მთავარი,სიახლეები

რატომ მივიდა 1000 ვაკანსიაზე 450 ადამიანი – დასაქმება ქართულად

24.06.2021 • 9699
რატომ მივიდა 1000 ვაკანსიაზე 450 ადამიანი – დასაქმება ქართულად

„დასაქმებული მქვია. ჩემი ხელფასი მხოლოდ 400 ლარია. წლებია მრეცხავად ვმუშაობ. პანდემიის დროს უმუშევარი დავრჩი. ადრე ყოველ მეორე დღეს ვისვენებდი და ხელფასი 400 ლარი მქონდა. ახლა ყოველდღე ვმუშაობ, ხელფასი იგივეა. ბიზნესსაც გაუჭირდა,“ – გვიყვება ბათუმში მცხოვრები დარიკო ბასილაძე. ის დასაქმების ფორუმში მონაწილეობდა, მაგრამ მისთვის ხელსაყრელი არაფერი გამოჩნდა.

ბათუმში 15 ივნისს დასაქმების ფორუმი მოეწყო. ფორუმში სულ 65 კომპანია მონაწილეობდა. კომპანიებმა 243 ვაკანსია წარმოადგინეს და 1008 სამუშაო ადგილი. სამსახურის მაძიებლად 1008 სამუშაო ადგილზე 450 პირი დარეგისტრირდა სამუშაოს მაძიებლად. 24 ივნისის მონაცემებით, ამ 450 ადამიანიდან დაახლოებით ნახევარი დასაქმდა. აჭარის დასაქმების სააგენტოში ჯერ შედეგებზე ზუსტი მონაცემი არ აქვთ.

„თუკი უმუშევრობაა მთავარი პრობლემა, მაშინ მინიმუმ ეს ადამიანები ფორუმზე უნდა მოსულიყვნენ, გასაუბრებოდნენ დამსაქმებლებს. ინფორმაცია გავავრცელეთ, ვაკანსიები იყო თითქმის ყველა სეგმენტზე,“ – გვითხრა აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ კახიძემ. მისთვის გაუგებარია, რატომ შეიძლება სამუშაოს მაძიებელთა რაოდენობა ყოფილიყო ბევრად მცირე, ვიდრე გამოცხადებული ვაკანსია.

დასაქმების სააგენტოს ინფორმაციით, ვაკანსია არსებობს როგორც დაბალანაზღაურებად პროფესიებზე, ასევე, მაგალითად, მენეჯერის პოზიციებზე, სადაც საშუალო ხელფასი 2 ათასი ლარია.

„ბათუმელები“ რამდენიმე ადამიანს ესაუბრა, ვისაც დასაქმება სურს და ფორუმში მონაწილეობდა. თუკი ამ ადამიანებს მოუსმენთ, გასაგები ხდება, რატომ შეიძლება აღემატებოდეს ვაკანსია დასაქმების მსურველთა რაოდენობას. რატომ შეიძლება არ მიდიოდნენ ადამიანები დასაქმების ფორუმზე ქვეყანაში, სადაც გერმანიაში გამოცხადებულ 500 ვაკანსიაზე განაცხადი 86 395-მა ადამიანმა შეავსო. 

„უმუშევრობას ჯობია და ესაა, თორემ რაა 400 ლარი? უყურებთ მაღაზიებში რა ფასებია?“ – კითხულობს დარიკო ბასილაძე. მისი თქმით, ფორუმში მონაწილეობის შემდეგ მან ახალი შეთავაზება მიიღო ისევ მრეცხავის პოზიციაზე, მაგრამ უარი თქვა.

„ისევ 400 ლარი მითხრეს, ახლა სადაც ვმუშაობ, ის ჩემს სახლთან ახლოსაა. ერთმა მითხრა ცოტა მეტი, მაგრამ მგზავრობის ხარჯი ხომ მექნება? – შორია ჩემგან. პანდემიის დროს სულ უმუშევარი ვიყავი… არ ვიცი, როგორ გადავრჩით, როგორ მოვედით აქამდე. ჩემი ქმარი მუშაობს სანდასუფთავებაში და ესაა. პანდემიამდე სასტუმროში ორი ქალი ვიყავით მრეცხავი და დღეჩაგდებით გვიწევდა, პანდემიის მერე გაიხსნა სასტუმრო, მაგრამ მესაკუთრემ მითხრა, ორ მრეცხავს ვეღარ გადავუხდი ხელფასსო,“ – დაასრულა დარიკო ბასილაძემ.

„ფორუმზე ვიყავი და კომპანიის წარმომადგენლებთან გასაუბრების შემდეგ 6 მათგანს დავუტოვე ჩემი CV. დამიკავშრიდნენ კი, მაგრამ ძირითადად ხელფასი 500 ლარია,“ – ამბობს ნინო ნაკაშიძე. ისიც მონაწილეობდა ბათუმის დასაქმების ფორუმში.

ნინო ნაკაშიძე პროფესიით ბიზნესის ადმინისტრატორია და სამუშაო გამოცდილებაც აქვს. სულ რამდენიმე კვირაა, რაც უმუშევარია და ახალ სამსახურს ეძებს.

„მაგალითად, შემომთავაზეს მარკეტში მუშაობა სამ დღეში ერთხელ 24 საათი… ველოდები, იქნებ სხვები დამიკავშირდნენ. ვმუშაობდი „მაკდონალდსში“ მოლარედ, კონტროლიორად სამქარგველო ფაბრიკაში, ბოლოს ბანკში ვმუშაობდი განვადების ოფიცრად, შემდეგ კი, ოპერატორად, მაქვს ბუღალტერიის კურსიც გავლილი,“ –  წინა სამუშაო ადგილებიც ჩამოგვითვალა ნინო ნაკაშიძე.

დასაქმების ფორუმიდან დასაქმდა ინეზა რიჟვაძე – მისი ხელფასი 300 ლარი იქნება.

„იყო შედარებით მაღალი ხელფასებიც, მაგრამ ყველა ითხოვს გამოცდილებას. მე გამოცდილება ჯერჯერობით არ მაქვს. ამიტომაც, მირჩევნია რაღაც ეტაპზე ამ ხელფასზე ვიმუშაო,“ – გვითხრა ინეზა რიჟვაძემ. ის „მედცენტრში“ იმუშავებს კოორდინატორად ყოველ სამუშაო დღეს დილის 9-დან საღამოს 5-მდე.

მნიშვნელოვანი დეტალი: ინეზამ ტურიზმის ფაკულტეტი დაამთავრა და დასაქმება სამედიცინო სფეროში მოუწია. რატომ ხდება ასე? – ესეც ვკითხეთ დასაქმებულს და თან ფორუმის ოფიციალური მაჩვენებელი ვუხსენეთ, როცა ვაკანსია ბევრად მეტია, ვიდრე დასაქმების მსურველი.

„ძირითადად ასეთ სამსახურს თუ ნახავ, ესაა, თორემ ისე, როგორც ამბობენ, ყველგან ახლობელია საჭირო. არ მჯერა, რომ ფორუმით შეიძლება კარგი სამსახურის პოვნა,“ – მიიჩნევს ინეზა რიჟვაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: