მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

როგორ ამოვიცნოთ მენინგიტი – ექიმის რჩევები

04.10.2021 • 12471
როგორ ამოვიცნოთ მენინგიტი – ექიმის რჩევები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით მენინგიტით ინფიცირების ყოველი მეათე შემთხვევა – ძირითადად ბავშვებში და ახალგაზრდებში – ფატალურად მთავრდება, ხოლო ხუთიდან ერთი იწვევს უნარშეზღუდულობას, რაც გამოიხატება სმენის და მხედველობის დაკარგვის, ნევროლოგიური დარღვევებისა და კოგნიტური დარღვევების სახით.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია ბაბუხადია ამბობს, რომ მენინგიტით შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი, თუმცა რისკჯგუფს  მიეკუთვნებიან: ბავშვები, მოხუცები, დაბალი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები. 

  • ქალბატონო ნათია, რა არის მენინგიტი  და რა პროცესები მიმდინარეობს ამ დროს ორგანიზმში?

მენინგიტი თავისა და ზურგის  ტვინის გარსების ანთებაა. გამოყოფენ პაქიმენინგიტსა (მაგარი გარსების) და ლეპტომენინგიტს (რბილი გარსების) ანთებას.  ანთებითი პროცესი ვრცელდება მაგარ და  რბილ გარსებზე, არაქნოიდულ და  სისხლძარღვოვან წნულებზე. ამ დროს ირღვევა თავზურგტვინის (ლიქვორის)  სითხის შეწოვა და ნორმალური ცირკულაცია, რის შედეგადაც ვითარდება ქალასშიდა ჰიპერტენზია. 

  • რა იწვევს მენინგიტს?

მენინგიტი ძირითადად გამოწვეულია ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციით. თავზურგტვინის სითხის შემადგენლობის მიხედვით განასხვავებენ ვირუსულ (პაროტიტული, ენტეროვირუსულ და სხვა) და ჩირქოვან ფორმებს

ჩირქოვანი მენინგიტის გამომწვევია მენინგოკოკი, პნევმოკოკი, ჰემოფილური ჩხირი, სტრეპტოკოკი, ნაწლავის ჩხირი, ხოლო პროტოზოული მენინგიტი თავს იჩენს, როცა საქმე გვაქვს მალარიასთან, ტოქსოპლაზმა გონდთან, რომელიც უჯრედშიდა პარაზიტებს მიეკუთვნება. ეს მიკროორგანიზმი  ხორცში და ხორცის პროდუქტებში ბინადრობს. 

მენინგიტი  შეიძლება  იყოს მეორეულიც  და წარმოადგენდეს რაიმე  დაავადების გართულებას. ეს შეიძლება იყოს ორგანიზმში არსებული სხვადასხვა ანთებითი პროცესი და ინფექცია, მაგალითად, საშარდე სისტემის, საჭმლის მომნელებელი ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის დაავადებები, ფარინგიტი, სინუსიტი, ოტიტი და ა.შ.

მენინგიტის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს ქალა ტვინის ტრავმები. 

საყურადღებოა, რომ მენინგიტი  ჰაერწვეთოვანი გზით და  საზიარო საყოფაცხოვრებო ნივთებითაც ვრცელდება.

  • რა სიმპტომები ახასიათებს მენინგიტს და რა სახის კვლევები ტარდება დიაგნოზის დასადასტურებლად?

მენინგიტისთვის დამახასიათებელია სამი ძირითადი ნიშანი: ძლიერი თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა და ღებინება.

გარდა ამისა, მენინგიტის კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და დაავადების გამომწვევზე (ვირუსული, ბაქტერიული).

რაც შეეხება ზოგად სიმპტომებს, ესენია:

დაავადების უეცარი დასაწყისი, თავის ტკივილი, მაღალი ტემპერატურა, გულისრევა, ღებინება, ფოტოფობია (სინათლის აუტანლობა), კისრის და სხეულის კუნთების დაჭიმულობა (რიგიდობა), პათოლოგიური რეფლექსები, პათოლოგიური ძილიანობა ან მოთენთილობა, ფსიქომოტორული აგზნება, გულყრა ან გონების დაკარგვა, სხეულზე მოწითალო-მოლურჯო შეფერილობის წვრილი გამონაყარი (პეთექიები), ტაქიკარდია, გახშირებული სუნთქვა.

  • როდის უნდა მივმართოთ ექიმს და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს დაგვიანებულ მკურნალობას?

მენინგიტი სერიოზული მდგომარეობაა და სახლის პირობებში მისი მკურნალობა დაუშვებელია! პირველივე საეჭვო ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს მულტიპროფილურ, მაღალტექნოლოგიურ კლინიკას, რათა დროულად მოხდეს დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა. დაგვიანებულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი მძიმე გართულებები, როგორიცაა: ტვინის შეშუპება, მენინგოკოკური სეფსისი, ჰემორაგიული სინდრომი, ეპილეფსიური გულყრა, ჰიდროცეფალია (ტვინის წყალმანკი), სმენის დაკარგვა, მხედველობის ნერვის ატროფია და სხვ.

დაგვიანებული შემთხვევა შესაძლებელი დასრულდეს ყველაზე ცუდი, ლეტალური გამოსავლით.

  • როგორ მკურნალობენ მენინგიტს და რა შეიძლება გავაკეთოთ პროფილაქტიკისთვის?

მენინგიტის მკურნალობა ხდება დეჰიდრატაციული, ანტიბიოტიკო, გლუკოკორტიკოსტეროიდული, დიურეზული და სიმპტომური თერაპიით. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაუშვებელია პაციენტის ბინაზე და თვითმკურნალობა.

პროფილაქტიკისთვის, პირველ რიგში, მოვერიდოთ გამომწვევ ფაქტორებს და დაავადებულთან  ახლო კონტაქტს,  დავიცვათ ჰიგიენა და დაავადების საეჭვო ნიშნების ამოცნობისთანავე მივმართოთ ექიმს. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: