მთავარი,სიახლეები

კედელი ფანჯარასთან – ცხოვრება პატარა სახლებში მშენებარე კორპუსების გვერდით

22.10.2021 • 1741
კედელი ფანჯარასთან – ცხოვრება პატარა სახლებში მშენებარე კორპუსების გვერდით

„ახლა უფრო გვეშინია, მას შემდეგ, რაც ბათუმში ის საშინელი ამბავი მოხდა. გვეშინია, კედლები თავზე არ ჩამოგვენგრეს, მოსვენება დავკარგეთ.“ – გვიყვება ჟუჟუნა კაკაბაძე და სახლის კედლებზე გაჩენილ ბზარებს გვაჩვენებს, რომლებსაც ზოგან სქელი, წებოვანი ლენტი ფარავს:

„ჰაერი შემოდის და …“ – უხერხული ღიმილით გვიხსნის ბზარების წებოვანი ლენტით დაფარვის მიზეზს.

ორსართულიანი სახლის თითქმის ყველა ოთახში ბზარები ექვსი წლის წინ გაჩენილა, მას შემდეგ, რაც მომიჯნავე ნაკვეთზე მშენებელმა ბელეტაჟი დაანგრია და მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა დაიწყო. ეს სახლი ბათუმში, აბუსერიძის #51ა-ში მდებარეობს. აქ მცხოვრებლების პრობლემები ყველა იმ სახლის მესაკუთრის პრობლემების იდენტურია, რომლებთანაც მშენებლობა დაიწყეს, დაასრულეს ან  დაიწყეს და მიატოვეს.

აბუსერიძის #51 – ბზარები ღრმავდება

ბზარები თანდათან გაღრმავდა, იმატა რაოდენობამაც, მათი სიღრმე რომ გვაჩვენოს, სახლის მეპატრონე ბზარებს ხელით ზომავს, ზოგ ბზარში მისი ხელი თავისუფლად შედის, ზოგიერთი კი შედარებით უფრო ვიწროა. გვიყვება, რომ „ასეა დიდი ხანია,“ მაგრამ  ბათუმის ტრაგედიის შემდეგ, მიმდინარე მშენებლობებთან ახლოს, მომიჯნავე ნაკვეთებზე მრავალბინიანი კორპუსების გაჩენის გამო ერთსართულიან ბელეტაჟებსა და ორსართულიან სახლებში მცხოვრებლებმა სიმშივიდე დაკარდეს, განსაკუთრებით კი მათ, ვის სახლებშიც ბზარები გაჩნდა და თანდათან გაღრმავდა.

ოთარ ბეჟანიძე გვაჩვენებს დაბზარულ გარე ფასადს.

ბათუმი, აბუსერიძის ქუჩა #51ა

სახლის მესაკუთრე  ოთარ ბეჟანიძე გვიყვება, რომ ეშინია ერთ დღესაც სახლი არ ჩამოინგრეს. ყველა სხვა პრობლემას ემატება ისიც, რომ მისი სახლის გვერდით დაუსრულებელ კორპუსში წვიმის დროს წყალი გროვდება, ამიტომაც  მისი სახლის ერთ მხარეს კარგ ამინდშიც წვიმს. ასეთი ვითარება იყო ადგილზე ჩვენი იქ ყოფნის დროსაც, თითქოს ერთი მხრიდან წვიმდა.

ოთარ ბეჟანიძის თქმით,  კომპანია „რეალ მშენს“, რომელიც მათი სახლის მომიჯნავედ მრავალბინიან კორპუსს აშენებს, „ბევრი სამშენებლო ობიექტი აქვს ქალაქში აღებული“ და ამის გამო მშენებლობა მათ მეზობლად დიდი ხანია გაჩერებულია:

„ ექვსი წელი გავიდა და ჯერ არ დასრულებულა მშენებლობა.“

მითითებული ბზარის გარდა ქვემოთ წებოვანი ლენტი ფარავს ბზარებს 

ჟუჟუნა კაკაბაძემ გვითხრა ისიც, რომ კომპანია მათ ტერიტორიაზეც შეიჭრა: „პროექტი ასე გვაქვს გაკეთებული, შეიძლება შემოვიჭრათ თქვენს ტერტორიაზე, მაგრამ მერე აგინაზღაურებთო. როდის უნდა აგვინაზღაურონ, არ ვიცი. სახურავიც დაგვიზიანეს, მაგრამ მაგაზე ვერაფერს ვიტყვი, შეგვიკეთეს.“

ოთარ ბეჟანიძის თქმით, ამ საკითხზე მერიას ბევრჯერ მიმართა, თუმცა უშედეგოდ: „ რა მიპასუხეს?  -არაფერი“.

ჟუჟუნა კაკაბაძე: „ამ ფანჯრიდან ღია სივრცე ჩანდა, მოშორებით კი მეზობლის სახლი, რომელიც დაანგრიეს

ოთარ ბეჟანიძე გვიყვება, რომ ცოტა ხნის წინ მშენებარე კორპუსიდან ქვა ჩამოვარდა და მისი ოჯახის წევრს, ჟუჟუნა კაკაბაძეს დაეცა თავზე:

„პოლიცია გამოვიძახეთ და ბათუმის მუნიციპალური ინსპექციაც იყო მოსული. ძალიან ზერელე დამოკიდებულებები გამოიჩინეს, პასუხი არაფერი გვაქვს. “

გვირაბი სახლთან მომიჯნავე ნაკვეთზე მშენებლობის დაწყების შემდეგ გაჩნდა

თავის დროზე ეს უბნებიც ხომ კანონით აშენდა?

ნაზი კურცხალიძე გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ორსართულიან სახლში ცხოვრობს, მომიჯნავე ნაკვეთზე დაწყებული მშენებლობის გამო მის სახლს ბზარები არ გასჩენია, თუმცა მკვეთრად შეიცვალა მისი საცხოვრებელი გარემო. მას შემდეგ, რაც სახლის გვერდით კორპუსის მშენებლობა დაიწყო, ეზოში გადაადგილება უსაფრთხო აღარ არის, სახლის ერთ მხარეს, ფანჯრების გასწვრივ, დიდი, მაღალი კედელი,  ეზოში კი ბეტონის გვირაბი გაჩნდა, სახლის ნათელი მხარე ჩაბნელდა და ნესტის სუნიც უფრო გამძაფრდა.

„ბავშვებს გარეთ ვეღარ ვუშვებ. ორ შვილიშვილს ვზრდი. ეზო გვაქვს, მაგრამ ბავშვების გამოშვება არ შემიძლია, მეშინია რამე არ ჩამოვარდეს, ქვა არ დაეცეთ“.

ნაზი კურცხალიძე საკუთარი სახლის ფანჯარასთან: „საიდანაც ადრე მზის სხივები ათბობდა სახლს, ახლა კედელია“

ნაზი კურცხალიძეს მერიასთან კითხვები აქვს. მას აინტერესებს:

  • როგორ დაუშვა მერიამ, რომ დაბალსართულიან განაშენიანებაში მაღალი კორპუსები გააჩინა, თავის დროზე ეს უბნებიც ხომ კანონით აშენდა?
  • როგორ შეიძლებოდა გადაწყვეტილების მიმღებს უკვე განაშენიანებული უბნების რღვევის შესაძლებლობა დაეშვა?

„მშენებელს რა ვუთხრა, მშენებელმა რა ქნას, ვინც მისცა ნებართვა აშენების, ისაა დამნაშავე. მისცეს ნებართვა და ააშენა, მე რომ ვიყო, მეც ავაშენებდი. ასე, საზღვარზე ამხელა კედელი არ უნდა იყოს, წარმოიდგინეთ ერთი წუთით ჩემს ადგილას საკუთარი თავი, ვართ შიშის და პრობლემების ქვეშ. “ – გვიყვება ნაზი კურცხალიძე, ბოლოს კი ამ ყველაფერს  თავადვე აფასებს: „არ გვყავს მთავრობა სათანადო დონეზე.“

გენერალ ასლან აბაშიძის #23 – დაურ ქუთელიას სახლის ამბავი

დაურ ქუთელია მშენებელს უჩივის, ის ამბობს, რომ მისი სახლის მომიჯნავე ნაკვეთზე კორპუსის მშენებლობის დაწყების შემდეგ მისი სახლის კედლები  დაიბზარა:

„ბავშვების ოთახში დიდი ბზარი გაჩნდა, ერთი შვილი და დედაჩემი სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად. ზემოდან ხშირად ცვიოდა სამშენებლო მასალები, ამის გამო ჩემი სახლის სახურავიც დაზიანდა. “

მშენებარე კორპუსის გვერდით დაბალი, წითელსახურავიანი სახლი ეკუთვნის დაურ ქუთელიას

ბზარი დაურ ქუთელიას სახლში

მისი მონათხრობით, მშენებელი ჰპირდებოდა, რომ ნებისმიერ ზიანს, რომელიც მისი მშენებლობის გამო  მიადგებოდა,  აუნაზღაურებდა, მოგვიანებით კი უარი უთხრა და გაუმხილა, რომ მშენებლობის ნებართვის მიღებას ელოდებოდა:

„არ უნდოდა მშენებლობა ვინმეს შეემეწმებინა, რადგან უნებართვოდ მიდიოდა სამუშაოები. როგორც კი ნებართვა მიიღო, სხვაგვარად დამიწყო საუბარი.“

ამის შემდეგ დაურ ქუთელიამ მიმართა ბათუმის მერიას – „საჩივარი შევიტანე“. სამუშაოები ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციასაც შეუმოწმებია. როგორც დოკუმენტით ირკვევა, მშენებელი კომპანია  უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო  30 000 ლარით დაუჯარიმებიათ.

დაურ ქუთელიას სახლის ფანჯრიდან

დაურ ქუთელია ყველა იმ ზიანის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მის სახლს მიადგა. ამბობს, რომ ყველაფერი დათვლილია: „კომპანიამ  ჯერ 7000, შემდეგ კი  16 000 ლარი შემომთავაზა, რომ არ ვიჩივლო, მაგრამ მე არ გავჩუმდები.“

მშენებელი კომპანიების პასუხი –  „ ჩვენ ნებართვა გვაქვს მერიისგან“

აბუსერიძის ქუჩაზე დაურ ქუთელიას სახლის გვერდით მშენებელი კომპანიის მესაკუთრე ამბობს, რომ ოჯახთან მოლაპარაკება ჰქონდა, რომ მათ სახლს და ნაკვეთსაც აითვისებდა და აქ კიდევ ერთ კორპუსს ააშენებდა, თუმცა შესაბამისი ნებართვა ვერ მიიღო. ვაჟა კურცხალიძის თქმით, ის აღიარებს, რომ დაურ ქუთელიას ოჯახს თავისი  მშენებლობის გამო ზიანი მიადგა:

„მერიის არქიტექტორისგან მქონდა დაპირება, რომ იქ ორ – ა და ბე კორპუსს ავაშენებდი, მაგრამ აღარ მომცეს ნებართვა. ამის შემდეგ შევთავაზე დაურ ქუთელიას ოჯახს, რომ ზიანს გამოვასწორებდი, თუმცა  ის არ დაგვთანხმდა და 30 000 ლარი მოითხოვა, რაც არ გადავუხადე. სხვა მოლაპარაკებაც გვქონდა – იმ შემთხვევაში, თუ სახლის და ნაკვეთის სანაცვლოდ ჩემს კორპუსში გადავცემდი ფართობს – 600 კვ.მ.ს.  სახლს და ნაკვეთს ავითვისებდი და იქ პარკინგს მოვაწყობდი,  ასეთ შემთხვევაში ჩემს კორპუსზე კიდევ ორი სართულის დაშენების უფლებას მომცემდა მერია, მაგრამ ვერც ამაზე შევთანხმდით. როგორც ვიცი, სასამართლოს მიმართა, მე სასამართლოს გადაწყვეტილებას დავემორჩილები.“

აბუსერიძის ქუჩაზე კი მშენებლობას „რეალ მშენი“ აწარმოებს, კომპანიასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი