მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

ძუძუს კიბო ახალგაზრდა ქალებშიც გახშირდა – ვინ არიან რისკჯგუფში და როგორია სიმპტომები

24.10.2021 •
ძუძუს კიბო ახალგაზრდა ქალებშიც გახშირდა – ვინ არიან რისკჯგუფში და როგორია სიმპტომები

ძუძუს კიბო ახლა კიბოს ყველაზე გავრცელებული ფორმაა მსოფლიოში. კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, ძუძუს კიბომ უკვე გადაუსწრო ფილტვის კიბოს, როგორც მსოფლიოში ყველაზე ხშირად დადასტურებულმა სიმსივნემ. ონკოქირურგი, მამოლოგი მზია ხალვაში ამბობს, რომ ძუძუს კიბოს რისკჯგუფი გაახალგაზრდავდა და შესაძლოა უახლოეს მომავალში სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში ბენეფიციართა ასაკთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანაც გახდეს საჭირო.

  • ქალბატონო მზია, ვინ არიან რისკისჯგუფში?

დაავადება ყველაზე ხშირად 40-70 წლის ქალებში ვითარდება, მაგრამ ბოლო წლებში აღინიშნება დაავადების გაახალგაზრდავების ტენდენცია. იყო შემთხვევები, როცა 30 წლამდე პაციენტებშიც დაფიქსირდა სიმსივნის არსებობა, 30-დან 40 წლამდე ასაკშიც საკმაოდ გაიზარდა შემთხვევები. აქედან გამომდინარე, შესაძლოა მოვიდეს პერიოდი, როცა უნდა გადაიხედოს ეს პროგრამები – შესაძლოა, საჭირო გახდეს რისკის ჯგუფის ასაკის დაწევა. მაგრამ ამ ეტაპისთვის ქალებს მოვუწოდებ დროულად მომართონ სპეციალისტს სიმპტომების არ არსებობის და მით უმეტეს არსებობის შემთხვევაში, მათ შორის 30 წლამდე ქალებსაც. ის, რომ პროგრამა 40 წლის ასაკიდან ქალების სკრინინგს ითვალისწინებს, არ ნიშნავს, რომ არ უნდა მიმართონ სამედიცინო ცენტრებს უფრო ახალგაზრდებმაც. 30 წლამდე ქალებმა სულ ცოტა ულტრაბგერითი კვლევა უნდა ჩაიტარონ და 30-40 წლამდე ქალებმა ულტრაბგერითთან ერთად მამოგრაფიაც, პრევენციის სახით ორ წელიწადში ერთხელ.

კიბოსწინა დაავადებების არსებობა შესაძლოა 30 წლამდე პაციენტებშიც დაფიქსირდეს და ხანგრძლივი ტარების შემთხვევაში შეიძლება გაავთვისებიანების რისკიც დადგეს. ამიტომ კლინიკური დაკვირვებით  მიმაჩნია, რომ 30 წლამდე ქალების შემთხვევაშიც (20 წლამდე მოზარდებშიც ყოფილა გარკვეული პრობლემები ამ მხრივ – გამონადენი დვრილიდან ან წარმონაქმნი ძუძუში), პრევენციის მიზნით, ორ წელიწადში ერთხელ მაინც ჩატარდეს ულტრაბგერითი კვლევა. ამით დეტალურად შეისწავლება ძუძუს შიდა მდგომარეობა – სადინარების, ლიმფური კვანძების და ძუძუს სტრუქტურული მდგომარეობა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გენეტიკურ წინასწარ განწყობას. თუ ქალის წინაპრებში დეიდა, ბებია, ახლო ნათესავი იყო დაავადებული ამ დაავადებით, მნიშვნელოვანია, რომ მან ჩაიტაროს გამოკვლევა. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მასაც ექნება – ეს რისკფაქტორად მიიჩნევა.

ძალიან დიდია ჰორმონალური გავლენა , თუ აქვს ადამიანს შაქრიანი დიაბეტი, ჰორმონალური დარღვევა, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ან საკვერცხეში არის რაიმე ცვლილებები – უნდა იცოდეს, რომ მიმართოს მამოლოგს  და გამოირიცხოს ამ მიმართულებით პრობლემები.

კვებასაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ არასათანადოდ, არაჯანსაღად იკვებება ქალი. ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა რთულია ქალებისთვის, ბევრი ისეთ დაწესებულებებში ვმუშაობთ, რომ არ არის საათობრივად კვების კომფორტი. გადარბენით რეჟიმში კი გვიწევს არაჯანსაღი საკვების მიღება. კომპიუტერულმა სისტემებმა და დატვირთულმა რეჟიმმა განაპირობა, რომ ქალი 24 საათი დატვირულია, მუდმივად სტრესული გარემო აქვს და ესეც  გარკვეულ რისკს წარმოადგენს ამ დაავადების განვითარებაში.

  • პროგრამის გარეშე რა ჯდება ამ კვლევების ჩატარება?

მამოგრაფია დაახლოებით 40-50 ლარია, 35-50 ლარი – ულტრაბგერითი გამოკვლევა. გააჩნია ვის როგორი ფასი უდევს, მთლიანობაში ეს კვლევები 100 ლარამდე ჯდება.

  • ძუძუს კიბოს სიმპტომები როგორია?

სიმპტომები ძირითადად არის ტკივილი მკერდის არეში, ქალმა ასევე შეიძლება ძუძუს დათვალიერებისას შეამჩნიოს კანის ნებისმიერი სიმპტომი, ძუძუს თავის – არეოლის გასქელება, დვრილის ჩაზნექა ან დვრილზე რაიმე ჩანართის გაჩენა, შესაძლოა კანზე გამოვიდეს რაიმე და თვითმკურნალობას ეწევიან ხოლმე. არის, როცა კანი იღებს ლიმონის ქერქის სიმპტომს, ფორთოხლის კანის მსგავსი სიმპტომია, შეშუპებულია ან სიმძიმის შეგრძნება აქვთ. ნებისმიერი კანის სიმპტომის არსებობის შემთხვევაშიც უნდა ჩავთვალოთ საჭიროდ, რომ მივიდეთ მამოლოგთან. ეს არ ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად რაღაც ცუდი ხდება, უბრალოდ, რომ გამოვრიცხოთ რაიმეს არსებობა.

მაგალითად, როცა პაციენტები მამოლოგთან მოდიან ძუძუს არეში ტკივილის ჩივილით, ხშირ შემთხვევაში ეს ტკივილი გამოწვეულია ნევრალგიით, ხერხემლის ოსტეოპოროზით ან ხერხემლის სხვა ტიპის ცვლილებებით, მაგრამ აუცილებელია შემოწმება.

ვიზუალური სიმპტომების გარდა შესაძლოა იღლიაში შეინიშნებოდეს ლიმფური კვანძის გადიდება და ძუძუში არაფერი ისინჯებოდეს. შესაძლებელია ესეც უკავშირდებოდეს  ძუძუში  კვანძის არსებობას, უბრალოდ ის არ ისინჯებოდეს გარეგნულად ხელით, რადგან შესაძლოა სიღრმეშია ან პატარა იყოს.

ხელით თვითგასინჯვის, თვითდათვალიერების დროს თუ რაიმე კვანძის არსებობას შენიშნავს ქალი ძუძუში, ასევე აუცილებელია ვიზიტი სპეციალისტთან.

ქალებმა უნდა მოგვმართონ იმ შემთხვევაშიც კი, როცა სიმპტომები არ აწუხებთ. ყოფილა შემთხვევა, როცა კლინიკაში მოსულ პაციენტს მოჰყვა ახლობელი, გავაცანით პროგრამა, გამოვიკვლიეთ, გავგზანეთ სკრინინგში და ვნახეთ, რომ იქ იყო სერიოზული პრობლემა, რომელსაც შეიძლება კიდევ ორი წელი არ მიაქცევდა ყურადღებას და ის შექმნიდა მკერდში წარმონაქმნს.

  • რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული დიაგნოსტირება?

რაც უფრო დროულად დადგინდება დიაგნოზი, კერძოდ, I-II სტადიაში, გამოჯანმრთელების შანსი უფრო მაღალია. მკურნალობის ტაქტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვს მორფოლოგიურ გრადაციას – როგორი ფორმის არის, აგრესიულობის როგორი ხარისხი აქვს და შესაბამისად ხდება მისი კომპლექსური მკურნალობა. I-II სტადიაში აუცილებელია კონსერვატიული მკურნალობა, საჭიროა ოპერაციული მკურნალობა. არის შემთხვევები, როცა ქიმიოთერაპია ინიშნება ან ქიომიო-სხივური თერაპია, რომელიც კომბინაციაში კეთდება. საერთო ჯამში, გამოჯანმრთელების და დღეგრძელობის უფრო მაღალი შანსია დროული დიაგნოსტირება.

დაგვიანებული დიაგნოსტირებისას რთულია მკურნალობის მეთოდი, უფრო ხანგრძლივიცაა, შესაბამისად, უფრო მეტი დანახარჯია როგორც სახელმწიფოს, ისე პაციენტის მხრიდანაც.

  • რამდენად ხშირად მოგმართავენ ქალები დაავადების ადრეულ ეტაპზე?

ბოლო  პერიოდში, როდესაც უკვე არსებობს კიბოს რეესტრის პროგრამა, მათი  სტატისტიკური კვლევებით გამოვლინდა, რომ თუ წინა წლებში იყო შემთხვევები, რომ დაგვიანებული მომართვიანობა იყო, ანუ უფრო მეტი პაციენტი მოგვმართავდა III-IV სტადიაზე, დღეს ქალების ინფორმირებულობა უფრო გაიზარდა და შემთხვევათა 50%-ში ხდება გამოვლენა I-II სტადიაზე.

  • რა სერვისები არსებობს კიბოს დროული დიაგნოსტირებისა და პრევენციისთვის?

რაც უფრო დროულად მოხდება კიბოს წინარე დაავადების გამოვლენა და, ზოგადად, კიბოს ადრეულ სტადიაში დადგენა, მით უფრო მაღალი შედეგი გვაქვს გამოჯანმრთელების. სკრინიგის მიმდინარე პროგრამები მოიცავს 40-70 წლის ასაკის, საქართველოში რეგისტრირებული ქალბატონების უფასო გამოკვლევას. პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ტარდება მამოგრაფია, მამოლოგის კონსულტაცია. თუ აღმოჩნდება პათოლოგიური ცვლილებები, შემდგომ ხდება ულტრაბგერითი გამოკვლევა და თუ არის ისეთი შემთხვევა, რომ ფიქსირდება კვანძის არსებობა ძუძუში ან რაიმე კეთილთვისებიანი ჩანართი, პაციენტს ვამისამართებთ სპეციალისტთან და იკვლევენ მაღალტექნოლოგიური მეთოდებით, რათა მოხდეს ზუსტი დიაგნოზის ვერიფიცირება.

დეტალური კვლევით ფასდება ძუძუში არსებული კვანძის მდგომარეობა, ასევე ორგანიზმის ფუნქციური სტატუსი, გავრცელებულია  თუ არა დაავადება, მეტასტაზები და დგინდება სტადია. პაციენტი გადის კონსილიუმზე, სადაც განსაზღვრავენ მკურნალობის ტაქტიკას და ტარდება კომპლექსური მკურნალობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: