებს“, – გვითხრეს მერიაში.

ხვალიდან კვების ობიექტები 23 საათამდე იმუშავებენ

6 ოქტომბრიდან კვების ობიექტები 23:00 საათამდე იმუშავებენ – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა დღეს, 5 ოქტომბერს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ასევე უქმდება  კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მაყურებლის დასწრება რეგულაციების დაცვით იქნება შესაძლებელი.

„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ტენდენციების გათვალისწინებით, კვების ობიექტების მუშაობა ხვალიდან ერთი საათით გახანგრძლივდება და ისინი 22:00 საათის ნაცვლად მუშაობას 23:00 საათამდე შეძლებენ;

იხსნება კონცერტებისა და ფესტივალების გამართვასთან დაკავშირებული შეზღუდვა და მათი გამართვა და მაყურებლის დასწრება შესაძლებელი იქნება რეგულაციების დაცვით“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ნატო-საქართველოს საზღვაო წვრთნები შავ ზღვაში | ფოტო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვისა და ნატოს საზღვაო შენაერთის ხომალდებმა შავ ზღვაში ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩაატარეს.

სწავლება ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის – SNMCMG2-ის ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

ერთობლივ საზღვაო მანევრებში მონაწილეობდნენ შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდი “სოხუმი” და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის ხომალდები: ESPS RAYO (ესპანეთი), ROS LT LUPU DINESCU (რუმინეთი), BGS SHKVAL (ბულგარეთი), TCG EDINCIK (თურქეთი) და ITS VIAREGGIO (იტალია).

2021 წელს ნატოს ხომალდები საქართველოს უკვე მეორედ ესტუმრნენ.

ფოტო: შსს
ფოტო: შსს
ფოტო შსს
ფოტო: შსს

 

აჭარაში კოვიდის 103 ახალი შემთხვევაა | 5 ოქტომბერი

5 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

რეგიონში 351 პირს მკურნალობენ კოვიდზე კლინიკებში, მათგან 33 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ დროისათვის აჭარაში კოვიდსასტუმროში იმყოფება 166  ადამიანი.

5 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 2800 ახალი შემთხვევაა, 42 ადამიანი გარდაიცვალა გასულ დღე-ღამეში.

 

42 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 2800 ახალი შემთხვევა

5 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში გასულ 24 საათში დადასტურდა კოვიდის 2800 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 33 679 ტესტი კოვიდზე.

42 პაციენტი გარდაიცვალა გასული დღე-ღამის განმავლობაში.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია – 8,31%, ბოლო 14 დღის – 5,51%, ბოლო 7 დღის კი – 5,16%

ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 19 131 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 025 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

 

ფეისბუქი, ინსტაგრამი, მესენჯერი და WhatsApp-ი გათიშულია

სოციალური ქსელი ფეისბუქი, ინსტაგრამი, ფეისბუქ მესენჯერი და  WhatsApp-ის აპლიკაცია 4 ოქტომბრის 19:50 საათიდან გათიშულია.

facebook.com -ზე შესვლისას ჩნდება შეტყობინება – „ბოდიში, რაღაც შეცდომა დაფიქსირდა, ჩვენ ამაზე უკვე ვმუშაობთ და მას მალევე შევასწორებთ“.

ჯერჯერობით უცნობია ხარვეზის მიზეზი, თუმცა ცნობილია, რომ სოციალური ქსელი გლობალურად გაითიშა.

სოციალური ქსელის და აპლიკაციების გათიშვიდან მალევე ფეისბუქმა განცხადება კონკურენტი სოციალური ქსელის, ტვიტერის საშუალებით გააკეთა.

” ჩვენთვის ცნობილია, რომ მომხმარებლებს აქვთ ჩვენს აპლიკაციებსა და სერვისებზე წვდომის პრობლემა. ვმუშაობთ, რომ დავბრუნდეთ ჩვეულ მდგომარეობაში, როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისათვის,”- წერია ფეისბუქის განცხადებაში.

ფეისბუქის პირველი განცხადებიდან 4 საათის შემდეგ, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა ასევე ტვიტერის საშუალებით ფეისბუქის ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა მაიკ შროპფერმა.

“გულწრფელი ბოდიში ყველას, ვინც დაზარალდა ფეისბუქზე დაფუძნებული სერვისების გათიშვით. ქსელს აქვს პრობლემა. ჩვენი გუნდი მაქსიმალურად სწრაფად მუშაობს, რომ რაც შეიძლება მალე აღვადგინოთ,” – წერს მაიკ შროპფერი.

„ოცნებამ“ ბათუმში საჩივრების წერა დაიწყო

ბათუმში საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ საჩივრის დაწერა „ქართულ ოცნებასაც“ მოუწია. საჩივარი ჯერ ბათუმის საოლქო კომისიას არ განუხილავს.

მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა საჩივარი 63-ე საარჩევნო უბნის კომისიის წინააღმდეგ დღეს, 4 ოქტომბერს დაწერეს. ამ უბანზე გაფორმებული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ბათუმის პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო.

63-ე საარჩევნო უბანზე დაწერილი შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 347-მა ადამინმა მე-40 ნომრად დარეგისტრირებულ პარტიას „სახე პლიუსს“ დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 221 ხმით.

„ქართული ოცნება“ ამ უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს. საოლქო კომისიამ საჩივარი 4 დღეში უნდა განიხილოს.

63-ე უბანზე საჩივარი დაწერა საია-მაც, თუმცა ეს ორგანიზაცია შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსს ასაჩივრებს. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, პროპორციულ ნაწილში კომისიას 27 ბიულეტენი დააკლდა – ამ უბანზე სულ 753 ამომრჩეველი გამოცხადდა, დაჯამებული ბიულეტენები კი, მხოლოდ 726 აღმოჩნდა.

„მცირე ნაკლებობას არ ვასაჩივრებთ, მაგრამ ეს დიდი ოდენობაა, რაც აჩენს კითხვებს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

ამავე კომისიას მაჟორიტარების ნაწილში 10 ბიულეტენი დააკლდა. კომისიამ ბალანსი სწორად მხოლოდ მერების არჩევნების ნაწილში დასვა.

„ბათუმელები“ ბათუმის 63-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნიკა ძნელაძეს და მდივანს – ქეთევან გოგუას დაუკავშირდა, თუმცა ორივე მათგანმა გასაუბრებაზე მოუცლელობის მიზეზით უარი გვითხრა.

ბათუმის საოლქო კომისიაში კენჭისყრის დღეს სულ 42 საჩივარი დარეგისტრირდა, ხოლო შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების შემდეგ საოლქო კომისიას დამატებით 8 საჩივრით მიმართეს.

დღესვე საოლქო კომისიამ შემთხვევითობის პრინციპით ბათუმში ხუთი უბნის შედეგები გადათვალა. საოლქო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ხმების ხელახლა გადათვლის შედეგად მხოლოდ „ლელოს“ დააკლდა ერთი ხმა 51-ე საარჩევნო უბანზე.

„ლელოს“ ჰქონდა მიღებული ამ უბანზე 22 ხმა და გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არის 21. მეტი არაფერი შეცვლილა. ნაკლებობა არ არის დისბალანსი. შესაბამისად, არ არის პრობლემა… საჩივრები გადათვლაზე არ დაუწერიათ, მაგრამ ჯერ მის დასაწერად დრო კიდევ აქვთ,“ – გვითხრა ციალა შავაძემ.

საოლქო კომისიის წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირმა ხოროიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი საჩივრის დაწერას აპირებს და ეს პირველ მაჟორიტარულ ოლქს ეხება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნაზი ფუტკარაძემ სულ 4 ხმით გაიმარჯვა. ირმა ხოროიშვილის ინფორმაციით, მმართველი პოლიტიკური პარტია 38-ე უბნის შედეგების შეცვლას ცდილობს.

„დღეს რაც გადავთვალეთ, ხუთიდან სამი უბანი პირველ სამაჟორიტარო ოლქშია. 38-ე უბანიც ამ პირველ ოლქს ეკუთვნის, სადაც ბიულეტენების ცელოფნის პარკი დღეს იყო გახეული. მივიღეთ განმარტება, რომ გადმოტანის დროს გაიხა პარკი… ჩემი ინფორმაციით, „ოცნება“ ამ უბნის გადათვლაზეც აპირებს საჩივრის დაწერას“, – ამბობს ირმა ხოროიშვილი.

საარჩევნო ადმინისტრაციაში  „ქართული ოცნების“ საჩივარი ამ კუთხით ჯერ არ შესულა.

დიპლომატების განცხადება უშიშროების მხრიდან სატელეფონო მიყურადების გამოვლენილ ფაქტებზე

„შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით,

დღეს, 2 ოქტომბერს, ე.წ. სუსის ფაილებსა და საარაუდოდ ელჩების მოსმენაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს შეხვდნენ. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ავრცელებს.

„შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის სახელით გამოითქვა სერიოზული შეშფოთება, უშიშროების სამსახურების მხრიდან სატელეფონო მიყურადების ახლახანს გამოვლენილ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც უხეშად ეწინააღმდეგება დიპლომატიურ ურთიერთობათა შესახებ ვენის 1961 წლის კონვენციას და ზიანს აყენებს ნორმალურ დიპლომატიურ საქმიანობას საქართველოში,“ – აღნიშნულია საქართველოში დიპლომატიური კორპუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ფაილებიდან, რომლებმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა, იკვეთება, რომ უწყება უსმენს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსაც. მასალებს შორისაა ათეულობით ცნობა, რომლებიც აღწერენ ელჩებისა და საელჩოების თანამშრომლების საუბრებს ერთმანეთთან თუ მესამე პირებთან.

ზოგიერთი მასალის შემთხვევაში, რთულია იმის იდენტიფიცირება, ვის უსმენს სახელმწიფო კონკრეტულ მომენტში: დიპკორპუსის წარმომადგენელს თუ პირს, რომელსაც ის ესაუბრება. თუმცა, მასალების ნაწილის შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება, რომ მოსმენის ობიექტები სწორედ უცხო ქვეყნების საელჩოები არიან.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/563582/

როგორ ამოვიცნოთ მენინგიტი – ექიმის რჩევები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მენინგიტით ინფიცირების ყოველი მეათე შემთხვევა – ძირითადად ბავშვებში და ახალგაზრდებში – ფატალურად მთავრდება, ხოლო ხუთიდან ერთი იწვევს უნარშეზღუდულობას, რაც გამოიხატება სმენის და მხედველობის დაკარგვის, ნევროლოგიური დარღვევებისა და კოგნიტური დარღვევების სახით.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ბაბუხადია ამბობს, რომ მენინგიტით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი, თუმცა რისკჯგუფს  მიეკუთვნებიან: ბავშვები, მოხუცები, დაბალი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები. 

  • ქალბატონო ნათია, რა არის მენინგიტი  და რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში?

მენინგიტი თავისა და ზურგის  ტვინის გარსების ანთებაა. გამოყოფენ პაქიმენინგიტსა (მაგარი გარსების) და ლეპტომენინგიტს (რბილი გარსების) ანთებას.  ანთებითი პროცესი ვრცელდება მაგარ და  რბილ გარსებზე, არაქნოიდულ და  სისხლძარღვოვან წნულებზე. ამ დროს ირღვევა თავზურგტვინის (ლიქვორის)  სითხის შეწოვა და ნორმალური ცირკულაცია, რის შედეგადაც ვითარდება ქალასშიდა ჰიპერტენზია. 

  • რა იწვევს მენინგიტს?

მენინგიტი ძირითადად გამოწვეულია ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციით. თავზურგტვინის სითხის შემადგენლობის მიხედვით განასხვავებენ ვირუსულ (პაროტიტული, ენტეროვირუსულ და სხვა) და ჩირქოვან ფორმებს

ჩირქოვანი მენინგიტის გამომწვევია მენინგოკოკი, პნევმოკოკი, ჰემოფილური ჩხირი, სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი, ხოლო პროტოზოული მენინგიტი თავს იჩენს, როცა საქმე გვაქვს მალარიასთან, ტოქსოპლაზმა გონდთან, რომელიც უჯრედშიდა პარაზიტებს მიეკუთვნება. ეს მიკროორგანიზმი  ხორცში და ხორცის პროდუქტებში ბინადრობს. 

მენინგიტი  შეიძლება  იყოს მეორეულიც  და წარმოადგენდეს რაიმე  დაავადების გართულებას. ეს შეიძლება იყოს ორგანიზმში არსებული სხვადასხვა ანთებითი პროცესი და ინფექცია, მაგალითად, საშარდე სისტემის, საჭმლის მომნელებელი ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის დაავადებები, ფარინგიტი, სინუსიტი, ოტიტი და ა.შ.

მენინგიტის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს ქალა ტვინის ტრავმები. 

საყურადღებოა, რომ მენინგიტი  ჰაერწვეთოვანი გზით და  საზიარო საყოფაცხოვრებო ნივთებითაც ვრცელდება.

  • რა სიმპტომები ახასიათებს მენინგიტს და რა სახის კვლევები ტარდება დიაგნოზის დასადასტურებლად?

მენინგიტისთვის დამახასიათებელია სამი ძირითადი ნიშანი: ძლიერი თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა და ღებინება.

გარდა ამისა, მენინგიტის კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და დაავადების გამომწვევზე (ვირუსული, ბაქტერიული).

რაც შეეხება ზოგად სიმპტომებს, ესენია:

დაავადების უეცარი დასაწყისი, თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, გულისრევა, ღებინება, ფოტოფობია (სინათლის აუტანლობა), კისრის და სხეულის კუნთების დაჭიმულობა (რიგიდობა), პათოლოგიური რეფლექსები, პათოლოგიური ძილიანობა ან მოთენთილობა, ფსიქომოტორული აგზნება, გულყრა ან გონების დაკარგვა, სხეულზე მოწითალო-მოლურჯო შეფერილობის წვრილი გამონაყარი (პეთექიები), ტაქიკარდია, გახშირებული სუნთქვა.

  • როდის უნდა მივმართოთ ექიმს და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაგვიანებულ მკურნალობას?

მენინგიტი სერიოზული მდგომარეობაა და სახლის პირობებში მისი მკურნალობა დაუშვებელია! პირველივე საეჭვო ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ კლინიკას, რათა დროულად მოხდეს დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა. დაგვიანებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მძიმე გართულებები, როგორიცაა: ტვინის შეშუპება, მენინგოკოკური სეფსისი, ჰემორაგიული სინდრომი, ეპილეფსიური გულყრა, ჰიდროცეფალია (ტვინის წყალმანკი), სმენის დაკარგვა, მხედველობის ნერვის ატროფია და სხვ.

დაგვიანებული შემთხვევა შესაძლებელი დასრულდეს ყველაზე ცუდი, ლეტალური გამოსავლით.

  • როგორ მკურნალობენ მენინგიტს და რა შეიძლება გავაკეთოთ პროფილაქტიკისთვის?

მენინგიტის მკურნალობა ხდება დეჰიდრატაციული, ანტიბიოტიკო, გლუკოკორტიკოსტეროიდული, დიურეზული და სიმპტომური თერაპიით. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაუშვებელია პაციენტის ბინაზე და თვითმკურნალობა.

პროფილაქტიკისთვის, პირველ რიგში, მოვერიდოთ გამომწვევ ფაქტორებს და დაავადებულთან  ახლო კონტაქტს,  დავიცვათ ჰიგიენა და დაავადების საეჭვო ნიშნების ამოცნობისთანავე მივმართოთ ექიმს. 

სტამბოლელი კატა გამვლელებს თავს აცოდებს და დღეში 10-ჯერ ჭამს

სტამბოლში მცხოვრები ქუჩის კატა სახელად „წერტილი“ სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა მსახიობური ნიჭის წყალობით.

„წერტილი“ გამვლელებს თავს აჩვენებს, რომ შიმშილისგან გული მისდის, ითრევს ფეხს, თითქოს კოჭლია და ცდილობს საჭმელი ამ გზით მოიპოვოს.

კატა მაღაზიასაა მიკედლებული, რომლის მენეჯერი ამბობს, რომ „წერტილი“ ამ გზით დღეში მინიმუმ ათჯერ ჭამს.

სტამბოლში, რომელიც კატების მოყვარული მოსახლეობითაა ცნობილი, კატა პოპულარული გახდა. „დეილი საბაჰი“ წერს, რომ  „წერტილის“ სანახავად და გამოსაკვებად მაღაზიას საგანგებოდ ათობით ადამიანი სტუმრობს.

___________

ფოტო: „დეილი საბაჰი“

ხელვაჩაურში მცხოვრებმა მოქალაქემ 10 000 ლარი მოიგო აცრის ლატარიაში

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სამების მცხოვრებმა, 25 წლის ხათუნა მელიქიშვილმა, ლატარიაში „აიცერი და მოიგე“ 10 000 ლარი მოიგო. „საქართველოს ეროვნული ლატარიის“ ინფორმაციით, თანხა 4 ოქტომბერს გათამაშდა.

ხათუნა მელიქიშვილი სოფელ სამებაში დედ-მამასთან ერთად ცხოვრობს. ის პროფესიით ფინანსისტია და ბანკში მოლარე-ოპერატორად მუშაობს.

„გათამაშების შესახებ ინფორმაცია კი მქონდა, მაგრამ მოგება არასდროს გადამიმოწმებია, რადგან მეგონა, რომ მე არასდროს არაფერს მოვიგებდი, სიმართლე გითხრათ, შოკში ვარ, მოგება და თან 10 000 ლარის… ამაზე ვერც კი ვიოცნებებდი“, – ამბობს ხათუნა მელიქიშვილი. მის კომენტარს საქართველოს ეროვნული ლატარია ავრცელებს.

ვაქცინაციის წამახალისებელი ლატარია „აიცერი და მოიგე“ 14 სექტემბრიდან იმართება და  ამ დროისთვის 3 411-მა ადამიანმა ჯამში 540 400 ლარი მოიგო.

ამავე თემაზე: 

აცრილი ხართ კოვიდზე? შემოაწმეთ, მოიგეთ თუ არა თანხა

სააკაშვილი იმალებოდა სამეგრელოში და შემდეგ თბილისში – პროკურატურა

საქარველოს პროკურატურის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 29 სექტემბერს შემოვიდა. მისი ტრანსპორტირება ორმა პირმა უზრუნველყო, რომლებსაც ამ დროისთვის ბრალი აქვთ წარდგენილი.

„შ.წ.-მ და ზ.წ.-მ იცოდნენ, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის იძებნებოდა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს  თანამშრომლების მიერ.

მიუხედავად ამისა, 2021 წლის 29 სექტემბერს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ, ბრალდებულებმა საკუთარი ავტომანქანით უზრუნველყვეს მისი ტრანსპორტირება და დანიშნულების ადგილას – სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს.

აღნიშნულის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი გაემგზავრა თბილისში და დაბინავდა ე.ც.-ს მიერ დროებით საცხოვრებლად გადაცემულ ბინაში, რომელსაც 2 ოქტომბერს წაუყენეს ბრალი, დანაშაულის დაფარვის გამო.

სამართალდამცველებმა შ.წ. და ზ.წ. 3 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილით (მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“-აცხადებს პროკურატურა.

მიხეილ სააკაშვილი კი 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს დააკავეს თბილისში,  კერძო პირის საცხოვრებელ ბინაში.

ვინ რამდენი ხმა მიიღო – მერობის კანდიდატები ბათუმში

ცესკოს მონაცემების თანახმად, ბათუმში ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია, შესაბამისად, ცნობილია წინასწარი შედეგები, რამდენი ხმა მიიღეს მერობის კანდიდატებმა.

დაზუსტებით ცნობილია, რომ ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რადგან არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 50 პროცენტზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. მეორე ტურში მხოლოდ ორი კანდიდატი იქნება – არჩილ ჩიქოვანი, „ოცნების“ მერობის კანდიდატი და გიორგი კირთაძე, ერთიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატი. მათ შორის გამარჯვებული გახდება ის, რომელიც ამომრჩევლის მეტ ხმას მიიღებს მეორე ტურში.

ბათუმში მერობის 10 კანდიდატი იყო. ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

  • გიორგი კირთაძე, ოპოზიციური ერთობა – 41.97% [31 443 ხმა]
  • არჩილ ჩიქოვანი, „ქართული ოცნება“ – 41.08% [30 776 ხმა]
  • ირაკლი მიქელაძე, „გახარია – საქართველოსთვის“ – 10.57% [7 918 ხმა]
  • გიორგი ფუტკარაძე, „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 2.31% [1731 ხმა]
  • ბონდო გუგულაძე, „პატრიოტთა ალიანსი“ – 1.3% [975 ხმა]
  • კახაბერ ცისკარიძე, დამოუკიდებელი კანდიდატი – 0.92% [687 ხმა]
  • ედნარ ბაგრატიონი, „სახე +” – 0.61% [456 ხმა]
  • გია ხალვაში, დამოუკიდებელი კანდიდატი – 0.56 [422 ხმა]
  • რამაზ ადაძე, „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ – 0.44% [330 ხმა]
  • ანჟელიკა ზახაროვა, „სოციალისტური პარტია“ – 0.25% [187 ხმა]

კანონის თანახმად, მერის არჩევნების მეორე ტური ტარდება მერის არჩევნებიდან მეოთხე შაბათს, შესაბამისად, მეორე ტური 30 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო. თუ კანდიდატებმა თანაბარი რაოდენობის ხმები მიიღეს, არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც პირველ ტურში მეტი ხმა მიიღო და თუ ხმათა ეს რაოდენობებიც ტოლი აღმოჩნდა, გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.

როცა 1 ხმა გადამწყვეტია – ექვსი მაგალითი 2 ოქტომბრის არჩევნებზე

თითოეული ამომრჩევლის ხმას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ცნობილი ამბავია, მაგრამ არაერთი მოქალაქე მაინც ფიქრობს, რომ ეს ასე არ არის.

„ჩემი ხმა რას გადაწყვეტს?“ – ფიქრობს ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე არ მიდის, თუმცა სულ სხვა რამეს ამბობს არჩევნების შედეგები.

2 ოქტომბრის არჩევნებზე ერთ შემთხვევაში სწორედ ერთმა ხმამ გადაწყვიტა მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა, ხოლო ისეთი შემთხვევა, როცა გადამწყვეტი აღმოჩნდა ათამდე ხმა, კიდევ უფრო ბევრია.

მაგალითად, 2 ოქტომბრის არჩევნებზე წყალტუბოს #1 მაჟორიტარულ ოლქში 1 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი. „ოცნების“ კანდიდატმა ხათუნა მაღლაკელიძემ 1 ხმით მოუგო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, დავით ხიდაშელს. მაღლაკელიძემ 1160 ხმა მიიღო, ხიდაშელმა კი – 1159 ხმა.

ლაგოდეხის #10 მაჟორიტარულ ოლქში 2 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვიტალი გუგეშაშვილმა, 2 ხმით მოუგო „ოცნების კანდიდატს“, ალექსანდრე ბაინდურაშვილს. გუგეშაშვილმა 327 ხმა მიიღო, ბაინდურაშვილმა კი – 325 ხმა.

ბათუმის #1 მაჟორიტარულ ოლქში 4-მა ხმამ გადაწყვიტა, ვინ იქნება ბათუმის საკრებულოს წევრი. აქ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნაზი ფუტკარაძემ 4 ხმით მოუგო მამული ლომაძეს, „ოცნების“ კანდიდატს. ნაზი ფუტკარაძემ 4268 ხმა მიიღო, მამული ლომაძემ კი – 4264 ხმა.

ასევე 4 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი ახმეტის #9 საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, სოსო ბაბულაიძისთვის. მან 805 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა „ოცნებიდან“, სერგეი მელწაიძემ კი – 801 ხმა.

6 ხმით მოიგო თერჯოლის #4 მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველოსთვის“ კანდიდატმა როლანდ მესხმა. მან 1125 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა, „ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ქასრაშვილმა კი – 1119 ხმა.

შუახევის #2 მაჟორიტარულ ოლქში გადამწყვეტი აღმოჩნდა 7 ხმა. აქ „ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი კეკელიძემ, 769 ხმა მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ამირან ხიმშიაშვილმა კი – 762 ხმა.

ჩოხატაურის #10 მაჟორიტარულ ოლქში „ოცნების“ კანდიდატმა ზვიად მამალაძემ 9 ხმით მოუგო „გახარაია -საქართველოსთვის“ კანდიდატს, მამუკა ჯინჭარაძეს. ზვიად მამალაძემ 341 ხმა მიიღო, მამუკა ჯინჭარაძემ კი – 332 ხმა.

ქობულეთის #13 საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა დავით ოქროპირიძემ 10 ხმით მოუგო „ოცნების“ კანდიდატს, როინ ჩხაიძეს. ოქროპირიძემ 1044 ხმა მიიღო, ოქროპირიძემ კი – 1034 ხმა.

ეს ჯერ ისევ წინასწარი შედეგებია და შესაძლოა შეიცვალოს. თუმცა ეს შედეგებიც კარგად აჩვენებს ამომრჩევლის ერთი ხმის მნიშვნელობას.

________________

ფოტოზე: 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები ბათუმში

2 ოქტომბერს შსს-ში კოორდინატორების წინააღმდეგ 200 შეტყობინება შევიდა

2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროში საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-12 პუნქტის დარღვევაზე 200 შეტყობინება შევიდა, ერთი პირი კი 2000 ლარით დააჯარიმეს. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

„პოლიციამ კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ორასამდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება. საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, თითოეულ ფაქტზე პოლიციამ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – დადგენილი წესის შესაბამისად, პირველ ჯერზე შესაბამის პირებს მითითება მიეცათ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა მოქალაქე ადმინისტრაციული წესით – 2000 ლარის ოდენობით,“ – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ რელიზში.

საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების თანახმად განისაზღვრა, რომ დაუშვებელია არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის რადიუსში ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა.

ამავე ცვლილებით ასევე დაუშვებელია კენჭისყრის შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის მანძილზე სააგიტაციო მასალის განთავსება. თუკი ასეთი მასალა მაინც იქნება, მაშინ ის ექვემდებარება ჩამოხსნას ან დემონტაჟს.

2 ოქტომბრის არჩევნების მიმდინარეობისას ქართული მედია მთელი დღე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ საარჩევნო უბნის წინ მობილიზებულები იყვნენ პარტია „ქართული ოცნების“ კოორდინატორები, რომლებიც აღრიცხავდნენ საარჩევნო უბანზე შესულ ამომრჩეველს.

წყალი შეწყდება ბარცხანაში, განთიადში, თამარისა და ხელვაჩაურის დასახლებებში

„ბათუმის წყლის“ განცხადებით, ჩაისუბნის, ყოროლისთავისა და ლეჩას სათავე ნაგებობებზე წყალი ამღვრეულია, რის გამოც წყლის მიწოდება შეწყდება შემდეგ დასახლებებში:
  • განთიადი
  • ბარცხანა
  • თამარის დასახლება
  • ხელვაჩაური
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდება 23:00 საათზე განახლდება.
______________
ფოტოზე: „ბათუმის წყლის“ სათავე ნაგებობა. კადრი კომპანიის მიერ გავრცელებული ვიდეოდან.

ბათუმის სკოლებში ბავშვების 81% გამოცხადდა – სამინისტრო

დღეს, 4 ოქტომბერს, საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი სკოლის შენობებში განახლდა. 15 სექტემბრიდან მოსწავლეები, პირველკლასელების გარდა, კორონავირუსის გამო ონლაინ სწავლობდნენ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებსა და უნივერსიტეტებს დღეიდან, 4 ოქტომბრიდან, მიეცათ უფლება სწავლა შენობებში განაახლონ. თუმცა მოსწავლეებს/მშობლებს უფლება აქვთ, სწავლის ფორმატი ამჯერადაც აირჩიონ – წავიდნენ სკოლაში ან გააგრძელონ  სწავლა ონლან.

აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით,  დღეს, 4 ოქტომბერს, ბათუმის სკოლებში მოსწავლეების 81 პროცენტი გამოცხადდა.

  • შუახევში – 95 პროცენტი
  • ქედაში – 95 პროცენტი
  • ქობულეთში – 95 პროცენტი
  • ხულოში – 96 პროცენტი
  • ხელვაჩაურში – 89 პროცენტი

რაც შეეხება უნივერსიტეტებს, მათი ნაწილი სწავლას სხვადასხვა რიცხვში და ჰიბრიდული მეთოდით განაახლებს. მაგალითად, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 11 ოქტომბერს აპირებს სწავლის განახლებას, თსუ-მ დღეს დაიწყო შერეული მეთოდით სწავლა, ხოლო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სავარაუდოდ 18 ოქტომბერს განაახლებს სასწავლო პროცესს.

რამდენი ხმა მიიღო რიჩარდ ოგბუნუჯუმ თბილისის მერობის არჩევნებში

ცესკოს მონაცემებით, თბილისის მერობის კანდიდატმა არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუმ ამომრჩეველთა ხმების 0.61 პროცენტი მიიღო [2903 ხმა]. ეს არჩევნების წინასწარი შედეგია.

არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ ნიგერიიდანაა, იბოს ტომის მეფე. ის ბოლო რამდენიმე წელია საქართველოში ცხოვრობს. არინზე პარტია „ჩვენი გაერთიანებული საქართველოს“ მერობის კანდიდატი იყო.

ცესკოს მონაცემებით, თბილისში 50-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო და მეორე ტური გაიმართება. „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა თბილისში კახი კალაძემ 44.97 პროცენტი მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნიკა მელიამ – 33.98 პროცენტი, ხოლო გიორგი გახარიამ – 9.35 პროცენტი.

წვიმის გამო აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრავი ავტობუსების სამარშრუტო სქემა შეიცვალა

ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, აღმაშენებლის ქუჩის დატბორვის შედეგად, კერძოდ, ბაგრატიონისა და აბუსერიძის ქუჩების მონაკვეთში, მუნიციპალური ავტობუსები ვერ მოძრაობენ, რის შედეგადაც №1, №1ა, №4, №7, №7ა სამარშრუტო ხაზების მოძრაობის მიმართულება შეიცვალა და ამ მომენტისთვის ასე გამოიყურება:

  • №1–აღმაშენებლის ქ, ბაგრატიონის ქ,  აეროპორტის გზატკეცილი,  ვოქსი, კობალაძის ქ.
  • №1ა–კობალაძის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, ბავშვთა საავადმყოფო, აეროპორტის გზატკეცილი, ბაგრატიონის ქ, აღმაშენებლის ქ.
  • №4–აღმაშენებლის ქ, ბაგრატიონის ქ, აეროპორტის გზატკეცილი,  ვოქსი, კობალაძის ქ.
  • უკუმიმართულება: კობალაძის ქ, აეროპორტის გზატკეცილი, ბავშვთა საავადმყოფო, აეროპორტის გზატკეცილი, ბაგრატიონის ქ, აღმაშენებლის ქ.
  • №7 – აღმაშენებლის ქ, ბაგრატიონის ქ, აეროპორტის გზატკეცილი,  აბუსერიძის ქ.
  • №7ა – აბუსერიძის ქ, აეროპორტის  გზატკეცილი, ბავშვთა საავადმყოფო, აეროპორტის გზატკეცილი, აღმაშენებლის ქ.

ბოლო ერთ წელში ზეთი 40 პროცენტით გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ წელიწადში ზეთი და ცხიმი 40.7 პროცენტით გაძვირდა.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანახმად, წლიური ინფლაციის დონემ 12.3 პროცენტი შეადგინა.

ფასები მომატებულია შემდეგ პროდუქტებზე:

  • ზეთი და ცხიმი – 40.7 პროცენტი
  • ბოსტნეული და ბაღჩეული – 38.2 პროცენტი
  • რძე, ყველი და კვერცხი- 17.1 პროცენტი
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 16.6 პროცენტი
  • პური და პურპროდუქტები – 13.2 პროცენტი
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 12.6 პროცენტი
  • თევზეული – 11.5 პროცენტი
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები – 10.4 პროცენტი
  • ყავა, ჩაი და კაკაო – 7.1 პროცენტი

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.3 პროცენტით;  საცხოვრებელზე, წყალზე, ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე დაფიქსირდა ფასების 11.8-პროცენტიანი მატება; ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2 პროცენტით.

წაბლანაში მეწყერი ჩამოწვა და 100 მეტრი სიგრძის გზა წაიღო

ხულოში, სოფელ წაბლანაში, მეწყერი ჩამოწვა. „ბათუმელები“ სოფელში მერის წარმომადგენელს რაულ მახარაძეს ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ მეწყერმა ასი მეტრი სიგრძის გზა წაიღო. მისი თქმით, ამ ეტაპზე მეწყერი საცხოვრებელ სახლებს საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ძლიერი წვიმის შედეგად შესაძლოა მეწყრული პროცესები ისევ განვითარდეს.

„მეწყერი ჩამოწვა სოფლის ცენტრში მისვლამდე, სკოლასთან ახლოს და წაიღო ასი მეტრი სიგრძის გზა. ჩვენ გვაქვს შემოვლითი გზაც ჩანჩურისხევიდან და ჯერჯერობით ამ გზით ვისარგებლებთ“, – ამბობს რაულ მახარაძე.

დღეს, 4 ოქტომბერს, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა, თუმცა როგორც რაულ მახარაძე ამბობს, დღეს სოფელ წაბლანაში ბავშვები სკოლაში წასვლას ვერ შეძლებენ და სწავლა რამდენიმე დღე ონლან გაგრძელდება.

სოფელ წაბლანაში მეწყერი ჩამოწვა

სოფელ წაბლანაში მეწყერი 1989 წელსაც ჩამოწვა და თითქმის მთელი სოფელი მიწის ქვეშ მოიყოლა. მაშინ მეწყერის შედეგად წაბლანაში 19 ადამიანი დაიღუპა. მას შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, წაბლანის მოსახლეობა ბათუმში, პანსიონატებში ცხოვრობდა. მოგვიანებით მათი ნაწილი ისევ მშობლიურ სოფელში დაბრუნდა.

ბათუმში 7 ოქტომბრამდე იწვიმებს, მთაში შესაძლოა მოთოვოს

სინოპტიკოსების ცნობით, 7 ოქტომბრამდე ბათუმში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება.

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4  ოქტომბრის  21 საათიდან 5  ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით ძლიერი წვიმა და ჭექა-ქუხილი.

აჭარის მთაში მოსალოდნელია ნალექი თოვლ-ჭყაპის ან თოვლის სახით.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15 – 20 გრადუსი
  • ღამით: 8 – 13 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 7 – 12 გრადუსი 
  • ღამით: 1 – 6 გრადუსი 

დღეის მონაცემებით, ზღვის წყლის ტემპერატურა +20 გრადუსია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა უხმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

სინოპტიკოსების ცნობით, 6 ოქტომბერს მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ჭექა-ქუხილი, 7 ოქტომბერს კი გამოიდარებს.

რატომ ვერ მიიღეს კომპენსაცია ბათუმში დატბორვის შემდეგ – სახლებში წყალი დღესაც შევიდა

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალესა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში სახლები ისევ დაიტბორა. ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილი წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდა და ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა.

მოქალაქე დარიკო გოგოლიშვილი ამბობს, რომ მერიას 22 სექტემბრის დატბორვის დროს მიყენებული ზიანიც კი არ აუნაზღაურებია, დღეს ეს ოჯახი ხელმეორედ დაიტბორა.

ქალის თქმით, ოჯახში ბევრი სული ცხოვრობს, ამიტომ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულსაც საცხოვრებლად იყენებენ. „ღამის გასათევი აღარ მაქვს, სად უნდა დავიძინო?“ – ამბობს ის.

დღევანდელი წვიმის შემდეგაც თვალნათლივ გამოჩნდა, რომ სანიაღვრე ჭები ვერ ატარებს ნიაღვარს, რის გამოც ქუჩები იტბორება.

„ასე იტბორება ყველა გაწვიმებაზე, ცხელ ხაზზე რომ დავრეკე, მითხრეს, კერძო მოხელეს მიმართეო. კერძო მოხელეს რატომ უნდა მივმართო, როცა ქუჩა იტბორება“? – გვეუბნება მოქალაქე.

„ბათუმელები“ ბათუმის მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, დაითვალეს თუ არა 22 სექტემბრის დატბორვის შედეგად მიყენებული ზიანი და მიიღო თუ არა კომპენსაცია დაზარალებულმა მოსახლეობამ?

მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის მერიაში 500-ზე მეტი მოქალაქის განცხადებაა შესული, თუმცა კომპენსაციების გაცემა ჯერ არ დაწყებულა.

„ჯერ კიდევ მიმდინარეობს განცხადებების შემოტანა, ემატება ყოველდღე და ყველას ეტაპობრივად დაეხმარებიან“, – გვითხრეს მერიის სამსახურში. თუმცა ვერ ასახელებენ ზარალის ოდენობას.

„ზარალის დათვლაში ბევრი სამსახურია ჩართული და კონკრეტულ თანხას ვერ გეტყვით“, – ამბობენ მუნიციპალური სერვისების სამსახურში.

რაც შეეხება დღეს, 4 ოქტომბერს, დატბორილ ქუჩებს, მოსახლეობისგან შეტყობინებები „ბათუმის წყალში“ შედის.  ამ უწყებაში ჯერჯერობით ზარებს არ პასუხობენ.

ბათუმში 4 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, აჭარაში დადასტურდა 73 ახალი შემთხვევა

4 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში დადასტურდა კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა.

ამავე პერიოდში 4 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

ამჟამად აჭარის კოვიდსასტუმროებში 365 პაციენტს მკურნალობენ, მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.

დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დადასტურდა კოვიდის 867 ახალი შემთხვევა, 30 პაციენტი გარდაიცვალა | 4 ოქტომბერი

4 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 867 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

3 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.40%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.42% ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.94%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 867 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 264 შემთხვევა, აჭარაში – 73, იმერეთი – 143, ქვემო ქართლში – 65, შიდა ქართლში – 29, გურიაში – 22სამეგრელო – ზემო სვანეთში – 65, კახეთი – 154მცხეთა-მთიანეთში – 15, სამცხე-ჯავახეთში – 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 14.

ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 17 858 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 133 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

 

ბათუმი ისევ დაიტბორა [ფოტო]

ძლიერი წვიმის გამო ბათუმის ქუჩები დაიტბორა. დატბორილია ჭაობის უბანი და ე.წ. ხოფაზე, აღმაშენებლის ქუჩა.

დატბორილია მელიქიშვილისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მონაკვეთი
დატბორილი აღმაშენებლის ქუჩა  ფოტო: ლელა ფუტკარაძე
დატბორილი აღმაშენებლის ქუჩა  ფოტო: ლელა ფუტკარაძე
გიორგი ბრწყინვალეს ქუჩა
26 მაისისა და ბესიკის ქუჩების კუთხე ფოტო: ირინე წუწუნავა

რომელ უბნებზე გადათვლიან ხმებს ხელახლა ბათუმში

ბათუმში ხელახლა გადათვლიან 51-ე, 42-ე, 38-ე, 39-ე და 43-ე საარჩევნო უბნების ბიულეტენებს. ხმებს ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია ხვალ, 4 ოქტომბერს, გადათვლის.

საოლქო კომისიამ 5 უბანი შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია და ე.წ. ლოტოტრონში ყველა საარჩევნო უბნის ნომერი იყო მოქცეული. უბნის შერჩევა დამოკიდებული არ არის დარღვევების კუთხით არსებულ პრეტენზიებზე.

ეს ახალი მიდგომაა, რასაც საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო ცვლილება ითვალისწინებს.

გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ოპოზიცია, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ბათუმშიც რამდენიმე უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ, თუმცა საოლქო კომისია მხოლოდ ერთ უბანზე დათანხმა ხმების გადათვლას.

2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის საოლქო კომისიაში სულ 42 საჩივარი დაიწერა. საჩივრების განხილვა კომისიას ჯერ არ დაუწყია. საოლქო კომისიას საჩივრების განსახილველად 4 დღე აქვს.

არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოში 19 მანდატი ოპოზიციას ექნება, 16 – „ქართულ ოცნებას“.

„ოცნება“ ზუგდიდის საკრებულოს უმრავლესობაში ვეღარ იქნება – წინასწარი მონაცემები

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 22 166 (43.16%) ხმა მიიღო. „ქართული ოცნების“ პროპორციულმა ხმებმა 20 577 (40.06%) შეადგინა. კიდევ ერთი პარტია, რომელიც ზუგდიდის საკრებულოში შევა 5 463 (10.64%) ხმით, არის „გახარია საქართველოსთვის“.

შესაბამისად, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაციონალური მოძრაობა ზუგდიდის საკრებულოს პროპორციულ სიით 14 წევრს შეიყვანს, „ქართული ოცნება“ – 13 წევრს, ხოლო „გახარია საქართველოსთვის“ – 3 წევრს.

ზუგდიდის საკრებულო 45 წევრისგან შედგება, მათგან 30 წევრი შევა პროპორციული სიით და 15 წევრი მაჟორიტარული სიით.

რაც შეეხება ზუგდიდის საკრებულოში 15 სამაჟორიტარო ოლქს, აქ 10 ოლქი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებმა მოიგეს და 6 ოლქი „ქართული ოცნების“ წევრებმა.

შესაბამისად, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობას ეყოლება 22 წევრი, „ქართულ ოცნებას“ 18 წევრი, ხოლო გახარიას საქართველოსთვის – 3 წევრი.

  • ირაკლი სორდია – მან 2942 ხმა მიიღო ზუგდიდის #3 მაჟორიტარული ოლქში; „ქართული ოცნებიდან“ თამარ სოსელიამ – 2528
  • ზვიად ჯღარკავა – მან 1260 ხმა მიიღო #4 მაჟორიტარული ოლქში. „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ჯანაშიამ – 1232 ხმა
  • თენგიზ მამფორია – მან 1278 ხმა მიიღო #5 მაჟორიტარული ოლქში. „ქართული ოცნებიდან“  ქეთევან ესართიამ – 1086 ხმა.
  • მერაბ ჭაჭუა – მან 796 ხმა მიიღო #8 მაჟორიტარული ოლქში. „ქართული ოცნებიდან“ გოგი თოდუა – 691 ხმა
  • ბესიკ ჭეჟია – მან 1527 ხმა მიიღო #10 მაჟორიტარული ოლქში. „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ქვარაიამ – 1141 ხმა
  • მანუჩარ ფიფია – მან 1182 ხმა მიიღო #11 მაჟორიტარული ოლქში. „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ქვარაიამ – 1180 ხმა
  • გიორგი სორდია – მან 945 ხმა მიიღო #12 მაჟორიტარული ოლქში. „ქართული ოცნებიდან“ ოთარ გუგუჩიამ – 728 ხმა
  • ბესიკ გაბუნია – მან 1107 ხმა მიიღო #13 მაჟორიტარული ოლქში. „ქართული ოცნებიდან“ ამირან ჩხოლორაიმ – 976 ხმა
  • მაია კალანდია – მან 1117 ხმა მიიღო #14 მაჟორიტარული ოლქში. „ქართული ოცნებიდან“ ზაზა ანდრიაძემ – 970 ხმა
  • ლაშა ბეჭვაია – 811 ხმა #15 მაჟორიტარული ოლქში. „ქართული ოცნებიდან“ მამუკა თოლორაიამ – 758 ხმა

ქართულმა ოცნებამ მოიგო ხუთი პროპორციული ოლქი;

შეგახსენებთ, ცესკოს წინასწარი მონაცემებია და შესაძლოა შეიცვალოს.

ვინ შედის ბათუმის საკრებულოში „ოცნებიდან“ – წინასწარი შედეგები

არჩევნების პირველადი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციას  ექნება. ბათუმის საკრებულოში სულ 35 წევრია. ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით კი, ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნებიდან“ 16 წევრი შედის [12 პარტიული სიიდან და 4 მაჟორიტარი], ხოლო ოპოზიციიდან 19.

„ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო სიიდან საკრებულოში შედის:

  1. ასლან ბალაძე [ყოფილი ფეხბურთელი]
  2. როსტომ ხალვაში [ექიმი]
  3. ნერიმან ცინცაძე [საკრებულოს მოქმედი წევრი]
  4. ზურაბ ნაკაიძე [საკრებულოს მოქმედი წევრი]
  5. რიჩარდ სირაბიძე [„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე]
  6. ნატალია ზოიძე [საკრებულოს მოქმედი წევრი]
  7. ლევან ცხოიძე
  8. დავით მახარაძე [საკრებულოს მოქმედი წევრი]
  9. ნინო ცხვარაძე [გაზეთ „აჭარას“ ჟურნალისტი]
  10. ლევან ბერიძე
  11. თენგიზ აფხაზავა [ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი]
  12. თეონა ბერიძე [ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი]

რაც შეეხება მაჟორიტარებს, „ქართული ოცნებიდან“ ბათუმის საკრებულოს წევრი გახდება:

  1. გოჩა მგელაძე
  2. ლევან დოლიძე
  3. გიორგი ლომთათიძე
  4. მინდია გოგუაძე.

____

ოპოზიციიდან ბათუმში „ნაციონალურ მოძრაობას“ 12 წევრი შეჰყავს, გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ – 3 წევრი, ხოლო „ლელოს“ 1 მანდატი ექნება. ოპოზიციურმა ერთობამ ბათუმში ასევე 3 მაჟორიტარული ოლქის მოგება შეძლო.

გახარიას პარტიიდან საკრებულოში მოხვდებიან:

  1. ნინო ბაციაშვილი
  2. აკაკი გვიანიძე
  3. ირაკლი თავდგირიძე

ვინ შედის ბათუმის საკრებულოში ენმ-დან – წინასწარი მონაცემები

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმის საარჩევნო უბნების ხმები სრულად დათვლილია. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ბათუმის ახალ საკრებულოში ოპოზიციამ მეტი მანდატი მოიპოვა, ვიდრე  მმართველმა პარტიამ. ჯამში ოპოზიციას 19 წევრი ეყოლება, „ქართულ ოცნებას“ – 16. ბათუმის საკრებულო სულ 35 წევრითაა წარმოდგენილი.

წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციიდან ყველაზე მეტი წევრით იქნება წარმოდგენილი „ნაციონალური მოძრაობა“. მას 12 წევრი შეჰყავს საკრებულოში.

ბათუმის საკრებლოში შედიან:

  1. კახა ქაშიბაძე
  2. რევაზ ხარაზი
  3. თეკლა კავაზაშვილი
  4. ლაშა კილაბერია
  5. მამუკა ქობულაძე
  6. ნატო ნაცარაშვილი
  7. ალეკო ვარშალომიძე
  8. ილო ჯინჭარაძე
  9. ქეთი ლასტაკანიძე
  10. ბაჩი მექვაბიშვილი
  11. ირაკლი ზოიძე
  12. ეკა ზარია

შესაბამისად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება, რა პოზიციას დაიკავებს გახარიას გუნდი ბათუმის საკრებულოში. ექსპრემიერის პარტია ბათუმის  საკრებულოში 3 წევრითაა წარმოდგენილი.

რაც შეეხება მაჟორიტარებს, გაერთიანებული ოპოზიციიდან ბათუმის საკრებულოში სამი წევრი შევა.

ამ დრომდე ბათუმში მაჟორიტარულ ოლქებს „ოცნება“ იგებდა, 2021 წლის  2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე კი შვიდი სამაჟორიტარო ოლქიდან სამს ოპოზიცია იგებს.

ბათუმის #1 სამაჟორიტარო ოლქში ლიდერობს „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატი ნაზი ფუტკარაძე – 43,19 პროცენტი. ამ ოლქში „ოცნების“ კანდიდატმა მამული ლომაძემ 43,15 პროცენტი მიიღო.

#3 სამაჟორიტარო ოლქში 45.44 პროცენტი მიიღო ნოდარ დუმბაძემ, ამ ოლქში „ოცნების“ კანდიდატმა ოთარ დიასამიძემ #39,5 პროცენტი მიიღო.

#4 სამაჟორიტარო ოლქს იგებს ასევე ოპოზიცია. აქ „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატმა, ნუგზარ ფუტკარაძემ 43, 87 პროცენტი მიიღო. მისი კონკურენტი ამ ოლქში მამუკა კაკაბაძე იყო.

ბათუმში სულ შვიდი მაჟორიტარული ოლქია. 4 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მოიგო.

შეგახსენებთ, რომ ეს არის ცესკოს წინასწარი მონაცემები.

____

კანონში შესული ცვლილებების თანახმად ბათუმის საკრებულო 35-წევრიანი იქნება.

ოპოზიციას ბათუმის საკრებულოში 19 წევრი ეყოლება, 16 წევრი – „ოცნებას“ I წინასწარი შედეგები

ამ დროის მონაცემებით [17:00 საათი], 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგების თანახმად, პროპორციული წესით ბათუმის საკრებულოში ოთხი პარტიის წარმომადგენლები შევლენ. ესენია „ქართული ოცნება“, „გაერთიანებული ოპოზიცია“, „გახარია – საქართველოსთვის“ და „ლელო“.

ბათუმის 79 საოლქო კომისიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ“ 39.42 პროცენტი მიიღო [29 789 ხმა], „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 38.34 პროცენტი [28 970 ხმა], შემდეგ მოდის „გახარია საქართველოსთვის“ – 10.4 პროცენტით [7 587 ხმა], 3.2 მიიღო „ლელომ“ [2447 ხმა].

შესაბამისად, „ქართული ოცნება“ 35- წევრიან ბათუმის საკრებულოში 12 წევრის შეყვანას შეძლებს პროპორციული სიით. ამას დაემატება მაჟორიტარები.

ცესკოს ამ დროს მონაცემებით, „ქართული ოცნება“ ბათუმის საკრებულოში 4 მაჟორიტარის შეყვანას შეძლებს.

ასევე წინასწარი მონაცემებით, გაერთიანებულ ოპოზიციას პროპორციული სიით 12 წევრ შეჰყავს საკრებულოში. იგივე მონაცემების თანახმად, „გაერთიანებულ ოპოზიციას“  ბათუმის საკრებულოში 3 მაჟორიტარი ეყოლება.

შესაბამისად, ოპოზიურ პარტიებს ბათუმის საკრებულოში 19 წევრი ეყოლება და 16 წევრი „ქართულ ოცნებას“. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებების მიღებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება რა პოზიციას დაიკავებს გახარიას გუნდი საკრებულოში.

კანონში შესული ცვლილებების თანახმად, ბათუმის საკრებულო 35-წევრიანი იქნება.

ქობულეთის მერის არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს

ქობულეთის მერის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი – ლევან ზოიძე ლიდერობს. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ლევან ზოიძემ ხმების 52.5 პროცენტი მიიღო.

მეორე ადგილზეა ოპოზიციური ერთობის კანდიდატი ბონდო თედორაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. მან 39.34 პროცენტი მიიღო.

ამომრჩეველთა ხმების 8.46 პროცენტი მიიღო ირაკლი ბერიძემ პარტიიდან „გახარია – საქართველოსთვის“.

ქობულეთში სულ 67 საარჩევნო უბანია. ამ დროისთვის ცესკოს ყველა საარჩევნო უბნის შედეგი დათვლილი აქვს.

წინასწარი მონაცემებით, ქობულეთში მეორე ტური არ გაიმართება.

___

მერის არჩევნებში გამარჯვებულად მიიჩნევა ის კანდიდატი, რომელმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში ინიშნება არჩევნების მეორე ტური, სადაც მონაწილეობს ის 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს.

გააბათილეს 925 ბიულეტენი, „ოცნების“ კანდიდატს 5 ხმით გაამარჯვებინეს – ოპოზიცია

დღეს, 3 ოქტომბერს, „ლელომ“ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ ოპოზიცია ბათუმის მე-7 ოლქში, ცამეტივე საარჩევნო უბანზე, ხმების ხელმეორედ გადათვლას მოითხოვს.„ლელოს“ განცხადებით, 13-ივე საარჩევნო უბანზე ბათილად არის ცნობილი 925 ბიულეტენი და ხელოვნურად არის შექმნილი დისბალანსი.

„როგორც ვხედავთ, „ქართულმა ოცნებამ“ მანიპულაციის გზით მოახერხა, რომ პირველივე ტურში გაეყალბებინა მისი კანდიდატის, მინდია გოგუაძის გამარჯვება, მხოლოდ და მხოლოდ 0,6 პროცენტით. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ბიულეტენები არის ჩამალული, უსამართლოდ გაყალბებული და გაბათილებული.

შესაბამისად, კატეგორიულად ვითხოვთ საოლქო საარჩევნო კომისიის მხრიდან თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაყენებას და 13-ვე საარჩევნო უბნის ხელმეორედ გადათვლას“, – ამბობს ირაკლი კუპრაძე, „ლელოს“ სიის პირველი ნომერი.

ლელოს ინფორმაციით, 5 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი, რომ ბათუმის მე-13 უბანზე მეორე ტური აღარ გაიმართოს. მანამდე არსებობდა ინფორმაცია, რომ 37 % ჰქონდა „ქართული ოცნების“ კანდიდატს მეშვიდე საარჩევნო ოლქში და შემდეგ სრულიად შემთხვევით, გაბათილებული ბიულეტენების ხარჯზე აღმოჩნდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ 0,6 მეასედი პროცენტით გადაუსწრო 40- პროცენტიან ბარიერს, რაც ნიშნავს, რომ ეს ოლქი არის გაყალბებული,“- ამბობს კუპრაძე.

მისი თქმით, ამ მოთხოვნაში „ლელოს“ უერთდება ყველა ოპოზიციური პარტია, რომლებიც შეთანხმებულნი არიან აჭარაში საერთო კანდიდატსა და მაჟორიტარებზე. ოპოზიცია მოუწოდებს ცენტრალურ და საოლქო საარჩევნო კომისიას, მიიღონ რაციონალური გადაწყვეტილება და გამჭვირვალობის გზით, გადაითვალოს 13-ვე საარჩევნო უბანი.

„ჩვენ ვიბრძოლებთ, მივმართავთ ნებისმიერ ფორმას, როგორც მანიფესტაციებსა და აქციებს, ასევე სამართლებრივ გზებსაც. ვითხოვთ ვიდეოკამერების წინ გადაითვალოს ეს უბნები, სადაც ვნახავთ, რომ გვექნება ფაქტობრივი მტკიცებულება, რომ ეს ხმები არის მიკერძოებული და მითვისებული. ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას ამ უფლებისთვის და არანაირ დათმობას არ ვაპირებთ“, – ამბობს ირაკლი კუპრაძე.

დააკავეს 7 პირი, 16 საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო – შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა საარჩევნო უბანთან დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევებზე სისხლის სამართლის მუხლით დაიწყო გამოძიება.

შსს აცხადებს, რომ 16 საქმეზეა დაწყებული გამოძიება სისხლის სამართლის მუხლით. დაკავებულია 7 ადამიანი.

შსს ამ შემთხვევებზე ავრცელებს ინფორმაციას:

სოფელ ფონიჭალაში მდებარე 30-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო ძალადობის მუხლით; ყვარლის რაიონულ სამმართველოში – მე-10 საარჩევნო უბანთან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე; ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში 22-ე საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირებაზე, გამოძიება დაიწყო კენჭისყრის შენობაში ან მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობის შემთხვევებზე.

მარნეულის რაიონის სოფელ დაშტაფაში მდებარე 52-ე საარჩევნო უბანზე მომხდარ ფატთან დაკავშირებით დაიწყო ასევე გამოძიება, ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლით. აღნიშნულ ფაქტზე ერთი პირი უკვე დაკავებულია.

ახალქალაქში, სოფელ კოროვაკანში, მდებარე 50-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლებს შორის მომხდარ სიტყვიერი დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

სენაკში, N7 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე სენაკის პოლიციაში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, N48 საარჩევნო უბანთან მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, ქვემო ქართლის პოლიციამ გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოს N83 საარჩევნო უბანში განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.

გარდა ამისა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო გამოძიება გარდაბანში, გუშინ საღამოს მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით.

ქალაქ ზუგდიდში, N84 საარჩევნო უბანში მედიის წარმომადგენლების მიმართ პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე ზუგდიდის პოლიციამ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო.

კიდევ ერთი გამოძიებაა დაწყებული თბილისში, კიევის ქუჩაზე მდებარე N24 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით.

ასევე, 3 ოქტომბერს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” კუთვნილ საარჩევნო-საინფორმაციო ვებგვერდზე განხორციელებულ კიბერშეტევის ფაქტზე დაიწყეს გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 285-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცულში, N19 საარჩევნო უბანში საარჩევნო ურნისა და სარეგისტრაციო ჟურნალის დაზიანების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 163-ე მუხლით დაიწყო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს N 48 საარჩევნო უბანში არაერთგზის ხმის მიცემის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე სეკუნდა მუხლით დაიწყო.

სამართალდამცველებმა გამოძიება დაიწყეს ასევე ლანჩხუთში, სოფელ მამათში მომხდარ ძალადობის ფაქტზე და თბილისში, ნაკადულის ქუჩაზე, ერთ-ერთი საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მომხდარ ქურდობის ფაქტზე.

შსს ინფორმაციით, კენჭისყრის დღეს პოლიციამ საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, მიღებული შეტყობინებებისა და მედიაში გავრცელებული ინფორმაციების საფუძველზე, ორასამდე ინციდენტზე მოახდინა რეაგირება.

„საარჩევნო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევასთან დაკავშირებით, თითოეულ ფაქტზე, პოლიციამ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – დადგენილი წესის შესაბამისად, პირველ ჯერზე შესაბამის პირებს მითითება მიეცათ და მხოლოდ ერთ შემთხვევაში დაჯარიმდა მოქალაქე ადმინისტრაციული წესით – 2000 ლარის ოდენობით.

პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის და ხულიგნობის გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ადმინისტრაციული წესით პოლიციამ 7 პირი დააკავა, მათ შორის მარნეულში – 3 პირი, ასპინძაში – 2 პირი, ლანჩხუთში – 1 პირი და თბილისში – 1 პირი.

აჭარაში კოვიდის 79 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოლო 24 საათში

აჭარაში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 92 პაციენტი.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 353 პაციენტი, მათგან მართვით სუნთქვაზე იმყოფება 8 ადამიანი.

ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდით პაციენტის გარდაცვალება არ დაფიქსირებულა.

ამავე თემაზე: 

33 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით ბოლო 24 საათში, დადასტურდა 1164 ახალი შემთხვევა

Exit mobile version