„მე ვარ პრემიერ-მინისტრი და არა ექიმი. თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები, მიმართეთ ექიმებს“ – ასე უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 25 ოქტომბერს, ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვას, რომელიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას შეეხებოდა.
ღარიბაშვილს დღეს ასევე ჰკითხეს, მის პასუხისმგებლობაზე, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი დაიღუპება.
„მე მოგიწოდებთ ყველას, მეტი სიყვარულით ილაპარაკოთ, მათ შორის თქვენს ბელადზეც. როგორ შეიძლება, რომ ცოცხალ კაცზე ასე ლაპარაკობთ…
ჩვენ დეტალური ინფორმაცია გავავრცელეთ, თუ რა პირობებია ციხის საავადმყოფოში. იქ არის აბსოლუტურად ყველა პირობა. დამშვიდდით, პატიმარ სააკაშვილს კარგად ვუპატრონებთ,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი 25 დღეა შიმშილობს პენიტენციურ დაწესებულებაში.
„ზეწოლა ხდება სამედიცინო პერსონალზე,“ – ასე აფასებს სააკაშვილის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანაზე მაღალჩინოსნების უარს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. მისივე ინფორმაციით, დღემდე ასეულობით პატიმარია გადაყვანილი სამოქალაქო სამკურნალო სექტორში, როცა ციხის საავადმყოფოში მათი სრულფასოვანი მკურნალობა შეუძლებელია.
კონსილიუმმა, რომელმაც უკვე 25 -ე დღეს მოშიმშილე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლა, კონკრეტული დასკვნა დადო, თუ რა სამედიცინო აღჭურვილობა სჭირდება სააკაშვილს. სახალხო დამცველის შეფასებით, ციხის საავადმყოფოს არ აქვს შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა.
ამ საკითხზე საუბრის დროს ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი პენიტენციური დაწესებულების პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას, როცა ასეულობით პატიმარი გადაჰყავთ კერძო კლინიკაში.
„ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა უჩა ნანუაშვილს, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორს და ყოფილ სახალხო დამცველს.
ბატონო უჩა, თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე, როცა კონსილიუმის დასკვნით, რა სამედიცინო აღჭურვილობაც სჭირდება პატიმარ სააკაშვილს, ციხის საავადმყოფოში არ არის, ხოლო იუსტიციის მინისტრი და პრემიერი აცხადებენ, რომ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ?
როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირები საუბრობენ მსგავს ვითარებაში სამედიცინო თემებზე, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს გარკვეული პოლიტიკური მოტივაცია. მსგავს სიტუაციაში მხოლოდ სამედიცინო პერსონალი უნდა საუბრობდეს და იღებდეს გადაწყვეტილებებს. ექიმები უნდა ამბობდნენ, რა სჭირდება პატიმარს და სად.
მაღალი თანამდებობის პირების ეს განცხადებები ხელს უწყობს იმას, რომ რეალური დახმარება არ გაუწიონ პატიმარს. ზეწოლა ხდება სამედიცინო პერსონალზე, ისევე, როგორც გამოძიებაზე, როცა წინასწარ აკეთებენ განცხადებებს.
რამდენად ხშირია პრაქტიკა, როცა პატიმარი სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავთ?
ასეულობით შემთხვევა იყო ასეთი. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სახალხო დამცველად მუშაობის დროს, ეს იყო რეკომენდაცია, რომელიც სრულდებოდა. ამით ერთგვარად ამაყობდა პენიტენციური სისტემა, რომ ბრალდებული ან მსჯავრდებული გადაჰყავდათ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში: ყველა ვთანხმდებით, რომ პენიტენციური სისტემის საავადმყოფოს არ აქვს ის რესურსი, რაც სამოქალაქო სექტორის კლინიკებს.
მანამდე, წინა წლებში, ცნობილი იყო, როცა უკიდურესად მძიმე სიტუაციაში გადაჰყავდათ პაციენტები სამოქალაქო სექტორის კლინიკებში და ერთგვარი ტერმინიც გაჩნდა „სიკვდილის ექსპორტი“, როცა გარდაცვალება დგებოდა საავადმყოფოში და არა ციხეში. შემდეგ, წლების განმავლობაში, ეს პრაქტიკა შეიცვალა და საუბარი იმაზეც კი იყო, რომ მთლიანად ჯანდაცვის სისტემა გასულიყო პენიტენციური სისტემიდან.
შემიძლია გავიხსენოთ გახმაურებული საქმეები, როცა ასევე ჯანმრთელობის მცირე პრობლემების დროსაც კი, გაჰყავდათ პატიმარი კლინიკაში, მაგალითად, ვანო მერაბიშვილი. ის რამდენჯერმე გაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, რომ არ გაჩენილიყო კითხვის ნიშნები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
ადვოკატებმა გვითხრეს, რომ იმ შემთხვევებშიც კი, როცა შესაძლოა ციხის საავადმყოფოს აქვს შესაბამისი სამედიცინო სერვისი, მაგრამ პატიმრები საკუთარი ხარჯით ირჩევენ სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობას, დღემდე არსებული პრაქტიკით, ამ მოთხოვნებს ციხის ადმინისტრაცია აკმაყოფილებს.
დიახ, ასეულობით ასეთი შემთხვევა იყო. მე არ მახსენდება ვინმეს მოემართოს, რომ აი, მისწერა პატიმარმა დაწესებულების ადმინისტრაციას და საკუთარი ხარჯით მოითხოვა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სამკურნალოდ წასვლა და უარი უთხრეს… სააკაშვილის შემთხვევაში ჩანს, რომ პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს ხელისუფლება. სხვა მხრივ, პრემიერის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, სად უმკურნალებენ სააკაშვილს და როგორ. მსგავსი განცხადებები ნიშნავს იმას, რომ არსებობს პოლიტიკური მოწინააღმდეგის განეიტრალების ინტერესი.
უჩა ნანუაშვილი
ცნობილია, რომ ღარიბაშვილის მთავარი გზავნილი ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წლისთავზეც იგივეა: „დავასრულოთ ნაცმოძრაობა“. ახლა რამდენად რეალურია ფიზიკურად პოლიტიკური ოპონენტის განადგურების რისკი?
არ ვიცი, ეს რამდენად რეალურია. თუმცა ის, რომ ხელისუფლება იყენებს ამ სიტუაციას საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად და ცდილობს პოლიტიკური ოპოზიციის განეიტრალებას, ფაქტია… რეალურად მხოლოდ სამედიცინო პერსონალი უნდა აკეთებდეს განცხადებას კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე.
„გამორიცხულია სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში“ – როცა ამას ამბობს პრემიერი, არსებობს ალბათობა, რომ პენიტენციური სამსახურის ექიმებმა პროფესიული ვალდებულებების დაცვა შეძლონ?
ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ზუსტად სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებაა. მათ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთონ განცხადება… ახლა არსებობს რისკი, რომ რეალურად სააკაშვილმა ვერ მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
დანარჩენი მშვიდ გარემოში შეფასების საგანია. იმდენად რთული მდგომარეობაა, რომ გამიჭირდება ახლა სხვა შეფასება.
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში, საქარგილე მასალების უმსხვილესი იმპორტიორის – „ჯითისი ჯგუფის“ ახალი სასაწყობე სივრცე და შოურუმი გაიხსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 25 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 9 მილიონი ლარია. ახალი ლოკაცია ჯგუფში შემავალი კომპანიის – „ჯითისი რენთის“ ბაზაზე გაიხსნა, რომლის 50%-იანი წილის მფლობელი და თანადამფუძნებელი სამშენებლო კომპანია „ანაგია“.
სპეციალურად ამ დღისთვის, საქართველოს საყალიბე ინვენტარის მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის, ავსტრიული კომპანიის – Doka-ს წარმომადგენლობა ეწვია, რომელმაც ამიერკავკასიის რეგიონში პირველად, ულტრამსუბუქი საყალიბე სისტემა და ბეტონის მონიტორინგის სისტემა წარადგინა.
2020 წლიდან, „ჯითისი ჯგუფი“ საქართველოში Doka-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორია. ჯგუფი, Doka-სთან ერთად, საქართველოში სამშენებლო მასალების ისეთი ცნობილი მწარმოებლების წარმომადგენელია, როგორებიცაა: Sveza, Plyterra, Alfix, Gherardi, Extraform და სხვა.
პრეზენტაციაზე „ჯითისი ჯგუფმა“ დამსწრე საზოგადოებას საიჯარო და საინჟინრო მიმართულებით კომპანიის სერვისებიც გააცნო. ჯგუფის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური გუნდი სამშენებლო ბაზარზე მომხმარებელს სთავაზობს: ყალიბის საინჟინრო და საკონსულტაციო მომსახურებას, მონოლითის სამუშაოების ოპტიმიზაციას, პროექტის ფარგლებში დასაქმებული პერსონალის გადამზადებას, საყალიბე და უსაფრთხოების სისტემების საიჯარო მომსახურებას. სერტიფიცირებული ინჟინრები და ყალიბის სპეციალისტები, მონოლითის შესრულების მთლიანი ციკლის დაგეგმვას, განხორცილებასა და მონიტორინგს უზრუნველყოფენ
„ჯითისი ჯგუფი“ ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების თანამონაწილეა, როგორებიცაა: ბათუმის სტადიონი, „ალიანს ჰაილაინის“ ცათამბჯენები, პანორამა თბილისი, კომპლექსი „ალიანს ფრივილიჯი“, „ნამაი ვაკე“, „ბლექ სი თაუერსი“, სავაჭრო ცენტრი „სითი მოლი“, სასტუმრო „რადისონ ბლუ გუდაური“ და სხვა.
2016 წლიდან თიბისი „ჯითისი ჯგუფის“ ფინანსური პარტნიორი და ჯგუფში შემავალი თითოეული კომპანიის განვითარებას მხარდამჭერია.
სამშენებლო მასალების მოპოვების, წარმოებისა და ვაჭრობის სექტორში, თიბისი ბაზრის ლიდერია.
„ათასმა პატიმარმა უცბად რომ გამოაცხადოს შიმშილობა, ბუნებრივია, სამოქალაქო საავადმყოფოში ყველას ვერ გადაიყვან“, — ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
კობახიძის თქმით, სააკაშვილის მიმართ მოპყრობა ადამიანის უფლებების შესაბამისად გაგრძელდება.
„როდესაც პატიმარს ეხება საქმე, მისი უფლებები დაცული უნდა იყოს. ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული იმ საერთო სტანდარტის შესაბამისად, რომელიც ვრცელდება ნებისმიერ პატიმარზე. ათასმა პატიმარმა უცბად რომ გამოაცხადოს შიმშილობა, ბუნებრივია, სამოქალაქო საავადმყოფოში ყველას ვერ გადაიყვან. [ციხის საავადმყოფოში] სათანადო პირობებია იმისათვის, რომ პატიმარმა გაიაროს ყველა პროცედურა. აქედან გამომდინარე, ადამიანების უფლებების სტანდარტების შესაბამისად იქნება ის მოპყრობა, რასაც მიჩვეულები არიან ჩვენი პატიმრები 2012 წლის შემდეგ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, ჟურნალისტმა კობახიძეს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე ჰკითხა აზრი. ღარიბაშვილმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ სააკაშვილს კერძო კლინიკაში გადაყვანა სურს, რადგან ფიქრობს, რომ “30 ოქტომბერს გარკვეული მხარდამჭერების მობილიზება მოხდებოდა და საავადმყოფოდან გაიყვანდნენ”.
“რომელი ნესტან-დარეჯანი სააკაშვილია, რომ ვიღაცამ ციხიდან გამოიხსნას?!”, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის კითხავზე.
მიხეილ სააკაშვილი 25-ე დღეა, ციხეში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. ის აცხადებს, რომ სანამ პატიმრობაშია, საკვების მიღებას არ აპირებს, თუმცა თანახმაა მედიკამენტოზურ ჩარევაზე.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, 24 ოქტომბრის ღამით პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის ანალიზებში „ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა“. მისი სიტყვებით, „საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც დასტაბილურდა ეს მაჩვენებელი“.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის ერთ-ერთმა წევრმა, კარდიოლოგმა დავით ფაღავამ თქვა, კონსილიუმმა სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაცია გასცა.
მიუხედავად ამისა, იუსტიციის სამინისტრო ირწმუნება, რომ ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულება სრულად შეესაბამება არსებულ საჭიროებებს და შესაბამისად, თუ აუცილებელი გახდა, სააკაშვილს მხოლოდ აქ გადაიყვანენ და არა — სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში.
ციხის საავადმყოფო გუშინვე შეამოწმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. ომბუდსმენის ინფორმაციით, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ 2021 წლის 23 ოქტომბრის დასკვნასა და რეკომენდაციებს. ასევე ომბუდსმენის შეფასებით, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით.
„მშობლებმა მიმართეს პოლიციას,“ – ამბობს იმ სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლეებს შორის ძალადობის ამსახველი ვიდეო ტიკ-ტოკში გავრცელდა.
ბათუმში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა იჩხუბეს. ვიდეოს მიხედვით, არასრულწლოვანი გოგოები თანატოლს ფიზიკური ძალადობით ემუქრებიან, თუკი უცენზურო სიტყვებს არ გაიმეორებს საკუთარი თავის მიმართ.
შემთხვევა სავარაუდოდ ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა და მოძალადეები სავარუდოდ თავადვე იღებდნენ ვიდეოს.
სკოლის დირექტორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეს შემთხვევა სავარაუდოდ გასული კვირის ოთხშაბათს ან ხუთშაბათს მოხდა, ხოლო ფაქტის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ გუშინ საღამოს შეიტყო.
„დავადგინეთ, რომ მშობლებმა იცოდნენ უკვე ამ ჩანაწერის შესახებ და პარასკევს მიმართეს პოლიციას. ისინი იყვნენ პოლიციაში გამოკითხვაზე. შემთხვევა არ მომხდარა სკოლაში და სკოლის საათებში,“ – ამბობს სკოლის დირექტორი.
კონფლიქტში ჩართული იყვნენ სხვა სკოლის მოსწავლეებიც. ამ დროისთვის არასრულწლოვნებთან მანდატურის ფსიქო-სოციალური სამსახური მუშაობს.
„დაველოდებით გამოძიებას,“ – გვითხრეს აჭარის განათლების სამინისტროში მოსწავლეებს შორის კონფლიქტზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით.
„დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვნების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებთან და სოცმუშაკთან ერთად ჩატარდა,“ – მოგვწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
თურქეთის რესპუბლიკიდან მომავალი 25 000 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება სარფიდან ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს.
შემოსავლების სამსახურის ცნობით, ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სპეციალისტების მიერ (მონიტორინგის გეგმის შესაბამისად), კარტოფილიდან აღებულ ნიმუშებში, ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ჯანმრთელობისთვის საშიში, საკარანტინე მავნე ორგანიზმები გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის N463 დადგენილების თანახმად, აღნიშნული ტვირთი უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.
პროკურატურამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა ტარების მუხლებით წარუდგინა.
„გამოძიებით დგინდება, რომ 2021 წლის 21 ოქტომბერს ბრალდებულმა ბათუმში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით, „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან გასროლით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ერთ პირს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა“ – წერს პროკურატურა.
ბრალდებული 23 ოქტომბერს დააკავეს. შსს-ს ცნობით, მისი საცხოვრებელი სახლიდან „კალაშნიკოვის“ ავტომატი და საბრძოლო ვაზნები იქნა ამოღებული.
ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულითვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
თბილისში, პარლამენტის შენობის „C“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების მე-3 სართულის აივნებზე, ასევე ცენტრალური ფლიგელის მე-7 სართულზე, დაგეგმილია თითო სართულის დაშენება [მსუბუქი კონსტრუქციით]. თუმცა, ექსპერტიზის დასკვნით, მე-7 სართულზე დაშენება არარეკომენდებულია.
რაც შეეხება მე-3 სართულის აივნებს, დაშენება შესაძლებელია, თუმცა შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარების შემთხვევაში.
პარლამენტის აპარატმა „С“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების გაძლიერების სამუშაოების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 360 ათასი ლარია.
ტენდერში წინადადებების მიღება 2021 წლის 30 ოქტომბერს დაიწყება და 2 ნოემბერს დასრულდება. პირობის მიხედვით, დოკუმენტაცია „უნდა მომზადდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან [ხოლო იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულება ვერ გაფორმდება 2022 წლის პირველ იანვრამდე, მაშინ ხელშეკრულების გაფორმებიდან და მისი ძალაში შესვლიდან] არაუგვიანეს 120 დღის ვადაში.“
ექსპერტიზის დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ მე-7 სართულზე დაშენება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ცენტრალური ფლიგელი შესაბამისად გამაგრდება. ასეთი გამაგრების სამუშაოების ხარჯი კი, გადააჭარბებს ახალი შენობის აშენებისთვის საჭირო თანხას. ამიტომ გამაგრება-დაშენება ამ შემთხვევაში არარენტაბელურია.
[toggle title=”რისთვის არის ერთი სართულის დაშენება განზრახული – დეტალურად ნახეთ აქ:“] „საქართველოს პარლამენტის სასახლის (რუსთაველის გამზირის 8) „C“ კორპუსის მარცხენა და მარჯვენა ფლიგელების მე-3 სართულის აივნებზე (სამუშაო ფართით 170-170 კვ.მ.) განზრახულია ერთსართულიანი ნაგებობის დაშენება (მინის გამჭირვალე კედლებით შემოსილი, ტრანსფორმირებადი ტიხრებით, მსუბუქი გადახურვით, შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურით აღჭურვილი (გათბობა-კონდიცირება-ვენტილაცია) პარლამენტის სასწავლო ცენტრის საკლასო აუდიტორიების მოწყობისათვის;
ასევე, ცენტრალურ ფლიგელის მე-7 სართულზე (სამუშაო ფართით 1200 კვ.მ.) დახურვის დემონტაჟი და ერთსართულიანი ნაგებობის დაშენება (მინის გამჭირვალე კედლებით შემოსილი, ტრანსფორმირებადი ტიხრებით, მსუბუქი გადახურვით, შესაბამისი საინჟინრო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი (გათბობა-კონდიცირება-ვენტილაცია, სამზარეულოს მოწყობა, ლიფტის დაგრძელება, მზის პანელებისა და წყალგამაცხელებლების მოწყობა) საზოგადოებრივი კვების ობიექტის, სტუმრებისა და დელეგაციების მიღებასთან დაკავშირებული სხვადასხვა ცერემონიისთვის საჭირო სათავსოების მოწყობისათვის.
ამ სამუშაოების პროექტირების დაწყების განსახორციელებლად აუცილებელია დაშენების შემდგომ გაზრდილ დატვირთვებზე სასახლის „C“ კორპუსის მზიდუნარიანობის სრული და ყოველმხრივი კვლევა, რომელთა საფუძველზე უნდა მოხდეს გეოლოგიური და კონსტრუქციული დასკვნებისა და რეკომენდაციების მოწოდება.
განზრახული დაშენებების შედეგად გამოწვეული გაზრდილი დატვირთვების გათვალისწინებით, სივრცითი კარკასის გაანგარიშება უნდა განხორციელდეს როგორც ჯამურ დატვირთვაზე (ყველა დაშენებების გათვალისწინებით), ასევე, ცალ-ცალკე, მე-3 სართულზე დაშენებებისა და მე-7 სართულზე დაშენების განმხოლოებულ დატვირთვებზე.
შესაბამისად, წარმოსადგენია სასახლის მზიდუნარიანობის მდგომარეობა ვარიანტების მიხედვით, დაშენებების შესაძლებლობის ჩვენებით“.
წყარო: პარლამენტის აპარატის მიერ 2020 წელს გამოცხადებული ტენდერი
[/toggle]
შესაბამისი ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა ტენდერში გამარჯვებულმა შპს „სტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგმა“ 2020 წელს მოამზადა, რაშიც ამ კერძო კომპანიას პარლამენტის ბიუჯეტიდან, იმავე წლის ივნისში, 149 400 ლარი გადაუხადეს.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით:
[checklist]
„სასახლის შენობის ჩონჩხედის [კარკასის] ზიდვისუნარიანობის საკმარისობის [მდგრადობის] უზრუნველყოფისათვის აუცილებელია „C“ ბლოკის არსებულ ექვს ტემპერატურულ ნაკერებს შორის მოეწყოს რკინაბეტონის ჩანართი-ჩარჩო სათანადო პროექტის მიხედვით. აღნიშნული უნდა მოეწყოს „C“ ბლოკის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელებში;
„C“ ბლოკის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების ჩონჩხედის სვეტების ნაწილის [სვეტების საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 30 პროცენტი] განივკვეთებში არსებული არმატურის ფართობები არასაკმარისია და საჭიროებს გაძლიერებით ღონისძიებებს.
სარეკონსტრუქციო სამუშაოების რენტაბელურობის გათვალისწინებით, რომლის მიხედვითაც, სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხარჯი უნდა იყოს ახალი მშენებლობის ღირებულების 70%-ზე ნაკლები, შემოთავაზებული რეკომენდაციების საფუძვლებზე დამუშავებული სათანადო პროექტის შემდგომ, შესაძლებელია „C“ ბლოკის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების მესამე სართულის ღია აივნებზე მსუბუქი კონსტრუქციებისაგან შესრულებული ნაგებობის დაშენება.
„C“ ბლოკის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების ჩონჩხედის დაზიანებული ამგები ელემენტების აღდგენა-გაძლიერება უნდა შესრულდეს კონსტრუქციული და საიჟინრო-გეოლოგიური კვლევების მასალების გათვალისწინებით შედგენილი პროექტის მიხედვით…“
[/checklist]
[crosslist]
„C“ ბლოკის ცენტრალური ფლიგელის [მეშვიდე სართულზე] ნაკვეთურებზე ერთი სართულის დაშენება არარეკომენდირებულია, ვინაიდან მისი განხორციელება შესაძლებელი იქნებოდა რეკომენდაციის პირველ პუნქტში მითითებული ტექნიკური გადაწყვეტისა და „C“ ბლოკის ჩონჩხედის ყველა ამგები ელემენტის [რკინაბეტონის საძირკვლები, სვეტები და კოჭები] სათანადო გაძლიერების შემთხვევაში… აღნიშნული ტექნიკური გადაწყვეტის მიღების შემთხვევაში აუცილებლად დაირღვევა სარეკონსტრუქციო სამუშაოების რენტაბელურობა, ანუ, სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ხარჯი გადააჭარბებს ახალი ანალოგიური ნაგებობის აშენების [აგების] ღირებულებას.“
[/crosslist]
ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია ასევე, რომ 2018 წელს ნაგებობას ჩაუტარდა გარკვეული სარემონტო და სხვა სამუშაოები.
თბილისში მდებარე პარლამენტის სასახლე, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ვრცელდება რუსთაველის გამზირიდან მთაწმინდის კალთისკენ შეფენილ ვრცელ ტერიტორიაზე და შედგება ზედა მხარეს 1938 წელს აშენებული კორპუსისა და 1953 წელს რუსთაველის გამზირზე გამავალი კორპუსისაგან.
უშუალოდ „C“ კორპუსი განთავსებულია ძმები ზუბალაშვილების ქუჩის გასწვრივ და წარმოადგენს 7-სართულიან სარდაფიან შენობას, ხოლო მისი მომიჯნავე მარცხენა და მარჯვენა ფლიგელები განთავსებულია 9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩების გასწვრივ.
პარლამენტის სასახლის „c“ კორპუსი / ფოტოები ექსპერტიზის დასკვნიდან
ძუძუს კიბო ახლა კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ძუძუს კიბომ უკვე გადაუსწრო ფილტვის კიბოს, როგორც მსოფლიოში ყველაზე ხშირად დადასტურებულმა სიმსივნემ. ონკოქირურგი, მამოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ ძუძუს კიბოს რისკჯგუფი გაახალგაზრდავდა და შესაძლოა უახლოეს მომავალში სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ბენეფიციართა ასაკთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანაც გახდეს საჭირო.
ქალბატონო მზია, ვინ არიან რისკისჯგუფში?
დაავადება ყველაზე ხშირად 40-70 წლის ქალებში ვითარდება, მაგრამ ბოლო წლებში აღინიშნება დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია. იყო შემთხვევები, როცა 30 წლამდე პაციენტებშიც დაფიქსირდა სიმსივნის არსებობა, 30-დან 40 წლამდე ასაკშიც საკმაოდ გაიზარდა შემთხვევები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა მოვიდეს პერიოდი, როცა უნდა გადაიხედოს ეს პროგრამები – შესაძლოა, საჭირო გახდეს რისკის ჯგუფის ასაკის დაწევა. მაგრამ ამ ეტაპისთვის ქალებს მოვუწოდებ დროულად მომართონ სპეციალისტს სიმპტომების არ არსებობის და მით უმეტეს არსებობის შემთხვევაში, მათ შორის 30 წლამდე ქალებსაც. ის, რომ პროგრამა 40 წლის ასაკიდან ქალების სკრინინგს ითვალისწინებს, არ ნიშნავს, რომ არ უნდა მიმართონ სამედიცინო ცენტრებს უფრო ახალგაზრდებმაც. 30 წლამდე ქალებმა სულ ცოტა ულტრაბგერითი კვლევა უნდა ჩაიტარონ და 30-40 წლამდე ქალებმა ულტრაბგერითთან ერთად მამოგრაფიაც, პრევენციის სახით ორ წელიწადში ერთხელ.
კიბოსწინა დაავადებების არსებობა შესაძლოა 30 წლამდე პაციენტებშიც დაფიქსირდეს და ხანგრძლივი ტარების შემთხვევაში შეიძლება გაავთვისებიანების რისკიც დადგეს. ამიტომ კლინიკური დაკვირვებით მიმაჩნია, რომ 30 წლამდე ქალების შემთხვევაშიც (20 წლამდე მოზარდებშიც ყოფილა გარკვეული პრობლემები ამ მხრივ – გამონადენი დვრილიდან ან წარმონაქმნი ძუძუში), პრევენციის მიზნით, ორ წელიწადში ერთხელ მაინც ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევა. ამით დეტალურად შეისწავლება ძუძუს შიდა მდგომარეობა – სადინარების, ლიმფური კვანძების და ძუძუს სტრუქტურული მდგომარეობა.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ წინასწარ განწყობას. თუ ქალის წინაპრებში დეიდა, ბებია, ახლო ნათესავი იყო დაავადებული ამ დაავადებით, მნიშვნელოვანია, რომ მან ჩაიტაროს გამოკვლევა. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მასაც ექნება – ეს რისკფაქტორად მიიჩნევა.
ძალიან დიდია ჰორმონალური გავლენა , თუ აქვს ადამიანს შაქრიანი დიაბეტი, ჰორმონალური დარღვევა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ან საკვერცხეში არის რაიმე ცვლილებები – უნდა იცოდეს, რომ მიმართოს მამოლოგს და გამოირიცხოს ამ მიმართულებით პრობლემები.
კვებასაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ არასათანადოდ, არაჯანსაღად იკვებება ქალი. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა რთულია ქალებისთვის, ბევრი ისეთ დაწესებულებებში ვმუშაობთ, რომ არ არის საათობრივად კვების კომფორტი. გადარბენით რეჟიმში კი გვიწევს არაჯანსაღი საკვების მიღება. კომპიუტერულმა სისტემებმა და დატვირთულმა რეჟიმმა განაპირობა, რომ ქალი 24 საათი დატვირულია, მუდმივად სტრესული გარემო აქვს და ესეც გარკვეულ რისკს წარმოადგენს ამ დაავადების განვითარებაში.
პროგრამის გარეშე რა ჯდება ამ კვლევების ჩატარება?
მამოგრაფია დაახლოებით 40-50 ლარია, 35-50 ლარი – ულტრაბგერითი გამოკვლევა. გააჩნია ვის როგორი ფასი უდევს, მთლიანობაში ეს კვლევები 100 ლარამდე ჯდება.
ძუძუს კიბოს სიმპტომები როგორია?
სიმპტომები ძირითადად არის ტკივილი მკერდის არეში, ქალმა ასევე შეიძლება ძუძუს დათვალიერებისას შეამჩნიოს კანის ნებისმიერი სიმპტომი, ძუძუს თავის – არეოლის გასქელება, დვრილის ჩაზნექა ან დვრილზე რაიმე ჩანართის გაჩენა, შესაძლოა კანზე გამოვიდეს რაიმე და თვითმკურნალობას ეწევიან ხოლმე. არის, როცა კანი იღებს ლიმონის ქერქის სიმპტომს, ფორთოხლის კანის მსგავსი სიმპტომია, შეშუპებულია ან სიმძიმის შეგრძნება აქვთ. ნებისმიერი კანის სიმპტომის არსებობის შემთხვევაშიც უნდა ჩავთვალოთ საჭიროდ, რომ მივიდეთ მამოლოგთან. ეს არ ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად რაღაც ცუდი ხდება, უბრალოდ, რომ გამოვრიცხოთ რაიმეს არსებობა.
მაგალითად, როცა პაციენტები მამოლოგთან მოდიან ძუძუს არეში ტკივილის ჩივილით, ხშირ შემთხვევაში ეს ტკივილი გამოწვეულია ნევრალგიით, ხერხემლის ოსტეოპოროზით ან ხერხემლის სხვა ტიპის ცვლილებებით, მაგრამ აუცილებელია შემოწმება.
ვიზუალური სიმპტომების გარდა შესაძლოა იღლიაში შეინიშნებოდეს ლიმფური კვანძის გადიდება და ძუძუში არაფერი ისინჯებოდეს. შესაძლებელია ესეც უკავშირდებოდეს ძუძუში კვანძის არსებობას, უბრალოდ ის არ ისინჯებოდეს გარეგნულად ხელით, რადგან შესაძლოა სიღრმეშია ან პატარა იყოს.
ხელით თვითგასინჯვის, თვითდათვალიერების დროს თუ რაიმე კვანძის არსებობას შენიშნავს ქალი ძუძუში, ასევე აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან.
ქალებმა უნდა მოგვმართონ იმ შემთხვევაშიც კი, როცა სიმპტომები არ აწუხებთ. ყოფილა შემთხვევა, როცა კლინიკაში მოსულ პაციენტს მოჰყვა ახლობელი, გავაცანით პროგრამა, გამოვიკვლიეთ, გავგზანეთ სკრინინგში და ვნახეთ, რომ იქ იყო სერიოზული პრობლემა, რომელსაც შეიძლება კიდევ ორი წელი არ მიაქცევდა ყურადღებას და ის შექმნიდა მკერდში წარმონაქმნს.
რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული დიაგნოსტირება?
რაც უფრო დროულად დადგინდება დიაგნოზი, კერძოდ, I-II სტადიაში, გამოჯანმრთელების შანსი უფრო მაღალია. მკურნალობის ტაქტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს მორფოლოგიურ გრადაციას – როგორი ფორმის არის, აგრესიულობის როგორი ხარისხი აქვს და შესაბამისად ხდება მისი კომპლექსური მკურნალობა. I-II სტადიაში აუცილებელია კონსერვატიული მკურნალობა, საჭიროა ოპერაციული მკურნალობა. არის შემთხვევები, როცა ქიმიოთერაპია ინიშნება ან ქიომიო-სხივური თერაპია, რომელიც კომბინაციაში კეთდება. საერთო ჯამში, გამოჯანმრთელების და დღეგრძელობის უფრო მაღალი შანსია დროული დიაგნოსტირება.
დაგვიანებული დიაგნოსტირებისას რთულია მკურნალობის მეთოდი, უფრო ხანგრძლივიცაა, შესაბამისად, უფრო მეტი დანახარჯია როგორც სახელმწიფოს, ისე პაციენტის მხრიდანაც.
რამდენად ხშირად მოგმართავენ ქალები დაავადების ადრეულ ეტაპზე?
ბოლო პერიოდში, როდესაც უკვე არსებობს კიბოს რეესტრის პროგრამა, მათი სტატისტიკური კვლევებით გამოვლინდა, რომ თუ წინა წლებში იყო შემთხვევები, რომ დაგვიანებული მომართვიანობა იყო, ანუ უფრო მეტი პაციენტი მოგვმართავდა III-IV სტადიაზე, დღეს ქალების ინფორმირებულობა უფრო გაიზარდა და შემთხვევათა 50%-ში ხდება გამოვლენა I-II სტადიაზე.
რა სერვისები არსებობს კიბოს დროული დიაგნოსტირებისა და პრევენციისთვის?
რაც უფრო დროულად მოხდება კიბოს წინარე დაავადების გამოვლენა და, ზოგადად, კიბოს ადრეულ სტადიაში დადგენა, მით უფრო მაღალი შედეგი გვაქვს გამოჯანმრთელების. სკრინიგის მიმდინარე პროგრამები მოიცავს 40-70 წლის ასაკის, საქართველოში რეგისტრირებული ქალბატონების უფასო გამოკვლევას. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ტარდება მამოგრაფია, მამოლოგის კონსულტაცია. თუ აღმოჩნდება პათოლოგიური ცვლილებები, შემდგომ ხდება ულტრაბგერითი გამოკვლევა და თუ არის ისეთი შემთხვევა, რომ ფიქსირდება კვანძის არსებობა ძუძუში ან რაიმე კეთილთვისებიანი ჩანართი, პაციენტს ვამისამართებთ სპეციალისტთან და იკვლევენ მაღალტექნოლოგიური მეთოდებით, რათა მოხდეს ზუსტი დიაგნოზის ვერიფიცირება.
დეტალური კვლევით ფასდება ძუძუში არსებული კვანძის მდგომარეობა, ასევე ორგანიზმის ფუნქციური სტატუსი, გავრცელებულია თუ არა დაავადება, მეტასტაზები და დგინდება სტადია. პაციენტი გადის კონსილიუმზე, სადაც განსაზღვრავენ მკურნალობის ტაქტიკას და ტარდება კომპლექსური მკურნალობა.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ოქტომბრის 21 საათიდან 25 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია: ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მაღალ მთაში თოვა. დასავლეთის ქარი 7-12მ/წმ-ში, დროგამოშვებით 15/20 მ/წმ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო და შიდამთიან რაიონებში ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 13- 18 გრადუსი სითბო;
მაღალ მთაში ღამით 0-2 გრადუსი, დღისით 1-6 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ-დასავლეთის ქარი, წვიმა, ხოლვადობა 1-10კმ. ტალღის სიმაღლე 13-18დმ(4ბალი), ზღვის წყლის ტემპერატურა +18 გრადუსი.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში სამშაბათს, 26 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს და უნალექო ამინდი რამდენიმე დღე გაგრძელდება.
24 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
რეგიონის საავადმყოფოებში ამ დროისთვის მკურნალობს 496 პაციენტი, მათ შორის 132 მძიმე პაციენტია. აჭარაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 34 ადამიანი.
აჭარის კოვიდსასტუმროებში მოთავსებულია 218 ადამიანი.
—
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში დაფიქსირდა 3 436 ახალი შემთხვევა:
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა, ამავე პერიოდში დაფიქსირდა 3 436 ახალი შემთხვევა.
24 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 692 240 , ბოლო 24 საათში – 3 436
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 630 961 , ბოლო 24 საათში – 4 483
მათ შორის გარდაცვლილი – 9 742 , ბოლო 24 საათში – 43
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 32 031, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 618, PCR ტესტით – 12 393
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 10,73%, ბოლო 14 დღის – 9,06%, ბოლო 7 დღის – 9,13%
სულ ჩატარდა – 1 948 787 აცრა, დღიურად აცრილია – 4 209
კარანტინის რეჟიმში – 51
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6 041
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები – 957
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 436 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 208 შემთხვევა, აჭარა – 87, იმერეთი – 729, ქვემო ქართლი – 221, შიდა ქართლი – 195, გურია – 98, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 235, კახეთი – 539, მცხეთა-მთიანეთი – 48, სამცხე-ჯავახეთი – 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 51 511 საიდანაც: 6 041 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 256, აჭარაში – 496, იმერეთში – 1 288.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 490 პირი, მათ შორის, თბილისში – 545, აჭარაში – 132, იმერეთში – 463. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 309 პირი, მათგან თბილისში – 171, აჭარაში – 34, იმერეთში – 28.
957 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 529 – თბილისში, 218 – აჭარაში.
44 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის გაწყვეტის გამო საქართველოს რკინიგზაზე ოთხი სამგზავრო მატარებელი 2 საათზე მეტია ვერ მოძრაობას.
„გაწყდა სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის 110 კილოვატიანი ხაზი, რომელიც დაეცა რკინიგზის საკონტაქტო ხაზს და დააზიანა.
ამჟამად გაჩერებულია 4 მიმართულების სამგზავრო მატარებელი. ესენია: თბილისი-ბათუმი, ბათუმი-თბილისი, თბილისი-ფოთი და
ზუგდიდი-თბილისი“ – აცხადებს რკინიგზა.
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ხაზის აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მატარებლების მოძრაობა თანმიმდევრულად განახლდება, თუმცა ყველა მიმართულების აღდგენას დაახლოებით 2 საათი დასჭირდება.
„პარალელურად კომპანიამ უკვე გაგზავნა სამგზავრო ავტობუსები. მგზავრებს სურვილისამებრ მიეცემათ მგზავრობის ავტობუსებით გაგრძელების საშუალება“ – აცხადებს საქართველოს რკინიგზა.
დღეს, 23 ოქტომბერს, კლინიკა „მედცენტრიდან“ გაწერეს ბათუმში კორპუსის ნგრევისას გადარჩენილი ერთადერთი ადამიანი.
37 წლის კაცმა კლინიკაში 15 დღე გაატარა. იგი ჯერ რეანიმაციაში, შემდეგ კი პალატაში მკურნალობდა.
37 წლის კაცი ერთადერთია, რომელიც ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას ცოცხალი გადარჩა. იგი ნანგრევებიდან მთელი დღის განმავლობაში ეკონტაქტებოდა მაშველებს. მან დაახლოებით 9 საათი გაატარა ნანგრევებში.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა და 9 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 ბავშვი.
„თავისუფლება მიშას“ – ამ სლოგანით დღეს, 23 ოქტომბერს, ბათუმში აქცია გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები ბათუმის ბულვარში კოლონადებთან შეიკრიბნენ – პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების მოთხოვნით.
აქციის მიზანია ასევე არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა.
____
შეგახსენებთ, რომ ბათუმში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში ბათუმის მეორის პოზიციაზე ერთმანეთს უპირისპირდებიან არჩილ ჩიქოვანი „ქართული ოცნებიდან“ და გიორგი კირთაძე გაერთიანებული ოპოზიციიდან. პირველ ტურში გიორგი კირთაძემ თავის ოპონენტზე დაახლოებით 1000 ხმით მეტი მიიღო.
მერის პოზიციაზე მეორე ტური იმართება ხელვაჩაურშიც – აქ ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიციიდან მიშა ბოლქვაძე და „ქართული ოცნებიდან“ ზაზა დიასამიძე დაუპირისპირდებიან.
აჭარაში არჩევნები გაიმართება ასევე 5 მაჟორიტარულ ოლქში – 2 მაჟორიტარი ასარჩევი ჰყავთ ხულოში, 2 მაჟორიტარი ხელვაჩაურში და 1 – ქედაში.
ინსტალაცია – „ქალაქი ბეტონის ყუთში“ დღეს, 23 ოქტომბერს, სამოქალაქო აქტივისტებმა ბათუმის ბულვარში, თეთრი კოლონადების გვერდით განათავსეს. პერფორმანსი გამოხატავს დღევანდელი ბათუმის მდგომარეობას. იმას, თუ როგორ იკარგება სივრცეები და როგორ იქცა სამშენებლო ხმაური ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად.
„ინსტალაციაში მოქცეულია ძველი ბათუმის ექსპოზიცია, რაც ერთგვარი სიმბოლოა იმის, როგორი იყო ეს ქალაქი და რად იქცა. მიტაცებული სივრცეების, სამშენებლო პროცესების გამო ვეღარ ვხედავთ ერთმანეთს, ვეღარ ვხედავთ მზეს და იმის ნაცვლად, რომ ქალაქში გვესმოდეს ბავშვების, თოლიების, ზღვის ხმა, გვესმის მხოლოდ სამშენებლო ხმაური“ – ამბობს „ბათუმელებთან“ აზა გაბუნია, სამოქალაქო აქტივისტი.
ინსტალაცია – „ბეტონის ყუთში მოქცეული ქალაქი“. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
რატომ ვერ შევდივართ ინსტალაციაში? – როგორც აზა გაბუნია ამბობს, იმიტომ, რომ ჩვენი ქალაქი სწორედ ასეთ ყუთშია მოქცეული და „მხოლოდ ჭუჭრუტანებიდან შეგვიძლია ვუმზიროთ მზეს, ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას რომელიც ისედაც დაზიანებულია ამდენი მშენებლობით, ვუმზიროთ ერთმანეთს, რადგან ჩვენს სახლებშიც კი აღარ არის სინათლე და ბულვარშიც კი სამშენებლო ხმაური გვესმის. სწორედ ამ ყველაფრის პროტესტია ეს ყუთი,“- გვეუბნება ის.
ბეტონის ყუთის შიგნით ძველი ბათუმი და მისი კულტურული მემკვიდრეობაა. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
პროექტის ავტორები „დემოკრატიის სკოლის“ კურსდამთავრებულები არიან, რომლებმაც ურბანული პოლიტიკის ფარგლებში გააკეთეს აღნიშნული ინსტალაცია. ამ ინსტალაციით აქტივისტები ქალაქში არსებულ ურბანულ პრობლემებს ეხმიანებიან.
„ეს ყველაფერი ვიზუალიზაციაა იმის, თუ რა არის ჩამარხული ამ ბეტობის კედლებში. ფაქტობრივად, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობაა მოქცეული ყუთის შიგნით, რომელსაც მხოლოდ ამ პატარა ნახვრეტებიდან ვხედავთ, რომელიც ყუთის კედლებზეა“- ამბობს თაკო მამეიშვილი, „დემოკრატიის სკოლის“ კოორდინატორი ბათუმში.
ინსტალაცია გაკეთდა პროექტის – „გაიგე მეტი“ ფარგლებში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვას, ცნობიერების ამაღლებას და მოქალაქეების ინფორმირებას უკავშირდება.
ინსტალაცია ასახავს ქალაქის დღევანდელ მდგომარეობას, – „როცა მხოლოდ ჭუჭრუტანებიდან შეგვიძლია დავინახოთ ისტორიული ბათუმი, მზე და ზღვა“. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ინსტალაცია ბულვარის გარდა ქალაქის სხვადასხვა ადგილზე განთავსება. გამოფენა დაახლოებით ერთ თვეს გაგრძელდება.
დღეს, უკვე რამდენიმე საათია, „ბილაინის“ აბონენტები დარეკვას ვერ ახერხებენ. დარეკვა შეუძლებელია ბილიანის ცხელ ხაზეც.
ბილაინის ფეისბუქგვერდის ჩათში კი შემდეგი შინაარსის აგზავნის კომპანია: „გთხოვთ, დატოვოთ შეტყობინება და ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ ამჟამად, აბონენტთა გარკვეულ ნაწილს უფიქსირდება ხარვეზი ზარების მიღებასა და განხორციელებასთან დაკავშირებით, ჩვენ მივიღებთ აუცილებელ ზომებს საკითხის გადასაწყვეტად, კომპანიის სახელით ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისათვის“.
კომპანიაში აცხადებენ, რომ „სპეციალისტები უკვე მუშაობენ, იმისათვის, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს სერვისის აღდგენა“.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულად ცნო პირი, რომელიც 14 წელს მიუღწეველ გერს სისტემატურად აუტაპიურებდა. ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 18 წლის თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 14 წელს მიუღწეველის მიმართ განხორციელებული გაუპატიურების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლიდან 2020 წლამდე, ბრალდებული 14 წელს მიუღწეველ გერთან სისტემატურად, ძალადობით სქესობრივ კავშირს ამყარებდა. ასევე, დაზარალებულის მიმართ ძალადობა განახორციელა“-აცხადებს პროკურატურა.
ბრალდებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11’ 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და 126’ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა ბრალდება.
შსს ინფორმაციით, ხელვაჩაურში განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.
„დაკავებულია 1988 წელს დაბადებული გ.დ. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს, მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, ნაცნობს – 1977 წელს დაბადებულ ე.ჯ. -ს ქალაქ ბათუმში, ჯაყელის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა“, – აცხადებს შსს.
პოლიციის ცნობით, ბრალდებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დააკავეს.
„სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს დანაშაულის ჩადენის იარაღი – ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ასევე, ამოღებულია გ.დ.-ის მფლობელობაში არსებული ავტომობილი, რომლითაც ბრალდებულმა შემთხვევის ადგილი დატოვა“-ამბობს შსს
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 467 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 42 ადამიანი ბოლო 24 საათში.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 52 487 კვლევა ტესტით, მათ შორის 31 051 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 436 PCR ტესტით.
თვითმხილველის თქმით, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავტომანქანებში ოთხი ადამიანი ისხდა.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, შეჯახების შედეგად ერთი ადამიანია გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში. მას ქვედა კიდურების აქვს დაზიანებული.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ისევე როგორც საქართველოს კიბოს რეგისტრის მონაცემებით, ქალებში ავთვისებიანი ახალწარმონაქმნებით გამოწვეული სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი სარძევე ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნეა.
ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და კოლორექტალური კიბოს სკრინინგის პროგრამა თბილისში 2008 წლიდან, ხოლო ქვეყნის მასშტაბით 2011 წლიდან მუშაობს, ასევე პროსტატის კიბოს მართვაც. მიუხედავად იმისა, რომ ძუძუს კიბოს სკრინინგს ყოველწლიურად 20 000-ზე მეტი ქალი იტარებს და პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ადრეულ ეტაპზე პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა, სკრინინგპროგრამის მთავარ გამოწვევად ისევ მოცვის მაჩვენებლის (პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის) გაზრდა რჩება.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 1300 ახალი შემთხვევა რეგისტრირდება და საყურადღებოა, რომ შემთხვევათა 20-25%-ში აღინიშნება ყველაზე აგრესიული – HER2-რეცეპტორდადებითი ძუძუს კიბო, რომელიც ადრეულ სტადიებზე (I-III სტადია) მედიკამენტოზური მკურნალობის ერთწლიან კურსს ექვემდებარება.
ექიმი ონკოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ თუ გასულ წლებში III-IV სტადიაზე მიმართავდა ონკოცენტრებს უფრო მეტი პაციენტი, თანდათანობით ეს სურათი შეიცვალა და ახალ შემთხვევათა 50% უკვე I-II სტადიაში ხდება დაავადების გამოვლენა. ხალვაში ამბობს, რომ ეს ქალების ინფორმირებულობის გაზრდის ხარჯზე მოხდა, თუმცა მიიჩნევს, რომ ამ მხრივ სამუშაო კვლავ ბევრია.
მზია ხალვაშის თქმით, მიუხედავად არსებული საინფორმაციო კამპანიებისა, ინფორმირებულობა ნაადრევი დიაგნოსტიკისა და პრევენციული ზომების შესახებ საზოგადოებაში კვლავ დაბალია და ოჯახის ექიმები წარმოადგენენ სწორედ იმ მნიშვნელოვან რგოლს, რომელსაც ყველაზე ეფექტურად შეუძლია კიბოს სკრინინგულ პროგრამებში მოქალაქეების ჩართვის გაზრდა: „იქნებ რამენაირად უფრო გაიზარდოს და გახშირდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების (ოჯახისა და სოფლის ექიმების), ასევე გინეკოლოგიური და სხვა მიმართულებით მომუშავე სამედიცინო პერსონალის მიერ პაციენეტების გადამისამართება სკრინინგცენტრებში.
სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარად აწვდიან მოქალაქეებს ინფორმაციას, საინფორმაციო სმს-ბი მისდით ტელეფონებზე, წერილობითაც, ფოსტასაც იყენებენ პაციენტებამდე ინფორმაციის მისატანად. ყველანაირად ცდილობენ, მაქსიმალურად გამოიკვლიონ პაციენტები”, – ამბობს მზია ხალვაში.
კიბოს კონტროლის ეროვნულ სტრატეგიაში წერია, რომ ონკოლოგიური დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ მაღალია საქართველოში. ამასთან, დაბალია 5-წლიანი გადარჩენის მაჩვენებელი: პაციენტთა 30%-ზე ნაკლები ცოცხლობს დიაგნოზის დასმიდან 5 წელს ან უფრო დიდხანს: „მაღალი სიკვდილიანობისა და დაბალი გადარჩენის მაჩვენებლების ძირითად მიზეზს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ კიბოს შემთხვევების დაახლოებით 60%-ის დიაგნოსტირება მესამე და მეოთხე სტადიაზე ხდება, რისი მიზეზიც კომპლექსურია და ძირითადად მოსახლეობის დაბალი ინფორმირებულობის დონით და ამ პროცესებში ჯანდაცვის პირველადი რგოლის ნაკლები ჩართულობითაა განპირობებული”.
ოქტომბერი ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. საქართველოში ამ დაავადებასთან დაკავშირებული საინფორმაციო კამპანიები ძირითადად სწორედ ამ პერიოდში იმართება.
15 ოქტომბერს ეროვნულმა სკრინინგცენტრმა ოჯახის ექიმებთან შეხვედრების ციკლი დაიწყო. შეხვედრების მიზანია მისცეს ექიმებს ის ცოდნა, რითაც ისინი პაციენტებს კვლევის ჩატარების აუცილებლობაში დაარწმუნებენ. გამოკვლევების ჩატარებასთან დაკავშირებით, პაციენტის ინფორმირების გარდა მათ აქვთ პაციენტების ვიზიტზე გადამისამართების უფლებამოსილება.
ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი ლარით ფინანსდება ჯანდაცვის ის პროგრამები, რომლებიც ონკოპაციენტების ამბულატორიულ და სტაციონარულ მკურნალობას, მათ თერაპიასა და დიაგნოსტიკურ მომსახურებას, ასევე მედიკამენტების თანადაფინანსებას უზრუნველყოფს. მათ შორის არის ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, კოლორექტული და პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომლის წლევანდელი ბიუჯეტიც 1 001 000 ლარია. კიბოსთან ბრძოლის ცალკე პროგრამა, თავისი სტანდარტებითა და ბიუჯეტით, საქართველოში არ არსებობს.
ჯანმოს რეკომენდაციით, ქვეყნებმა უნდა შეძლონ ადრეული დიაგნოზის მაჩვენებლების გაუმჯობესება და ცხადია, უზრუნველყონ ოპერატიული მკურნალობა. ეს ხელს შეუწყობს უფრო მეტი ადამიანის გამოჯანმრთელებას და შეამცირებს მკურნალობის ხარჯებსაც, რადგან გვიანი გამოვლენა მნიშვნელოვნად ზრდის ფინანსურ დანახარჯს.
სკრინინგის პროგრამა მოიცავს უფასო გამოკვლევებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელის, მსხვილი ნაწლავისა და პროსტატის კიბოს პრევენციისათვის. სკრინინგის პროგრამა უფასოა საქართველოს მოქალაქეებისთვის, განსაზღვრული ასაკობრივი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
40-დან 70 წლის ჩათვლით – ძუძუს კიბოს სკრინინგი
25-დან 60 წლის ჩათვლით – საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი
50-დან 70 წლის ჩათვლით – მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი
50-დან 70 წლის ჩათვლით – პროსტატის კიბოს სკრინინგი
ბათუმში 1008 სამუშაო ადგილზე მხოლოდ 64 ადამიანი დასაქმდა. ეს დასაქმების ფორუმის შედეგია, რომელიც აჭარის დასაქმების სააგენტომ 15 ივნისს მოაწყო.
ფორუმი სააგენტომ, ანუ სახელმწიფო ორგანომ დამსაქმებელსა და დასაქმების მსურველებს შორის დაკავშირებისთვის მოაწყო. ფორუმში სულ 65 კომპანია მონაწილეობდა. კომპანიებმა 243 ვაკანსია წარმოადგინეს და 1008 სამუშაო ადგილი დაფიქსირდა.
რა შედეგით დასრულდა ფორუმი, ანუ რამდენი ადამიანი დასაქმდა და სად?
აჭარის დასაქმების სააგენტოს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით, ფორუმის შედეგად ჯამში 64 ადამიანი დასაქმდა, მათ შორის, ვაჭრობასა და დისტრიბუციაში – 29 ადამიანი, სასტუმროების და რესტორნების სფეროში – 25 ადამიანი, ტრანსპორტის და ლოჯისტიკის სფეროში – 3, ხოლო 7 ადამიანი მშენებლობის სფეროში გაყიდვების სპეციალისტად.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ 438-მა ადამიანმა გამოხატა.
„დამსაქმებელი კომპანიებიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სულ შედგა 805 გასაუბრება (შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარს მიეცა შესაძლებლობა რამდენიმე დამსაქმებელს გასაუბრებოდა). რაოდენობრივად ყველაზე მეტი გასაუბრება ვაჭრობა-დისტრიბუციის და სასტუმრო-რესტორნების მიმართულებებში შედგა.
განმეორებით გასაუბრებაზე კომპანიებმა დაიბარეს 243 ბენეფიციარი, მათგან ადგილზე მივიდა მხოლოდ 137, განმეორებითი გასაუბრების შედეგად დასაქმდა 64,“ – მოგვწერეს აჭარის დასაქმების სააგენტოდან.
დასაქმების შეთავაზება დამატებით 39 პირს მიუღია, თუმცა მათ სამსახურზე უარი სამუშაო გრაფიკის, ასევე სამსახურის სიშორის გამო უთქვამთ.
რატომ შეიძლება არ მიდიოდნენ ადამიანები დასაქმების ფორუმზე ქვეყანაში, სადაც გერმანიაში გამოცხადებულ 500 ვაკანსიაზე განაცხადი 86 395-მა ადამიანმა შეავსო – ნახეთ აქ.
დღეს, 22 ოქტომბერს, ბათუმიდან თბილისის მიმართულებით გასული მატარებელი მოულოდნელად ჩოლოქის დასახლებაში გაჩერდა. მგზავრების თქმით, ისინი დაახლოებით ერთი საათი ელოდნენ გზის გაგრძელებას.
„გამცილებლის თქმით, მატარებელი დაეხაჯა მოჭრილი ხის ტოტებს, რომელიც ერთ-ერთ ნაკვეთზე ცუდად გაჩერებულ სატვირთოზე იყო დაწყობილი. ტოტებმა მატარებელი დააზინა… ადგილზე მოვიდნენ პოლიციელები და ოქმი შეადგინეს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ერთ-ერთმა მგზავრმა.
მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით 17 საათსა და 45 წუთზე გავიდა.
რის გამო გაჩერდა მატარებელი და რა დაზიანდა? – „ბათუმელები“ დაუკავშირდა „საქართველოს რკინიგზას“, პრესცენტრის ინფორმაციით, მატარებელს სერიოზული დაზიანება არ აქვს, ნაკაწრები აქვს და შესაბამისი სამართლებრივი პროცედურა ჩატარდა.
„ჩვენთვის წითელი ხაზები არ არსებობს,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“, როცა მას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის თემაზე ვესაუბრეთ. აკაკი გვიანიძე ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრია.
„წითელი ხაზი“ რომ არსებობს, ამის შესახებ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა უთხრეს გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრებს ბათუმში შეხვედრის დროს: „არ დაუჭიროთ მხარი „ქართულ ოცნებას“ – ცალსახაა მესამე სექტორის პოზიცია იმაზე, თუ საითკენ არ უნდა წავიდეს გახარიას პარტიის წარმომადგენლის ხმები, როცა ამ პოლიტიკური ძალის სამი წარმომადგენლის გარდა „ოცნებასა“ და დანარჩენ ოპოზიციას შორის ძალთა ბალანსი ასე ნაწილდება: 16 – 16.
ოპოზიციაში ირწმუნებიან, რომ გახარიას პოლიტიკური გუნდი ნამდვილად ოპოზიციაა და ის „ოცნებას“ არ დაუჭერს მხარს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე. თავის მხრივ, „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს: „ბათუმის საკრებულოში გვეყოლება უმრავლესობა“.
„ეს ძალიან საშიში განცხადებაა, თუმცა პრესა რატომ თვლის, რომ მაინცადამაინც ჩვენ გვიგულისხმა? იქნებ „ნაცმოძრაობას“ გულისხმობს ან „ლელოს“?“ – ამბობს აკაკი გვიანიძე და დასძენს, რომ ეს არც უკვირს, რადგან ახალი პოლიტიკური ძალის მიმართ შეიძლება იყოს უფრო მეტი ეჭვი.
თუკი გახარიას პარტიის წევრების მხარდაჭერის გარეშე ოპოზიციას საკუთარი კანდიდატურის გაყვანა არ შეუძლია, რამდენად შესაძლებელია ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გახარიას პარტიიდან საკრებულოში შესულ წევრებს დაუჭიროს მხარი, მაგალითად, ნინო ბაციაშვილს, რომელიც „გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყო? – ვკითხეთ თავად ნინო ბაციაშვილს, ჭადრაკში ტიტულოვანი სპორტსმენსა და მამაკაცთა შორის საერთაშორისო დიდოსტატს. მან მოგვწერა, რომ ამ თემაზე არ უფიქრია, რადგან პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს.
აკაკი გვიანიძის თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია და „ქართული ოცნებაც“ მეორე ტურამდე რეალური ნაბიჯების გადადგმით არ არის დაინტერესებული. არჩევნების საბოლოო შედეგების შემდეგ ერთიც და მეორეც იძულებული გახდება, დათმობაზე წავიდეს და რეალური პოლიტიკით დაკავდეს.
„მთავარია ის, თუ რა დაუკვეთა საზოგადოებამ. საზოგადოების დაკვეთაა კოალიციური მმართველობა. ჩვენი მისიაა, არ დავუშვათ რომელიმე პოლიტიკური ძალის უპირატესობა,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე პარტიიდან „საქართველოსთვის“. მას ვკითხეთ, როგორ გამოვა ეს და რამდენად რეალურია რასაც ამბობს, როცა ერთს ან მეორეს აუცილებლად უნდა დაუჭიროს მხარი.
რამდენად შესაძლებელია, თავად გახარიას პარტიის წარმომადგენელი, მათ შორის, აკაკი გვიანიძე გახდეს საკრებულოს თავმჯდომარე?
„თუკი ამაზე შევთანხმდებით, ესეც შესაძლებელია. ჩვენ არავითარ თანამდებობას არ ვითხოვთ. შესაძლებელია, არც ერთი თანამდებობა ჩვენ არ გვქონდეს, მაგრამ თუკი იტყვიან, რომ ჩვენ უნდა დავიკავოთ რომელიმე თანამდებობა, დავთანხმდებით,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე „ბათუმელებთან“.
მესამე სექტორთან გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრების შეხვედრის დროს ირაკლი მიქელაძემ, რომელიც „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატი იყო ბათუმში, ხაზი გაუსვა იმას, რამდენად ლოგიკურია მხარი დაუჭიროს „ლელოდან“ საკრებულოში შესულ ირაკლი კუპრაძეს, როცა მისმა პარტიამ არჩევნებში 3 მანდატი მოიპოვა?
„ყველაფერი შეიძლება მოხდეს, კატეგორიულად არ უარვყოფთ ამ ამბავს,“ – გვითხრა ბათუმის მერობის კანდიდატმა ოპოზიციური ერთობიდან გიორგი კირთაძემ, რომელსაც ვკითხეთ, დაუჭერენ თუ არა მხარს გახარიას პოლიტიკური გუნდიდან საკრებულოში შესულ ადამიანებს საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე იმ მოტივით, რომ ეს პოლიტიკური თანამდებობა ოპოზიციონერმა დაიკავოს.
„ჩვენთვის კატეგორიული არასდროს ყოფილა ირაკლი კუპრაძის კანდიდატურა. მთავარია, ოპოზიციური პარტიიდან იქნება საკრებულოს თავმჯდომარე,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ირაკლი კუპრაძის კანდიდატურა გაჟღერდა საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე, თუმცა ეს არაა საბოლოო გადაწყვეტილება.
გიორგი კირთაძის თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი მაღალი ალბათობით ირაკლი კუპრაძის კანდიდატურას დაუჭერს მხარს.
„თუმცა ვნახოთ რას აჩვენებს და რა გადაწყდება მოლაპარაკებებზე… ვფიქრობ, ირაკლი კუპრაძე იქნება საკრებულოს კარგი თავმჯდომარე,“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ.
რეზო ხარაზი არ ჩქარობს და მოლოდინი აქვს, რომ არჩევნების მეორე ტურის შედეგები აისახება ამ გადაწყვეტილებაზეც.
„მე უფრო დარწმუნებული ვარ, რომ კრიზისს არ შექმნის გახარიას პარტია და დარჩება ოპოზიციაში. ვფიქრობ, კოალიციური მმართველობის მაგალითი შეიქმნება ბათუმის საკრებულოში… არჩევნების შედეგებით ჩანს, რა არის ხალხის დაკვეთა. დაკვეთა არის, რომ ხმა მისცა უმრავლესობამ ოპოზიციას და არა „ოცნებას“. თუ გახარიას პოლიტიკური გუნდი ამას გააკეთებს, გამოჩნდება, ვინ სად დგას,“ – ამბობს რეზო ხარაზი.
„საქართველოსთვის“ წევრი აკაკი გვიანიძე აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ასარჩევია არამხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე, არამედ კიდევ 7 თანამდებობის პირი საკრებულოში: 2 მოადგილე და 5 კომისიის თავმჯდომარე. აკაკი გვიანიძე მიიჩნევს, რომ ამ თანამდებობებზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის არჩევით არის შესაძლებელი კოალიციურობის პრინციპის დაცვა და პასუხისმგებლობის გადანაწილება.
„საკრებულოში ასარჩევია 8 თანამდებობის პირი. რატომ მიიჩნევს რომელიმე პარტია, რომ ყველა თანამდებობა მათ ერგებათ? ჩვენ ამ ეტაპზე გვინდა, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ დიალოგის პროცესს და მზა ფორმულა არ შევთავაზოთ, კონკრეტულ პროპორციებზე საუბარი არ არის… ვინ უნდა გახდეს საკრებულოს თავმჯდომარე, ეს არის ამ ოთხი პოლიტიკური ძალის შეთანხმების საგანი. ჩვენ ფასილიტატორის როლს ვითავსებთ და დაზღვევაც ვიქნებით, რომ ეს შეთანხმება შესრულდეს,“ – ამბობს აკაკი გვიანიძე.
გახარიას პოლიტიკური გუნდი ბათუმის საკრებულოში შესულ პოლიტიკურ ძალებს, მათ შორის, „„ქართულ ოცნებას“, ერთობლივ მოლაპარაკებას სთავაზობს, თუმცა ეს პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
ვის დაუჭერს მხარს „ლელო“ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე? – „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს დღეს არ უპასუხა ირაკლი კუპრაძემ, რომელიც „ლელოს“ სიით მოხვდა საკრებულოში.
____
ბათუმის საკრებულოში სულ 35 წევრია. 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ 16 მანდატი მოიპოვა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 15, „გახარია საქართველოსთვის“ – 3 და „ლელომ“ – 1 მანდატი.
მთავარი ფოტო: ბათუმის საკრებულოს წევრები: რეზო ხარაზი, ნინო ბაციაშვილი, აკაკი გვიანიძე.
„ახლა უფრო გვეშინია, მას შემდეგ, რაც ბათუმში ის საშინელი ამბავი მოხდა. გვეშინია, კედლები თავზე არ ჩამოგვენგრეს, მოსვენება დავკარგეთ.“ – გვიყვება ჟუჟუნა კაკაბაძე და სახლის კედლებზე გაჩენილ ბზარებს გვაჩვენებს, რომლებსაც ზოგან სქელი, წებოვანი ლენტი ფარავს:
ორსართულიანი სახლის თითქმის ყველა ოთახში ბზარები ექვსი წლის წინ გაჩენილა, მას შემდეგ, რაც მომიჯნავე ნაკვეთზე მშენებელმა ბელეტაჟი დაანგრია და მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. ეს სახლი ბათუმში, აბუსერიძის #51ა-ში მდებარეობს. აქ მცხოვრებლების პრობლემები ყველა იმ სახლის მესაკუთრის პრობლემების იდენტურია, რომლებთანაც მშენებლობა დაიწყეს, დაასრულეს ან დაიწყეს და მიატოვეს.
აბუსერიძის #51 – ბზარები ღრმავდება
ბზარები თანდათან გაღრმავდა, იმატა რაოდენობამაც, მათი სიღრმე რომ გვაჩვენოს, სახლის მეპატრონე ბზარებს ხელით ზომავს, ზოგ ბზარში მისი ხელი თავისუფლად შედის, ზოგიერთი კი შედარებით უფრო ვიწროა. გვიყვება, რომ „ასეა დიდი ხანია,“ მაგრამ ბათუმის ტრაგედიის შემდეგ, მიმდინარე მშენებლობებთან ახლოს, მომიჯნავე ნაკვეთებზე მრავალბინიანი კორპუსების გაჩენის გამო ერთსართულიან ბელეტაჟებსა და ორსართულიან სახლებში მცხოვრებლებმა სიმშივიდე დაკარდეს, განსაკუთრებით კი მათ, ვის სახლებშიც ბზარები გაჩნდა და თანდათან გაღრმავდა.
ოთარ ბეჟანიძე გვაჩვენებს დაბზარულ გარე ფასადს.ბათუმი, აბუსერიძის ქუჩა #51ა
სახლის მესაკუთრე ოთარ ბეჟანიძე გვიყვება, რომ ეშინია ერთ დღესაც სახლი არ ჩამოინგრეს. ყველა სხვა პრობლემას ემატება ისიც, რომ მისი სახლის გვერდით დაუსრულებელ კორპუსში წვიმის დროს წყალი გროვდება, ამიტომაც მისი სახლის ერთ მხარეს კარგ ამინდშიც წვიმს. ასეთი ვითარება იყო ადგილზე ჩვენი იქ ყოფნის დროსაც, თითქოს ერთი მხრიდან წვიმდა.
ოთარ ბეჟანიძის თქმით, კომპანია „რეალ მშენს“, რომელიც მათი სახლის მომიჯნავედ მრავალბინიან კორპუსს აშენებს, „ბევრი სამშენებლო ობიექტი აქვს ქალაქში აღებული“ და ამის გამო მშენებლობა მათ მეზობლად დიდი ხანია გაჩერებულია:
„ ექვსი წელი გავიდა და ჯერ არ დასრულებულა მშენებლობა.“
მითითებული ბზარის გარდა ქვემოთ წებოვანი ლენტი ფარავს ბზარებს
ჟუჟუნა კაკაბაძემ გვითხრა ისიც, რომ კომპანია მათ ტერიტორიაზეც შეიჭრა: „პროექტი ასე გვაქვს გაკეთებული, შეიძლება შემოვიჭრათ თქვენს ტერტორიაზე, მაგრამ მერე აგინაზღაურებთო. როდის უნდა აგვინაზღაურონ, არ ვიცი. სახურავიც დაგვიზიანეს, მაგრამ მაგაზე ვერაფერს ვიტყვი, შეგვიკეთეს.“
ოთარ ბეჟანიძის თქმით, ამ საკითხზე მერიას ბევრჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ: „ რა მიპასუხეს? -არაფერი“.
ჟუჟუნა კაკაბაძე: „ამ ფანჯრიდან ღია სივრცე ჩანდა, მოშორებით კი მეზობლის სახლი, რომელიც დაანგრიეს
ოთარ ბეჟანიძე გვიყვება, რომ ცოტა ხნის წინ მშენებარე კორპუსიდან ქვა ჩამოვარდა და მისი ოჯახის წევრს, ჟუჟუნა კაკაბაძეს დაეცა თავზე:
„პოლიცია გამოვიძახეთ და ბათუმის მუნიციპალური ინსპექციაც იყო მოსული. ძალიან ზერელე დამოკიდებულებები გამოიჩინეს, პასუხი არაფერი გვაქვს. “
გვირაბი სახლთან მომიჯნავე ნაკვეთზე მშენებლობის დაწყების შემდეგ გაჩნდა
თავის დროზე ეს უბნებიც ხომ კანონით აშენდა?
ნაზი კურცხალიძე გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ორსართულიან სახლში ცხოვრობს, მომიჯნავე ნაკვეთზე დაწყებული მშენებლობის გამო მის სახლს ბზარები არ გასჩენია, თუმცა მკვეთრად შეიცვალა მისი საცხოვრებელი გარემო. მას შემდეგ, რაც სახლის გვერდით კორპუსის მშენებლობა დაიწყო, ეზოში გადაადგილება უსაფრთხო აღარ არის, სახლის ერთ მხარეს, ფანჯრების გასწვრივ, დიდი, მაღალი კედელი, ეზოში კი ბეტონის გვირაბი გაჩნდა, სახლის ნათელი მხარე ჩაბნელდა და ნესტის სუნიც უფრო გამძაფრდა.
„ბავშვებს გარეთ ვეღარ ვუშვებ. ორ შვილიშვილს ვზრდი. ეზო გვაქვს, მაგრამ ბავშვების გამოშვება არ შემიძლია, მეშინია რამე არ ჩამოვარდეს, ქვა არ დაეცეთ“.
ნაზი კურცხალიძე საკუთარი სახლის ფანჯარასთან: „საიდანაც ადრე მზის სხივები ათბობდა სახლს, ახლა კედელია“
ნაზი კურცხალიძეს მერიასთან კითხვები აქვს. მას აინტერესებს:
როგორ დაუშვა მერიამ, რომ დაბალსართულიან განაშენიანებაში მაღალი კორპუსები გააჩინა, თავის დროზე ეს უბნებიც ხომ კანონით აშენდა?
როგორ შეიძლებოდა გადაწყვეტილების მიმღებს უკვე განაშენიანებული უბნების რღვევის შესაძლებლობა დაეშვა?
„მშენებელს რა ვუთხრა, მშენებელმა რა ქნას, ვინც მისცა ნებართვა აშენების, ისაა დამნაშავე. მისცეს ნებართვა და ააშენა, მე რომ ვიყო, მეც ავაშენებდი. ასე, საზღვარზე ამხელა კედელი არ უნდა იყოს, წარმოიდგინეთ ერთი წუთით ჩემს ადგილას საკუთარი თავი, ვართ შიშის და პრობლემების ქვეშ. “ – გვიყვება ნაზი კურცხალიძე, ბოლოს კი ამ ყველაფერს თავადვე აფასებს: „არ გვყავს მთავრობა სათანადო დონეზე.“
გენერალ ასლან აბაშიძის #23 – დაურ ქუთელიას სახლის ამბავი
დაურ ქუთელია მშენებელს უჩივის, ის ამბობს, რომ მისი სახლის მომიჯნავე ნაკვეთზე კორპუსის მშენებლობის დაწყების შემდეგ მისი სახლის კედლები დაიბზარა:
„ბავშვების ოთახში დიდი ბზარი გაჩნდა, ერთი შვილი და დედაჩემი სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად. ზემოდან ხშირად ცვიოდა სამშენებლო მასალები, ამის გამო ჩემი სახლის სახურავიც დაზიანდა. “
მშენებარე კორპუსის გვერდით დაბალი, წითელსახურავიანი სახლი ეკუთვნის დაურ ქუთელიასბზარი დაურ ქუთელიას სახლში
მისი მონათხრობით, მშენებელი ჰპირდებოდა, რომ ნებისმიერ ზიანს, რომელიც მისი მშენებლობის გამო მიადგებოდა, აუნაზღაურებდა, მოგვიანებით კი უარი უთხრა და გაუმხილა, რომ მშენებლობის ნებართვის მიღებას ელოდებოდა:
„არ უნდოდა მშენებლობა ვინმეს შეემეწმებინა, რადგან უნებართვოდ მიდიოდა სამუშაოები. როგორც კი ნებართვა მიიღო, სხვაგვარად დამიწყო საუბარი.“
ამის შემდეგ დაურ ქუთელიამ მიმართა ბათუმის მერიას – „საჩივარი შევიტანე“. სამუშაოები ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასაც შეუმოწმებია. როგორც დოკუმენტით ირკვევა, მშენებელი კომპანია უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 30 000 ლარით დაუჯარიმებიათ.
დაურ ქუთელიას სახლის ფანჯრიდან
დაურ ქუთელია ყველა იმ ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მის სახლს მიადგა. ამბობს, რომ ყველაფერი დათვლილია: „კომპანიამ ჯერ 7000, შემდეგ კი 16 000 ლარი შემომთავაზა, რომ არ ვიჩივლო, მაგრამ მე არ გავჩუმდები.“
მშენებელი კომპანიების პასუხი – „ ჩვენ ნებართვა გვაქვს მერიისგან“
აბუსერიძის ქუჩაზე დაურ ქუთელიას სახლის გვერდით მშენებელი კომპანიის მესაკუთრე ამბობს, რომ ოჯახთან მოლაპარაკება ჰქონდა, რომ მათ სახლს და ნაკვეთსაც აითვისებდა და აქ კიდევ ერთ კორპუსს ააშენებდა, თუმცა შესაბამისი ნებართვა ვერ მიიღო. ვაჟა კურცხალიძის თქმით, ის აღიარებს, რომ დაურ ქუთელიას ოჯახს თავისი მშენებლობის გამო ზიანი მიადგა:
„მერიის არქიტექტორისგან მქონდა დაპირება, რომ იქ ორ – ა და ბე კორპუსს ავაშენებდი, მაგრამ აღარ მომცეს ნებართვა. ამის შემდეგ შევთავაზე დაურ ქუთელიას ოჯახს, რომ ზიანს გამოვასწორებდი, თუმცა ის არ დაგვთანხმდა და 30 000 ლარი მოითხოვა, რაც არ გადავუხადე. სხვა მოლაპარაკებაც გვქონდა – იმ შემთხვევაში, თუ სახლის და ნაკვეთის სანაცვლოდ ჩემს კორპუსში გადავცემდი ფართობს – 600 კვ.მ.ს. სახლს და ნაკვეთს ავითვისებდი და იქ პარკინგს მოვაწყობდი, ასეთ შემთხვევაში ჩემს კორპუსზე კიდევ ორი სართულის დაშენების უფლებას მომცემდა მერია, მაგრამ ვერც ამაზე შევთანხმდით. როგორც ვიცი, სასამართლოს მიმართა, მე სასამართლოს გადაწყვეტილებას დავემორჩილები.“
აბუსერიძის ქუჩაზე კი მშენებლობას „რეალ მშენი“ აწარმოებს, კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.
ტერაბანკი ბიზნესკლიენტებს ახალ სატარიფო პაკეტებს სთავაზობს და მათ სხვადასხვა საბანკო პროდუქტის მოსახერხებელი, შეღავათიანი პირობებით მიღების საშუალებას აძლევს.
სულ ბიზნესკლიენტებისთვის 4 სატარიფო პაკეტი მოქმედებს. 3 მათგანი განსხვავებული ღირებულებისა და დანიშნულების საბანკო პროდუქტსა თუ მომსახურებას აერთიანებს და მათი გააქტიურება ნებისმიერი იურიდიული პირისთვისაა შესაძლებელი. 1 სატარიფო პაკეტი კი კონკრეტულად ბოლო წლის განმავლობაში დარეგისტრირებული სტარტეპებისთვისაა განკუთვნილი.
სატარიფო პაკეტი პრაქტიკულად ყველა ძირითად საბანკო პროდუქტს აერთიანებს. მისი გამოყენებისას ბიზნეკლიენტი მხოლოდ ფიქსირებულ, ყოველთვიურ თანხას იხდის და მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტით განსაკუთრებით შეღავათიან ფასად ან საერთოდ უფასოდ გარანტირებულად სარგებლობს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ბიზნესკლიენტებს კონკრეტულად მათზე მორგებული ინიციატივები შევთავაზოთ. ვფიქრობთ, ახალი სატარიფო პაკეტებით ტერაბანკის პროდუქტები მათთვის კიდევ უფრო მოსახერხებელი, კომფორტული და ხელმისაწვდომი გახდება“, – აცხადებენ ტერაბანკში.
სატარიფო პაკეტებით სარგებლობა ტერაბანკის როგორც არსებულ, ისე ახალ მომხმარებლებს შეუძლიათ.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00
2021 წლის ზაფხულში მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა 2 886-მა პრაქტიკოსმა მასწავლებელმა. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოცდაზე გასულმა ამდენმა მასწავლებელმა ვერ მოიპოვა 1 კრედიტიც კი. ზაფხულის გამოცდების შედეგები დღეს, 22 ოქტომბერს, გახდა ცნობილი.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზაფხულში მასწავლებლები ორ გამოცდას აბარებდნენ – საგნის გამოცდას და პროფესიულ უნარებს.
პრაქტიკოსთა კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო:
საგნის გამოცდაზე – 7327 მასწავლებელი.
უნარის გამოცდაზე – 5912 მასწავლებელი.
ცენტრის ინფორმაციით, საგნის გამოცდაზე გამოცხადდა 5 340 მასწავლებელი, აქედან ბარიერი ვერ გადალახა ნახევარზე მეტმა – 2886-მა მასწავლებელმა.
უნარის გამოცდაზე გამოცხადდა 4 137 მასწავლებელი და მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა (ვერ მოიპოვა 1 კრედიტი) ასევე ნახევარზე მეტმა – 2 365-მა მასწავლებელმა.
განათლების სამინისტრო ოთხი წელია, რაც პრაქტიკოს მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს დაადასტურონ პროფესიული კომპეტენცია. სამინისტრომ ამ წლების განმავლობაში რამდენჯერმე განაცხადა, რომ პრაქტიკოს მასწავლებლებს „ბოლო შანსს“ აძლევდა. პრაქტიკა კი აჩვენებს, რომ მასწავლებლების გარკვეული ჯგუფი, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ადასტურებს პროფესიულ კომპეტენციას, მაინც რჩება სასკოლო სისტემაში.
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ახალი სქემით სტატუსი „პრაქტიკოსი მასწავლებელი“ გაუქმებულია, თუმცა ნაწილი მაინც ვერ ახერხებს უფროსი მასწავლებლის სტატუსის მიღებას. ასეთი პედაგოგები სკოლაში უსტატუსოდ აგრძელებენ მუშაობას.
უსტატუსო მასწავლებლის სამუშაოდან გაშვების უფლება მხოლოდ სკოლის დირექტორს აქვს. თუმცა გარკვეულ საგნებში კადრების დეფიციტის გამო სკოლა უსტატუსო პედაგოგებთან შრომით ხელშეკრულებას არ წყვეტს.
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ – ამ სახელწოდებით ბათუმის მერიის და აჭარის მთავრობის ერთობლივი პროგრამა დღეს, 22 ოქტომბერს, არჩევნებამდე 8 დღით ადრე, თორნიკე რიჟვაძემ დააანონსა. მისი თქმით, 2022 წლიდან 4 წლის განმავლობაში ამ პროექტისთვის 80 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან დაიხარჯება.
„დღეის მდგომარეობით, ექსპერტიზის შედეგების გათვალისწინებით, ბათუმში გვაქვს ავარიული სტატუსის მქონე 140-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი. დაახლოებით 1400-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს ავარიულ პირობებში. ამიტომ ჩვენი გადაწყვეტილებით აჭარის მთავრობა მომავალ წელს 20 მილიონი ლარის ფარგლებში მოახდენს კონკრეტული მიზნობრივი ფინანსური დახმარების გაწევას და დაიწყება ავარიულ სახლებში მცხოვრები ოჯახების ეტაპობრივი დაკმაყოფილება… 4 წლის განმავლობაში დაიხარჯება 80 მილიონ ლარზე მეტი,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, 2025 წლის ჩათვლით სულ 3 ათასზე მეტი ოჯახის პრობლემა მოგვარდება, ვინც ავარიულ სახლში ცხოვრობს. თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა იმაზეც, რომ მომავალი 2 წლის განმავლობაში 10 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება იმ ოჯახებისთვის, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლებში ცხოვრობენ. ამ შემთხვევაში საუბარია სახლების რეაბილიტაციაზე.
თორნიკე რიჟვაძის თქმით, ავარიულ სახლებში მცხოვრებ 630 ოჯახს დღეიდან დააკმაყოფილებენ მერიისა და აჭარის მთავრობის საბინაო ფონდიდან. თუმცა ამავე ბრიფინგზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლელა სურმანიძემ განმარტა, რომ პროგრამა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს და ის მომავალი წლიდან დაიწყება.
დღევანდელ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს არ უხსენებიათ კონკრეტული სქემა, როგორ მოხდება ავარიულ სახლებში მცხოვრები ადამიანების დაკმაყოფილება, ან რაში დაიხარჯება 80 მილიონი ლარი, რაც ბიუჯეტიდან გამოიყოფა. თორნიკე რიჟვაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა ისიც, რომ ბიზნესის დასაინტერესებლად კონკრეტული პაკეტი უნდა მომზადდეს.
„კერძო სექტორს შევთავაზებთ კონკრეტულ პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს საჯარო და კერძო ინტერესების გათვალისწინებით ბიზნესის და სამშენებელო სექტორის მეტ ჩართულობას ამ პრობლემის გადაჭრაში, ეს მოიცავს რეგულაციების კუთხით სტიმულებს, ასევე ფინანსურ თავდებობას, რაც გულისხმობს კონკრეტული პროექტების სიცოცხლისუნარიანობას, ფინანსურ მდგრადობას და კერძო სექტორი ჩაერთვება ავარიული სახლების პროგრამის განხორციელების ნაწილში,“ – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.
რას აპირებს მერია უნებართვო და უკანონო მშენებლობების კუთხით, რომლის მსხვერპლი თავად მერის მოვალეობის შემსრულებელიც გახდა? – ჰკითხა „ბათუმელებმა“ ლელა სურმანიძეს.
„გეთანხმებით, რომ სანქციების გამკაცრება შეიძლება იყოს გამოსავალი და უფრო აქტიური მონიტორინგი,“ – აღნიშნა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, რომელიც დღევანდელ ბრიფინგს დაესწრო.
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 143 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, 22 ოქტომბრის მდგომარეობით, კლინიკაში მკურნალობს 488 ადამიანი, კოვიდსასტუმროშია – 237, ონლაინკლინიკაში – 977, ხოლო გამოჯანმრთელდა 120 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 4155 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში დისტანციურ სწავლებაზე 5 სკოლა რჩება. სამინისტროს განცხადებით, ხელვაჩაურის სკოლა, რომელიც კოვიდის გამოვლენის გამო დისტანციურ სწავლებაზე იყო გადასული, უკვე დაუბრუნდა საკლასო ოთახებში სწავლებას. 5 სკოლის გარდა დისტანციურად სწავლობს 109 კლასი.
„ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსი დაუდასტურდა სკოლაში დასაქმებული პერსონალის 0,68 და მოსწავლეების 0,45 პროცენტს. რეგიონში კვლავ გრძელდება ვაქცინაციის პროცესი. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 82 პროცენტი,“-ამბობს სამინისტრო.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კორონავირუსის გამო აჭარაში 6 ბაღი და 16 ცალკეული ჯგუფი დაიხურა.
22 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 4155 ახალი შემთხვევა დადასტურდა ქვეყანაში, გარდაიცვალა 40 პაციენტი.
სასწავლო პროცესის განახლების შემდეგ, მშობლების საფიქრალი და საზრუნავი გახდა- თუ რა შესთავაზონ დამატებით ბავშვებს? როგორ მიეხმარონ სწავლის პროცესს? მათი განვითარებისთვის და რეალიზებისთვის რა აქტივობებს მიმართონ? როგორ შეუქმნან უსაფრთხო გარემო?
კომფორტული პლატფორმა გაკვეთილების მოსამზადებლად!
ვინ თუ არა, მშობელმა უკეთ იცის, რომელ საგანში საჭიროებს ბავშვი დახმარებას. სილქნეტთან ერთად გეძლევათ შესაძლებლობა ძალიან მარტივად გადაჭრათ ეს პრობლემა. უკვე ათი წელია მშობლების და მოსწავლეების საუკეთესო დამხმარეა სასკოლო ვიდეო გაკვეთილების პლატფორმა „საშინაო სკოლა“, რომელიც ხელმისაწვდომია SilkTV-ის ეთერით ან ვებ გვერდით. ქართული ენა და ლიტერატურა, ასევე მათემატიკა, გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, ინგლისური ენა – ყველა ეს საგანი თანხვედრაშია ეროვნულ სასწავლო პროგრამასთან.
თითოეული ვიდეო 15-20 წუთი გრძელდება. მომხმარებელს მისაღებ დროს და მისაღები ფორმით (ტელე ეკრანით, ან ნებისმიერი მობილური მოწყობილობით) შეუძლია 1-12 კლასის ჩათვლით მოემზადოს სასურველ საგანში, გაიღრმაოს ცოდნა, გადაიმეოროს განვლილი მასალა.
მარტივი მენიუ პატარა ასაკის მსმენელსაც კი საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად, უფროსის ჩარევის გარეშე, ჩაირთოს ვიდეო–გაკვეთილი და ინდივიდუალურად მიიღოს ცოდნა. „საშინაო სკოლის“სწავლების ეს მეთოდი მოსწავლეს ერთ დღეში რამდენიმე საგნის სწრაფად მომზადებაში დაეხმარება. ასევე, მოტივირებული მოსწავლე შეძლებს ორ თვეში გადაიმეოროს მთელი საგანი.
„საშინაო სკოლას“ დამოუკიდებელი განყოფილების სახით ადვილად მიაგნებთ SilkTV-ის მენიუში თუ სილქნეტის აბონენტი ხართ. ტელევიზორის დაკავება თუ არ გსურთ ან არ ხართ კომპანიის მომხმარებელი, მისი ანალოგი ინტერნეტშიც არსებობს. მობილური ტელეფონით, პლანშეტით, ლეპტოპით შეგიძლიათ შვილთან ერთად ესტუმროთ ვებ გვერდს http://silkschool.ge/ . სერვისი არ საჭიროებს რეგისტრაციას, არის სრულიად უფასო და ინტეგრირებულია youtube-ზე. საიტს აქვს საძიებო სისტემა – თემის, კლასის, პედაგოგის მიხედვით ადვილად იპოვნით სასურველ მასალას, ასევე ფავორიტი საგნების დაკომპლექტებას შეძლებთ.
1-12 კლასის ჩათვლით სასკოლო საგნების პროგრამა შედგენილია კვალიფიციური პედაგოგების და სპეციალისტების მიერ. გაკვეთილებს უძღვებიან: გია მურღულია, ავთანდილ არაბული, ზაზა აბაშიძე, ია მებონია, თამარ ჯაფარიძე და სხვა მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომლებიც თავად არიან ამ პროგრამებისა და სასწავლო წიგნების ავტორები.
მოსწავლეს უცხო ენის ათვისებაში ხელს უწყობს ინგლისური ენის კურსი, რომელიც სასკოლო პროგრამის იდენტურია და ორიგინალი აუდიო მასალაც ერთვის, რომლის მოსმენა რამდენჯერმე შეეძლებათ – სკოლაში ამ შესაძლებლობას მოკლებულია მოსწავლე. ასევე, აბიტურიენტებს დაეხმარება საგანგებოდ შედგენილი უცხო ენის გრამატიკული კურსი.
National Geographic საქართველო – სამაგიდო ჟურნალი მთელი ოჯახისთვის!
ცოტაა საქართველოში ისეთი გამოცემები, რომლებიც ისტორიის, არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის, ეთნოგრაფიის, რელიგიათმცოდნეობის, ახალი ტექნოლოგიების, მედიცინის, ბიოლოგიის, ფიზიკის, ასტრონომიის, ასტროფიზიკის, გეოგრაფიის, მეტეოროლოგიის, კლიმატის, გეოლოგიის და არქიტექტურის სფეროში დაგროვილ ცოდნას ერთად უყრის თავს. ასეთი საერთაშორისო გამოცემა National Geographic გვეგულება.ჟურნალი 1888 წლიდან გამოდის და 36 ენაზე ავრცელებს ცოდნას. საქართველო რამდენიმე წელია შეუერთდა დიდ სამეცნიერო ოჯახს და კომპანია სილქნეტის მხარდაჭერით, ქართულ ენაზე გამოსცემს ყველა იმ უნიკალურ მასალას, რაც ხელმისაწვდომია 100-ზე მეტ ქვეყანაში. რედაქცია ზრუნავს, რომ საქართველოშიც მომზადდეს პროექტები, რომლითაც მსოფლიოს დააინტერესებს, ატარებს ფოტო კონკურსებს, იწვევს ავტორებს, რომლებიც აკადემიურ ცოდნაზე დაფუძნებულ მასალებს ქმნიან.
ეს არის ჟურნალი მთელი ოჯახისთვის, მით უფრო მოზარდებისთვის და სტუდენტებისთვის, რომლებიც ყველაზე ხშირად დაეძებენ საინტერესო მასალებს, მხოლოდ ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას ანიჭებენ უპირატესობას, მზად არიან თვალსაწიერი გაიფართოონ, ახალი სფეროები და ინტერესები აღმოაჩინონ. მთელი წლით ქართულიNational Geographic გამოწერა შესაძლებელია რედაქციის ვებ გვერდიდან. თუ გაგიმართლათ და სილქნეტის მომხმარებელი ხართ, მნიშვნელოვან ფასდაკლებას მიიღებთ. ცხელი ხაზის 2100-100 მეშვეობით მარტივად მოხვდებით ჟურნალის გამომწერთა ბაზაში და ყოველთვიურად, საქართველოს მასშტაბით, თქვენთვის სასურველ მისამართზე რედაქცია გამოგიგზავნით მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე დაბეჭდილ, შემეცნებითი და ფოტო მასალით უხვად აღჭურვილ, ახალ-ახალ ნომრებს.
იმისათვის, რომ თავი დაიმკვიდროს თანატოლებში, დაიკმაყოფილოს ცნობისმოყვარეობა, ჰქონდეს ზღვა შესაძლებლობა, თან უსაფრთხო და პროგნოზირებადი იყოს ბავშვის წვდომა გლობალურ ქსელთან, საუკეთესო საშუალებაა ინტერნეტზე კონტროლი. კონტროლი კარგი გაგებით და რა თქმა უნდა ბავშვთან შეთანხმებით! არსებობს აპლიკაცია „ინტერნეტ მშობელი“, რომელიც სილქნეტმა საკუთარი მომხმარებლებისთვის შექმნა.
მისი დახმარებით მშობელი შეძლებს გააკონტროლოს შვილების ინტერნეტ მოხმარება, დაბლოკოს არასასურველი ვებ – გვერდები, აპლიკაციები, გამოიყენოს დროის შეზღუდვის ფუნქცია, რეალურ დროში მიიღოს ინფორმაცია შვილის ადგილსამყოფელის შესახებ. თქვენი შვილის კიბერბულინგისგან დასაცავად აპლიკაციის ჭკვიანი სისტემა განახორციელებს სოციალური მედიისა და Chat – ების ანალიზს. მუდამ გეცოდინებათ თუ რას ეძებს თქვენი შვილი მთავარ საძიებო სისტემებში, ავტომატურად მიიღებთ შეტყობინებას, თუ მის მიმართ საფრთხის შემცველი სიტყვები გამოიყენეს „ჩატში“ (messenger; Whatsapp; Viber).
„ინტერნეტ მშობლის“ გასააქტიურებლად პირველ რიგში ეწვიეთ პორტალს mysilknet.com , შექმენით ანგარიში. თუ უკვე დარეგისტრირებული ხართ, გაიაქტიურეთ დამატებითი სერვისებიდან ეს აპლიკაცია და გადმოწერეთ მოწყობილობებზე.
აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 22 ოქტომბრის 21 საათიდან 23 ოქტომბრის 21 საათამდე მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 15 – 20 გრადუსი
ღამით: 7 – 12 გრადუსი
მაღალ მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 8-13 გრადუსი
ღამით: 0-5 გრადუსი
სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 24 ოქტომბერს მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, მომდევნო 2 დღეს კი – დროგამოშვებით წვიმა.