მთავარი,სიახლეები

რომელ უბნებზე გადათვლიან ხმებს ხელახლა ბათუმში

03.10.2021 • 2759
რომელ უბნებზე გადათვლიან ხმებს ხელახლა ბათუმში

ბათუმში ხელახლა გადათვლიან 51-ე, 42-ე, 38-ე, 39-ე და 43-ე საარჩევნო უბნების ბიულეტენებს. ხმებს ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისია ხვალ, 4 ოქტომბერს, გადათვლის.

საოლქო კომისიამ 5 უბანი შემთხვევითობის პრინციპით შეარჩია და ე.წ. ლოტოტრონში ყველა საარჩევნო უბნის ნომერი იყო მოქცეული. უბნის შერჩევა დამოკიდებული არ არის დარღვევების კუთხით არსებულ პრეტენზიებზე.

ეს ახალი მიდგომაა, რასაც საარჩევნო კანონმდებლობაში ბოლო ცვლილება ითვალისწინებს.

გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური ოპოზიცია, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციები, ბათუმშიც რამდენიმე უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ, თუმცა საოლქო კომისია მხოლოდ ერთ უბანზე დათანხმა ხმების გადათვლას.

2 ოქტომბრის არჩევნებზე ბათუმის საოლქო კომისიაში სულ 42 საჩივარი დაიწერა. საჩივრების განხილვა კომისიას ჯერ არ დაუწყია. საოლქო კომისიას საჩივრების განსახილველად 4 დღე აქვს.

არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ბათუმის საკრებულოში 19 მანდატი ოპოზიციას ექნება, 16 – „ქართულ ოცნებას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: