მთავარი,სიახლეები

როცა 1 ხმა გადამწყვეტია – ექვსი მაგალითი 2 ოქტომბრის არჩევნებზე

04.10.2021
როცა 1 ხმა გადამწყვეტია – ექვსი მაგალითი 2 ოქტომბრის არჩევნებზე

თითოეული ამომრჩევლის ხმას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ცნობილი ამბავია, მაგრამ არაერთი მოქალაქე მაინც ფიქრობს, რომ ეს ასე არ არის.

„ჩემი ხმა რას გადაწყვეტს?“ – ფიქრობს ამომრჩეველი, რომელიც არჩევნებზე არ მიდის, თუმცა სულ სხვა რამეს ამბობს არჩევნების შედეგები.

2 ოქტომბრის არჩევნებზე ერთ შემთხვევაში სწორედ ერთმა ხმამ გადაწყვიტა მაჟორიტარი კანდიდატის ვინაობა, ხოლო ისეთი შემთხვევა, როცა გადამწყვეტი აღმოჩნდა ათამდე ხმა, კიდევ უფრო ბევრია.

მაგალითად, 2 ოქტომბრის არჩევნებზე წყალტუბოს #1 მაჟორიტარულ ოლქში 1 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი. „ოცნების“ კანდიდატმა ხათუნა მაღლაკელიძემ 1 ხმით მოუგო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, დავით ხიდაშელს. მაღლაკელიძემ 1160 ხმა მიიღო, ხიდაშელმა კი – 1159 ხმა.

ლაგოდეხის #10 მაჟორიტარულ ოლქში 2 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი. დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ვიტალი გუგეშაშვილმა, 2 ხმით მოუგო „ოცნების კანდიდატს“, ალექსანდრე ბაინდურაშვილს. გუგეშაშვილმა 327 ხმა მიიღო, ბაინდურაშვილმა კი – 325 ხმა.

ბათუმის #1 მაჟორიტარულ ოლქში 4-მა ხმამ გადაწყვიტა, ვინ იქნება ბათუმის საკრებულოს წევრი. აქ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, ნაზი ფუტკარაძემ 4 ხმით მოუგო მამული ლომაძეს, „ოცნების“ კანდიდატს. ნაზი ფუტკარაძემ 4268 ხმა მიიღო, მამული ლომაძემ კი – 4264 ხმა.

ასევე 4 ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი ახმეტის #9 საარჩევნო ოლქში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, სოსო ბაბულაიძისთვის. მან 805 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა „ოცნებიდან“, სერგეი მელწაიძემ კი – 801 ხმა.

6 ხმით მოიგო თერჯოლის #4 მაჟორიტარულ ოლქში „ევროპული საქართველოსთვის“ კანდიდატმა როლანდ მესხმა. მან 1125 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა, „ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ქასრაშვილმა კი – 1119 ხმა.

შუახევის #2 მაჟორიტარულ ოლქში გადამწყვეტი აღმოჩნდა 7 ხმა. აქ „ოცნების“ კანდიდატმა, გიორგი კეკელიძემ, 769 ხმა მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ამირან ხიმშიაშვილმა კი – 762 ხმა.

ჩოხატაურის #10 მაჟორიტარულ ოლქში „ოცნების“ კანდიდატმა ზვიად მამალაძემ 9 ხმით მოუგო „გახარაია -საქართველოსთვის“ კანდიდატს, მამუკა ჯინჭარაძეს. ზვიად მამალაძემ 341 ხმა მიიღო, მამუკა ჯინჭარაძემ კი – 332 ხმა.

ქობულეთის #13 საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა დავით ოქროპირიძემ 10 ხმით მოუგო „ოცნების“ კანდიდატს, როინ ჩხაიძეს. ოქროპირიძემ 1044 ხმა მიიღო, ოქროპირიძემ კი – 1034 ხმა.

ეს ჯერ ისევ წინასწარი შედეგებია და შესაძლოა შეიცვალოს. თუმცა ეს შედეგებიც კარგად აჩვენებს ამომრჩევლის ერთი ხმის მნიშვნელობას.

________________

ფოტოზე: 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები ბათუმში

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: