„მთავრობა და, როგორც ჩანს, საზოგადოებაც უკვე შეეგუა ათეულობით გარდაცვლილის გამოცხადებას ყოველდღიურად და ისე განაგრძობენ მუშაობას, თითქოს გარდაცვლილების ეს მაჩვენებელი არც არსებობდეს,“ – ამბობს ექიმი რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი, რომელიც გვახსენებს, რომ, მაგალითად, დღესაც ჩვეულებრივ სტატისტიკად მივიღეთ ყველამ მორიგი ნიუსი: „კოვიდით 4 ნოემბერს 53 ადამიანი გარდაიცვალა“.
რა გზებით არის შესაძლებელი კოვიდით ინფიცირებისა თუ გარდაცვალების შემთხვევების კლება? – ვახტანგ კალოიანს რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- ბატონო ვახტანგ, ხელისუფლება ისევ უარს ამბობს ახალ რეგულაციებზე იმის მიუხედავად, რომ კოვიდით 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. რა იქნებოდა ამ დროს ეფექტური, რას აჩვენებს სხვა ქვეყნების გამოცდილება?
მთავარია აქტიური ვაქცინაცია, რადიკალურად მხოლოდ ეს შეცვლის იმ მძიმე სურათს, რაც ახლა ქვეყანაში გვაქვს.
სხვა ქვეყნების გამოცდილება მკაფიოდ აჩვენებს, რომ სადაც ვერ მოახერხეს ვაქცინაციის სწრაფი ტემპი საგანმანათლებლო კამპანიით და დაახლოებით 60-70 პროცენტი არ აიცრა ნებაყოფლობით. გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია დააწესეს.
კლასიკური მაგალითია აშშ, სადაც 8 რისკჯგუფი გამოყეს, ანუ ისეთი პროფესიები, რომლებსაც ყველაზე ხშირი შეხება აქვთ სხვებთან და საფრთხეს ქმნიან ინფექციის სწრაფად გავრცელების კუთხით. ამ ჯგუფებში არიან საჯარო მოხელეები, პოლიციელები, სასწრაფო დახმარების ექიმები, კვების მრეწველობაში ჩართული ადამიანები, ტრანსპორტის სექტორი, განათლების სისტემაში ჩართული ადამიანები, მედიცინის სფერო სრულად.
ამ ჩარევამ მისცა საშუალება ქვეყნებს, რომ რადიკალურად შემცირებულიყო როგორც ინფიცირების მაჩვენებელი, ასევე გარდაცვალების შემთხვევები. მათ მოახერხეს ის, რომ ფაქტობრივად გაეხსნათ საზღვრები და განეგრძოთ ნორმალური ფუნქციონირება.
ჩვენთან არასაკმარისი იყო საინფორმაციო კამპანია და რაც გვქონდა, მასაც არ აქვს სასურველი შედეგი. მეხუთე ტალღის დასაწყისში იყო 2-3 ათასი დღიური შემთხვევა და ახლა გვაქვს 5 – 6 ათასი ახალი შემთხვევა დღეში. სამწუხაროდ, ლიდერი ვართ ჩვენს რეგიონში და ზოგადად.
- საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გაჟღერდა ე.წ. მწვანე ბარათების იდეა. ეს რამდენად შეამცირეს ახალი შემთხვევების რაოდენობას?
ეს კარგია, მაგრამ დაგვიანებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციის გარეშე ეფექტი არ ექნება. რისკჯგუფების სავალდებულო ვაქცინაციის გარეშე ჩვენ მოგვიწევს სხვადასხვა სიდიდის ტალღის გადატანა, სამწუხაროდ, არცთუ მცირე ადამიანური დანაკარგებით.
რეალურად მთავარი პრობლემა არის ის, რომ მთავრობა და, როგორც ჩანს, საზოგადოებაც უკვე შეეგუა ათეულობით გარდაცვლილის გამოცხადებას ყოველდღიურად. ისე განაგრძობენ მუშაობას, თითქოს გარდაცვლილი არ არსებობდეს. პრეზიდენტს ზურაბიშვილის განცხადებაც ამაზე მეტყველებს, როცა მან გუშინ სრულიად არაჰუმანური დამოკიდებულება დააფიქსირა.
- გულისხმობთ იმას, რომ ვინც აცრილი არაა, მისი მკურნალობა ფასიანი შესაძლოა გახდეს?
კი, ეს არის სრულიად არაჰუმანური განცხადება. მე აქტიური მომხრე ვარ სავალდებულო ვაქცინაციის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანები დარჩნენ სამედიცინო მომსახურების გარეშე და მოკვდნენ. საქართველოში ფასიანი რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის დაფინანსებას მოახერხებს მოსახლეობის მხოლოდ 0.5 პროცენტი.
რეანიმაციული საწოლის ყველაზე დაბალი ფასი დღეში 600 ლარია. რამდენი ადამიანი გადაიხდის ამას დღეში? – შესაბამისად, პრეზიდენტის ეს განცხადება ნიშნავს ჩვენი მოქალაქეების უბრალოდ გაწირვას იმის გამო, რომ მათ მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს. ეს ერთგვარი ანგარიშსწორებაა.
გამოდის, შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს ის, რომ მოდი, არ ვუმკურნალოთ, მაგალითად, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე ადამიანებს, რადგან ისინი აქციებს მართავენ და იქ მობილობა მაღალია, ან ფიზიკურად მაღლებს არ ვუმკურნალოთ უფასოდ, მსუქნებს და ასე შემდეგ.
- სხვა გამოცდილებაზე რას ფიქრობთ, მაგალითად, შეზღუდვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენებაზე, ან კაფეში შესვლაზე, თუკი კოვიდპასპორტი არ გაქვს?
შესაძლებელია, მაგრამ ეს ყველაფერი არის დროებითი ღონისძიება, მათ შორის, ლოქდაუნი, რომლის გაკეთება ახლა სრული სიგიჟეა, მაგრამ ისიც კი დროებითია – რაღაც მომენტში გაწყვეტს ჯაჭვს, შეამცირებს ციფრებს, მაგრამ როგორც კი მოიხსნება, ეგრევე უკან დაბრუნდება ყველაფერი. ამ მეთოდების გამოყენებამ ჩვენ შესაძლოა მოგვცეს დროებითი შეღავათი, მაგრამ ეს არ იქნება საკითხის რადიკალური გადაწყვეტა.
მდგომარეობას მნიშვნელოვნად მხოლოდ აქტიური ვაქცინაცია შეცვლის.
- თქვენი აზრით, რატომ არ სურს ხელისუფლებას სავალდებულო ვაქცინაცია კონკრეტული ჯგუფებისთვის?
იციან მოქალაქეების განწყობა და არ ჰყოფნით პასუხისმგებლობა, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. საარჩევნო კამპანიამ ნათლად დამანახა ანტივაქსერული დამოკიდებულებები. ფაქტია, რომ არჩევნების გასაყალბებლად და გარკვეული მხარდაჭერის მისაღებად ამუშავეს ეს ტაქტიკა, რაც ამორალური და უზნეოა. ფაქტია, რომ ამ ტაქტიკის მიუხედავად ხმები არ დაკარგეს. გამოდის, რომ კოვიდით 10 ათასზე მეტი კაცი რომ გარდაიცვალა, ეს არც ხელისუფლებას ადარდებს და არც მოქალაქეებს დიდწილად.
- მაგრამ არჩევნების შემდეგაც არ შეცვლილა ეს მიდგომა…
არც ახლა აწყობთ მოქალაქეების განაწყენება, რადგან დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, არ აწყობთ შავრაზმული და რადიკალური ჯგუფების გაღიზიანება.
დააკვირდით: ჩვენ არ გვაქვს რეგულაციები და რაც გვაქვს, ამ მინიმალური რეგულაციების მართვაც კი არ გვაქვს, მათ შორის, ნიღბის ტარება. ნახეთ რა მდგომარეობაა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სადაც არც დისტანციის დაცვა ახსოვს ვინმეს, არც მგზავრების რაოდენობა და არც პირბადეს ატარებს უმრავლესობა.
- არის თუ არა ეს კონკრეტული თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა?
რა თქმა უნდა, ეს არის პრემიერის და საკოორდინაციო საბჭოს ყველა წევრის, ჯანდაცვის მინისტრის და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ასევე კლინიკური ჯგუფის პასუხისმგებლობა.
- მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრმა რა უნდა ქნას ასეთ სიტუაციაში?
თავმოყვარე მინისტრი რომ იყოს, მინიმუმ უნდა გადადგეს, როცა 10 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში კორონავირუსის გამო. პრემიერიც უნდა გადადგეს, რომელიც არის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები. პასუხისმგებლობას არც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უნდა გაექცეს, მიუხედავად იმისა, რომ ის სწორ პოზიციას აფიქსირებს პერიოდულად, მაგრამ რეალურად პრობლემების გადაწყვეტას ვერ ახერხებს.
- სწორი პოზიციების დაფიქსირებას, მაგალითად, ამირან გამყრელიძისგან რამდენად შეიძლება ჰქონდეს პოზიტიური გავლენა?
რა თქმა უნდა, ადეკვატური ქცევა ძალიან მნიშვნელოვანია… დაავადებათა კონტროლი ფანტასტიკურ რამეს კი არ აკეთებს, უბრალოდ ზოგჯერ საჯაროდ აფიქსირებს პოზიციებს, რაც სამედიცინო თვალსაზრისით არის გამართული, თორემ მაგალითის მიცემაში ისეთი პასუხისმგებლობა აქვთ, როგორც ჯანდაცვის მინისტრს, პრემიერს.
- საითკენ შეიძლება წავიდეს პროცესი, თუკი ხელისუფლება კოვიდსიტუაციის შეცვლაზე პასუხისმგებლობას ისევ არ აიღებს?
არ მინდა ამის დაკონკრეტება, არ მაქვს კარგი მოლოდინი. ეს რაოდენობა გაიზრდება, სკეპტიკური მოლოდინი მაქვს…
სულ 8 ათასი საწოლი გვაქვს და სწორი ორგანიზების შემთხვევაში, მაქსიმალურად 12 ათასის ორგანიზება შეიძლება. გასათვალისწინებელია ადამიანური რესურსიც.