62 ადამიანი გარდაიცვალა კოვიდით, დადასტურდა 5340 ახალი შემთხვევა

5 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის  5340 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 55 301 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 62 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 340 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 956 შემთხვევა, აჭარაში – 217, იმერეთში – 1 059, ქვემო ქართლში – 413, შიდა ქართლში – 446, გურიაში – 130, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 328, კახეთში – 492, მცხეთა-მთიანეთში – 109, სამცხე-ჯავახეთში – 119, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -71.

ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდით ინფიცირებულია 51 266 ადამიანი, მათგან 6 666 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

4 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.66%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.45% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.99%.

ამავე თემაზე: 

რატომ არ დარდობენ კოვიდით გარდაცვალებაზე საქართველოში – ინტერვიუ ექიმთან

ჩაირთე ულიმიტო სასაუბრო დრო “სილქფესტით“ და აირჩიე სასურველი პირობა ინტერნეტზე

5 ნოემბერს „სილქფესტს“ საუკეთესო შეთავაზებები აქვს სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლებისთვის. კომბინაციით *202#   აბონენტი მთელი თვით გაიაქტიურებს ულიმიტო საუბრებს, ხოლო ინტერნეტზე პირობას სურვილის მიხედვით აირჩევს:  

[checklist]

  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტი + 10 GB ინტერნეტი 18 ლარად
  • ულიმიტოსასაუბრო პაკეტი + ულიმიტო ინტერნეტი 25 ლარად

[/checklist]

აქციით ისარგებლებენ, როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. 

თუ ბონუსი ამოიწურა, მაგრამ აქციის ვადა ჯერ კიდევ ძალაშია, მომხმარებელს 1MB  ინტერნეტზე დაერიცხება 15 თეთრი;

სასაუბრო დრო არ ვრცელდება გლობალსელის,  ასანეტის  და  სპეციალური დანიშნულების მოკლე ნომრებზე.

პაკეტებში შემავალი სასაუბროს/მეგაბაიტების დაჯამება შეზღუდულია.

თვალი ადევნეთ კომპანიის facebook და Instagram  გვერდებს. ასევე, სილქნეტის ოფიციალურ ვებ გვერდს www.silknet.com, სადაც ერთი დღით ადრე დაანონსდება „სილქფესტის“ აქციები.

რუსეთის მოქალაქე დიდი ოდენობით ქონების მითვისების ბრალდებით დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე რუსეთის მოქალაქე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სხვა პირების დახმარებით, სხვისი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტი დაამზადა და მიისაკუთრა თბილისში მდებარე, ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაში რიცხული, ჯამში 47 800 კვ/მ მოცულობის ორი მიწის ნაკვეთი.

მან ასევე გააყალბა აღნიშნული კომპანიის  წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გახდა მისი ერთპიროვნული დირექტორი და დამფუძნებელი, რის შემდგომაც მიწის ნაკვეთები გადააფორმა თავისივე სახელზე რეგისტრირებულ სხვა კომპანიაზე.

„დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, ბრალდებული გეგმავდა მიწის ნაკვეთების იპოთეკით დატვირთვას 200 000 აშშ დოლარამდე თანხის დაუფლების მიზნით, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. გამოძიების პროცესში მიწის ნაკვეთებს დაედო ყადაღა.

წინასწარი მონაცემებით, მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება აღემატება 16 000 000 ლარს“- ნათქვამია გამოძიების სამსახურის მიერ.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 და 210-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც  სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

„გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით“.

ბათილი ბიულეტენები და სხვა დარღვევები – რა მოხდა ბათუმში?

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა „სამართლიანი არჩევნების“ საჩივარი, რაც  მესამე საუბნო საარჩევნო კომისიის  ბათილად მიჩნეული ბიულეტენების გადახედვას ითვალისწინებდა. ორგანიზაცია საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.

წინასწარი მონაცემებით, 30 ოქტომბრის ბათუმის მერის მეორე ტურის არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატ გიორგი კირთაძეს სახელისუფლო კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა 1 526 ხმით მოუგო. ბათუმის 79-ე ოლქში ამ არჩევნებზე 2017 ბიულეტენი გააუქმეს.

30 ოქტომბრის ბათუმის მერის არჩევნების მეორე ტურში #3 საუბნო-საარჩევნო კომისიაში 38 ბიულეტენი გააბათილეს. ამ უბანზე 1458 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მეორე ტურზე არჩევნებში მონაწილეობა 637-მა ამომრჩეველმა მიიღო.

შედეგების დათვლის შემდეგ, შემაჯამებელ ოქმში, კომისიის ერთ-ერთმა წევრმა, თეონა დიასამიძემ, განსხვავებული აზრი დააფიქსირა – მან დაწერა, რომ ოპოზიციის კანდიდატის 6 ხმა და „პოზიციის“ [„ქართული ოცნების“ კანდიდატი] 4 ხმა მიკერძოებულად გააბათილეს.

ამონარიდი #3 საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმიდან

„სამართლიანი არჩევნები“ ბათუმის საოლქო კომისიას ამ უბნის ყველა ბათილი ბიულეტენის გადახედვას და კანდიდატებისთვის იმ ბიულეტენების ჩათვლას ითხოვდა, სადაც არჩევანი დაფიქსირებულად ჩაითვლებოდა.

საოლქო კომისიამ საჩივარი არ დააკმაყოფილა, ორგანიზაცია  საოლქო კომისიის შესაბამისი განკარგულების გაუქმებას სასამართლოში ითხოვს.

„პირველ ტურში ძალიან ბევრი მონაცემი გადათვალეს. მეორე ტურის შემდეგ ჩემთვის მართლა გაუგებარია პრინციპული მიდგომა, რომ გადაუთვლელი რჩება იმ უბნის შედეგები, სადაც არსებობს ეჭვი კანონდარღვევაზე, ამ შემთხვევაში ბათილებთან დაკავშირებით. გაუგებარია რატომ არ აქვს საოლქო კომისიას სურვილი, რომ მოხსნას კითხვითი ნიშნები და ნდობა გააჩინოს შედეგებთან მიმართებაში. ჩვენ ვითხოვდით მხოლოდ ბათილი ბიულეტენების გადათვლას. ეს არ იყო შრომატევადი საქმე“, – ამბობს მადონა ბერიძე, „სამართლიანი არჩევნების“  აჭარა-გურიისა და ფოთის რეგიონული ორგანიზაციის კოორდინატორი.

38 ბიულეტენი მიიჩნია ბათილად  ბათუმის #10 საუბნო საარჩევნო კომისიამაც. ოქმის განსხვავებული აზრის გრაფაში არსებობს ამ კომისიის ერთ-ერთი წევრის ჩანაწერი.  ქეთი ციმნარიძე წერს, რომ ოქმში დაფიქსირებულ შედეგებს პროცედურული დარღვევების სიმრავლის გამო არ ეთანხმება. ამ უბნის შედეგები საოლქო კომისიამ ხელახლა გადათვალა და მონაცემები უცვლელად დატოვა.

#11 უბანზე 36 ბიულეტენი, #12 საარჩევნო უბანზე კი 31 ბიულეტენი მიიჩნიეს ბათილად. #13 საუბნო-საარჩევნო კომისიის მიხედვით, ამ უბანზე 33 ბათილი ბიულეტენი გამოავლინეს, ამავე უბნის ოქმის განსხვავებული აზრის გრაფაში ჩაწერეს, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩეველზე ზეწოლას. #14 უბანზე 33 ბათილი ბიულეტენი გამოავლინეს.

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ასევე საჩივარი, რომლითაც საია ყუაგადახეული ბიულეტენის გაბათილებას ასაჩივრებდა, ამ ბიულეტენში არჩევანი ბათუმის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ იყო გაკეთებული. ბიულეტენი 50-ე საუბნო-საარჩევნო კომისიამ მხოლოდ იმის გამო გააბათილა, რომ მას კიდე ჰქონდა მოხეული.

კუთხემოხეული ბიულეტენის ამბავი – რა ჩანს ცესკოს ვიდეოში

საიას აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, პაატა დიასამიძის შეფასებით, ამ ბიულეტენის გაბათილება და მასთან დაკავშირებული ამბავი ნათლად გვაჩვენებს როგორც საუბნო, ასევე საოლქო კომისიის ტენდენციურობას.

„ვიდეოში, რაც ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ვნახეთ, რომ ამ ბიულეტენზე მსჯელობენ, როგორც საეჭვოზე. საოლქო კომისიამ საჩივრის განხილვისას სატელეფონო ხაზზე ჩართო საუბნო კომისიის თავმჯდომარე, სადაც უარყო, რომ ბიულეტენი იყო საეჭვო. მან თქვა, რომ ეს ბიულეტენი კონვერტის გარეშე იყო ყუთში მოთავსებული. კანონი ადგენს ბიულეტენების დახარისხების წესს – თუ ბიულეტენი არ იყო კონვერტში, ის ცალსახად ბათილია და არა საეჭვო. ვიდეოში კი ჩანს, რომ კომისიამ იმსჯელა მასზე, როგორც საეჭვო ბიულეტენზე და გადაწყვიტა გაბათილება“, – ამბობს პაატა დიასამიძე.

საიამ შემდეგ სხდომაზე დამატებითი მტკიცებულებით, ვიდეოჩანაწერით მიმართა საოლქო კომისიას და საჩივრის ხელახალი განხილვა მოითხოვა. საოლქო კომისიის თავმჯდომარემ განხილვაზე ორგანიზაციას უარი უთხრა – ხელახლა არ ვიმსჯელებო.

საიაში აცხადებენ, რომ საოლქო კომისიის ეს მიდგომაც არასწორია და კანონთან წინააღმდეგობაში მოდის. მომჩივანმა ახალი გარემოებით მიმართა მას – ცალსახად ადასტურებდა, რომ კომისიის თავმჯდომარემ ცრუ ახსნა-განმარტება მისცა საოლქო კომისიას. საიამ საოლქო კომისიის გადაწყვეტილება #50-ე საუბნო კომისიის შემთხვევაზე სასამართლოში გაასაჩივრა.

დამკვირვებელი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ საოლქო კომისიას აუცილებლად უნდა გადაეთვალა ბათილი ბიულეტენები ყველგან, სადაც ამის მოთხოვნა იყო. მით უფრო, რომ პირველ ტურში გამოვლინდა ფაქტები, როცა ნამდვილი ბიულეტენები ბათილად იყო  ჩათვლილი.

დამკვირვებელი ორგანიზაციები ყურადღებას ამახვილებენ ასევე ოქმებში მკვეთრი დისბალანსით გამოწვეულ უნდობლობაზე საუბნო კომისიების მიმართ, რაც გასულ საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა.

საიამ რამდენიმე უბნის გადათვლას უბანზე მოსულ ამომრჩეველთან მიმართებაში ბათილი ბიულეტენების სიმრავლის გამოც ითხოვდა. ეს უბნები იყო – #10-ე, #34-ე და #37-ე.

„სამართლიან არჩევნები“ საოლქო კომისიაში ითხოვდა ასევე #16-ე და #62- ე საუბნო კომისიის შედეგების სრულ გადათვლას. #16-ე უბანზე  ერთით მეტი ბიულეტენი აღმოაჩინეს. ამ უბანზე განსხვავებული აზრის გრაფაში კომისიის წევრი დამატებით წერს, რომ უბნის შედეგები უნდა გაბათილდეს, რადგან აქ არა მხოლოდ ერთი ზედმეტი ბიულეტენი, არამედ ერთი ცარიელი კონვერტიც აღმოაჩინეს. ეს, მისი აზრით, იმას ნიშნავს, რომ აქ ე.წ. კარუსელი დატრიალდა.

არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ასევე დარღვევა იყო #62-ე უბანზე, სადაც საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმში ერთ-ერთი კანდიდატის მიღებული ხმების რაოდება გადასწორებული იყო. ამ შემთხვევაში „სამართლიანი არჩევნები“ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითხოვდნენ. საოლქო კომისიამ გახსნა მხოლოდ იმ კანდიდატის დალუქული ბიულეტენები, რომლის მონაცემიც გადასწორებული იყო, გადათვალა და დააზუსტა, რომ მონაცემი სწორია.

არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიას „სამართლიანმა არჩევნებმა“ 13 საჩივრით მიმართა, მათ შორის ორი შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირებულ დარღვევას შეეხებოდა. საიამ კი 7 საუბნო კომისიის ოქმი და 6 უბანზე დაფიქსირებული პროცედურული დარღვევები გაასაჩივრა. საოლქო კომისიამ გადათვლის მოთხოვნა უმეტესად არ დააკმაყოფილა, სამ შემთხვევაში კი მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ათამდე საუბნო კომისიის წევრს კი შენიშვნა მისცეს.

რატომ არ დარდობენ კოვიდით გარდაცვალებაზე საქართველოში – ინტერვიუ ექიმთან

„მთავრობა და, როგორც ჩანს, საზოგადოებაც უკვე შეეგუა ათეულობით გარდაცვლილის გამოცხადებას ყოველდღიურად და ისე განაგრძობენ მუშაობას, თითქოს გარდაცვლილების ეს მაჩვენებელი არც არსებობდეს,“ – ამბობს ექიმი რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი, რომელიც გვახსენებს, რომ, მაგალითად, დღესაც ჩვეულებრივ სტატისტიკად მივიღეთ ყველამ მორიგი ნიუსი: „კოვიდით 4 ნოემბერს 53 ადამიანი გარდაიცვალა“.

რა გზებით არის შესაძლებელი კოვიდით ინფიცირებისა თუ გარდაცვალების შემთხვევების კლება? – ვახტანგ კალოიანს რამდენიმე კითხვა დავუსვით.

  • ბატონო ვახტანგ, ხელისუფლება ისევ უარს ამბობს ახალ რეგულაციებზე იმის მიუხედავად, რომ კოვიდით 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რა იქნებოდა ამ დროს ეფექტური, რას აჩვენებს სხვა ქვეყნების გამოცდილება? 

მთავარია აქტიური ვაქცინაცია, რადიკალურად მხოლოდ ეს შეცვლის იმ მძიმე სურათს, რაც ახლა ქვეყანაში გვაქვს.

სხვა ქვეყნების გამოცდილება მკაფიოდ აჩვენებს, რომ სადაც ვერ მოახერხეს ვაქცინაციის სწრაფი ტემპი საგანმანათლებლო კამპანიით და დაახლოებით 60-70 პროცენტი არ აიცრა ნებაყოფლობით. გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია დააწესეს.

კლასიკური მაგალითია აშშ, სადაც 8 რისკჯგუფი გამოყეს, ანუ ისეთი პროფესიები, რომლებსაც ყველაზე ხშირი შეხება აქვთ სხვებთან და საფრთხეს ქმნიან ინფექციის სწრაფად გავრცელების კუთხით. ამ ჯგუფებში არიან საჯარო მოხელეები, პოლიციელები, სასწრაფო დახმარების ექიმები, კვების მრეწველობაში ჩართული ადამიანები, ტრანსპორტის სექტორი, განათლების სისტემაში ჩართული ადამიანები, მედიცინის სფერო სრულად.

ამ ჩარევამ მისცა საშუალება ქვეყნებს, რომ რადიკალურად შემცირებულიყო როგორც ინფიცირების მაჩვენებელი, ასევე გარდაცვალების შემთხვევები. მათ მოახერხეს ის, რომ ფაქტობრივად გაეხსნათ საზღვრები და განეგრძოთ ნორმალური ფუნქციონირება.

ჩვენთან არასაკმარისი იყო საინფორმაციო კამპანია და რაც გვქონდა, მასაც არ აქვს სასურველი შედეგი. მეხუთე ტალღის დასაწყისში იყო 2-3 ათასი დღიური შემთხვევა და ახლა გვაქვს 5 – 6 ათასი ახალი შემთხვევა დღეში. სამწუხაროდ, ლიდერი ვართ ჩვენს რეგიონში და ზოგადად.

  • საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა ე.წ. მწვანე ბარათების იდეა. ეს რამდენად შეამცირეს ახალი შემთხვევების რაოდენობას? 

ეს კარგია, მაგრამ დაგვიანებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციის გარეშე ეფექტი არ ექნება. რისკჯგუფების სავალდებულო ვაქცინაციის გარეშე ჩვენ მოგვიწევს სხვადასხვა სიდიდის ტალღის გადატანა, სამწუხაროდ, არცთუ მცირე ადამიანური დანაკარგებით.

რეალურად მთავარი პრობლემა არის ის, რომ მთავრობა და, როგორც ჩანს, საზოგადოებაც უკვე შეეგუა ათეულობით გარდაცვლილის გამოცხადებას ყოველდღიურად. ისე განაგრძობენ მუშაობას, თითქოს გარდაცვლილი არ არსებობდეს. პრეზიდენტს ზურაბიშვილის განცხადებაც ამაზე მეტყველებს, როცა მან გუშინ სრულიად არაჰუმანური დამოკიდებულება დააფიქსირა.

  • გულისხმობთ იმას, რომ ვინც აცრილი არაა, მისი მკურნალობა ფასიანი შესაძლოა გახდეს? 

კი, ეს არის სრულიად არაჰუმანური განცხადება. მე აქტიური მომხრე ვარ სავალდებულო ვაქცინაციის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები დარჩნენ სამედიცინო მომსახურების გარეშე და მოკვდნენ. საქართველოში ფასიანი რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის დაფინანსებას მოახერხებს მოსახლეობის მხოლოდ 0.5 პროცენტი.

რეანიმაციული საწოლის ყველაზე დაბალი ფასი დღეში 600 ლარია. რამდენი ადამიანი გადაიხდის ამას დღეში? – შესაბამისად, პრეზიდენტის ეს განცხადება ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების უბრალოდ გაწირვას იმის გამო, რომ მათ მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ერთგვარი ანგარიშსწორებაა.

გამოდის, შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ის, რომ მოდი, არ ვუმკურნალოთ, მაგალითად, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს, რადგან ისინი აქციებს მართავენ და იქ მობილობა მაღალია, ან ფიზიკურად მაღლებს არ ვუმკურნალოთ უფასოდ, მსუქნებს და ასე შემდეგ.

  • სხვა გამოცდილებაზე რას ფიქრობთ, მაგალითად, შეზღუდვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებაზე, ან კაფეში შესვლაზე, თუკი კოვიდპასპორტი არ გაქვს? 

შესაძლებელია, მაგრამ ეს ყველაფერი არის დროებითი ღონისძიება, მათ შორის, ლოქდაუნი, რომლის გაკეთება ახლა სრული სიგიჟეა, მაგრამ ისიც კი დროებითია – რაღაც მომენტში გაწყვეტს ჯაჭვს, შეამცირებს ციფრებს, მაგრამ როგორც კი მოიხსნება, ეგრევე უკან დაბრუნდება ყველაფერი. ამ მეთოდების გამოყენებამ ჩვენ შესაძლოა მოგვცეს დროებითი შეღავათი, მაგრამ ეს არ იქნება საკითხის რადიკალური გადაწყვეტა.

მდგომარეობას მნიშვნელოვნად მხოლოდ აქტიური ვაქცინაცია შეცვლის.

  • თქვენი აზრით, რატომ არ სურს ხელისუფლებას სავალდებულო ვაქცინაცია კონკრეტული ჯგუფებისთვის? 

იციან მოქალაქეების განწყობა და არ ჰყოფნით პასუხისმგებლობა, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. საარჩევნო კამპანიამ ნათლად დამანახა ანტივაქსერული დამოკიდებულებები. ფაქტია, რომ არჩევნების გასაყალბებლად და გარკვეული მხარდაჭერის მისაღებად ამუშავეს ეს ტაქტიკა, რაც ამორალური და უზნეოა. ფაქტია, რომ ამ ტაქტიკის მიუხედავად ხმები არ დაკარგეს. გამოდის, რომ კოვიდით 10 ათასზე მეტი კაცი რომ გარდაიცვალა, ეს არც ხელისუფლებას ადარდებს და არც მოქალაქეებს დიდწილად.

  • მაგრამ არჩევნების შემდეგაც არ შეცვლილა ეს მიდგომა… 

არც ახლა აწყობთ მოქალაქეების განაწყენება, რადგან დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, არ აწყობთ შავრაზმული და რადიკალური ჯგუფების გაღიზიანება.

დააკვირდით: ჩვენ არ გვაქვს რეგულაციები და რაც გვაქვს, ამ მინიმალური რეგულაციების მართვაც კი არ გვაქვს, მათ შორის, ნიღბის ტარება. ნახეთ რა მდგომარეობაა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადაც არც დისტანციის დაცვა ახსოვს ვინმეს, არც მგზავრების რაოდენობა და არც პირბადეს ატარებს უმრავლესობა.

  • არის თუ არა ეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა? 

რა თქმა უნდა, ეს არის პრემიერის და საკოორდინაციო საბჭოს ყველა წევრის, ჯანდაცვის მინისტრის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ასევე კლინიკური ჯგუფის პასუხისმგებლობა.

  • მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრმა რა უნდა ქნას ასეთ სიტუაციაში? 

თავმოყვარე მინისტრი რომ იყოს, მინიმუმ უნდა გადადგეს, როცა 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში კორონავირუსის გამო. პრემიერიც უნდა გადადგეს, რომელიც არის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები. პასუხისმგებლობას არც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უნდა გაექცეს, მიუხედავად იმისა, რომ ის სწორ პოზიციას აფიქსირებს პერიოდულად, მაგრამ რეალურად პრობლემების გადაწყვეტას ვერ ახერხებს.

  • სწორი პოზიციების დაფიქსირებას, მაგალითად, ამირან გამყრელიძისგან რამდენად შეიძლება ჰქონდეს პოზიტიური გავლენა? 

რა თქმა უნდა, ადეკვატური ქცევა ძალიან მნიშვნელოვანია… დაავადებათა კონტროლი ფანტასტიკურ რამეს კი არ აკეთებს, უბრალოდ ზოგჯერ საჯაროდ აფიქსირებს პოზიციებს, რაც სამედიცინო თვალსაზრისით არის გამართული, თორემ მაგალითის მიცემაში ისეთი პასუხისმგებლობა აქვთ, როგორც ჯანდაცვის მინისტრს, პრემიერს.

  • საითკენ შეიძლება წავიდეს პროცესი, თუკი ხელისუფლება კოვიდსიტუაციის შეცვლაზე პასუხისმგებლობას ისევ არ აიღებს? 

არ მინდა ამის დაკონკრეტება, არ მაქვს კარგი მოლოდინი. ეს რაოდენობა გაიზრდება, სკეპტიკური მოლოდინი მაქვს…

სულ 8 ათასი საწოლი გვაქვს და სწორი ორგანიზების შემთხვევაში, მაქსიმალურად 12 ათასის ორგანიზება შეიძლება. გასათვალისწინებელია ადამიანური რესურსიც.

მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის გზა ხულოდან შტუტგარტამდე – 31 წელი ემიგრაციაში

ბერძნულრომაული სტილით მოჭიდავე ტარიელ შავაძე 25 წელია გერმანიაში ცხოვრობს. იგი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია და ახლა გერმანიაში, ქალაქ შტუტგარტში გერმანელ სპორტსმენებს წვრთნის სპორტის ამ სახეობაში.

23 ოქტომბერს 51 წლის ტარიელ შავაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა ვეტერან სპორტსმენებს შორის და  ამ გამარჯვების აღსანიშნავად საქართველოს დროშით შემოურბინა ტატამს.

ტარიელის სპორტული კარიერა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ირემაძეებში დაიწყო, როცა ტყუპისცალ ძმასთან ერთად, 1983 წელს ჭიდაობის წრეზე მიიყვანეს.

ჩვენი პირველი მწვრთნელი ლევან შავაძე იყო, რომელმაც ხულოში ორწლიანი ვარჯიშის შემდეგ თბილისში თავის მწვრთნელთან, თამაზ კიკნაძესთან გაგვიშვა“ – იხსენებს ტარიელ შავაძე.

1985 წლიდან ძმები თბილისში ერთად ვარჯიშობდნენ, ორივე აქტიური სპორტსმენი იყო, 90-იან წლებში კი ძმების გზები გაიყო.

ორივე საქართველოს მრავალგზის ჩემპიონები ვიყავით. 90-იან წლებში გავიყავით, გაჭირვება რომ დაიწყო. მამაჩემს არ შეეძლო ორი სტუდენტის რჩენა, ჩემ ძმას კი არ უნდოდა საქართველოდან წამოსვლა“ – გვიამბობს ტარიელი.

საბოლოოდ, ტარიელის ტყუპისცალმა, ფრიდონ შავაძემ საქართველოში დარჩენა და დაქორწინება გადაწყვიტა, ხოლო ტარიელი საზღვარგარეთ წავიდა სპორტული კარიერის გასაგრძელებლად.

არ მინდოდა სპორტისთვის თავი დამენებებინა, ამიტომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბელარუსში წავედი.

მაშინ საქართველოში არანაირი შესაძლებლობა არ იყო, მწვრთნელებმა თავი დაანებეს თავიანთ საქმეს, ყველა შველას ითხოვდა, ძალიან ცუდ პერიოდში მოვხვდი, როცა 20 წლის ვიყავი და სპორტის გაგრძელება მინდოდა“ – ნაღვლიანად ამბობს ტარიელი.

იგი გვიამბობს, რომ ბელარუსში ქვეყნის ექვსგზის ჩემპიონი გახდა, 1991 წლიდან ყოველწლიურად იგებდა ქვეყნის ჩემპიონატს და ერთხელაც შეთავაზება მიიღოკარიერა ევროპაში გაეგრძელებინა.

 „ერთერთმა კლუბის პრეზიდენტმა კონტრაქტით გერმანიაში ჭიდაობა შემომთავაზა, აქედან დაიწყო ჩემი გერმანიაში ცხოვრების ისტორია“ – გვიყვება ის

 იქიდან მოყოლებული ტარიელ შავაძე გერმანიაში ცხოვრობს. კლუბს ხელმძღვანელობს, თავადაც ვარჯიშობს და პროფესიონალ გერმანელ მოჭიდავეებს ავარჯიშებს.

2017 წელს, 47 წლის ასაკში ტარიელ შავაძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ეს ბულგარეთში, ქალაქ პლოვდივში გამართულ ჩემპიონატზე მოხდა.

არ ვიცნობდი კონკურენტებს, დაძაბული შეხვედრა მქონდა ფინალში, მინიმალური ანგარიშით გავიმარჯვე და დავამარცხე სომეხი მოწინააღმდეგე, ფინალამდე სამივე შეხვედრაში თავისუფლად გავიმარჯვე და გავხდი მსოფლიო ჩემპიონი“ – იხსენებს ტარიელი.  

ტარიელ შავაძე საბერძნეთში გამართულ ჩემპიონატზე

მეორედ კი მსოფლიო ჩემპიონის სტატუსი ტარიელ შავაძემ წელს, 23 ოქტომბერს მოიპოვა საბერძნეთში გამართულ ვეტერანთა ჩემპიონატზე. ამბობს, რომ ამ ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა:

„დარწმუნებული ვიყავი, რომ მე იქ წასაგებად არ ვიყავი წასული. შეიძლება ითქვას, რომ რეკორდულ შედეგს მივაღწიე. ჯერ არავინ არ გამხდარა მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც 16 წუთის ნაცვლად ოთხ შეხვედრას 2 წუთსა და 48 წამს მოანდომებდა. არცერთი ტექნიკური ქულა არ დამიკარგავს, როგორც იტყვიანგავაკარ ბეჭებზე!“ – ჰყვება ტარიელი.  

ტარიელ შავაძემ პირველი შეხვედრა ფრანგ მეტოქეს მოუგო, რომელიც 2017 წელს ანგარიშით – 3:0 ხოლო ახლა – 9:0-ით დაამარცხა. მეორე შეხვედრა ირანელ სპორტსმენთან ჰქონდა:

 „25 წამში გავაკარ ბეჭებზე, ტექნიკური ილეთებით. ტრიბუნაზე ხალხი დგებოდა და ტაშს უკრავდა

მესამე შეხვედრაზე 9:0 დავამარცხე შვედეთის წარმომადგენელი, მეოთხე შეხვედრაზე უძლიერესსა და ძალიან ცნობილ ამერიკელ სპორტსმენს, სტეფან ჰორტონს შევხვდი და 30 წამში სუფთა გამარჯვება მოვიპოვე“ – ემოციურად გვიამბო ორგზის მსოფლიო ჩემპიონმა.  

„რას ნიშნავს ჩემთვის ორგზის მსოფლიო ჩემპიონობა? ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ორჯერ ავაფრიალე მსოფლიოში ქართული დროშა“ – ამბობს ტარიელი. 

ამჯერად ტარიელის მწვრთნელი ტყუპისცალი ძმის, ფრიდონის შვილი, გიორგი შავაძე იყო. ტარიელი ამბობს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო გიორგის მხარდაჭერა.

პირველი ვინც გამარჯვებას მილოცავენ ჩემი ძმა და ძმისშვილები არიანო“ – ამბობს ტარიელი.

ტარიელ შავაძე ძმისშვილთან, გიორგი შავაძესთან ერთად

მისი ერთგული მხარდამჭერები არიან მოსწავლეებიც. „მწვრთნელმა უნდა იჭიდავოს კარგად, რომ მერე მოსწავლეებმა დაუჯერონ და მეტად შედეგიანები გახდნენ“ – გვითხრა მან.

მიუხედავად იმისა, რომ წლებია გერმანიაში ცხოვრობს, ტარიელი კვლავ საქართველოს მოქალაქეა.

„გეტყვით, 25 წლის მანძილზე რატომ არ მივიღე გერმანიის მოქალაქეობა. მე ვარ აქ მცხოვრები და არა გერმანიის მოქალაქე. მინდოდა, რომ საქართველოს სახელით გამოვსულიყავი და ჩვენი დროშა, ჩვენი ქვეყანა მესახელებინა.

საქართველო ძალიან პატარა ქვეყანააჭიდაობა ჩვენი სპორტია, ამიტომ არ მივიღე გერმანიის მოქალაქეობა, მინდოდა საქართველოსთვის გამარჯვება მომეტანა“ – ეს ტარიელ შავაძემ ინტერვიუს განმავლობაში რამდენჯერმე, ხაზგასმით გაიმეორა.  

ტარიელ შავაძემ გვითხრა, რომ გერმანიაში ცხოვრების განმავლობაში 30-მდე გერმანიის ჩემპიონის და მსოფლიოს სამგზის ჩემპიონის მწვრთნელი იყო.

„90-იან წლებში არ გამიმართლა, მაგრამ შრომამ ორჯერ მსოფლიო ჩემპიონობა მომიტანა. მოვუწოდებ ყველა სპორტსმენს ბოლომდე იბრძოლონ და შედეგი აუცილებლად იქნებასპორტში არ შეიძლება არცერთი ვარჯიშის გაცდენა, დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას“ – ამბობს ტარიელ შავაძე.  

ტარიელ შავაძე მოსწავლეებთან ერთად

ტარიელს სამი შვილი და ქართველი მეუღლე ჰყავს, ოჯახთან ერთად ცხოვრობს გერმანიაში. ამბობს, რომ ბავშვები დადიან როგორც სკოლაში, ასევე სპორტზე და მთელი ოჯახი სპორტულად ცხოვრობს.  „ბათუმელებისშეკითხვაზე, აპირებს თუ არა საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას ოჯახთან ერთად შეყოვნდა – „დრო გვიჩვენებს, როგორ იქნება სამომავლოდ, მაგრამ დღეს …“

 

 

ბავშვის საფენების ფასი 35-დან 60 ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ფასები საგრძნობლად გაიზარდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკვებ პროდუქტებზე. ბოსტნეული 43%-ით გაძვირდა, ზეთი კი 31,6%-ით.

ბოლო ორ თვეში მნიშვნელოვნად გაძვირდა ბავშვთა კვების პროდუქტები და საფენებიც.

გიგა გოგინაშვილი, რომელიც მეუღლესთან ერთად ორ შვილს ზრდის, ამბობს, რომ მაგალითად, „პამპერსის“ ფირმის საფენებისა და ბავშვთა საკვები პროდუქტების გაძვირება მათთვის მძიმე ტვირთად იქცა.

„ორი თვის წინ 37 ლარად ვყიდულობდი „პამპერსს“ 94-ცალიანი შეფუთვით, ახლა 56 ლარი ღირს. მომატებულია ფასები ასევე სხვადასხვა ფაფაზე, ჰიპის, ჰუმანას ფაფებზე მაგალითად. პრაქტიკულად შეუძლებელია უკვე ფასების კონტროლი. ერთი წლის წინ ჰიპის ხილფაფები 125 გრამიანი ქილით 3, 20 – 3, 35 ლარი ღირდა. ახლა იგივე პროდუქტი 5 ლარამდე ღირს. არის რძიანი და ურძეო ფაფები. ეგენიც ორივე 2, 3 ლარით გაძვირდა“, – ამბობს გიგა.

ბავშვთა კვების პროდუქტებისა და პამპერსის ფასის გადასამოწმებლად რამდენიმე სხვადასხვა აფთიაქს მივაკითხეთ ბათუმში.

„პამპერსის“ 94 ცალიანი შეფუთვის ფასი სხვადასხვა აფთიაქში სხვადასხვა იყო, ძირითადად 60 ლარამდე:

  • ავერსი – 60,00 ლარი (მოქმედებს დროებითი ფასდაკლება);
  • ჯი პი სი – 59,00 ლარი (მოქმედებს დროებითი ფასდაკლება);
  • იმპექსი – 53,00 ლარი.
  • ჰიპის ხილფაფებისა და ბოსტნეულის პიურეს ფასი 125 გრამიანი ქილით – სხვადასხვა აფთიაქში ახლა 4,50 – 4, 70 ლარი ღირს.

ფაფების ფასი პე ეს პეს სააფთიაქო ქსელში ასეთია:

ურძეო ფაფები:

  • ნორდიკის 600 გრამიანი ხუთი სახის შერეული მარცვლის ფაფა – 12,00 ლარი;
  • ჰიპის მრავალმარცვლიანი ურძეო შვრიის ფაფა – 10, 10 ლარი;
  • ჰეინცის ურძეო ფაფა 200 გრამიანი შეფუთვით 8,07 (მოქმედებს ფასდაკლება

რძიანი ფაფები:

  • ჰეინცის 200 გრამიანი ფაფა ბანანით და მარწყვით – 9, 70 ლარი;
  • ჰეინცის წიწიბურას 200 გრამიანი ფაფა – 10,08 ლარი (მოქმედებს ფასდაკლება);
  • ჰუმანას 200 გრამიანი 5 სახეობის მარცვლეულის რძიანი ფაფა ბანანით – 9, 80 ლარი.

თეო გურგენიძეს 6 თვის შვილი ჰყავს. გვეუბნება, რომ ბავშვის საფენები განსაკუთრებით ახალგაზრდა მშობლებისთვის მძიმე ტვირთია.

„ვისაც ჩვილი არ ჰყავს, შეიძლება იფიქროს, რომ 94 ცალიანი პამპერსის შეფუთვა საკმაოდ ბევრია, ხანდახან ფასდაკლებისას 36, 37 ლარი ღირს პამპერსი, მაგრამ ესეც ძვირია. შეიძლება ჩვილს დღე-ღამეში 10 საფენიც კი დასჭირდეს და ეს 94 ცალიანი შეფუთვა რამდენიმე გჭირდება თვის განმავლობაში, ერთი არ გყოფნის“, – ამბობს თეო გურგენიძე.

როდის დაიწყებს მუშაობას ბათუმის ახალი მერი და საკრებულო?

როდის შეიკრიბება ბათუმის ახალი საკრებულო და დაიწყებს მუშაობას ახალი მერი? – თარიღის განსაზღვრა შემაჯამებელი ოქმების მიღებაზეა დამოკიდებული, საარჩევნო დავების განხილვა კი, ჯერ არ დასრულებულა.

კანონმდებლობით განსაზღვრულია ვადები, რა დროში უნდა მიიღოს ცესკომ შემაჯამებელი ოქმი  და ახალი მოწვევის საკრებულოებიც მოიწვიოს.

საია-ს იურისტის, მირზა მამულაძის განმარტებით, ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას ცესკო იწვევს არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 30 დღეში. ცესკო ვალდებულია არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღოს კენჭისყრის დღიდან ანუ 30 ოქტომბრიდან 25 დღის ვადაში.

რაც შეეხება ბათუმის მერს, ის ცესკოს შემაჯამებელ ოქმს არ ელოდება – ახლად არჩეული მერი ბათუმის საოლქო კომისიის შემაჯამებელ ოქმს უნდა დაელოდოს. ეს ოქმი კომისიამ კენჭისყრის დღიდან, ანუ 30 ოქტომბრიდან 2 კვირაში უნდა მიიღოს.

„შემაჯამებელი ოქმის მიღებიდან მე-11 დღეს იწყებს მერი უფლებამოსილების შესრულებას,“ – ამბობს საია-ს იურისტი, მირზა მამულაძე.

ამ დრომდე აჭარის რეგიონში მუშაობას უკვე შეუდგნენ ქობულეთის, ქედის, შუახევისა და ხულოს მერები. არჩევნების მეორე ტურის შედეგების შეჯამებას საოლქო კომისიებისგან მხოლოდ ბათუმისა და ხელვაჩაურის მერები ელიან.

მუშაობა ჯერ არ დაუწყია საკრებულოებს, მათ შორის, მაგალითად, ბათუმში იმის მიუხედავად, რომ პირველივე ტურში აირჩიეს ყველა დეპუტატი, რადგან საკრებულოს პირველ სხდომებს ცესკო იწვევს.

არჩევნების მეორე ტურში ქედის, ხულოსა და ხელვაჩაურის საკრებულოებში აირჩიეს რამდენიმე მაჟორიტარი.

ბათუმელი ექიმების აქცია: „გადავარჩინოთ სააკაშვილის სიცოცხლე“

დღეს, 4 ნოემბერს, ბათუმში ექიმების ერთმა ჯგუფმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართა. მიხეილ სააკაშვილ 35-ე დღეა შიმშილობს და როგორც მისი მკურნალი ექიმები ამბობენ, მდგომარეობა მძიმდება.

ბათუმელი ექიმები საქართველოს ხელისუფლებას სთხოვენ გააცნობიეროს საფრთხეები, რაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებამ გამოიწვიოს და ის რეპუტაციული ზიანი, რაც ამით ქვეყანას მიადგება.

ექიმების მიერ გავრცელებულ ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

მედიცინა ჰუმანური დარგია და მისი მთავარი მიზანი ადამიანის სიცოცხლის დაცვა და შენარჩუნებაა. სახელმწიფო მოწყობის ნებისმიერი მოდელის პირობებში ექიმი თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური გავლენებისა და წნეხისგან და უნდა მოქმედებდეს ადამიანის სიცოცხლის, როგორც კაცობრიობის უმთავრესი ღირებულების, გაცნოებიერებით.

კაცობრიობის არსებობის მანძილზე, ყველა ის შემთხვევა, როდესაც ქვეყნის პირველი პირი და ზოგადად მოქალაქე, განზრახ ქმედების თუ უმოქმედობის გამო ისჯებოდა სიცოცხლის ხელყოფით, ისტორიას რჩებოდა შავ ლაქად და განსაკუთრებით უარყოფითად აისახებოდა ქვეყნის მომავალ განვითარებასა და ცივილურ სამყაროში ინტეგრაციაზე. ისტორია გვაჩვენებს, რომ აღნიშნულის სრულად გაცნობიერებას წლები სჭირდება, დამდგარ ზიანს და შელახულ რეპუტაციას კი – ხშირად დიდი ძალისხმევაც ვერ აღადგენს.

სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, ვითვალისწინებთ რა იმ ფაქტს, რომ შიმშილობის 35-ე დღეს ორგანიზმი შეუქცევადი დაზიანებების მიჯნაზეა და ამის ცოდნის პირობებში ჩვენი უმოქმედობა პაციენტის განსაცდელში მიტოვების ტოლფასია, რაც როგორც მორალურად, ასე იურიდიულად დასჯადი ქმედებაა. ვთვლით, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური გემოვნებისა და შეხედულებებისა, ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები და განსაკუთრებით ექიმები, უნდა დავდგეთ ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის სადარაჯოზე.

მოვუწოდოთ და ვთხოვოთ ქვეყნის ხელისუფლებას, პრეზიდენტს, პარლამენტს – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის შექმნილი საფრთხეების გაცნობიერებით დაუყოვნებლივ განხორციელდეს მისი გადაყვანა მულტიპროფილურ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის უფლება.

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული მოწოდება/თხოვნა – სრულიად აპოლიტიკურია, არ ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრივ ინტერესებს, არ არღვევს არც ერთ საკანონმდებლო ნორმას და მისი არშესრულების შემთხვევაში კი პირიქით, საფრთხე ექმნება ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჩვენ ყველა ამ დანაშაულის თანამონაწილე გავხდებით.

ბათუმში, ევროპის მოედანზე შეკრებილი ექიმების აზრით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ნიშნით არ უნდა იდევნებოდეს და მას აქვს უფლება სამედიცინო მომსახურების უფლება.

რახან დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაზე გვაქვს პრეტენზია, უნდა დავიცვათ ყოფილი პრეზიდენტების ჯანმრთელობა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა და გადაცდომებისა.

ყოფილსაც და მოქმედ პრეზიდენტსაც აქვს უფლება, მიიღოს ადეკვატური და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, ნებისმიერ, მითუმეტეს თავის ქვეყანაში,” – გვითხრა ექიმმა დავით მამულაძემ. იგი ბათუმის რესპუბლიკური კლინიკის ექიმი-ალერგოლოგ-თერაპევტია. 

მისი თქმით, სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ ისეთ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში, სადაც მისთვის ყველა საჭირო სერვისი იქნება ხელმისაწვდომი:

„ციხისა და და სამხედრო კლინიკები მაინც სპეციფიკურია და აქედან გამომდინარე, შეიძლება ის სერვისი ვერ მიეწოდოს, რაც მისთვის იმ წუთისთვის აუცილებელი იქნება,” – აღნიშნა დავით მამულაძემ.

____

მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა, რაც შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს.

ამასთან, უწყებაში ადასტურებენ, რომ ციხეში შევიდა “ვივამედის” ანგიოლოგი და დაგეგმილია პულმონოლოგის პრევენციული ხასიათის ვიზიტი.

„მე ვარ დევნილი, მჭირდებოდა ყველაფერში მეძებნა სილამაზე“ – დემნა გვასალია

2021 წლის ოქტომბერში ქართველმა დიზაინერმა, ფრანგული მოდის სახლის – Balenciaga-ს შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა – დემნა გვასალიამ ინტერვიუ მისცა interview magazine-ის ცნობილ მოდის ჟურნალისტს, ლეონ ტეილის. 

გვასალია ინტერვიუში მისი ცხოვრების რამდენიმე მნიშვნელოვან და გარდამტეხ მომენტს შეეხო. 

„მე ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე, რადგანაც მამას უნდოდა, ბიზნესმენი ვყოფილიყავი… ათი წლის შემდეგ მან საბოლოოდ აღიარა, რომ დიზაინერობა არის სამსახური და არა მხოლოდ მდიდარი გოგონებისთვის. ეს არის სამსახური, რომლითაც შეგიძლია დაფარო გადასახადები და გააბედნიერო სხვები“, – ამბობს დიზაინერი

იგი ჰყვება თავის ბავშვობაზეც: 

„მე გავიზარდე საბჭოთა კავშირში. მოდის ჟურნალები ნანახიც არ მქონდა. 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ, ჩვენ გვქონდა „ვოგისა“ და „უესთერნ ფეშენის“ ჟურნალთა ასლები. ასე დავიწყე მოდის აღმოჩენა, საოცნებო სამყაროსი, რომლის არსებობის შესახებაც არაფერი ვიცოდი“. 

გვასალია იხსენებს თავის პირველ ემოციებსაც, დაკავშირებულს ტანისამოსთან.

ჟურნალისტის კითხვაზე – რა იყო მისი საყვარელი ტანსაცმელი, იგი პასუხობს:

„წითელი ქურთუკი, განკუთვნილი გოგოსთვის, რომლის შეძენაზეც მშობლები არ მთანხმდებოდნენ და მხოლოდ მას შემდეგ მიყიდეს, რაც მაღაზიაში დიდი ამბები დავატრიალე.

ის მინდოდა არა იმისთვის, რომ ჩამეცვა, არამედ იმისთვის, რომ უბრალოდ მეყურებინა, რადგან მასში სილამაზე დავინახე და იგი უბრალოდ მჭირდებოდა. ის იყოს ჩემთვის ხელოვნების ნიმუშივით. რაღაც დროის მერე მშობლებმა ქურთუკი გააქრეს, იმის შიშით, რომ მე მას ჩავიცვამდი და გეიდ ვიქცეოდი, რაც ისედაც მოხდა“. 

გვასალია ინტერვიუში იმაზეც საუბრობს, თუ რას მიიჩნევს საკუთარ როლად მოდის თანამედროვე სამყაროში:

„მე ვგრძნობ, რომ ჩემი გამოწვევა და ვალდებულება დღეს, როგორც დიზაინერისთვის, გამოიხატება კითხვით – რა არის სილამაზე? რატომ ვიცავთ 50 წლის წინ შემოღებულ წესებს? მე არ გავზრდილვარ ვერსალში. მე ვარ დევნილი. მე მჭირდებოდა ყველაფერში მეძებნა სილამაზე“. 

2 ნოემბერს „ბალენსიაგამ“ 2022 წლის გაზაფხულის კოლექციის კამპანიის ვიდეო გამოაქვეყნა „იუთუბზე“.

YouTube video player

10 ნოემბრიდან ქუთაისიდან მესტიაში ავიარეისები შესრულდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი შიდა მიმართულების ფრენა ემატება.

10 ნოემბრიდან, კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს, კომპანია Vanilla Sky შეასრულებს რეისებს მესტია-ქუთაისის [12:00 საათზე] და ქუთაისი-მესტიის [13:30 საათზე] მიმართულებით.

ერთი მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება 50 ლარია.

აქამდე მესტიის მიმართულებით ფრენა მხოლოდ ნატახტრიდან იყო შესაძლებელი.

ტერაბანკის სწრაფი ფულადი გზავნილები რობოტიზაციის ინოვაციური ტექნოლოგიით განხორციელდება

ტერაბანკმა ბიზნესპროცესებში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ინოვაციური ნაბიჯი გადადგა და რობოტიზაციის გამოყენება საქართველოში პირველმა დაიწყო.

ბანკში ციფრული რობოტების დანერგვა BDO Digital-თან პარტნიორობით განხორციელდა და პირველ ეტაპზე ისინი სწრაფ ფულად გზავნილებში ინტეგრირდა. ამჟამად რობოტიზაციის დახმარებით 9 ფულადი გზავნილი ხორციელდება: ტრანზაქციებსა და მათ ავტორიზაციას მთლიანად რობოტები ახორციელებენ, ტერაბანკის თანამშრომლები კი მხოლოდ მონიტორინგის ნაწილში ერთვებიან.

ინოვაციური ტექნოლოგიის დახმარებით, გაუმჯობესდა ბანკის თანამშრომლების დროის მართვა და იმ რუტინის ნაცვლად, რომელსაც უკვე რობოტები ასრულებენ, ისინი საკუთარ რესურსს უფრო სტრატეგიულ საკითხებს უთმობენ. შესაბამისად, გაიზარდა მათი პროდუქტიულობაც. ამავდროულად, სრულად გამოირიცხა მექანიკური შეცდომების ალბათობა და დაიზოგა არა მარტო საბანკო პროცესების წარმართვისთვის, არამედ შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო დროც.

„გვსურდა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირებისთვის მიგვეღწია, სწორედ ეს იყო BDO Digital-თან თანამშრომლობის მიზანი. უნდა აღინიშნოს, რომ მუშაობის პროცესი რობოტების მეშვეობით, მართლაც, საგრძნობლად დაჩქარდა, დაიზოგა როგორც პროცესისთვის, ისე შეცდომების გამოსწორებისთვის საჭირო დრო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ რობოტები ჩვენი ვირტუალური თანამშრომლები გახდნენ და ყველა განმეორებადი, რუტინული და წესებზე დაფუძნებული საქმე შეითავსეს. ჩვენს თანამშრომლებს კი გამოუთავისუფლდათ დრო და რესურსი, რომელსაც ახლა კომპანიისთვის ბევრად მნიშვნელოვან და საჭირო საქმეს უთმობენ“, – აცხადებს ტერაბანკის ოპერაციული დირექტორი ვახო ხუციშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის საწყის ეტაპზე BDO Digital-მა ტერაბანკის ბექ ოფისის საოპერაციო ნაწილი და რობოტიზაციასთან თავსებადობა დეტალურად შეისწავლა და დიაგნოსტიკის საფუძველზე, ავტომატიზაციის შესაძლებლობებიც განსაზღვრა. შედეგად, გამოვლინდა ის პროცესები, რომლებსაც რობოტიზაცია მნიშვნელოვნად დააჩქარებდა, ადამიანური შეცდომის რისკს გამორიცხავდა და ბანკს ყველაზე მეტ სარგებელს მოუტანდა. BDO Digital-თან პარტნიორობის ფარგლებში,  ტერაბანკი რობოტიზაციის ტექნოლოგიის დანერგვა სხვა ბიზნესპროცესებშიც გეგმავს.

დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ან პროდუქტით სარგებლობისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10  ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00

შაბათს ოპოზიცია აქციას ბათუმშიც გამართავს

შაბათს, 6 ნოემბერს, ოპოზიცია საპროტესტო აქციას ბათუმშიც გამართავს. აქციაზე შეკრებილები ისევ საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ.

საპროტესტო აქცია ბათუმში აჭარის მთავრობის სახლის წინ გაიმართება, სადაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ „თავისუფლების კვარტალი“ მოეწყო. აქციას ოპოზიცია ისევ „თავისუფლების კვარტალში“ აანონსებს, თუმცა ამ დროისთვის ოპოზიციის ლიდერებს გადაწყვეტილი არ აქვთ, ექნება თუ არა ამ აქციებს პერმანენტული ხასიათი და გაიშლება თუ არა კარვები.

„გეგმა აქციაზე გაჟღერდება, აქცია იქნება ყველა დიდ ქალაქში,“ – ამბობს რეზო ხარაზი, ბათუმის საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“.

აქციის მონაწილეები შაბათს, 5 საათზე შეიკრიბებიან.

მიხეილ სააკაშვილი 35-ე დღეა, რაც შიმშილობს. მისი თანაპარტიელები და მკურნალი ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობა მძიმდება.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კი აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმების განსაკუთრებული მობილიზებაა და დაწესებულების მედპერსონალი მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ვეღარ მართავს.

ამასთან, უწყებაში ადასტურებენ, რომ ციხეში შევიდა “ვივამედის” ანგიოლოგი და დაგეგმილია პულმონოლოგის პრევენციული ხასიათის ვიზიტი.

აღნიშნე ნოვას დაბადების დღე და მიიღე საჩუქრები კომპანიისგან

მეგაცენტრ ნოვას 8 ნოემბერს 15 წელი უსრულდება. სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია ამ თარიღის განსაკუთრებულად აღნიშვნას გეგმავს. მას სურს, რომ მისი დაბადების დღე ისეთივე სასიხარულო გახადოს მომხმარებლებისთვის, როგორიც ეს თავად ნოვასთვისაა. სწორედ ამიტომ, კომპანია 6, 7 და 8 ნოემბერს მეგაცენტრების სამივე ფილიალისა და მისი ონლაინმაღაზიის სტუმრების გულუხვად დასაჩუქრებას გეგმავს.

ნოვას ბორბალი

თუკი ამ სამი დღის განმავლობაში ნოვას თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მეგაცენტრებს ესტუმრებით, იქ გათამაშების ბორბალი დაგხვდებათ. მასზე დატანილი იქნება გრაფები, რომლებზეც სხვადასხვა ტიპის საჩუქარს ამოიკითხავთ. გათამაშებაში ჩაერთვებიან ის მომხმარებლები, რომლებიც მეგაცენტრებში მინიმუმ 200 ლარის პროდუქციას შეიძენენ. ბორბლის დატრიალების უფლება მათ დღეში მხოლოდ ერთხელ მიეცემათ.

თქვენ შეძლებთ მოიგოთ 50, 100 და, რაც მთავარია, 1000 ლარიანი ვაუჩერები. გაითვალისწინეთ, რომ 1000 ლარიანი მხოლოდ 15 ვაუჩერი გათამაშდება. ასევე, ისრის შესაბამის გრაფაზე გაჩერების შემთხვევაში შეგეძლებათ უკან დაიბრუნოთ დანახარჯი 300 ან 500 ლარამდე.

საჩუქრად, შესაძლოა, ნოვას ყუთი მიიღოთ. მასში კომპანია შეარჩევს და თავს მოუყრის მეგაცენტრებში ხელმისაწვდომ პროდუქტებს. თუკი, ისარი ხელსაწყოების გრაფაზე გაჩერდება, თქვენ Ingco-ს პროფესიონალური ხელსაწყოების სტენდიდან თქვენთვის სასურველი პროდუქცია უსასყიდლოდ გადმოგეცემათ. ისრის DIY ნივთის გრაფაზე შეჩერების შემთხვევაში კი, საჩუქრად ქართულ ხელნაკეთ ნივთს მიიღებთ.

ნოვა სტუმრებს სახალისო თამაშებსაც შესთავაზებს. თუ ისარი გრაფაზე – შეკითხვები ნოვაზე გაჩერდება, თქვენ კომპანიის შესახებ სამ კითხვას დაგისვამენ. თითო სწორ პასუხზე 50 ლარიან ვაუჩერს მიიღებთ, სამივე სწორი პასუხის შემთხვევაში კი, 150 ლარით დასაჩუქრდებით. მართალია, კითხვები რთული არ იქნება, თუმცა, ნოვაზე მეტი ინფორმაციის ინტერნეტსივრცეში წინასწარ მოძიებას მაინც გირჩევთ.

ბოლოს კი, მათ ვისი ისარიც, 15 წამი ნოვაში შეჩერდება, ყველაზე სახალისო თამაში ელის წინ. მან 15 წამის განმავლობაში უნდა მიირბინოს მისთვის სასურველ ნებისმიერ პროდუქტამდე და მისი სალარომდე მიტანაც მოასწროს. ამ შემთხვევაში მას ეს ნივთი უფასოდ გადაეცემა.

გათამაშებისა და პრიზების გარდა, კიდევ უფრო სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, ნოვა სტუმრებისთვის სხვა სიურპრიზებსაც ამზადებს.

საჩუქრები ნოვას ონლაინმაღაზიის მომხმარებლებისთვის

ნოვამ საჩუქრები მოუმზადა მათაც, ვინც 6, 7 და 8 ნოემბერს პროდუქციას მისი ონლაინმაღაზიის საშუალებით შეიძენს. კომპანიის მიერ წინასწარ შერჩეული პროდუქტების შეძენისას, მომხმარებლებს დამატებით საჩუქრად გადაეცემათ სხვა ნივთებიც. მაგალითად, ტორშერის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად ჭაღს მიიღებთ, თუკი გათბობის ქვაბს შეიძენთ – საშრობს, ხელსაბანის შემთხვევაში – სარკეს და ა.შ. ამ პროდუქტების სრული ჩამონათვალი 6, 7 და 8 ნოემბერს საიტზე შესულ მომხმარებლებს პირველივე გვერდზე დახვდებათ.

ამასთან ერთად, შეძენილ პროდუქციას ნოვა სასურველ მისამართზე უფასოდ მოგიტანთ. ხოლო თუ თქვენი შენაძენი 100 ლარზე მეტი იქნება, დამატებით სასაჩუქრე ყუთსაც გადმოგცემთ. გამოვლინდება ტოპ სამი შეკვეთაც. ეს ნიშნავს, რომ 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს ის სამი მომხმარებელი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ყველზე დიდ შენაძენს გააკეთებს.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ შოურუმებში და ონლაინმაღაზიაზე წარმოდგენილ ყველა პროდუქტზე, სულ მცირე, 15%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს. პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე კი განსაკუთრებული ფასდაკლება გავრცელდება.

ასე, რომ დაესწარით ნოვას სადღესასწაულო დღეებს, ისარგებლეთ კიდევ უფრო შეღავათიანი ფასებით და მიიღეთ ვაუჩერები და საჩუქრები კომპანიისგან.

 

ბაღდათის საკრებულოს 38 წლის ყოფილი წევრი კოვიდით გარდაიცვალა

კორონავირუსით გარდაიცვალა ბაღდათის მუნიციპალიტეტის ბოლო მოწვევის საკრებულოს წევრი, 38 წლის მამუკა გორგოძე.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, მამუკა გორგოძე კორონავირუსს შინ მკურნალობდა, მდგომარეობის დამძიმების შემდეგ ის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მამუკა გორგოძე ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“თავმჯდომარე იყო, ხელმძღვანელობდა ეკონომიკური პოლიტიკის, ინფრასტრუქტურისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე კი საკრებულოში პარტიიდან – „საქართველოსთვის” იყრიდა კენჭს.

მამუკა გორგოძე ოთხი შვილის მამა იყო.

___

ბოლო 24 საათში კოვიდით საქართველოში 53 ადამიანი დაიღუპა. ამის მიუხედავად, ბოლო 24 საათში ქვეყანაში მხოლოდ 3 569 ადამიანი აიცრა.

აჭარაში კოვიდის 193 ახალი შემთხვევაა | 4 ნოემბერი

4 ნოემბრის მონაცემებით, გასულ 24 საათში აჭარაში 193 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში რეგიონში 5 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით.

დღეის მონაცემებით, აჭარის კოვიდკლინიკებშია 545 პაციენტი, კოვიდსასტუმროში იმყოფება 230 ინფიცირებული.

4 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კოვიდის 5 206 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 53 პაციენტი გარდაიცვალა.

მსოფლიოს საუკეთესო ყველის სტატუსი წელს ანდალუზიურმა თხის ყველმა მიიღო

მსოფლიოს საუკეთესო ყველის სტატუსის 2021 წელს ესპანურმა თხის ყველმა მიიღო, რომელსაც პატარა კომპანია აწარმოებს ანდალუზიაში.

კომპანიას – Quesos&Besos, რომლის მომზადებულმა ყველმა ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო, მხოლოდ ექვსი თანამშრომელი ჰყავს.

მსოფლიოში საუკეთესო ყველი 40 ქვეყანაში მომზადებული ყველის 4079  ნიმუშიდან შეარჩიეს.

მსოფლიოში საუკეთესო ყველის გემო შეადარეს „მინდვრების გემოს გაზაფხულის დღეს“.

World Cheese Awards უკვე 30 წელია იმართება. ღონისძიება შარშან გაუქმდა კოვიდის პანდემიის გამო.

World Cheese Awards

 

„უმამის“ აზიური სამზარეულო უკვე ბათუმშია

აზიური სამზარეულოს აღმოსაჩენად გეპატიჟებით განახლებულ რესტორან-ტერასა „ქლაუდში“.

„გამორჩეული კულინარიული სტილი და ტრადიცია“ – ასე ახასიათებენ აზიურ სამზარეულოს, რომლის მრავალფეროვნებისა და გემოში მოგზაურობის საშუალებასაც ჩვენი ახალი მენიუ მოგცემთ. ზღვისა და მთის ულამაზესი პანორამული ხედები კი დამატებითი სიამოვნებაა აზიური კულინარიის მოყვარულებისთვის.

რადისონ ბლუ ბათუმი
რადისონ ბლუ ბათუმი

„რადისონ ბლუ ბათუმის“ ბოლო სართულზე მდებარე „ქლაუდი“ გამორჩეული ინტერიერით და უკვე აზიური სამზარეულოთი ქალაქის სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი (must visit) ადგილია.

ბენდები კი ცოცხალი შესრულებით ყოველ პარასკევს და შაბათს 20:00 საათიდან იზრუნებენ თქვენი განწყობისთვის.

53 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, 5206 ახალი შემთხვევა დადასტურდა

4 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის  5 206 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 48 615 ტესტი კორონავირუსზე.

გასულ 24 საათში 53 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 206 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 885 შემთხვევა, აჭარაში – 193, იმერეთში – 979, ქვემო ქართლში – 360, შიდა ქართლში – 428, გურიაში – 142, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 378, კახეთში – 530, მცხეთა-მთიანეთში – 118, სამცხე-ჯავახეთში – 157, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -36.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 49 619, მათგან 6 648 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

3 ნოემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.71%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.34% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.77%.

22 წლის ლერი აბულაძე ხულოდან მეორედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, 22 წლის ლერი აბულაძე, მსოფლიო ჩემპიონი გახდა 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბელგრადში გამართულ ჩემპიონატზე. 

2 ნოემბერს ლერიმ ფინალში თურქი სპორტსმენი აჰმეთ იართანი  დაამარცხა, ფინალამდე კი ყაზახ, რუსსა და ირანელ მეტოქეებს სძლია. 

ლერი აბულაძეს „ბათუმელები“ დღეს, 3 ნოემბერს, ესაუბრა. 

„სასტუმროში რომ მოვედი და გავხსენი ტელეფონი, უამრავი შეტყობინება დამხვდა, ალბათ მაინც ოჯახის წევრებმა მომილოცეს პირველად.

როგორც ყველა ჩემპიონის, ასევე ჩემი მიზანია ოლიმპიური ჩემპიონობა. ვეცდები, რომ პარიზში, 2024 წლისთვის მივიღო მონაწილეობა და ჩვენს ქვეყანას ოქროს მედალი მოვუტანო.

ოსლოში, დიდების ფინალში დაძაბული შეხვედრის 5:4 წაგების შემდეგ უფრო მოტივირებული ვიყავი. 23 წლამდელთა შორის უფრო თავდაჯერებული ვიყავი და ლიდერად ვგრძნობდი თავს, ძალიან გამახარა მოგებამ,“ – გვითხრა ლერიმ. 

ლერი აბულაძემ წელს, აპრილში, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 

ლერი მსოფლიო ჩემპიონი პირველად 2016 წელს გახდა, ჭაბუკებს შორის. 

მისი მთავარი და მუდმივი გულშემატკივრები მისი მამა და ძმა არიან. „მე და ჩემი ძმა ერთად ვჭიდაობთ, ერთმანეთს სულ მხარში ვუდგავართ და ძალიან ვგულშემატკივრობთ,“ – ამბობს ლერი. 

ლერი აბულაძე სკოლის დასრულებამდე ხულოში ცხოვრობდა და ვარჯიშობდა, დღეს კი თბილისში ცხოვრობს. მისი პირველი მწვრთნელი მამა იყო.

„არც მახსოვს, როდის შევედი ჭიდაობაზე, ასე ვთქვათ, ფეხი ავიდგი დარბაზში. მამაჩემმა მიმიყვანა, ჭიდაობდა და თავის კვალს გავყევი, მწვრთნელია,  მე და ჩემს ძმას ერთად გვავარჯიშებდა,“ – გვიყვება ლერი. 

ლერი სპორტის უნივერსიტეტში, ბიზნესადმინისტრირებაზე მენეჯმენტის განხრით, მესამე კურსზე სწავლობს.  

მთავრობამ სახალხო არტისტებს და მხატვრებს 600-ლარიანი სტიპენდია დაუნიშნა

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 2 ნოემბრის დადგენილებით, სახელმწიფო სტიპენდია დაენიშნებათ:

ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების ჩემპიონებს, პრიზიორებს, საჭადრაკო ოლიმპიადებში გამარჯვებულებს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს, სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს.

ამავე დადგენილების მიხედვით, სახალხო არტისტებს, სახალხო მხატვრებსა და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატებს დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია 600 ლარის ოდენობით.

სახალხო არტისტებს ან სახალხო მხატვრებს, რომელთაც იმავდროულად მინიჭებული აქვთ შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა ორივე წოდებისათვის განესაზღვრებათ ასევე 600 ლარით.

ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშებისა და საჭადრაკო ოლიმპიადების პრიზიორებს დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია შემდეგი ოდენობებით:

ვერცხლის მედლის მფლობელებს − 800 ლარი

ბრინჯაოს მედლის მფლობელებს − 500 ლარი

საჭადრაკო ოლიმპიადაში გამარჯვებულს, რომელიც იმავდროულად არის საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორი (ვერცხლის ან/და ბრინჯაოს მედლის მფლობელი), ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვრებათ 2000 ლარის ოდენობით;

საჭადრაკო ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელებს კი, რომლებიც იმავდროულად საჭადრაკო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელები არიან, ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა განესაზღვრებათ 800 ლარის ოდენობით.

ზემოთ ჩამოთვლილი პირების სტიპენდიისათვის საჭირო საბიუჯეტო სახსრები გამოიყოფა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსათვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებულ ასიგნება­თა ფარგლებში.

2 ნოემბრის ამ დადგენილებას ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს.

რა არის თავბრუსხვევის მიზეზები და რას ნიშნავს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი

ვერტიგო ლათინური სიტყვაა და თავბრუსხვევას ნიშნავს. ქრონიკული და მოვლა-გავლითი თავბრუსხვევა მნიშვნელოვნად აქვეითებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს.

ვერტიგო შეიძლება მრავალი სხვადასხვა დაავადების სიმპტომი იყოს. მათ შორის ძალიან ხშირად ეს შეიძლება მიანიშნებდეს ვერტებრო-ბაზილარულ სინდრომზე.

რა დაავადებები იწვევს ვერტიგოს, რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, რაც ხშირადაა თავბრუსხვევით გამოხატული, როგორ დგინდება მისი არსებობა და რა კვლევებია ამ დიაგნოზის დასადგენად საჭირო. ვერტებრო-ბაზილარულ სინდრომთან და თავბრუსხვევასთან დაკავშირებულ ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელებთან“ ექიმი ნევროლოგი ჯამბულ მაკარაძე საუბრობს.

  • ბატონო ჯამბულ, რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, რომელიც ხშირადაა თავბრუსხვევის მიზეზი?

ეს არის ხერხემლის არტერიების ან ბაზილარული არტერიის [თავის ტვინის ერთ-ერთი ძირითადი არტერიაა] აუზში სისხლის ცირკულაციის მოშლა და ამითაა გამოწვეული თავბრუსხვევაც. ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი თავად დაავადებას ჰქვია, ხოლო ვერტიგო ანუ თავბრუსხვევა არის სიმპტომი, რომელიც ასევე ამ დაავადების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს და სხვა მრავალი დაავადების მიზეზიც შეიძლება იყოს.

  • რა არის მისი გამომწვევი მიზეზი და რა დაავადებები სდევს თან?

როგორც აღვნიშნე, ეს სისხლძარღვოვანი, ანუ არტერიული მიზეზებით გამოწვეული სინდრომია. მიზეზი ძირითადად არტერიების კედლის შევიწროებაა, როცა სახეზეა ე.წ. ათეროსკლეროზული „ფოლაქები“.

დაავადება ხშირად მაღალწნევიან ადამიანებს უვითარდებათ. არტერიების დაავადება შეიძლება გამოიწვიოს გულიდან ან სხვა დიდი არტერიებიდან წამოსულმა ემბოლმა ან თრომბმა, რომელიც, უხეშად რომ ვთქვათ, შეიძლება გაიჭედოს ვერტებრო-ბაზილარულ სისხლძარღვებში.

სწორედ ამის შემდეგ ყალიბდება თავბრუსხვევა და თავის ტვინის დაზიანების სინდრომები, რაც ზოგჯერ სიცოცხლესთან შეუთავსებელია.

ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი ათეროსკლეროზის შედეგიცაა – მარტივად რომ ვთქვათ, მიზეზად შეიძლება იქცეს ცხიმის დაგროვება არტერიებში. შესაძლებელია მიზეზი იყოს არტერიების სისხლჩაქცევაც ან ამ არტერიის გახეთქვა – რაც უკვე ინსულტია, ინსულტსაც ახასიათებს თავბრუსხვევა ხშირად.

  • რით უნდა მივხვდეთ, რომ ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი გვაქვს, გარდა თავბრუსხვევისა, რა სიმპტომები ახასიათებს ამ დაავადებას?

ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი ეს არის სიმპტომების კრებული. თავბრუსხვევა ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია.

ადამიანი ამ დროს გრძნობს, რომ ირგვლივ ყველაფერი ტრიალებს, უჭირს წონასწორობის დაცვა. შესაძლებელია ამ დროს მხედველობის პრობლემაც განვითარდეს, ან დავიწროვდეს მხედველობის ველი, ანუ ჩამობნელდეს ჩვენი ხედვის არეალის ნახევარი. ამას ჰემიენოპია ჰქვია.

ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის დროს სმენაც შეიძლება დაკარგოს პაციენტმა. შეიძლება სახის ერთი ან ორივე ნახევარიც დაბუჟდეს, ძნელდება ყლაპვა, იცვლება მეტყველება, შესაძლოა ხელ-ფეხიც კი გაჩერდეს.

ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი იშვიათად, მაგრამ მაინც შესაძლოა იყოს გამოხატული სინკოპეთი, ეს ძალიან საინტერესო სიმპტომია. ადამიანი გონების დაკარგვის გარეშე წყლის წვეთივით მოწყვეტით ეცემა უეცრად, მეორე წუთს კი შეუძლია წამოდგეს და გაიაროს.

  • როგორ იკვლევენ ექიმები თავბრუსხვევის მიზეზს და რა კვლევებია საჭირო ვერტებრო-ბაზილარული სინდრომის დასადგენად?

საწყის ეტაპზე დიაგნოზის დასასმელად ექიმის კვალიფიკაცია და გამოცდილებაა საჭირო. თავბრუსხვევა აუცილებლად ვერტებრო-ბაზილარულ სინდრომს არ ნიშნავს.

უამრავი სხვა მიზეზი აქვს თავბრუსხვევას და უხშირესად გამოწვეულია არა თავის ტვინის დაზიანებით, არამედ შიგნითა ყურის პრობლემებით, რასაც ე.წ. პერიფერიულ თავბრუსხვევასაც უწოდებენ.

ექიმმა უპირველესად უნდა გაარკვიოს ვერტიგო ანუ თავბრუსხვევა ცენტრალური არტერიებითაა გამოწვეული თუ პერიფერიულით. თუ ირკვევა, რომ ეს არის ცენტრალური გენეზისის თავბრუსხვევა, ამ შემთხვევაში საჭიროა ამ არტერიების დოპლეროგრაფიული კვლევა, ანუ ხერხემლისა და ბაზილარული არტერიის კვლევა.

ასევე თავის ტვინის მაგისტრალური, დიდი არტერიების ულტრაბგერითი კვლევა და თუ არის აშკარა პათოლოგია, როგორიცაა, ვთქვათ, დაბუჟება სახის არეში, რა თქმა უნდა, სასურველია ჩატარდეს თავის ტვინის ბირთვული, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა თავის ტვინის დასათვალიერებლად.

თავის ტვინის დაზიანების კერები ვიზუალური   შემოწმებით შეიძლება ვერც კი გამოიცნოს ექიმმა. კვლევითი ვიზუალიზაცია გვეხმარება სიმპტომების განვითარების პროგნოზირებაში და გართულებების პრევენციაში.

თუ  დადგინდა კვლევით, რომ ეს სინდრომი აქვს ადამიანს, მეორე ეტაპია რისკების შესწავლა: რის გამო ხდება სიმპტომების ჩამოყალიბება, დიაბეტი ხომ არ აქვს პაციენტს, არითმია, ათეროსკლეროზი, უნდა შეიცვალოს უმოძრაო ცხოვრების სტილი და ა.შ.

სამწუხაროდ, ვერტებრო-ბაზილარული სინდრომისას თუ არ იმკურნალა პაციენტმა, გართულების შემთხვევაში ვითარდება თავის ტვინის ინფარქტი ან სისხლჩაქცევა, რის გამოც შეიძლება ყველაფერი ლეტალურად დასრულდეს. შესაძლებელია სინდრომმა მძიმე უნარშეზღუდულობაც გამოიწვიოს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი რისკების განსაზღვრა.

  • არსებობს თუ არა უწყინარი, თუნდაც ძლიერი თავბრუსხვევა, რასაც შეიძლება არაფერი ედოს საფუძვლად გარდა სტრესისა?

დიახ, თავბრუსხვევა შეიძლება სტრესის დროსაც დაიწყოს და ეს არ არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი. უნდა აღვნიშნოთ, რომ თავბრუსხვევის მიზეზებზე საუბრისას არსებობს თავბრუსხვევის კლასიფიკაცია: არის ცენტრალური არტერიების და მისი სტრუქტურების დაზიანება, არის პერიფერიული არტერიების დაზიანებით გამოწვეული ვერტიგო, კერძოდ, შიგნითა ყურიდან პატარა გამტარი გზებია, რომლითაც ვესტიბულური ნერვი უერთდება თავის ტვინს, ამ გზაზე თუ გაჩნდა პრობლემა, იწყება თავბრუსხვევა.

არსებობს ფსიქოგენური წარმოშობის თავბრუსხვევაც, როგორც ზემოთ ვთქვით სტრესის, დაძაბულობის, დეპრესიის, ისტერიის დროს რომ იწყება.

ფსიქოგენური წარმოშობის ვერტიგოს სიტყვასიტყვით ჰქვია კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო.

კეთილთვისებიანი იმიტომ ჰქვია, რომ კეთილი მიმდინარეობა აქვს, ონკოლოგიასთან ამას კავშირი არ აქვს. პაროქსიზმული ნიშნავს, რომ შეტევითია: მოვლა-გავლითია ამ დროს თავბრუსხვევა. პოზიციური ნიშნავს, რომ თავის პოზიციის შეცვლასთან ერთად იწყება ვერტიგო და როგორც კი გახევდება ადამიანი, მალევე ჩერდება თავბრუსხვევა.

  • რა ხდება ფსიქოგენური თავბრუსხვევის დროს ადამიანის ორგანიზმში?

შუა ყურში სამი ნახევარრკალოვანი არხია ერთმანეთის პეროენდიკულარულად განლაგებული. ამ არხებში ენდოლიმფა ცირკულირებს. ზოგჯერ გროვდება მიკროკრისტალები არხებში, მიკრომარილები, ეს ენდოლიმფა ცირკულირებს მუდმივად და აქედან იწყება ზუსტად ჩვენი სივრცეში შეგრძნება დგომის, ჯდომის თუ გადააადგილების. მიკროკრისტალების არსებობა ხელს უშლის ენდოლიმფის თავისუფალ გადაადგილებას და ამ დროს ადამიანს ეწყება თავბრუსხვევა მოძრაობის, გადაადგილებისას, მაგრამ როგორც კი ენდოლიმფა თავისუფლად იწყებს დინებას, მაშინვე ჩერდება თავბრუსხვევა. ასე, რომ ამ ტიპის თავბრუსხვევას არ აქვს საერთო ვერტებრო-ბაზილარულ სინდრომთან და აბსოლუტურად სხვა სპექტრია. როგორც ვახსენეთ, ეს არის კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო.

  • გავრცელებულია მოსაზრება, რომ კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური ვერტიგო ძირითადად ქალებისთვისაა დამახასიათებელი, ასეა ნამდვილად?

კი, ასეა. ლიტერატურაშიც ასეა, რომ  შუახნისას, 50 წლის ასაკიდან ეწყებათ ეს სინდრომი ქალებს. მინახავს გაცილებით ახალგაზრდა ასაკშიც, კაცებშიც. პროცენტულად ნამდვილად უფრო ქალებშია გავრცელებული.

  • რა შეიძლება იყოს პრევენცია, ცხოვრების წესი, ვარჯიში, კვება… თუ უკვე აქვს ეს დაავადება ადამიანს, რა ცხოვრების წესია მისთვის რეკომენდებული?

ისევე როგორც უამრავი სხვა დაავადების შემთხვევაში, ამ დროსაც პაციენტი უნდა  ცხოვრობდეს ჯანსაღი ცხოვრების წესით, ანუ ჰიპოდინამია, უმოძრაო ცხოვრების სტილი, სუფრის მარილის ჭარბად მოხმარება, ნახშირწყლების – კერძოდ ამ შემთხვევაში შაქრის ჭარბად მოხმარება, ნიკოტინი – არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ვერაგი რისკფაქტორები სისხლძარღვოვანი დაავადებებისა, ქოლესტერინის ცვლა, ქოლესტერინის ცვლის  მოდიფიცირებასა და მის მენეჯმენტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის საკვებში ცხოველური ცხიმის შეზღუდვა, იგულისხმება ქონი და კარაქი. არ იგულისხმება თევზეული, რომელიც პირიქით, კარგია.

რაც შეეხება ვარჯიშს. ეს ისეთი პათოლოგიაა, რომ კისრის ვარჯიში უკუნაჩვენებია: კისრის არტერიები გადის ხერხემალში, კისრის  მკვეთრმა ტრიალმა შეიძლება ისედაც შევიწროებული არტერიები უფრო შეავიწროოს, ხელი შეუწყოს სისხლმომარაგების შეფერხებას და თავის ტვინის ინფარქტის განვითარებას. მკვეთრი მოძრაობები ასეთ შემთხვევაში, წესით, არ შეიძლება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ზომიერად არ იმოძრაოს, არ ივარჯიშოს, არ იაროს ფეხით.

მეტსაც გეტყვით: ვესტიბულარული დარღვევების მქონე პაციენტებისთვის არსებობს ე.წ. წონასწორობის დამცველი ვარჯიშები. პაციენტი ამას იმისთვის აკეთებს, რომ დაისწავლოს სხეულის კოორდინირებულად მართვა.

სამინისტრო ძველ ბათუმში 1კვ/მ ფართობს 4516 ლარად ყიდის – აუქციონი

ძველ ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, 142.6 კვადრატული მეტრი ფართობის შენობას, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე 644 000 ლარად, ანუ 1 კვ/მ-ს დაახლოებით 4516 ლარად ყიდის. ეს ქონების გასაყიდი საწყისი ფასია, ვაჭრობის ბიჯი კი, 15 ათასი ლარია; საგარანტიო თანხა – 150 000 ლარი.

ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2021 წლის 22 ნოემბერს დასრულდება.

აუქციონში გამარჯვებულს, პირობის მიხედვით, ორი ვალდებულება ექნება;

[checklist]

  • „სარემონტო/სარეკონსტრუქციო/სარესტავრაციო სამუშაოების [როგორც შიდა, ასევე ფასადის] ჩატარება განხორციელდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით.
  • აუქციონში გამარჯვებულმა საბოლოო საპრივატიზებო თანხა უნდა გადაიხადოს ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში“.

[/checklist]

დოკუმენტების მიხედვით, აღნიშნული ფართობი 2006 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატზე იყო გადაცემული უზუფრუქტით. უზუფრუქტის უფლების შეწყვეტის მოთხოვნით კი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საჯარო რეესტრს 2021 წლის მარტში მიმართა.

ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩა 9-ში მდებარე ფართობი, რომელიც აუქციონზე იყიდება / ფოტო აუქციონიდან
ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩა 9-ში მდებარე ფართობი, რომელიც აუქციონზე იყიდება / ფოტო აუქციონიდან

ჩვენ საკუთარ საფლავს ვთხრით – გაეროს გენერალური მდივანი კლიმატის ცვლილებებზე

„ჩვენ საკუთარ საფლავს ვთხრით“, – გააფრთხილა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა გლაზგოში გაეროს კლიმატის კონფერენციაზე შეკრებილი მსოფლიო ლიდერები. 

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კაცობრიობის დამოკიდებულება წიაღისეული საწვავის მიმართ უბიძგებს მას უფსკრულისკენ. 

„ექვსი წელი პარიზის კლიმატის შეთანხმების ხელმოწერიდან იყო ყველაზე ცხელი ექვსი წელიწადი დაკვირვებათა ისტორიაში,“ –  გუტერეშმა. მისი თქმით, დღეს კაცობრიობა „მკაცრი არჩევანის“ წინაშე დგას – ან შეაჩერებს ამ პროცესს, ან კრიზისი შეაჩერებს სიცოცხლეს პლანეტაზე. 

„საკმარისია ბიომრავალფეროვნების დაზიანება, საკმარისია საკუთარი თავის მოკვლა ნახშირბადის გამონაბოლქვით, საკმარისია ბუნებასთან ისე მოპყრობა, როგორც უნიტაზთან,  საკმარისია წვა, ბურღვა და სულ უფრო და უფრო ღრმად თხრა. ჩვენ თვითონ ვუთხრით საფლავს საკუთარ თავს“, – განაცხადა გაეროს ხელმძღვანელმა.

ანტონიო გუტერეშმა ხაზი გაუსვა, რომ ზღვის დონე ორჯერ უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე 30 წლის წინ, ოკეანეები უფრო სწრაფად თბება და ამაზონის ტროპიკული ტყეების ნაწილი ატმოსფეროში უფრო მეტ ნახშირბადს გამოყოფენ, ვიდრე შთანთქავენ. 

„თუ მოუსმენთ ბოლო განცხადებებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მიღებული ზომების შესახებ, შეიძლება ისე ჩანდეს, რომ ჩვენ სიტუაციის შეცვლის გზაზე ვართ. ეს ილუზიაა. ბოლო ანგარიში აჩვენებს, რომ ვალდებულებების შესრულების მიუხედავად, მსოფლიო უწინდებურად განწირულია ტემპერატურის კატასტროფული – 2,7- გრადუსიანი მატებისთვის“ – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა. 

იგი ამბობს, რომ მხარს უჭერს კლიმატის დასაცავად შექმნილ შეუჩერებელ აქტივისტთა ჯგუფს, რომელსაც ახალგაზრდობა ხელმძღვანელობს: „მათი რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება. მათი ხმები სულ უფრო ძლიერდება და გარწმუნებთ, უკან არ დაიხევენ. მე მათ მხარს ვუჭერ.“

 

პატიმრობა ყოფილი ცოლის ცემისთვის – “6 წელია დაშორებული ვართ”

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ დამნაშავედ სცნო ახალგაზრდა კაცი, რომელმაც 2021 წლის 17 მაისს, ყოფილი ცოლი ფიზიკურად და სიტყვიერად შეურაცხყო. დაზარალებული ჰყვება, რომ მაისში თბილისში თავის მეგობარ გოგოსთან ერთად იმყოფებოდა, როცა ყოფილმა ქმარმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა.

“17 მაისს მოხდა ზუსტად, ბათუმიდან ჩავედი შეყვარებულთან და კიდევ ერთ მეგობართან ერთად. ჩემი ყოფილი ქმარი დამიკავშირდა და გადავწყვიტეთ გველაპარაკა. შევხვდით სამივე სადგურის ტერიტორიაზე, სადაც შეკამათებისას ჩემკენ წამოიწია, რამდენჯერმე დამარტყა, ჩემი დახრჩობაც სცადა, ძალადობის კვალიც მეტყობოდა. სიტყვიერი შეურაცხყოფაც მოგვაყენა, დაგვემუქრა მოკვლით მეც, ჩემს მეგობარ გოგოსაც.

ითხოვდა, რომ ისევ მასთან ვყოფილიყავი, შენ ისევ ჩემი ცოლი ხარო, ისევ ჩემთან ერთად უნდა იყო ან მოგკლავ და თავსაც მოვიკლავო. ექვსი წელია დაშორებული ვართ.

დამემუქრა ბათუმში ჩამოვალ და შვილს წაგართმევო. ბავშვს მისი გვარიც კი არ აქვს დაბადების მოწმობაში, ამის სურვილი თავად არ გამოუჩენია. სულ ხუთჯერ ჰყავს ბავშვი ნანახი,” – ჰყვება დაზარალებული. – “იმ წუთში დასახმარებლად ვერავის მივმართე, მერე უკვე ბავშვზე იმუქრებოდა, ბათუმში აპირებდა ჩამოსვლას. გამოვიქეცი ბათუმში და აქ სათემო ორგანიზაციას, იდენტობა იუსს დავუკავშირდი, საიდანაც გამყვნენ საიაში, იქიდან კი საჩივარი თბილისში გადააგზავნეს, რადგან იქ მოხდა შემთხვევა”.

პროკურატურის ინფორმაციით, 25 წლის კაცი დამნაშავედ სცნეს სისხლის სამართლის კოდექსის 126′-1 და 11′-151-2დ მუხლებით, რაც ნიშნავს ოჯახში ძალადობას და მუქარას ოჯახის წევრის მიმართ.

ახალგაზრდა კაცს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა.

თითქმის კარდაკარის მეთოდია საჭირო ვაქცინაციისთვის – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

კოვიდზე აცრილთა რაოდენობა ბათუმში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ს შეადგენს, თუმცა აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ვაქცინირებულთა პროცენტული რაოდენობა ამდენივე არ არის.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მთლიანად აჭარაში 2 დოზით აცრილია მოსახლეობის 29.1%, ერთი დოზით – 32.3%.

რა უშლის ხელს ვაქცინაციის პროცესს აჭარის სოფლებში, რა ტიპის სამუშაოებს ეწევა ჯანდაცვის სამინისტრო აცრის ტემპის დასაჩქარებლად და რა ელის რეგიონს, თუ ვაქცინაციის ტემპი არ აჩქარდება? – კოვიდვაქცინაციასთან დაკავშირებულ ამ და სხვა კითხვებზე „ბათუმელები”  აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს ესაუბრა.

  • თქვენ ამბობთ, რომ ინფიცირებისა და სიკვდილიანობის კლებადი დინამიკა აჭარაში უკავშირდება რეგიონში ვაქცინაციის მაღალ მონაცემებს. აგვიხსენით, სხვა რეგიონებისგან განსხვავებული რა ვითარება გვაქვს აჭარაში?

ეპიდემიოლოგიურად სტაბილური ვითარებაა აჭარაში. 4%-ის ფარგლებში მერყეობს ჩვენი დაინფიცირების მაჩვენებელი.

ეს ციფრები ცვალებადია კვირის განმავლობაში. მართალია, ბათუმში მოზრდილი მოსახლეობის 60% აცრილია, მაგრამ ეს ზღვარი უკვე აღარ მიიჩნევა საუკეთესო მაჩვენებლად.

როცა ვაქცინაციის ეროვნული გეგმა შემუშავდა, მაშინ მოსახლეობის 60%-ის აცრა იყო სასურველი მაჩვენებელი, მაგრამ ახლა ამ ციფრმა 80%-მდე აიწია.

ჩვენ სხვა ქვეყნების მონაცემებს ვეყრდნობით, როცა ვამბობთ, რომ მინიმუმ 60% მაინც უნდა იყოს აცრილთა რაოდენობა. საქმე ისაა, რომ სადაც მოზრდილი მოსახლეობის 60% იყო აცრილი, იქ ავადობის შემდგომი ტალღები კარგად წარიმართა და ვაქცინაციის სასურველი ზღვარი ახლა ასწიეს – ხალხის მეტ რაოდენობას ცრიან.

მოსახლეობის 60%-ის აცრა დაინფიცირების შემდგომი ტალღების წარმოქმნისგან ვერ გვიცავს.  მუნიციპალიტეტებში ბათუმის მსგავსად 60%-იანი აცრისთვის არ მიგვიღწევია.

  • მოზრდილი მოსახლეობის აცრილი ნაწილის 60% ბათუმზე მოდის. გამოდის, აჭარაში იმუნიზაციის მაღალი მაჩვენებელიც ამის ხარჯზეა მაღალი. რამდენი ადამიანი აიცრა, მაგალითად, აჭარის მთის სოფლებში – თუ გაქვთ დათვლილი, აჭარის აცრილი მოსახლეობის რა პროცენტი მოდის ბათუმზე და რა – მუნიციპალიტეტებზე?

ახლა მიდის ინტენსიური მუშაობა იმის აღსაწერად და დასადგენად, ადგილობრივ მცხოვრებ მოქალაქეებს შორის ვინ არის აცრილი და ვინ არა. ბათუმში ვაქცინირებულთა შორის გვყავს მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მოსახლეობაც, რომლებიც აჭარის მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ცხოვრობენ, იქ არიან რეგისტრირებულები, უბრალოდ, ბათუმში აიცრნენ.

ყველაზე ცოტა, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, სოფლებიდან, 20% მაინც არის აცრილი ბათუმში. 2 თვეა დავიწყეთ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ვიზიტები მოსახლეობასთან შესახვედრად, ვაქცინაციის პროცესზე დასაკვირვებლად და პროცესის ფართოდ დასანერგად.

ქედის ყველა სოფელში, მაგალითად, საკმაოდ მაღალია ვაქცინირებულთა რაოდენობა, ჩვენი ხედვა ასეთია, რომ თითოეულმა სოფლის ექიმმა უნდა იცოდეს თავის სოფელში რამდენი ადამიანი დარჩა ასაცრელი და ახლა ამ სიების იდენტიფიცირებაზე მუშაობენ.

  • რა ტიპის პრობლემებს აწყდებით მუნიციპალიტეტებში ვაქცინაციის დროს? დეზინფორმაცია არის ხელშემშლელი ფაქტორი სოფლებში მოსახლეობის აცრისას?

განსაკუთრებული პრობლემები, ისეთი, რაც არ გვხვდება ქალაქში, არ გვხვდება არც სოფლებში.

ვაქცინაციის საწყის ეტაპზე აიცრა ყველა მსურველი, მაგრამ ახლა აუცრელია მოსახლეობის ის ნაწილი, ვისაც ვაქცინაციის მიმართ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება აქვს, მათთვის მეტი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო.

მათთან მუშაობისას დიდი როლი აქვს ოჯახის ექიმს, რადგან სწორედ ოჯახის ექიმს აქვს ნდობა და ავტორიტეტი სოფელში. სამინისტრო კოორდინაციას უწევს თითოეული სოფლის და თემის დონეზე თვითმმართველობების სამსახურებთან ამ მუშაობას.

ძალიან აქტიურად მუშაობენ ხულოში სოფლის ექიმები, გუშინ, მაგალითად, ვიმუშავეთ ჩაქვის ტერიტორიაზე, ხალისა და ჩაისუბნის ტერიტორიაზე და ექიმებთან ერთად შევადგინეთ უბნებზე გასვლის გეგმა-გრაფიკი.

თითქმის კარდაკარის მეთოდია საჭირო ვაქცინაციის სასურველი ზღვარის მისაღწევად.

  • როგორ მოხერხდა ბათუმში მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის აცრა? თქვენი აზრით, რამ იქონია ყველაზე მეტად გავლენა ბათუმელებზე?

დრამატულად წარიმართა აჭარაში თავიდან პროცესები. ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაღალმა მაჩვენებელმა იმოქმედა. გაიზარდა აცრის მსურველთა რაოდენობა. ქალაქში თითქმის ყველას ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი აღმოჩნდა დაავადებულებს და გარდაცვლილებს შორის.

ზოგადად, აჭარაში, საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით, ყოველთვის მაღალი იყო იმუნიზაციის მაჩვენებელი, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც აღნიშნავდა ყოველთვის, ვგულისხმობ ბავშვთა გეგმიურ იმუნიზაციას.

უნდა ვთქვათ, რომ პირველადი ჯანდაცვის სექტორი ამ თვალსაზრისით კარგად იყო მობილიზებული და დიდი გამოცდილება აქვთ სოფლისა თუ ქალაქის ექიმებს იმუნიზაციის პროცესის წარმართვის.

  • როგორც ვიცით, აჭარაში ყოველდღიურად კოვიდით გარდაცვლილებს შორის არიან არამხოლოდ აჭარის, არამედ სხვა რეგიონების მცხოვრებლებიც. ეს ნამდვილად ასეა?

ჩვენ საკმაოდ დიდი საწოლფონდი გვაქვს, ამიტომ კატასტროფის სამსახურს სხვა რეგიონებიდანაც გადმოჰყავს ჩვენთან ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე პაციენტები. ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენს მეზობელ რეგიონებში იმატებს ინფიცირების მაჩვენებელი და ცხადია, დგება ლეტალური შედეგებიც.

დიახ, აჭარაში კოვიდით ყოველდღიურად გარდაცვლილთა შორის არიან მეზობელი რეგიონებიდანაც და არამხოლოდ ბათუმიდან.

  • მოსალოდნელია თუ არა აჭარაში ინფიცირების შემთხვევებისა და სიკვდილიანობის ზრდა, თუ ვაქცინაციის ტემპი არ გაიზარდა რეგიონში?

ჩვენი გათვლებით სიტუაცია დრამატულად არ უნდა განვითარდეს აჭარაში, თუ ვაქცინაციის ამ ტემპით წავალთ, ხოლო თუ ცოტა კიდევ გაიზრდება ეს ტემპი, რა თქმა უნდა, შენარჩუნდება ის სიტუაცია, რაც გვაქვს.

ბუსტერზეც დაიწყო მუშაობა, ვინც უკვე გაიკეთა ვაქცინის 2 დოზა, განსაკუთრებით რისკჯგუფებზეა საუბარი, მათ აქვთ დამატებითი დოზების მიღების საშუალებაც.

აცრა აუცილებელია მათთვისაც, ვინც უკვე გადაიტანა კოვიდი. ხშირად მოგვმართავენ ამ კითხვით და ჩვენ ყველას ვეუბნებით, რომ აუცილებელია ვაქცინაცია მყარი იმუნიტეტისთვის მაშინაც კი, როცა კოვიდი უკვე გადატანილი გაქვთ.

ვაქცინაცია, საინფორმაციო შეხვედრები – ყველაფერი ერთად მუშაობს და ვფიქრობთ, რომ ვაქცინაციის ეს მაჩვენებელი რაც ახლა გვაქვს აჭარაში, ცუდი არ არის, ყოველ შემთხვევაში, სიტუაციის სამომავლო დრამატიზებისგან დაგვიცავს.

  • ფაქტია, რომ აცრის მსურველთა რიცხვი აჭარის სოფლებში არ არის მაღალი. რა კეთდება აცრის ტემპის დასაჩქარებლად, რა გეგმა გაქვთ ამ მხრივ?

სოფლად ჩვენი სტრატეგია ეხება არამხოლოდ სოფლების ამბულატორიებს, არამედ თითოეულ თემს, თემის სამედიცინო პუნქტს და უბანს. სოფლის ექიმი შესაბამისი პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით თვითმმართველობის და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად აწყობს შეხვედრებს მოსახლეობასთან.

ამის პარალელურად სოფლის ექიმი თავის ტერიტორიაზე აუცრელ მოსახლეობას აღნუსხავს და მათ მიაკითხავს ან გამოიძახებს სრულად ინფორმირებისთვის.

ქალაქში პერიოდულად სამიზნე ჯგუფებს ვხვდებით, სადაც კამპანიას ვატარებთ. ლექციის, საუბრის შემდეგ მიგვყავს ამცრელი ბრიგადა და პარალელურ რეჟიმში ვაქცინაციის შესაძლებლობა ადგილზევე ეძლევათ ადამიანებს.

შეიძლება მომართვიანობა დიდი არ იყოს და ერთი საუბრის შემდეგ მხოლოდ 20 ან 22 მსურველი აიცრას, მაგრამ პანდემიის დროს თითოეულ აცრას აქვს მნიშვნელობა.

  • რამდენად ეფექტურია სოფლის ამბულატორიების მუშაობა რეალურად?  რამდენად მოიცავს მათი მუშაობა ვაქცინაციაზე თემთან საუბრებს, ამომწურავი ინფორმაციის გაცემას?

როცა ვსაუბრობთ პირველადი ჯანდაცვისა და ამბულატორიის ჩართულობის მნიშვნელობაზე ვაქცინაციის პროცესში, აქ პირველ რიგში ვგულისხმობთ სოფლის ექიმის წარმოებულ კამპანიას, როგორც თავშივე აღვნიშნე, სოფლის ექიმი დიდი ავტორიტეტია თავის თემში და მის რჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენი სოფლის ექიმები კოვიდსასტუმროებში იყვნენ დასაქმებულები. მათ რეალურად ნახეს, თუ რა გამოიარა აჭარის სამედიცინო სისტემამ და რა გადაიტანეს პაციენტებმა, ამ გამოცდილებას ისინი სოფლის მოსახლეობას უზიარებენ და არწმუნებენ ვაქცინაციის აუცილებლობაში.

წარჩინებული მოსწავლეებისთვის ლეპტოპებს ყიდულობენ – ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო

9 000 წარჩინებული მოსწავლისთვის გადასაცემი ლეპტოპების შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტში 23 265 000 ლარია გათვალისწინებული. ლეპტოპების შესაძენად საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა.

ტენდერში გამარჯვებულმა სააგენტოს ლეპტოპები ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა მიაწოდოს. ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2021 წლის 28 ნოემბერს დაიწყება და ხუთ დღეში, 3 დეკემბერს დასრულდება.

„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, პროგრამის – „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, 2020 და 2021 წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, რომლებმაც დაასრულეს საბაზო საფეხური და რომელთა საფეხურის ნიშანია 10 ქულა [დამრგვალების გარეშე], გადასცემს პორტაბელურ კომპიუტერებს.

2019/2020 სასწავლო წლის ბენეფიციარების რაოდენობა 4 461 მოსწავლეა.

გამომდინარე იქედან, რომ პერიოდულად ემატებიან მოსწავლეები, რომლებმაც ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დადგენილ ვადებში აიმაღლეს წლიური შეფასება და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა [დამრგვალების გარეშე], 2019‐2020 წლის წარჩინებული მოსწავლეებისათვის სააგენტოს სჭირდება 4500 ცალი პორტაბელური კომპიუტერი.

ვინაიდან, გლობალური პანდემიის გამო 2020 წელს ვერ მოხერხდა წარჩინებული მოსწავლეებისათვის გადასაცემი კომპიუტერების შესყიდვა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ამ მოსწავლეებსაც 2021 წელს დააჯილდოებენ.

რაც შეეხება 2020‐2021 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, მათი რაოდენობა სტატისტიკიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, შეადგენს 4 385 ბენეფიციარს“, – აღნიშნულია დოკუმენტებში.

„წარჩინებული მოსწავლეებისთვის ლეპტოპების გადაცემა მოსწავლეთა წახალისების გარდა ატარებს სოციალურ ხასიათს და ამ ღონისძიების მიმართ საზოგადოების ინტერესი დიდია. აღნიშნულს ადასტურებს ის გარემოებაც, რომ სააგენტოში არ წყდება მომართვიანობა, თუ როდის მოხდება წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება ლეპტოპებით,“ – მიიჩნევენ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში.

სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, ლეპტოპების შესასყიდი სავარაუდო თანხის დასადგენად სააგენტომ ბაზრის კვლევა ჩაატარა. ლეპტოპების ჩვეულებრივი და არა კონსოლიდირებული ტენდერით შესყიდვაზე თანხმობა კი, სააგენტოს საქართველოს მთავრობამ მისცა.

ამავე თემაზე:

4 460 მოსწავლეს დაპირებული კომპიუტერი არ მიუღია, 6 ათასზე მეტს კი – ოქროს მედალი

 

კუთხემოხეული ბიულეტენის ამბავი – რა ჩანს ცესკოს ვიდეოში

ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა საჩივარი, რომლითაც საია ყუაგადახეული ბიულეტენის გაბათილებას ასაჩივრებდა, ამ ბიულეტენში არჩევანი ბათუმის მერობის გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის სასარგებლოდ იყო გაკეთებული. ბიულეტენი 50-ე საუბნო-საარჩევნო კომისიამ მხოლოდ იმის გამო გააბათილა, რომ მას კიდე ჰქონდა მოხეული.

79-ე ოლქში საჩივრის განხილვისას საუბნო კომისიის თავმჯდომარეს ტელეფონით დაუკავშირდნენ. ამ ბიულეტენის პრობლემურობაზე საუბრისას მან განმარტა, რომ ბიულეტენი ყუთში კონვერტის გარეშე იყო მოთავსებული.

ეს ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება.

რა ჩანს ცესკოს კადრებში

„დარღვეულია მთლიანობა, გადახეულია ყუა და თარიღი არ ჩანს, მე ოლქში დავრეკე და კომისიამ გადაწყვიტოსო. ხელი აწიოს ყველამ“, –  ასე პასუხობს ბათუმის 50-ე საუბნო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ქეთევან მოქია ხმების დათვლის დროს დამკვირვებლის პრეტენზიას, რომელიც ყუაგადახეული ბიულეტენის გაბათილებას აპროტესტებს. ეს ყველაფერი კარგად ჩანს/ისმის ვიდეოკადრებში, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზეა ატვირთული.

კადრების მიხედვით, ბიულეტენი, სადაც ამომრჩევლის არჩევანი გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის, გიორგი კირთაძის სასარგებლოდ იყო გაკეთებული, კომისიამ იმის გამო გააბათილა, რომ ყუა მოხეული ჰქონდა – კონკრეტულად ის ნაწილი, სადაც ბიულეტენს თარიღი და „მეორე ტური“ აწერია.

სხვა რაიმე მიზეზი, რის გამოც ეს ბიულეტენი შეიძლებოდა გაბათილებულიყო, საკითხის განხილვისას კომისიის არც ერთ წევრს და არც თავმჯდომარეს, ხმების დათვლის დროს, არ უხსენებია.

„მეორე ტური და თარიღი არის წაშლილი, ვისაც გინდა ჰკითხე… გამიყვანე დასახვრეტად“,  – ისმის ვიდეოში დამკვირვებლის ხმა.

დამკვირვებელი „ლელა“ კი თავმჯდომარეს ეუბნება: „ვიდავებ ამ ხმის გამო“.

სხვა დამკვირვებელი მას ეუბნება: „იდავე ლელა, რომ გაგიხსნან „ვაფშე“ გაგიუქმებენ, იმიტომ, რომ არაა სწორი.“

ამ კამათისას არავის უხსენებია, რომ ბიულეტენი კონვერტის გარეშე იყო ყუთში მოთავსებული.

რა და რა მოტივით გადაწყვიტა 79-ე საოლქო კომისიამ

ოლქში შესული საიას საჩივრის განხილვისას, კომისიის თავმჯდომარემ საოლქო კომისიას უთხრა, რომ ამ კონკრეტულ ბიულეტენს ორი პრობლემა ჰქონდა – ყუა ჰქონდა გადახეული და კონვერტის გარეშე იყო ყუთში მოთავსებული, რაც მისი ბათილობის ერთ-ერთი საფუძველია.

მომჩივანი მხარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი, ოლქის წევრებს უხსნიდა, რომ მსგავსი პრეტენზია ხმების დათვლის დროს მათ დამკვირვებელს არ დაუფიქსირებია. ამის მიუხედავად, საუბნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია უტყუარად მიიჩნია საოლქო კომისიამ  და დაადგინა, რომ ბიულეტენი კანონიერად არის გაუქმებული.

საოლქო კომისიის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ, გამოაცხადა, რომ საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილეს.

50-ე უბნის კომისიის თავმჯდომარემ, ქეთევან მოქიამ, „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში განმარტებისას აღიარა, რომ თავად არ დაუნახავს, ნამდვილად იყო თუ არა ეს კონკრეტული ბიულეტენი ყუთში კონვერტის გარეშე მოთავსებული.

„გოგოებმა მითხრეს“, – გვითხრა მან.

„იმ წუთას არ ვუყურებდი, მაგ დროს ტელეფონზე მირეკავდნენ და ზურგით ვიყავი. გოგოებმა ნახეს, რომლებმაც ამის დაფიქსირება ვერ გაბედეს. ვერც კი ვთქვით, ვერ მოვასწარითო, როცა მთვლელმა თქვა, რომ დაზიანებული იყო, ეგრევე ყურადღება მიექცა მაგას, რომ მოხეული იყო ყური, ატყდა ხმაური და  იმდენად იყო გადატანილი ყურდღება დაზიანებაზე, ბავშვებმა კი თქვეს მერე, ვერ გაბედეს“, – უთხრა დღეს, 3 ნოემბერს, ქეთევან მოქიამ „ბათუმელებს“.

გუშინ ბათუმის 79-ე საოლქო კომისია არ დაელოდა ცესკოს ვიდეოს ატვირთვას და ისე გადაწყვიტა დაეჯერებინა არა საიას წარმომადგენლისთვის, არამედ უბნის თავმჯდომარისთვის. შესაბამისად, „ბათუმელები“ დღეს ოლქის თავმჯდომარეს, ციალა შავაძეს, ცესკოს მიერ გავრცელებული კადრების შესაფასებლად დაუკავშირდა. ციალა შავაძემ გვითხრა, რომ ჯერ კადრები უნდა ნახოს და ამის შემდეგ იმსჯელებს კომისიის დისციპლინალურ პასუხისმგებლობაზე: „ ჯერ კადრები უნდა ვნახოთ და ამის შემდეგ გაგიკეთებთ კომენტარს.“

79-ე საოლქო-საარჩევო კომისიამ 2 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების 20 საჩივარი განიხილა.

დღეს ოლქი პოლიტიკური პარტიების საჩივრების განხილვას იწყებს.

___

წინასწარი მონაცემებით, 30 ოქტომბრის ბათუმის მერის მეორე ტურის არჩევნებზე ოპოზიციის კანდიდატ გიორგი კირთაძეს სახელისუფლო კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა 1 526 ხმით მოუგო.

ბათუმის 79-ე ოლქში ამ არჩევნებზე 2017 ბიულეტენი გააუქმეს.

___

დამატებითი შეზღუდვები არ იგეგმება – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიუხედავად კორონავირუსის ახალი შემთხვევების გაზრდილი სტატისტიკისა, საქართველოს მთავრობა არ განიხილავს დამატებითი შეზღუდვების დაწესებას.

„ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება, დღევანდელი მდგომარეობით, არ იგეგმება, მაგრამ ის შეზღუდვები და რეგულაციები, რომლებიც უკვე დაწესებულია, აუცილებლად უნდა აღსრულდეს, რადგან თუ არ მოხდა იმის აღსრულება, რაც უკვე დაწესებულია, აბსოლუტურად აზრს მოკლებულია დამატებითი შეზღუდვების დაწესება,“ – თქვა თამარ გაბუნიამ დღეს, 3 ნოემბერს.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ჯანდაცვის სისტემა ახერხებს პაციენტთა ნაკადის მართვას:

„ჯერჯერობით ნაკადების მართვა კლინიკებში ხერხდება, თუმცა იმატებს რეანიმაციაში პაციენტთა რაოდენობა, 350-ს გადააჭარბა უკვე ამ დილის მდგომარეობით. ჯერჯერობით შესაძლებელია საველე ჰოსპიტლების გარეშე. ვფიქრობთ, მომდევნო რამდენიმე დღე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, იმართოს პაციენტთა ნაკადები,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

დღევანდელი, 3 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში 6024 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი.

 

ბოსტნეული 43%-ით გაძვირდა, ზეთი 31.6 პროცენტით | საქსტატი 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა საკვებ პროდუქტებზე.

საანგარიშო პერიოდში ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:

    • ბოსტნეული და ბაღჩეული (43.0 პროცენტი),
    • ზეთი და ცხიმი (31.6 პროცენტი),
    • პური და პურპროდუქტები (19.4 პროცენტი),
    • რძე, ყველი და კვერცხი (18.2 პროცენტი),
    • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.0 პროცენტი),
    • თევზეული (16.0 პროცენტი),
    • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.0 პროცენტი),
    • ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.2 პროცენტი),
    • ხილი და ყურძენი (9.3 პროცენტი),
    • ყავა, ჩაი და კაკაო (6.4 პროცენტი);

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6 პროცენტით, კომუნალური ხარჯები და სახლის მოვლა გაძვირდა 11.9 პროცენტით, ჯანმრთელობის დაცვა – 8.4 პროცენტით.

რაც შეეხება პურის ფასს, 11 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში პურის ფასი საშუალოდ 10-15 თეთრით გაიზარდა.

ბათუმში ღამით იწვიმებს, უახლოს დღეებში კი უნალექო ამინდი იქნება

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 3 ნოემბრის 21 საათიდან 4 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან მცირე წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება:

  • დღისით: 17 – 23 გრადუსი
  • ღამით: 10 – 15 გრადუსი

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 8-13 გრადუსი
  • ღამით: 0-5 გრადუსი

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 5-6 ნოემბერს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

6 გარდაცვლილი და კოვიდის 229 ახალი შემთხვევა აჭარაში- 3 ნოემბერი

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 229 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 512 ადამიანი, კოვიდსასტუმროებში – 202, ხოლო ონლაინკლინიკაში – 857 პაციენტი.

ქვეყნის მასშტაბით დღეს, 3 ნოემბერს, კორონავირუსის 6024 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კოვიდის 6024 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 49 პაციენტი – 3 ნოემბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში,  საქართველოში კორონავირუსის 6024 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი.

17 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ინფიცირების 6 208 შემთხვევა იყო ქვეყანაში, მსგავსი მაღალი მაჩვენებელი დღეს პირველად დაფიქსირდა.

ამის მიუხედავად ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 3 868 ადამიანი აიცრა.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 3818 ადამიანი.

აჭარის რეგიონში დაფიქსირდა 229 ახალი შემთხვევა.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 337 პირი, მათგან თბილისში – 183, აჭარაში – 40, იმერეთში – 33.

___

ევროპის პატარა ქვეყნებს შორის საქართველოში კოვიდით ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა

რა მოხდა ბათუმში არჩევნების მეორე ტურზე – შეფასება

„ჩვენ წაგვერთვა არჩევანის უფლება. მე, როგორც მოქალაქე, შეურაცხყოფილი ვარ ამ არჩევნებით,“ – ამბობს ნათია აფხაზავა, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. მას და სამოქალაქო ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს ვკითხეთ: რა მოხდა ბათუმში არჩევნების მეორე ტურზე, თუკი პირველ ტურზე სახელისუფლებო კანდიდატზე მეტი ხმა ენმ-ს მერობის კანდიდატმა – გიორგი კირთაძემ დააგროვა და საკრებულოში მანდატების უმრავლესობა ოპოზიციამ მოიპოვა?

ნათია აფხაზავას დაკვირვებით, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ მეორე ტურზე მაქსიმალური მობილიზების გზას მიმართა და დემოკრატიული არჩვენების პრინციპებს კიდევ უფრო მეტად დაშორდა, ოპოზიციამ კი, იგივე არ გააკეთა.

„ან ოპოზიციამ არჩია, რომ „ოცნების“ გზით არ წასულიყო, რადგან ეს იქნებოდა ერთგვარი ზეწოლა…

გამოჩნდა, რომ რადიკალიზაცია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდა. კატეგორიული ტონი მიუთითებს, რომ ჩვენ წაგვერთვა არჩევანის უფლება, რადგან რეალურად თვითმმართველობაზე და მის განვითარებაზე კი არ იყო საუბარი, არამედ ორ პარტიას შორის დაპირისპირებასა და ჯიბრზე… მე, როგორც მოქალაქე, ვარ შეურაცხყოფილი, რადგან ერთგვარი მსხვერპლი ვართ მოქალაქეები ამ პოლიტიკური თამაშის. მერამდენე არჩევნებია და საარჩევნო კულტურა პოლიტიკურმა პარტიებმა ვერ მიიღეს. ვერ მივაღწიეთ თანაბარ, სოლიდარულ, ურთიერთპატივისცემაზე ორიენტირებულ არჩევნებს“, – მიიჩნევს ნათია აფხაზავა.

ნათია აფხაზავა თვლის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძირითადად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და საჯარო მოხელეებზე ზეწოლით მიაღწია ამ შედეგს. გარდა იმისა, რომ არსებობს არაერთი საჩივარი დარღვევებზე და კითხვის ნიშნები არჩევნების მითვისებაზე.

„გამიგია, რომ ურეკავდნენ იმას, ვინც ბათუმშია რეგისტრირებული და არ იყო ქალაქში. ეუბნებოდნენ, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო ბათუმში… ხელისუფლებამ საჯარო მოხელეების და მათთან დაკავშირებული პირების მაქსიმალური ჩართვით მიიღო ეს შედეგი და ეს არ იყო თანაბარ გარემოში ჩატარებული არჩევნები. როგორც ამ ხელისუფლების, ასევე წინა ხელისუფლების პირობებში საჯარო მოხელეები ყოველთვის იყო ქცეული ინსტრუმენტად ხელისუფლების ხელში სამწუხაროდ,“ – გვითხრა ნათია აფხაზავამ.

„4 საჩივარი გვაქვს დაწერილი მხოლოდ ბათილი ბიულეტენების სიმრავლის გამო და ვითხოვთ ხმების ხელახლა გადათვლას,“ – ამბობს პაატა დიასამიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი. საია-მ არჩევნების დღეს 6 საჩივარი დაწერა, შემაჯამებელი ოქმების დაწერის შემდეგ კი, 7 საჩივარი დაამატა.

„შევისწავლეთ შემაჯამებელი ოქმები და იმ უბნებზე მოვითხოვეთ შემაჯამებელი ოქმის ბათილად ცნობა, შესაბამისად, ხმების ხელახლა გადათვლა, სადაც ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ძალიან მაღალია და ეს ბადებს ეჭვებს,“ – ამბობს პაატა დიასამიძე და შენიშნავს, რომ, მაგალითად, ბათუმის მე-3 უბანზე გააბათილეს 38 ბიულეტენი, რაც ამ უბანზე მისული ამომრჩევლების 6.1 პროცენტია.

„მე-10 უბანზეც 38 ბიულეტენი გაბათილდა და ეს არჩევნებზე მისული ამომრჩევლების 4.1 პროცენტია, ხოლო 34-ე უბანზე ბათილია 33 ბიულეტენი, რაც ამომრჩევლების 4.7 პროცენტია. 53-ე უბანზეც 4.6 პროცენტი გაბათილდა,“ – მონაცემებს გვაცნობს საია-ს აჭარის ფილიალი ხელმძღვანელი პაატა დიასამიძე და კიდევ ერთ საჩივარს გვაცნობს, რაც ასევე ბიულეტენები გაბათილების პრობლემას ეხება – ბათუმის 50-ე უბანზე კომისიამ ბათილად მიიჩნია ბიულეტენი, სადაც ამომრჩევლის ნება მკაფიოდ არის გამოხატული, რეგისტრატორს ბეჭედიც აქვს დასმული და ხელმოწერაც. ერთადერთი პრობლემაა ბიულეტენის დაზიანებული კუთხეა, სადაც თარიღი სრულყოფილად არ იკითხება.

ეს ბიულეტენი საარჩევნო კომისიამ ბათილად მიიჩნია

პაატა დიასამიძე ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ დეტალზე – როგორც ჟურნალისტებს, ისე საია-ს დამკვირვებლებს უზღუდავდნენ მეორე ტურზე ფოტოგადაღებას.

„ერთი საჩივარი ამის გამო დავწერეთ 89-ე უბანზე,“ – გვიყვება პაატა დიასამიძე. – „ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ სავარაუდოდ სადეზინფექციო სითხე გამოიყენეს მარკირების სითხის ნაცვლად და ამის დაფიქსირება უნდოდა ფოტოგადაღებისთვის განკუთვნილი ადგილიდან, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ მისცეს,“ – გვითხრა პაატა დიასამიძემ.

საია-ს საჩივრებში კიდევ ერთი საინტერესო საჩივარია, რომელიც ამომრჩევლის ნების კონტროლს ასახავს – ეს ბათუმის 91-ე საარჩევნო უბანზე დაწერილი საჩივარია.

„აქ კომისიის თავმჯდომარემ დაახლოებით საღამოს 6 საათზე რეგისტრატორებს დაავალა, რომ მონაცემები ეთქვათ, ვინ არ მივიდა არჩევნებზე. ეს აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა ამზადებდნენ იმათ სიას, ვინც არ მივიდა არჩევნებზე და შემდეგ უზრუნველეყოთ მათი მიყვანა. ეს აჩვენებს პრობლემას სავარაუდოდ ამომრჩევლის ნების კონტროლის კუთხით,“ – დასძინა პაატა დიასამიძემ.

დაფიქსირდა ბალანსის პრობლემაც – მაგალითად, მე-16 უბანზე ერთით მეტობა დაფიქსირდა შემაჯამებელ ოქმში.

„საგულისხმოა, რა რეაგირებას მოახდენს ამ დარღვევებზე საოლქო საარჩევნო კომისია. ამის შემდეგ შესაძლებელია სრულყოფილი სურათის დანახვა,“ – მიიჩნევს საია-ს აჭარის ფილიალის თავმჯდომარე პაატა დიასამიძე.

„შეიძლება ითქვას, რომ მუდმივად იარსებებს კითხვის ნიშანი არჩევნების გაყალბებაზე, რადგან ის, ვინც ვალდებულია გაარკვიოს, რა მოხდა და ჰქონდა თუ არა გაყალბებას ადგილი, საზოგადოება ნაკლებად ენდობა, ეს იქნება საოლქო კომისია, თუ სასამართლო,“ – ამბობს ასლან ჭანიძე, „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი.

ასლან ჭანიძე ხელისუფლებას ურჩევს ყველა საჩივარი ადეკვატურად განიხილოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და არ გაღრმავდეს ეჭვი არჩევნების ლეგიტიმურად ჩატარებაზე.

„მაგალითად, ეუთო ოდირის დასკვნის მიხედვით, ზეგავლენა ხდებოდა ამომრჩევლის ნებაზე, რაც ყველაზე საგანგაშოა. პირდაპირ ვერ იტყვიან, რომ გაყალბდა, რადგან არსებობს დიპლომატიური ენა, მაგრამ ნათქვამია, რომ ყველა ის მექანიზმი გამოიყენეს, რამაც გავლენა მოახდინა ამომრჩევლის ნებაზე.

ჩემი აზრით, წააგო ამომრჩეველმა, რომელსაც სულ ექნება ეჭვი, რომ არჩევანი წაართვეს,“ – ამბობს ასლან ჭანიძე.

ევროპის პატარა ქვეყნებს შორის საქართველოში კოვიდით ყველაზე მეტი ადამიანი დაიღუპა

პანდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში 5 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა კორონავირუსით. სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე კვლავ შეერთებული შტატებია (767 436), შემდეგ ბრაზილია (607 954), ინდოეთი (458 470), მექსიკა (288 464) და რუსეთი (240 871).

საქართველო ამ სიაში 223 -დან 56-ე ადგილზეა, თუმცა სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოსახლეობაც საქართველოს მსგავსად, რამდენიმე მილიონია, საქართველო პირველ ადგილზეა.

ასე გამოიყურება კოვიდით გარდაცვალების მაჩვენებელი საქართველოსა და ევროპის პატარა ქვეყნებში:

ამავე ქვეყნებთან შედარებით საქართველო კოვიდით ინფიცირების მაჩვენებლითაც პირველ ადგილზეა:

_____________________________

წყარო: ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, worldometers და მსოფლიო ბანკი.

ლაო ჯინ ჯაოს სახლი საპარტნიორო ფონდს საკუთრებაში გადაეცა

ლაო ჯინ ჯაოს ისტორიული სახლი ჩაქვში საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში გადავიდა, შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში 2021 წლის აგვისტოშია დაფიქსირებული. საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის ამ სახლთან დაკავშირებული 1379 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთიც.

შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს და ამ დრომდე ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროს საკუთრება იყო.

სამინისტროს ეს სახლი გასულ წლებში კონკრეტულ კომპანიაზეც ჰქონდა გადაცემული, რომელმაც ვალდებულებები ვერ შეასრულა, ამიტომაც ქონება სამინისტროს ბალანსზე დაბრუნდა.

ლაო ჯინ ჯაოს სახლი ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დაბა ჩაქვში, ზღვისპირას დგას. შენობა 348,20 კვ.მ. -ია.

ამ სახლში, ნინოშვილის #12-ში, ჩინელი მეწარმე, ლაო ჯინ ჯაო მე-20 საუკუნის 10-20-იან წლებში ცხოვრობდა. წლების წინ აქ მუზეუმის გახსნის იდეაც  განიხილებოდა.

იმის გათვალისწინებით, რომ შენობას ძეგლის სტატუსი აქვს, ლაო ჯინ ჯაოს სახლში სამშენებლო სამუშაოების წარმოების შემთხვევაში, პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ უნდა შეითანხმოს და შესაბამისი ნებართვაც გასცეს.

სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ოლეგ ბოლქვაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის სააგენტოს არანაირი ნებართვა ჩაქვში, ნინოშვილის #12-ში მდებარე ძეგლთან დაკავშირებით გაცემული არ აქვს.

საპარტნიორო ფონდს ქობულეთში დარეგისტრირებული აქვს ასევე 70 073 კვ.მ. მიწის ნაკვეთი ქობულეთის შემოსასვლელში, მდინარე ჩოლოქთან ახლოს, პლაჟსა და საავტომობილო მაგისტრალს შორის. აღნიშნული ნაკვეთი ბოლო წლებში ყაზახურ კომპანია „ყაზმუნაიგაზ-სერვისის“ საკუთრებაში იყო.

ამ თემაზე დეტალურად წაიკითხეთ აქ:

გასაყიდი მიწები აჭარის სანაპიროზე, სადაც შესაძლოა სასტუმროები აშენდეს

 

 

Exit mobile version