მთავარი,სიახლეები

„ოცნებამ“ ბათუმში საჩივრების წერა დაიწყო

04.10.2021 • 3513
„ოცნებამ“ ბათუმში საჩივრების წერა დაიწყო

ბათუმში საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ საჩივრის დაწერა „ქართულ ოცნებასაც“ მოუწია. საჩივარი ჯერ ბათუმის საოლქო კომისიას არ განუხილავს.

მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა საჩივარი 63-ე საარჩევნო უბნის კომისიის წინააღმდეგ დღეს, 4 ოქტომბერს დაწერეს. ამ უბანზე გაფორმებული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ბათუმის პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო.

63-ე საარჩევნო უბანზე დაწერილი შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 347-მა ადამინმა მე-40 ნომრად დარეგისტრირებულ პარტიას „სახე პლიუსს“ დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა“ 221 ხმით.

„ქართული ოცნება“ ამ უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს. საოლქო კომისიამ საჩივარი 4 დღეში უნდა განიხილოს.

63-ე უბანზე საჩივარი დაწერა საია-მაც, თუმცა ეს ორგანიზაცია შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსს ასაჩივრებს. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, პროპორციულ ნაწილში კომისიას 27 ბიულეტენი დააკლდა – ამ უბანზე სულ 753 ამომრჩეველი გამოცხადდა, დაჯამებული ბიულეტენები კი, მხოლოდ 726 აღმოჩნდა.

„მცირე ნაკლებობას არ ვასაჩივრებთ, მაგრამ ეს დიდი ოდენობაა, რაც აჩენს კითხვებს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი.

ამავე კომისიას მაჟორიტარების ნაწილში 10 ბიულეტენი დააკლდა. კომისიამ ბალანსი სწორად მხოლოდ მერების არჩევნების ნაწილში დასვა.

„ბათუმელები“ ბათუმის 63-ე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ნიკა ძნელაძეს და მდივანს – ქეთევან გოგუას დაუკავშირდა, თუმცა ორივე მათგანმა გასაუბრებაზე მოუცლელობის მიზეზით უარი გვითხრა.

ბათუმის საოლქო კომისიაში კენჭისყრის დღეს სულ 42 საჩივარი დარეგისტრირდა, ხოლო შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების შემდეგ საოლქო კომისიას დამატებით 8 საჩივრით მიმართეს.

დღესვე საოლქო კომისიამ შემთხვევითობის პრინციპით ბათუმში ხუთი უბნის შედეგები გადათვალა. საოლქო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ხმების ხელახლა გადათვლის შედეგად მხოლოდ „ლელოს“ დააკლდა ერთი ხმა 51-ე საარჩევნო უბანზე.

„ლელოს“ ჰქონდა მიღებული ამ უბანზე 22 ხმა და გადათვლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ არის 21. მეტი არაფერი შეცვლილა. ნაკლებობა არ არის დისბალანსი. შესაბამისად, არ არის პრობლემა… საჩივრები გადათვლაზე არ დაუწერიათ, მაგრამ ჯერ მის დასაწერად დრო კიდევ აქვთ,“ – გვითხრა ციალა შავაძემ.

საოლქო კომისიის წევრის „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირმა ხოროიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთი საჩივრის დაწერას აპირებს და ეს პირველ მაჟორიტარულ ოლქს ეხება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ნაზი ფუტკარაძემ სულ 4 ხმით გაიმარჯვა. ირმა ხოროიშვილის ინფორმაციით, მმართველი პოლიტიკური პარტია 38-ე უბნის შედეგების შეცვლას ცდილობს.

„დღეს რაც გადავთვალეთ, ხუთიდან სამი უბანი პირველ სამაჟორიტარო ოლქშია. 38-ე უბანიც ამ პირველ ოლქს ეკუთვნის, სადაც ბიულეტენების ცელოფნის პარკი დღეს იყო გახეული. მივიღეთ განმარტება, რომ გადმოტანის დროს გაიხა პარკი… ჩემი ინფორმაციით, „ოცნება“ ამ უბნის გადათვლაზეც აპირებს საჩივრის დაწერას“, – ამბობს ირმა ხოროიშვილი.

საარჩევნო ადმინისტრაციაში  „ქართული ოცნების“ საჩივარი ამ კუთხით ჯერ არ შესულა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: