მთავარი,სიახლეები

რატომ ვერ მიიღეს კომპენსაცია ბათუმში დატბორვის შემდეგ – სახლებში წყალი დღესაც შევიდა

04.10.2021
რატომ ვერ მიიღეს კომპენსაცია ბათუმში დატბორვის შემდეგ – სახლებში წყალი დღესაც შევიდა

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალესა და მელიქიშვილის ქუჩების კვეთაში სახლები ისევ დაიტბორა. ძლიერი წვიმის შედეგად წარმოქმნილი წყალი საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შევიდა და ავეჯი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები დააზიანა.

მოქალაქე დარიკო გოგოლიშვილი ამბობს, რომ მერიას 22 სექტემბრის დატბორვის დროს მიყენებული ზიანიც კი არ აუნაზღაურებია, დღეს ეს ოჯახი ხელმეორედ დაიტბორა.

ქალის თქმით, ოჯახში ბევრი სული ცხოვრობს, ამიტომ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულსაც საცხოვრებლად იყენებენ. „ღამის გასათევი აღარ მაქვს, სად უნდა დავიძინო?“ – ამბობს ის.

დღევანდელი წვიმის შემდეგაც თვალნათლივ გამოჩნდა, რომ სანიაღვრე ჭები ვერ ატარებს ნიაღვარს, რის გამოც ქუჩები იტბორება.

„ასე იტბორება ყველა გაწვიმებაზე, ცხელ ხაზზე რომ დავრეკე, მითხრეს, კერძო მოხელეს მიმართეო. კერძო მოხელეს რატომ უნდა მივმართო, როცა ქუჩა იტბორება“? – გვეუბნება მოქალაქე.

„ბათუმელები“ ბათუმის მერიას დაუკავშირდა და ჰკითხა, დაითვალეს თუ არა 22 სექტემბრის დატბორვის შედეგად მიყენებული ზიანი და მიიღო თუ არა კომპენსაცია დაზარალებულმა მოსახლეობამ?

მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოში გვითხრეს, რომ ამ დროისთვის მერიაში 500-ზე მეტი მოქალაქის განცხადებაა შესული, თუმცა კომპენსაციების გაცემა ჯერ არ დაწყებულა.

„ჯერ კიდევ მიმდინარეობს განცხადებების შემოტანა, ემატება ყოველდღე და ყველას ეტაპობრივად დაეხმარებიან“, – გვითხრეს მერიის სამსახურში. თუმცა ვერ ასახელებენ ზარალის ოდენობას.

„ზარალის დათვლაში ბევრი სამსახურია ჩართული და კონკრეტულ თანხას ვერ გეტყვით“, – ამბობენ მუნიციპალური სერვისების სამსახურში.

რაც შეეხება დღეს, 4 ოქტომბერს, დატბორილ ქუჩებს, მოსახლეობისგან შეტყობინებები „ბათუმის წყალში“ შედის.  ამ უწყებაში ჯერჯერობით ზარებს არ პასუხობენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: