მთავარი,სიახლეები

„ზეწოლა ხდება ექიმებზე“ – ყოფილი ომბუდსმენი სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანაზე

25.10.2021 • 1852
„ზეწოლა ხდება ექიმებზე“ – ყოფილი ომბუდსმენი სააკაშვილის ციხის კლინიკაში გადაყვანაზე

„ზეწოლა ხდება სამედიცინო პერსონალზე,“ – ასე აფასებს სააკაშვილის სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანაზე მაღალჩინოსნების უარს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი. მისივე ინფორმაციით, დღემდე ასეულობით პატიმარია გადაყვანილი სამოქალაქო სამკურნალო სექტორში, როცა ციხის საავადმყოფოში მათი სრულფასოვანი მკურნალობა შეუძლებელია.

კონსილიუმმა, რომელმაც უკვე 25 -ე დღეს მოშიმშილე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეისწავლა, კონკრეტული დასკვნა დადო, თუ რა სამედიცინო აღჭურვილობა სჭირდება სააკაშვილს. სახალხო დამცველის შეფასებით, ციხის საავადმყოფოს არ აქვს შესაბამისი სამედიცინო ინფრასტრუქტურა.

ამ საკითხზე საუბრის დროს ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი პენიტენციური დაწესებულების პრაქტიკაზე ამახვილებს ყურადღებას, როცა ასეულობით პატიმარი გადაჰყავთ კერძო კლინიკაში.

„ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა უჩა ნანუაშვილს, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორს და ყოფილ სახალხო დამცველს.

  • ბატონო უჩა, თქვენი აზრით, რასთან გვაქვს საქმე, როცა კონსილიუმის დასკვნით, რა სამედიცინო აღჭურვილობაც სჭირდება პატიმარ სააკაშვილს, ციხის საავადმყოფოში არ არის, ხოლო იუსტიციის მინისტრი და პრემიერი აცხადებენ, რომ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ? 

როდესაც პოლიტიკური თანამდებობის პირები საუბრობენ მსგავს ვითარებაში სამედიცინო თემებზე, ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს გარკვეული პოლიტიკური მოტივაცია. მსგავს სიტუაციაში მხოლოდ სამედიცინო პერსონალი უნდა საუბრობდეს და იღებდეს გადაწყვეტილებებს. ექიმები უნდა ამბობდნენ, რა სჭირდება პატიმარს და სად.

მაღალი თანამდებობის პირების ეს განცხადებები ხელს უწყობს იმას, რომ რეალური დახმარება არ გაუწიონ პატიმარს. ზეწოლა ხდება სამედიცინო პერსონალზე, ისევე, როგორც გამოძიებაზე, როცა წინასწარ აკეთებენ განცხადებებს.

  • რამდენად ხშირია პრაქტიკა, როცა პატიმარი სამკურნალოდ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავთ? 

ასეულობით შემთხვევა იყო ასეთი. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი სახალხო დამცველად მუშაობის დროს, ეს იყო რეკომენდაცია, რომელიც სრულდებოდა. ამით ერთგვარად ამაყობდა პენიტენციური სისტემა, რომ ბრალდებული ან მსჯავრდებული გადაჰყავდათ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში: ყველა ვთანხმდებით, რომ პენიტენციური სისტემის საავადმყოფოს არ აქვს ის რესურსი, რაც სამოქალაქო სექტორის კლინიკებს.

მანამდე, წინა წლებში, ცნობილი იყო, როცა უკიდურესად მძიმე სიტუაციაში გადაჰყავდათ პაციენტები სამოქალაქო სექტორის კლინიკებში და  ერთგვარი ტერმინიც გაჩნდა „სიკვდილის ექსპორტი“, როცა გარდაცვალება დგებოდა საავადმყოფოში და არა ციხეში. შემდეგ, წლების განმავლობაში, ეს პრაქტიკა შეიცვალა და საუბარი იმაზეც კი იყო, რომ მთლიანად ჯანდაცვის სისტემა გასულიყო პენიტენციური სისტემიდან.

შემიძლია გავიხსენოთ გახმაურებული საქმეები, როცა ასევე ჯანმრთელობის მცირე პრობლემების დროსაც კი, გაჰყავდათ პატიმარი კლინიკაში, მაგალითად, ვანო მერაბიშვილი. ის რამდენჯერმე გაიყვანეს სამოქალაქო სექტორის კლინიკაში, რომ არ გაჩენილიყო კითხვის ნიშნები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

  • ადვოკატებმა გვითხრეს, რომ იმ შემთხვევებშიც კი, როცა შესაძლოა ციხის საავადმყოფოს აქვს შესაბამისი სამედიცინო სერვისი, მაგრამ პატიმრები საკუთარი ხარჯით ირჩევენ სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობას, დღემდე არსებული პრაქტიკით, ამ მოთხოვნებს ციხის ადმინისტრაცია აკმაყოფილებს. 

დიახ, ასეულობით ასეთი შემთხვევა იყო. მე არ მახსენდება ვინმეს მოემართოს, რომ აი, მისწერა პატიმარმა დაწესებულების ადმინისტრაციას და საკუთარი ხარჯით მოითხოვა სამოქალაქო სექტორის კლინიკაში სამკურნალოდ წასვლა და უარი უთხრეს… სააკაშვილის შემთხვევაში ჩანს, რომ პოლიტიკური მოტივებით ხელმძღვანელობს ხელისუფლება. სხვა მხრივ, პრემიერის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, სად უმკურნალებენ სააკაშვილს და როგორ. მსგავსი განცხადებები ნიშნავს იმას, რომ არსებობს პოლიტიკური მოწინააღმდეგის განეიტრალების ინტერესი.

უჩა ნანუაშვილი

  • ცნობილია, რომ ღარიბაშვილის მთავარი გზავნილი ხელისუფლებაში ყოფნის მე-9 წლისთავზეც იგივეა: „დავასრულოთ ნაცმოძრაობა“. ახლა რამდენად რეალურია ფიზიკურად პოლიტიკური ოპონენტის განადგურების რისკი? 

არ ვიცი, ეს რამდენად რეალურია. თუმცა ის, რომ ხელისუფლება იყენებს ამ სიტუაციას საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაგროვებლად და ცდილობს პოლიტიკური ოპოზიციის განეიტრალებას, ფაქტია… რეალურად მხოლოდ სამედიცინო პერსონალი უნდა აკეთებდეს განცხადებას კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე.

  • „გამორიცხულია სააკაშვილის გადაყვანა სამოქალაქო საავადმყოფოში“ – როცა ამას ამბობს პრემიერი, არსებობს ალბათობა, რომ პენიტენციური სამსახურის ექიმებმა პროფესიული ვალდებულებების დაცვა შეძლონ? 

ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ზუსტად სამედიცინო პერსონალის გადაწყვეტილებაა. მათ დაუყოვნებლივ უნდა გააკეთონ განცხადება… ახლა არსებობს რისკი, რომ რეალურად სააკაშვილმა ვერ მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

დანარჩენი მშვიდ გარემოში შეფასების საგანია. იმდენად რთული მდგომარეობაა, რომ გამიჭირდება ახლა სხვა შეფასება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: