მთავარი,სიახლეები

ბათუმში მერვეკლასელზე თანატოლებისგან შესაძლო ძალადობის ფაქტზე მშობლები გამოკითხეს

25.10.2021 • 8342
ბათუმში მერვეკლასელზე თანატოლებისგან შესაძლო ძალადობის ფაქტზე მშობლები გამოკითხეს

„მშობლებმა მიმართეს პოლიციას,“ – ამბობს იმ სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლეებს შორის ძალადობის ამსახველი ვიდეო ტიკ-ტოკში გავრცელდა.

ბათუმში ერთ-ერთი საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა იჩხუბეს. ვიდეოს მიხედვით, არასრულწლოვანი გოგოები თანატოლს ფიზიკური ძალადობით ემუქრებიან, თუკი უცენზურო სიტყვებს არ გაიმეორებს საკუთარი თავის მიმართ.

შემთხვევა სავარაუდოდ ქალაქის ერთ-ერთ რესტორანში მოხდა და მოძალადეები სავარუდოდ თავადვე იღებდნენ ვიდეოს.

სკოლის დირექტორი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ეს შემთხვევა სავარაუდოდ გასული კვირის ოთხშაბათს ან ხუთშაბათს მოხდა, ხოლო ფაქტის შესახებ სკოლის ადმინისტრაციამ გუშინ საღამოს შეიტყო.

„დავადგინეთ, რომ მშობლებმა იცოდნენ უკვე ამ ჩანაწერის შესახებ და პარასკევს მიმართეს პოლიციას. ისინი იყვნენ პოლიციაში გამოკითხვაზე. შემთხვევა არ მომხდარა სკოლაში და სკოლის საათებში,“ – ამბობს სკოლის დირექტორი.

კონფლიქტში ჩართული იყვნენ სხვა სკოლის მოსწავლეებიც. ამ დროისთვის არასრულწლოვნებთან მანდატურის ფსიქო-სოციალური სამსახური მუშაობს.

„დაველოდებით გამოძიებას,“  – გვითხრეს აჭარის განათლების სამინისტროში მოსწავლეებს შორის კონფლიქტზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით.

„დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვნების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებთან და სოცმუშაკთან ერთად ჩატარდა,“ – მოგვწერეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: